წამხდარი ქალი (თავი XII) - გზაპრესი

წამხდარი ქალი (თავი XII)

ცუდი დღეები დამიდგა. გუნებამოშხამული დავდიოდი. როგორ გამომესწორებინა სიტუაცია? უფრო სწორად, რა უნდა გამეკეთებინა, რომ სამივე კმაყოფილი დავრჩენილიყავით? ნანასთან ძველ ურთიერთობას ვერ აღვადგენდი, ეს გამორიცხული იყო - როგორც ქალი, ის აღარ მიზიდავდა, მაგრამ მეგობრობა შემეძლო. მართლა სულით და გულით დავუდგებოდი გვერდით. სამაგიეროდ, ნინისთან ყოფნა მწადდა. მწადდა მთელი არსებით, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ ფაქტობრივად, ესეც შეუძლებელი იყო. გადაგვარებული უნდა ვყოფილიყავი, ყოფილი საყვარლის შვილთან რომანი რომ გამება... მაგრამ... არსებობდა ერთი `მაგრამ"... სანამ ნანა გამოჩნდებოდა ჰორიზონტზე, მანამდე ვიცნობდი ნინის და ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა. მართალია, იგი არ მიცნობდა და სინამდვილეში მირაჟი იყო მისი მხრიდან ჩემი შეყვარება, მაგრამ მაინც...

არ მიყვარს ადამიანებზე ცუდის თქმა, მით უფრო იმათზე, ვისთანაც კარგად ვგრძნობდი ერთ დროს თავს... ამბობენ, ეს ძლიერების საუკეთესო თვისებააო. ჩემს ძლიერებაში ეჭვი არასდროს შემპარვია, მაგრამ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს ჩემი გონებრივი ტყუპისცალისთვის ყველაფრის თქმა შემეძლო. მასთან ნანა ხშირად მიგინებია. ანდრია ერთი და ანდრია ორი ხშირად კამათობენ. აი, მაგალითად, ახლაც. ანდრია ერთი ამტკიცებს, რადგან ნანა ასეთი ტყუილებით ცდილობს შენთან დაახლოებას, არ ღირს მასთან გაშინაურება და დაახლოება, დისტანციური ურთიერთობა აჯობებსო. ანდრია ორი კიდევ უმტკიცებს, ეგ იმიტომ, რომ ნანას ჯერაც უყვარხარ და არ უნდა კიდევ ერთხელ დაგკარგოსო. არადა, არ მესმის, რა არის აქ საკამათო. არც ანდრია ერთს და არც ანდრია ორს არ აღელვებს ნანა... აი, ისე, კაცი რომ აღელდება ქალის დანახვაზე ან შეხებაზე. ჰოდა, რატომ კამათობენ, ვერ გამიგია.

ნანაზე შეხედულება არ შემცვლია. როგორც მაშინ მოვნათლე, წარსულში, დღემდე ისე ვიხსენიებ - წამხდარი ქალი. არის რაღაცები, რაც არავის ეპატიება - არც ქალს, არც მამაკაცს. შეიძლება ღალატიც ვაპატიო ადამიანს, თუკი არ მომატყუებს და ამის შესახებ დროულად მეტყვის. გეფიცებით, მართლა შემიძლია ასე პატიება, მაგრამ თუ ჩემი გაშიფვრის მერე ჩამაყენებ საქმის კურსში, ვერა, ვერ გაპატიებ. თუმცა, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. მერე რა? ახალგაზრდა იყო, გამოუცდელი, მე ვიტყოდი - ხამიც, დაუნახავიც... ამიტომ ვერ გათვალა. არ იცოდა, რას მოუტანდა თავისი საქციელი. იქნებ არც უნდა ვამტყუნებდე? მას ოჯახის შექმნა უნდოდა, გათხოვება, შვილები... მე ეს არც ერთი არ მინდოდა. ვინ არის დამნაშავე, დღეს ერთად რომ არ ვართ? მე თუ ის? თუ დავუფიქრდებით, უფრო მე, ვიდრე ის. მაშინ რას ვერჩი? მართალია, არ უნდა ვერჩოდე. როგორც ჩანს, საბაბს ვეძებ, რომ იმ ძველი ურთიერთობის აღდგენის მცდელობას ყველანაირად შევუშალო ხელი.

