წამხდარი ქალი (თავი XI) - გზაპრესი

წამხდარი ქალი (თავი XI)

ნინისაც არ შევეხმიანე საიტზე, მასთან დალაპარაკების სურვილიც კი გამქრობოდა. ისედაც ყველა შემთხვევაში ვაპირებდი მასთან კავშირის გაწყვეტას, როგორიც გინდა ყოფილიყო დნმ-ის ტესტის შედეგი. ჯერ ერთი, ნანამ ყველაფერზე ამიცრუა გული და მეორეც... მასთან ურთიერთობის გაგრძელება ნანასთან ურთიერთობის გაგრძელება იქნებოდა, რაც არ მიმაჩნდა მართებულად. საბოლოოდ ყველაფერს ჩემს თავს ვაბრალებდი და ალბათ ასეც იყო. მე რომ თავის დროზე რაღაც-რაღაცებზე თვალი დამეხუჭა და ნანა ცოლად შემერთო, ახლა ჩემ გვერდით იქნებოდა, შვილებიც გვეყოლებოდა და შეიძლება _ შვილიშვილებიც. კარგი ცოლ-ქმარი ვიქნებოდით თუ არა, ეგ არავინ იცის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გზას მაინც არ ასცდებოდა და ამ სიბერეში არც მე გავერეოდი ასეთ ხათაბალაში.

საღამოობით ევა შემოივლიდა, ხელის აწევით მომესალმებოდა, ცოტა ხანს დაჯდებოდა, ორ სიტყვას გადმომიგდებდა, მერე ასევე უსიტყვოდ ადგებოდა და გავიდოდა. ორივეს დაკარგული გვქონდა ხალისი.

იმ საღამოსაც ამოვიდა, ოდნავ ნასვამი მეჩვენა.

_ ჩაარტყი? _ გავუღიმე.

_ ჰო. ფხიზელი თვალით უკვე ვეღარ ვუყურებ ამ დამპალ ცხოვრებას... როდის იქნება ჩვენი განაჩენი? _ მწარედ ჩაიცინა.

_ ზეგ. ცოტაღა დარჩა.

_ ჰოდა, როგორც კი პასუხი იქნება, ეგრევე მივადგეთ ქალბატონს.

_ ჰო, _ ყრუდ მივუგე, ნანას სახელის ხსენება უსიამოვნოდ მივლიდა ტანში.

_ სამსახურში არ გასულხარ?

_ ჯერ არა და არც ვიცი, როდის გავალ. შეიძლება გავაგრძელებინო შვებულება. ახლა მუშაობის ხასიათზე არ ვარ.

_ გიყვარს შენი პროფესია? სიამოვნებით მუშაობ ალბათ, არა?

_ ექიმობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო.

_ ბავშვობის ოცნებები ყველაზე იოლად ასახდენი ოცნებებია, _ გაიღიმა ევამ.

_ ჰო, მაგრამ ოცნება რომ აგიხდება, მერე ის მუღამი აღარ აქვს. პროფესიაც ასეა. ჯერ ხომ ერთი სული გაქვს, სანამ კარგად დაეუფლები, განსაკუთრებით, თუ გიყვარს, მაგრამ რაც უფრო უკეთ ეუფლები და გამოგდის, მით უფრო მცირდება მისი ხიბლი. ახლა ჩემთვის ქირურგობა სულაც არ არის ისეთი მომხიბვლელი, როგორიც წლების წინ იყო.

_ შეიძლება ასეცაა... ამ დღეებში იმდენი საშინელება გამოვიარე, ფიქრის უნარი მთლიანად წამერთვა. რა სასწაულია ადამიანის ცხოვრება, არა?

