წამხდარი ქალი (თავი IV) - გზაპრესი

წამხდარი ქალი (თავი IV)

მინდოდა თავი დამერწმუნებინა, რომ ეს სულაც არ იყო სიყვარული. მინდოდა დამეჯერებინა, რომ თავიდანვე იმდენად დიდი იყო მისი დაუფლების სურვილი, რომ მორეული ჟინი სიყვარულს უტოლდებოდა. ამის დამტკიცებას კი დრო სჭირდებოდა. ამწუთას მასთან დაახლოების სიტუაცია არ იყო. მას უნდა ემკურნალა.

ყველანაირად დავეხმარე, რაც შემეძლო. შესაძლებელზე მეტიც გავაკეთე. ვენდისპანსერში ჩემი კურსელი მუშაობდა და იმას ჩავაბარე. რამდენიმე კვირა იქ დაწოლა და სამკურნალო კურსის ჩატარება მოუწევდა. უკვე აყვანილი იყო აღრიცხვაზე. რამდენიმე წლის განმავლობაში პერიოდულად უნდა გამოცხადებულიყო აქ და სისხლი გაესინჯა. ეს საზიზღარი პროცედურა იყო. მესმოდა ყველა ადამიანის, ვისაც ამის გავლა უწევდა. როგორიც უნდა ყოფილიყავი, მაინც ძნელი იყო. ვენერიული სენით დაავადებულებს მაშინ განსაკუთრებით ცუდი თვალით უყურებდნენ. ახლანდელი გადასახედიდან ათაშანგი მთლად შიდსს არ უტოლდებოდა, მაგრამ მაინც საშინელი დაავადება იყო. აუცილებლად ბოლომდე უნდა გემკურნალა, თორემ შედეგი შიდსისგან არაფრით განსხვავდებოდა. მოწამლული სისხლი საბოლოოდ მაინც კლავდა ორგანიზმს.

ნანა ძალიან შეიცვალა. თვალები ჩაუქრა, აღარ იღიმოდა, ჩემთან ლაპარაკსაც გაურბოდა. თვალებში აღარ მიყურებდა, როცა სანახავად მივდიოდი. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ დაავადებამ დამთრგუნველად იმოქმედა მასზე, სიცოცხლე აღარ უნდოდა. ამ გასხივოსნებული გოგოსგან აღარაფერი დარჩა, დარდით ამოღამებული მზერის გარდა.

არც დეიდამისი იყო უკეთეს დღეში. ჩემგან განსხვავებით, ის სანახავად არ მისულა. ეშინოდა, ვინმე ნაცნობმა ამ შენობაში რომ დამინახოს, რა პასუხი გავცეო. თითქოს დისპანსერში მხოლოდ ათაშანგიანები დადიოდნენ. არ მესმოდა მისნაირი ადამიანების, მაგრამ ყველას აქვს თავისი სიმართლე. ალბათ სადღაც მართალიც იყო. მე კი, როგორც ექიმს, ვერც ვერავინ დამიშლიდა მასთან მისვლას და არც არავის გაუკვირდებოდა, იქ თუ მნახავდა. შეიძლება ამიტომაც არ შემეძლო სხვების გაგება.

როგორც იქნა, გამოწერეს. ნანემსრები ისე სტკიოდა, სიარული უჭირდა. აბა, როგორია, დღის განმავლობაში ოცზე მეტ ნემსს რომ დაგარჭობენ, თანაც მთელი სამი კვირა.

მე მივიყვანე სახლში. დეიდამისი გამოგვეგება. იმდენი მადლობა მიხადა, რომ თავი უხერხულად ვიგრძენი.

- საშინელ დღეში კი ჩავცვივდით, ბატონო ანდრია, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთი იყო ალბათ ჩვენი ბედისწერა.

- არა უშავს, ქალბატონო, სამიოდე წელი და მორჩა, ყველაფერი კარგად იქნება. გათხოვდება, შვილებსაც გააჩენს და ყველას ყველაფერი დაავიწყდება.

- ამის დავიწყება ასე იოლი როდია, ექიმო, - მწუხარებით გააქნია თავი ქალმა და ჩაიზე მიმიპატიჟა.

დარჩენას აზრი არ ჰქონდა. ნანა თავის ოთახში შეიკეტა და გამოსვლას აღარ აპირებდა. დეიდამისთან რა მქონდა სალაპარაკო? უნდა ეწუწუნა და მისი წუწუნისთვის მესმინა?

წამოვედი. ახლა უარესად გულდამძიმებული ვიყავი. იქ სანახავად მისვლის საბაბი მაინც მქონდა. ახლა რა უნდა მექნა? რისთვის უნდა მივდგომოდი სახლში, რა მეთქვა? მომწონს თქვენი დისშვილი და ვერ ველევი-მეთქი? ასე არ გამოვიდოდა.

ვიფიქრე, საერთოდ აღარ შევეხმიანები და იქნებ დავივიწყო-მეთქი. ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. ასეც მოვიქეცი.

სამი დღის განმავლობაში წრეგადასულ ქეიფზე გადავედი. ხან ერთ ქალს ვიბარებდი სახლში, ხან მეორეს, გული რომ გადამეყოლებინა. ქალებს ძალიან მოვწონდი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სიმპათიური ექიმი ვიყავი, არამედ იმიტომაც, რომ ინტიმურ საკითხებშიც მქონდა დიდი გამოცდილება. ლოგინში ისევე არ მეშლებოდა არაფერი, როგორც ოპერაციების დროს.

მაგრამ მეოთხე დღეს მივხვდი, რომ სმა აღარ შემეძლო, გადაიტვირთა ორგანიზმი. შესაბამისად, არც ქალისკენ მსურდა გახედვა. უნდა დამესვენა, რომ ძველი ფორმა აღმედგინა. პირველი შემთხვევა იყო, რომ საკუთარი შვებულება სასურველად ვერ გამოვიყენე. ნანას გამო დასასვენებლადაც არ წავედი. უფრო სწორად, უარი ვთქვი კუთვნილ შვებულებაზე და სამი თვით გადავწიე. ვიფიქრე, შემოდგომის ბოლოს სადმე მთაში წავალ და მშვიდად დავისვენებ-მეთქი. ყველაზე მეტად ალიკას გაუხარდა ჩემი თბილისში დარჩენა. თავის მარჯვენა ხელს მეძახდა და ყოველთვის უკმაყოფილო იყო, როცა ასისტენტობას ჩემ მაგივრად სხვა უწევდა.

ნანაზე მაინც ვფიქრობდი. ვერ ამოვიგდე ვერც გულიდან და ვერც გონებიდან. ახლა მიზეზი მჭირდებოდა, სანახავად რომ მივსულიყავი. თავს ვიმტვრევდი, რა მომეფიქრებინა.

ჩემდა სასიხარულოდ, აღარაფრის მოფიქრება არ დამჭირდა. სრულიად მოულოდნელად დეიდამისი დამადგა თავს, ქალბატონი კლარა. ოპერაციიდან ახალი გამოსული ვიყავი, დაღლილი და გასავათებული.

კლარას დანახვაზე თვალები გამიფართოვდა, მაშინვე ფეხზე წამოვიჭერი.

- ჩემთან ხართ? მობრძანდით... ხომ მშვიდობაა? - დაბნეულმა არ ვიცოდი, რა მეთქვა.

- ბატონო ანდრია, ბოდიშს კი გიხდით, ასე რომ შემოგეჭერით, მაგრამ ისე შემაწუხეს თქვენ გამო, რომ მე თქვენი შეწუხება მომიხდა.

- აბა, მითხარით, რა ხდება? - ვიფიქრე, ალბათ ვიღაც მის ნაცნობს ოპერაცია სჭირდება და ამის სათქმელად მოვიდა-მეთქი.

- ნანა ისე მოგეჩვიათ, ახლა უკვირს, სანახავად რატომ აღარ მოდისო. - თქვა და გამომცდელი მზერა მომაპყრო, აბა, რა რეაქცია ექნება ჩემს ნათქვამზეო.

მე კი საშინელება დამემართა - გავწითლდი... ყურებიანად. ამით გამხნევებულმა ქალმა კი გააგრძელა, - რაც საავადმყოფოდან გამოწერეს, სულ ტირის, სიცოცხლე აღარ მინდა, თავი გარეთ არ გამომეყოფა, ვერც ვერავის შევიყვარებ და ვერც ვერასდროს გავთხოვდებიო. ჰგონია, რომ რაც თავს გადახდა, ეს ცხოვრების დასასრულია. ვერაფრით ვანუგეშე, არაფრის გაგონება არ უნდა. მეშინია, რამე არ მოუწიოს თავს. თქვენ სულ გიჯერებდათ, იქნებ ახლაც დაგიჯეროთ? გამომიჭედა ყურები თქვენზე ლაპარაკით... თუ დროს გამონახავთ... ვიცი, რომ ძალიან ცოტა თავისუფალი დრო გაქვთ, მაგრამ...

- არა, რას ამბობთ, - სიხარულისგან ავირიე, - მოვალ, არ არის პრობლემა. საღამოს გამოგივლით. მესმის მისი. მას ახლა ძალიან რთული პერიოდი აქვს, რეაბილიტაცია სჭირდება.

- არ ვიცი, რა გზას დავადგე. მე მთელი დღე სამსახურში ვარ, ეს კიდევ ზის სახლში და არსად არ გადის. ამ ზაფხულს ცხვირი არ გაუყვია გარეთ. სულ მოწყენილი იყო. რას ვიფიქრებდი, ასეთი ტკივილი თუ ჰქონდა გულში. ნეტავ მაშინვე ეთქვა, სულ ვდარდობ, რატომ არ გამენდო-მეთქი. ბოლო თვეებში ისეთი გულჩათხრობილი გახდა, ვეღარ ვცნობდი, - ენად გაიკრიფა კლარა.

- ქალბატონო კლარა, მოდი, ასე შევთანხმდეთ. საღამოს, შვიდის მერე მოვალ და დავილაპარაკებთ. იმედია, ვიპოვით გამოსავალს. არ ინერვიულოთ.

ერთი სიტყვით, როგორც შემეძლო, დავამშვიდე ნანას დეიდა და გავისტუმრე. მე კი სიხარულისგან აღტყინებული სამსახურში ვეღარ ვჩერდებოდი. ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა სამუშაო საათები, რომ შინ გავლა და ტანსაცმლის გამოცვლა მომესწრო. კარგ ფორმაში მინდოდა, ვენახე.

არა, მისი დავიწყება შეუძლებელი იყო. ამას ახლა უფრო ნათლად მივხვდი, როცა თვითონ მოისურვა ჩემი ნახვა და `დესპანი~ გამომიგზავნა. ესე იგი, ისიც ფიქრობს ჩემზე. თუ ასეა, უკან რატომ უნდა დავიხიო? რაც იქნება, იქნება. არ ვიცი, სადამდე მიმიყვანს ეს გზა, მაგრამ სადღაც ხომ მიმიყვანს? - ვფიქრობდი ჩემთვის, სანამ მის ბინას მივაღწევდი.

კარი დეიდამისმა გამიღო და შინ შემიძღვა. უკვე მეორედ ვიყავი აქ და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს პირველად ვიყავი. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ კი არ შემიმჩნევია, რომ შემოსასვლელში უზარმაზარი სარკე ეკიდა, სადაც საკუთარ ფიგურას თავით ფეხებამდე დაინახავდი. არც წიგნებით გამოტენილი თაროები დამინახავს და არც კედელზე ჩამოკიდებული ფერწერული ტილოები, რომლებიც აშკარად დამწყები მხატვრის ნამუშევრებს ჰგავდა.

გავიარეთ სასტუმრო ოთახი და საძინებელს მივადექით. ამ ოთახში არ ვყოფილვარ. კლარამ კარი შეაღო და ანდრია მოვიდაო, ხმადაბლა თქვა. ნანა საწოლზე მიწოლილიყო, ფეხებზე თხელი პლედი ჰქონდა გადაფარებული და ხელში წიგნი ეჭირა.

- წიგნები იცოცხლე, უყვარს, ხელიდან ვერ გააგდებინებ, - ღიმილით მამცნო დეიდამისმა, - მე დაგტოვებთ, ბავშვებო, და ვახშამს მოგიმზადებთ, - ამ სიტყვებით ოთახიდან გავიდა და მარტონი დაგვტოვა.

