წამხდარი ქალი (თავი X) - გზაპრესი

წამხდარი ქალი (თავი X)

რამდენიმე დღე გონზე ვერ მოვდიოდი. აღარც ევას თავი მქონდა და აღარც ნანასი. მხოლოდ და მხოლოდ ლელიზე ვფიქრობდი. ლელიზე თუ ნინიზე, ჯერ ეგეც გასარკვევი იყო. თითქოს ჩემს ჯინაზე, საღამოობით კომპიუტერს არ ვშორდებოდი, მაგრამ ნინი თუ ლელი არა და არ შემოდიოდა. ვიფიქრე, ალბათ გადაღალა დაბადების დღემ, შეიძლება მეორე და მესამე დღესაც ეწვივნენ მეგობრები და ამიტომაც ვერ ახერხებს შემოსვლას-მეთქი.

როგორც იქნა, ერთხელაც ბედმა გამიღიმა და საიტზე გამოჩნდა. ჩვეულებრივად თბილად მივესალმეთ ერთმანეთს. ბევრი კითხვა დამიგროვდა და არ ვიცოდი, პასუხი როგორ, რა გზით უნდა მიმეღო. წესით და კანონით, იმ დღეს მისი დაბადების დღე არ უნდა ყოფილიყო, რადგან აქ მონაცემებში სხვა ეწერა. რა თქმა უნდა, ადამიანმა შეიძლება შეცვალოს თავისი მონაცემები, დაბადების დღეც და წელიც, სახელიც შეიძლება სხვა დაირქვას, მაგრამ ზოგადად, მაშინ აკეთებენ ამას, როცა ვინაობას მალავენ და თავს სხვისი ფოტოთი იწონებენ. იქნებ მართლაც ვინმე სხვაა, ლელის ფოტოები უდევს და იტყუება? ეს კი თავში ფიქრადაც არ მომსვლია. არაა გამორიცხული, ასე იყოს. მაშინ გამოდის, რომ ვიღაცამ მაგრად გამაბითურა. როგორც მე ვატყუებდი ამ წლების განმავლობაში, ისე მატყუებდა თვითონაც. ესეც შენ, ბატონო ანდრია! საუკეთესო ქირურგო! ღირსი ხარ, თუ ასეა. ამ ეჭვმა უარესად ამრია. ისე ვღელავდი, როგორც აბიტურიენტი მისაღებ გამოცდაზე. ამ დოზით სანერვიულო მას შემდეგ არ მქონია, რაც ნანას დავშორდი.

მაგრამ გვიან ღამით, როგორც კი `ფეისბუკზე~ შევედი და მისი პროფილი გადავათვალიერე, მივხვდი, რომ არ იტყუებოდა. ბლომად მეგობარი ჰყავდა და ყველა ნინითი მოიხსენიებდა. ამას ფოტოების კომენტარები ადასტურებდა. აღარც დაბადების დღის მილოცვები ედო კედელზე. ვიღაც ხომ აუცილებლად მიულოცავდა იმ დღეს? არადა, ის იყო, წყალი არ გაუვიდოდა. რაღაც ხდებოდა, რაც მე არ ვიცოდი და რომლის გარკვევაც ალბათ ან ძალიან გამიჭირდებოდა, ან საერთოდ ვერასდროს ვერ გავარკვევდი.

დიდი ამბით მოვიკითხეთ ერთმანეთი და გულის ფანცქალით ვკითხე, ახალი რა არის შენკენ-მეთქი. იმდენი სიცილი გამომიგზავნა, მივხვდი, მის ცხოვრებაში რაღაც სახალისო მომხდარიყო. აბა, ახლავე მომიყევი, რა მოხდა-მეთქი და...

ისე უცებ აეხადა ჩემს ყველა საიდუმლოს ფარდა, რომ პირდაღებული ვკითხულობდი მის ნაამბობს, გამალებული რომ მწერდა.

