წამხდარი ქალი (თავი XIII) - გზაპრესი

წამხდარი ქალი (თავი XIII)

კარგა ხანს დამატარებდა ყაზბეგის გამზირზე, მაღაზიიდან მაღაზიაში, ბუტიკიდან ბუტიკში და საჩუქრების ვარიანტებს მთავაზობდა. მეც კარგა ხანს ვიწუნებდი და ვყოყმანობდი, რომ მის გვერდით ყოფნის სიამოვნება გამხანგრძლივებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ჩინური მინიატიურული ლარნაკი ავირჩიე, თავისივე ხელოვნური ულამაზესი ტოტებით და შევიძინე. ამასთან, ნინისაც ვუყიდე პატარა სუვენირი მადლიერების გამოსახატავად - კოსმეტიკის ჩანთა - თეთრი, კოპწია და, ამავდროულად, ტევადი. რა თქმა უნდა, თავად ავარჩევინე და ბოლოს რომ ვუთხარი, ეს შენ ჩემგან-მეთქი, ჯერ გაოცდა, მერე კი გაწითლდა, რაც ძალიან მოუხდა. ვარდისფრად აელვარებული ღაწვები მეტ სინაზეს სძენდა. უკან რომ გამოვბრუნდით, სახლთან ჩამოვსვი, მე აღარ ავედი, ნანას კიდევ ერთხელ დანახვას მოვერიდე. რაღაცნაირად დამნაშავედ ვგრძნობდი თავს. მართალია, რაღაც-რაღაცები გავარკვიეთ ერთმანეთთან, მაგრამ მაინც ვერ მოვისვენე, არა და არ მომეშვა გულზე, რადგან ვიცოდი, რომ ვატყუებდი. ყველაზე გულსატკენი ის იყო, რომ ის მაინც იმედოვნებდა ძველი ურთიერთობის აღდგენას. მე კი გული მისი ქალიშვილისკენ მიმიწევდა, თუმცა, ყოვლად უიმედოდ. დარწმუნებული ვიყავი, ამ ამბიდან არაფერი გამოვიდოდა, თუმცა, მაინც წყალწაღებულივით ხავსს ვებღაუჭებოდი.

იმ დღიდან მოვუხშირე ნანასთან სტუმრობას. როგორ გაილაღა, უნდა გენახათ. ეგონა, მის გამო დავდიოდი. თვალდახუჭული მენდობოდა, როცა ნინისთან ერთად სადმე წავიდოდი. თავად იყო ხოლმე ინიციატორი, აქ წადით, იქ წადით, ორივემ შეამოწმეთ, ორივემ ნახეთ და ა.შ. თავიდან ცოტას კი აპროტესტებდა ნინი, მაგრამ დროთა განმავლობაში წინააღმდეგობა შესუსტდა და ბოლოს ისე მომეჩვია, რომ პატარ-პატარა საიდუმლოებებსაც მანდობდა. პარალელურად, იქ, ვირტუალურ სივრცეში მიყვებოდა რეალურ ცხოვრებაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

გამოდიოდა, რომ ორმაგ თამაშს ვთამაშობდი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღე დამადგებოდა, ეს ამბავი რომ გამსკდარიყო? იმდენად განვიცდიდი ამ ყველაფერს, რომ აშკარად დამეტყო ნერვიული ცვლილებები. ევასი არ იყოს, საკუთარ თავში ჩავიკეტე, გულჩათხრობილი გავხდი. ვერაფრით, ვერსაიდან გამოსავალს ვერ ვპოულობდი. არადა, ნინის ვერც ვაგრძნობინებდი, რას განვიცდიდი მის მიმართ, სიყვარულს კი არა, მოწონებასაც ვერ დავანახვებდი. ის ისე მიყურებდა, როგორც ოჯახის წევრს, როგორც ძალიან ახლობელ ადამიანს და ჩემი ლტოლვა რომ ეგრძნო, არასდროს მაპატიებდა, ახლოსაც აღარ გამიკარებდა.