თვალები გავახილე და გავიზმორე. მეყო ამდენი ფიქრი. ასეა თუ ისე, ცხოვრება მაინც მშვენიერია. მით უფრო, დილით, როცა გაიღვიძებ და პირველი, რასაც თვალის გახელის შემდეგ აკეთებ, გაზმორებაა. იდეალური დილა გაზმორებით იწყება და თუ გსურს, იგი იდეალურად დიდხანს შეინარჩუნო, კიდევ ერთხელ უნდა გაიზმორო, გაიღიმო, გვერდი მოინაცვლო და ისევ დაიძინო. ძილის შებრუნებაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს ცხოვრებაში.

ცხოვრება კი მშვენიერია. მისი არ უნდა გეშინოდეს, პირიქით, შენი ცხოვრების ავტორი უნდა იყო და არა მაყურებელი. სცენარი თავად უნდა დაწერო, კორექტივებიც თვითონ უნდა შეიტანო, თავგადასავლებიც უნდა ჩართო შიგ და საინტერესოც გამოვა. ასე რომ, ცხოვრება პიესაა და არა ჭადრაკის თამაში. ეს არის იმპროვიზაცია თემაზე... შეიძლება მინორული, შეიძლება მაჟორული... ყველაფერი შემსრულებელზეა დამოკიდებული. ავტორიც თავად ხარ და მსახიობიც. ხარისხის გარანტორი მხოლოდ შენ ხარ, სხვა არავინ.

ნინისთან შეხვედრამ გარკვეულწილად რაღაც პროცესები დააჩქარა. ორი დღე რომ გავიდა, ავდექი და ნანას სახლში მივადექი. არ დამირეკავს, მოულოდნელად გამოვეცხადე. თვალები გაუფართოვდა, ისე გაუკვირდა. სიხარულის ტალღამ სიწითლესთან ერთად შეუმჩნევლად გადაურა სახეზე. თუმცა, რაღა შეუმჩნევლად... მე ხომ დავინახე. მინდვრის ყვავილების თაიგული მივართვი. ვიცოდი, ყვავილები რომ უყვარდა, განსაკუთრებით მინდვრის ყვავილები.

- ცხოვრებაში რამდენჯერ მიჩუქებია შენთვის ყვავილები? - ღიმილით ვკითხე და გადავკოცნე. ჯერაც ახალგაზრდულად ფაფუკი და სალუქი სახის კანი ჰქონდა.

- არ მახსოვს... უფრო სწორად, ერთი მახსოვს და არასდროს დამავიწყდება, სხვები არა.

- ალბათ იმ ერთის გარდა სხვა შემთხვევა არც ყოფილა, რადგან ის ერთი მეც მახსოვს. უნივერსიტეტი რომ დაამთავრე და ერთადერთი ვარდი გაჩუქე, იმას გულისხმობ, არა?

- ჰო, - ნაპერწკლები დააკვესა თვალებიდან.

აი, ეს ნაპერწკლები მდაგავდა ყოველთვის, საოცარი თვალებიდან მაშხალასავით რომ გაყრიდა ხოლმე.

- მარტო ხარ?

- მარტო ვარ, კი. ლელი ჯერაც არ მოსულა. იმედია, დარჩები მის მოსვლამდე.

- არ ვიცი, ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ცოტა ხანს დავრჩები, გაქცევას არ ვაპირებ.

- სამსახურიდან მოდიხარ?

- ჰო, შინ არ შემივლია.

- მაშინ გასადილებ. გუფთა მაქვს...

- არა, არ მშია, მადლობა. ყავას დავლევ, თუ არის საშუალება და არ გეზარება.

- ახლავე. შენ შედი, დაჯექი, მე კი ახლავე მოვალ, - ნაზად თქვა და სამზარეულოსკენ გაეშურა.