თავიდან იმით დაიწყო, რომ წინა კვირას დაბადების დღე მქონდაო. მე გავიკვირვე, შენი დაბადების დღე ხომ 22 თებერვალსაა, რატომ მატყუებ-მეთქი. საქმეც ისაა, რომ სინამდვილეში 22-შია, მაგრამ დედაჩემის თხოვნით ახლაც მქონდაო.

ესეც პირველი კვანძი.

_ რას ნიშნავს დედაშენის თხოვნით? _ ერთიანად აკანკალებულმა მივწერე. ნელ-ნელა ვხვდებოდი, სინამდვილეში რაც ხდებოდა.

_ აუ, დედაჩემის თხოვნით ბოლო დროს იმდენი რაღაცის დაბრალება და გაკეთება მიწევს, სათვალავი ამერია, _ ისევ სიცილის სმაილები მომაყარა.

_ ბოლოს და ბოლოს, მეტყვი თუ არა, რა ხდება? ცნობისმოყვარეობისგან გული მიმდის, _ რაც შემეძლო, ვაჩქარებდი, სიმართლე რომ გამეგო.

_ კარგი, ჰო, მოგიყვები. ერთი სიტყვით, დედაჩემს ძველი `პაკლონიკი~ გამოუჩნდა (ამაზე ლამის კრუნჩხვა დამემართა, ისე ავნერვიულდი, რადგან აშკარა იყო, ჩემზე საუბრობდა), გადაირია დედაჩემი. რაც მამა გარდაიცვალა, არავინ ჰყვარებია. კი ჰქონდა პატარ-პატარა რომანები, მაგრამ სიყვარულით არა. სიმართლე გითხრა, მე მის საქმეებში არ ვერევი და არც ვეკითხები, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში. რასაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, იმას მიყვება ხოლმე და მეც ვჯერდები მის ნაამბობს. ახლა კი ლამისაა, გადაირიოს. მგონი, ცხოვრებაში ეს ერთადერთი კაცი უყვარდა. ექიმია, ქირურგი. მეტს აღარ გეტყვი, არაა საჭირო, ვინაა და სად მუშაობს ან რამე. ხომ მეთანხმები?

პასუხად გავუღიმე, გულში კი ცეცხლი მეკიდა. კიდევ კარგი, არ იცოდა, ვინ ვიყავი. ის იმდენად მენდობოდა, რომ ვიცოდი, სრულ სიმართლეს მომიყვებოდა. მე კი ყველაფერი მეცოდინებოდა და მათ შორის ისიც, როგორ უნდა მოვქცეულიყავი ნანასთან მომავალში.