ყოველთვის ასეთი უცნაური ცხოვრება მქონდა. მხოლოდ ჩემს თავს ხდებოდა ხოლმე გასაოცარი მოვლენები. სულ, სულ, მთელი ცხოვრება! ჩვილობაშიც კი ანომალიური რაღაცები მემართებოდა. ოთხი თვისას წინა ორი კბილი ამომივიდა, შვიდი თვისამ ფეხი ავიდგი... ასაკის მატებასთან ერთად ასეთი რამეები უფრო და უფრო ხშირდებოდა. ახლაც მორიგი საოცრება ხდებოდა ჩემს თავს. რაც მეტს ვფიქრობდი ამაზე, მით მეტად ვიხლართებოდი იდუმალ ლაბირინთში.

ფიქრებსა და გამოსავლის ძიებაში დრო გავიდა. ყველაფერი ძველებურად იყო, არსად არაფერი იცვლებოდა, არც შინ და არც გარეთ. ერთადერთი საინტერესო ის მოხდა, რომ ევა შეხვდა ყოფილ შეყვარებულს და თავის ცხოვრებაზე ყველაფერს მოუყვა. იმანაც ერთი კარგად შეაგინა, სულ ბოზი და ჩათლახი ეძახა, მერე გაცოფებულმა ქუდი დაიხურა და კარი გაიჯახუნა. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, მაგრამ საკმარისი იყო, დამთვრალიყო, ეგრევე ურეკავდა, შეხვედრას სთხოვდა და ტვინს უბურღავდა.

ეს იყო და ეს. სხვა ისეთი მნიშვნელოვანი ოქტომბრამდე არაფერი მომხდარა. აი, ოქტომბერში კი...

ერთ საღამოსაც, როცა ნანას მორიგი ვიზიტით ვეწვიე, ამრეზილი შემხვდა. ვერ მივხვდი, რატომ. ორი დღის წინ მშვენიერ გუნებაზე დავტოვე და მადლობაც კი გადამიხადა დამშვიდობების წინ, ასე რომ ზრუნავ ჩვენზეო. რა მოხდა? ვინმემ რამე ხომ არ ჩააწვეთა? გასაკვირი დღეს არაფერია. შეიძლება მეზობლები ალაპარაკდნენ, ჭორები გაავრცელეს...

- რა დაგემართა, რამე მოხდა? - შევეკითხე, ოთახში რომ შევედი. დივანზე დაჯდა და ფეხი მოირთხა.

- არაფერი, განა რამე უნდა დამმართოდა?

- რა ვიცი, ისეთი სახით შემომხედე წეღან, ვიფიქრე, რაღაც დავაშავე-მეთქი.

- ჯერ არ დაგიშავებია, მაგრამ ვგრძნობ, რომ დააშავებ, - ხაზგასმით წარმოთქვა და მრავალმნიშვნელოვანი მზერა მესროლა.

შევხედე. თვალი თვალში ჯიქურ გამიყარა და რამდენიმე წამის განმავლობაში ისე მიყურა, წამწამები არ დაუხამხამებია.

- ვერ ვხვდები, რისი თქმა გინდა... რატომ უვლი შორიდან? პირდაპირ მითხარი, თუ რამე გაქვს სათქმელი.

- ნინის გარშემო ნუ ურბენ, ამხელა კაცს ასე აცეტება არ გიხდება.

- როგორ, როგოოორ? - მარცხენა ყურის ბიბილოს საჩვენებელი თითი გამოვდე, ბებრებმა რომ იციან ისე, როცა არ ესმით, რას ეუბნებიან, და მეც ამრეზით მივაჩერდი, - განა შენი სურვილი არ იყო, დავახლოებოდი? შენს ზურგს უკან გავაკეთე რამე, თუ? ამ საყვედურს არ მივიღებ, ნანა. თუ არ მოგწონს, აქ რომ დავდივარ, პირდაპირ მითხარი და ხვალიდან ჩემი ფეხი არ იქნება თქვენს სახლში, - გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაოს პრინციპი გამოვიყენე.

არადა, მართალი იყო, ცილს სულაც არ მწამებდა. ქალია და გუმანმა უგრძნო, რომ მის ქალიშვილს ვეფანცქვალებოდი. თვალებმა გამყიდა ალბათ, შეყვარებულმა თვალებმა.

სარკასტულად ჩაიცინა. უეცრად ისეთი ზიზღით აევსო თვალები, თითქოს მის წინ მე კი არა, ვინმე ნაგვის ბუნკერიდან ამოსული ბომჟი მდგარიყო. ჩემს ლაბადას ხელი დავავლე და კარისკენ გავქანდი. ჩხუბის სურვილი არ მქონდა. ვიცოდი, წონასწორობიდან თუ გამოვიდოდი, აუცილებლად ცუდი რამეები დამცდებოდა და მერე თავს ვერ ვაპატიებდი.

