წამხდარი ქალი (თავი IX) - გზაპრესი

წამხდარი ქალი (თავი IX)

ნანასთან სტუმრად ყოფნის შემდეგ სამი კვირა გავიდა. ამ სამი კვირის განმავლობაში ერთხელაც არ დამირეკავს. არ ვიცი, რა იყო ეს. შეიძლება გული მიგრძნობდა, რომ რაღაც ისე ვერ იქნებოდა? მე ხომ იმდენად განსაკუთრებული ადამიანი ვარ, რომ საოცრებები მხოლოდ ჩემნაირს უნდა გადახდეს თავს? აბა, უცნაური არ არის, სრულიად შემთხვევით გაუჩერო ქუჩაში უცნობ ადამიანს მანქანა, როცა ასე არასდროს მოქცეულხარ და აღმოჩნდეს, რომ ეს უცნობი შენი ყოფილი შეყვარებულია? ან კიდევ... რაღა ბოლო შემთხვევიდან დავიწყეთ, სულ თავიდან რომ მოვყვეთ, თუნდაც იმ დღიდან, ნანა პირველად რომ ვნახე და შემიყვარდა... გაგიგონიათ მსგავსი ვინმესგან? პაციენტს ასეთი საშინელი დაავადება ჰქონდეს, ახლოს როგორ უნდა გაიკარო, თუ მართლა არ შეგიყვარდა? ჰოდა, რაღა მე შემიყვარდა? იმიტომ, რომ მხოლოდ მე ვარ ასეთი ექსკლუზიური, ჩემი ბედისწერაა მხოლოდ ასეთი გამორჩეული. მარტო ჩემნაირ დამთხვეულს არ ელევა უცნაური თავგადასავლები.

პარალელურად, ამ არეულ სიტუაციას ევას გამოჩენაც დაემატა. არ მითხრათ, მდგმურთან რომანი იმდენად ხშირი შემთხვევაა, მაგით ვერ გაგვაკვირვებო. ჯერ ერთი, ეს რომანი არ არის და მეორეც - მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ურთიერთობას არ შეიძლება მუდმივი ხასიათი ჰქონდეს. მე კი რას ვაკეთებ? ცოლივით ვექცევი. ამასთან, მე და ჩემს მდგმურს შორის ასაკობრივი სხვაობა ხომ არ დაგავიწყდათ, რამდენია? მერე რა მოხდაო, იტყვის ზოგიერთი თქვენგანი. შეიძლება არც არაფერი, მაგრამ მაინც სინდისი მქენჯნის. ამის კომპლექსი რომ არ მქონოდა, აქამდე გავიცნობდი ჩემს ვირტუალურ ნინის და სულ სხვა გზით წავიყვანდი ჩემს ცხოვრებას.

სამი კვირა მე და ევაც მშვენივრად ვერთობოდით ერთად და ოჯახობანასაც გადასარევად ვთამაშობდით. სამი კვირის შემდეგ კი მონასტერი შინაც აირია და გარეთაც.

ჩემი ცხოვრების ინტერლუდია სრული მოულოდნელობებით აივსო. სეტყვასავით მეყრებოდა თავზე ახალ-ახალი გამაოგნებელი ამბები. ერთის გააზრებას ვერ ვასწრებდი, რომ უეცრად მეორე გამოტყვრებოდა საიდანღაც. თუმცა, მოდი, თანამიმდევრობით მივყვეთ, თორემ მგონი, ასე ვერაფერს გაგაგებინეთ.

სამი კვირის შემდეგ ევამ ნელ-ნელა უკლო ჩემთან დროს ტარებას - არც ღამით რჩებოდა, არც თავისთან მეპატიჟებოდა. ხანდახან ორი-სამი დღე ისე გავიდოდა, სექსიც კი არ გვქონდა. მე კი ისე მივეჩვიე, ცოტა არ იყოს, უჩვეულოდ მეჩვენებოდა საქმის ასეთი შემობრუნება. სამი ზღაპრული კვირის შემდეგ ზღაპრის მოულოდნელი დამთავრება სრულიადაც არ მაწყობდა, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. რა პრეტენზია უნდა წამეყენებინა შვილის ტოლა მეძავისთვის? ჩემთან სექსი რატომ არ გინდა-მეთქი, ხომ არ ვკითხავდი? ხომ შეიძლებოდა, მოვბეზრებოდი?

