წამხდარი ქალი (თავი IX) - გზაპრესი

წამხდარი ქალი (თავი IX)

ჩემი დარჩენილი სიცოცხლის დარჩენილმა მონაკვეთმა ათვლა დაიწყო. თუმცა, სანამ ახალ ამბავს გავიგებდი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ პოსტლუდიის ფაზაში უნდა შემებიჯებინა.

ხმას არ ვიღებდი, შევყურებდი ევას და ნანაზე ვფიქრობდი. რატომ გადაეჯაჭვა ასე ყველაფერი ერთმანეთს? სად ნანა და სად ევა? რატომ მაინცდამაინც ჩემი მდგმური? ის არ იყო საკმარისი, თვითონ რომ გამომეცხადა მოჩვენებასავით და ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა? ნეტავ არ შემხვედროდა, ნეტავ სამუდამოდ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან!

_ როდის შემახვედრებ, ანდრია? _ ევას ხმა შეეცვალა.

_ არ მეტყვი, რატომ დაეძებ ასე გამწარებული?

_ არ ღირს, გითხრა. სასტიკად არ მოგეწონება.

_ რატომ, რა არის ასეთი?

_ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ცუდად ვარ, _ გაფითრებულ ევას შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა.

_ ევა, რა გემართება?

_ ღმერთს მადლობა შევწიროთ, რომ ნინი შენი შვილი არ აღმოჩნდეს.

_ მაგას უკვე ვევედრები ღმერთს. ახლა მთავარი ისაა, როგორ გავიგო სიმართლე.

_ მარტივად. დნმ-ის ანალიზით.

_ ჰო, მაგრამ ეგ როგორ მოვახერხო? რა ვუთხრა? ნინი, მგონი ჩემი შვილი ხარ და ეგ ამბავი უნდა გავარკვიოთო? მაგას ვერ ვიზამ. იქით ნანა აყვირდება, ჩემი არ გჯერაო...

_ მაგის გარკვევა ჩემი დნმ-ითაც შეიძლება, _ მოგუდული ხმით ამოთქვა და მზერა ამარიდა.

_ შენი? შენ რა შუაში ხარ? _ ვერაფერი ვერ გავიგე.

_ მე და ნინი ტყუპისცალები ვართ. მაგ საზიზღარმა ქალმა მე გამაშვილა, ნინი კი დაიტოვა. აი, რატომაც ვეძებ ამ დრომდე.

ეს არ იყო თავზარდაცემა, არც სასოწარკვეთა, არც მოულოდნელობით გამოწვეული შიში, არც შოკი! ეს რაღაც სრულიად უცხო განცდა იყო, რომელიც ცხოვრებაში არ გამომიცდია. ალბათ ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ყველაფერი ერთად, თან კუბში აყვანილი. ვგრძნობდი მხოლოდ იმას, რომ თვალთ დამიბნელდა, ენა გამიშრა და მეტყველების უნარი დავკარგე. შემეშინდა, ინსულტმა ან ინფარქტმა არ მხიოს-მეთქი. ჩემს ასაკში ხომ ყველაზე მეტადაა გახშირებული ეს ორი დაავადება. ამაზე მეტად ამაზრზენი რა უნდა გამეგო? ნუთუ ეს ყველაფერი სიმართლეა? იქნებ მესიზმრება და კოშმარიდან ვერ გამოვდივარ?

_ ანდრია! ანდრია! _ ვიგრძენი, რამდენჯერმე როგორ გამილაწუნა ევამ სახეზე.

_ დამშვიდდი, კარგად ვარ, _ ამოვილუღლუღე.

_ რაღა კარგად ხარ, თვალები გვერდულად წაგივიდა, სადღაც იყურებოდი ალმაცერად, თითქოს მარცხნივ და თითქოს ზეცაში. _ შეშინებულმა ისე ჩქარა-ჩქარა მომაყარა, ძლივს გავიგე, რა მითხრა.

_ არა, გადავრჩი, როგორც ჩანს, გავუძელი, _ ვთქვი და ზედა და ქვედა კბილები ერთმანეთს ისე ძლიერად დავაჭირე, ყბები მეტკინა, _ ასე არ შეიძლება იყოს, ევა! დავიჯერო, ღმერთმა ასე გამწირა? შენ რომ ჩემი შვილი აღმოჩნდე, ხომ ყველა ვარიანტში უნდა მოვიკლა თავი, ა?