- რას აკეთებ? - მომაძახა.

- მივდივარ, - უკანმიუხედავად წამოვიძახე.

- ის შენი შვილია! - იყვირა უეცრად.

ალბათ ბომბი რომ გამსკდარიყო ჩემგან ერთ მეტრში, ისე არ შემეშინდებოდა, როგორც ამ სიტყვების მოსმენისას. მეხდარტყმულივით ადგილზე გავშეშდი. მოულოდნელად თითქოს უზარმაზი კედელი დამეცა თავზე, თითქოს ზურგზე ვეებერთელა ტვირთი ამკიდეს... რამდენიმე წამი დამჭირდა, რომ ტვინს განგაშის სიგნალი მისწოდებოდა და გონებას სათანადო რეაგირება მოეხდინა. როგორც იქნა, დავიდა ჩემამდე ნანას ნათქვამის სიმძაფრე.

`ის შენი შვილია!~ - სამრეკლოს ზარის ჩამოკვრასავით ჩამესმოდა ყურში.

როგორც იქნა, შევძელი შემობრუნება. ლაბადა იქვე, სარკის წინ დავაგდე და ღრმა ამოოხვრით შევხედე ჩემ წინ მდგარ დოინჯშემოყრილ ლამაზ ქალს.

- ვისზე ამბობ? - გამომცდელად, მაგრამ ერთი ტონით ხმადაბლა ვიკითხე.

- ჩემს ქალიშვილზე... ის შენი ქალიშვილიცაა.

- ანუ... - საჩვენებელი თითი გავფშიკე, მარჯვნივ, კარისკენ გავიშვირე, - ის, ნინი, - მერე იგივე თითი მკერდზე დავიდე, - ჩემგან გყავს? ამის თქმას ცდილობდი? - ვგრძნობდი, თანდათან როგორ მიხშირდებოდა სუნთქვა. ალბათ ან წნევა მიწევდა, ან გული მღალატობდა.

ასეთმა უეცარმა შოკმა შეიძლება ადგილზე გაათავოს ადამიანი.

- ჰო, სწორედ მაგის ახსნას შევეცადე. მართალია, ამ საიდუმლოს გამჟღავნებას არასდროს ვაპირებდი, მაგრამ ისე წავიდა საქმეები, რომ იძულებული გამხადე.

- მე გაგხადე იძულებული?

- დიახაც. შენ... ვერ ხვდები, ბოლო დროს როგორ იქცევი? ვერ ხვდები, რომ უკვე თითქმის შეყვარებული ხარ? ასეთი მზერით ერთ დროს მე მიყურებდი. უარყოფას ნუ შეეცდები, მაინც არ დაგიჯერებ. ძალიან კარგად გიცნობ და ვიცი, როგორია შეყვარებული ანდრია ჯორჯიკია.

- ნანა! - ვიყვირე და ისე წავბარბაცდი, თავის შესამაგრებლად სარკის კიდეს ხელისგულით დავეყრდენი. შუბლზე ცივმა ოფლმა გამოჟონა.

- არ მჯერა შენი... რაღაცას მატყუებ. არც ასაკი ემთხვევა და...

- ემთხვევა... არ გამოთვალე სწორად, ან არ გახსოვს, როდის დავშორდით ერთმანეთს. შენ ბევრი რამ დაგავიწყდა.

- მე არაფერი დამვიწყებია. ჩვენი სიყვარულის ყველა დღე დღევანდელ დღესავით მახსოვს. მე არ დამვიწყებიხარ. მით უფრო, ჩვენი ბოლო შეხვედრაა დაუვიწყარი. მაგრამ მაშინ ხომ სხვას ხვდებოდი. რატომ გინდა, სხვისი შვილი შემომტენო? ამით ვერაფერს მოიგებ, ხომ კარგად იცი. ბოლოს და ბოლოს, არსებობს დნმ-ის ანალიზი, რომლითაც ყველაფრის გარკვევა შეიძლება.

ისევ სარკასტული სიცილი.

- მერედა, ვინ გიშლის? გააკეთე და გაარკვიე, ჩემი თუ არ გჯერა. რა იყო, შეგეშინდა? შვილი არასდროს გინდოდა და ახლა უცებ ამხელა რომ გაგეჩითა, შეშინდი, არა? ნუ, ნუ, არ გინდა. ჩვენ ხომ არაფერს არ გთხოვთ. უშენოდ მოვედით აქამდე და უშენოდვე გავაგრძელებთ ამის შემდეგაც.

- ნანა, ცოტა ხნით შეგიძლია გაჩუმდე? - ჩურჩულით ვკითხე გაფითრებულმა, ცივი ოფლი მასხამდა და მასხამდა, - რატომ მაშინვე არ მითხარი, თუ ორსულად იყავი? გეხუმრეო, არ ვარ ორსულად, მხოლოდ შენი რეაქცია მაინტერესებდაო, შენ არ იყავი, რომ მეუბნებოდი? იქნებ ყველაფერი შემეცვალა? იქნებ სწორედ შვილი გამხდარიყო ჩვენი ერთად ყოფნის საიმედო საყრდენი?

- კარგი რა, საკუთარ თავს ნუ დასცინი! - ხელი მსუბუქად აიქნია, - რა ერთად ყოფნა, რის საყრდენი... თუ ძმა ხარ! - ძველბიჭურად დაამატა, - შენ ისე გეშინოდა ამისთანა რამეების, მაგას როგორ გაგიმხელდი? ვიფიქრე, აბორტს გავიკეთებ-მეთქი, მაგრამ დეიდაჩემმა არ დამანება. შენ ოღონდ გააჩინე და მე გაგიზრდიო. კიდევ კარგი, იმ პერიოდში ჩემი მომავალი ქმარი გავიცანი. ისე შევუყვარდი, ადგილს ვერ პოულობდა, მეხვეწებოდა, ცოლად გამომყევი და ყველა სურვილს აგისრულებ ცხოვრებაშიო. მეც რას ვკარგავდი, ავდექი და მივახალე, ასე და ასე, სხვისგან ორსულად ვარ-მეთქი. ისე შეეცვალა სახე, მივხვდი, არ ესიამოვნა, მაგრამ ამის გამო უკან არ დაუხევია. ბავშვი ჩემს გვარზე გავაფორმოთ და მხოლოდ მე და შენ ვიცოდეთ, რომ ასეა, ღვიძლი შვილივით გავზარდოთ და საქმეც მოგვარდებაო.

ამაზე დავთანხმდი. როცა ნინი დაიბადა, ხმა გავავრცელეთ, ვითომ შვიდთვიანი გაჩნდა, სინამდვილეში დროულად ვიმშობიარე. ამიტომ არავის გაუგია, სხვა კაცისგან რომ მყავდა. ჩემმა ქმარმა მართლა ღვიძლი შვილივით შეიყვარა, გაზრდაში მეხმარებოდა, თვითონაც არაფერი დაუკლია მისთვის და ისე მოკვდა, არასდროს წამოუძახებია ჩემთვის, შვილი არ გამიჩინე და სხვისას ვზრდიო.

ნერვიული კანკალი დამეწყო, ადგილზე ვერ ვჩერდებოდი, მუხლები მეკვეთებოდა. ასე მეგონა, უეცრად ბრაზილიურ სერიალში ამოვყავი თავი. ალბათ თქვენც გეცინებათ. გგონიათ, რომ ასეთი რამეები სინამდვილეში არ ხდება. თურმე ხდება, მაგრამ... მხოლოდ ჩემ გარშემო, მხოლოდ მე უნდა დამემართოს მსგავსი სასწაულები. თურმე სამი წელია, საკუთარი ქალიშვილი მიყვარს. ეს ნორმალურია? რატომ მოხდა ასე? რის გამო დამსაჯა ბედისწერამ ასე მწარედ? რა დანაშაულისთვის გავიწირე?

მეტის ატანა აღარ შემეძლო. ელვის სისწრაფით წამოვავლე ლაბადას ხელი და ოთახიდან გავვარდი. გიჟივით მივრბოდი დაღმართზე. ერთი სული მქონდა, ჩემს ეზომდე მიმეღწია, სადაც მანქანა მეყენა, ჩემს ბინაში შევვარდნილიყავი და ლოგინზე დავმხობილიყავი. ახლა საჭეს ვერ მივუჯდებოდი, აუცილებლად ვიღაცას ან რაღაცას შევასკდებოდი...

არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიყავი გულდაღმა დამხობილი. შეიძლება ერთი საათი, იქნებ მეტიც... ძლივს ავითრიე ტანი, მთელ სხეულში ისე მტეხდა, თითქოს გვარიანად ნაბეგვი ვყოფილიყავი. კარგი ის იყო, რომ აღარ მაკანკალებდა, ნერვები დამმშვიდებოდა. ჩემდა უნებურად, აპათიამ შემიპყრო. საერთოდ არ განვიცდიდი, ასე რომ მოხდა. ისე გულგრილად აღვიქვამდი მომხდარს, როგორც ვიღაც მესამე პირის თავს გადახდენილ სევდიან ამბავს.

მანქანა დავქოქე და შინისკენ გავეშურე. ეზოში შემოვედი თუ არა, თავისი კარის ზღურბლთან ევა დავინახე. ჩემი მანქანის ხმაზე გარეთ გამოსულიყო და მელოდებოდა. ხელში შამპანურის ბოთლი ეჭირა.

- ცუდად გამოვიყურებით, ქირურგო, რა გვემართება? შემოგვიტიეს ქალებმა?! - შემომღიმა და ბოთლი ცხვირთან ისე მიიტანა, თითქოს სახეზე აფარება სურსო.

- გამოიცანი! ასე ცუდად მგონი, არასდროს ვყოფილვარ.

- იტყუები, ასე ცუდად ხშირად ყოფილხარ, უბრალოდ, აღარ გახსოვს. უფრო სწორად, გახსოვს, მაგრამ ეს ახალია და უფრო მძაფრად აღიქვამ. შესაბამისად, გეჩვენება, რომ ყველაზე ცუდად სწორედ ახლა ხარ. აბა, დაფიქრდი, არ ვარ მართალი?

დავფიქრდი. უყურე შენ! როგორ ზუსტად ჩამოაყალიბა ჩემი მდგომარეობა. მართალი იყო.

- კი, მართალი ხარ.

- როგორც ყოველთვის, - ხალისიანად დააყოლა.

- ეგ რა გიჭირავს ხელში? შენც არ უნდა იყო უკეთეს დღეში, მგონი, არა?

- ხო. იმ ლაწირაკმა გადამაგდო.

- ვინ ლაწირაკმა?

- იმან, სიყვარულს რომ მიხსნიდა და გასაქანს რომ არ მაძლევდა.

- ხომ დაშორდი? კიდევ გირეკავს?

- წუხელ დამირეკა, მთვრალი იყო. მაშინვე მივხვდი, ფხიზელი ხომ აღარ რეკავს და დათვრება თუ არა, მაშინვე ტვინის ბურღვას იწყებს. ხვალ უნდა გნახოო, უნდა გელაპარაკოო, ასე დისტანციურად არ შემიძლიაო.

- მერე?

- კარგი-მეთქი, ვიფიქრე, ჯანდაბას, შევხვდები. ბოლოს და ბოლოს, ერთხელ დავუწვები, იქნებ დაწყნარდეს და მომეშვას-მეთქი. პირველზე დამირეკე! - ვეუბნები. - გაგიჟდი? მაგდენ ხანს რა მომათმენინებს? თერთმეტზე დაგირეკავ! - მეუბნება. ამაზეც დავთანხმდი. ჰოდა, ვზივარ დღეს დილიდან და ამ დრომდე ველოდებოდი, როდის დამირეკავდა. შენც არ მომიკვდე! აი, უკვე რომელი საათია და არ დაურეკავს. არც კი გავახსენდი. მაგის დედას... - გინება მუშტზე ხელისგულის დატყაპუნებით დაასრულა.

- დაიკიდე, რა. საერთოდ აღარ დაელაპარაკო, გაუთიშე ხოლმე, როცა გირეკავს და მორჩა.

- ეგრეც ვაპირებ, მაგრამ ისე მომეშალა ნერვები, ახლა რომ არ დავლიო, მოვკვდები. არ გინდა ერთად დავლიოთ? კომპანიონი მჭირდება.

- შენთან ერთად ყველაფერი მინდა, - ტკბილად ვუთხარი და მისი თავი მკერდზე მივიხუტე.

ეს გოგო მართლა გულით მიყვარდა. ალალმართალი იყო და იმიტომ. სულ არ მაინტერესებდა მისი ცხოვრების სტილი. ჩემთვის ყველაზე სუფთა და ფაქიზი ადამიანი იყო ამქვეყნად, როგორც ნინი.