მას იმდენნაირი კაცი ეყოლება ნანახი, მხოლოდ ერთით რომ დაკმაყოფილდეს, გაუჭირდება-მეთქი, გულს ამით ვიმშვიდებდი და ისე ვიქცეოდი, თითქოს სულაც არ მანაღვლებდა, ევა დაწვებოდა ჩემთან თუ არ დაწვებოდა. არადა, მანაღვლებდა. მანაღვლებდა კი არა, ლოდივით მაწვა გულზე მისი გულგრილობა თუ უყურადღებობა.

ისიც შევამჩნიე, რომ ბოლო დროს უხასიათოდ იყო. ჩაიკეტებოდა თავის ოთახში და შუქსაც არ აანთებდა, იჯდა სიბნელეში ასე გამოკეტილი.

ბოლოს, რომ ვერ მოვითმინე, უგუნებობის მიზეზი ვკითხე. იმის დარდი მქონდა, ჩემზე ხომ არ იყო ნაწყენი. ისეთი არაფერი, რაღაც პრობლემები მაქვსო. ხან საიდან მივუდექი, ხან საიდან, მაგრამ ვერაფერი ვათქმევინე. რა უნდა მექნა, შევეშვი. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა სიტუაცია გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდა და ახლა უკვე არც დღე და არც ღამე შინიდან არ გადიოდა, სალაპარაკოდ ჩავედი და კატეგორიულად მოვთხოვე, მითხარი, რა გემართება-მეთქი.

უბრალოდ, გამიღიმა და მორჩა, ჩემი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

- ევა, გულახდილად მითხარი, მე ხომ არ მემდური?

- არა, რა სისულელეა, საიდან მოიტანე? - შორს დაიჭირა.

- აბა, რატომ გამირბიხარ? სტუმრადაც არ ამოდიხარ ჩემთან.

- შენ არაფერ შუაში ხარ, ანდრია. სტუმრად კი არა, ხომ ხედავ... სამუშაოდაც აღარ გავდივარ, - სევდიანი ღიმილით ამომხედა.

- ჰოდა, რატომ, რა მოხდა ამისთანა, მე ვერაფრით დაგეხმარები?

- არ ვიცი... არა მგონია. ეს ის შემთხვევაა, როცა მე თვითონ უნდა დავეხმარო ჩემს თავს. მადლობა, მაგრამ არავის შეწუხება არ მინდა, მით უფრო - შენი.

- კი არ შემაწუხებ, პირიქით, ძალიან გამახარებ და დამავალებ, თუ რამეში გამომიყენებ, - დახმარება გულწრფელად შევთავაზე.

- ამ ეტაპზე არაფერი არ მჭირდება, ანდრია. თუ აუცილებელი გახდა, მერე ვნახოთ. ხომ იცი, არ მოგერიდები, - ამჯერად მხიარული ღიმილი გამოისახა ტუჩებზე და ფეხის წვერებზე აწეულმა ტუჩებში ნაზად მაკოცა.

რადგან ვერაფერი დავაცდენინე, შევეშვი. ვიფიქრე, გაივლის ცოტა დრო და მერე თვითონ მომიყვება, რა დაეტაკა-მეთქი.

ამასობაში მეორე ფრონტი გააქტიურდა. ნანა დარეკვით არ მირეკავდა, მაგრამ მესიჯს მესიჯზე მიგზავნიდა. ხან მომიკითხავდა, ხან საყვედურს მომწერდა, სად დამეკარგეო, ხანაც გავცივდი და რას მირჩევ, რა წამალი დავლიოო და ასე შემდეგ.

ვბრაზობდი ჩემს თავზე, ასე საზიზღრად რომ ვიქცეოდი. განა რა გახდა ერთი დარეკვა და ადამიანის მოკითხვა? ადრე მეგონა, შევხვდებოდი თუ არა, ყველაფერი შეიცვლებოდა, ძველი გრძნობები ისევ ამეშლებოდა და ჩვენი ურთიერთობა სულ სხვა ეტაპზე გადავიდოდა. ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ აი, ფაქტის წინაშე დავდექი და სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. სიყვარულით რომ არ მიყვარდა, გასაგები იყო, მაგრამ სხვა მხრივაც რომ არ მიზიდავდა? ნუთუ ისე შევეჩვიე ახალგაზრდა გოგონებთან ურთიერთობას, რომ ნანას ასაკის ქალები აღარ მხიბლავდა? იქნებ ეს იყო მიზეზი? ვირტუალურად ნინის ვეფლირტავებოდი, რეალურად ევასთან მქონდა მთელი ვნებათაღელვები...