_ მოკლედ, ჯერ იყო და სრულიად შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს (და მომიყვა, წვიმიან საღამოს როგორ გავუჩერე დედამისს მანქანა და როგორ აღმოჩნდა ჩემი ყოფილი შეყვარებული). ამის მერე ერთხელ მოვიდა ჩვენთან სტუმრად, _ გააგრძელა ნინიმ, _ მე სახლში არ ვიყავი და შეგნებულად არც გვიანობამდე მოვედი, მარტო რომ ყოფილიყვნენ და თუ რამე გასარკვევი ან გასახსენებელი ჰქონდათ, ჩემ გამო ხელი არ შეშლოდათ. დედა ისე იყო გახარებული, ვერ ვცნობდი. წლებია, ასეთ კარგ ხასიათზე არ მინახავს. ადრე, თურქეთში რომ დადიოდა, იქიდან განადგურებული ჩამოდიოდა ხოლმე. ვხვდებოდი, რომ იქ რთული დღეების გადატანა უხდებოდა და მეცოდებოდა. მეცოდებოდა იმიტომაც, რომ ასეთმა ლამაზმა ქალმა ცხოვრება ვერ აიწყო. არადა, ამისთვის ყველანაირი მონაცემი ჰქონდა. ლამაზ ქალს კი არა, მახინჯსაც კი გაუჭირდება თურქეთში თავის პატიოსნად შენახვა, ხომ გესმის? ამის შესახებ მას არასდროს დავლაპარაკებივარ და არც თვითონ მოუყოლია ჩემთვის, რას აკეთებდა სტამბოლში, მაგრამ დაახლოებით ვხვდებოდი. იმ პერიოდში ფული არ მოგვკლებია. მგონი მერე რაღაც სერიოზული მოხდა, რადგან ჩამოვიდა და აღარ წასულა. თურქეთის ხსენებაც კი ზარავდა კარგა ხანს, გამგზავრებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო, ამის გაგონებაც არ სურდა. ჰოდა, გამიხარდა, ვიღაც რომ გამოჩნდა. მინდა, რომ კარგად იყოს. ახლა, ამ წლებში მაინც იგრძნოს თავი ბედნიერად. ჰოდა, რომ გვეგონა, ყველაფერი კარგადააო, ეს ტიპი დაიკარგა. არც დარეკა, არც გამოიარა, საერთოდ ერთხელაც არ მოიკითხა დედა. გაგიჟდა ქალი, სულ ნამტირალევი მხვდებოდა, თვალებდასივებული. დაურეკე-მეთქი, ვეჩხუბე ერთხელ, რას იკლავ თავს, გაიგე მაინც, რას ფიქრობს, ტყუილად რატომ ითხრი ნერვებს-მეთქი. ისეთი ამაყია, ისეთი თავმოყვარე, არაფრით დაურეკა. მერე მოიფიქრა, ვეტყვი, თითქოს შენი დაბადების დღე მოდის და დავპატიჟებო. გამეცინა. უკვე მეორედ მაგდებდა უხერხულ მდგომარეობაში.

_ პირველად როდის ჩაგაგდო? _ ვერ მოვითმინე და მივწერე, მაინტერესებდა, კიდევ რა შემომატყუეს.

_ როდის და... პირველად რომ მოვიდა ის კაცი, უთქვამს, ჩემს შვილს ლელი ჰქვიაო, არადა, მე ხომ ნინი მქვია.

_ და რაში დასჭირდა?

_ თურმე იმ კაცის დედას ერქვა ლელი და ამით აგრძნობინა, ისე მიყვარდი, ჩემს ქალიშვილს დედაშენის სახელი დავარქვიო.

ნინის მოწერილ ყოველ ახალ წინადადებაზე ელეთმელეთი მომდიოდა. სიბრაზე უფრო და უფრო მიპყრობდა. ამ დონის გახრწნილი თუ იქნებოდა ეს ერთ დროს ანგელოზივით გოგო, რას ვიფიქრებდი?

_ მერე? _ მივწერე, რომ ამბის თხრობა გაეგრძელებინა, მე კი უკვე კბილები მიკანკალებდა ნერვული შოკისგან.

_ აბა, როგორია, ვიღაც უნდა გაიცნო, რომელიც მომავალში შეიძლება შენი მამინაცვალი და ოჯახის წევრი გახდეს და მასთან ურთიერთობის დაწყება ტყუილებით გიწევს? არ მსიამოვნებდა ეს ყველაფერი, მაგრამ თვითონ მამშვიდებდა, ოღონდ ახლა დამეხმარე და ისე მოვაგვარებ ყველაფერს, რომ ბოლოს ნაწყენი არ დარჩესო. რა ვქნა, დედაა ჩემი და მე თუ არ დავუდექი გვერდით, ვიღა დაუდგება? ერთი დეიდა ჰყავდა მაგ საცოდავს და ისიც გარდაეცვალა. ფაქტობრივად, ნათესავი არ გვყავს ისეთი, რომ მისვლა-მოსვლა და სიახლოვე გვქონდეს. მარტო ერთმანეთი გვყავს, ამიტომ ხათრი ვერ გავუტეხე. ასე რომ, გავითამაშეთ ჩემი დაბადების დღე. ჩემს სამ დაქალს დავურეკე, ავუხსენი საქმის ვითარება და მკაცრად გავაფრთხილე, გარდა იმისა, რომ ვითომ ჩემს დაბადების დღეზე მოდიხართ, სახელიც უნდა შემიცვალოთ და ლელი დამიძახოთ, ოღონდ არ შეგეშალოთ და სირცხვილი არ მაჭამოთ უცხო კაცთან-მეთქი. შენ წარმოიდგინე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ისეთი საჩუქარი მომიტანა, რაზეც დიდი ხანია, ვოცნებობდი. სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდი.

