ultrix- რეალური რომანი ქალზე, რომელმაც ქმრის მკვლელის სისხლი აიღო - გზაპრესი

ultrix- რეალური რომანი ქალზე, რომელმაც ქმრის მკვლელის სისხლი აიღო

ultrix

I ნაწილი

საშინელებაა, როცა სწორ ადგილზე ფეხი გადაგიბრუნდება და უამრავი ადამიანის თვალწინ, ცხვირით მიწაში ჩაერჭობი. თვითმფრინავიდან ჩამოსულ ანას კი ეს საკმაოდ კარგად გამოუვიდა. ასფალტიდან მტვერი ავარდა და ცხვირში შეეყარა; მხარზე გადაკიდებული ჩანთა "გაფრინდა" და მოშორებით, ტყაპანით დაეცა; ყვითელი, შავკოპლებიანი, "ფრიალა" სარაფნის ბოლო თავზე წამოეხურა; ყვითელჩარჩოიანი მზის სათვალეც სადღაც, მოშორებით დაეცა; გრძელი, შავი, ტალღებად დაყრილი თმა სახეზე ჩამოეწეწა; გადატყავებული ხელისგულებიდან და მუხლისთავებიდან სისხლმა იწყო დენა...

ეს სამარცხვინო ამბავი კი იმის გამო დაემართა, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა უყვარს. ქალის ფეხსაცმლის ქუსლი 10 სანტიმეტრზე დაბალი არ უნდა იყოსო, - უყვარდა ხოლმე თქმა.

- გოგონი, ცოცხალი ხართ? - ჰკითხა ვიღაცამ "ზემოდან". ანამ თავი ასწია, თვალების გასწვრივ, მამაკაცის გაპრიალებული ფეხსაცმელი დაინახა და ყურადღებით შეათვალიერა.

"ნამდვილი ტყავის, ძვირფასი ფეხსაცმელია, ალბათ 1.000 დოლარი მაინც ეღირება", - გაიფიქრა.

თვალებზე ჩამოფხატულ თმას სული შეუბერა და მტვრიან სახეზე ხელი ჩამოისვა.

- გინდოდა, აქვე მოვმკვდარიყავი? - ჰკითხა გაბრაზებული ხმით. - ამ სიხარულს არც შენ და არც სხვას არ მივანიჭებ! ცოცხალი ვარ და კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ, - ამ არცთუ ისე თავაზიანი სიტყვების შემდეგ ანამ წამოდგომა სცადა.

- კაბას მაინც გაგისწორებთ, - მამაკაცის მზრუნველმა ხელმა კაბის ბოლო ჩამოსწია და "საწყიოს" მდგომარეობას დაუბრუნა. - ადგომა შეგიძლიათ? - ასეთი "გულისამაჩუყებელი მზრუნველობის" შესახებ ანას ჯერ არაფერი სმენოდა.

- მგონი, შემიძლია, - უპასუხა და წამოდგა, მაგრამ მოცელილივით დაეცა, - ფეხი, ფეხი ვიტკინე! - ავიშვიშდა.

- რა დაგემართათ? - ისევ ზემოდან დახედა ხელმეორედ წაქცეულ ანას მამაკაცმა.

- რა გაყვირებთ?! სჯობია, ხელი შემაშველოთ და წამომაყენოთ, - ახლაღა ახედა მშველელს.

"რა სიმპათიურია ეს ნაბიჭვარი!.." - გაიფიქრა ქალმა და თვალები დახუჭა.

- ცუდად ხომ არ ხართ? მკვეთრ მოძრაობებს ნუ გააკეთებთ. "სასწრაფოს" ხომ არ დავურეკო? - მამაკაცი მზრუნველობას კი იჩენდა, მაგრამ ქალისთვის ხელის შეშველებას რატომღაც, არ ცდილობდა.

- ის სჯობია, ხელი მომაწოდო, - ანამ თვალებით გაბურღა მამაკაცი.

იმან, როგორც იქნა, მოიფიქრა და ხელი გაუწოდა. ქალმა თავისი ლამაზი, მოვლილი და ჩამოქნილი თითები ჩასჭიდა და წამოდგა. მტკივანი ფეხი ჰაერში ასწია და ცალ ფეხზე მდგარი, მამაკაცის ხელს დაეყრდნო.

- თქვენ ის არა ხართ, თვითმფრინავის სალონში სულ ბოლო სავარძელში რომ იჯექით? - გაიხსენა ანამ.

- ისე გტკივათ, რომ ფეხს ვერ დგამთ? - თითქოს ქალის ნათქვამი არც გაუგონიაო, კაცის ხმაში ირონია იგრძნობოდა.

- ახლა წელზე ხელი მომხვიე და გასასვლელამდე მიმიყვანე! - ბრძანებასავით გაისმა ანას ხმა.