- მადლობა, ანდრია! - გულაჩუყებულმა მითხრა, ხელები წელზე მომხვია და თავის შამპანურიანად ჩამეხუტა.

- წამო, შევუდგეთ საქმეს, - კიბის მოაჯირს დავეყრდენი, - მაგრამ მე საჭმელი არაფერი მაქვს, შენ?

- არც მე... ყველი მაქვს და პური... და კიდევ მწნილი.

- ოჰ, მეტი რაღა გინდა, შე ქალო! მეფური სუფრა გაგვიშლია და ეგაა! - სიცილით მივაძახე თავისი ოთახისკენ გაქცეულს და შამპანურის ბოთლი, ხელში რომ მომაჩეჩა, გასაგრილებლად გახურებულ შუბლზე მივიდე.

აბა, ორ კაცს ერთი ბოთლი შამპანური რას გვიზამდა? თანაც, მე ცოტას ვსვამდი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ შამპანურს არ ვწყალობ, გულძმარვა მეწყება და მეორეც - არ მათრობს. ძმაკაცები მეხუმრებიან, შამპანური არისტოკრატების სასმელია და შენ, როგორც არისტოკრატს, რას მოგერევაო. მე კი ვიცი, რომ არისტოკრატობა არაფერ შუაშია, მაგრამ მაინც არ ვეკამათები. დაე, ილაყბონ.

მე, როგორც ჭეშმარიტ ჯენტლმენს, ბარი გამოტენილი მაქვს სასმელებით. რა გინდა, სულო და გულო, რომელი ქვეყნის რა სახის სასმელს მოისურვებთ, მე რომ არ მქონდეს. მაგრამ ხანდახან ისე მენანება ხოლმე ჩემი იშვიათი ეგზემპლარები, რომ გახსნა მიძნელდება და თუ დავაპირე, ხელები მიკანკალებს. ისე, ხუმრობა იქით იყოს და კოლექციონერობას ზედმეტად სცოდნია მიჩვევა. შეგროვების პროცესი უფრო და უფრო მიტაცებდა, აი, გახსნის კი პირიქით, მინელდებოდა. ჩემი მეგობრები ისე არ ჩამოვიდოდნენ საზღვარგარეთიდან, ჩემთვის ერთი ბოთლი უცხო სასმელი მაინც არ ჩამოეტანათ. ყველაზე ძვირიანებს და ყველაზე უცხოებს ხელს არ ვახლებდი, სამარიაჟოდ მჭირდებოდა, უფრო წვრილ-წვრილებს კი შეძლებისდაგვარად ვიმეტებდი გასახსნელად. ყველაფერი მაინც სტუმარზე იყო დამოკიდებული. სტუმარზე და... სიმთვრალის ხარისხზეც. კარგა გვარიანად შემთვრალი ძალიან გულუხვი ვხდებოდი და შემეძლო, ნებისმიერი ბოთლი გამეხსნა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასიც კი, მაგრამ თუ ჭკუა მომეკითხებოდა, მაშინ ვერავინ შეძლებდა ჩემს ცდუნებას.

ახლა შემთვრალიც კი არ ვიყავი, მაგრამ ევასთან თავის მოწონება მომინდა და ჯეკ დენიელსის ყველაზე ძვირიანი ვისკი გავხსენი. ამოვიღე თუ არა თავისი მეტალის ყუთიდან, ევა გადაირია.

- აუ, ეს ყუთი თუ არ მაჩუქო, შენ იყო უსინდისო ადამიანი!

- წაიღე, გოგო, რა ოხრობად მინდა, თუ იცი? - ასეთ უბრალო თხოვნაზე უარს როგორ ვეტყოდი?

- მაგარი ხარ, ანდრო, გენაცვალე მე შენ! - ევა კარგა გვარიანად იყო შეზარხოშებული, - მე ამას ვერ დავლევ, თორემ სასმლის არევა ბოლოს მომიღებს, მაგრამ გიყურებ, შენ როგორ დალევ.

- შენ შამპანურს გაგიხსნი. გგონია, არ მაქვს?

- არ მინდა, ამაში კიდევ ბლომად ასხია, ვიმყოფინებ. თუ არადა, მერე ვნახოთ. აქ არაა? სად წავა.

- მართალი ხარ, სად წავა.

- ისე, თუ აკვირდები, ბოლო დროს სულ ერთფეროვანი ცხოვრება რომ გვაქვს მე და შენ? დავეჩვიეთ ლოთურ ყოფას, აი. - და სიცილი ატეხა. მეც გამეცინა.

- ნეტავ სად უფრო გვიჭირს, ტვინში თუ გულში? - დააყოლა და ტვინის წარმოთქმისას თითი თავის შუბლზე მიიდო, გულის წარმოთქმისას კი მე მატაკა მკერდში.

- ალბათ უფრო ტვინში, - ეშმაკური გამომეტყველებით მივუგე.

- გიჯერებ... როგორც მედიცინის მუშაკს, გიჯერებ... შენ უკეთ იცი, ამ დროს სად უფრო ძლიერად ფეთქდება სიყვარულის ბომბები. ისე, ჩვენში დარჩეს და... არ მომიყვები, რა გჭირს?

- მოგიყვები, აბა რას ვიზამ! - და მოვუყევი, რაც ნანამ მითხრა.

- საინტერესო ამბავია, - სანამ ვყვებოდი, კრინტი არ დაუძრავს, არც გაკვირვება გამოუხატავს და არც გაბრაზება, თვალებს აფახულებდა მხოლოდ. როცა ლაპარაკს მოვრჩი, მაშინღა ამოიდგა ენა, მაგრამ ისევ ისე, უემოციოდ, - გჯერა მისი?

- არ მჯერა, მაგრამ მაინც მჯერა... არ ვიცი, რა ვიფიქრო. რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში გადავამოწმებ, მაგრამ ამისთვის უდიდესი სიფრთხილის და ტაქტის გამოჩენა იქნება საჭირო. არ მინდა, ნინი დავაშინო... არც ის მინდა, ტყუილად გული ვატკინო.

- იქნებ არც გატყუებს... აუცილებლად უნდა გაარკვიო, - შეცვლილი ხმით გამოთქვა თავისი მოსაზრება, - ბანალური შემთხვევაა, მაგრამ ჩვენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ბანალური არ არის? არავის არაფერი არ უკვირს უკვე. სურათი არ გაქვს იმ ქალის? მაჩვენე და გეტყვი, რამდენად გულწრფელია. ადამიანს სახეზე აწერია საკუთარი ბუნება.

- კი, მაქვს, ნინის დაბადების დღეზე მობილურით გადავიღეთ. აგერ მაქვს, ალბომში. - მობილურში ალბომი მოვძებნე და ევას გავუწოდე.

თავისი ჩამოქნილი თითებით დაიწყო ფოტოების გადაფურცვლა. ხმას არ იღებდა. ერთი-ორჯერ ძალიან სერიოზული და გამომცდელი თუ დაკვირვებული მზერით გამომხედა, თქმით კი არაფერი უთქვამს. დიდხანს ათვალიერებდა. ბევრი ფოტო არ მქონდა მობილურში, მაგრამ იმდენ ხანს ათვალიერებდა ერთსა და იმავეს, რომ გეგონებოდათ, სქელტანიანი ალბომი უდევს წინ და მის გადაფურცვლას ვერ აუდისო.

- აი, თურმე რა ყოფილა! - თქვა ბოლოს ყრუ ხმით და ტელეფონი გამომიწოდა, - იცი რამდენი წელია, ამ ქალს ვეძებ? მხოლოდ ახლა, ამწუთას მივხვდი, რომ ვერც ერთი ადამიანი თავის ბედისწერას ვერ გაექცევა.

- რატომ ეძებ? აგერაა და როცა გაგიხარდება, მაშინ მიგიყვან, რა პრობლემაა? არ მითხრა ახლა, ვალი აქვს ჩემიო.

- თანაც რამხელა!.. ვერასდროს ვერაფრით რომ ვერ გადაიხდის.

დამაინტრიგებელი შემთხვევა იყო. გაოცებული დავრჩი. განა რა უნდა ყოფილიყო ისეთი ვალი, რომლის გადახდას ადამიანი ვერასდროს შეძლებდა? ან კი რად უნდოდა ამდენი ფული, თუ დიდძალ თანხაზე მიდიოდა საუბარი? ახლავე უნდა გამერკვია ეს საკითხი...

გაგრძელება შემდეგ ნომერში