_ რა იცოდა, რა გაგიხარდებოდა? _ ყასიდად ვკითხე. თან მეღიმებოდა მის ნაამბობზე, თან ბრაზი მახრჩობდა.

_ დედაჩემს უთქვამს.

_ კარგი ტიპია მაინც? _ მაინტერესებდა, რა შთაბეჭდილება დავტოვე მასზე.

_ ძალიან მაგარი. რატომღაც, ზუსტად ეგეთს ველოდი. ისეთი სიმპათიურია, დედაჩემი კი არა, მეც არ ვიტყოდი უარს, ეგეთი რომ შემხვედროდა, _ მომწერა და სიცილებიც მოაყოლა.

_ მართლა ეგეთი კარგია? _ მინდოდა, დამეზუსტებინა, რა დონეზე მოვეწონე, _ ცოლადაც ხომ არ გაჰყვებოდი? _ და მეც გავუცინე.

_ არა, რა ცოლად, მამაჩემის ხნისაა, მაგრამ მართლა ძალიან სიმპათიურია. უბრალოდ, მე არ ვარ ეგ ნატურა, თორემ სხვა ჩემს ადგილას მართლა არ იტყოდა უარს მის ცოლობაზე.

_ და შენ რატომ ამბობ უარს?

_ გაგიჟდი? ჯერ ერთი, დედაჩემს უყვარს და მეორეც, მე სხვა მიყვარს.

გული მომიკვდა. როგორ არ მინდოდა, ასე, ვირტუალურად ვყვარებოდი.

_ ხომ გითხარი, იმ სხვის შეყვარების უფლება არ გაქვს-მეთქი? შენ არც იცი, ვინ გიყვარს. ეს ილუზია უფროა, ვიდრე სიყვარული.

_ მერე რა? მე მყოფნის ეს ილუზია და მავსებს. სხვა სულაც არ მაინტერესებს.

_ მე მაინც მგონია, რომ როცა ვინმე კარგი გამოჩნდება შენს ცხოვრებაში, ვირტუალურ სიყვარულზე ხელს აიღებ და გონების კარნახით იმოქმედებ.

_ მოვეშვათ ამაზე ლაპარაკს. შენ მე არ მიცნობ და არ იცი, როგორი ვარ. ასი წელი რომ გავიდეს, მაინც შენ მეყვარები და იცოდე, გაუთხოვარი თუ დავრჩი, სულ შენი ბრალი იქნება, _ და ისევ სიცილის სმაილები დამაყარა.

_ ვნახოთ!.. ახლა კი გააგრძელე, მერე რა მოხდა?

_ სულ ეს იყო, პრინციპში. კარგი დრო ვატარეთ, იმღერა, გიტარაზე დაუკრა, მაგარი ხმა აქვს, არაჩვეულებრივად მღერის და უკრავს. ჩემს გოგოებს ისე მოეწონათ, მეშინია, არ გაიცნონ და დედას კაცი არ დააწერონ.

_ საიდან უნდა გაიცნონ?

_ თუნდაც აქედან. მე შენ გეტყვი, დღეს `ფეისზე~ კაცის მოძებნა და დამეგობრება გაუჭირდება ვინმეს თუ რა?

_ ჰო, ეგ მართალია, მაგრამ დედაშენი თუ მოსწონს, სხვები ვერ გამოიჭერენ, მაგაზე არ ინერვიულო.

_ მე რა მაქვს სანერვიულო, დედამ იკითხოს. ახლა მთავარია, თვითონ გააქტიურდეს. სულ დედა ხომ არ მისწერს და დაურეკავს?

_ ხოო, ეგეც არის... და რომ არ დაურეკოს?

_ აი, მეც მაგას ვფიქრობ. ასეთ შემთხვევაში, არ ვიცი, რა ეშველება.

_ შენ უნდა გააქტიურდე მაშინ, გაიგე? _ ვურჩიე.

_ მე-ე? მე როგორ? _ გაიკვირვა.

_ შენ უნდა დაურეკო და დაპატიჟო. ან ცალკე შეხვდე და მერე დაპატიჟო.

_ გაგიჟდი? რა ცალკე უნდა შევხვდე, რატომ, რა მიზეზით?

_ ვითომ დედაშენზე სალაპარაკოდ.

_ და რაზე უნდა ველაპარაკო? მოვთხოვო, დედაჩემს შეხვდი და არ გაბედო მისი მიტოვება-მეთქი?

_ არა, ეგრე არა, _ თან ვუხსნიდი, თან შინაგან ცახცახს ვერ ვიოკებდი, რომ დედა-შვილის თამაშს მეც ავყევი, _ უბრალოდ, უნდა ელაპარაკო იმ კაცს დედაშენზე და შეაგნებინო, თუ არაფერს აპირებს, აქედანვე უთხრას და იმედი არ ჩაუსახოს, რომ მერე სატანჯველად არ გაუხდეს-თქო. დამიჯერე, ასე აჯობებს.

_ არ ვიცი... იქნებ არც მივიდეს იქამდე საქმე. იქნებ აწი დაპატიჟება და დარეკვა აღარ დასჭირდეს და თავისით მოვიდეს. ხომ შეიძლება? ისე კარგად ჩაიარა საღამომ, მე რომ მის ადგილას ვიყო, აუცილებლად მივიდოდი კიდევ ერთხელ.

_ ნუ, თუ ეგრე იყო, ესე იგი, კიდევ მოვა, _ დავეთანხმე, რომ თავი არ გამეცა. არადა, მინდოდა, თვითონ დაერეკა ჩემთან და ცალკე შევხვედროდით. რამდენი წელი ვოცნებობდი მასთან შეხვედრაზე, ვერ წარმოიდგენთ. ახლა ამის შანსი მეძლეოდა და არ მინდოდა ხელიდან გამეშვა. თანაც, მას არ ეცოდინებოდა, რომ ეს მე ვიყავი. ვინ იცის, იქნებ ისე შევაყვარო თავი? ხომ შეიძლება, შევუყვარდე? მერე აღარ დავუმალავ, ვინც ვარ და...

არ დამიწყოთ ახლა, დედამისთან ასეთი ურთიერთობა გქონდა და როგორ შეიძლება მის შვილთან რომანი გააბაო. მერე რა? დედამისთან წლების წინ მქონდა ურთიერთობა, რომელიც თავისი სურვილით გაწყვიტა. თანაც, ნინი რომ შემიყვარდა, სულაც არ ვიცოდი, ნანას შვილი თუ იყო. განა ჩემი ბრალია, მისი ქალიშვილი რომ შემიყვარდა? ჩემი შვილი ხომ არ არის, რომ ვინმემ ამიკრძალოს? ცოლად მოვიყვან თუ არა, ეგ ჯერ არავინ იცის. ასე იოლად რომ შემძლებოდა ასეთი სერიოზული საკითხის გადაწყვეტა, დღეს უკვე დახუნძლული ვიქნებოდი ცოლ-შვილით. როგორ შეიძლება ურთიერთობა გაგრძელდეს, ამას მომავალი გვიჩვენებს, მთავარია, რაღაც დონეზე გამოიკვეთოს და გზა მერე გამოჩნდება.