_ სასწაულს ნამდვილად ვერ დავარქმევდი. მე თუ მკითხავ, ეს უბრალოდ, სკოლაა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ამთავრებს. კარგად თუ ისწავლი საგნებს, ცოდნა დაგიგროვდება, არ ისწავლი და ჩამორჩენილი იქნები. დააშავებ? დაგსჯიან, თავს გამოიჩენ? წაგახალისებენ. მთელი ჩვენი ცხოვრება ისე წარიმართება, როგორც სკოლაში. დაამთავრებ სკოლას და ზარ-ზეიმით მიგაცილებენ დამოუკიდებელი ცხოვრების კართან, გაგიხსნიან და მიდიიი. სიცოცხლის დასრულებაც ასეა. მოკვდები და ზარ-ზეიმით მიგაცილებენ სამარის კართან. მორჩა.

_ რა საშინელებებს ჰყვები, ანდრია, გული გამიჩერდა, _ წარბები შეყარა ევამ, _ მე და შენს ყოფას კიდევ ასეთი კოშმარული შედარებები უნდა? ისედაც სამარისკენ გვაქვს გადადგმული ცალ-ცალი ფეხი.

_ შენ რატომ?

_ როგორ თუ რატომ? გგონია, შენზე უკეთეს დღეში ვარ? გგონია, რადგან თავქარიანი ვარ, არ მაწუხებს, მამაჩემთან სექსი მქონდა თუ არა? მთლად ასე არ ვარ ხელიდან წასული, _ საყვედური და სინანული ერთად გაუკრთა ხმაში.

_ არა, შენ არ ხარ წამხდარი ქალი, _ დივანზე წამოვჯექი, ხელი მხარზე გადავხვიე და ლოყაზე ვაკოცე, _ შენ ყველაზე დიდსულოვანი ადამიანი ხარ, ვისაც კი ცხოვრებაში შევხვედრივარ. საოცრად ერთგული და გამტანი მეგობარი. შენით ყოველთვის ვიამაყებ, როგორც უნდა შემოტრიალდეს ჩვენი საქმე. კიდევ იცი, რა მინდა გითხრა? შენთან განმარტოებისას ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ჰავაის კუნძულზე აღმოვჩნდი... აი, ასეთი ხარ _ ადამიანი-კომფორტი. გინდა, გავისეირნოთ? ცოტა გავიაროთ, თორემ ეს კვირა მთლად დავკუტდი. აღარც ვვარჯიშობ, აღარც დავრბივარ...

_ წამო, კარგი იქნება ძილის წინ გასეირნება, _ ევაც გაახალისა ჩემმა წინადადებამ და წამოხტა...

მთვარე სამხრეთით გადახრილიყო, ამიტომ ჩვენ-ჩვენი ჩრდილები უკან კი არ მოგვდევდა, წინ, ოდნავად გადახრილად გვისწრებდა. სასაცილო სანახავები იყვნენ ჩვენი ლანდები, აწოწილები და უცნაურად დაბრეცილები.

_ შენ ჩემზე მეტი გეცოდინება დედაშენზე... მომიყევი მასზე რამე, _ ვთხოვე ევას.

_ სიმართლე გითხრა, ბევრი არაფერი ვიცი. რაც ვიცი, ისაა, რომ ჩვენ უქმროდ გაგვაჩინა. მერე მალევე გათხოვდა, მაგრამ ის ქმარი რამდენიმე წელიწადში გარდაეცვალა. ცოტა ხანში ისევ გამოუჩნდა ვიღაც და დაქვრივებული ქალის ცხოვრება მეორედ გათხოვილზე გაცვალა. თუმცა, არც ამჯერად გაუმართლა. სცემდა ის კაცი და ამის გამო მიატოვა. მერე თურქეთში დაიწყო გასვლები. იქ სასტუმროში მუშაობდა, კარგა გვარიანად გამოიმუშავებდა თურმე, მერე მგონი, დაიჭირეს თუ დასაჭერად ჰქონდა საქმე და... როგორღაც გამოძვრა. თუ არ ვცდები, ნარკოტიკების ამბავი იყო. არა, ეს კი არ ვაჭრობდა, ვიღაცასთან იყო სასტუმროში და ის ტიპი რომ აიყვანეს, ვიღაც არაბი, ეს მასთან ლოგინში გორაობდა. დეტალურად არ ვიცი, რა როგორ იყო, მაგრამ იქიდან რომ თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა და მას მერე თურქეთისკენ აღარ გაუხედავს, ეგ ზუსტად ვიცი.