ევას ნერვიული სიცილი აუტყდა. აშკარად ისტერიკამ შეიპყრო. თავი უკან გადააგდო და უაზროდ ახარხარდა.

_ ევა! _ ახლა მე შემოვულაწუნე და უცებ გავაჩუმე.

შემომხედა. ნელ-ნელა ეღრიცებოდა სახე, ებრიცებოდა ტუჩები და უსევდიანდებოდა თვალები. მერე ცრემლები ჩაუდგა გუგებში, მერე შიში, მერე სიბრაზე...

_ სისულელეა... ეს ყველაფერი სისულელეა, _ ამოიჩურჩულა, _ ის ქალი არ არის ნორმალური. მანია აქვს, ტყუილები მოიგონოს და სხვები `დააბოლოს~. ჩვენ მას გავშიფრავთ.

_ ევა, დარწმუნებული ხარ, რომ ნანა ის არის, ვისაც ეძებ? იქნებ ფოტოზე ჰგავს მხოლოდ და გეშლება?

_ არა, არ მეშლება. ეგაა, ზუსტად ვიცი. ერთხელ შევხვდი და მაშინაც მომატყუა, დამემალა. მერე კი ვეღარ ვიპოვე.

_ მაგრამ... მოიცა, შენ ხომ ოცდაექვსი წლის ხარ? ნინი კი ოცდახუთისაა. _ მოულოდნელად მომაგონდა, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა რომ იყო და ისე გამიხარდა, თითქოს ერთ წამში მილიონი მეშოვოს.

_ არ ვარ ოცდაექვსის. მხოლოდ დაბადების მოწმობაში მიწერია ასე. ისიც იმიტომ, რომ დედაჩემს წლის და ერთი თვის ბავშვი გარდაეცვალა თურმე, გოგონა, და ქმარს არაფერი სცოდნია, რადგან ციხეში მჯდარა მკვლელობისთვის. ამასაც უფიქრია, სხვა ბავშვს ავიყვან და სანამ ის ციხიდან გამოვა, ბავშვი გაიზრდება და ვერ მიხვდებაო. ერთი სიტყვით, ჩემი და, მგონი, შენი ცხოვრებაც ძალიან ჰგავს თურქულ სერიალს.

_ ბრაზილიურს, _ შევუსწორე ნერვიული სიცილით.

უკანასკნელი იმედიც გამიხუნდა. მეგონა, მისი წლოვანება სხვა გზაზე დაგვაყენებდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩამივარდა.

მოცელილივით გადავესვენე დივანზე.

_ ევა, რა ვქნათ? _ ძლივს გასაგონი ხმით ვკითხე და თვალები მივლულე.

_ პირველ რიგში, დნმ-ს მივხედოთ. მერე კი გავიგოთ, რომელ სამშობიაროში იმშობიარა ქალბატონმა და 1990 წელს ვინ იყო ჩვენი გაჩენის ღამეს მორიგე ექიმი ან ბებიაქალი, ან ვინ ჩაიბარა მშობიარობა... როგორც იყო, რა.

თავში ყველაფერი ერთმანეთში მერეოდა. ძალიან ცუდად ვიყავი, ვერა და ვერ ვწყნარდებოდი. ამხელა კაცი გულში ქალივით ვლოცულობდი და ღმერთს ვევედრებოდი, ამ საშინელი მდგომარეობიდან როგორმე გამოვეყვანე, ოღონდ ეს გოგოები ჩემი შვილები არ აღმოჩენილიყვნენ, და ყველა სხვა სასჯელზე, ასჯერ უარესზეც თანახმა ვიყავი, თუ განგება მომივლენდა.

ისე ვიყავით ანერვიულებულები, რომ ლაპარაკის თავიც არ გვქონდა. ჯეელობის შემდეგ სიგარეტი არ მომიწევია, ახლა კი რომ მივეძალე ევას წვრილღერიან რაღაც უცნაურ `მონდს~, სანამ კოლოფი არ ჩავამთავრე, პირიდან არ გამიგდია. არც ჩემი მდგმური თუ შვილი იყო უკეთეს დღეში.

_ რა უცნაურია, შენ მართლა ჰგავხარ ნანას. ეს მაშინვე შევნიშნე, როცა პირველად დაგინახე, მაგრამ ნინი არც შენ გგავს და არც ნანას. ტყუპისცალები როგორ ხართ?