იქნებ უფრო ხშირად უნდა მენახა ნანა, რომ უკეთ გავრკვეულიყავი ჩემს თავში? ერთი სიტყვით, სასტიკად ავირიე. უკვე აღარ ვიცოდი, სინამდვილეში რა მინდოდა და ვისთან მინდოდა. ვერა და ვერ ჩამოვყალიბდი. იმდენად შევიცვალე, სამსახურშიც კი შეამჩნიეს, რომ რაღაც ვერ მქონდა რიგზე. შეამჩნიეს და წავიდა ჭორები. ზოგი ამბობდა, შეყვარებულიაო, ზოგიც ნაადრევი კლიმაქსი დაეწყოო, ჩურჩულებდა თურმე. რომ იცოდეთ, როგორ არ მანაღვლებდა ეს ჭორები. წამითაც არ გამივლია გულში, რომელიმესთვის საპირისპირო დამემტკიცებინა. ანდრო პაუზამდე ჯერ შორს იყო, წესით, მამაკაცებს სამოც წლამდე არ ეწყებათ კლიმაქსური პერიოდი. რას იფიქრებდნენ სხვები, ნაკლებად მაღელვებდა, მე ჩემი დარდი მქონდა, რომლის განქარვებასაც ვერ ვახერხებდი. მაგრამ როცა საშიშად აგორდა ჭორები და უკვე იმის აქტიურად განხილვა დაიწყეს, რომ თურმე ერექციაში `მოვიკოჭლებდი~, აი, მანდ მივხვდი, რომ უნდა მემოქმედა. ახლა კლინიკის ქალებს თუ არ დავერეოდი, ცუდად წამივიდოდა საქმე.

ავდექი და ლიზით დავიწყე, ორმოცი წლის ექიმით, რომელიც ძირითადად ღამით მორიგეობდა ხოლმე. ქმარს გაშორებულს პრობლემა არ ჰქონდა ღამე ემუშავა, ამიტომ კლინიკის დირექტორი ხელფასსაც მეტს აძლევდა. ლიზისთან ადრეც მქონია `ერთი ღამის თავგადასავლები~, ამიტომ დიდი ხვეწნა არ დამჭირვებია. ხვეწნა კი არა, მგონი, ერთი სული ჰქონდა, `გავესინჯე~, მართალი იყო თუ არა ჩემზე მოარული ხმები.

ამიტომაც, ჩემი მორიგეობის ღამეს არც ვაციე, არც ვაცხელე და ლიზის ხელი მოვუფათურე. ჩემი მრავალმნიშვნელოვანი მზერიდან საჭირო დასკვნა გამოიტანა და კაბინეტში ჩავიკეტეთ. სიმართლე რომ ვთქვა, ცოტას კი ვნერვიულობდი, ოღონდ ახლა არ მიღალატოს ჩემმა მამაკაცურმა ღირსებამ და თანამშრომლების დასაცინი არ გავხდე-მეთქი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ოღონდ სხვა დროს თუ ღამით ორ-სამჯერ მოვიგდებდი ხოლმე კაბინეტში, ამჯერად მხოლოდ ერთი აქტით დავკმაყოფილდი.

მეორე მორიგეობაზე მარია დავითრიე, მთავარი ექთანი, ნახევრად ქართველი და ნახევრად უკრაინელი, გათხოვილი, ორშვილიანი. არ დამძრახოთ ახლა, გათხოვილ ქალებს რაღას დაერიეო. სულაც არ არის ჩემი ბრალი. ამ მარიამ სისხლი გამიშრო მთელი ორი წლის განმავლობაში, სანამ თავისას არ მიაღწია. თითქოს ჩემთან სექსი მისთვის პანაცეა ყოფილიყოს, გასაქანს არ მაძლევდა. ბოლოს მეც ჩავიქნიე ხელი, თუ თვითონ არ ენაღვლება ქმრის ღალატი, მე საერთოდ რატომ უნდა ვინაღვლო-მეთქი და მოსახდენი მოვახდინე, თანაც დღისით-მზისით, პირდაპირ საორდინატოროში, ოღონდ შაბათი იყო და ფაქტობრივად, მარტონი ვიყავით კლინიკაში.

მეგონა, ამ ორი ახალი ამბით დაკმაყოფილდებოდნენ ჩემი თანამშრომლები და ჭორაობას აღარ გააგრძელებდნენ, მაგრამ თურმე სადა ხარ! ახლა იმაზე დაიწყეს სჯა-ბაასი, ნეტავ რა ეტაკა ანდრია ექიმს, ასე რამ გაუაქტიურა ლიბიდოო. წარმოგიდგენიათ? ნაბიჯს ვერ გადადგამ კლინიკაში, რომ არ დაგაფიქსირონ. არა მგონია, ლიზის და მარიას თვითონ გაენდოთ სხვებისთვის საიდუმლო, ანდრიასთან სექსი გვქონდაო. როგორც ჩანს, ვიღაცებმა ასი თვალი და ასი ყური გამოიბეს, რომ ეს დაეფიქსირებინათ. მართალია, როცა ამბობენ, კედლებსაც კი ყურები აქვსო.

ასე იყო თუ ისე, ჩემი კოლეგების გაცხოველებული ცნობისმოყვარეობა შედარებით გავანელე და ახლა უკვე აღარ მაინტერესებდა, რა დასკვნას გამოიტანდნენ ჩემი მოზღვავებული სექსუალური ენერგიის, ანუ გააქტიურებული ლიბიდოს შესახებ.

მეხუთე კვირა იმით დაიწყო, რომ ნანამ დამირეკა და მთხოვა, სამშაბათს მასთან სტუმრად მივსულიყავი. ლელის დაბადების დღეა და შენი დაპატიჟება მთხოვაო. ასეთ რამეზე უარი რომ მეთქვა, მისი შვილის თვალში პატივისცემას დავკარგავდი, ამიტომ შევპირდი, აუცილებლად მოვალ, ოღონდ მითხარი, რა მოსწონს, საჩუქრად რა ვუყიდო-მეთქი. კაშნეების მოყვარულიაო, მითხრა, თან მწვანე ფერი მოსწონსო. რა სჯობია, როცა იცი, რა უნდა მიუტანო ადამიანს საჩუქრად. ეს ყოველთვის თავსატეხს მიჩენს, როცა ვინმე დაბადების დღეზე მეპატიჟება. ახლო მეგობრებს კი ვიცი, რაც უნდა ვაჩუქო, განსაკუთრებით კაცის საჩუქრის არჩევა მეადვილება, მაგრამ აი, ქალის საჩუქარზე ყოველთვის ვწვალობ. ვინ იცის, რას ელოდება შენგან, შენ კი რას აარჩევ.

მეორე დღესვე გავვარდი მაღაზიებში, რომ კაშნეები შემეთვალიერებინა და თუ უცხო რამეს გადავაწყდებოდი, ბარემ შემეძინა.

ლამის მთელი დღე მოვუნდი სასურველი ფერის და ფაქტურის კაშნეს შერჩევას. ჯერ ერთი, საერთოდ არ ვიცნობდი ლელის და მინდოდა, გემოვნებიანი საჩუქრით დადებითი შთაბეჭდილება მომეხდინა. მეორეც, ნანას შერცხვენაც არ მინდოდა. რატომ უნდა ეფიქრა მის შვილს, დედაჩემს ერთი გოიმი ქირურგი ჰყვარებია და კარგიც უქნია, ცოლად რომ არ გაჰყოლიაო.

ძალიან დიდხანს ვიპრანჭებოდი სარკის წინ. მინდოდა, მის შვილსა და მეგობრებზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება მომეხდინა. დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ მაინც დიდხანს ვათვალიერებდი ჩემს თავს, სანამ სახლიდან გავიდოდი.

საჩუქარიც სპეციალურად შემიფუთეს. ულამაზესი კაშნე ვიყიდე, იტალიური. მართალია, ძვირი დამიჯდა, მაგრამ ფასს აღარ დავეძებდი. მთავარი იყო ეფექტი მომეხდინა. ყვავილების თაიგული აღარ ვიყიდე. ცოტა არ იყოს, გოიმური მეჩვენა ასეთი საჩუქრის გვერდით კიდევ ყვავილები. თანაც, მე ხომ მას არ ვიცნობდი. რა საჭირო იყო ამდენი რამით მისვლა?

მანქანა, როგორც წინა ჯერზე, ახლაც ჩემს ეზოში დავაყენე და ფეხით ავუყევი აღმართს. ნანას ბინამდე სულ რაღაც ორასიოდე მეტრი იქნებოდა.

ეზოში შესულმა მაღლა ავიხედე. ფანჯარაში ვიღაცები მოჩანდნენ. ნანას ბინა გაჩახჩახებული იყო, სასიამოვნო მელოდიის ჰანგები ეზოში იღვრებოდა.

დინჯად ავუყევი კიბეს, სახლში რომ ორ-ორ საფეხურს ვახტებოდი, ისე კი არა. ზარი დავრეკე და შეფუთული საჩუქარი მარცხენა ხელში დავიკავე.

კარი გაიღო და ნანას ჯერაც ლამაზი თვალები შემომეფეთა იმ სასიამოვნო მელოდიასთან ერთად, ეზოში რომ მესმოდა.

- კიდევ კარგი, მოხვედი! რომ არ მოსულიყავი, არ ვიცი, რას ვიზამდი! - შესძახა ნანამ და კისერზე ჩამომეკიდა.

რაღაცნაირად მეუხერხულა, ასე შინაურულად რომ შემხვდა. იმდენად ვიყავი გადაჩვეული მასთან სიახლოვეს, რომ მეხამუშა მისი სხეულის სიმხურვალე და ფაფუკი ძუძუების შეხება.

- ლელის გაუხარდება, - როცა საპასუხო რეაქცია ვერ მიიღო, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და მორიდებული მზერა მესროლა, - ძალიან აინტერესებს შენი გაცნობა.

პასუხი არ გამიცია. ჩემი მოდური მოკლე ქურთუკი გავიხადე თუ არა, ხელში მეცა, გამომართვა და მკლავზე გადაიკიდა.

- ჩემს ოთახში შევიტან, აქ იმდენი ჰკიდია, არ დაეტევა, - ახსნა თავისი საქციელი და წინ გამიძღვა.

- ლელი! - დაიძახა, როგორც კი სასტუმრო ოთახში შევედით.

სულ ოთხი გოგო დავინახე, ყველანი გაპრანჭულები. რა თქმა უნდა, ნანას ქალიშვილი მათ შორის ყველაზე ლამაზი უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, მოლოდინი ასეთი მქონდა. არც შევმცდარვარ, მაგრამ როგორც კი ლელი ჩემკენ მოტრიალდა და ცნობისმოყვარე მზერა შემავლო, ადგილზე გავქვავდი. მიკვირს, ინფარქტი როგორ არ დამემართა...

ნანას ლელი ულამაზესი იყო და ეს მოულოდნელი სულაც არ ყოფილა, მაგრამ მოულოდნელი სხვა რამ აღმოჩნდა. ჩემ წინ ნინი იდგა, ჩემი ვირტუალური შეყვარებული.

არ გეგონოთ, რომ გავგიჟდი ან ჰალუცინაციები დამეწყო. მართლა ნინი იყო, გოგო, რომელსაც ათას სხვა გოგოში ამოვიცნობდი. შეუძლებელია, მხოლოდ მსგავსება ყოფილიყო. მსგავსება და ასეთი? გამორიცხულია! ადამიანები ასე გაჭრილი ვაშლივით მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰგვანან ერთმანეთს, თუ ტყუპისცალები არიან. ორი სრულიად დამოუკიდებელი, სხვადასხვა მშობლის შვილი არ შეიძლება ასე დაემსგავსოს ერთმანეთს.

ვერ გეტყვით, რა გადავიტანე. ხომ ვამბობდი, საოცრებები მხოლოდ მე უნდა დამემართოს-მეთქი. ჩემ გარდა ვინ უნდა დამდგარიყო ამისთანა გამოცდის წინაშე? კიდევ კარგი, თვითონ არ მიცნობდა და ჩემზე არაფერი იცოდა. ამაში კი გამომადგა ჩემი სიფრთხილე და წინდახედულობა. აბა, წარმოიდგინეთ, რომ სცოდნოდა ჩემი ვინაობა, რა დღეში ჩავვარდებოდი. მისთვისაც რამხელა შოკი იქნებოდა ჩემი აქ ნახვა. ცხოვრებაში პირველად ვიყავი ჩემი თავის ამ დოზით მადლობელი.

- ლელი, გაიცანი, ანდრია ჯორჯიკია, ჩემი მეგობარი, - აი, ასე წარმადგინა ნანამ თავის ქალიშვილთან.