_ შენ როგორი ცხოვრობა გქონდა? როგორ ფიქრობ, მასთან რომ დარჩენილიყავი, უკეთესი პირობები გექნებოდა?

_ არ ვიცი... ალბათ არა. უფრო სწორად, თავისუფლება მეტი დოზით მექნებოდა, მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებ, იმას მასთანაც გავაკეთებდი, _ ჩაიცინა, _ ალბათ გენებში ღრმად მაქვს გამჯდარი მსუბუქი ყოფაქცევის ცხოვრება... ჩემი წარსულიდან სევდიანი მოგონებების გარდა კარგი არაფერი მახსენდება.

_ მოგონებები ყოველთვის ისედაც სევდიანია, სწორედ იმიტომ, რომ წარსულთანაა დაკავშირებული.

_ ოხ, რა რომანტიკოსი ხარ, _ დამცინა ევამ.

_ ვიყავი... უფრო სწორად, მე სხვა დროის რომანტიკოსი ვარ, ამ დროს არ შევეფერები. ხომ ხედავ, ჩემს ნათქვამზე გეცინება. თანამედროვე რომანტიკოსებს სხვა ღირებულებები მოეთხოვებათ. მე კიდევ... მე იმედგადაწურული რომანტიკოსი ვარ.

_ თვითმარქვია?

_ არა, ვადაგასული, _ ამჯერად მეც გამეცინა.

ორი დღეც გავიდა და დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ მე და ევა ერთი პროცენტითაც კი არ ვიყავით მამა-შვილი.

საოცარი შეგრძნება იყო, ასე თავისუფლად კარგა ხანია, არ მისუნთქია. სიხარულისგან თითქოს ჰაერში ავიწიე. ევა ხომ საერთოდ... სიხარულისგან მთელი გზა ყვიროდა მანქანაში.

_ ღმერთო, ეს ბედნიერება ალბათ სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. არასდროს აღარ ვიტყვი, ბედნიერი არ ვარ-მეთქი.

_ რომელიღაც მწერალს აქვს ნათქვამი, ბედნიერება მოსაწყენია, უბედურება კი არაო.

_ ნუ ფილოსოფოსობ.

_ არ ვფილოსოფოსობ. აბა, დაფიქრდი, თუ ასე არაა. ვიღაცის ბედნიერება ეგრევე გვავიწყდება, მაგრამ საკმარისია, სხვისი უბედურების ამბავი გავიგოთ, რომ მერე მთელი თვე ამაზე ვლაპარაკობთ, ვწერთ, ვჭორაობთ... ასე არ არის?

_ ისე... მართალი ხარ, ასეა. ამაზე არასდროს არ მიფიქრია.

_ კარგია, რომ არ გიფიქრია. რაც ნაკლებს იფიქრებ, მით ნაკლები პრობლემა გექნება, _ გავეხუმრე.

_ იქ როდის წავიდეთ?

_ საღამოს.

_ რატომ ახლავე არა?

_ იმიტომ, რომ ნინი არ იქნება სახლში. მე კი მინდა, ისე მოეწყოს, რომ ყველანი შევიყაროთ. შეიძლება ამწუთას მე საერთოდ არაფერ შუაში ვარ, მაგრამ ირიბად მეც მეხება ეგ ამბავი.

_ როგორ თუ არაფერ შუაში? ზუსტად შენ გამო დაიწყო ეს ყველაფერი, დაგავიწყდა?