_ მერე რა? არ გინახავს ისეთი ტყუპისცალები, ერთმანეთს რომ არ ჰგვანებიან? მე მინახავს და თანაც არა ერთი და ორი.

_ ისე, ჰო, ეგეც მართალია... _ კიდევ ერთხელ გამიცრუვდა იმედი.

_ არ გვინდა ამდენი მკითხაობა და თვითგვემა. იცი, სად აკეთებენ დნმ-ის ტესტებს?

_ როგორ არ ვიცი, მაგის მეტი რა ვი... _ წინადადება ვერ დავამთარვე, ისეთი ხველება ამიტყდა. როგორც ჩანს, ერთდროულად ამდენის მოწევამ თავისი ქნა.

_ წავალ, სიგარეტს ამოვიტან, _ ევა წამოდგა.

_ რა დროს სიგარეტია ამ შუაღამეს, სადღა იქნება ახლა რამე ღია.

_ არა, ოთახში მაქვს მთელი ბლოკი. მე ხომ ვიმარაგებ. ქვემოდან ამოვიტან.

_ ააა, _ გამეღიმა, როგორი თავშენახული ქალია. ამ მხრივ მართლა მგავს. ამის გაფიქრებაზე შემაკანკალა. ღმერთო, მე ხომ ამ გოგოსთან სექსი მქონდა. მოაწყვე ისე, რომ ჩემი შვილი არ აღმოჩნდეს, თორემ თავს არ ვიცოცხლებ!

თვალში მომხვდა ლურჯი საფერფლე, რომელშიც ისე ეყარა სიგარეტის ნამწვავები, შორიდან ბეზეს ტორტი გეგონებოდა. ავდექი, საფერფლეს ხელი დავავლე, სამზარეულოში გავედი და ნაგვის ყუთში ჩავაპირქვავე.

რაღაც რომ გავაკეთე, ოდნავი შვება ვიგრძენი. ამასობაში ევაც დაბრუნდა და მოტანილ სიგარეტს თხელი ცელოფანი შემოაცალა. ეს ხმაც კი ნერვებს მიწიწკნიდა უკვე. ჩემს ჭკუაზე არ ვიყავი.

_ ანდრია, ახლა მე და შენ ვიძინებთ, ხვალ დილით კი მივდივართ სადაც საჭიროა, იქ და დნმ-ის ანალიზს ვიკეთებთ. გასაგებია? _ საქმიანი ტონით მომიბრუნდა.

_ ჰო, სხვა რა დაგვრჩენია... მთელი უბედურება ისაა, რომ იქ უამრავი ნაცნობი მყავს. იმათ რა უნდა ვუთხრა? ამის დედა ვატირე! როგორ შემომიტრიალდა ეს აწყობილი ცხოვრება, ხედავ?

ევამ ჩაიცინა. ირონიას ძალიან ჰგავდა ეს ჩაცინება.

_ მეც ეგრე შემომიტრიალდა ცხოვრება, ჩემი დაბადების ამბავი რომ გავიგე.

_ როგორ გაიგე?