- ძალიან სასიამოვნოა. რატომღაც, ზუსტად ასეთი წარმომედგინეთ, - ხელი ჩამომართვა ლელიმ და ნაზად გამიღიმა.

- ჩემთვისაც სასიამოვნოა. სასიამოვნო კი არა, დიდი პატივია, რომ გაგიცანით, - არც მე დავაკელი ხიბლი ჩემს ღიმილს და საჩუქარიც გავუწოდე, - ეს მცირედი ძღვენი ჩემგან, გილოცავთ დაბადების დღეს.

- რატომ შეწუხდით? უღრმესი მადლობა, არ იყო საჭირო, - თავმდაბლობად დაიღვარა ნინი-ლელი და გამომართვა თუ არა საჩუქარი, მაშინვე გახსნას შეუდგა.

ეფექტი საოცარი იყო. როცა კაშნე დაინახა, ისე შეჰყვირა, სამივე გოგომ მისკენ გამოიხედა. ისედაც არ გვაკლდა ცნობისმოყვარეთა მზერა, ახლა ხომ საერთოდ, ისეთი თვალებით მოგვჩერებოდნენ, შევიშმუშნე.

- ვაიმეეე! ზუსტად ისეთია, როგორზეც ვოცნებობდი! - ისევ იყვირა ლელიმ და კაშნე ყელზე შემოიხვია, - ადა, ნახე! მაკას ზუსტად ასეთი არ ჰქონდა?

- ხო, ოღონდ ის სხვა ფერებში იყო, - გაპრანჭულად წარმოთქვა სათვალიანმა ადამ და მზერით გამეკეკლუცა, - არაჩვეულებრივი გემოვნება გქონიათ, - შემაქო.

- უკაცრავად, თქვენ ექიმი ხომ არ ხართ? - მოულოდნელად მეორე გოგო მომიახლოვდა, რომელსაც წაწვეტებული ცხვირი და ჩინელივით წვრილი თვალის გუგები ჰქონდა.

- კი, ექიმი ვარ... ქირურგი... - თავი დავაკანტურე და ხელები ჯიბეებში ჩავიყავი. ყურადღების ცენტრში აღმოჩენილი საშინლად უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი.

- მე თქვენ გიცნობთ. შარშან ბიძაჩემს გაუკეთეთ ოპერაცია. გრიგოლ ლაფერაძე გახსოვთ? სიმსივნე ჰქონდა სწორ ნაწლავზე.

- ააა, კი, როგორ არა, მახსოვს. როგორ არის?

- არა უშავს, კარგად. სხივები გაიკეთა ცოტა ხნის წინ და რა ვიცი, უკეთაა, სამსახურშიც კი გავიდა.

- გოგოებო, გეყოფათ ახლა, ნუ დაღალეთ კაცი, თორემ ამდენი ქალის შემხედვარე გაგიჟდა. მოდი, დავსხდეთ, დროა უკვე.

ნანას შეძახილმა გადამარჩინა, თორემ ამდენ ცნობისმოყვარე მზერას არ ვიცი, როგორ გადავრჩებოდი. აშკარა იყო, განუმეორებელი შთაბეჭდილება მოვახდინე თითოეულ მათგანზე და ნანამ მგონი, ცოტა იეჭვიანა კიდეც.

როგორც აღმოჩნდა, ჩემ გარდა სხვას არც არავის ელოდებოდნენ. ალბათ უკვე ყველამ იცოდა, ვინ ვიყავი, ნანასთან რა მაკავშირებდა და როგორ აღმოვჩნდი ამ დაბადების დღეზე. რატომღაც, თავს ზედმეტად შებოჭილად ვგრძნობდი. არ ვიცი, ამაზე რამ უფრო მოახდინა გავლენა. ალბათ ყველაფერმა ერთად: ლელი ნინი აღმოჩნდა, ნანა ჩემ გვერდით თავს ძველ ამპლუაში გრძნობდა და სხვებსაც აგრძნობინებდა, ეს კაცი ჩემია და არავინ გაბედოთ მისი დათრევაო.

ვინატრე, ერთი კაცი მაინც მოვიდოდეს, რომ კაცურად ვიგრძნო თავი და ჭიქა მივუჭახუნო-მეთქი.

ნატვრა არ ამიხდა. არც კაცი შემოგვმატებია და არც ქალი. კარგა ხანს მუნჯივით ვიჯექი. ვერ მოვილხინე ისე, როგორც მჩვევია. დავლიე კიდეც, შევხურდი, ალკოჰოლმა მთელ სხეულში დამიარა, მაგრამ შებოჭილობა არა და არ მომეხსნა. ვუცქეროდი ლელის და გონებიდან არ მშორდებოდა მასზე ფიქრი. რა უცნაურია ცხოვრება. რატომ მაინცდამაინც ნანას ქალიშვილი შემიყვარდა? ან რატომ ერქვა სოციალურ ქსელში ნინი, რეალურ ცხოვრებაში კი ლელი? იქნებ დაბადების მოწმობაში ერთი სახელი უწერია, მეორეს კი ახლობლები ეძახიან? ამ კითხვებს დამოუკიდებლად პასუხს ვერ გავცემდი. ისიც არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეგო სიმართლე. ნინის ხომ არ ვკითხავდი, რეალურ ცხოვრებაში სხვა სახელი ხომ არ გქვია-მეთქი? ვერც ლელის შევეკითხებოდი, შემთხვევით ნინისაც ხომ არ გეძახიანო.

ყველაფერს ალბათ დრო დაალაგებდა. როგორღაც თავისთავად გაეცემოდა ყველა ბუნდოვან შეკითხვას პასუხი. ასე ხდება ხოლმე და მეც ამის იმედი მქონდა.

როგორც იქნა, სასმელი მომეკიდა და ცოტათი გავმხიარულდი. დაძაბულობაც ნელ-ნელა მომეხსნა და ბოლოს ისეთ ხასიათზე დავდექი, გიტარაც კი მოვითხოვე.

ლელიმ მაშინვე გამომირბენინა გიტარა. აუწყობელი იყო, კარგა ხანს ვეწვალე, რომ ამეწყო, მერე კი სიმღერები დავაგუგუნე. ჩემი ხმის ტემბრით, როგორც ყოველთვის, ყველა მოიხიბლა. შემდეგ სხვებიც ამყვნენ და მშვენიერი საღამოც გამოგვივიდა.

ბოლოს შევატყვე, რომ სახლში წასვლა არავის უნდოდა. უფრო სწორად, ყველა იმას ელოდა, მე როდის წავიდოდი, რომ მერე ჩემზე ეჭორავათ. ამიტომ იმედი არ გავუცრუე ლელის, ნანას და მათ სტუმრებს. თორმეტს გადასცდა თუ არა, ჩემი წასვლის დროა-მეთქი, გამოვაცხადე.

დიდი ამბით დამემშვიდობნენ. ლელიმ აუცილებლად კიდევ გვესტუმრეთო, მითხრა, ოღონდ მართლა გულით, ყოველგვარი ხელოვნურობის გარეშე.

ნანა უკან გამომყვა, რომ კარამდე მივეცილებინე, მაგრამ შუა გზაზე ხელით მანიშნა, აქეთ წამოდიო და საძინებლის კარი შეაღო. გამახსენდა, მოსვლისას ჩემი ქურთუკი თავის ოთახში რომ გაიტანა, ამიტომ არ გამკვირვებია.

- ყველას ძალიან მოეწონე, - მითხრა გაბადრული სახით, როცა ქურთუკი მომაწოდა.

- მახარია, თუ ასეა, - ვთქვი და ქურთუკი ჩავიცვი, მაგრამ ღილების შეკვრა ვერ მოვასწარი, რადგან ნანამ დამასწრო.

- წასვლის წინ არ მაკოცებ, ადრე რომ მკოცნიდი ისე? - ზედ ყურთან მიჩურჩულა, როცა ბოლო ღილი შემიკრა და ხელის ზურგი ნიკაპთან მომადო.

სუნთქვა შევიკარი. ვინ იცის, ამდენ ხანს სწორედ ამ კოცნას ელოდა. ხელი მოვხვიე და თვალებში ჩავხედე. ისევ ის მზერა, დაუვიწყარი და ჟრუანტელის მომგვრელი... ვაკოცე... მთელი ვნება ჩავაქსოვე ამ კოცნაში. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, იგი მთელი არსებით ჩემკენ მოიწევდა, მაგრამ მე კვლავ ვერაფერი ვიგრძენი. ამწუთას ჩემი გონება მხოლოდ ერთი ფიქრით იყო დაკავებული და ამ ფიქრს ლელი ერქვა...

გაგრძელება ჟურნალ "გზის" 50-ე ნომერში