_ არა, არ დამვიწყებია. და ეს არც მიგულისხმია. კონკრეტულად ეს სიტუაცია არ მეხება-მეთქი... ანუ მე არ ვარ შენი მამა, ნინი არაა ჩემი შვილი, შესაბამისად, ნანასთან აღარაფერი მაკავშირებს. ასე რომ, შემიძლია, საერთოდ არ ველაპარაკო ამ თემაზე, გავერიდო და სამუდამოდ დავივიწყო. თუმცა ამას არ ვიზამ. მას პასუხი აუცილებლად უნდა მოვთხოვო, ასეთ დღეში რომ ჩამაგდო.

ევამ პასუხი არ გამცა. მივხვდი, ეწყინა, შექმნილ ვითარებას ამ თვალით რომ შევხედე. იმასაც მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი და ახლა როგორმე უნდა გამომესწორებინა ეს.

_ ისე მიხარია დღევანდელი დღე, რომ შემიძლია ყველას ყველაფერი ვაპატიო, _ გვერდიდან შემოვუარე მტკივნეულ საკითხს, _ და ვისაც საპატიებელი არაფერი აქვს, იმას სასიამოვნო დღე მოვუწყო. სადმე ხომ არ აღგვენიშნა ჩვენი გამარჯვება?

_ კონკრეტულად სად? იქნებ ლოგინში? კარგი სექსი ბედნიერების ნაწილია, _ მიკბინა ევამ.

გავატარე მისი კბენა, არ ჩავუღრმავდი, ვითომ ვერ შევნიშნე.

_ სექსი ზღვის ტალღებს მაგონებს. აი, წარმოიდგინე, შედიხარ ზღვაში, ნელ-ნელა ეხვევი ტალღებში, განანავებს, სიამოვნება სულს გიხუთავს, გაკვნესებს, შენ კი წინ და წინ მიიწევ, სანამ ფეხის ფსკერზე დადგმა შეგიძლია და როგორც კი ქვიშა ფეხქვეშ გამოგეცლება, ეგრევე ტალღებს შეერევი, მკლავებს მოუსვამ და...

მაგრამ შენთან დაწოლაზე ამწუთას საერთოდ არ ვფიქრობ, აი, დალევაზე კი უარს არ ვიტყოდი. შენ დალევის პროცესშიც კარგი კომპანიონი ხარ. _ ფრთხილად გავხედე, როგორ იმოქმედა ჩემმა სიტყვებმა-მეთქი.

_ შეგიძლია საღამოს შეხვედრაზე არ წამოხვიდე, ეს შენი უფლებაა და ჩემი ხათრის გამო ნუ იზამ ამას, _ უეცრად შეცვლილი ხმით წარმოთქვა.

_ საიდან მოიტანე, რომ შენი ხათრით მივდივარ? მე ჩემი ანგარიში მაქვს დედაშენთან.

_ ძალიან გთხოვ, დედაჩემს ნუ ეძახი. ის დედაჩემი არაა! _ გაღიზიანებულმა უკმეხად შემისწორა.

_ რაც უნდა იყოს, მაინც დედაშენია და ნუ ბრაზობ, თუ შეიძლება! შენი აგრესია შენთვის დაიტოვე, ჩემზე ნუ გადმოანთხევ, _ წამოვენთე, _ მამაშენი თუ არ ვარ, მამისტოლა მაინც ხომ ვარ? მეტი პატივისცემა გმართებს.

_ საკუთარ სექსუალურ პარტნიორთან, არა? _ გააგრძელა ჩემი დამთავრებული წინადადება.

_ ახლა ყურებს დაგახევ და ნახავ მერე! _ ხუმრობით შევიკარი წარბები და ორივეს გულიანად გაგვეცინა.

მოსალოდნელმა ქუხილმა შეუმჩნევლად გადაიარა.

ალბათ საშინელი ხმა მქონდა ტელეფონში, რადგან ნინიმ შეშფოთებულმა მკითხა, ხომ მშვიდობაა, ასეთი ტონით რატომ მელაპარაკებიო. დიდად ვერ შევძელი მისი დამშვიდება, როცა მოვალთ, ყველაფერს გაიგებ, თან მარტო არ ვიქნები, სტუმარი მომყავს-მეთქი.