- ვაჰ, რას ბრძანებთ, ქალბატონო?! გარეთ ცოლი მელოდება! უცხო ქალთან ერთად ჩახუტებული რომ დამინახოს, როგორ გგონიათ, მაპატიებს?.. მე კი, იმის გამო, რომ თქვენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე დგომის გამო ფეხები აგებლანდათ და ძირს დაეპერტყეთ, ოჯახს ვერ დავანგრევ.

- კარგი, ხელი გამიშვი, - თავი გაითავისუფლა ანამ, - უკაცრავად, ერთი წუთით, შეიძლება? - მიაძახა გვერდით ჩავლილ, აეროპორტის თანამშრომელს. - თუ შეიძლება, გასასვლელამდე მიმაცილეთ, ფეხი ვიღრძე.

- არა, არა, არ არის საჭირო, - უკან გააბრუნა მეორე მამაკაცი პირველმა, - მე მივაცილებ. - და ისევ ანას მიუბრუნდა: - ბევრი ბარგი გაქვთ?

- 4 დიდი ჩანთა.

- შინ რით მიბრძანდებით?

- ტაქსით, რა თქმა უნდა.

- კარგი, წავედით, - რაღაცნაირი, უკმაყოფილო სახით თქვა მამაკაცმა, ერთი ხელი ანას წელზე მოხვია, მეორეში მისი ყვითელი ჩანთა დაიკავა და გასასვლელისკენ წაიყვანა.

ქალს ჩუმ-ჩუმად ეცინებოდა და მამაკაცის ძლიერ მკლავს მინდობილი, კოჭლობით მიჰყვებოდა. თან დროდადრო სახე ტკივილისგან ემანჭებოდა.

...როგორც იქნა, ბარგი აიღეს და გარეთ გამოვიდნენ. მამაკაცმა ანა კართან დატოვა და იქვე მომლოდინე ახლობლებს შეეგება. ანა კი ვეებერთელა ჩანთაზე იყო ჩამომჯდარი და მათ ხორხოცს ადევნებდა თვალყურს. ყველა იქ მყოფს გადაავლო თვალი, ცდილობდა, გამოეცნო, რომელი იყო მისი მშველელის ცოლი, მაგრამ ეჭვი ვერც ერთზე ვერ მიიტანა. თითქოს გაუხარდა კიდეც...

ანას აეროპორტში და უნდა დახვედროდა, მაგრამ ნინომ ბოლო წუთს დაურეკა და უთხრა, რომ რაიონში მიდიოდა აუცილებელ საქმეზე... გული ახლა უფრო დასწყდა და დანაღვლიანდა...

- წამობრძანდით, წაგიყვანთ, - ფიქრებში გართულ ქალს უცნაური კავალერი თავზე წამოადგა.

- არა, არ გინდა, ფეხი იმდენად აღარ მაწუხებს, ტაქსით წავალ.

- მოდი, მომეხმარე, - გასძახა მამაკაცმა ვიღაცას და 2 ჩანთას თვითონ წამოავლო ხელი...

როგორც იქნა, ანას ბარგი ერთ-ერთ ჯიპში მოათავსეს, თავადაც ჩასვეს მანქანაში და დაიძრნენ.

ანამ მისამართი უკარნახა და ამის შემდეგ მთელი გზა ხმა არ ამოუღია.

მამაკაცმა სახლამდე მიაცილა, ბარგი აატანინა და წამოსვლისას ლოყაზე აკოცა.

- მე ირაკლი მქვია, - უთხრა, თავისი სუნამოს არომატი დაუტოვა და კიბეზე დაეშვა.

ანა კარგა ხანს იდგა გაუნძრევლად. შემდეგ, მეზობელთან დააკაკუნა და გასაღები გამოართვა...

იმ ღამით ანა მარტო იყო. ცოტა რომ დაისვენა, სურვილი გაუჩნდა, თბილისის ქუჩები მოევლო და მონატრებული ადგილები ენახა, მაგრამ მერე გადაიფიქრა... გადაწყვიტა, გათენებას დალოდებოდა.

დილით ქალაქის ხმაურმა გამოაღვიძა. თავი ისევ ნიუ-იორკში ეგონა, მაგრამ თვალები რომ გაახილა და ჭერს ახედა, გაახსენდა, რომ თბილისში იმყოფებოდა.

ფანჯარასთან ფეხშიშველი მივიდა და გარეთ გაიხედა.

ცენტრალურ ქუჩაზე მანქანები მიმოდიოდნენ... რაც ქალის მზერის არეალში ხვდებოდა, თითქმის ვერაფერს ცნობდა. ქუჩა შეცვლილიყო... თბილისი ევროპის რომელიღაც ქალაქს დამსგავსებოდა.