_ დედაჩემმა და მისმა დაქალმა იჩხუბეს და იმ ქალმა წამოაძახა, ეს გოგოც იმიტომ გაგიბოზდა, ბოზი ქალისგან რომ იშვილეო. მე ამ დროს სააბაზანოში ვიყავი, ვიბანავე და უკვე გამოვდიოდი. არც უფიქრია, რომ რამეს გავიგონებდი ალბათ. არ ვიცი... შეიძლება შეგნებულადაც კი თქვა. ისე გავმწარდი, რომ გამოვუვარდი და სულ თმით ვითრიე. მერე კი დავსვი დედაჩემი და ყველაფერი მოვაყოლე. სიმართლე გითხრა, დედაჩემს ნაკლებად მიუძღვის ამ აფერაში ბრალი. ბავშვი რომ მოუკვდა, თურმე მული შეუჩნდა, ჩემი ძმა მოგკლავს, ციხიდან რომ გამოვა, შვილს როგორ ვერ უპატრონეო და იმას მოუგვარებია ყველაფერი. იმან მიუყვანა თურმე ჩემი თავი ჩემს დედობილს და ამიტომ არ იცოდა, რომელი სამშობიაროდან გამომიყვანეს. მულს არ უთქვამს ეს ამბავი, მერე კი ის ქალი, ვითომ მამიდაჩემი ავარიაში დაიღუპა და ეს ამბავი ბოლომდე საიდუმლოდ დარჩა. ერთადერთი, რაც ჩემმა გამზრდელმა იცოდა, დეიდამისის სახელი და თანამდებობა იყო. მეც ამით მივაგენი. დეიდამისი გარდაცვლილი ყოფილა, მაგრამ დედაჩემის მობილურის ნომერი მაინც მომცეს. ხომ იცი, კეთილი ადამიანები ყოველთვის გამოჩნდებიან, როცა ძალიან გინდა რაღაც. ჰოდა, დავურეკე. ისე ვიყავი ანერვიულებული, მაშინვე მივახალე, ესა და ეს ვარ და შენი ნახვა მინდა-მეთქი. ძალიან დაიბნა. სად ხარ, ახლავე მოვალო. ჰოდა, შევხვდით ერთმანეთს. იტირა, გადამეხვია, პატიება მთხოვა, რა ვიცი, ისე მოიქცა, გული მომილბა. მერე შემპირდა, შენს დას გაგაცნობო, ახლა თბილისში არ არისო, ორ დღეში ჩამოვა და დაგირეკავო, იმასაც შევამზადებო, არაფერი არ იცისო... ასე დავშორდით ერთმანეთს და იმ დღიდან დაიკარგა. ის ნომერი ალბათ გადააგდო, რომლითაც დავუკავშირდი, ძველ მისამართზე რომ მივაკითხე, სადაც დეიდამისი ცხოვრობდა, ბინა გაყიდული დამხვდა და მორჩა, მერე მის კვალს ვეღარ მივაგენი. მისი სახელისა და გვარის ხუთი ადამიანი ცხოვრობს თბილისში, დაახლოებით მისი ასაკის, მაგრამ ეგ არც ერთი არ აღმოჩნდა. ის კი არ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა ქმრის გვარზე ყოფილიყო გადასული. აი, ასე იყო ეს ამბავი. ახლა შენ ის მითხარი, რამდენი ჯდება ეს ტესტირება და რამდენ ხანში იქნება პასუხი?

_ პასუხი, წესით, ერთ თვეში იქნება, ეს იმ შემთხვევაში, თუ არ გეჩქარება. ბიოლოგიურ მასალას ალბათ გერმანიაში ან შვეიცარიაში გადაგზავნიან, მაგრამ მე ერთი თვე ვერ მოვითმენ, ამიტომ დაჩქარებული წესით უნდა გავაკეთებინო. ამას ხუთი დღე უნდა და ორმაგი თანხა დაჯდება, მაგრამ არ დავეძებ.

კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ. იმ ღამესაც ჩემთან დარჩა ევა, ტანსაცმელი არც გაგვიხდია, ისე წამოვწექით საწოლზე, ახლა უკვე მამა-შვილივით და შუაღამემდე ვილაპარაკეთ. არც ერთს თვალზე ძილი არ გვეკარებოდა. არ მახსოვს, როდის ჩამთვლიმა, ალბათ გამთენიისას. ევას ჩემზე ადრე ჩაეძინა. ვუსმენდი მის არათანაბარ სუნთქვას და გული შუაზე მეხლიჩებოდა. აი, რამდენი ადამიანის გამწარება შეუძლია ერთი ადამიანის შეცდომას. შეცდომაც არის და შეცდომაც!

მეორე დილით, როგორც კი მოვწესრიგდით, გზას გავუდექით. მთელი ღამე ვფიქრობდი, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წავსულიყავი, სადაც უამრავი ნაცნობი მყავდა, თუ რომელიმე კერძო კლინიკა ამერჩია? კერძო კლინიკა მერჩია, ისეთი, სადაც ნაცნობი არ მყავდა, რომ ნაკლებად შევრცხვენილიყავი, მაგრამ იქ დაჩქარებული წესით პასუხი არ გამოვიდოდა. ისე, თავის შესარცხვენი რა მჭირდა, ამ ხნის კაცს უცებ ამხელა, გაზრდილი შვილი რომ გამოგიჩნდება, მაგრამ ჩემი მდგომარეობა სულ სხვა იყო, რასაც ვერავის ვერ ავუხსნიდი. იმ შემთხვევაში, თუ ევა და ნინი ჩემი ქალიშვილები აღმოჩნდებოდნენ, წესით და რიგით, აუცილებლად უნდა მომეკლა თავი, რაღა საცოცხლებელი მე ვიქნებოდი, მაგრამ რას იტყოდნენ ჩემი სიკვდილის მერე? იმდენად ვერ აიტანა, შვილი რომ გამოუჩნდა, თავი მოიკლაო?