კარი ნანამ გააღო. ევა ჩემ უკან იდგა. მის დანახვაზე ნანას გაოცებამ გადაურბინა სახეზე, მერე ეს გაოცება შიშმა შეცვალა. აშკარა იყო, რომ იცნო.

_ ეს არ უნდა გექნა... _ დაიჩურჩულა და ისე გაფითრდა, მიცვალებულს დაემსგავსა.

_ ევას გულისხმობ? _ ნიშნის მოგებით შევხედე, _ სატყუარასავით გზადაგზა მიყრი შვილებს და მე მეუბნები, არ უნდა გექნაო? _ ლამის გავხვრიტე მზერით, ისე შევხედე.

უხმოდ გაბრუნდა და გამოღებულ კართან მიგვატოვა. ევა წინ გავატარე და კარი დავკეტე.

სასტუმრო ოთახში ნინი ტრიალებდა, სუფრა გაეშალა და მაგიდაზე ნამცხვრებით სავსე თეფშს დებდა.

_ მობრძანდით! _ ჩემს დანახვაზე ნინი წელში გაიმართა და ლოყებშეფაკლულმა ევას ხელი ჩამოართვა, მაგრამ მოულოდნელად თითქოს შეცბაო, დაბნეული ჯერ დედამისს მიაშტერდა, მერე მე და ბოლოს კვლავ ევას შეხედა.

ევა იმდენად ჰგავდა ნანას, უცხო ადამიანს წამითაც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ დედა და შვილი იყვნენ.

_ ასეა, ნინი, ასე, _ თვალებიდან სუსხი გამოუშვა ევამ, _ მე ნანას ქალიშვილი ვარ... უფროსი, _ დაამატა ცოტა ხნის შემდეგ, რომ გოგონა ბოლომდე არ გაენადგურებინა.

_ რას ამბობთ... დე... რაო? ვერაფერი ვერ გავიგე, _ გაგონილით თავზარდაცემულმა სიტყვებს თავი ვერ მოუყარა.

ძლივს მოვასწარი მისი დაჭერა, მოულოდნელად წაბარბაცდა და რომ არ მიმესწრო, იატაკზე მოადენდა ზღართანს. გონების დაკარგვას ცოტა დააკლდა.

_ ვალიდოლი არ გაქვს ან ვალერიანის წვეთები? ან ნიშადური... _ ვიყვირე და ჩემს მკლავზე მისვენებული ნინი ციმციმ საძინებელში შევარბენინე.

_ არა მიშავს, კარგად ვარ... _ ამოიჩურჩულა, როგორც კი საწოლზე მივაწვინე. ამასობაში ნანაც შემოვარდა ვალერიანის წვეთებით, მაგრამ ნინიმ სასტიკი უარი განაცხადა მის დალევაზე.

რამდენიმე წუთის შემდეგ ოთხივენი გაშლილ სუფრას ვუსხედით და იმის ნაცვლად, რომ მოგველხინა, უცნაურ ამბავს ვყვებოდით და ვისმენდით. უფრო სწორად, ევა ჰყვებოდა, ჩვენ კი ვუსმენდით.

ნანას სახე გაქვავებოდა. ამწუთას ცვილის ფიგურას ჰგავდა, ერთდროულად მკვდარიც რომ გეგონებოდა და ცოცხალიც. არც ერთი ნაკვთი სახეზე არ შერხევია, შავი ჩრდილი თუ გადაურბენდა ხანდახან სახეზე.

ევა დიდხანს ჰყვებოდა... ნელა, სვენებ-სვენებით, თითქოს შურისძიების წუთებს იხანგრძლივებსო. თუმცა, საოცარი ის იყო, რომ ისე დაამთავრა ამბის მოყოლა, გოგონების გაცვლის მომენტი არ უხსენებია.

_ ნინი, შეგიძლია ერთი ჭიქა წყალი დამალევინო? პირი გამიშრა, _ სთხოვა ბოლოს თავის `დას~ და მრავალმნიშვნელოვანი მზერა მესროლა.

როცა გოგონა ოთახიდან გავიდა, სწრაფად მომაყარა:

_ მე მთავარი შეგნებულად არ ვთქვი, ანდრია. ეს შენთვის მომინდვია. ამ გოგოს ჩემთვის არაფერი დაუშავებია და არ მინდა გაიგოს დედამისის ვერაგობის ამბავი, მაგრამ ამან უნდა იცოდეს სიმართლე, გასაგებია?

ვდუმდი. ევას საქციელს ტაში დავუკარი, ოღონდ მხოლოდ მზერით.

ნინიმ ჭიქით ცივი წყალი შემოიტანა. ევამ გამოართვა, მადლობა გადაუხადა და მოსვა.

ნანას ცნობისმოყვარეობით ავსებოდა თვალები. ვერ მიხვდა, კიდევ რა საიდუმლოზე ლაპარაკობდა ევა, რა იყო უკვე მომხდარზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი, ამიტომ ადგა და საძინებელში გავიდა, თან თვალით მანიშნა, გამომყევიო.

გავყევი.

იგი სარკესთან იდგა. როგორც კი შევედი, მასში ჩაიხედა და იქიდან შემათვალიერა. მეც სარკეში შევხედე. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. მივხვდი, რომ მასთან სარკის მეშვეობით საუბარი უფრო გამიადვილდებოდა. პირისპირ ალბათ ვეღარ გავუძლებდი მისი საოცარი თვალების დაჟინებულ მზერას.

_ რატომ მომატყუე? _ დახშული ხმით დავიწყე მისი დაკითხვა.

_ შენი დაკარგვა არ მინდოდა... _ ჩურჩულით მიპასუხა და თვალები ცრემლით აევსო.

ასე კიდევ უფრო საოცარი გამოუჩნდა ულამაზესი თვალები.

_ ხომ იცოდი, რომ აუცილებლად შეგამოწმებდი?

_ შენ გამოსავალს ყოველთვის პოულობდი...

_ შენს შემთხვევაში ვერა, უკვე მეორედ შევცდი.

_ მაპატიე... _ მისი ხმა ძლივს მესმოდა, _ და რას ამბობდა ის გოგო? კიდევ რა უნდა მითხრათ? რაღაც საიდუმლოზე ჰყვებოდა...

_ ჰო... არ მინდოდა, მაინცდამაინც ჩემგან გაგეგო ეს ამბავი, მაგრამ....

_ მითხარი... ახლა ჩემთვის ყველაფერი სულერთია.

_ ნინი შენი ქალიშვილი არ არის. ევაა შენი შვილი და არა ნინი.

პირველად ვნახე, უეცრად, მოწყვეტით როგორ გაუშრა ადამიანს ცრემლები. მოულოდნელად შუბლის ყველა ნაოჭი გაუსწორდა, სახე და თვალები თითქოს უფრო გაუდიდდა, ისე შეშინდა, კითხვის დასმაც ვერ გაბედა, უმწეოდ შემომხედა მხოლოდ, ეს იყო და ეს.

მეც ავდექი და მოვუყევი, როგორც იყო, რა მოხდა მისი მშობიარობის ღამეს და როგორ მოატყუეს...

მისი დაჭერა ვერ მოვასწარი. სანამ მივხვდებოდი, რომ გონებას კარგავდა, მოწყვეტით დავარდა იატაკზე...

ასე დამთავრდა ჩემი ცხოვრების ორი ფაზა _ პრელუდია და ინტერლუდია. პოსტლუდიის ფაზაში დიდი ტკივილით გადავედი. ეს ის ტკივილი იყო, რომელიც წარსულიდან გადმომყვა, მაგრამ ასე თუ ისე დამცხრალი მქონდა.

ევა სხვა ბინაში გადავიდა. ყოველივე იმის შემდეგ, რაც თავს გადაგვხვდა, ჩემთან დარჩენა არ ისურვა. იშვიათად თუ შევეხმიანებით ერთმანეთს... თითქოს ჩვენ შორისაც გაცივდა რაღაც.