შემოსასვლელი კარი ხმაურით გაიღო და ნინო შემოვიდა. დები ერთმანეთს გადაეხვივნენ.

გულაჩუყებულ ნინოს თვალზე ცრემლი მოადგა და ხელის ზურგით მოიწმინდა. თან, სასაცილოდ სრუტუნებდა...

ცოტა ხნის შემდეგ გოგონები, დივანზე მოკალათებულები, ყავას წრუპავდნენ და ერთმანეთის ამბებს კითხულობდნენ.

- სვანეთში წასვლას როდის აპირებ? - ნინო თვალებით ეფერებოდა 8 წლის უნახავ დას.

- ხვალ მანქანას ვიყიდი და ზეგ წავიდეთ, მომენატრა იქაურობა... ღამღამობით მთები მესიზმრებოდა ხოლმე...

- დედასთვის არ მითქვამს, რომ ჩამოსვლას აპირებდი. ხომ იცი, მოლოდინი ძნელია. უცებ რომ მიადგები კარზე, უფრო უკეთესი იქნება.

- კარგი გოგო ხარ, ასე სჯობია... ახლა ჩაიცვი და გარეთ გავიდეთ, შინ ჯდომა არ მინდა.

...ლამის მთელი თბილისი ფეხით მოიარეს... ის იყო, შინ დაბრუნებას აპირებდნენ, რომ ანამ ტაქსის ხელი აუწია.

- რად გვინდა ტაქსი? ჩვენი სახლი აქვეა, - შეახსენა ნინომ.

- საბურთალოს სასაფლაოზე გაგვიყვანე, - დას პასუხი არ გასცა და უკან ჩაჯდა.

ნინომ ტუჩები მოკუმა და უხმოდ ჩაჯდა მანქანაში. უკვე იცოდა, სადაც აპირებდა მისი და წასვლას. ის კი არა და, უკვირდა კიდეც, მთელი დღე ხმას რომ არ იღებდა იმ საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა...

ანამ გზაში მინდვრის ყვავილები იყიდა. ტაქსიდან გადმოსულებმა კარგა მანძილი გაიარეს ფეხით. საფლავებს შორის მიდიოდნენ... ანა ზოგიერთთან შეჩერდებოდა და სურათს აკვირდებოდა... მერე დანანებით თავს გააქნევდა და გზას აგრძელებდა...

თვალით შორიდანვე მოძებნა გოჩას საფლავი და გეზი იქით აიღო. ნინო უხმოდ მიჰყვებოდა.

ქვაზე გამოსახული მამაკაცი თითქოს თავისკენ უხმობდა... ანამ ფეხს აუჩქარა.

ყვავილები დას მიაწოდა, თვითონ კი ქვას მოეხვია და აქვითინდა...

კარგა ხანს ტიროდა... მხრები უმწეოდ უცახცახებდა...

ნინო მდუმარედ ადევნებდა თვალს... ხელს არ უშლიდა...

ანამ ტირილით გული რომ იჯერა, იქვე ჩამოჯდა.

თვალწინ ის დღე წარმოუდგა, როცა გოჩა სამუდამოდ დაკარგა.

GzaPress

თეთრ კაბაში გამოწყობილი პატარძალი ისეთი ლამაზი იყო, რომ ყველას თვალს სჭრიდა. ანას სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა. მიუხედავად იმისა, რომ დედამთილს რძალი თვალში არ მოსდიოდა, ამას ყურადღებას არ აქცევდა და ყველაზე ბედნიერი დღის ჩამწარებას არ აპირებდა.

გოჩას გადახედავდა ხოლმე... ისიც ბედნიერი იყო... გვერდით საყვარელი ქალი ჰყავდა და ამ დღიდან ვეღარაფერი დააშორებდა, სიკვდილის გარდა...

არადა, თურმე რა ახლოს იყო სიკვდილი!..

ანას წინა საღამოს საუბარი გამუდმებით ჩაესმოდა ყურში და დროდადრო სახე მოექუფრებოდა.

ქორწილისთვის მზადებას გვიან მორჩნენ... ანა და გოჩა ოთახში მარტონი დარჩნენ. გოგონა გრძნობდა, რომ მამაკაცს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ბედავდა...

- გოჩა, ვხედავ, რაღაც გაწუხებს. სჯობია, თქვა და გული გაითავისუფლო... ხვალ ჩვენი ქორწილია და რაც საჭიროა, ერთმანეთისთვის უთქმელი არ უნდა დაგვრჩეს, - ანა ფიქრობდა, რომ შესაძლოა, სხვა ქალთან დაკავშირებული პრობლემა არსებობდა და ცდილობდა, მამაკაცისთვის ბიძგი მიეცა, რომ მისთვის გული გადაეშალა.