ამდენი ფიქრისგან ლამის ტვინი მეღრძო. მთელი გზა უხმოდ გავიარეთ, თითქოს პირი ამოკერილი გვქონდა. ისე, რაღა დაგვრჩენოდა სალაპარაკო? ახლა ყველაფერს ტესტირება გადაწყვეტდა.

ეროვნული ბიუროდან გამოვედით თუ არა, გეზი სამსახურისკენ ავიღე.

_ სად მიდიხარ? _ მკითხა ევამ.

_ სამსახურში. ამ კვირაში ოპერაცია არ მაქვს, ამიტომ უფასო შვებულებას გავაფორმებ. ისე ცუდად ვარ, სამსახურში სიარული არ შემიძლია.

_ მოდი, იცი, რა ვქნათ? ჩვენ ნუ დაველოდებით პასუხს, მანამ სამშობიარო გავიგოთ, იქ ვინმე ვნახოთ, იქნებ რამე უფრო ადრე გავარკვიოთ, თორემ...

_ ეგ როგორღა გავიგო? _ უიმედოდ ავიჩეჩე მხრები.

_ როგორ და, ახლავე დაურეკე ნინის, მხიარულად უთხარი, იცი ამწუთას სად ვარ? იმ სამშობიაროში აღმოვჩნდი, სადაც დავიბადე-თქო. ვითომ შემთხვევით. მერე შენ რომელში დაიბადე-თქო და მორჩა. სულ ეგაა.

აღტაცებულმა გავხედე.

_ როგორ გიჭრის გონება, შე მამაძაღლო, შენა! საიდან მოგაფიქრდა ასე უცებ ასეთი იდეალური ტყუილი?

_ მე ხომ იდეალური მატყუარა ვარ, _ გადაიკისკისა ევამ.

მანქანა მოხერხებულ ადგილას გავაჩერე და ნინის დავურეკე. ზუსტად ისეთი სცენა გავითამაშე, როგორიც ევამ მირჩია და საქმეც გაკეთდა.

_ აბა, რაო? _ გაფართოებული თვალებით შემომხედა ევამ, როცა ტელეფონი გავთიშე.

_ წავედით ადამაშვილის სამშობიაროში, იქ გაჩენილა თურმე.

_ ეგ სადღაა?

_ მივალთ და ნახავ. კარგია იმით, რომ თბილისშია და არა სადმე რაიონში, მაგრამ ცუდია იმით, რომ ოცდახუთი წლის წინანდელი თანამშრომლების მოძებნა შეიძლება არც ისე იოლი აღმოჩნდეს.

_ შენ რა იცი? იქნებ ახლაც იქ მუშაობენ და არსადაც არ წასულან?

_ ვინ? _ ამწუთას სრულიად სხვა რამეზე ვფიქრობდი, ამიტომ ანგარიშმიუცემლად დავუსვი შეკითხვა.

_ ვინ, ვინ... ვინ და ექიმი, ექთანი, ბებიაქალი... რა ვიცი, აბა! ვინც გამაჩინა.

_ ხო... ვნახოთ, ვნახოთ....

ჯერ ჩემთან შევიარე სამსახურში, უფასო შვებულება გავაფორმე, ჩემი პაციენტები მოვინახულე, თბილისიდან არ გავდივარ, ამიტომ ყოველდღე შემოვირბენ-მეთქი, დავიბარე საორდინატოროში და წამოვედი.

ამ სამშობიარო სახლში არასდროს ვყოფილვარ, არც არავის ვიცნობდი მედპერსონალიდან. ამან მოქმედება გამიადვილა, თუმცა მე ჯერ ჩუმად ვიყავი, ევა აქტიურობდა. გადავწყვიტეთ, მე მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავრეულიყავი, თუ ჩემი სტატუსის გამოყენება დაგვჭირდებოდა.