სასტუმრო ოთახში გავედი. ძირს დაგებული ხის იატაკი ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ჭრაჭუნებდა. ვინ იცის, რა ხნისაა ეს სახლი, რამდენ წელს ითვლის. უცნაურია, აქ რომ გადაუწყვეტია სახლის შეძენა. ნუთუ მართლა ჩემ გამო გააკეთა ეს?

თვალები დავხუჭე და წამით წარსულში გადავინაცვლე. იმ დროის ენით აუწერელი მონატრება მჭირდა. ის ნანა მენატრებოდა და მსურდა, ეს - აღარ. ცუდია, ასე რომ ხდება. როგორ გინდა აუხსნა ადამიანს, ძველებურად აღარ მიზიდავო. მომიწევს ახსნა, სხვა გზა არ მრჩება.

- ზუსტად ისეთი მოვადუღე, როგორიც გიყვარდა. იმედია, გემოვნება არ შეგცვლია, - მომესმა ამ დროს ზურგს უკან.

ნელა შემოვბრუნდი, მისმა ნათქვამმა ხანჯალივით გამიარა გულში. ესეც კი დაუმახსოვრებია.

- შენ არ გინდა? მარტო მე უნდა დავლიო? - ფინჯანი გამოვართვი.

- წეღან დავლიე. ბევრს არ ვსვამ, მხოლოდ დილა-საღამოს. შენ, როგორც ჩანს, დაგავიწყდა.

- არა, არ დამვიწყებია, მაგრამ მე რა ვიცოდი, თუ უკვე დალეული გქონდა? - გავუღიმე. მართლა არ დამვიწყებია. ყველაფერი მახსოვდა, რაც მასთან მაკავშირებდა და ეს არც იყო გასაკვირი, მე ხომ მიყვარდა. თუმცა, მასაც ხომ ვუყვარდი რაღაც პერიოდის განმავლობაში? ბოლოს გააფუჭა ყველაფერი, თორემ, ალბათობის თეორიის მიხედვით, თუ ყველაზე არა, ერთ-ერთი ბედნიერი წყვილი მაინც ვიყავით იმ წლებში... ალბათ...

- შენი ყველა ჩვევა მახსოვს, განსაკუთრებით მავნე ჩვევები.

- მართლა? - გამეცინა, - მავნე ჩვევები აღარ მაქვს... სიყვარულსაც კი არ ვწყალობ.

ოდნავ შესამჩნევად შეერხა წარბები.

- რას ნიშნავს ნეტავ ეს? - ხმადაბლა იკითხა, ჩემ წინ სავარძელში ჩაჯდა, ხელისგულები მუხლებზე დაილაგა და თითები უტაქტ-ურიტმოდ აათამაშა.

- ქალის შეყვარებას გადავეჩვიე. ზედმეტი ტვირთია ჩემთვის სიყვარული. ახლა მგონი, გამომივიდა გასაგებად, არა? - გამიხარდა, ასე მოულოდნელად და თავისით რომ ჩამოვარდა საჭირბოროტო თემაზე საუბარი. ჭირის დღესავით მეზარებოდა საჩოთირო საუბრის დაწყება და არც ვიცოდი, საიდან დამეწყო.

- ეგ შენთვის ყოველთვის ზედმეტი ტვირთი იყო, - გამქირავად მესროლა.

- არა, ასე არ არის.

- იცი? ხანდახან მგონია, რომ არც არასდროს გყვარებივარ. უბრალოდ, სამარიაჟოდ გჭირდებოდი. შემომხედეთ, რა ლამაზი საყვარელი მყავს! - დამგესლა.

თითქოს თვალთ დამიბნელდა. იმდენად შეურაცხმყოფელი იყო მისი სიტყვები, რომ სიბრაზისგან კანკალმა ამიტანა. კიდევ კარგი, როგორც ექიმს, წლების განმავლობაში გამომიმუშავდა თავის ხელში აყვანის ინსტინქტი. თავის შეკავება ნებისმიერ სიტუაციაში შემეძლო.

- დიდი ვერაფერი სამარიაჟო იყავი სიფილისიანი გოგო, - ისე აგდებულად შევეპასუხე, გესლის ნთხევის სურვილი გავუქრე, - რომ არ მყვარებოდი, ჩემ გვერდით ვერ იქნებოდი... ერთი დღეც ვერ იქნებოდი. რაც შეეხება სილამაზეს, შენზე ბევრად ლამაზებიც არსებობდნენ. იცი რამ გააფუჭა ჩვენი ურთიერთობა? შენმა შეხედულებებმა. იმან, რომ თავი სამყაროს ცენტრი გეგონა. დარწმუნებული იყავი, რომ ყველა მამაკაცი შენ ირგვლივ იტრიალებდა, მე - მით უმეტეს. არასდროს დამავიწყდება შენი სახე, როცა ძალიან მშვიდად შევხვდი შენს ღალატს და დარჩენა არ გთხოვე. ალბათ დარწმუნებული იყავი, რომ ვერ დაგთმობდი. რაღაც დოზით მართალი ხარ... გამიჭირდა შენი დათმობა. მაგრამ ეს არ იყო ის შემთხვევა, როცა რაღაცებზე თვალის დახუჭვა შეიძლება. ღალატის პატიება არ გამიჭირდებოდა, მე სხვა რამე გამიჭირდა. შენი ტყუილები ვერ ავიტანე. ქალმა ერთხელ თუ სცადა შენი მოტყუება და გამოუვიდა, მერე აღარ დაგინდობს. უფრო და უფრო დიდი ხალისით და უფრო და უფრო დახვეწილი ტყუილების გამოგონებას იწყებს, რათა შენი მოტყუებით ღვთაებრივი სიამოვნება მიიღოს.

- მეგონა, წარსულზე აღარ ვილაპარაკებდით... - ხმა წაერთვა, წეღან ენერგიულად ათამაშებული ხელის თითები უღონოდ ჩაებღაუჭნენ სავარძლის სახელურებს.

- შენ დაიწყე, ჩემი ბრალი არ არის... - მხრები ავიჩეჩე და ყავა მოვსვი.

- ყოველთვის ყველაფერი ჩემი ბრალია...

- ყოველთვის არა და არც ყველაფერი... ნუ იგონებ... მოდი, ცოტა გავმხიარულდეთ, აქ საქმის გასარჩევად არ მოვსულვარ. მეგონა, ერთმანეთის ნახვა გაგვიხარდებოდა.

- ჰო, მეც ასე მეგონა. - ორაზროვნად მიპასუხა და ირონიულად ჩაიღიმა, - არა უშავს, ისე ვიმეგობროთ, ხომ შეიძლება?

- რა თქმა უნდა. მაპატიე, არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. თუ დამიჯერებ, მე თვითონაც მიკვირს.

- ძალიან კარგადაც იცი.

- შენ რა იცი, მე რა ვიცი?

- ყველა ადამიანმა იცის, რატომ ხდება მის თავს ესა თუ ის. მოდი, ნუღარ გავაღრმავებთ. ორივენი კარგად ვხვდებით, რაც ხდება. რაც არის, არის. უბრალოდ, შენი დაკარგვა არ მინდა. მე შენ არ მიძებნიხარ, სრულიად მოულოდნელად გამოჩნდი. მეგონა, ეს ღვთის ნება იყო. რადგან ხელმეორედ ერთმანეთს შეგვახვედრა, ნიშანი მოგვცა-მეთქი. წარსულმა კიდევ ერთხელ შემატორტმანა, თუმცა ახლა უკვე შემიძლია თავის შეკავება, ისე იოლად აღარ ვეცემი, როგორც მაშინ, მიამიტობაში. მიამიტობის ეტაპი დიდი ხანია, დამთავრდა. ახლა ისღა მინდა, რომ სხვა მხრივ მაინც დამიდგე გვერდში. იმედია, წარსულის მცირე დამსახურებები ამის უფლებას მაძლევს. ჩემი გოგოს მდგომარეობა მაშფოთებს. იცი, რამდენი წელია, ვიღაც უყვარს? ამ დროს თვითონაც არ იცის, ვინ. ვიღაც. უსახელო, უგვარო, უთვისტომო... იქნებ არც არსებობს რეალურად. შეიძლება ქალიცაა, რას გაიგებ! ამას რომ ვუხსნი, ცოფდება, არ მისმენს... დამეხმარე, გთხოვ... კაცს სხვანაირად შეუძლია ქალის შეგონება, ნდობის მოპოვების სხვანაირ ხერხებს ფლობს. მე ყოველთვის მჯეროდა შენი და ახლაც შენი იმედი მაქვს... ამ სოციალურმა ქსელებმა მთლად გააგიჟა ახალგაზრდობა. იქ ცალკე ცხოვრება აქვთ აწყობილი. მინდა, რეალურ ცხოვრებაში გაუმართლოს და არა ვირტუალურში. მთელ სიცოცხლეს ფანტაზიებში ხომ არ გალევს? ვუშველოთ რამე... ერთად ვუშველოთ... გთხოვ, ამაზე მაინც არ მითხრა უარი.

