წამხდარი ქალი (თავი V) - გზაპრესი

წამხდარი ქალი (თავი V)

ცხრა დღე დავრჩით ბათუმში. მაშინ სადღა იყო ისე, ახლა როგორიცაა - ყოველი ფეხის ნაბიჯზე რომ სასტუმრო შეგხვდება. თანაც ხავერდოვან სეზონზე ყოველთვის გადაჭედილი იყო ბათუმი რუსი დამსვენებლებით.

როცა ორადგილიან ნომერში ავედით და ნანამ გაიგო, რომ ერთად უნდა გვეცხოვრა, შიშისგან ტუჩები გაუფითრდა.

- ნუ გეშინია, არაფერს არ გიპირებ. უბრალოდ, ესეც ძლივს ვიშოვე, გესმის? საერთოდ არ შეგეხები. შენ შენთვის იქნები, მე ჩემთვის. პირობას გაძლევ.

- მაგის სულაც არ მეშინია, - მშვიდად მომიგო და თვალი თვალში ურცხვად გამიყარა.

აი, თურმე რა ყოფილა! მას მხოლოდ იმის ეშინოდა, თუ ერთად დავწვებოდით და სექსი გვექნებოდა, მისი სენი მეც არ გადამდებოდა. გამეცინა. ხელი წავავლე და საწოლზე დავსვი. დავუწყე ახსნა, რომ არცთუ ისეთი პატარა გოგოა, ასეთი რამეები არ ესმოდეს. რომ საშიშროებამ უკვე ჩაიარა, მისი სისხლი გაწმენდილია, თუ მთლიანად არა, მაქსიმალურად მაინც. მთავარია, ფრთხილად იყოს. სასურველია, სამი წელი შვილი არ გააჩინოს და მამაკაცები ხშირად არ იცვალოს. ბოლო გაფრთხილებაზე გავიცინე, რომ სერიოზულად არ მიეღო.

თავი უსიტყვოდ დამიქნია, მაგრამ მის თვალებში შიში მაინც შიშად დარჩა. არ ვიცი, რისი იყო შიში, რომელსაც ხელში ჰყავდა გამომწყვდეული - მამაკაცების, საზოგადოებრივი აზრის, ცრურწმენების, სიყვარულის, გასაჭირის, სიმარტოვის თუ ერთფეროვნების... შეიძლება ყველაფრის ერთად. მინდოდა, გამემხნევებინა. ვეუბნებოდი, რომ იგი უკვე აღარ იყო მარტო, რომ მე მის გვერდით ვიყავი და არასდროს მივატოვებდი. ვუმტკიცებდი, რომ ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის და მისი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებდი.

კარგა ხანს მისმინა. მერე მოულოდნელად კისერზე მომხვია ორივე ხელი, ყელი ყელზე გადამაჭდო და სულისშემძვრელი ხმით ზედ ყურთან დაიწყო გოდება:

- არასდროს გამიშვა ხელი, ანდრია, არასდროს, კარგი?

და პირველად ვაკოცე. ისე ვცახცახებდი, თითქოს ქალისთვის ჯერ არ მეკოცნა. რამდენი მიოცნებია ამ ტუჩებზე, რამდენჯერ წარმომიდგენია, როგორ ვაკოცებდი. ახლა კი... არ ვიცი, თითქოს ისე არ გამომდიოდა, როგორც უნდა გამომსვლოდა. რაღაცნაირად ვფრთხილობდი. ალბათ უფრო იმიტომ, რომ არ დამეფრთხო. ერთი ზედმეტი მოძრაობა და მორჩა, შეიძლება მერე საერთოდ აღარ გავეკარებინე ახლოს. ამიტომ მხოლოდ ნაზი მოფერებით და კოცნით შემოვიფარგლე. მერე ბევრი საალერსო სიტყვა ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე. გამუდმებით ველოდი, როდის მკითხავდა, გიყვარვარ თუ არაო, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, არც უკითხავს და არც მზერაში ჩასდგომია მსგავსი შეკითხვა. იქნებ იცოდა, რასაც ვუპასუხებდი და სწორედ ამ პასუხის ეშინოდა? მინდოდა, რომ ასე არ ყოფილიყო. ძალიან მეწყინებოდა, თუ იფიქრებდა, რომ არ მიყვარდა. ეს ხომ ტყუილი იყო. მე მიყვარდა, გულწრფელად მიყვარდა, შეიძლება სიცოცხლეზე მეტადაც მიყვარდა... ან... არ ვიცი. მაგრამ რომ მიყვარდა, ეს ნამდვილად ვიცი. თუმცა, ამაში გამოტყდომას ჯერ ვერ ვბედავდი. თუ სიყვარულს ავუხსნიდი, მაშინ იმედიც უნდა მიმეცა, რომ ცოლად შევირთავდი. ამის გაკეთებას კი არ ვაპირებდი. ერთადერთი, რასაც მისი გულისთვის ვერ გავაკეთებდი, მხოლოდ ეს იყო. ამის თქმა კი მიმძიმდა. ჩემი მდგომარეობის ადამიანისთვის საზოგადოებრივ აზრს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ აზრის გაუთვალისწინებლად საბჭოთა პერიოდში კარიერას ვერ გაიკეთებდი, ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწევდი წინ. თუმცა, იმედს ვიტოვებდი, რომ დროთა განმავლობაში რაღაცები შეიცვლებოდა, ადამიანებს დაავიწყდებოდათ ნანას პრობლემები და ყველაფერი დალაგდებოდა. მაშინ შეიძლება შემეცვალა აზრი და...

მაგრამ ეგ ძალიან შორეული მომავლის პერსპექტივა იყო. მე კი ახლა მხოლოდ ამ წუთებით უნდა დავმტკბარიყავი, მხოლოდ დღევანდელი დღით უნდა მეცხოვრა და ხვალეზე არ მეფიქრა.

იმ დღეს ნომრიდან არ გავსულვართ. ერთმანეთს ჩავეხუტეთ და გემრიელად გამოვიძინეთ...

ღამე უკვე შემოპარულიყო, როცა გამეღვიძა. ნანას ჯერ ისევ ეძინა. ფრთხილად მოვაშორე ჩემი ხელი, რომელზეც თავი ედო და აივანზე გავედი.

აქედან ზღვა ხელისგულივით მოჩანდა, მთვარის შუქზე ვერცხლისფრად ლაპლაპებდნენ ცივი ტალღები. სასიამოვნოდ ისმოდა ტალღების ტლაშუნის ხმა, თითქოს ვიღაც გასაფენ სარეცხს ფერთხავსო. დაჰკვირვებიხართ ოდესმე ამ ხმას? იგი ძალიან წააგავს ზღვის ტალღის ხმას, ნაპირს რომ მოასკდება ხოლმე.

ზღვასთან საოცარი ასოციაციები მაკავშირებს. ამის ორი სიტყვით ახსნა შეუძლებელია. ყოველთვის ასე იყო იმ დღიდან, როცა ზღვა პირველად ვნახე. ეს კი მოზარდობაში მოხდა, როცა მეგობარ ბიჭებთან ერთად სოხუმში გავიპარე. ო, იქ სულ სხვანაირი იყო ზღვაც, ჰაერიც და მიწაც. იქაურობა უცხო პლანეტას ჰგავდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემში ძალზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს სადღაც ტროპიკებში ამოვყავი თავი, აი, ფილმებში რომ მენახა ან რომანებში წამეკითხა.

მაგრამ ეს მხოლოდ ბავშვური შთაბეჭდილება იყო და იმიტომაც მეჩვენებოდა ასე გამძაფრებულად, რასაც გვიან მივხვდი, როცა მიუწვდომელი თითქმის აღარაფერი დამრჩა - ახალგაზრდა კაცს ზღვაზეც თავისუფლად შემეძლო წასვლა, მთაშიც და ოკეანეზეც, თანაც - სადაც გამიხარდებოდა, რომელ ქვეყანაშიც. ოცდაათი წლის ასაკში ჩემს ოცნებებს მსგავსი ნატვრები გამოაკლდა.

მიუხედავად ამისა, ზღვა მაინც განსაკუთრებულად ჩამრჩა გულსა და გონებაში. თითქოს იმ ქალივით იყო, რომელიც გიყვარს, გეფლირტავება, ახლოსაც გიშვებს, მაგრამ შენი ვერასდროს გახდება და მხოლოდ შორიდან ეტრფი...

კარგა ხანს ვიჯექი აივანზე და შორეთს გავყურებდი, თუმცა უკვე აღარაფერი ჩანდა. ზღვა კარგა ხანია, ფანჯრებს მოშორდა და ჰორიზონტში ჩაიკარგა, რადგან მთვარე ღრუბლებმა ჩაითრია და ზღვაც თან გაიყოლა.

მოულოდნელად ზურგიდან თბილი მკლავები ჩამომისრიალდა მკერდზე, თითქოს ჩანჩქერი კლდიდან გადმოვარდაო. ნეტარად ამოვიგმინე და თვალები მივლულე.

- შენ ჩემი სევდის სამეფოს პრინცი ხარ, თეთრ რაშზე ამხედრებული, - მიჩურჩულა გახურებული ტუჩებით და ამონასუნთქი ჰაერის ცხელი ნაკადი სახეზე შემომაფრქვია, - და მინდა, მოთეთრო რაში ახლავე, ამწუთას!

როგორ მინდოდა, თავი შემეკავებინა, ყველანაირად ვცდილობდი.

- ამწუთას აუცილებელია? ცოტა ხომ არ გადაგვედო გაგიჟების წუთები?

- ამ წუთებში ჩემთვის მხოლოდ ამ წუთებს აქვს მნიშვნელობა, - გახელებულმა ჩამჩურჩულა და გამშორდა. მეტის მოთმენა შეუძლებელი იყო. ისე გამახელა, ამწუთას მართლაც სიგიჟე ვიყავი, რომელიც უარესად გაგიჟდა. საძინებლის კართან დავეწიე და ქორივით დავაცხრი თავს.

ყველაფერი მოულოდნელად და უცებ მოხდა. წამითაც არ მიფიქრია იმაზე, რომ ნანასთვის ეს პირველი სექსი იყო, ამიტომ ცოტათი მაინც მოვფრთხილებოდი, უხეშობა არ გამომეჩინა და ნაზად მოვპყრობოდი. არც იმაზე მიფიქრია, რომ მაქსიმალურად დავმტკბარიყავი მისი სხეულით და გამესიგრძეგანებინა, რა განძის მფლობელიც ვხდებოდი. არაფერზეც არ მიფიქრია. გიჟი ვიყავი და სიგიჟეს ჩავდიოდი. გახელებული მხოლოდ იმას ველტვოდი, რომ გახელებული ვნება დამეოკებინა, დანარჩენზე აღარ ვფიქრობდი. არც იმაზე, თავად ნანა რას ფიქრობდა ამ წუთებში...

მერე დიდხანს ვიწექით ერთმანეთში გადახლართულები. ნანა ჩემი თმის ღერებს წიწკნიდა და ჭერს შეჰყურებდა, მე მის ძუძუზე მქონდა ლოყა დადებული და გატრუნული სიამოვნებას მივცემოდი. თმაზე მოფერება ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო იყო.

იმ ღამემ ასე, მდუმარებაში ჩაიარა. კი მრცხვენოდა, ცხოველივით რომ ვეცი და აღარაფერზე ვიფიქრე, მაგრამ თავის მართლებას ხომ არ მოვყვებოდი? არც იყო საჭირო. ვიცოდი, როგორ უნდა გამომესწორებინა მდგომარეობა და ამ საქმეს მეორე დილიდანვე შევუდექი...

ზღაპრული დღეების მთელი წყება დაგვიდგა. ზღვაზე გასასვლელად თითქმის არ გვქონდა დრო. დღისა და ღამის ორ მესამედს საწოლში ვატარებდით. არ შეიძლებოდა მასთან მოგბეზრებოდა. ორპირ ქარში დანთებული ცეცხლივით იყო, რაც უფრო ეხებოდი, მით უფრო გიზგიზებდა. რამდენიმე დღეში ისე გაიწაფა ლოგინში, გეგონებოდათ, ამ საქმისთვის არის დაბადებულიო. არც ჭამა გვახსოვდა, არც სმა. საღამოობით თუ გავიდოდით სანაპიროზე, დაღლილები და მოთენთილები. როგორც კი მთვარე ამოცურდებოდა, მაშინვე ნომერში გამოვრბოდით.

მიყოლებით ამდენი დღე, დიდი ხანია, თავი ასე კარგად არ მიგრძნია. ნანა ყველანაირად მავსებდა. არა და არ მბეზრდებოდა მის გვერდით ყოფნა, მისი სიცილი, მისი სევდა, მისი ღიმილი... ყველაფერი მსიამოვნებდა და მინდოდა, სულ მქონოდა, არასდროს გამომლეოდა. იმდენად კარგად ვიყავი მასთან, ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ მივატოვო აქაურობა და რუსეთში ან სადმე ხომ არ გადავიხვეწო, სადაც არავინ გვიცნობს-მეთქი... მაგრამ ვერ გავრისკე... შემეშინდა... ცხოვრებისეული სიძნელეების შემეშინდა. უცხო გარემოსთან შეგუების... კარიერის ვერაწყობის... ერთი სიტყვით, მამაკაცური სისუსტეები ერთიანად მომეძალა.

არადა, მის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომედგინა. სულ იმაზე ვფიქრობდი, თბილისში რომ ჩავიდოდით, როგორ უნდა მომეთმინა მისი უნახაობა? და რადგან საშველს ვერ ვხედავდი, ისევ და ისევ თავდავიწყებაში ვპოვე შველა.

თუმცა, მთავარი ის იყო, რომ ნანას სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა. ისეთი მხიარული და ხალისიანი იყო, არასდროს რომ არ მენახა. და ეს მისი ბუნებრივი სიხალისე საოცრად გადამდები იყო. არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ყოველდღე ახალ და ახალ აღმოჩენებს ვაკეთებდი. ისე მაკვირვებდა თავისი საოცარი თვისებებით, რომ აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. სწორედ ისეთი იყო, როგორიც ჩემს დალიანდაგებულ ცხოვრებას სჭირდებოდა, უფრო სწორად, მუხტი - ამ ლიანდაგებზე მირახრახე ჩემი სიცოცხლის ბორბლებს რომ გაასრიალებდა.

ერთხელ, ღამით, სანაპიროდან რომ ვბრუნდებოდით, ჩვეულებისამებრ, ვიწრო ქუჩაზე შევუხვიეთ, სადაც ლამპიონების განათება არ იყო და სიბნელეში გვიხდებოდა გავლა. ეს ქუჩა სასტიკად არ უყვარდა, სულ იმის შიში ჰქონდა, ვინმე არ ჩაგვისაფრდეს და გაძარცვის მიზნით რამე საშინელება არ დაგვმართოსო, ამიტომ გასუსული მომყვებოდა ხოლმე გვერდით და ისე მძლავრად იყო ჩემს ხელს ჩაჭიდებული, თითქოს ეშინია, არ წაიქცესო. ჰოდა, იმ ღამეს ენა არ გაუჩერებია. ფრთხილად მოვაბიჯებდით ქუჩაში, ირგვლივ ისეთი წკვარამი იდგა, წესიერად თვალთან თითს ვერ მიიტანდი, ეს კი ტიტინებდა და არ ჩერდებოდა.

- ანრი, იცი, რა? - გაჩერდა უცებ და ხელზე ხელი მომიჭირა.

- რა?

- ხედავ, როგორ ბნელა? ახლა მე და შენ მხოლოდ ხმები ვართ, - ჩუმად დააყოლა, - უსხეულო ხმები.

შემაჟრჟოლა, რამ მოაფიქრა ამისთანა რამე-მეთქი. გულში ჩავიხუტე და თვალებში რომ ჩავხედე, ხმამაღლა ვუთხარი:

- მე შენს თვალებს ვხედავ, მაშასადამე, მხოლოდ ხმები არ ვართ!

ორივეს გაგვეცინა...

ბოლო დღეს ყველაზე მეტად გაგვიჭირდა. წამოსვლა არც ერთს არ გვინდოდა. ისე ჩამოვაღწიეთ თბილისში, არც კი გვილაპარაკია გზაში ერთმანეთთან. ავტოვაგზალზე კლარა დაგვხვდა, დეიდამისი. გაოცებული მისჩერებოდა თავის დისშვილს, იმდენად შეცვლილი ეჩვენა. ნანა მართლაც საოცრად გადასხვაფერებულიყო ამ დღეებში, თითქოს ბრწყინავდა. დეიდამისს თქმით არაფერი უთქვამს, მაგრამ აშკარა იყო, მიხვდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ნანას ასეთი ცვლილების მიზეზი.

- იმედია, ეს დასვენება სანანებლად არ გაუხდება, - გადმომიკრა სიტყვა.

- იმედია... - მხრები ავიჩეჩე, რითაც ვაგრძნობინე, მე ყველაფერი სწორად გავაკეთე-მეთქი.

- დიდი მადლობა, ანდრია. შენ რომ არა, არ ვიცი, ამას რა ეშველებოდა, - კლარამ გადამკოცნა და დეიდა და დისშვილი ტაქსიში ჩასხდნენ.

როგორც კი წავიდნენ, გულში ეგრევე სუსხი შემომეპარა. თურმე როგორ მათბობდა... თურმე როგორ მავსებდა... მოულოდნელად თითქოს რაღაც გატკაცუნდა გონებაში, თითქოს რომელიღაც კუნჭული განათდა... და მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე ფეთქებადი, ყველაზე მასშტაბური მსხვრევის პერიოდი იწყებოდა.

იქ, სადღაც, გულის რომელიღაც ჯერაც უღრან ტყესავით გაუვალ კუნჭულში, ბევრ ტკივილსა და მწუხარებას რომ უპოვია სავანე, ახალმა განცდამ დაიდო ბინა, - რაღაცის დაკარგვის მოლოდინმა, რაღაც ძალიან ძვირფასის დაკარგვის მოლოდინმა... და ამ განცდამ ძალიან შემაშინა...

ნანა ხომ ისედაც აყვანილი ჰყავდა შიშს... საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჩვენ ორივეს გვეშინოდა... ერთმანეთის დაკარგვის...

ცუდია, როცა მშობლებიც გავლენიანი გყავს ადამიანს. დედა პროფესორი, მამა პროფესორი, ბებია - მეცნიერებათა დოქტორი. ერთი სიტყვით, სახლში კრინტს ვერ დავძრავდი ჩემს პირად ცხოვრებაზე, აუცილებლად საბედისწერო სამსჯავროს გავლა მომიწევდა.

ამიტომ ჩუმად გადავწყვიტე ყველაფრის მოგვარება. პირველ რიგში, ბინის საკითხი უნდა გამერკვია, სად შევხვდებოდით მე და ნანა ერთმანეთს. სად და ბებიაჩემის ბინაში, ვერაზე, რომელიც ამჟამად გაქირავებული იყო და ბინის ქირას მე, თქვენი მონა-მორჩილი, ვიღებდი, როგორც სანიმუშო შვილი და შვილიშვილი. ბებიამ, აბაშიძის ქალმა, როგორც კი მუშაობა დავიწყე, დეიდაჩემს გამოუცხადა, თქვენთან გადმოვდივარ საცხოვრებლად, სულ ფეხზე მკიდია, ჩემი სიძე ამ ამბავს როგორ შეხვდება, ჩემი ბინა უნდა გავაქირაო და მაგ თანხით ანდრიას გვერდით დავუდგეო. ბებიაზე უკვე მოგიყევით, როგორი ქალიც ბრძანდებოდა და ის რომ რამეს იტყოდა, ვიღას ჰქონდა ორი თავი, შეწინააღმდეგებოდა? ან კი რატომ უნდა შეწინააღმდეგებოდნენ? მამაჩემს ძალიანაც უყვარდა სიდედრი, სიდედრსაც მოსწონდა ნახევრად თავადი და ნახევრად აზნაური სიძე, ამიტომ ერთად ცხოვრება ოჯახის არც ერთ წევრს უსიამოვნებას არ უქადდა.

ჰოდა, სწორედ ეს ბინა ამოვიღე მიზანში. ჩამოვედი თუ არა, იმ საღამოსვე ვესტუმრე მდგმურს, მარტოხელა კაცს, რომელიც ელმავალმშენებელ ქარხანაში მუშაობდა და ვთხოვე, ბინა დამიცალე, საცხოვრებლად უნდა გადმოვიდე-მეთქი. მაშინვე დამთანხმდა, მეც მაწყობს, ბარემ გადავალ თემქაზე, სამსახურთანაც ახლოს ვიქნებიო.

რამდენიმე დღეში მართლაც გადავიდა და დამრჩა ბურთი და მოედანი მე. სახლში არაფერი მითქვამს. არც იყო საჭირო. ისინი ვერასდროს გაიგებდნენ, მე ბინა გაქირავებული მქონდა თუ გასაქირავებელი. ფულს ხომ მაინც მე ვიღებდი. მართალია, ორასი მანეთი დამაკლდებოდა, მაგრამ აღარ ვჩიოდი, სამაგიეროდ, სხვა, უფრო სასიამოვნო რამეს ვიძენდი.

ასე რომ, მე და ნანამ ამ ბინაში გავაგრძელეთ შეხვედრები. ღამით არ ვრჩებოდით. ჯერ ერთი, კლარას განაწყენება არ გვიღირდა და მეორეც, არც მე მინდოდა ჩემებს რამეზე ეჭვი აეღოთ.

ყველაფერი ისე მიდიოდა, უკეთესს რომ ვერ ვინატრებდი. ნანას არასდროს უკითხავს ჩემთვის, მიყვარდა თუ არა და არც მე ამიხსნია მისთვის სიყვარული. მაგრამ იყო კი საჭირო? ერთმანეთთან ურთიერთობისას ისედაც ნათელი იყო, რომ მიყვარდა. მიყვარდა კი არა, მისით ვსუნთქავდი. ის ჩემი სიცოცხლის ელექსირი იყო, რომლის გარეშეც ვერ ვიარსებებდი. თვითონ დღე არ გავიდოდა, არ ეთქვა, მიყვარხარო. დილა ამ სიტყვით იწყებოდა და ღამეც ამ სიტყვით დგებოდა. ხანდახან უხერხულად ვგრძნობდი თავს, საპასუხო `მეც მიყვარხარ-ს~ რომ ვერ ვიმეტებდი, ამიტომ იძულებული ვიყავი, `მეც, მეც~ მაინც შემეგებებინა მისი სასიყვარულო სიტყვიერი გზავნილისთვის.

ასე გადიოდა დღეები, თვეები, წლები...

სამი წელი გავატარეთ ერთად. სამი ულამაზესი, უბედნიერესი და უნეტარესი წელი. სამი წელი უკანონო ცოლ-ქმარივით ვცხოვრობდით - ხელის მოწერის გარეშე, მაგრამ სინამდვილეში უფრო მეტი ვიყავით ერთმანეთისთვის, ვიდრე ცოლი და ქმარი.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერს აქვს დასასრული, ისევე როგორც დასაწყისი.

ურთიერთობის ზუსტად იმ ეტაპს მივაღწიეთ, როცა გგონია, რომ ყველაფერი იცი იმ ადამიანზე, ვისთანაც ცხოვრობ. თურმე, როგორც კი ამას გაიფიქრებ, უნდა ჩათვალო, რომ ეს სიყვარულის დასასრულს ნიშნავს. სად იწყება ტყუილი? სწორედ იქ და მაშინ, სადაც და როცა თავს ვარწმუნებთ, რომ ერთმანეთის ყველა საიდუმლო ვიცით და დამალული არაფერი გვაქვს. არ დაიჯეროთ! ყველა ადამიანს აქვს თავისი ქვესამყარო, სადაც პატარა-პატარა საიდუმლოებებს ინახავს. მათ დასაცავად კი ტყუილს იყენებ.

ინსტიტუტი რომ დაამთავრა, ბოლო გამოცდაზე ვერ წავყევი, სერიოზული ოპერაცია მქონდა იმ დღეს. მერე საღამომდე ველოდე ბინაში, პატარა სუფრა გავშალე, ერთად აღვნიშნავთ უმაღლესის დამთავრებას-მეთქი და არ მოვიდა. საღამოს წამოვედი. ერთი ცალი შავი ვარდი, რომელიც საგანგებოდ მისთვის ვიყიდე, წყლიან ვედროში ჩავდე და ჰოლში ისეთ ადგილას დავდე, სარკმლიდან რომ შემოიხედავდა, დაენახა.