- ანა, მე შეიძლება, სულ მალე მომკლან... - მისთვის სრულიად მოულოდნელი რამ თქვა მამაკაცმა.

- რას ამბობ, ხომ არ ბოდავ?!

- არა, არ ვბოდავ, - თავი გააქნია გოჩამ. - ხომ იცი, 2 წლის წინ სისხლი ავიღე, ჩემი ძმის მკვლელობის გამო... მოკლულის ძმა ციხიდან გამოვიდა... ციხიდანაც მითვლიდა და ახლაც შემომითვალა, - ჩემი ძმის სისხლს არ შეგარჩენო!.. ყოველ წუთსა და წამს შეიძლება, გამოჩნდეს...

- ვინაა? რა გვარია?

- საბლიანი...

- ხვალ ქორწილი ჩაივლის... მერე მახვშს შევხვდეთ და გვარების შერიგებას შევეცადოთ.

- ჩემგან ეგ არ გამოვა... ლაჩრად მომნათლავენ... ახლა შერიგებაზე რომ დავიწყო ლაპარაკი, ხმას გაავრცელებენ, შეეშინდაო... ვაჟკაცის სახელს შევირცხვენ...

- კარგი, რააა... რომელი საუკუნეა?!. რაღა დროს სისხლის აღებაა?!

- ვაჟკაცობამ საუკუნე არ იცის... სვან ქალს ეს არ უნდა გიკვირდეს...

- არ მიკვირს, მაგრამ ვგმობ მაგ წესს.

- ყველა გმობს, მაგრამ ყველა ემორჩილება...

- ყველა არ ემორჩილება... შენი ძმის მკვლელობისთვის შენ აიღე სისხლი... შენ გარდა კიდევ 2 ვაჟი ჰყავს შენს ოჯახს... იმათ რატომ არ შეიწუხეს თავი? შენ უმცროსი ხარ... შენ რატომ მოგანდეს ეგ საქმე?

- მე ვითავე თვითონ, არავის დაუძალებია... როცა ჩემი ძმა მოკლეს, მაშინ მის საფლავზე დავიფიცე, რომ არ შევარჩენდი მის სისხლს. ჩემმა ძმებმა მაშინვე შერიგებაზე დაიწყეს ლაპარაკი... თქვეს, ნუღარ გავაღვივებთ შუღლს, ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მორჩეს ეს ამბავიო!..

- მერე, შენ რატომ არ მიჰბაძე მათ?

- არ შეიძლება. ჩვენს გვარს ისედაც შერცხვენილი აქვს სახელი, ბევრი იაღლიში აქვს, ბევრი სირცხვილი გადაყლაპა... მე ვერ შევირცხვენდი ვაჟკაცის სახელს. არ მინდოდა, ვიღაცას ეთქვა, მტერს ძმის სისხლი შეარჩინაო...

- როგორ გაიმეტე ადამიანი მოსაკლავად?! როცა შემოგაკვდება, ეგ სხვაა...

- ვისაც ოდესმე სისხლი აუღია, რომ ჰკითხო, როგორ მოკლა ადამიანი, გეტყვის, რომ ამ დროს იმის წარმოდგენა ახელებს, თუ როგორ მოკლა ამ ადამიანმა მისი ახლობელი... თუ ამას ნათლად წარმოიდგენ, ხელი არ აგიკანკალდება...

- ეგ ტყუილია.

- არ არის ტყუილი! ასეა! ჩემს შემთხვევაში ასე იყო.

- ახლა რა გვეშველება? როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს საქმე?

- ერთადერთი გამოსავალი არსებობს, - მწარედ ჩაეცინა გოჩას, - უნდა დავასწრო...

- ნუ მაშინებ, გოჩა!..

- ნუ შეშინდები, პატარავ!.. - გოჩამ ანას ხელი მოხვია და მიიხუტა.

ეს საუბარი მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ახსოვდა ანას. მერე, საქორწილო სამზადისით გაბრუებულს, გადაავიწყდა და მხოლოდ მაშინღა გაახსენდა, როცა შენიშნა, ჯვრისწერის დროს, ეკლესიაში შესვლამდე როგორ მიაწოდა პისტოლეტი გოჩამ თავის ძმაკაცს...

ქორწილი დასრულდა, სტუმრები წავიდ-წამოვიდნენ, მხოლოდ შინაურები დარჩნენ და ქეიფი გააგრძელეს.

სიძე-პატარძალმაც შინ წასვლა დააპირა. ის იყო, რესტორნის ეზოდან გამოვიდნენ და მანქანაში სხდებოდნენ, რომ სროლის ხმა გაისმა...

გაგრძელება

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველდღე