წამხდარი ქალი (თავი III) - გზაპრესი

წამხდარი ქალი (თავი III)

ოპერაციიდან მესამე დღე გათენდა. ადრიანად მივედი სამსახურში, ნანა რომ მენახა და მომეკითხა. წინა საღამოს ტემპერატურა ჰქონდა, ღამით კი უფრო აუწია და, ცოტა არ იყოს, შევშფოთდი, პერიტონიტი არ განუვითარდეს-მეთქი. სკალაზე წითელი ხაზი ოცდაცხრამეტს რომ მიაღწევს, ყველა ექიმს შეშფოთების საფუძველი ექმნება. ალიკა კი იყო მშვიდად, ისეთი ყოჩაღი და ჯანმრთელია, არაფერი ემუქრებაო, მაგრამ მე ჩემი დამემართა. სამსახურში მისული კაბინეტშიც კი არ შევედი, პირდაპირ მის პალატას მივადექი. ღამით დავრეკე და მითხრეს, ექვსი ხაზით დაუწია სიცხემო, მაგრამ ეს მთლად სანუგეშო არ იყო.

მშვიდად იწვა, ფანჯრისკენ მიებრუნებინა ლამაზი სახე. ჩემს დანახვაზე ოდნავ წამოიწია საწოლში.

- იწექი, იწექი, - ხელით ვანიშნე, - როგორ ხარ, აბა?

- კარგად. სიცხე აღარ მაქვს, - მორიდებულად გამიღიმა და დიდრონი თვალები შემომანათა.

სადღაც, სულის ყველაზე ღრმა კუნჭულში შეაღწია ამ მზერამ და იქაურობა გაანათა. არათუ გაანათა, გაათბო კიდეც. ასეთი სასიამოვნო ჟრუანტელი ჯერ არ მახსოვდა ცხოვრებაში.

- ჩვენ კი გვარიანად შეგვაშინე და... - მეც გავუღიმე და ხელი ავწიე, რომ თმაზე გადამესვა, მაგრამ მაინც შევიკავე თავი, ჯერ ნაადრევია ასეთი გაშინაურება-მეთქი.

- როდის გამწერენ? - ხმა ჯერაც მისუსტებული ჰქონდა.

- მალე. ასე ძალიან გინდა აქედან გასვლა?

- მინდა, - პატარა ბავშვივით სხარტად მიპასუხა.

- არაფერი გაჩერებს აქ? სულ არაფერი? - დავაწვრილმანე კითხვა, რომ მიმენიშნებინა, რასაც ვგულისხმობდი.

გაწითლდა. მიმიხვდა. თვალები მინაბა და ჩურჩულით თქვა:

- რაც აქ მაჩერებს, იმას გარეთაც ვნახავ, მაგრამ რაც გარეთაა, იმას აქ ვერ ვპოულობ, - ფილოსოფიური პასუხი გამცა.

- მართლა? მათ შორის მეც... მნახავ გარეთ? - ჩავაცივდი.

მზერა ამარიდა, თან არაფერი თქვა.

საოცარი სანახავი იყო. ირიბად იცქირებოდა, თითქოს რაღაც საინტერესოს მიშტერებიაო, წამით არ დაუხამხამებია თვალი. ამწუთას ფაიფურის თოჯინას ჰგავდა.

- მიპასუხე... - გავუმეორე.

- ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, - ჩურჩულით თქვა და გამშრალი ტუჩები ენით მოილოკა.

ისე ამოვიხვნეშე, მეგონა, გულიც თან ამოვაყოლე, როცა მისი ენისა და ტუჩების მოძრაობას ვუცქერდი. იმხელა ნერწყვი გადავაგორე, სასულეში გადამცდა. ამიტყდა ხველა და ვერ გავჩერდი. ავიფარე პირზე მუშტი, სახე შევაბრუნე და ვახველე და ვახველე. ნანამ ზურგზე რამდენჯერმე დამკრა ხელი, ბებიებმა რომ იციან ისე.

- გაცივებული ხართ? - მკითხა, როცა ცოტა მომეშვა.

- არა, ნერწყვი გადამცდა სასულეში, - გავუღიმე და ამ ღიმილით მივეფერე.

- ცუდია, - ისევ ჩურჩულზე გადავიდა და მოულოდნელად მკითხა, - ცოლი გყავთ?

ლამის სიცილი ამიტყდა. ესე იგი, მოვწონვარ. სხვა შემთხვევაში ამ შეკითხვას არ დასვამდა.