ის ღამე კოშმარად მექცა, ძალიან გავბრაზდი, მაგრამ მეორე დღეს ისე მელაპარაკა, დავთმე. ჯგუფელებმა გადავწყვიტეთ, ინსტიტუტის დამთავრება ერთად აღგვენიშნა და უარი ვერ ვუთხარიო. ორი ლექტორიც წაუყვანიათ თან. არადა, ერთ ლექტორს რომ მოსწონდა და მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, ეგეც ნათქვამი ჰქონდა. რა მექნა? მეეჭვიანა? რას მოვიგებდი? ვერაფერს. თვითონ კი მიმტკიცებდა, უბრალოდ, ვგრძნობ, რომ მოვწონვარ, მაგრამ სიტყვაც არ უთქვამს არასდროსო, მაგრამ როგორ დამეჯერებინა? მით უფრო ახლა, როცა სტუდენტი აღარ იყო და იმ ლექტორს მასთან თავისუფლად შეეძლო ურთიერთობის აწყობა?

ერთი სიტყვით, ეს ამბავი ისე ჩამთავრდა, ვერაფერი დავაცდენინე და მეც დავმშვიდდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვუყვარდი და სხვისკენ აღარ გაიხედავდა.

ერთ დღესაც ისეთი დაღვრემილი მოვიდა, დანა პირს არ უხსნიდა.

რა მოგივიდა-მეთქი, დავეტაკე. კარგა ხანს, არაფერი, არაფერიო, კრინტი ვერ დავაძვრევინე. როგორც იქნა, ბოლოს ამოღერღა, ორსულად ვარო.

ელდა მეცა. საიდან, როგორ? პრეზერვატივის გარეშე არც ერთხელ არ მივკარებივარ. დარწმუნებული ხარ-მეთქი?

- პრეზერვატივი ყოველთვის როდია სანდო, იქაც ხდება გარღვევები. - ისეთი ბრძნული კილოთი თქვა, თითქოს დისერტაცია ჰქონოდა ამ თემაზე დაცული.

დავმუნჯდი. არ მჯერა-მეთქი, ხომ არ ვეტყოდი? ამით სამუდამოდ დავკარგავდი. ჩემი გონება ისე ნელა აზროვნებდა, ვერ ვსაზღვრავდი, რა შეკითხვა უნდა დამესვა. თუმცა, გონებამ ზანტად, მაგრამ მაინც შენიშნა, რომ ნანა ჩემგან სწორედ შეკითხვას ელოდა და ამ შეკითხვაზე იყო დამოკიდებული, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

- ახლა რას აპირებ? - `შუალედური~ შეკითხვა დავსვი.

- მე თუ შენ? - მრავალმნიშვნელოვანი მზერით გადმომხედა.

- მე რა... მე უნდა გადავწყვიტო?

- აბა, მე?

ჩავახველე. პაუზა ძალიან გაიწელა.

- ნან, იცი რა? იქნებ ჯერ მოგვეცადა? სანამ მყარად დავდგებით ფეხზე...

- ჰო, რა თქმა უნდა, ეგ მეც ვიფიქრე... - სხარტად მომიგო.

გული მომეცა და მეტი თავდაჯერებით გავაგრძელე:

- ჰოდა, გაჩენას მერეც მოასწრებ, სადმე გავრბივართ? ბავშვი კარგია, მაგრამ...

- მაგრამ შენ არ გჭირდება, - `ამართვა~ წინადადება და ირონიულად დაასრულა.

- მე... არა, რატომ მე... ძალიანაც მჭირდება, უბრალოდ... - რა საშინელება იყო, თავს ვერ ვაბამდი ვერც ერთ წინადადებას. განა ბავშვის გაჩენის წინააღმდეგი ვიყავი, მას რომ ცოლად ვერ შევირთავდი, ეს მადარდებდა და ამას ვერ ვეუბნებოდი, თორემ რომ მცოდნოდა, ხელის მოწერის გარეშეც გააჩენდა შვილს, ეგრევე დავთანხმდებოდი.

უცებ ხმამაღლა გაიცინა.

- მოგატყუე, ანრი, არ ვარ ორსულად.

იმდენად მოულოდნელი იყო მისი აღიარება, რომ წამოვენთე.

- კი მაგრამ, რაში დაგჭირდა ასეთი საშინელი სცენის გათამაშება?

- არც არაფერში.... - მხრები უდარდელად აიჩეჩა, - ისედაც ვიცოდი, რაც მოხდებოდა... - ამ სიტყვებით ჩანთას ხელი დაავლო, კარი გაიხურა და ხვალამდეეეეო, გაწელილად მომაძახა...

გაგრძელება ჟურნალ გზის 46-ე ნომერში