წამხდარი ქალი (თავი VI) - გზაპრესი

წამხდარი ქალი (თავი VI)

იმ დღიდან ყველაფერი აირია. ნათელი იყო, რატომაც მომატყუა. შემამოწმა, ვაპირებდი თუ არა მის ცოლად შერთვას და როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ეს ჩემს გეგმებში არ შედიოდა, ტაქტიკა შეცვალა. პაემანზე ხან მოდიოდა, ხან არა. როცა ვერ მოდიოდა, არ მაფრთხილებდა და არც ახსნა-განმარტებას იძლეოდა, რატომ ვერ მოვიდა. თავიდან ვიფიქრე, ალბათ ცდილობს, მაეჭვიანოს-მეთქი, ამიტომ მსუბუქად ვსაყვედურობდი, როცა ვერ ახერხებ გამოსვლას, იქნებ გამაგებინო, რომ არ გელოდო-მეთქი. წინასწარ მეც არ ვიცი, როდის როგორ მომიხერხდებაო, მარტივი პასუხი გამცა.

მერე დასასვენებლად გაემგზავრა... უჩემოდ. ნათესავებთან ერთად მივდივარ და სხვანაირად არ გამოვაო. ამაზეც დავხუჭე თვალი. მეც ავიღე შვებულება და ბორჯომში, ჩემს ჯგუფელებს ვეწვიე.

მთაში დასვენებას მაინც სხვა ეშხი აქვს, თითქოს უფრო კაჟდები, სულ სხვა ენერგიით ივსები, ვიდრე ზღვაზე. ზღვა უფრო რომანტიკული დასვენებისთვისაა კარგი, მთა კი შენი ძალების გამოსაცდელად. მოიკიდებ ზურგჩანთას, შეუდგები ბილიკს და თითქოს უსასრულობას მიუყვები. იღლები, ქოშინებ, მაგრამ უკან მაინც არ იხევ, ვინმემ სისუსტე რომ არ დაგწამოს.

მართლაც ბევრი ვიხეტიალე. ბორჯომის ხეობა ულამაზესია. მართალია, შხარასა და თეთნულდისნაირი მწვერვალები არ არის, მაგრამ ისეთი ლამაზი მთა-გორებია, ცქერით ვერ გაძღები, განსაკუთრებით გვერდისუბნის ხეობაში, სადაც აღმართიც ბლომადაა და დაღმართიც.

სექტემბერში ჩამოვედი. დავრეკე ნანასთან, მაგრამ ყურმილი არავინ აიღო. კლარას ნახვა ნამდვილად არ მინდოდა, ამიტომ საღამომდე მოვიცადე, ცოტა გვიან კიდევ ერთხელ დავრეკავ-მეთქი, თუმცა ცდა ძალზე გამიჭირდა. გული ცუდს მიგრძნობდა. იმის გაფიქრებაც კი, რომ სხვაზე გამცვლიდა, გულს მიკლავდა. ეგოისტურად მიყვარდა, არავისთვის არ მემეტებოდა. სამსახურში თითქმის ყველამ იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ და ისიც იცოდნენ, ცოლად რატომაც არ ვირთავდი. მასზე ყველამ ყველაფერი იცოდა ჩემ გარშემო.

საღამოს ისევ დავრეკე. ამჯერად კლარამ მიპასუხა და _ სამსახურიდან ჯერ არ დაბრუნებულაო. არც კი ვიცოდი, მუშაობა თუ დაიწყო. ეს სიახლე აღმოჩნდა ჩემთვის.

კვლევით ინსტიტუტში მოწყობილა, საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმების განყოფილებაში. ეს ის პერიოდი იყო, პრივატიზება რომ შემოდიოდა მოდაში. ამაზე იყო გადართული მთელი ქვეყანა და იქმნებოდა და იქმნებოდა კერძო სამსახურები, რომლებშიც ეკონომისტები და ფინანსისტები ერთიანდებოდნენ და აკვალიანებდნენ ორგანიზაციებს თუ კერძო პირებს, როგორ მოეხდინათ საწარმოების თუ ფაბრიკა-ქარხნებისა და მიწების პრივატიზება და კერძო ბიზნესი წამოეწყოთ.

