თეთრი მთვარე - გზაპრესი

თეთრი მთვარე

I ნაწილი

უკვე გზაში ვიყავი, კოკას "მესიჯი" რომ მომივიდა: "სადა ხარ?". პასუხი არ დავაყოვნე: "მოვფრინავ".

სულმოუთქმელად ავირბინე კიბის საფეხურები, როგორც ყოველთვის. მობილურზე კვლავ ფოსტის სიგნალი გაისმა. "ორივე კარი ღიაა", - მატყობინებდა კოკა. "მოვფრინდი", - გავუგზავნე მეც და კარის სახელური ჩამოვწიე. დაპირებისამებრ, ღია დამხვდა. მერე ბინის კარიც ასევე ადვილად "დავიპყარი", ჰოლში შევედი და გეზი პირდაპირ საძინებლისკენ ავიღე. ყოველ მოსვლაზე ასე მემართება - სიხარულისაგან სუნთქვა მეკვრის, თითქოს პირველად ვხვდები საყვარელ მამაკაცს. არადა... სამი წელია, ვურთიერთობთ. "ურთიერთობა" - კოკა ამ სიტყვას ვერ იტანს. კომუნისტების გამოგონილიაო, იტყვის ხოლმე, ისევე როგორც "ამხანაგი" და "კოლექტივი". ეს ორი სიტყვა "ურთიერთობით" დააკავშირეს ერთმანეთთანო.

ოთახის კარი შევაღე. საბნიდან ნახევრად ამოყო თავი და თვალები გამოაჩინა.

- გძინავს? - ჩურჩულით ვკითხე და საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი.

- აჰა, - ზანტად მითხრა, თბილი ლოგინიდან მკლავები ამოაცურა, მხრებზე მომხვია და მიმიზიდა. მეც მეტი რა მინდოდა, ტკიპასავით ჩავეკარი მკერდში.

- ცხელი წყალი დამახვედრე? - თან ვეფერებოდი, თან ვეკითხებოდი.

- არა, - ისიც კოცნა-კოცნით მპასუხობდა.

- რას ამბობ, მართლა? - თავი გავითავისუფლე და საყვედურით შევხედე.

- ჰო რა, დილას ადგომა დამეზარა, - "საპატიო" ტონით თქვა.

- კი მაგრამ, კარის გასაღებად რომ ადექი, ბარემ წყალიც გაგეცხელებინა. რა ვქნა, ახლა, რითი ვრეცხო? - დავიწუწუნე.

- რაც არის, არის, დაანებე თავი. სხვა დროს იყოს, - კვლავ მიმიზიდა.

გავუძალიანდი.

- წავალ, გავაცხელებ თორემ, პერანგი აღარ დაგრჩა გამოსაცვლელი, - წამოვდექი და სააბაზანოში გავედი. სარეცხი მანქანა წყლით გავავსე, მადუღარა ჩავდე და და ჩამრთველში შევაერთე.

- სად დაიკარგე? - ოთახში შესულს ღიმილით შემომხედა.

- არსად, აქ ვარ.

- არ გაიხდი?

- აბა რას ვიზამ!

კვლავ საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და გახდას შევუდექი. ხარბად მიყურებდა.

- მაგდა! - ხმადაბლა დამიძახა.

- ბატონო!

- მიყვარხარ, - ჩურჩულით თქვა.

სასიამოვნოდ დამიარა სხეულში. ორივე ხელი ყელზე მოვხვიე, ლოყა ლოყაზე მივადე და ჩემი ბურბუშელასავით ქერა კულულები სახეზე დავაფინე.

- დავიჯერო, ამდენი წელი არ მოგბეზრდი? - ზედ ყურთან მივუტანე ტუჩები და ოდნავ შევეხე.

- შენ? - კითხვა შემომიბრუნა, საბანი გამომაცალა და ლოგინში ჩამიწვინა.

- უჰ, რა გრილი ხარ, - სიამოვნებანარევი ხმით თქვა.

- შენ კი ცხელი ხარ, - მოხერხებულად "მოვკალათდი" მის მკლავზე და მკერდზე ვაკოცე.

- კითხვას ბანზე რატომ მიგდებ, ჰა, მაგდალინა? - წელზე მომითათუნა თითები.

- მე არ მბეზრდები და არც არასდროს მომბეზრდები, - მონატრებულად ჩამოვუსვი მარცხენა ხელი მის ფართო მხარ-ბეჭს.

- მეც მაგ დღეში ვარ. აი, ხომ არის რაღაც, რასაც ჭამ, ჭამ და ვერ ნაყრდები. კიდევ და კიდევ გინდა. შენ სწორედ ასეთი ხარ.

- გამოდის, "არაკალორიული" ვყოფილვარ, - გავიცინე, - დროა, შეცვალო საკვები.

- შენ "საკვები" არა ხარ, შენ დესერტი ხარ.

- მართლა? რა სახის დესერტი ვარ? - ვაგრძელებდი ფლირტს.

- შოკოლადი, თეთრი შოკოლადი, - თქვა, თავი ასწია და ისე შემომხედა.

- მართლა ასეთი თეთრი ვარ?

- უთეთრესი. შენი კანის ფერს თეთრი აღარ ეთქმის. ეს რაღაც იშვიათობაა. პირდაპირ მაგიჟებ.

- რა კარგია! - ყასიდად აღვფრთოვანდი.

- რა არის კარგი, შენი უთეთრესი კანი თუ ჩემი გაგიჟება? - ეშმაკურად დამისვა შეკითხვა.

- ერთიც და მეორეც, - არც მწვადი დავწვი და არც შამფური, - ოღონდ არ ვიცი, სანამ უნდა გაგრძელდეს ასე. ოდესმე ხომ დასრულდება ეს ურთიერთობა. ამქვეყნად არაფერია მარადიული.

- ე! დაიწყე ახლა შენებურად! - ხელი ცივად შემიშვა და გულაღმა გაწვა, - არ მოგბეზრდა ერთი და იგივე თემაზე საუბარი? არ შეიძლება ერთად ყოფნით დავტკბეთ? მოდი რა, შევირგოთ ის, რაც დღეს არის. ხვალინდელზე კი ხვალ ვილაპარაკოთ.

- მე პატარა აღარა ვარ, კოკა. საცაა, ოცდათერთმეტს მივუკაკუნებ. ვიცი, შენ რასაც გაურბიხარ. დედაშენი ალბათ, განათხოვარ ქალს რძლად არასდროს მიიღებს. მე მესმის მისი, მაგრამ... ამის გამო ბედნიერების უფლება არა მაქვს? მითხარი, - ხმა დამისევდიანდა.

- იცი? ცოლ-ქმარი რომ გავხდებით, მერე კი არ გვეყვარება ერთმანეთი ასე, - დაიწყო შეგონებები.

- შენ რა იცი? იქნებ პირიქით ხდება?

- ექსპერიმენტები ვატაროთ? - ტონი შეეცვალა, აშკარად არ სიამოვნებდა ამ თემაზე საუბარი.

- აბა, სანამ უნდა გაგრძელდეს ასე, სანამ შენ ცოლის მოყვანას არ დააპირებ და სამაგისო "ობიექტს" არ გამოძებნი? მერე ვიცი, სხვანაირად ალაპარაკდები, - ნელ-ნელა გაბუტვას ვიწყებდი.

- ასე ძალიან გინდა გათხოვება?

გავჩუმდი.

- ჰა, მაგდა, მითხარი, ასე ძალიან გეჩქარება? მერე? "პაკლონიკების" მთელი არმია გყავს, რაღას უცდი? ერთი თითის გატკაცუნება და რიგში ჩამწკრივდებიან, შენც ხომ კარგად იცი, რაღას მალაპარაკებ, - საუბარმა "ზესერიოზული" სახე მიიღო.

- მე შენ მიყვარხარ და არა ისინი. მე შენთან მინდა და არა მათთან.

- მერე? ჩემთან არა ხარ? მეტი რა გინდა? ხომ იცი, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ქალი ხარ, ერთადერთი და განუმეორებელი. რაც ერთად ვართ, მე შენთვის არ მიღალატია. სურვილიც არ გამჩენია. ხომ იცი? თუ არ იცი?

- ვიცი, - ძლივს გავიგონე ჩემი ხმა.

- აბა, რაღა გინდა? ჯერ არ ვარ მზად ოჯახის შესაქმნელად. ხომ ხედავ, ვერ ვქმნი სამაგისო პირობებს. რატომ მახრჩობ?

- კარგი, კარგი. აღარ გვინდა ამაზე საუბარი. უბრალოდ, სიტყვამ მოიტანა, - დავთმე პოზიციები.

- ასე არ ჯობია? მოდი, ჩამეხუტე. შენ მართლა განუმეორებელი ხარ. თუ ოდესმე გადავწყვიტე ცოლის შერთვა, პირობას გაძლევ, არ აგცდება, - ხუმრობანარევად მითხრა და ტუჩებზე დამეკონა.

***

ჩვენი ყველა შეხვედრა თითქმის ასე იწყება და ასე მთავრდება. "დიალოგი ყურადსაღებ საკითხებზე", შეარქვა კოკამ ჩემს "უტოპიურ თეზისებს". მეც შეგუებული ვარ ასეთ ყოფას. მართალია, ხშირად ვეწინააღმდეგები და ჩემსას "ვახურებ", მაგრამ მალევე ვიცლები დასატენი ელემენტივით. "კარგად დატენილი" ერთ მშვენიერ დღეს "ავმუშავდები", გადმოვალაგებ ჩემი "საჩივრის წიგნს" და ბოლომდე დავიცლები. მერე კვლავ "დატენვას" ვუნდები რამდენიმე ხანს. ასე გრძელდება ჯერჯერობით და ამ პროცესს ბოლო არ უჩანს. შვილი რომ მყავდეს, ალბათ არ მექნებოდა ამგვარი პრეტენზია, მაგრამ სხვა ხელის შემშლელი ფაქტორი რომ არ არსებობს? თუმცა როგორ არ არსებობს - დედამისი. ვიცი, რომ კოკა მის აზრს უწევს ანგარიშს. განათხოვარ ქალს რძლად არ მოვიყვან! ეს მისი კატეგორიული მოთხოვნაა. ალბათ კოკაც მაგ ჭკუაზეა, თორემ დღეს რომელი შვილი დადის დედის შეგონებებზე? მეტყვით ალბათ, დადის, როგორ არ დადის, მაგრამ იშვიათადო. ჰოდა, მეც მანდა ვარ. სწორედ ეგეთი "იშვიათობა" შემხვდა. მე, მაინცდამაინც მე!

- ხომ არ გაგვიანდება? რომელი საათია? - შევაჯანჯღარე ბურანში წასული კოკა, რომელიც ჩემკენ ზურგშექცევით იწვა და ოდნავ ფშვინავდა.

მობილურს გადაწვდა, საათს დახედა.

- პირველი ხდება, - თქვა და გაიზმორა, - აუ, როგორ მეზარება ადგომა!

- პირველი? რას ამბობ! ჩემი წყალი გაფრინდებოდა, - შეშფოთებული წამოვხტი და ტიტველი სააბაზანოში კისრისტეხით გავქანდი.

წყალი უკვე შიშინებდა. საცაა, დუღილს დაიწყებდა. სასწრაფოდ გამოვრთე და ოთახში შევბრუნდი.

- რაო, გაფრინდა? - სიცილით მკითხა.

- აპირებდა, მაგრამ მივუსწარი. დავაცდი, ცოტა შეგრილდეს.

- დაგიღამდება მაგის ლოდინში.

- არა უშავს, შენ რომ წახვალ, მერე გავაზავებ. ნუ გეშინია, აქ არ ჩაგისახლდები, - გესლიანად ვუთხარი.

- რა გჭირს, რა ყველაფერს სერიოზულად იღებ? შენ მართლა გჭირდება გათხოვება, როგორც ვატყობ. სად გიშოვო ახლა საქმრო, ამ შუადღისას? - გაშაყირება დამიწყო.

- მე რომ მინდა, ისეთს შენ ვერ მიშოვი, - არ დავინდე და ბოღმა ჩავაქსოვე ნათქვამში.

სიმწრისაგან თვალები დახუჭა, ეს რა თქვიო. პასუხი არ დაუბრუნებია.

კარადა გამოვაღე. კოკას შორტი და მაისური გადმოვიღე და გადავიცვი.

- გავშალო მაგიდა? - კოპებშეკრულმა ვკითხე.

- აჰა! - თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, წამოდგა და იქვე სკამზე გადაკიდებულ ტანისამოსს გადაწვდა.

სამზარეულოში გამოვედი. გული დამიმძიმდა. რა იქნება, ამ სახლის დიასახლისი მე ვიყო? რა დაშავდება? არც არაფერი, მაგრამ... ასეა საჭირო და ვერ ვიქნები... ვერასდროს. მორჩა!

სამი ცალი ათქვეფილი კვერცხი შევწვი, ძეხვიც დავჭერი და კოკას საყვარელი "რამაც" დავდე მაგიდაზე აჯიკასთან ერთად. როგორც ჩანს, დედამისს ამ დღეებში ცხელი სადილი არ მოურთმევია ნაბოლარა შვილისთვის. ახლა რომ მოგვადგეს უცებ! ვაი სულო! კარგ დროს კი გავატარებ!

კოკაც გამოვიდა. მართალია, სუფრა მდიდრული არ იყო, მაგრამ მასთან ერთად ისე გემრიელად მივირთმევდი ხოლმე, თითქოს გოჭის ხორცი და ხაჭაპური მეჭამოს.

- ამას მე ავალაგებ. შენ მიდი, საქმეს მიხედე, - ვუთხარი სადილობის შემდეგ.

ერთხანს იდუმალი გამომეტყველებით მიყურა.

- მოდი, აქ ჩამოჯექი, - თქვა ბოლოს და მუხლზე დაირტყა ხელი.

უთქმელად შევასრულე მისი თხოვნა. წელზე ხელი მომხვია, თავი მკერდზე მომადო და ჩემი სურნელი შეისრუტა.

- რა გემრიელი ხარ, რომ იცოდე, ყველანაირ "რამას" ჯობიხარ, - მითხრა და ფარულად ამომხედა, რა რეაქცია მექნებოდა.

- ეგეც ხეირია, - არ დავაყოვნე პასუხი და თვალები დავუკოცნე.

- შენ საყვარელზე საყვარელი ქალი ხარ, - თქვა და გაისუსა.

მივუხვდი ქარაგმას. არ შევარჩინე.

- რომელ საყვარელზე?

- აჰა, მაინც შენებურად გაიგე, არა?

- როგორც მითხარი, ისე გავიგე, - უკან არ დავიხიე.

- მოკლედ, იეღოვას მოწმესავით ხარ, როგორც შენ გინდა, ისე კითხულობ ბიბლიას, გაგების შენებური მეთოდი გაქვს, - მისაყვედურა სიცილით.

- ასე არ თქვი? თუ სხვა რამის გამოხატვა გინდოდა, უნდა გეთქვა უსაყვარლესი ხარო.

- ორ სიტყვას უფრო მეტი დატვირთვა აქვს. "უსაყვარლესი" ძალიან მარტივად ჟღერს, "ყველაზე საყვარელი" კი მაგარი გოიმურია. აი, "საყვარელზე საყვარელი" უკვე დონეა! - გაფშიკა საჩვენებელი თითი თავისი ბრძნული აზრის დასადასტურებლად.

- შენს სინდისზე იყოს, აღარ გეკამათები, - დანებების ნიშნად ხელები ავწიე.

***

სამი იყო დაწყებული, კოკა რომ წავიდა. მე ჩემი გასაღები მქონდა, ამიტომ მისი სახლში ყოფნა-არყოფნა არაფერს წყვეტდა. დღეს საქმიანი შეხვედრა აქვს. ხუმრობა ხომ არ არის, ღვინის ქარხნის დირექტორია კაცი. უცხოელ სტუმრებს ელოდება, ბატონო!

- შემოსასვლელში ორჯერ უნდა გადაატრიალო გასაღები. არ დაგავიწყდეს, - შემახსენა გასვლის წინ.

- ვიცი, ჩემო კარგო, ვიცი. არც ფანჯრები უნდა გავაღო, თორემ ორპირმა ქარმა შეიძლება მინები ჩალეწოს, არც სველი ტილო უნდა მოვუსვა იატაკს, რომ ლაკიანმა პარკეტმა "ბლესკი" არ დაკარგოს. როგორც ყოველთვის, ყველაფერი გასაგებია, - დაპროგრამებული რობოტივით ჩამოვაყალიბე ყველა პუნქტი.

კოკას გასვლისთანავე ჩავკეტე სადარბაზოს კარიც და ბინისაც. საძინებელში გავედი, ფანჯარა გამოვაღე და მიმავალს მზერა გავაყოლე. ასე ვაცილებდი ყოველთვის, მზერით. სანამ ქუჩაში გავიდოდა, მოიხედა, ხელი დამიქნია. მერე მობილური დააძრო ბუდიდან. მივხვდი, "მესიჯს" მიგზავნიდა. წ-წ-წ, - დაიწრიპინა ჩემმა ტელეფონმა. ჩავიკითხე: "დაიწყე რეცხვა, ნუ ცდები, ჩემო ერთადერთო". მეც ეგრევე "ვაფრინე" პასუხი: "არის, უფროსო". ამ დროს საშინელი ჯახუნის ხმა გაისმა. მობილური ხელიდან გამივარდა და დაიშალა. გული გადამიქანდა. რა გატყდა? რამ გამოიწვია ორპირი? სხვა ფანჯარა რომ არ გამიღია? შეშინებული გამოვვარდი საძინებლიდან. ჰოლში გამავალი კარი ჩაკეტილიყო. ჩაკეტვაც არის და ჩაკეტვაც. კარს სახელური არ ჰქონდა. როგორც ჩანს, არც არასდროს ჰქონია ან, უკეთეს შემთხვევაში, დიდი ხანია, აღარ აქვს. რა გინდა ქნა? გასაღების ღრიჩოში თითები ჩავყავი და დავეჯაჯგურე. არაფერი გეტკინოს! ოთახში შემოვტრიალდი. ტანსაცმლის კარადას ვეცი. ზედა თაროდან ჭრელი ზარდახშა გადმოვიღე, რომელშიც ძაფები და ნემსები ეწყო. მაკრატელს დავავლე ხელი და პატარა, ვერცხლისფერ დასაკეპ დანას. კვლავ კარს ვეცი. როგორ არ ვუჩხიკინე, მაგრამ ვერაფერი გავაწყე.

ახლა მობილურს მივუტრიალდი. ჩემი სიკვდილი! ისე იყო დაშლილი, იმას რა ააწყობდა. მაინც მოვახერხე, მაგრამ... ესეც ახალი შემექნა საყიდელი. თუმცა, ტელეფონს ვჩივი, ისე ჩავიკეტე, ვერც სარეცხს დავრეცხავ და ვერც შინ წავალ. უფრო უარესი! კოკას მოსვლამდე მომიწევს მშიერს ყოფნა. ტუალეტში რომ მომინდეს შესვლა? კიდევ კარგი, წეღან ეგ საქმე "მოვითავე". არა, როგორღაც უნდა ვეცადო, იქნებ რამ გამომივიდეს. ვაითუ, დედამისი წამომადგეს თავზე. მაშინ რა ვქნა? რა ვუთხრა, ვინ ვარ-მეთქი? ჭურჭლის მრეცხავი, თუ მისი ვაჟიშვილის "სახლიქალი?" ო! ეს უკანასკნელი მომეწონა, კარგად ჟღერს. გასაღები მაინც შემომეტანა აქეთ. ვინმეს გადავუგდებდი გარეთ და ვთხოვდი დახმარებას. ხომ არ დავარეკინო? მაგრამ ვის? ამ მიყრუებულ ვარკეთილში ვინ დარეკავს შენი გულისთვის მობილურზე!

რაც არის, ეგ არის. მომიწევს მოცდა. ბოლოს და ბოლოს, მოვა, სად წავა! ამაღამ რომ არ მოვიდეს? გადაირიე? მოვკვდები კიდევაც ჯავრისაგან. ჩემები გაგიჟდებიან. თუმცა რა, გვიან წავალ და ეგ იქნება. დედაჩემი აიკლებს ტელეფონს. თანაც აღარ მუშაობს. "გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან", - მოახსენებს რობოტი. რას გაახარებს?! მამაჩემთან მაინც არ ჩამიშვებს, ვიცი. განა ერთხელ და ორჯერ გადავურჩენივარ? "ჯიგარო" დედა მყავს!

ბედს შევეგუე. შევატყვე, რომ ვერაფერს გავაწყობდი. ნეტავ კოკა არ მომიკითხავს? რომ მომიკითხოს, რა მერე? რას მოიფიქრებს, ჩაკეტილი რომ ვარ. აზრადაც არ მოუვა. შეიძლება კიდევაც გაბრაზდეს, რატომ გამორთო მობილურიო, მაგრამ ეგ უშველის საქმეს? ნამდვილად არ უშველის. ჰოდა, მომიწევს მოცდა. რომ მოვა, სიურპრიზი დახვდება.

საწოლზე გავიშოტე სასოწარკვეთილი და მისავათებული. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე. საღამომდე თვალი არ მომიხუჭავს. მერე, როგორც ჩანს, ფიქრებისგან დაღლილს, ჩამეძინა...

***

კარის გაღება-ჩაკეტვის ხმამ გამომაღვიძა. "მოვიდა", - სიხარულისაგან ზეზე წამოვხტი. შუქიც არ ამინთია. ის იყო, დაძახებას ვაპირებდი, რომ ქალის სიცილის ხმა შემომესმა.

"ეს ვინღაა?" - პირკატა მეცა. მივაყურადე. ორივენი გულიანად იცინოდნენ. კოკა რაღაც საინტერესოს უყვებოდა. გული ამიჩქარდა. ფეხაკრეფით მოვბრუნდი და კვლავ საწოლზე წამოვწექი. ეგ თუ "სხვა" ქალია, თანაც ჩემსავით "ერთადერთი", მაგასაც ვნახავ. მერე მიყუროს, ლოგინში რომ დავხვდები გაშოტილი!

- ვახ! ეს კარი რაღამ ჩაკეტა? - გაისმა კოკას ხმა.

ცოტა ხნით ორივენი მიწყნარდნენ. მერე ჩხაკუნის ხმა მომესმა. როგორც ჩანს, კარს აღებდა. მალე ჩხაკუნი ჭრიალით შეიცვალა. გააღო ალბათ. მოემზადე, მაგდა, მაგრად დადექი, - გავამხნევე საკუთარი თავი და "პოზა" მივიღე. ფეხები მუხლებში მოვხარე და ერთმანეთზე გადავიდე, ხელები კი თავქვეშ ამოვიწყვე.

- მოიცა, მოიცა, ხელში უნდა აგიყვანო, ჩემო ერთადერთო, - მხიარულობდა "ღვინის დირექტორი".

გულმა ცემას უმატა. ყურებმა შხუილი დამიწყო. მერე კოკამ ფეხით შემოაღო საძინებლის კარი7 შუქი აანთო და...

არასდროს დამავიწყდება მისი და მისი "მეორე ერთადერთის" შეძრწუნებულ-შეცბუნებული სახეები.

- შე-ენ? - გაოცებულმა კოკამ ძირს ჩამოსვა ხელში ატატებული ქალი.

იგი მაღალი იყო, გამხდარი, შავთმიანი და შავთვალება. საკმაოდ ლამაზი. შეიძლება ჩემზე უკეთესიც, ვინ იცის.

- უკაცრავად, - აღმოხდა მასაც.

- კარი ჩამეკეტა და... მობილურიც დამემტვრა, - მივუთითე მაგიდაზე დაყრილი აპარატის ნაწილებზე. ხმა მიკანკალებდა.

- კოკა, რა ხდება? - იკითხა "მეორე ერთადერთმა", - თქვენ ვინ ბრძანდებით? - ახლა მე მომიტრიალდა.

- მე მრეცხავი ვარ, კოკას პირადი მრეცხავი, თანაც ერთადერთი და განუმეორებელი, მაგრამ ორპირმა ქარმა კარი ჩაკეტა და საძინებლიდან გასვლა ვერ მოვახერხე, სამწუხაროდ, - ირონიულად შევნიშნე.

კოკა ხმას არ იღებდა. გაფითრებული იდგა, შიგადაშიგ ცხვირზე მოისვამდა ხელს, როგორც ნერვიულობისას ჩვეოდა.

- საძინებელში რა გინდოდათ? - არ მეშვებოდა "ახალი".

"რა კონკურენტუნარიანი მეტოქე ჩანს", - ავხედ-დავხედე ცნობისმოყვარე ქალს და ახლა უკვე გესლიანად ვუთხარი.

- ეგ კოკას ჰკითხეთ, მან უკეთ იცის, - ნიშნის მოგებით გადავხედე ჩემს "ყოფილს".

- არ გინდა, მაგდა, არ გირჩევ, - დამრიგებლური ტონით მომმართა კოკამ.

- ჩვენ ბოდიში, ასე უნებურად რომ დაგირღვიეთ "ღამეული იდილია". იმედია, მომიტევებთ. ვწუხვარ, რომ სხვა მრეცხავს მოუწევს დარეცხვა. ბედნიერ თაფლობის ღამეს გისურვებთ, ბატონებო, - ბოროტად დავაკვესე თვალები და გასასვლელისკენ გავეშურე.

კოკა არ გამომკიდებია. უფრო მეტიც - ადგილიდან არ დაძრულა. კართან შევჩერდი, წამით შევყოვნდი, იქნებ სინდისის ქენჯნამ შეაწუხოს და გამაცილოს-მეთქი, მაგრამ... თქვენც არ მომიკვდეთ. მსგავსი არაფერი მომხდარა. რომ გამოსულიყო, პატიება რომ ეთხოვა, თავი რომ ემართლებინა, ალბათ... ალბათ ვაპატიებდი, ყველაფერს ვაპატიებდი... მერე რა, მამაკაცურ სისუსტეში ჩავუთვლიდი, ერთჯერად გართობაში და კიდევ სხვა მსგავს "ჯანდაბაში", მე ხომ სიგიჟემდე მიყვარდა იგი.

***

არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი ქუჩაში. გაწვიმებულა. ეს ქარი რაღამ ამოაგდო! პირდაპირ სახეში მეძგერა, თითქოს სილას მაწნავდა და გესლიანად ჩამსისინებდა: "ახია შენზე, ახია შენზე!" ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა და წვიმის წვეთებს უერთდებოდა თითქოს. აი, სოლიდარობაც ამას ჰქვია. როგორ მიცხადებს თანაგრძნობას. წვიმაც ჩემსავით ტირის. რაღაც პოეტურმა აზრებმა შემაწუხა. ღამის სიბნელეში ძლივს გავიკვლიე გზა ტრასისაკენ. ტაქსი გავაჩერე...

***

ჩემს დანახვაზე საცოდავმა დედაჩემმა თავში წაიშინა ხელები, ცოცხალი არ მეგონეო. უკვე გამოტირებული ვყავდი. თან ცდილობდა, ჩურჩულით ელაპარაკა, მამაჩემს რომ არ გაღვიძებოდა. როგორც ჩანს, ამჯერადაც გადამარჩინა ჩხუბსა და დავიდარაბას. არა უშავს, სამაგიეროდ, ეს უკანასკნელი დაგვიანება იქნება. აწი "გამოვსწორდები". მორჩა! კოკასთან გატარებული დღევანდელი დღე ჩემი "ბოლო ბანაობა" იყო.

ჩემს ოთახში გავედი გაწუწული, გალუმპული. საათს ავხედე. პირველი ხდებოდა. სარკეში ჩავიხედე. საკუთარი თავი ვერ ვიცანი. თვალები დამსიებოდა ტირილისაგან. ეტყობა, სანამ ტაქსის გავაჩერებდი, კარგა გვარიანი მანძილი გავიარე ფეხით. ახლა რა ვქნა? როგორ მოვიქცე? ნუთუ შეიძლება ყოველივე ამის შემდეგ შეურიგდე ასეთ ნაძირალას? გამორიცხულია! რომ დამიჩოქოს, მაგას არ ვიზამ! საინტერესოა, დაიწყებს თუ არა თავის მართლებას? განა რა უნდა თქვას? მოვა კი ახსნა-განმარტების მოსაცემად? არ ვიცი, ვნახოთ. ხვალინდელი დღეც გათენდება...

***

იმ ღამეს არ მიძინია. ალბათ არც კოკას. ან კი რა დააძინებდა, იმისთანა ქალი ეწვა მკლავზე... ახალი, თანაც "ერთადერთი"... თუმცა ვინ იცის, იქნებ არც არის ახალი? იქნებ ეგ მხოლოდ ჩემთვის არის "სიახლე"!..

სამი დღე არ გამოჩენილა. არც დაურეკავს. მობილური ხომ აღარ მქონდა, მაგრამ არც სახლის ტელეფონზე შეუწუხებია თავი. ბრაზი უფრო და უფრო მერეოდა. ბოღმა მახრჩობდა. გალიაში გამომწყვდეული ძუ ვეფხვივით ვბრდღვინავდი. ჩემდა ჭირად დაემთხვა ეს შაბათ-კვირაც, სამსახურში მაინც გავიდოდი და გულს გადავაყოლებდი. მაგრამ არ გინდა, ამ ყოფაში გამოეცხადო თანამშრომლებს? ადამიანის სახე არა მაქვს, ფერი არ მადევს, ნამდვილ "უჟასს" დავემსგავსე. თვალის უპეებიც ჩამიცვივდა. ეს დღეები ლუკმა არ გადამცდენია ყელში. როგორ მაშინვე დამეტყობა ხოლმე სიგამხდრე. საკმარისია, ჭამის ერთი ჯერი გამოვტოვო, მაშინვე წონაში ვიკლებ. ამ დროს სულაც არ მჭირდება გახდომა. ისედაც მშვენიერ ფორმაში ვარ. ჩემ გარშემო ყველას შურს ჩემი. ფიგურას როგორ ინარჩუნებო, მეკითხებიან. "სეკრეტ ფირმი"-მეთქი, მეც ჯინაზე ვპასუხობ, რადგან არ სჯერათ, რომ ჯიში მაქვს ასეთი, რაც უნდა ბევრი "ვხეთქო", მაინც არ გავსუქდები. ახლა მით უმეტეს, ისეთი რამის გადატანამ მომიწია ამ სამ დღეში, შეიძლება ზედმეტადაც გავხდე. ეჰ, აღარ ვჩივი. ჯანდაბამდის გზა მქონია. ისეთ შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქა დამთავრდა - ყველაზე თბილი და ყველაზე სანუკვარი. თითქოს გამყინვარების პერიოდი დაიწყო. მეც თუ "გადავშენდი" დინოზავრებივით. ჰმ, რა დროს ხუმრობაა, ორი აგური უნდა მეჭიროს ხელში...

***

ორშაბათს სამსახურში გავედი. მთელი დღე უხასიათოდ ვიყავი, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თანამშრომლებს. მე ექიმი ვარ, ფსიქოთერაპევტი, კერძო კლინიკაში ვმუშაობ. ვზივარ კეთილმოწყობილ კაბინეტში, პასუხისმგებლობით ვეკიდები საკუთარ საქმეს. საშუალო ხელფასი მაქვს, მაგრამ მყავს კარგი კოლეგები და დიდი რაოდენობით თაყვანისმცემლები. კლინიკაში მეგობრული ატმოსფერო სუფევს, ინტრიგების ხლართები ჯერ არ მომწვდენია. შეიძლება იმიტომაც, რომ ვფრთხილობ ურთიერთობაში, მე ხომ პროფესია მაქვს ასეთი. ეჰ, სხვებს ვუგვარებ პრობლემებს, სხვებს ვუტარებ ფსიქოლოგიურ ტრენინგებს და თვითონ რა დღეში ვარ, საკუთარი ცხოვრება ვერ მომიგვარებია. სამაგიეროდ, პაციენტები მენდობიან, კმაყოფილი არიან ჩემით, ამბობენ, შენთან კონსულტაციებით ცხოვრება გავილამაზეთო. ეს მეამაყება. პაციენტების რიცხვმაც იმატა, ყველას ჩემთან უნდა მკურნალობის კურსის ჩატარება. როგორც გითხარით, დიდი შემოსავალი არ მაქვს, მაგრამ ასეა თუ ისე, გამაქვს ჩემი თავი. ისე, კოკა როგორ მიმართავდა ხელს! თუმცა იმას ხელის გამართვა აღარ ჰქვია. სიმართლე რომ ვთქვა, მარჩენდა, როგორც ნამდვილ "ჯიბეშესქელებულ" საყვარელს შეეფერება - საკმარისი იყო, პირი გამეღო და რამე მენატრა, ციმციმ მოჰქონდა...

უკვე დღის ბოლო იყო. სადღაც ნახევარ საათში გასვლას ვაპირებდი, რომ ტელეფონზე გთხოვენო, ნიკომ შემოყო თავი მეზობელი ოთახიდან. ფეხათრევით გავედი. ვიცოდი, ვინც იქნებოდა.

გაგრძელება

სვეტა კვარაცხელია

რომანი განახლდება ყოველდღე