- ჯერ არა, მაგრამ მეყოლება. - ცოტა არ იყოს, მეხამუშა ჩემი პასუხი და შევიშმუშნე, ეს კი იმით გამოვხატე, რომ საჩვენებელი თითი ცხვირის ნესტოებთან გავის-გამოვისვი.

- როდის? - ახლა ის ჩამეძია.

- მალე.

- ისა... - უეცრად შემომხედა, თავისი ლამაზი მზერით მოეპარა ჩემს თვალებს და ცალი წარბი უცნაურად აწკიპა მაღლა, ძალიან მაღლა. პირველად ვნახე, ასე მაღლა აზიდული ადამიანის წარბი, - ეს `მალე~ აქ მოდაშია? ყველაფერზე მალეს მეუბნებით, - და გაიცინა. ცოტა ხმამაღლა მოუვიდა, რადგან უცებ დაიჭყანა, ჭრილობას არ მოუხდა სიცილი.

- მე ყველაფერი მალე მიყვარს, - ავუხსენი ჩემი `მალეს~ `მოდურობის~ მიზეზი. - მეც, - მომიგო და ისე კმაყოფილმა გაიღიმა, თითქოს აღმოჩენა გაეკეთებინოს.

- აი, ხომ ხედავ, რაღაც საერთო გვქონია, - საზეიმო ხმით წარმოვთქვი და ხელის ზურგზე ხელისგული შევახე. შევახე და დამრჩა ჩემი ხელი მის ხელზე.

არ გაუწევია. არც არაფერი უთქვამს, მრავალმნიშვნელოვანი მზერით გამომხედა მხოლოდ. ოდნავ მოვუჭირე თითები. რეაქცია ნული. კიდევ მოვუჭირე. კვლავ გამომხედა. ამჯერად მაგრძნობინა, ყველაფერი გასაგებიაო.

ამ დროს გარედან ხმაური მოისმა. სასწრაფოდ წამოვდექი და გარეთ გამოვედი, ვერც კი მოვასწარი, რამე მეთქვა.

თანამშრომლები იყვნენ, სამუშაო დილა იწყებოდა.

კაბინეტში გავედი, ალიკა ჯერაც არ მოსულიყო. ერთიანად აღგზნებული ვიყავი. საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი. მეც ერთი სული მქონდა, როდის გავწერდით, რომ გარეთ რაც შეიძლება მალე შევხვედროდი და ურთიერთობა გამეგრძელებინა. ვგრძნობდი, უკვე ვეღარ ვძლებდი მის გარეშე. მაინტერესებდა, ყველა კაცს ასე ემართებოდა მის დანახვაზე, თუ მე ვიყავი გამონაკლისი? მინდოდა, მხოლოდ მე ვყოფილიყავი გამონაკლისი, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ჩემთვის იყო გაჩენილი, თან უფრო მშვიდადაც ვიქნებოდი, თუ სხვა მამაკაცები შლეიფივით არ ეყოლებოდა აკიდებული.

თორმეტი საათი იქნებოდა, ვერიკო რომ შემოვიდა. ცენტრალური ლაბორატორიიდან პაციენტთა ანალიზის პასუხები შემოიტანა და მაგიდაზე დამიდო.

- ალიკა არ გამოჩენილა? - ვკითხე და პასუხების შეკვრა ჩემკენ მოვაჩოჩე.

- არა, ორ საათში მოვალო, დარეკა.

- მადლობა, ვერიკო.

ექთანმა კარი გაიხურა, მე კი ანალიზის პასუხების გადათვალიერება დავიწყე. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ნანასი მაინტერესებდა, მაგრამ მაინც გულდასმით, ნელა ვავლებდი თვალს თითოეულ ფურცელს, რამე საეჭვო არ გამომპაროდა.

აი, ისიც... ნანა მელიქიშვილი... რაო?.. ფურცელი ახლოს მივიტანე თვალებთან. ეს რა წერია? არ არსებობს! ეს შეუძლებელია! უეცრად თვალწინ ყველაფერი ერთბაშად აყირავდა, მათ შორის მეც და სადღაც ჰაერში დავრჩი გამოკიდებული.

შიდა ტელეფონს ვეცი და ვერიკო ვიხმე.

- ვერა, მელიქიშვილს როდის აუღე სისხლის ანალიზი?

- ოპერაციის წინადღეს, რა იყო? - მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა.