სწორედ ერთ-ერთ ასეთ კერძო საწარმოში დაეწყო მუშაობა, რომლის ოფისი რომელიღაც კვლევით ინსტიტუტში მდებარეობდა. სულ რაღაც ორი კვირაა მუშაობს და უკვე პირველი ხელფასიც მისცესო.

ეს ჩემთვის სიახლე იყო. არც უთქვამს. გული დამწყდა. არა, გული კი არ დამწყდა, გავბრაზდი. იმის ღირსიც არ ვიყავი, ეთქვა?

გადავწყვიტე, აღარ დამერეკა და, საერთოდ, აღარ მომეკითხა. მაინტერესებდა, თვითონ თუ გავახსენდებოდი.

იმ საღამოს არ დაურეკავს, არც მეორე დღეს. მეც არ შევეხმიანე. თუ პრინციპია, პრინციპი იყოს-მეთქი.

ასე გავიდა სამი დღე. მეოთხე დღეს, საღამოს, სამსახურიდან რომ ვბრუნდებოდი, უცებ ვიღაცის მანქანაში სრულიად შემთხვევით მოვკარი თვალი. ხომ არ მეშლება-მეთქი, მაშინვე მოვატრიალე ჩემი მანქანა და გავეკიდე. სანაპიროს დაუყვნენ. ისეთ მანძილზე მივდევდი უკან, რომ ვერ შევემჩნიე. საჭეს ახალგაზრდა მამაკაცი ეჯდა, დაახლოებით ჩემი ტოლი. შორიდან მშვენიერი ბიჭი ჩანდა. მცხეთისკენ გადაუხვიეს... მე იქვე შევანელე სვლა, აღარ მივყევი. ისედაც გასაგები იყო ყველაფერი...

ნერვიულობისგან ვცახცახებდი, ნერვებს ვეღარ ვთოკავდი. ასეთი გაცეცხლებული კარგა ხანია, არ ვყოფილვარ. ახლა რომ მენახა, ალბათ, ცემით დავაოსებდი. კიდევ კარგი, იმ დღეს არ დამირეკა და ავცდით ერთმანეთს, თორემ თავს ვეღარ შევიკავებდი.

მერე ნელ-ნელა გადამიარა, ისე აღარ ვყრიდი ცოფებს, მაგრამ ნახვა ახლა უფრო მეტად მინდოდა. უნდა გამერკვია, რა ხდებოდა და საბოლოოდ გადამეწყვიტა, ერთად ვრჩებოდით თუ ვშორდებოდით.

მიუხედავად ასეთი სურვილისა, არ ვურეკავდი. მაინტერესებდა, ოდესმე თუ გავახსენდებოდი და თუ დამირეკავდა.

გავახსენდი. სხვის მანქანაში რომ ვნახე, მას მერე ორი დღე კიდევ გავიდა და დამირეკა. ორ საათში ჩვენს ბინაში გამოვალ და თუ გცალია, გნახავო. კარგი-მეთქი.

აი, ახლა კი გამიჭირდა თავის მოთოკვა. ორი ჭიქა ღვინო დავლიე, გულზე ცოტათი რომ მომშვებოდა, მაგრამ მგონი, პირიქით იმოქმედა, უარესად დავიძაბე.

ნახევარი საათით ადრე მივედი და ლოდინმა მომიწია. სანამ მოვიდოდა, ჩემი დამემართა. ხან ბოლთას ვცემდი, ხან დავჯდებოდი, ხან წამოვწვებოდი...

როგორც იქნა, მოვიდა, მაგრამ თხუთმეტი წუთის დაგვიანებით.

დაგვიანება, იცოცხლე, ყოველთვის იცოდა.

სევდიანი მეჩვენა. სულაც არ უციმციმებდა თავისი ლამაზი თვალები. მშვიდად გამისწორა მზერა, თითქოს იოტისოდენა დანაშაულიც არ მიუძღოდა ჩემ წინაშე.