იმ ღამეს კიდევ ცოტა ხანს ვისაუბრეთ მე და ნინიმ და დავემშვიდობე. სამაგიეროდ, მთელი ღამე ვერ დავიძინე. რამდენჯერაც წამთვლიმა, იმდენჯერ მესიზმრა. აი, გამთენიისას კი ღრმად ჩამეძინა და ისეთი ეროტიკული ზმანება მქონდა, ვერავის რომ ვერ მოვუყვები...

რამდენიმე დღე ნანაზე დაბოღმილი დავდიოდი. თურმე როგორ მოუნდომებია ჩემი გაცურება. ერთხელ ხომ გამაცურა, როცა მალულად სხვას ხვდებოდა და ბოლოს დამაყენა ფაქტის წინაშე. ახლა უარესი მომიწყო. თურმე ტყუილებით უნდა ჩემთან ურთიერთობის აწყობა. როგორ მთლად ხელიდან წასულა! ამას ვერ წარმოვიდგენდი. თუმცა, რატომაც არა? თურქეთში თუ დარბოდა საგრიალოდ და ფულის საკეთებლად, ვერაგობის ჩადენა გაუჭირდება? წამხდარი ქალი! ასეთ ქალებს არასდროს ვწყალობდი. მისი საქციელი ყველანაირ საფუძველს მაძლევდა, რომ საბოლოოდ გამეწყვიტა მასთან ურთიერთობა და ახლოსაც არ გავკარებოდი, მაგრამ ნინი მაყოვნებდა. იგი ისე მიყვარდა, მის გარეშე ერთი დღეც ვერ გავძლებდი. აქამდე თუ ვირტუალური მიწერ-მოწერა მაკმაყოფილებდა, ახლა უკვე აღარ. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი, როდის შევეხებოდი, თვალებში როდის ჩავხედავდი, მისი სუნამოს და სხეულის სურნელს როდის შევისრუტავდი. შეგნებულად არ ვეხმიანებოდი ნანას, რომ ნინი ჩემი დარიგებისამებრ მოქცეულიყო, ჩემთან დაერეკა და შეხვედრა ეთხოვა. ვიცოდი, ამას იგი დედის გულისთვის აუცილებლად გააკეთებდა. ჰოდა, მეც მაგრად ვიჯექი და ველოდი. ნანასთან კი ჯიუტად არ ვრეკავდი.

ამავდროულად, ევას მდგომარეობაც არ მომწონდა. სულ უფრო და უფრო ცუდ ხასიათზე მხვდებოდა. ასეთი სევდიანი არასდროს მენახა. რამდენჯერაც ვცადე გამოლაპარაკება, იმდენჯერ თავაზიანად მომიშორა თავიდან, ცუდად ვარ და მარტო ყოფნა მინდაო.

ერთ საღამოს, როგორც იქნა, გავახსენდი, უფრო სწორად, გულის გადასაშლელად დავჭირდი და დამირეკა, რომ ამოვიდე, თუ გეცლებაო. სიამოვნებით-მეთქი. ის ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო ჩემი, ამიტომ გამიხარდა, რომ შემეხმიანა.

ისევ ნამტირალევი ჩანდა. სახელდახელო სუფრა გავშალე. რაც ერთად არ ვიყავით, სადილების მზადება შევწყვიტე, ამიტომ რაც მქონდა, ის გამოვიტანე _ ძეხვი, მწნილი, პური და ყველი, თან ლუდი და არაყიც მოვაყოლე. მე და ევა ორივე ლუდისტები ვიყავით.

_ ბოლო დროს ვერ გცნობ... რა მოგდის? _ შემპარავად ვკითხე, თან ლუდს ბოკალებში ვასხამდი.

_ არ მკითხო... ისე ცუდად მიმდის საქმეები, რომ არ ვიცი, თავი რომელ ქვას ვახალო, _ ისევ აევსო თვალები ცრემლით.

_ მოდი, არ იტირო და ისე მომიყევი, რა პრობლემა გაქვს, კარგი?

თავი დამიქნია და ყელთან მომდგარი ცრემლი რომ ჩაებრუნებინა, უზარმაზარი ნერწყვი გადააგორა, მერე არყის სირჩას ხელი დაავალო, მომიჭახუნა, ჩვენ გაგვიმარჯოსო, თქვა და გადაჰკრა. მეც მივბაძე.

_ არის ერთი ვიღაც, ვისაც ალბათ ცხრა წელი იქნება, რაც ვუყვარვარ, _ სრულიად მოულოდნელად დაიწყო ევამ, _ ერთ სკოლაში ვსწავლობდით. როცა წლების წინ, მიყვარხარო, მეუბნებოდა, ვიღიმოდი. ჩემზე სამი წლითაა უმცროსი. ვფიქრობდი, ბავშვია და გაუვლის-მეთქი. თურმე არ გაუარა. რამდენიმე თვის წინ `ფეისზე~ მომძებნა და შემეხმიანა. გამიხარდა, მოვიკითხე. ქუთაისში გადასულა საცხოვრებლად თურმე. ამას წინათ ჩამოვიდა თბილისში და მოვიდა სანახავად. არასდროს დამავიწყდება მისი თვალები... სიყვარულით გაცისკროვნებული, პატარა ბავშვს ველოსიპედს რომ უყიდიან და სიხარულს რომ გამოხატავს, აი, ისეთი... და მოუსვენრობა... ჩემი ნახვით დაბნეულმა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, საკუთარ ქმედებებს ვერ აკონტროლებდა. გავგიჟდი... ასე არ შეიძლება-მეთქი. ცოლ-შვილს მიხედე-მეთქი... არ მინდა, ჩემ გამო იტანჯო-მეთქი... იცი, რა მითხრა? მე ბედნიერი ვარო. ბედნიერი იმით, რომ შენი ნახვის უფლებას მაძლევ, რომ ამას არ მიკრძალავო... მერე დაამატა, ცოლიც კარგი მყავს და ოცნების ქალიცო. შენ ჩემი თეთრი ანგელოზი ხარო.... აღარ ვიცოდი, რა მეთქვა, რით მენუგეშებინა. არასდროს მყვარებია, არც ჰქონია ამის იმედი. ვერ მოვატყუებდი, ეს უსინდისობა იქნებოდა ჩემი მხრიდან. ვეცადე, რბილად ამეხსნა მისთვის ყველაფერი. გამაწყვეტინა... არაფერს გთხოვ, მინდა, ისეთად დარჩე, როგორიც ხარ, იყავი ისეთივე კარგი, როგორსაც გიცნობდი და როგორსაც გხედავ, რომ ბოლომდე ვიამაყო შენითო... ოღონდ არ ამიკრძალო, ხანდახან რომ დაგირეკო, შენი ხმა გამაგონო ან დაგიმესიჯოო. ამას ვერ ავუკრძალავდი, არ შემეძლო. ეს ერთგვარი თანაგრძნობა იყო ჩემი მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძაბავს მისი ყოველი ზარი, ყოველი მესიჯი ყოველთვის... ეს ყველაზე უსიამოვნო წუთებია ჩემთვის ცხოვრებაში... საშინელება ისაა, რომ ჰგონია, ისევ ისეთი სუფთა და უმანკო ვარ, როგორსაც მიცნობდა. არადა, ხომ იცი, როგორიც ვარ. დიდი სიამოვნებით ავუხდენდი თავის ოცნებას და დავუწვებოდი, მაგრამ მეშინია. არ მინდა, შევზიზღდე, გესმის? მინდა ისეთივე დავრჩე მისთვის, როგორიც ვუყვარდი. ხომ შეიძლება, ერთი ადამიანი მაინც არსებობდეს ამქვეყნად, ვისაც გულწრფელად ვეყვარები და ყველაზე სასურველი ვეგონები? ამავე დროს, სინდისიც მქენჯნის, რომ ასე იტანჯება. გუშინ მირეკავს და მეუბნება, შენი ერთი სიტყვა და ეგრევე უარს ვიტყვი ცოლ-შვილზე, სადაც მეტყვი, იქ გამოგყვებიო. გესმის, როგორ ვუყვარვარ? და რა ვუთხრა ახლა, ბოზი ვარ და გამოძახებებით ვირჩენ თავს-მეთქი? ვისთანაც მდგმურად ვდგავარ, იმასაც ვაძლევ-მეთქი? არ შემიძლია, გესმის? ამის გაკეთება არ შემიძლია და ეს ძალიან მტანჯავს.

ევას ამბავმა დამამძიმა. ვერაფერი ვუთხარი. მესმოდა მისი და მართალიც იყო. ყველა ადამიანის ცხოვრებაში უნდა არსებობდეს ერთი მაინც, ვისთვისაც ყოველთვის ოცნებად დარჩები, რომელიც გაგაღმერთებს და ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არავის შეგადარებს, რადგან შენზე უკეთესს ვერასდროს წარმოიდგენს. მისთვის სამუდამოდ ერთადერთი და განუმეორებელი დარჩები. მე ასეთი ვიყავი ნინისთვის და მინდოდა, ასეთადვე დავრჩენილიყავი. სიმართლე რომ ვთქვა, ალბათ ეს იყო ერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რის გამოც არ ვუმჟღავნებდი ჩემს ვინაობას და არ ვხვდებოდი. ისიც ასეთი იყო ჩემთვის _ ერთადერთი და განუმეორებელი. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მისნაირი ქალი არასდროს შემხვედრია. მართალია, ვირტუალურად ვიცნობდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მის შესახებ ბევრად მეტი ვიცოდი, ვიდრე მას ეგონა. ჩვენს ურთიერთობაში ერთი ყალბი ნოტიც არ ერია.

ამიტომ გულისყურით ვუსმენდი ევას და თანავუგრძნობდი.

_ მითხარი, როგორ მოვიქცე, ანდრია? _ ხელისგულზე შუბლდაყრდნობილმა ქვემოდან ამომხედა. არასდროს მინახავს უფრო უაზრო მზერა, თითქოს ამქვეყნად არ იყო.

_ გული როგორც გიკარნახებს, ისე მოიქეცი, ევა! ორი ვარიანტი გაქვს, _ ან უნდა უთხრა, ვინც ხარ და რაც მოხდება, მოხდება, ან მეორე ვარიანტი _ დაატოვებინე ოჯახი და ცოლად გაჰყევი.

_ რაებს ამბობ, ადამიანო! რა ცოლად, რის ცოლად. ჩემნაირი ქალი ცოლად გამოდგება? ეეე! გამორიცხულია! რომ მიყვარდეს, მაშინაც არ გამოვა ეგ ვარიანტი და არც პირველი. ვერ ვეტყვი, რეალში ვინც ვარ.

_ მაშინ... მაშინ არ ვიცი. _ მხრები ავიჩეჩე, მე სხვა გზას ვერ ვხედავდი.

_ ამაღამ შენთან რომ დავიძინო, შეიძლება? მარტო დარჩენა არ მინდა.

_ დარჩი. პირიქით, მესიამოვნება, თუ ერთად ვიქნებით, _ გამიხარდა, დარჩენა რომ გადაწყვიტა.

_ ოღონდ სექსი გამომივა თუ არა, არ ვიცი.

_ ეგ მეც არ ვიცი, ამიტომ მოდი, უბრალოდ, ერთად დავიძინოთ და დანარჩენი მერე ვნახოთ.

ორივეს გაგვეცინა, რადგან ისიც და მეც ბოლომდე გულწრფელები ვიყავით. აი, ეს იყო ურთიერთობა _ ერთმანეთს არ ვატყუებდით...

გაგრძელება შემდეგ ნომერში