წამხდარი ქალი (თავი VIII) - გზაპრესი

წამხდარი ქალი (თავი VIII)

იმდენად მოულოდნელი იყო მისი შეკითხვა, რომ დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გავწითლდი. არა, ამიტომ არა, უფრო იმიტომ გავწითლდი, რომ არასდროს მიფიქრია ამაზე. არასდროს მიფიქრია, ვნანობდი თუ არა ხელიდან მის გაშვებას. რომ შემეკითხა, მხოლოდ მაშინ დავფიქრდი. და რადგან არ მიფიქრია, გამოდის, არც ვნანობდი. მეთქვა ეს? ვერ ვეტყოდი... ეწყინებოდა. მომეტყუებინა? ტყუილის თქმაც არ მინდოდა.

_ შენ რომ არ მიგეტოვებინე, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, _ მაინც მას დავაბრალე.

_ ესე იგი, ჩემი ბრალია? _ ჩაიცინა, _ ტყუილად ცდილობ გადმობრალებას, შენ მაინც არაფრის შეცვლას არ აპირებდი, მე კი ისე ცხოვრება აღარ შემეძლო.

_ მერე?

_ რა მერე?

_ შეცვალე შენი ცხოვრება ისე, როგორც შენ გინდოდა?

_ რა თქმა უნდა. მართალია, ქმარი გარდამეცვალა, მაგრამ შვილი დამრჩა.

_ მაშინ რომ გნახე, იმ ბიჭს გაჰყევი ცოლად? სხვათა შორის, კარგი ტიპი ჩანდა.

_ არა, იმას არა, სხვას.

_ სხვას? _ გაოცება ვერ დავმალე.

_ ჰო. იმას მალევე დავშორდი და უცებ სხვა გამოჩნდა. საერთოდ რომ არ ველოდებოდი, ისე და ერთ თვეში დავქორწინდით. არაჩვეულებრივი ქმარი მყავდა, გიჟდებოდა ჩვენზე, თავზე გვევლებოდა.

_ რა დაემართა, რით გარდაიცვალა?

_ ავარიით. ავტობუსს შეეჯახა მანქანით და საჭემ გულმკერდი შეუნგრია.

_ მდაა... ცუდია.

_ ჰო, ცუდია, როცა დაქვრივდები და შვილის მარტო გაზრდა გიწევს. დედამთილ-მამამთილი კი ისე გიყურებენ, თითქოს მათი რძალი კი არა, ვიღაც გადამთიელი იყო... მერე მეორედაც გავთხოვდი, მაგრამ არ გამიმართლა. შევცდი არჩევანში.

_ რა მხრივ?

_ სმა უყვარდა. ისე საზიზღრად იქცეოდა მთვრალი, რომ მის შემყურეს გული მერეოდა. მერე ჩემს გოგოსაც დაუპირა ღლაბუცი. ბავშვმა მაშინვე მითხრა და აი, მანდ გადამეკეტა. იმ დღესვე დავახვევინე. კიდევ კარგი, ოფიციალურად არ ვიყავით დაქორწინებულები.

_ საინტერესო თავგადასავლები გქონია, _ თავის კანტურით წარმოვთქვი და შემწვარი კარტოფილი გადავიღე.

_ ეჰ, ამაზე უარესებიც გადამხდენია, შენ ჯერ ყველაფერი არ იცი.

_ თავგადასავლები ლამაზი ქალების ხვედრია, რას იზამ.

_ მართალი ხარ. ამიტომ ვცდილობ, ლელი დროზე ჩავაბარო პატრონს, რომ ჩემი ბედი არ გაიზიაროს. მარტოობაზე საშინელება არაფერი არ არის.

_ მარტო ყოფნა სულაც არ ნიშნავს მარტოობას. ბევრი ვიცი, გარშემო უამრავი ახლობელი ახვევია, შვილიც ჰყავს, ოჯახიც, მეგობრებიც, მაგრამ მაინც მარტოა.

_ ეგეცაა... შენი ამბებიც მომიყევი, სულ ჩემზე რომ ვლაპარაკობთ.

_ არც არაფერია სათქმელი. ვცხოვრობ ცალკე, ჩემთვის. ვცხოვრობ კარგად, უპრობლემოდ. ვმუშაობ. ვარ კარგი ქირურგი. არც ცოლი მყავს, არც შვილი. ოჯახის შექმნას აღარ ვაპირებ. მორჩა, სულ ეგაა.

_ ცოლი რომ არ მოგიყვანია, არ მიკვირს. უღლის დადგმა ყოველთვის სიკვდილივით გეზარებოდა, მაგრამ შვილის ყოლა რატომ არ მოგინდა, არ მესმის. მაშინ რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას? რისთვის ცოცხლობ? რას ელოდები მომავლისგან? რა მოტივაცია გაქვს?

გამეცინა.

_ სანამ საჭირო ვარ, როგორც პროფესიონალი ქირურგი, მოტივაციაც მექნება. დანარჩენი მერე გამოჩნდება. არ ვიცი, სიმართლე გითხრა, ეგეთ რამეებზე არასდროს ვფიქრობ. შენ შემდეგ არავინ მყვარებია. არც მოწონებით მომწონებია ვინმე ისე, რომ გავგიჟებულიყავი. უცოლოდაც ალბათ ამიტომ დავრჩი. დედაჩემსაც ისეთი რძალი უნდოდა ყოველთვის, მგონი, მსგავსი დღემდე არ დაბადებულა. ჰოდა, ყველაფერს ერთად გავუწიე ანგარიში.

_ ახლა გყავს ვინმე? მეგობარი ქალი მაინც?

_ შენი არ იყოს, მუდმივი საყვარელი არ მყავს, თუ ამას გულისხმობ. სხვა მხრივ, ქალები არ მაკლია. ოღონდ ზომიერების ფარგლებში, მთლად ლოველასური ცხოვრებით არ ვცხოვრობ.

_ მიკვირს. შენ ყველანაირი მონაცემი გაქვს ამისთვის, _ გულიანად გაიცინა ნანამ და ვაშლი ჩაკბიჩა, _ დაასხი, ერთი ჭიქა მაინც დავლიოთ, დავილოცოთ.

დიდხანს არ დავრჩენილვარ. რაღაცნაირად ვერ ავაწყვეთ დიალოგი. როცა ჩვენ-ჩვენს ცხოვრებაზე საუბარი დავამთავრეთ, სალაპარაკო გამოგველია. რატომღაც, სასმელმა შვება ვერ მომგვარა, უფრო და უფრო ვიძაბებოდი. რაღაც არ მსიამოვნებდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა. თერთმეტი დაწყებული იყო, როცა წამოსვლა დავაპირე. მისი ქალიშვილი არ მოვიდა. ალბათ სპეციალურად დააგვიანა, მარტო რომ დავეტოვებინეთ. ხომ იცოდა, რომ ამდენი წლის შემდეგ პირველი შეხვედრა გვქონდა და, მისი აზრით, ხელი შეგვიწყო.

არადა, მაგ მხრივ პრობლემა სრულიადაც არ შემქმნია. ორიოდე ჭიქის მერე ნანამ კი დამიწყო თვალების ჟუჟუნი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მის მიმართ ლტოლვა ოდნავ მაინც ვიგრძენი. საერთოდ ვერ შეძლო ჩემი აღგზნება. არ ვიცი, რისი ბრალი იყო ეს. ნანაზე უკეთეს ქალებთან დავდივარ-მეთქი, რომ ვთქვა, ტყუილი გამომივა. იმდენად კარგად გამოიყურებოდა, ისეთი მადისაღმძვრელი ფორმები ჰქონდა, არც ერთი კაცი უარს არ იტყოდა მასთან სექსზე, მე კი... მე არ მიზიდავდა. იოტისოდენა სურვილიც არ გამჩენია მასთან დაწოლაზე. ნუთუ წარსულის ურთიერთობამ თავისი გაიტანა და უკვე მოყირჭებული მყავდა? არა, ასე ნამდვილად არ იყო. როცა ჩემგან წავიდა, თვეების განმავლობაში მის გახსენებაზე ისევ და ისევ ჟრუანტელი მივლიდა. მაშინ რა მემართებოდა? ალბათ უფრო სიფრთხილის ბრალი იყო. ფრთხილად ვიყავი, ხელმეორედ რომ არ აღმოვჩენილიყავი მისი ხიბლის ტყვეობაში. ჩემმა სხეულმა კი ინსტინქტურად აღმართა თავდაცვის ბარიერი. არადა, როგორი სურვილით ჰქონდა თვალები ანთებული, როცა ვემშვიდობებოდი. კართან დადგა და ხელებგადაჯვარედინებულმა თავისი სავსე მკერდი მკლავებში ისე მოიქცია, აშკარად ჩემს საცდუნებლად იყო მომართული. მე კი სასწრაფოდ თვალი ავარიდე, რადგან ვიგრძენი, როგორ მიჯანყდებოდა სხეული.

სახლამდე ისე მოვედი, ვერ დავწყნარდი. გახურებულმა დამშვიდება ვერ შევძელი. ისეთი გიჟური ლტოლვით მომინდა ქალი, აუცილებლად უნდა დამერეკა ვინმესთვის, რომ დროზე შევხვედროდი და ჟინი მომეკლა.

თუმცა, მოვლენები ისე განვითარდა, არავისთან დარეკვა აღარ დამჭირვებია.

როგორც კი ეზოში ფეხი შევდგი, ევა წინ ამესვეტა.

_ ვა, ევა, სამსახურში არ წახვედი?

_ ამაღამ არ ვმუშაობ. აბა, როგორაა საქმე?

_ რა ვიცი, არის რა.

_ რაღაც ადრე მოხვედი. რაო, არაო? პირველ შეხვედრაზე ვერ დაგნებდებიო?

გამეცინა, მაგრამ პასუხი არ გავეცი. ხომ არ ვეტყოდი, მე თვითონ ვთქვი უარი-მეთქი.

_ დავლიოთ? _ მკითხა, როცა ჩემგან პასუხი ვერ მიიღო.

_ დავლიოთ. _ დავყაბულდი, თუმცა ახლა დალევაზე მეტად ქალის ალერსი მწყუროდა.

არა უშავს-მეთქი, გავიფიქრე. ეს ისეთი გოგოა, იოლად გადამატანინებს ამ ღამეს, ცოტას შევთვრები და თუ არ მიშველა, ქალებთან დარეკვას მერეც მოვასწრებ-მეთქი. ნასვამზე ბევრჯერ მქონია შემთხვევა, შუაღამისას მომსურვილებია ქალი და შევხვედრივარ კიდეც.

ევამ თავისთან, პაწაწკინტელა ოთახში შემიპატიჟა. უცნაური ის იყო, რომ სუფრა უკვე გაშლილი დამხვდა. მაგიდაზე ტორტში ჩასარჭობი სანთლები ენთო. მიწის თხილი, არაყი, ლუდი და კარტოფილის ჩიფსები შეადგენდა ევას სუფრის მენიუს.

სიცილი ვერ შევიკავე.

_ რა გაცინებს? _ გაკვირვებულმა მკითხა.

_ რომანტიკული სუფრა არყისა და ლუდის ფონზე პირველად ვიხილე.

თვითონაც გაეცინა.

_ აბა, ღვინო ტონა უნდა დალიო, ხასიათზე რომ მოხვიდე. არაყი კიდევ ჰოპ! და უცებ გაგამხიარულებს. სანთლებსაც თავისი დანიშნულება აქვს. როცა სანთლის შუქზე გაჰყურებ ადამიანს, მის აალებულ თვალებში უფრო მეტს კითხულობ, ვიდრე სხვა დროს. ყველა საიდუმლოს უცებ ეხდება ფარდა.

_ ბევრი საიდუმლო გაქვს, ევა?

_ სიმართლე გითხრა, არ მიყვარს საიდუმლოებები. ახლობლებთან არასდროს არაფერს ვმალავ. თუმცა, რა ვიცი, იქნებ მაქვს კიდეც და თვითონაც არ ვიცი, _ გაიცინა.

მაგიდას მივუსხედით. ჩემ გვერდით დაჯდა და მხრით ოდნავ მომეყრდნო.

_ დაასხი და დავლიოთ შენი ყოფილის ჯინაზე! ისეთ ხასიათზე დაგაყენებ, ამ შეხვედრას დაგავიწყებ! _ ომახიანად შესძახა და თავისი სირჩა გამომიწოდა.

დავუსხი და ჩემთვისაც დავისხი. ერთმანეთს მივუჭახუნეთ, ჩვენ გაგვიმარჯოსო, ვთქვით და გადავკარით. კაცურად მომყვებოდა, არც დალევაში ჩამომრჩენია და არც სადღეგრძელოებში.

ნახევარი ბოთლი არაყი გამოვცალეთ, თან ჩიფსებს ვახრამუნებდით და მიწის თხილს ვაკნატუნებდით. შემთვრალმა სხვა მზერით დავიწყე ევას შეთვალიერება. იგი ისე ჰგავდა ახალგაზრდობის დროინდელ ნანას, რომ მისი ცქერა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. როცა სანთლები ჩაიწვა და ევა მორიგი სანთლების მოსატანად ადგა, კიდევ ერთხელ შევავლე თვალი. მისმა სექსუალურმა მიხრა-მოხრამ და ვნებიანმა გამოხედვამ მაიძულა, ნანა დამევიწყებინა და საღამოს შეხვედრაზე აღარ მეფიქრა. სწორედ იმ დროს გამომხედა, როცა მეექვსე სანთელს ანთებდა. მის თვალებში ცეცხლის ალი დათარეშობდა, ბრჭყვიალებდა და საიდუმლოს საიდუმლოზე გასცემდა. როგორი ნდომა იკითხებოდა ამ გამოხედვაში.

_ ერთი წუთით გაჩერდი, არ გაინძრე! _ ხმადაბლა წარმოვთქვი და საჩვენებელი თითი გავფშიკე მის შესაჩერებლად.

წელში გასწორდა და გახევდა, თითქოს ქანდაკებად იქცაო. წამწამებსაც კი არ ახამხამებდა. დავიწყე შესწავლა მისი ტანსაცმლის ყოველი დეტალის, მისი თმის თითოეული ღერის. ჩემი მზერა ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა, ყელიდან მკერდს ჩამოჰყვა, მერე მუცელი და თეძოები შეათვალიერა. ახლაღა შევამჩნიე, რომ მოკლე კაბა ეცვა, მაშინ, როცა ყოველთვის შარვლით ვხედავდი. უეცრად მომინდა, რომ არც კაბას და არც რამე სხვა სამოსს არ დაეფარა მისი ტანი, მომინდა, რომ სრულიად შიშველი მენახა და ისე შემესწავლა მისი სხეული. პატარა მკერდი ჰქონდა, კაბაც გულდახურული ეცვა, რადგან დეკოლტე ვერ `გააკეთილშობილებდა~ მის ძუძუებს. გახელებით მომინდა მისი პატარა ძუძუები დამეკოცნა. ნდომამ ცხელებასავით დამიარა მთელ სხეულში და არა მარტო სხეულში, არამედ გულში, გონებაში, სულში... მინდოდა, ირგვლივ ყველაფერი გამქრალიყო და მხოლოდ ევასთვის მეყურებინა, მხოლოდ მისთვის შემევლო მზერა და შევხებოდი...

მერე მახსოვს, როგორ მომიახლოვდა. მისი ცხელი სუნთქვა სახეში მცემდა. კინაღამ გადავიფიქრე, როცა მაკოცა... მაგრამ ისეთი ცხელი ტუჩები ჰქონდა... და ეს ტუჩები ალერსისთვის, კოცნისთვის შეექმნა ღმერთს. მას არაფერი უთქვამს, არც უკითხავს... კალთაში ჩამიჯდა და თავის საქმეს შეუდგა... ცოტა არ იყოს, გული მეთანაღრებოდა, ის ბავშვი იყო ჩემთან შედარებით, მაგრამ ახლა რომ უარი მეთქვა, მის ნდობას სამუდამოდ დავკარგავდი. ან კი ჩემი რა მიდიოდა, როცა თვითონ იყო თანახმა ყველაფერზე.

თავდავიწყებით ვკოცნიდი, ქალს დახარბებულივით, თითქოს დიდი ხანია, სექსი არ მქონია. თუმცა, ეს არ იყო უსექსობით გამოწვეული ჟინით სავსე სიხარბე, ეს უფრო ფიზიკური სიახლოვით გამოწვეული ვნება იყო. რაღაც სხვანაირი სხეული ჰქონდა, თითქოს სიყვარულისთვის მომართული, ვნებით გადავსებული, უცნაურად მთრთოლარე, გახურებული, რომელიც ვნებიანად იკლაკნებოდა ჩემს მკლავებში...

იმ ღამიდან სხვა ურთიერთობა დამყარდა ჩვენ შორის. მართალია, ისევ ცალ-ცალკე გვეძინა _ მას თავის ოთახში, მე _ ჩემსაში, მაგრამ ეს არ გვაბრკოლებდა, კარგი სექსი გვქონოდა. ახლა ისე ხშირად აღარ გადიოდა ღამით სახლიდან. მითხრა, სმენა გადავცვალე და ყოველღამე აღარ ვივლი სამსახურშიო.

მიუხედავდ იმისა, რომ ასე დავუახლოვდით ერთმანეთს, ის მაინც არ არღვევდა დისტანციას. არ იქცეოდა ოჯახის დიასახლისივით, პრეტენზიებს არ აყენებდა და ჩემთან მხოლოდ მაშინ ამოდიოდა, როცა მე დავუძახებდი. ხანდახან ვთხოვდი, ღამითაც დარჩენილიყო, ერთად დაგვეძინა და ისიც რჩებოდა. ათას რამეზე ვლაპარაკობდით და ვჭორაობდით. სასიამოვნო იყო მასთან ურთიერთობა. არ მძაბავდა, არ მთრგუნავდა, ის ერთადერთი ქალი იყო, ვინც ჩემი თავისუფლების შეზღუდვას არ ცდილობდა. დღითი დღე იმდენად ვეჩვეოდი, რომ ერთ მშვენიერ დილას, გამეღვიძა თუ არა, მივხვდი, რომ რაღაც მაკლდა და ეს რაღაც დილაობით მისი ალერსი იყო. როცა ამის შესახებ ვუთხარი, პირზე ხელი ამაფარა, მეორედ მსგავსი რამ არ წამოგცდესო.

_ შენ თუ ასე გააგრძელებ, ერთ მშვენიერ დღეს შეგიყვარდები და ორივეს დაგვერხევა. _ სრულიად სერიოზულად მითხრა.

ვერაფერი ვუპასუხე, სადღაც მართალი იყო. არ ვიცი, კიდევ შევძლებდი თუ არა ვინმეს შეყვარებას, მაგრამ არც გამორიცხული იყო. სიყვარული განა ვინმეს ეკითხება, როდის მოვა ან როდის წავა?

ჩემი ცხოვრება ერთ კვირაში სრულიად შეიცვალა. თვითონაც მიკვირდა ჩემი თავის. ჩემი შეცვლა იმით დაიწყო, რომ კერძების მომზადება დავიწყე. ადრე სადილებს არასდროს ვამზადებდი, ყოველთვის მზას ვყიდულობდი და მერე ვაცხელებდი. ახლა კი, პირსახოცის ხალათში გამოხვეულიც კი გაზქურასთან ვტრიალებდი და ევასთვის გემრიელობების მომზადებას ვცდილობდი. ეს კი მეხერხებოდა. ბებიამ ბევრი რამის გაკეთება მასწავლა ჯერ კიდევ ბავშვობიდან.

საოცარი გოგო იყო ევა. ალბათ ერთადერთი ქალი ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ყველაზე კარგად ესმოდა ჩემი. არა მარტო ჩემი, არამედ ზოგადად კაცების. იცოდა, ზედმიწევნით კარგად იცოდა, რა სურთ კაცებს და რას ითხოვენ ქალებისგან. გეგონებოდათ, მთელი ცხოვრება ამ ფენომენის შესწავლას მოანდომაო. არადა, სულ რაღაც ოცდახუთი თუ ოცდაექვსი წლის იყო.

მასთან ურთიერთობამ ნანა სულ გადამავიწყა. ნანა კი არა, ჩემს ვირტუალურ შეყვარებულსაც კი ვერ შევეხმიანე ბოლო ხანებში. ისე გამოვიდა, რომ როცა ის იყო საიტზე, მე არ ვიყავი, როცა მე შევდიოდი, ის უკვე გასული მხვდებოდა. ამიტომ მხოლოდ წერილებს ვუტოვებდით ერთმანეთს.

რაღაცნაირად ვიყავი. მგონი, ევა მართალი გამოდგა. ისე ვეჩვეოდი, რომ მის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომედგინა. სხვა რაღააა სიყვარული?

ყველაფრით სავსე ვიყავი. სამსახურიდან დაბრუნებულს ცხელი ქალი მელოდა შინ. არც არავისთან დარეკვა მიხდებოდა და არც ვინმეს გამოძახება. ხან ის დამახვედრებდა გამზადებულ სადილს ან ვახშამს, ხან მე დავფაცურდებოდი, როცა მისი მოსვლის დრო დგებოდა. რამდენჯერ ერთად შევსულვართ აბაზანაში წყლის გადასავლებად და იქ გვიღლაბუცია. ერთი ოცი წლით მაინც გამაახალგაზრდავა მასთან ურთიერთობამ.

ასე გავიდა ორი კვირა. როცა ბინის ქირის გადახდის დრო დადგა, შორს დავიჭირე, ფულს არ გამოგართმევ-მეთქი. ამაზე გაგიჟდა, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მაშინ გადავალ აქედან და სხვაგან ვიქირავებ ბინასო. ერთი საათი ვიკამათეთ. ბოლოს ერთ რამეზე შევთანხმდით. ბინის ქირას გავუნახევრებდი, ანუ ორასი დოლარის ნაცვლად ას დოლარს გადაიხდიდა და იმასაც ჩემს ყულაბაში ჩაყრიდა, რომელიც მაცივრის თავზე იდო ჯერაც ცარიელი.

სასაცილო გოჭის ფორმის ყულაბა დაბადების დღეზე ერთმა ქირურგმა მაჩუქა, თენგო დეკანოიძემ, ამას რომ გაავსებ, ერთად გავტეხოთ და რესტორანში ვიქეიფოთო. ყულაბა არასდროს მქონია და არც მისი ავსების ხალისი გამჩენია ოდესმე. ამიტომაც სიამოვნებით დავუთმე ევას. როცა ყულაბა გაივსებოდა, მერე ერთად გადავწყვეტდით, რა უნდა მოგვეხერხებინა ამ ფულისთვის, რა თქმა უნდა, თუკი ისევ ისეთი ურთიერთობა გვექნებოდა, როგორიც დღეს გვქონდა.

ევა ატყობდა, რომ ჩემი საქმე მთლად `კარგად~ ვერ იყო და შეიძლებოდა, ყურებამდე შემყვარებოდა. რა თქმა უნდა, ასე არ იყო საქმე, მე უკვე მიყვარდა სხვა, მაგრამ ის ვირტუალური სიყვარული იყო, რაც ხელს არ უშლიდა, რეალურ ცხოვრებაშიც მყვარებოდა ვინმე. ჰოდა, როცა შეატყო, რომ მასთან ურთიერთობა ზედმეტად მაგზნებდა და ხანდახან ადგილს ვერ ვპოულობდი მისი დაგვიანების გამო, გადაწყვიტა, თავისი თავგადასავალი მოეყოლა ჩემთვის. ოღონდ მომიყვა მხოლოდ ბოლო წლების ცხოვრების ამბავი და არა ბავშვობიდან მოყოლებული.

თურმე, მე რომ მეუბნებოდა, ღამის კლუბში ადმინისტრატორად ვმუშაობო, ტყუილი ყოფილა. ღამით გამოძახებებზე გადიოდა თურმე. ქალი გამოძახებით _ ეს იყო მისი რეალური სამსახური. ვიპკლიენტებს ვემსახურები, პოლიტიკოსებს და ბიზნესმენებს, ვისაც თავისი ინტიმური ცხოვრების გახმაურება არ სურსო. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ყოველღამე არ უწევდა სახლიდან გასვლა. ფულს კარგად მიხდიან, ამიტომაც ჩემი თავის რჩენა გადასარევად შემიძლიაო. თან ფულს აგროვებდა, რომ თბილისში ბინა ეყიდა, თუნდაც ერთოთახიანი და თუნდაც სადმე შორს, გარეუბანში.

რაღაც ჩამწყდა გულში. იმდენად კარგი ადამიანი იყო, ასეთი ცხოვრებისთვის ნამდვილად არ მემეტებოდა. არ ვიცი, ამ ამბავმა რამდენად იქონია გავლენა ჩემს გრძნობებზე, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. ისევ ისეთ სინაზეს ვიჩენდი მის მიმართ, ისევ ისე მიხაროდა მისი ნახვაც, შეხებაც, მოფერებაც და კოცნაც. ისევ ისე მსიამოვნებდა მასთან სექსი და ძველებურად ვაგრძელებდი მისთვის სადილების თუ ვახშმის ან საუზმის მომზადებას. ბოლო დროს ერთად ვარჯიშიც დავიწყეთ. დილაობით სირბილს შევუდექით, გავიდოდით ჩვენი უბნის სტადიონზე და ექვს-შვიდ წრეს ვურტყამდით. მერე ერთად ვივლებდით წყალს სააბაზანოში და ვსაუზმობდით. ისე დავუახლოვდი, რომ მასთან ყველაზე გულახდილი გავხდი, არაფერს ვუმალავდი.

მინდოდა მეთხოვა, თავი დაენებებინა ამ ამაზრზენი საქმისთვის და ნორმალურ ცხოვრებას დაჰბრუნებოდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მეთქვა, მქონდა კი ამის უფლება? ის ჩვეულებისამებრ აგრძელებდა ღამის გასვლებს და წინასწარ მაფრთხილებდა, ამაღამ გამოძახება მაქვსო. ამას ისე ჩვეულებრივად მეუბნებოდა, რომ მაგრძნობინებდა, პრეტენზიის უფლება არ გაქვს და რამის აკრძალვას ნუ შეეცდებიო. მეც შევეჩვიე. ალბათ გარკვეულწილად მაინც იქონია გავლენა ჩემზე მისმა ცხოვრების წესმა, რადგან არ ვეჭვიანობდი და მის `ღამის პეპლობას~ ასე მშვიდად ვეგუებოდი.

ერთხელაც, ღამით, როცა ევა გამოძახებაზე იყო, ინტერნეტში შევძვერი, ჩემი ვირტუალური შეყვარებულის მოსაკითხად. ისე მოხდა, რომ ორივე ერთდროულად გამოვჩნდით საიტზე, რამაც ორივე ძალიან გაგვახარა. რა თქმა უნდა, მისთვის არ მომიყოლია, ევასთან რა ურთიერთობაც ჩამომიყალიბდა, თუმცა იცოდა, რომ მდგმური მყავდა, რომელიც ძალიან ლამაზი იყო და ევა ერქვა. სამაგიეროდ, ნანას ამბავი მოვუყევი. ვუთხარი, ჩემს ყოფილ სიყვარულს შემთხვევით გადავაწყდი ქუჩაში და ერთხელ პაემანზეც შევხვდი-მეთქი. არც ის დამიმალავს, რომ მის მიმართ გრძნობები არ ამეშალა. ნეტავ არ მეთქვა. ისევ დამიწყო წუწუნი, ჩემ გარდა ყველას ხვდები, მე კი იმასაც არ მეუბნები, რა გქვია და რა გვარის ხარ, ერთ სურათს ვერ ვეღირსე შენგან, რომ დაგინახო, როგორ გამოიყურებიო. მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ისევ გავებუტე და საიტიდან გამოვედი. ახლა ცოტა ხნით უნდა დავკარგულიყავი, რომ მერე თვითონვე შემხვეწებოდა, ოღონდ დამელაპარაკე და ნუღარ მეტყვი, ვინ ხარ და საიდანო. ეს წლები ყოველთვის ასე ხდებოდა. როგორც კი დაიწყებდა წუწუნს, რომ ჩემ შესახებ არაფერი იცოდა, ვიბუტებოდი და დროებით ვიკარგებოდი. მერე კვლავ გამოვჩნდებოდი და ვრიგდებოდით იმ პირობით, რომ მეტად აღარ მომთხოვდა ვინაობის გამხელას.

საოცარი გოგო იყო ლიკა, ასეთი არავინ შემხვედრია რეალურ ცხოვრებაში. ხანდახან მეგონა, რომ ნამდვილი ადამიანი არ იყო, რომ მხოლოდ ვირტუალური სამყაროს ქმნილებას წარმოადგენდა და რეალურად არ არსებობდა. ქალი, რომელსაც ნაკლს ვერ უპოვიდი _ ფიზიკურადაც უნაკლო იყო და ბუნებითაც. ახლა უკვე მიტყდებოდა, სიმართლეში გამოვტყდომოდი, თორემ მართლა მქონდა სურვილი, შევხვედროდი და გამეცნო. მაგრამ იმის მეშინოდა, ამდენი წლის ნალოლიავები ურთიერთობა არ დამენგრია. იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს მასთან ირეალურ სამყაროში, რომ არაფრის შეცვლა არ მინდოდა. ბოლო დროს კი ისე აირ-დაირია ჩემი ცხოვრება, თვითონაც ვერ გავრკვეულიყავი ბოლომდე, რა ხდებოდა ჩემს თავს...

გაგრძელება შემდეგ ნომერში