ასე ვიდექით და ერთმანეთს შევყურებდით.

_ არ მაკოცებ? _ ოდნავ გაკვირვებული ხმით მკითხა.

_ არა.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ არ ვიცი, გინდა თუ არა ჩემი კოცნა.

_ ეგ საიდანღა მოიტანე ახლა?

_ მე საიდან მოვიტანე? არც არსაიდან, რასაც ვხედავ, იმას ვამბობ.

_ რას ხედავ, ნეტავ? _ უდარდელი ღიმილით მკითხა და ხელები გამოიწვდინა, რომ ყელზე მომხვეოდა, მაგრამ თავი უკან გადავხარე.

_ ანდრია, რა ხდება?

_ ეს შეკითხვა მე უნდა დამესვა შენთვის. ნანა, რა ხდება?

_ არაფერი, _ მხრები აიჩეჩა, მაგრამ წეღანდელი უდარდელი იერი ვეღარ შეინარჩუნა, გაწითლდა.

_ მუშაობა დაგიწყია, რაც არ ვიცოდი. პირველი ხელფასიც აგიღია, ესეც გამომაპარე. ერთი კვირაა, შენთან დაკავშირებას ვცდილობ და თითქოს არც ვარსებობდე, სრული იგნორი. და მეუბნები, რომ არაფერი ხდება?

_ მე მეგონა, შვებულებაში იყავი.

_ ვიყავი, მაგრამ ორი თვით კი არა, 24 დღით, რომელიც ზუსტად ერთი კვირაა, დამთავრდა.

_ მე არ ვიცოდი, ჩამოსული თუ იყავი.

_ მართლა? დეიდაშენმა არ გითხრა, რომ დავრეკე?

_ კი, მითხრა, მაგრამ... მეგონა...

_ ააა, გეგონა, რომ ბორჯომიდან დაგირეკე, არა?

_ ჰო.

_ მერე? სახლში ვერ დამირეკე? შეგემოწმებინა. ან აქ გამოსულიყავი და გენახა, მაგიდაზე წერილი რომ დაგიტოვე. არც ეგ გიფიქრია. თუმცა, მადლობელიც უნდა ვიყო, რომ არ გადმოხვედი და შენი ახალი საყვარლები აქ არ მოიყვანე.

_ ანდრია! _ შეცბუნებულმა ამოთქვა.

_ რა ანდრია, რა ანდრია! არ მითხრა, რომ სხვას არ ხვდები! გგონია, არ ვიცი? გინდა, გითხრა? მანქანის ნომერიც კი ვიცი!

_ ვიცი, რომ იცი. მეც დაგინახე იმ დღეს, უკან რომ გამოგვეკიდე.

გავშრი. არც მიფიქრია, თუ შემამჩნევდა. ცოტა არ იყოს, გამიტყდა.

_ აჰაა... მერე რატომ არ გააჩერებინე მანქანა შენს მეგობარს?

_ არ მინდოდა, თავი უხერხულად გეგრძნო. ვიფიქრე, როცა ვნახავ, მერე ვეტყვი-მეთქი.

_ იმის მერე ორი დღე გავიდა და არ დამირეკე...

_ იმიტომ, რომ გაბრაზებული იქნებოდი და მინდოდა, დამცხრალიყავი.

_ დედუქციის მეთოდი. _ სიცილი ამიტყდა.

_ დედუქცია ამას არ სჭირდება, გადასარევად გიცნობ! _ ტუჩები გაბუსხა და საწოლზე ჩამოჯდა.

_ ჩემთვის სათქმელი არაფერი გაქვს, გარდა იმისა, რომ იმ დღეს დამინახე?

_ მაქვს.

_ მიდი მერე, რას უცდი, დაიწყე! _ სკამი გამოვწიე და წინ დავუჯექი.

_ მე ვთხოვდები, ანდრია! _ მომახალა მოულოდნელად, მაგრამ მშვიდად.

ყოველნაირი პასუხისთვის ვიყავი მზად, წინა დღეებში ასჯერ მაინც წარმოვიდგინე ჩვენი შეხვედრის მომენტი და ის, რაზეც ვისაუბრებდით. რას მეტყოდა, რითი იმართლებდა თავს, როგორ შეეცდებოდა თავისი დანაშაულის გაბათილებას... მაგრამ გათხოვებას თუ მიხსენებდა, წამითაც არ მიფიქრია. ისე გამაოცა მისმა ნათქვამმა, თითქოს გაუთხოვრობის აღთქმა ჰქონოდეს დადებული.

_ რა თქვი?

_ ვთხოვდები. _ იმავე ტონით გაიმეორა და ჯიქურ გამისწორა თვალი.

_ რატომ? _ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, რომ მეკითხა.

_ იმიტომ, რომ შენ არ გინდივარ ცოლად, მე კი ოჯახი მინდა მყავდეს _ ქმარი, შვილები... შენ ამას არასდროს გააკეთებ, რადგან მე სამარცხვინო ქალი ვარ, საზოგადოებაში არგამოსაჩენი, თავისმომჭრელი და ასე შემდეგ.

_ ასე ნუ ამბობ... _ ხმა გამებზარა.

_ რასაც ვამბობ, სრული სიმართლეა. არ ვაპირებ არაფრის ახსნას, არც პრეტენზია არა მაქვს შენთან. ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. შენ მე ამ ცხოვრებისკენ მომაბრუნე, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ასე გაგრძელება არ შემიძლია.

დავმუნჯდი. რასაც ამბობდა, ყველაფერში მართალი იყო და რა უნდა მესაყვედურა?

_ რატომ არაფერს მეუბნები? მწარეა სიმართლე? _ დამცინავი ნაპერწკლები აუკიაფდა თვალებში.

_ ვინ არის მაინც, კარგი ადამიანია?

_ კარგი ადამიანია. რაც მთავარია, ვუყვარვარ, თანაც ისე, რომ უნდა, სულ მის გვერდით ვიყო.

_ გილოცავ...

_ მადლობა... თუ არაფერი გაქვს სათქმელი, მე წავალ... მელოდებიან... _ ნიშნის მოგებით მითხრა და ირონიული ღიმილით გამომხედა.

_ არა, არაფერი... წადი შენს გზაზე, _ ამრეზით წარმოვთქვი და ავდექი.

მასთან საუბარი ამით დავამთავრე.

ზლაზვნით წამოიმართა. თან უნდოდა წასვლა, თან ყოყმანობდა. არ მოელოდა, ასე ადვილად თუ დავთმობდი. ალბათ იფიქრა, ვერ შემელევა და თვითონვე შემირთავს ცოლადო. მე კი ამხელა რისკი ვერ გავწიე. ვერ შევძელი, მეჯობნა ჩემი თავისთვისაც და საზოგადოებისთვისაც.

როცა ჩემგან სასურველი პასუხი ვერ მიიღო და არც შევეცადე გამეჩერებინა, ადგა და წავიდა. უსიტყვოდ, დამშვიდობების გარეშე...

მას შემდეგ წლების განმავლობაში არ მინახავს. არც არაფერი გამიგია მასზე. შემთხვევითაც არ გადავწყდომივარ.

პირველ ხანებში ძალიან ცუდად ვიყავი. დეპრესიამ შემიპყრო. არც სამსახური მინდოდა, არც კარიერა, არც მშობლები და არც არავინ ქვეყანაზე. უფასო შვებულება ავიღე და ორი კვირით მოსკოვში გავემგზავრე, ჩემს ბიძაშვილებს ვესტუმრე. ვიფიქრე, გულს გადავაყოლებ-მეთქი. არც ამან მიშველა. სანამ ჩემს თავს არ შევუძახე, გონს მოდი, ასე გაგრძელება კარგს არაფერს მოგიტანს-მეთქი, ვერაფერი გავაწყვე. მერე დავჯექი და გავაანალიზე, რა აზრი ჰქონდა ჩემს ასეთ განცდებს და უკვე გაფუჭებულ საქმეს რას ვუშველიდი ამდენი დარდითა და ვარამით. აღმოვაჩინე, რომ ვერც ვერაფერს. ჰოდა, ვიფიქრე, რაც არის, არის. ცხოვრება გრძელდება. არ მიმართლებს სიყვარულში? ნუ მიმართლებს, რაშიც მიმართლებს, იმას მაინც მივხედო-მეთქი და გავაგრძელე მუშაობა.