- ტემპერატურა ხომ არ ჰქონდა მაშინ?

- არა მგონია... რა ვიცი, არ უთქვამს.

- იმედია, არაფერი შეგეშლებოდა.

- რას ნიშნავს, შემეშლებოდა?

- ანუ... სხვისი სისხლი ხომ არ გაგზავნე შემთხვევით ცენტრალურში...

- არა, ანდრია, რას ამბობ! - ისეთი ტონით მომიგო, ეგ როგორ მაკადრეო, მაგრძნობინა.

- კარგი, მადლობა.

ვერა გაბუტული გავიდა კაბინეტიდან, მე კი ჭკუაზე არ ვიყავი. გაოგნებული და დაბნეული მუშტებს ვურტყამდი მაგიდის ზედაპირს, რა თქმა უნდა, მსუბუქად. ისევ ვიხმე ვერა.

- ვერიკო, მელიქიშვილს კიდევ ერთხელ აუღე სისხლი, სანამ უსაუზმია, რამე შეცდომა არ გაგვეპაროს.

- კარგი, - ექთანი ვერაფერს მიმხვდარიყო, გაოცებული შემომცქეროდა, - რამე ცუდია?

- ჰო, - ცივად მივუგე და შუბლი მოვისრისე, - რატომღაც, მგონია, რომ ასე არ უნდა იყოს.

ცოტა ხანს შევიცადე, დაახლოებით იმდენ ხანს, რამდენსაც ვერა ვენიდან სისხლის აღებას მოანდომებდა, მერე კი ნანას პალატაში შევაბიჯე.

ისევ ის მზერა... დამბანგავი, გამაბრუებელი... ხელი მაჯაში მოეხარა და თითები მოემუშტა. ვერიკოს თავისი საქმე უკვე გაეკეთებინა.

სკამი მოვწიე და წინ დავუჯექი.

- წესით, ახლა კაბინეტში უნდა დამებარებინე და იქ გველაპარაკა, მაგრამ გადავიფიქრე, არ მინდა ჩვენს საუბარს ვინმე დაესწროს.

- დიახ, - მოსწავლესავით მიპასუხა.

- აგიღეს სისხლი, ხომ?

- დიახ.

ჩავახველე, ლაპარაკის დაწყება მიჭირდა.

- ნანა, შენ მითხარი, რომ გათხოვილი არ ხარ და არც ყოფილხარ.

- დიახ.

- შეყვარებული? გყავს შეყვარებული?

- არა. - სახე ღიმილმა გაუნათა, ეგონა, სიყვარულის ახსნას ვაპირებდი და იმიტომ მიჭირდა თავისუფლად ლაპარაკი.

- ისე მამაკაცი? - ყველაზე ძნელი შეკითხვა დავსვი და თან დავაშტერდი, მზერით გავბურღე.

ჭარხლისფერი გაუხდა სახე, თვალები უეცრად ჩაუქრა და გაუქვავდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, ცოცხალ ადამიანს კი არა, ნახატს მივჩერებოდი.

- არა, - რამდენიმე წამის შემდეგ ძალიან ხმადაბლა მიპასუხა, ძლივს გავიგონე.

- მომისმინე... შეიძლება ეს შეცდომაა, მაგრამ... იმ დღეს, აქ რომ დაგაწვინეთ, სიცხე ხომ არ გქონდა?

- არა. რატომ მეკითხებით? რა მოხდა?

- ქალწული ხართ? - ჭირის დღესავით მეჯავრებოდა ხოლმე ამ შეკითხვის დასმა, მაგრამ სხვა გზა რომ არ იყო?

მიტკლისფერი დაედო სახეზე, თვალებში კი ძრწოლისმაგვარი რაღაც გაუკრთა. მაშინვე შევნიშნე ეს, არ გამომპარვია.

- კი... ვარ, - შეშინებულმა მომიგო, საწოლში ჩაცურდა და საბანი ნიკაპამდე აიფარა.

- ანუ... არ ვიცი, როგორ გითხრა... სექსი არ გქონია არავისთან?

პაუზა გაიწელა, მის თვალებში ჩაბუდებული შიში კი უფრო გაიზარდა, თვალებში ვეღარ ჩაეტია და სახეზე გადმოვიდა. ნანას აშკარად დასცხა, რადგან საბანი კვლავ ჩამოსწია და მკლავები ზემოდან დააწყო, შუბლზე კი ოფლის წვეთები დაასხდა.

- რა ხდება, ანდრია ექიმო, რატომ მეკითხებით? - გაბზარული ხმით მკითხა.

მიმძიმდა იმის დაჯერება, რომ ასეთი მორცხვი, მოკრძალებული და სათნო გოგო შეიძლებოდა წამხდარი ქალი აღმოჩენილიყო.

- იმიტომ, რომ შენს სისხლში ოთხი ჯვარი აღმოჩნდა. - როგორც იქნა, მთავარ სათქმელს მივადექი.

- ოთხი ჯვარი? ეგ რას ნიშნავს?

- არ იცი, ოთხი ჯვარი რას ნიშნავს? - გავოცდი.

- არა... პირველად მესმის.

აი, სასწაული პირდაპირ! გოგოს გაქანებული ათაშანგი ჰქონდა და ოთხი ჯვარი რას ნიშნავდა, არ იცოდა.

- ეს იმას ნიშნავს, რომ ათაშანგით ხარ დაავადებული.

- ათაშანგი რა დაავადებაა? - იმდენად გულწრფელად მეკითხებოდა, ვერ დავიჯერებდი, რომ თამაშობდა.

- ეს იგივეა, რაც... სიფილისი.

ალბათ ასე გამოიყურება ადამიანი, რომელსაც მოულოდნელად თავზარი დაეცემა. მეგონა, გული გაუსკდებოდა. უცებ წამოჯდა, თითქოს რაღაცას მიაყურადა, გაირინდა, მერე მომჩვარდა, თვალები დახუჭა და სუნთქვა შეიკავა. მხოლოდ ცხვირის ნესტოები უთრთოდა უცნაურად. შემდეგ თვალები გაახილა და დავინახე, როგორ ევსებოდა ისინი ნელ-ნელა ცრემლით.

- ის არ რჩება, ხომ? სულ მექნება?

თავი გავაქნიე და კიდევ ერთხელ ამოვიხვნეშე, დღეს უკვე მეორედ.

- შენ ის მითხარი, საიდან შეიძლებოდა აგეკიდებინა ეს დაავადება. რამეს მიმალავ? სიმართლე უნდა მითხრა. ეს სერიოზული ამბავია, გესმის? ჩვენ იძულებული გავხდებით, ინსპექტორი გამოვიძახოთ.

- არა! - უღონოდ შესძახა, - დამიჭერენ?

- სიმართლე მითხარი, არავინ დაგიჭერს. - უკვე მოთმინებას ვკარგავდი.

- მე... მე გამაუპატიურეს. - თქვა და მოწყვეტით დავარდა საწოლზე. დავარდა და დაიკვნესა, ისევ ეტკინა ჭრილობა.

ალბათ სადღაც იქვე, ერთ მეტრში ბომბი რომ გამსკდარიყო, ასე ვერ შემახტუნებდა. სკამიდან წამოვხტი და განზე გავდექი, თითქოს კეთროვანს უნდა გავრიდებოდი.

გონებას გუგუნი გადიოდა, მიხურდა ყველაფერი, გული საშინელი დარტყმებით აწყდებოდა ოთხივე საკანს.

- როდის? ვინ? სად? - ამჯერად მხოლოდ მოკლე-მოკლე შეკითხვების ჯერი დავაყარე.

პასუხი არ გამცა. ვიფიქრე, რაღაცას იგონებს-მეთქი და მივვარდი, მაჯაში ჩავავლე ხელი და მოვუჭირე:

- რას ფიქრობ ამდენს? მითხარი, რომ გეკითხები! - თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მეყვირა. ერთიანად მიცახცახებდა სხეული. როგორ მინდოდა, ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო და გამღვიძებოდა!

ხელი გამომტაცა და შუბლშეკრულმა ამომხედა. მტრული იყო ეს ამოხედვა. თითქოს მეუბნებოდა, რა შენი საქმეაო. გამწარებული გამოვვარდი პალატიდან და საპროცედუროს კარი შევაღე. ვერა ყავას სვამდა.

- ვერა, გინეკოლოგი მჭირდება, გამოიძახე პოლიკლინიკიდან.

- რა ხდება? - ვერამ პირისკენ წაღებული ფინჯანი ლამბაქზე დადგა.

- სწრაფად! - ნანას ჯავრი მასზე ვიყარე და ვუღრიალე. წონასწორობა დავკარგე, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.

გინეკოლოგი ათ წუთში მოვიდა.

- რა ხდება, ანდრია? - კაბინეტში შემოსვლისთანავე სათვალე თავზე დაიკოსა ქალმა.

- მედეა, მეცხრე პალატაში ერთი პაციენტია. თუ შეიძლება, შეამოწმე, ქალწულობის აპკი ხელუხლებელია თუ არა, - ამის თქმაზე ცივმა ოფლმა დამასხა.

- ახლავე, - როგორც ჩანს, ჩემმა ხმამ შეაშფოთა მედიკო, რადგან არც უკითხავს, რაში მჭირდებოდა პაციენტის ქალწულობის დადგენა, ეგრევე გატრიალდა და ოთახიდან გავიდა...

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნანა ქალწული აღმოჩნდა. მე ხომ ჩემს თავს აღარ ვგავდი და ალიკა მთლად გადაირია. ასეთი ბავშვისგან ამას როგორ ველოდიო. მერე დაფიქრდა, იქნებ მართლაც შეცდომაა და ტყუილად ვაბრალებთ ასეთ რამესო, მაგრამ უკვე მჯეროდა, რომ ასე იყო. ხომ მითხრა, გამაუპატიურესო.

დავიბარეთ კაბინეტში. ძლივს შემოვიდა. სახე ჩათეთქვოდა. რამდენიმე საათში თითქოს წლები მომატებოდა, იმ პატარა გოგოს აღარ ჰგავდა. ტირილისაგან ქუთუთოები დასივებოდა, გუგები ერთიანად ჩასწითლებოდა.

ალიკამ დივანზე ჩამოსვა, რომ მოხერხებულად დამჯდარიყო. ჯერაც უჭირდა ნორმალურად ჯდომა.

- ნანა, უნდა მოგვიყვე, რა მოხდა, - დამრიგებლური ტონით მიმართა ალიკამ.

ერთხანს ჩუმად იყო, ხმას არ იღებდა. თავი ჩაეღუნა და კალთაში ჩადებულ თავის მომუშტულ ხელებს დასჩერებოდა.

- ნანა! ეს მნიშვნელოვანია. შენი ოპერაცია სწორედ ამ დაავადებით იყო გამოწვეული, იცი? შენ შანკრები გქონდა და არა სწორი ნაწლავის ნახეთქები, რომელიც მკურნალობის შემდეგ უოპერაციოდაც გაგიქრებოდა. ნუ გვაიძულებ, ინსპექტორი გამოვიძახოთ და დაკითხვა მოგიწყოს. - გააგრძელა ალიკამ.

- თქვენ ხომ მაინც გამოიძახებთ... - თავი ასწია და ჯერ ალიკას შეხედა, მერე მე.

- ჰოდა, რომ გვეცოდინება, რა როგორ იყო, სხვანაირად მოვიქცევით.

ხელები აიფარა და ატირდა. გულამოსკვნილი ტიროდა. არც ერთს არ გვიცდია მისი დამშვიდება. ალიკამ მიმიკებით მანიშნა, აცადე, იტიროსო.

როდის-როდის დაწყნარდა, ამოისლუკუნა და დაიწყო:

- ჩემს ჯგუფელთან მივედი ერთხელ სახლში, გამოცდები ახლოვდებოდა და ერთად უნდა გვემეცადინა. იმას ბებია მოჰკვდომია და სოფელში გაჰყოლია მშობლებს. სახლში მისი ძმა დამხვდა, რომელიც იმ დღეს ვეღარ წასულა საქმეების გამო და მეორე დღისთვის გადაუდვია გამგზავრება. შემიპატიჟა, მერე რა, რომ ირა არ არის, ყავა დავლიოთო. მომერიდა და უარი ვერ ვუთხარი. მერე... - ისევ აიფარა სახეზე ხელები და ასლუკუნდა.

- მერე? ცუდად მოგექცა? ძალა დაგატანა?

- ჰო. ლამაზი ხარო, შენთან მინდაო... ვეხვეწებოდი, გამიშვი-მეთქი. ვუთხარი, ქალიშვილი ვარ და გთხოვ, ამას ნუ გააკეთებ-მეთქი.... იმანაც ნუ გეშინია, შენს ქალიშვილობას ხელს არ ვახლებო... შემომახია ტანსაცმელი... უკნიდან მომადგა...

- კარგი, გასაგებია... ეს მხოლოდ ერთხელ იყო? - შეეკითხა ალიკა.

- ჰო, მხოლოდ ერთხელ. მერე ირას ტანსაცმელი გამომიტანა და იმით წამოვედი შინ.

- როდის მოხდა ეგ?

- ერთი თვის წინ.

- შენი ჯგუფელის მისამართი გვითხარი.

- რატომ? არა! არავის არ უთხრათ, გთხოვთ!

- ნუ გეშინია, არავის ვეტყვით. შენ გესმის, რომ ის ბიჭიც დაავადებულია და შეიძლება სხვა გოგოებსაც გადასდოს?

- არა, არა! - მთელ ხმაზე გაჰყვიროდა, - არ გინდათ, გემუდარებით! მომკლავს!

- ბიჯოს! - აღშფოთდა ალიკა, - ხომ გითხარი, არ ვეტყვით-მეთქი. ისე გავაკეთებთ, რომ ის ვერაფერს გაიგებს. ვითომ სხვა გოგომ გვითხრა. რა, შენ გარდა სხვასთან არ ექნებოდა სექსი?

- კი, როგორ არა, სულ გოგოებში დადის, - როგორც იქნა, მიხვდა, რომ გამოსავალი არსებობდა.

- ჰოდა, გვითხარი. სახელი, გვარი და მისამართი.

ჩაგვაწერინა მისამართი. ალიკა კაბინეტიდან გავიდა, მილიციაში რომ დაერეკა იმ ვიგინდარის ასაყვანად და სამკურნალოდ გასაგზავნად.

მე და ნანა მარტონი დავრჩით.

- ახლა რა იქნება? - ცრემლიანი მზერით მომაჩერდა.

- აქედან რომ გაგწერთ, ვენდისპანსერში წახვალ და მკურნალობის კურსს ჩაიტარებ. ნუ გეშინია, არ მოკვდები.

- მოვრჩები?

- ალბათ. სისხლი ბოლომდე ვერ გასუფთავდება, მაგრამ ეს შენს ჯანმრთელობაზე გავლენას არ მოახდენს. მანამდე კი დეიდაშენთან მოგვიწევს ლაპარაკი.

- იმასაც უნდა უთხრათ?

- აუცილებლად. დამალვის უფლება არ გვაქვს. სხვა შემთხვევაში უამრავი პრობლემა შეგექმნება, რომელსაც მარტო ვერ აუხვალ.

- რამდენ ხანს მომიწევს მკურნალობა?

- დიდხანს... წლების განმავლობაში, - ნიშნის მოგებით მივუგე, თითქოს რამეში დამნაშავე ყოფილიყო.

თან მეცოდებოდა, თან მებრაზებოდა. რას გაუჩერდა მარტო იმ ბიჭს? მაგრამ მეორე წამს ვამართლებდი. მერე რა, ჩემი დის მეგობარი რომ მოვიდეს, ჩემთან მარტო დარჩენის უნდა შეეშინდეს? ერთი თუ ნაძირალა გამოდგა, ყველა ერთნაირი ხომ არ იქნება?

აღარ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდი. მისატოვებლად არ მემეტებოდა, მაგრამ დასარჩენადაც არ მინდოდა. მით უმეტეს, რომ საავადმყოფოში ყველამ გაიგო მისი ამბავი. ენაზე ვის რა დაადგებოდა? ამის მეტი საჭორაო არაფერი ჰქონდათ.

ყველაზე მეტად მე ვიტანჯებოდი. კიდევ კარგი, არავის გაუგია, რომ მომწონდა, თორემ სირცხვილით თავს ვეღარ გამოვყოფდი. ალიკასი არ მერიდებოდა, მასთან სხვა ურთიერთობა მქონდა და ვიცოდი, გამიგებდა. თანაც, არ იყო ლაქლაქა, კრინტს არ დასძრავდა სხვასთან, არიქადა, ანდრიას ის გოგო თავისთვის უნდოდაო.

დავურეკეთ დეიდამისს, დავიბარეთ და ყველაფერს მოვუყევით. ეს მედიდური ქალი წამში დაპატარავდა და თხუნელას დაემსგავსა. მისთვისაც ისეთივე შოკი აღმოჩნდა ეს ამბავი, როგორიც ჩემთვის.

განადგურებული ვიყავი. გულში სიყვარული გიზგიზებდა, სულში - ზამთარი...

გაგრძელება ჟურნალ "გზის" 44-ე  ნომერში