- არ ვიცი, რა გითხრა... მე სიამოვნებით დავეხმარებოდი, მაგრამ როგორ გგონია, მას სჭირდება ჩემი დახმარება? არ მეტყვის, შენ ვინ გეკითხება, ჩემს პირად ცხოვრებაში რომ იჭრებიო? მე მისთვის სრულიად უცხო ადამიანი ვარ. ვიღაც ვარ, გარედან მოსული...

- მთავარია, მისი ნდობა მოიპოვო...

- მაგრამ როგორ?

- როგორ და... - პაუზა გააკეთა, ჩაახველა და თვალები დახარა. მივხვდი, რაღაც ისეთი უნდა ეთქვა, რაც მე არ მესიამოვნებოდა, - ვითომ შევრიგდით, ვითომ ერთად ვართ... ასეთი სცენა გავითამაშოთ...

- ნანა... - შევაწყვეტინე, როცა მივხვდი, საითაც უმიზნებდა.

- ნუ მაწყვეტინებ, ძალიან გთხოვ... შენ არასწორად გაიგე. უბრალოდ, ხშირად უნდა იარო ჩვენთან. მე დაგირეკავ, როცა შინ იქნება და მხოლოდ მაშინ მოდი. ნუ გეშინია, ისე არ გავაკეთებ, რომ მარტონი დავრჩეთ, თუ ეს გაშფოთებს. მინდა, ერთმანეთს შეეჩვიოთ. მერე სადმე გახვალთ, დაპატიჟებ ან რაღაც ამდაგვარი. მოკლედ, შენ ეგენი არ გეშლება, რაღას მალაპარაკებ? მთავარია, იმის არსს ჩასწვდე, რის ახსნასაც ვცდილობ.

ამ დროს კარის სახელური გატკაცუნდა.

- მოვიდა! - ისეთი შეშინებული ხმით წარმოთქვა ნანამ, სიცილი ვერ შევიკავე.

- მერე რა? მოვიდეს, ჩვენც ხომ ეს გვინდა.

ნინი ჩემს დანახვას არ ელოდა.

- უი, თქვენ? რომელმა ქარმა გადმოგაგდოთ? - ისე ცივად მკითხა, უსიამოვნო ტალღამ გულის სიღრმეში რაღაცას მიმახეთქა.

- ამ სახლისკენ მომავალ ქარს გამოვყევი, - ხუმრობაში ვცადე გატარება, ვითომ მისი ირონია ვერ ვიგრძენი.

- აჰა... - დაკვირვებული მზერა ჯერ მე მომაპყრო, მერე დედამისს, - რაღაც ვერ ვატყობ, იმ ქარის კმაყოფილი იყოთ ან ერთი, ან მეორე. სწორად მივხვდი? ისეთი დაძმრებული სახეები გაქვთ, თითქოს დასაფლავებიდან ამწუთას დაბრუნდით.

- რა საზიზღრობებს გაიძახი, გოგო, რა გჭირს? - გაღიზიანდა ნანა და ადგა, - აბა, გიჟივით უნდა ვიცინოდეთ თუ რა?

- არა, არაფერი. თქვენ თუ კარგად გრძნობთ თავს, მე რა... - მხრები აიჩეჩა და ქვედა ტუჩი მოპრუწა, - მე მხოლოდ გამიხარდება.

- ჰოდა, გამოიცვალე ტანსაცმელი და ვისადილოთ. ანდრიაც მშიერია.

- რატომ მერე, რას ელოდებოდით?

- შენ. - ძალიან მშვიდი, ღიმილიანი სახითა და მომნუსხველი მზერით ვუთხარი და ხელებით `ესაა ჭეშმარიტება" ჟესტი გამოვსახე.

მისი გაოცება წარბების აჭიმვაში გამოიხატა. ერთხანს უნდობლად მიყურებდა, მერე თავი გაიქნია და თავის ოთახში გაუჩინარდა.

ნანამ სუფრა გააწყო. საჭმელი გააცხელა. გუფთის სასიამოვნო არომატმა სამზარეულო გადაავსო. ვიგრძენი, რომ მომშივებოდა. მართლა სიამოვნებით მივირთმევდი ახლა, მით უფრო, რომ გვერდით ნინი მეყოლებოდა, მის ხმას გავიგონებდი, მის მზერას დავიჭერდი, მის ისრებივით ირონიას ავისხლეტდი...

სანამ ნინი გამოვიდოდა, ნანამ ჩურჩულით მთხოვა, იქნებ როგორმე დაითანხმო, რომ ამ დღეებში სადმე გამოგყვეს - ან კინოში, ან თეატრში... რამე მოიფიქრეო.

შორს დავიჭირე. რატომ უნდა დამეპატიჟა კინოში ან თეატრში დედამისის გარეშე? რაღაც გამართლება ხომ უნდა ჰქონოდა ჩემს წინადადებას? მე კი ძალიანაც მინდოდა ასე, მაგრამ ეთიკურად რომ არ იყო ლამაზი?

ამ დროს სპორტულ შარვალში გამოწვართული შემოგოგმანდა. არ ვიცი, იმწუთას საიდან მომაფიქრდა, მაგრამ გამოსავალი უცებ მომწიფდა გონებაში და დავიწყე:

- ლელი... ერთი თხოვნა მაქვს შენთან, თუ არ დამზარდები...

- მე ნინი მქვია! - ყინულოვანი ხმით მომახალა.

დავმუნჯდი. ხომ ვიცოდი, რომ ნინი ერქვა, მაგრამ ისე იმოქმედა მისმა აღიარებამ, რომ ზუსტად ისე გამიკვირდა, წესით, როგორც უნდა გამკვირვებოდა.

- ლელი! - გაისმა ნანას გამაფრთხილებელი შეძახილი.

- მე ნინი მქვია, დედა! და თუ შეიძლება, აუხსენი ამ ადამიანს, ლელის რატომაც მეძახი! - და გაჩუმდა, მაგრამ რადგან ნანა ხმას არ იღებდა, თვითონვე გააგრძელა, - დედას უყვარს ეს სახელი და ბავშვობიდან ასე მეძახის, არადა, დაბადების მოწმობაში ნინი მიწერია და ყველა ასე მომმართავს. მეც ნინი მომწონს, ლელი კი არა და ვერ შევაგნებინე დედაჩემს, ეგ სახელი არ დამიძახოს. იქნებ თქვენ იქონიოთ მასზე გავლენა?

სიტუაცია ძალიან დაიძაბა. მე გაუნძრევლად ვიჯექი, ხმას არ ვიღებდი და ნანას რეაქციას ვაკვირვებოდი. ის კი ადგა და ოთახიდან გავიდა.

- რას აკეთებ? - მოგუდული ხმით ვკითხე ნინის, - მე მსაყვედურობდი, ცუდად ექცევი და მეშინია, გული არ გაუსკდესო და შენ თვითონ რას აკეთებ? ინსულტი სხვანაირად კი არ ვითარდება...