უცნაურმა ცახცახმა ამიტანა. თითქოს პირველად დავრჩით მარტონი. არ ვიცოდი, რაზე მელაპარაკა, საუბრის დაწყება გამიჭირდა.

- როგორ ხარ? - ნანამ თვითონ წამოიწყო.

- მე კარგად, შენ? - ამ ერთმა შეკითხვამ უცებ მომიხსნა დაძაბულობა.

- რა ვიცი... როგორ უნდა ვიყო... - და თავისი საოცარი თვალები შემომანათა.

- როგორ და კარგად, - რიხიანად ავლაპარაკდი, - დაივიწყე, რაც იყო. ცხოვრება გრძელდება. ცოტა ხანში ეს ამბავი ცუდი სიზმარივით გაქრება.

- არა, ეს ამბავი აქედან არასდროს არ გაქრება, - შუბლზე მიიკაკუნა ხელი, - სულ იმის შიში მექნება, ოდესმე თავი არ იჩინოს.

- ამიტომაც სულ უნდა აკონტროლო. თუმცა, არა მგონია, მთლად ასე საშიშიც არ არის. რა თქმა უნდა, თუ ნორმალურად იცხოვრებს ადამიანი.

- შეგაწუხე, არა? - სევდა აღებეჭდა სახეზე, - სახლში დაგიბარე... მაგრამ ისე ცუდად ვიყავი, სრულიად მარტო რომ დავრჩი, რომ... შენი ბრალია, რატომ მიმაჩვიე ყოველდღე შენს ნახვას, - მოულოდნელად გაიღიმა, - მერე კი გაქრი.

ისე მსუბუქად მსაყვედურობდა, სიამოვნების ტალღამ მთელი სხეული მოიცვა. შეფარვით მესიყვარულებოდა, თან მანძილს არ ამცირებდა, რათა გაეგო, მე რა შეხედულების ვიყავი ამ საკითხზე.

- სიმართლე გითხრა, მინდოდა მოსვლა, მაგრამ მეუხერხულა. საბაბი არ მქონდა, რომ მენახე, - გამეცინა, - ვიფიქრე, იქნებ არც უნდა ჩემი დანახვა-მეთქი.

- ვითომ?

- რა ვითომ? - ვერ მივხვდი, რა არ მოეწონა.

- ასე რომ იფიქრე, იმიტომ არ გამოჩნდი? მე სხვა მიზეზი მგონია.

- რა მიზეზი?

- თქვენ, კაცებს, იმის კი არ გჯერათ, რასაც ხედავთ, არამედ იმას ხედავთ, რისიც უკვე გჯერათ. შენს თვალში მე უკვე ხელიდან წასული გოგო ვარ, რომელთანაც ურთიერთობის გაგრძელება მიუღებელია. აბა, ჩემნაირს როგორ გამოაჩენ შენს მეგობრებთან და საერთოდ, შენს საზოგადოებაში? რას იტყვიან...

გავხევდი. თურმე რა შორს მიმავალი გეგმები ჰქონია დაწყობილი...

- შენი აზრით, ისე ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული ჩვენს ურთიერთობას, რომ უკვე მეფიქრა იმაზე, როგორ მოვქცეულიყავი მომავალში? - და გამჭოლი მზერა მივაპყარი.

სახეზე ალმური წაეკიდა, უხერხულობის დასაფარავად პლედის ზედაპირს ჩაებღაუჭა და წიწკნა დაუწყო.

- ვიხუმრე... - ჩუმად ჩაილაპარაკა და მზერა ამარიდა, - მადლობა, რომ მოხვედი. მეტად აღარ შეგაწუხებ, - ნირშეცვლილმა ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა.

- აი, რაღაც გეწყინა. რა გეწყინა?

- არაფერი, რა უნდა მწყენოდა? უბრალოდ, მარტო მინდა დარჩენა. არ უნდა გამომეგზავნა დეიდაჩემი შენთან. შეცდომა დავუშვი.

- გეყოფა! ძალიან არეულად ლაპარაკობ რაღაც, შენი ვერაფერი გამიგია. ხან ასე, ხან - ისე. ჯერ მოვიდეს და მნახოსო, ახლა კი მაგდებ. მოდი, ჩამოყალიბდი, რა გინდა, კარგი?