მე და ნანამ საბოლოოდ გავწყვიტეთ ერთმანეთთან ურთიერთობა. იმ ყველაფრის შემდეგ მისი დანახვა აღარ შემეძლო.

ნინისთანაც ყველაფერი დავამთავრე, რადგან ბოლოს გულმა არ მომითმინა და საიტზე მივწერე, ვინც ვიყავი. რეაქცია ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც ველოდი. საერთოდ წამშალა თავისი ცხოვრებიდან _ რეალურიდანაც და ვირტუალურიდანაც. მაგრამ სანამ დავშორდებოდით, შეხვედრა მთხოვა. ამაზე უარი არ მითქვამს. ის დღე არ დამავიწყდება... სიტყვა არ უთქვამს, მხოლოდ თვალებში ჩამჩერებოდა, თითქოს ყველა კითხვაზე პასუხს იქ ეძებსო. საშინელი ქარიანი ამინდი იყო, ქარი თმას უწეწავდა. მერე პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ მე დავასწარი:

_ ვიცი, რაც უნდა მითხრა, ნინი... ვიცი, რომ მე და შენ ერთად ვერ ვიქნებით. მე ეს ყოველთვის ვიცოდი, ამიტომაც ვერიდებოდი შენთან რეალურ შეხვედრას.

_ რატომ, რა გვიშლის ხელს? _ მკითხა და ტუჩებმოკუმული გამომცდელად მომაჩერდა. მცირეოდენი პაუზის შემდეგ მივუგე:

_ ქარი, რომელიც ამწუთას სახეში გვიბერავს...

_ რა ცუდად დაემთხვა ეს ყველაფერი... თუმცა, შენ ისედაც არ აპირებდი ჩემთან დაახლოებას. უნდა გიხაროდეს... ტუზი დაგეცა, _ ღიმილისგან ტუჩები დაებრიცა.

მინდოდა, გამეპროტესტებინა მისი ბრალდება, მაგრამ კრინტი ვერ დავძარი. ის შეძრწუნებული იყო. არც მე ვიყავი უკეთეს დღეში, ამიტომ გაჩუმება ვარჩიე.

ბოლოს ტუჩები ყურთან მომიტანა და ავის მომასწავებელი ჩურჩულით ამოთქვა:

_ ქარი არაფერ შუაშია, ქარს ნუ აბრალებ! მან, უბრალოდ, უფრო დრამატული გახადა დაშორების სცენა, ეგაა და ეგ!

შევხედე. ესე იგი, ვშორდებით-მეთქი? თვალებით შევეკითხე.

თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია... სიტყვა ჩვენ შორის არ თქმულა, უსიტყვოდ გავიგეთ ერთმანეთის...

ასე სჯობდა. მე რომ უკვალოდ გავმქრალიყავი, მისთვის უფრო ძნელი გადასატანი იქნებოდა, მე კი ეს არ მინდოდა, ის ამას არ იმსახურებდა. მას უნდა სცოდნოდა, ვინ ვიყავი და რატომ ვამბობდი ურთიერთობაზე უარს. სამაგიეროდ, ამ ნაბიჯით მე უფრო მტკივნეულად დავისაჯე. მდგომარეობიდან გამოსასვლელად ძალიან დიდი ხანი დამჭირდა. მიუხედავად ამისა, ნინი ისევ ისე მიყვარს, ისევ ისეთი მიუწვდომელი, მაგრამ სასურველია ჩემთვის და ძველებურად მენატრება.

ამ ამბების შემდეგ ექვსი თვე გავიდა. ახლა ჩემი ტკივილი ნელ-ნელა კვლავ უკან იხევს, დაცხრომისკენ და მალე დავუბრუნდები ძველ მდგომარეობას, იმ მდგომარეობას, როცა მხოლოდ მონატრების შორეული, სუსტი სიგნალი თუ შეგათრთოლებს ხანდახან...

დასასრული