- ასე გაგრძელება არ შეიძლება. დავიღალე უკვე ამ ტყუილებით. არ მიყვარს, როცა მატყუებენ, მით უფრო არ მიყვარს, როცა მე ვიტყუები. თუ ერთად უნდა ვიყოთ, ერთ ჭერქვეშ ვიცხოვროთ თუ რაღაც ამდაგვარი, ერთმანეთი არ უნდა მოვატყუოთ... ასე არ არის?

- მართალი ხარ, ასეა, მაგრამ ძალიან ხისტად გამოგივიდა. დედას ასე არ უნდა მოექცე, მით უფრო, კაცის თანდასწრებით.

- აუ, ნუ მასწავლი, ვისთან როგორ მოვიქცე! - გაღიზიანებულმა შემომიტია, - ჭკუის დარიგებები არ იყოს!..

- მოდი, გავიდეთ სადმე და მე და შენ ცალკე ვისაუბროთ, კარგი? - ვცდილობდი, მოთმინებიდან არ გამოვსულიყავი.

- მე და შენ ცალკე რამე გვაქვს სასაუბრო?

- რა გემართება, ნინი? დღეს საერთოდ ვერ გცნობ... - ისე ალალად მივმართე, რომ სულ გადამავიწყდა, ვინ ვიყავი.

ნერვიული სიცილი აუტყდა, ისტერიკული.

- `დღეს საერთოდ ვერ გცნობ"... ისე მეუბნები, თითქოს წლების განმავლობაში ერთად მოვდიოდეთ. შენ რა იცი, მე როგორი ვარ სხვა დროს?

კინაღამ გავყიდე ჩემი თავი, მაგრამ სულაც არ დავბნეულვარ.

- ორი-სამი შეხვედრაც კი საკმარისია, რომ ადამიანზე გარკვეული შთაბეჭდილება შეგექმნას. გაცნობის დღიდან სულ სხვანაირი მეგონე, ახლა სულ სხვას გხედავ.

- ეს ისტერიკაა, რომელიც გაივლის... ცხოვრება მაქვს ასეთი, რას ვიზამთ. დედაჩემმა არ შემოგჩივლა? გეტყოდა რამეს, ვინ დაუშლიდა?.. რაო, რაო, წეღან? რაღაც სათხოვარი მაქვსო?

- საჩუქარი მინდა ვიყიდო დაახლოებით შენი ასაკის გოგოსთვის, ჩემი თანამშრომლის დაბადების დღეა ხვალ და თუ დამეხმარები...

თვალი თვალში გამიყარა და ღრმად ამოიოხრა, თან ლოყები გამობერა.

- მერედა, სადილი?

- სიმართლე გითხრა, ჭამის მადა გამიქრა, ისეთი ამბები დაატრიალე...

- ჰო. მართალი ხარ... კარგი, წავიდეთ. მოიცა, დედაჩემს ვნახავ. - ხელებით დოინჯი შემოიყარა და სამზარეულოში გავიდა, საიდანც თეფშების ჩხარაჩხურის ხმა მოისმოდა.

კარგა ხანს მომიწია ლოდინმა. არ ვიცი, რაზე ილაპარაკეს, მაგრამ როცა ნინი შემოვიდა, აფორიაქებული ჩანდა, ნანას კი, რომელიც უკან მოჰყვებოდა, თვალები ცრემლით ავსებოდა.

- მაპატიე, ანდრია... გაუგებრობაში მოგაყოლე, ხომ ხედავ... არ გეწყინოს, კარგი? მე მხოლოდ კარგი მინდოდა... - უხერხულად მოიფშვნიტა ხელები.

- არაფერიც არ მწყენია. რა იყო საწყენი? შენ მართალი ხარ, მას შემგონებელი სჭირდება. ვეცდები, რამე გავაკეთო... შენთვისაც და მისთვისაც...

- მადლობა... მიდით, მიდით, მითხრა უკვე, გავდივართო... იქნებ ყველაფერი მოგვარდეს... - თითქოს ტრანსშიაო, უაზროდ ჩაილაპარაკა, ხელი ნაზად გაიქნია და კვლავ სამზარეულოში გაუჩინარდა...

რამდენიმე წუთის შემდეგ მე და ნინი ვაკისკენ მივქროდით...

გაგრძელება შემდეგ ნომერში