ნეტავ არ მეთქვა. უეცრად გაფითრდა, ტუჩები მთლად გაუთეთრდა, ნიკაპი აუკანკალდა, თავისი სისუსტის დასაფარავად თავზე პლედი გადაიფარა და იქიდან გამომძახა, თუ შეიძლება, წადიო.

აბა, სადღა წავიდოდი? ახლა რომ წავსულიყავი, სამუდამოდ დავკარგავდი.

მის საწოლზე გადავჯექი და პლედი სახიდან ჩამოვუწიე.

- მომისმინე, ნანა. მოდი, დავივიწყოთ ყველაფერი, რაც დღემდე იყო. შენ სრულფასოვანი ადამიანი ხარ, ქალი, რომელსაც არაფერი გაკლია - არც ჭკუა, არც გონება და არც გარეგნობა. შენნაირ გოგოებს შეუძლიათ მთები გადადგან, თუკი მოისურვებენ. მონდომებაც კი არ დაგჭირდება, სურვილიც საკმარისი იქნება ამისთვის. თვითონაც მშვენივრად იცი, რომ ასეა. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, არ ვმალავ და არც მიცდია დამალვა, რომ დანახვისთანავე მომეწონე. რა თქმა უნდა, მერე აირია სიტუაცია. ხომ გესმის... მთლად ჩემი ბრალიც არ არის, ასე რომ მოხდა, მაგრამ მე მაინც არ მიმიტოვებიხარ. ვერ გელევი და არ ვიცი, ეს რისი ბრალია. მთლად მამაკაცური სისუსტის არ უნდა იყოს, მგონი, - გავიხუმრე, რომ ოდნავ მაინც განმემუხტა სიტუაცია.

- შენ მხოლოდ გეცოდები და ეს გალაპარაკებს, - ჩაიჩურჩულა და თვალებში ცრემლი გაუბრწყინდა.

- სულაც არ მეცოდები. შესაცოდი რა გჭირს? ნუ მაბრაზებ, ძალიან გთხოვ. ხო, ვაღიარებ, რომ მომწონხარ, ბევრი მიფიქრია შენზე და ახლაც ვფიქრობ. ყოველდღე მახსოვხარ და ვერ გივიწყებ. ამის აღიარება შვებას მოგგვრის? მაგრამ არც ის მინდა, რომ გული გატკინო. მე ახლა ისეთ დღეში ვარ, რომ ვერ გადამიწყვეტია, რა გზას დავადგე. არც ის შემიძლია, ზურგი გაქციო, მაგრამ...

- მაგრამ ჩემ გვერდით ყოფნაც გიტყდება, არა?

- აუუუ, - შემაწუხა მისმა ეჭვებმა, თუმცა საფუძვლიანმა, - ეგრე ნუ ლაპარაკობ, გთხოვ. ასე მიცნობ?

- ნებისმიერ კაცს გაუტყდებოდა ჩემნაირის გვერდით გავლა, - ჩაიჩურჩულა და თვალებზე ხელი აიფარა.

- ახლა გცემ, იცოდე! - გავუჯავრდი, - გინდა, დაგიმტკიცო, რომ სულაც არ მიტყდება? გინდა დაგიმტკიცო?

სახიდან ხელი ჩამოიღო და ცრემლიანი მზერა მომანათა.

- გინდა, ერთად წავიდეთ დასასვენებლად? ორი-სამი კვირით სადმე გავიდეთ, კარგი?

- რა? - იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემი შეთავაზება, რომ დაიბნა.

- რაც მოისმინე. მე ავიღებ შვებულებას, შენ კიდევ უნივერსიტეტიდან ბიულეტენი გააკეთე.

- ისედაც ბიულეტენზე ვარ, თვის ბოლომდე.

- ჰოდა, მით უკეთესი. ვუთხრათ დეიდაშენს, თუ მოეწონება ჩემი წინადადება....

- არ ვიცი... არა მგონია...

- მე დავარწმუნებ, შენ ნუ გეშინია. - თვალი ჩავუკარი და წამოვდექი.

სამზარეულოდან ისეთი მადისაღმძვრელი სურნელი გამოდიოდა, ვიგრძენი, როგორ მომშიებოდა.

- ქალბატონო კლარა... - კარის ზღურბლთან გავჩერდი.

- ახლავე ყველაფერი მზად იქნება, ჩემო კარგო, ორ წუთში გავშლი მაგიდას, - ღიმილით გამომხედა ნანას დეიდამ, რომელსაც ხელში ტომატით გასვრილი სუფრის კოვზი ეჭირა, - ოჯახურიც მზადაა და სხვა დანარჩენიც.

- თქვენთან წინადადება მაქვს... - გავაგრძელე.

- რაო, გენაცვალე. ცუდი არაფერი მითხრა, ისედაც გახეთქვაზე მაქვს გული.

- არ ვიცი, ცუდია თუ კარგი, მაგრამ მე პირადად ვფიქრობ, ძალზე დროული და საჭირო წინადადებაა.

- აბა, გისმენ მთელი გულისყურით, - ქალმა ტომატიანი კოვზი ცარიელ თეფშზე დადო და მაგიდას მიუჯდა.

- კარგი იქნებოდა, ნანა სადმე დასასვენებლად გაგვეგზავნა ერთი-ორი კვირით.

- გგონია, არ შევთავაზე, შვილო? მეხვეწებოდა ჩემი ბიძაშვილი, გამოუშვი ჩემთან ბორჯომში, შვილივით მივხედავო, მაგრამ არ ქნა. ასე წევს მთელი დღე და ზეზე არ დგება. ჭამა რომ ჭამაა, ისიც არ ახსენდება, მე თუ არ შევახსენე.

- იცით, რა ვიფიქრე, ქალბატონო კლარა? არ ვიცი, შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ... მე რომ წამეყვანა სადმე...

- როგორ? - იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემი ნათქვამი, რომ ქალს ეგონა, მომეყურაო.

- აი, მე რომ გავყვე თან, როგორც ექიმი... მას ახლა ზღვის აბაზანები მოუხდება, ჭრილობები ჯერაც არ არის სრულად შეხორცებული. მე... მე შვებულებით წელს არ მისარგებლია, ამიტომ შემიძლია მოვითხოვო. თქვენ ალბათ გეშინიათ, ეს ამბავი ვინმეს სალაპარაკო არ გახდეს. მაგის გარანტიას მე გაძლევთ. ჯერ ერთი, ვინ რას გაიგებს და მეორეც, მე თვითონაც არ ვარ დაინტერესებული, ვინმემ ზედმეტი ილაპარაკოს. ჩემთან წამოსვლაზე ნანა უარს არ იტყვის.

ქალი ერთხანს ყოყმანობდა. თითქოს რაღაცის აწონ-დაწონას ცდილობდა. ვინ იცის, რამდენმა კითხვის ნიშანმა გაურბინა იმწუთას გონებაში.

- არ ვიცი, ანდრია... მოვიფიქრებ, შვილო. ასე ხელაღებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდება, - შეფიქრიანებულმა მომიგო.

- ყოველ შემთხვევაში, ჩემი წინადადება ძალაშია და მზად ვარ, თუკი გადაწყვეტთ, - მორიდებით ჩავილაპარაკე და ნანასთან შევბრუნდი.

ერთი სული ჰქონდა, რა პასუხს მივუტანდი. გაფაციცებული შემომცქეროდა.

- მოვიფიქრებო... - ხელები გავშალე.

- ესე იგი, არ გამიშვებს.

- არა, გაგიშვებს. უბრალოდ, ასე უცებ ვერ გადაწყვიტა. ვაცალოთ ცოტა, მოიფიქროს. თვითონაც მიხვდება, რომ ასე უკეთესია.

- ანდრია... - გაბზარული ხმით დამიძახა.

- რა?

- მე შენ მიყვარხარ.

გავქვავდი. ვიცოდი, რომ დღეს თუ ხვალ ამ სიტყვებს აუცილებლად მეტყოდა, მაგრამ ამწუთას ნამდვილად არ ველოდი. პასუხად რა უნდა მეთქვა? მეც მიყვარხარ-მეთქი? არ მინდოდა ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება. ჯერ ვერ გავრკვეულიყავი საკუთარ თავში, საკუთარ გრძნობებში. იყო კი ეს სიყვარული? ჯერ გაცნობიერებულიც არ მქონდა, რა სახის ურთიერთობა უნდა მქონოდა მასთან. თუ აქამდე მის ცოლობას ვგეგმავდი, მერე კი ეს გეგმა უბრალოდ, სექსუალურმა ლტოლვამ შეცვალა, ახლა სრულიად სხვა გრძნობას შევეპყარი. არც სექსი მინდოდა მასთან, არც მისი დაუფლების ჟინი მკლავდა, კოცნა რომ კოცნაა, ისიც არ მიზიდავდა, მაგრამ მაინც მინდოდა, გვერდით მყოლოდა. ალბათ პროფესიული მიდგომა უფრო ერქვა ამ ყველაფერს, ვიდრე ნდომა ან სიყვარული. თითქოს სანატორიუმის ექიმი ვიყავი, რომელიც ცდილობს, მომაკვდავებს ბოლო დღეები შეუმსუბუქოს, დაახლოებით ასეთი გრძნობით ვიყავი განმსჭვალული. დარწმუნებული ვიყავი, რომ ნანას ცხოვრების ხალისს გავუღვიძებდი და კვლავ მოვაბრუნებდი ამ ქვეყნისკენ.

ისე ვივახშმეთ, საუბარი ვერ ავაწყვეთ. თითქოს სამივენი რაღაცამ დაგვაბნია. იმის თქმაც ვერ მოვახერხე, აღმენიშნა, რა გემრიელი იყო ყველაფერი. მართლაც, ასეთი სიამოვნებით კარგა ხანია, არ მივახშმია.

გვიანობამდე დავრჩი. ჯერ სამივემ ერთად ვილაპარაკეთ, მერე მე და ნანა განვმარტოვდით მისსავე საძინებელში და საწოლზე მიწოლილები ისე შინაურულად ვსაუბრობდით, თითქოს ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით. რაღაცები გავიხსენე ჩემი საექიმო პრაქტიკიდან. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი კურიოზი მექნებოდა ცხოვრებაში ჩემი პროფილის გადამკიდე. ის კი კისკისებდა და კისკისებდა. რაც გამოწერეს მას შემდეგ პირველად ვხედავდი ასე გაცინებულს, ღიმილიც კი უცხო ხილი გახდა მის სახეზე.

პირველი ხდებოდა, რომ წამოვედი. არ კი მინდოდა, მაგრამ არც დარჩენა გამოდიოდა. ვერ ველეოდი. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მინდოდა, სულ ერთად ვყოფილიყავით. ახლა იმასღა ვნატრობდი, დეიდამისს ხელი შეეწყო ჩვენთვის, დროზე მოეფიქრებინა პასუხი და მე და ნანა თბილისს გავცლოდით.

ჩემდა გასაკვირად, ქალბატონმა კლარამ იმაზე ადრე მიიღო გადაწყვეტილება, ვიდრე ველოდი. მეორე საღამოსვე, როგორც კი მათთან გავედი და ჰოლში შევაბიჯე, ქალბატონმა კლარამ გამარჯობის ნაცვლად, მე თანახმა ვარო, შემომაგება.

სასიამოვნო მოულოდნელობისგან ლამის შევხტი. ვერაფრით შევძელი სიხარულის დამალვა. კლარას მივვარდი, ხელები მოვხვიე, ვაკოცე და ვუჩურჩულე:

- მე თქვენ იმედს არ გაგიცრუებთ, ქალბატონო!

მეორე დღესვე დავტრიალდი. გადავრეკე, გადმოვრეკე, ბათუმში ნაცნობი გამოვნახე, სასტუმროში ნომერი დავიბევე, ფული გადავრიცხე და როცა ყველაფერი მოვაგვარე, ნანას ვესტუმრე, რომ მეთქვა, ორ დღეში ქალაქიდან გავდივართ-მეთქი.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და დაუვიწყარი დღეები იწყებოდა. ამას უკვე ვგრძნობდი.

გაგრძელება ჟურნალ "გზის" 45-ე ნომერში