ევას ვარაუდი არ გამართლდა. ოცდახუთი წლის წინ მომუშავე პერსონალიდან მხოლოდ ერთი ექთანი იყო დარჩენილი, დაახლოებით ჩემი ასაკის ქალბატონი, რომელსაც ირმა ერქვა.

მასთან საუბარი ნაყოფიერი გამოდგა. ჩამოგვითვალა ორი ექიმი და ერთი ბებიაქალი, რომლებიც 1990 წელს სამშობიაროში მუშაობდნენ. ზუსტად იმიტომ ახსოვდა, რომ თვითონ სწორედ იმ წელს დაუწყია მუშაობა და, როგორც ახალბედას, ყველაფერი ზედმიწევნით ახსოვდა. რაც შეეხება ტყუპის გაჩენას ან ჩვილის გაშვილებას, ეგეთი რამეები მას არ ჰქონდა განაგონი და ეს ბუნებრივიცაა, პრაქტიკანტს კი არა, სტაჟიან თანამშრომლებსაც არ ეუბნებიან ასეთ რამეს, თუ ყველაფერი საიდუმლოდ კეთდება. და რადგან ეს ქალბატონი საქმის კურსში არ იყო, ესე იგი, სერიოზული `სპეცოპერაცია~ ჩატარდა, რომლის გამომჟღავნება არც ისე ადვილი იქნებოდა ჩვენთვის.

გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, ექიმი გვეპოვა, გულიკო მათიაშვილი. თუ მისგან ბევრს ვერაფერს გავიგებდით, მერე ელზა მათიაშვილთან მივსულიყავით. მისი ასაკიდან გამომდინარე, შეიძლება უკვე აღარც ყოფილიყო ცოცხალი. მაშინ `სამოცამდე წლის ქალი~, როგორც ირმამ გვითხრა, ახლა ალბათ 85 წლის მაინც იქნებოდა.

ახლა მთავარი ამათი მისამართების გაგება იყო. ისევ ჩემი გავლენა და ნაცნობთა წრე გამოვიყენე. ბევრ პოლიციელს ვიცნობდი, თანამდებობის პირებსაც, ვისაც ჩვენნაირი ადამიანების დოსიეებთან ხელი მიუწვდებოდა და დავრეკე ერთ-ერთთან. გელა სიხარულიძესთან, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ოპერაცია გაუკეთე და საძულველი ბუასილი მოვაშორე. ნაცნობობამ გაჭრა და ნახევარ საათში ორივე მისამართი ხელთ მქონდა.

გულიკომ გაამართლა თავისი სახელი და გულითადად მიგვიღო, ყავაც კი მოგვიდუღა. ისე ვიყავით მე და ევა დაღლილები, მართლა ძალიან გვინდოდა ყავა, ამიტომ თავპატიჟი აღარ გამოვიდეთ, მაგრამ როგორც კი მთავარ საკითხს შევეხეთ და გულიკოს ვუთხარით, რის გასაგებადაც ვეწვიეთ, დაიზაფრა. ისეთი შეშინებული სახით მოგვაჩერდა, მაშინვე მივხვდი, ამ ქალმა ბევრი რამ იცოდა, მაგრამ არაფერსაც არ გვეტყოდა.

_ ეს ისე ადრე იყო... შორეულ წარსულში... მაშინ ხომ გახსოვთ, როგორი არეული დრო იყო... 9 აპრილი... სამოქალაქო ომი... სიმართლე გითხრათ, მსგავსი არაფერი მახსენდება. ტყუპის დაბადება... გაშვილება... არა, არა, ეგეთი არაფერი ყოფილა. საიდან მოიტანეთ, ვინ გითხრათ, რომ ჩვენთან მოხდა ეს ყველაფერი?

_ ქალბატონო გულიკო, როგორც კოლეგა კოლეგას, გთხოვთ, თუ რამე იცით, დაგვეხმაროთ. ეს ჩემთვის პრინციპული საკითხია, გესმით? შეიძლება ეს გოგონები ჩემი ღვიძლი შვილები აღმოჩნდნენ. ჩვენ ხომ ჩივილს არ ვაპირებთ ან ვინმესთან ჩხუბს და აყალმაყალს. უბრალოდ, გვაინტერესებს, მართლა ასე იყო თუ არ იყო. მე მაქვს თუ არა მამობის პრეტენზია, მხოლოდ ამის გაგება მინდა. მეტი არაფერი.