დავიცავი დისერტაცია, დავამუღამე ჩემი პროფესია და წლების შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო ქირურგის სახელიც გამივარდა. მერე ალიკა გარდაიცვალა, შუა ოპერაციის დროს ინფარქტმა გლიჯა და წამში გათავდა ამხელა კაცი. ძლივს მოვახერხე იმ ოპერაციის დასრულება. აბა, წარმოიდგინეთ, თან თავზარდაცემული კოლეგის უეცარი გარდაცვალება, თან საოპერაციო მაგიდაზე გაფატრული პაციენტი გიწევს. როგორია? რამდენიმე კვირა შოკში ვიყავი, მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდი.

ახლა ყველაფერი რიგზეა. ახლა მე მყავს ასისტენტები და ეს ახალბედა ქირურგები მე ოპერაციის ჩატარებაში მეხმარებიან. თბილისში ყველა მიცნობს და დაფასებული ექიმი ვარ. ამასთან, სხვა მხრივაც პერსპექტიული გახლავართ _ უცოლო, მდიდარი, კარგი სახლ-კარით, მანქანით... ერთი სიტყვით, ყოველმხრივ უზრუნველყოფილი. ეგაა მხოლოდ, ვერავინ შეძლო ჩემი შებმა, ცოლქმრული უღელი არა და არ დავიდგი ქედზე.

ქალები კი, იცოცხლე, ბლომად ირევიან ჩემ გვერდით. ერთმანეთისგან განურჩევლად, ყველა მეპრანჭება: გათხოვილი თუ გასათხოვარი, ქვრივი თუ განათხოვარი, შინაბერა თუ ახალგაზრდა... ახლა ბევრად სიმპათიურად გამოვიყურები, ვიდრე ახალგაზრდობაში, ოღონდ ეგაა, უფრო მედიდური გავხდი. ასე რომ არა, ვინ იცის, უკვე მომჩანგლავდა რომელიმე ლამაზმანი.

ქალთან დამოკიდებულებაში დისტანციას აღარ ვარღვევ, შეყვარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. თუ ისე მომეწონება, რომ გადავწყვეტ, მასთან სექსი აუცილებლად უნდა მქონდეს, რა თქმა უნდა, ურთიერთობას გავაბამ, მაგრამ თავიდანვე ვაგრძნობინებ, რომ სხვა რამის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ერთგვარ ზეპირ კონტრაქტს ვაფორმებ ქალებთან _ მე ასე და ასე მოვიქცევი, შენგან კი ამას და ამას ვითხოვ-მეთქი.

ეს საუცხოო მეთოდი გამოდგა. არც ურთიერთობა გრძელდება დიდხანს და არც უკმაყოფილო რჩება არავინ. დიდი, დიდი, ექვსი თვე ან წელიწადი გაგრძელდეს შეხვედრები, რადგან ყოველდღე ან ყოველკვირა კი არ ვხვდები ასეთებს, არამედ თვეში ან ორ-სამ თვეში ერთხელ. მრავალფეროვნება რომ მომენატრება, დავურეკავ ერთს. თუ სცალია, ხომ კარგი, შევხვდები და რომელიმე იაფფასიან სასტუმროში წავიყვან, ან ჩემთან სახლში დავიბარებ, თუ არ სცალია, მაშინ მეორეს, მესამეს შევეხმიანები და ასე...

ასე რომ, ქალი არ მაკლია. მაკლია სხვა რამე _ სიყვარული და ოჯახური სითბო. ახალგაზრდა აღარ ვარ, მომერია ასაკი, ამიტომ იმის გაფიქრებაც კი მიჭირს, რომ ოჯახი უნდა შევქმნა. რა დროს ეგ არის. არც ვნანობ. დიდად არასდროს მქონია სურვილი, შვილები მყოლოდა. არ ვიცი, რისი ბრალია. შეიძლება იმისი, რომ მეც დედისერთა ვარ და ცოცხალი თავით არასდროს მინდოდა, და ან ძმა მყოლოდა.

ბავშვები მიყვარს, როგორ არ მიყვარს, მაგრამ სხვების და არა ჩემი. ახლა ვერც წარმომიდგენია, მე რომ შვილი მყავდეს... რა ვიცი, იქნებ კარგიცაა, ვიღაც მამას რომ დაგიძახებს, თუმცა ამაზე თავის დროზე უნდა მეფიქრა. ახლა ზედმეტად დაგვიანებული მგონია. 56 წლის კაცმა ახლა რომ შვილზე ვიფიქრო, როდისღა მომესწრება? ან მას რაში გამოადგება მიხრწნილი მამა, როცა 19 წლის გახდება? აქეთ ვეყოლები საპატრონო. არა, არ მინდა. შეიძლება ვნანობ კიდევაც და ჩემს თავს არ ვუტყდები, ასე ეულად რომ დავრჩი, მაგრამ ახლა სინანულიც დაგვიანებულია.

აი, ეს ამბავი გახლდათ ჩემი ცხოვრების პრელუდია და რომ არ მომეყოლა, ინტერლუდიას აზრი არ ექნებოდა. რადგან ნანაზე ასე თუ ისე მოგაწოდეთ ცნობები, იმასაც გეტყვით, რომ ამ დღეებში სრულიად შემთხვევით გადავეყარე. ეს კი სულ რაღაც ექვსიოდე დღის წინ მოხდა.

იმ დღეს მაგრად წვიმდა. სამსახურიდან გამოსულს ქუჩაში ისეთი საცობი დამხვდა, მეგონა, სახლამდე ვერასდროს მივაღწევდი. ის იყო, სპორტის სასახლეს გავცდი, რომ ვიღაც ქალმა ხელი დამიქნია. ალბათ ყველას უქნევდა ხელს წვიმის გამო და სულერთი იყო, ვინ გაუჩერებდა. შემეცოდა. ვიფიქრე, განა სად უნდა ცხოვრობდეს ისეთ ადგილას, გაყვანა დამეზაროს-მეთქი და გავუჩერე.

_ ვერაზე გამიყვანთ?

აუუ, ოღონდ ეგ არ ეთქვა... ჭირის დღესავით მეზარება ხოლმე პიკის საათებში ვერაზე გასვლა, ისეთი საცობებია. მაგრამ რადგან გავუჩერე, უარი არ გამოდიოდა.

უკან ჩაჯდა. კარგა ხანს ერთმანეთს არ დავლაპარაკებივართ. სარკიდან შევათვალიერე. ლამაზი ქალი ჩანდა, მთლად ახალგაზრდაც არ იყო, მაგრამ კარგად შენახული. შავი ხვეული თმა კრაველის ჯიშის ცხვარივით დაეხუჭუჭებინა. უცნაური ის იყო, რომ ამ წვიმაში მზის სათვალე ეკეთა.

_ რომელ ქუჩაზე? _ გულგრილად ვკითხე, როგორც კი ჩაჯდა.

_ კობის ქუჩა.

ყურები ვცქვიტე. სწორედ მაგ ქუჩაზე მქონდა ბებიის დანატოვარი ბინა, სადაც მე და ნანა ერთ დროს ერთმანეთს ვხვდებოდით. კიდევ ერთხელ შევხედე სარკიდან, მაგრამ არ მეცნო. მაგ ქუჩაზე ასეთი ქალი არასდროს მენახა, თუმცა, არც ისე ხშირად ვარ იქით, მხოლოდ მაშინ, როცა მდგმური ბინის ქირისთვის დამიბარებს.

_ დიდი ხანია, ვერაზე ცხოვრობთ? _ გამოველაპარაკე.

_ ცხრა წელია, თუმცა მანამდეც მაგ ქუჩაზე ვცხოვრობდი... სამი წელი, _ თქვა და ჩემი სახლის ნომერი არ დაასახელა უცებ?

მოულოდნელობისგან დავამუხრუჭე. უცნაური ის იყო, რომ ეზოში მხოლოდ ჩემი ბინა იყო, სხვა არავინ ცხოვრობდა. ვიფიქრე, ჩემი მდგმური ხომ არ იყო-მეთქი და ინსტინქტურად ვკითხე:

_ მდგმურად?

_ არა. ქმართან ერთად. მერე გავეყარე.

აი, ხათაბალა! რაღაცას იტყუება ეგ ქალი!

_ მაგ ნომერში მე ვცხოვრობ წლებია, მაგრამ თქვენ არ მახსოვხართ, _ ვუთხარი და დაჟინებით დავაკვირდი სახეზე.

უეცრად სწრაფად ასწია თავი, სათვალე მოიხსნა და სარკეში გაოცებული მზერა შემომაფეთა. ოჰ, ეს მზერა... დაუვიწყარი, გაუხუნარი...

_ ანდრია, შენ ხარ? _ ხმადაბლა იკითხა.

_ ნანა? _ მეც შევაგებე შეკითხვა.

_ ღმერთო ჩემო! _ სასოწარკვეთილი ხმით აღმოხდა.

მსწრაფლ გავაჩერე მანქანა.

_ წინ გადმოჯექი! _ ვთხოვე და ვიგრძენი, როგორ ამიტყდა კანკალი...

მუნჯებივით ვისხედით და ერთმანეთს ვათვალიერებდით.

_ ვერ გიცანი, როგორ შეცვლილხარ, _ როგორც იქნა, ამოვთქვი.

_ მეც ვერ გიცანი, შენც შეცვლილხარ, _ გაიღიმა.

_ თმა სხვა ფერი გაქვს, თანაც დახვეული...

_ ჰო, ასე უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურები. შენ კიდევ ჭაღარა შეგპარვია. შეგპარვია კი არა, მოგრევია, _ გადაიკისკისა.

_ სად ხარ, რას საქმიანობ? მართლა ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობ?

_ კი, მანდ ვცხოვრობ. ათი წლის წინ მიყიდა ჩემმა ქმარმა ეგ ბინა. ძალიან მინდოდა, სადმე მანდ მეცხოვრა, ჩვენი შეხვედრების ადგილთან ახლოს. არ დაგიმალავ და იმის იმედიც მქონდა, რომ ოდესმე შეგხვდებოდი. მაგრამ არც მიფიქრია, თუ ვერ გიცნობდი.

_ ესე იგი, გათხოვილი ხარ?

_ ვიყავი. მერე დავქვრივდი. ახლა ისევ მარტო ვარ.

_ შვილები?

_ ერთი გოგო მყავს. მზეთუნახავი... შენ?

_ მეც ისევ ისე, როგორც ვიყავი. ვცხოვრობ მარტო _ არა ცოლი, არა შვილი. მარტოხელა მგლურ ცხოვრებას ვეწევი. სად მუშაობ?

_ არც არსად. ჩემი გოგო მარჩენს და მეც რაღაცებს ვჩალიჩობ. თუ დრო გაქვს და არ დაიზარებ, გამომიარე, ჩემს შვილსაც გაგაცნობ, ყავა დავლიოთ, წარსული გავიხსენოთ...

ისე შეფუთა ეს შეთავაზებები, რომ უარი არ მეთქვა. ისედაც არ ვეტყოდი უარს, რადგან ძალიან გამიხარდა მისი ნახვა, ძალიანაც ავფორიაქდი და სიამოვნებით ვესტუმრებოდი შინაც, მით უფრო, რომ ქმარი არ ჰყოლია.

ერთი სიტყვით, მოვილაპარაკეთ, რომ წინასწარ დავურეკავდი და შეხვედრაზე შევთანხმდებოდით...

გაგრძელება შემდეგ ნომერში