ქალი აშკარად უნდო მზერით მიცქეროდა. ერთი სიტყვისაც არ სჯეროდა, რასაც ვეუბნებოდი.

_ არა, ბატონო, მე არაფერი ვიცი. ჩვენთან ასეთი არაფერი მომხდარა. იმ ქალბატონს ჰკითხეთ, დედათქვენს, ნამდვილად ჩვენთან იმშობიარა? რატომღაც მგონია, რომ ვიღაცამ შეცდომაში შეგიყვანათ. თვითონ მას ჰკითხეთ, მას ხომ ზუსტად ეცოდინება, ბავშვები სად გააჩინა.

ქალი ისე დაჟინებით მოითხოვდა, გინდა თუ არა, `იმ ქალბატონს~ ჰკითხეთო, რომ მივხვდი, ის რაღაც მნიშვნელოვანს მალავდა და იმედოვნებდა, რომ `ის ქალბატონი~ სხვა სამშობიაროს დაასახელებდა და თავის თავს არ გასცემდა.

გულიკოსგან მეტს ვერაფერს შევიტყობდით, ეს აშკარა იყო, ამიტომ დავემშვიდობეთ და ელზას მოსაძებნად გავეშურეთ. ეს ქალი რუსთავიდან იყო, ამიტომ რუსთავში მოგვიწია ჩასვლამ. კითხვა-კითხვით მივაგენით საჭირო მისამართს. ლამაზი, კოხტა ბელეტაჟი სახლის წინ გავაჩერეთ მანქანა. ევა გადავიდა და ზარი დარეკა. თავდაპირველად არავინ გამოგვეპასუხა. ევამ კიდევ დააწკარუნა. ვერც ამჯერად გავაგონეთ ვერავის. ის იყო, წამოსვლა დავაპირეთ, რომ ჭიშკრიდან კაფანდარა გოგონა გამოცქრიალდა, დაახლოებით ოცი წლის.

_ ვინ გნებავთ?

_ ელზა შალამბერიძე აქ ცხოვრობს? _ ევა მასპინძელს მიესალმა.

_ დიახ... _ გაკვირვებული ტონით მიუგო გოგონამ, _ თქვენ რომელი ორგანიზაციიდან ხართ?

_ მე არ ვარ ორგანიზაციიდან, _ გაიღიმა ევამ, _ მე ქალბატონმა ელზამ გამაჩინა... უფრო სწორად, დედაჩემმა რომ გამაჩინა, თქვენმა ბებიამ... ალბათ ბებიაა, ხომ? ჰო, ეგრეც მივხვდი... და ის იყო ბებიაქალი...

_ ააა. გასაგებია... მობრძანდით, მაგრამ ელზა ბებო ისე ცუდადაა. ლოგინად ჩავარდა, უკვე ექვსი თვეა, გავწამდით. ფეხები მოიტეხა, ორივე ერთად, მერე ინსულტი გადაიტანა და... ასაკი, ხომ გესმით...

_ რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა... სულ რამდენიმე წუთით, რაღაცის დაზუსტება გვინდა, არ შევაწუხებთ.

_ არა, რას ამბობთ, პირიქით, გაუხარდება, ვინმე დამლაპარაკებელი თუ გამოუჩნდება. მთელი დღე მარტოა საწყალი და დარდობს, არავის ვჭირდებიო, _ გაიცინა გოგონამ და ამ ლაპარაკ-ლაპარაკში შინ შეგვიყვანა.

ისე ვიყავი დაძაბული, კრიჭა შემეკრა. ეს ქალი ჩვენი ბოლო იმედი იყო, რადგან დნმ-ის ტესტი საიდუმლოს ნაწილობრივ გაამჟღავნებდა, ეს ბებო კი იმდენ რამეს ახდიდა ფარდას, რომ შეიძლებოდა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება თავდაყირა დაეყენებინა.

შევედით თუ არა ოთახში, პირველ რიგში, წამლების მძაფრი სუნი მეცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სუნს მიჩვეული ვიყავი, მაინც უსიამოვნოდ იმოქმედა. ხმაურზე მოხუცმა თვალები გაახილა და დაღლილი მზერით შემოგვხედა. ამ მზერაში სიცოცხლე აღარ იგრძნობოდა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში