თეთრი მთვარე - გზაპრესი

თეთრი მთვარე

კრისტი გვიან წავიდა. გავაცილე. შინ რომ ამოვბრუნდი, დედამ მითხრა, ლუკამ დაგირეკაო. მაშინვე ტელეფონს ვეცი, ნომერი ავკრიფე, მაგრამ მყისვე დავკიდე ყურმილი. რატომ უნდა დავურეკო? კეთილი ინებოს და თვითონ შეიწუხოს თავი. შუაღამემდე ამაოდ ველოდებოდი მის ზარს. არ დაურეკავს.

მეორე დილით უძინარი, თვალებამოღამებული, გასავათებული გამოვცხადდი ლექციაზე. კრისტიმ კითხვით სავსე თვალები შემომანათა.

- გაიგე რამე? ელაპარაკე?

- არა, შენ რომ გაცილებდი, მაინცდამაინც მაშინ დაურეკავს, მერე არ შემხმიანებია.

- შენ თვითონ ვერ დაურეკე? რა ტიპი ხარ! - დამიცაცხანა.

- მეტი საქმე არ მქონდა. თუ უნდოდა და ვენატრებოდი, ხელახლა დაერეკა. არც კი იკადრა. ნამდვილად არ შევეხვეწები. რაც უნდა ის ქნას. ასი წელი არ მჭირდება, ჰყავდეს ის გაბერილი ბუშტი.

- ნუ ნერვიულობ, წინასწარ რას იხეთქავ გულს?

- აბა რა უნდა ვქნა? იცი, საერთოდ რას ვფიქრობ? გუშინ ალბათ სპეციალურად დამინიშნა პაემანი სამ საათზე, რომ აქ არ შევფეთებოდი. ხედავ, რა ეშმაკი ყოფილა? ამაზე აქამდე არ მიფიქრია.

- შენც მართალი ხარ... ეგ მეც არ მომსვლია თავში აზრად. შეიძლება ასეც არის.

- შეიძლება კი არა, ასეა. რა გაძლებს ახლა ლექციებზე.

- მოდი, გინდა მოვტყდეთ და სადმე გავიდეთ, გული გადავაყოლოთ? - იდეა დაებადა კრისტის.

- მერე სად წავიდეთ?

- რა ვიცი... სულაც ჩემთან წავიდეთ, მუსიკებს მოვუსმინოთ.

- ტელეფონი ჩაირთო?

- კი, ამ დილით ჩართული დამხვდა.

- ჰოდა, შენგან დავურეკავ, ერთი რას მეტყვის.

- სახლში რომ არ იქნება?

- სამსახურის ტელეფონიც ვიცი.

- იმედია, ოპერაციაზე არ იქნება.

- დღეს პარასკევია, ოპერაციების დღე არ არის.

- წამო მაშინ, ლექციების დედაც, ჯეკ! - მხიარულად წამოიძახა კრისტიმ, ხელი ჩამკიდა და პატარა ბავშვებივით გავიქეცით.

***

გაწვიმებულიყო. დეკემბერი იწურებოდა და ჰაერში სუსხი იდგა. ცივი ქარი უბერავდა. ავტობუსის გაჩერებაზე კარგა ხანს ვიდექით, ერთიანად გავილუმპეთ. ბოლოს, საშველი რომ არ დაადგა, ტაქსი გავაჩერეთ და ჩავსხედით.

შინ მისულებმა სასწრაფოდ ტანთ გამოვიცვალეთ, გაწუწული წიწილებივით გამოვიყურებოდით ორივე. შეგვცივდა. კრისტიმ გაზის გამათბობელი ჩართო.

- შენები სად არიან?

- სამსახურში, შვიდ საათამდე არავინ მოვა, სრული "სვაბოდა" გვაქვს, თუ გინდა, თავზე დავიმხოთ მთელი სახლი, - თქვა კრისტიმ და თმა პირსახოცით შეიმშრალა.

საწოლზე ჩამოვჯექი, ტელეფონი წინ დავიდე და ლუკას სამსახურის ნომერი ავკრიფე. ვიღაც ქალმა მიპასუხა. ლუკა ვიკითხე. ახლავე დავუძახებო, მითხრა და ყურმილი გვერდზე გადადო. ცოტა ხანში ნაბიჯების ხმა გაისმა ტელეფონში, მერე - ყურმილის აღების.

- გისმენთ, - ჟრუანტელმა დამიარა, როგორ მომნატრებია ამ ხმის გაგონება.

- მაგდა ვარ, გამარჯობა, - რაც შეიძლებოდა, მშვიდად ვთქვი.

- მაგდა, სადა ხარ, რატომ დამეკარგე? - ისე მომიკითხა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

- მე დაგეკარგე თუ შენ? - გავღიზიანდი, - რატომ არ დამირეკე?

- დედაშენმა არ გითხრა, რომ დაგირეკე?

- დედაჩემმა შენც გითხრა, კრისტი ჩააცილაო, მეორეჯერ ვერ დარეკე?

- მეგონა, შენ თვითონ დამირეკავდი. რომ არ დარეკე, ვიფიქრე...

- რა ვიფიქრეთ? - გამოვაჯავრე.

- ალბათ ჭორაობას შეჰყვნენ და შეაგვიანდა-მეთქი. რატომ მელაპარაკები ასეთი ტონით?

- რატომ? ვერ ხვდები რატომ? რას მალოდინე იმ სიცივეში ერთი საათი, რატომ არ მოხვედი?

- გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა, ვერც შეგატყობინე. უბრალოდ, არ შემეძლო გამოსვლა.

- ისეთი რა საქმე გამოგიჩნდა, საინტერესოა, ქუჩაში რომ გამყინე. მე რომ ვყოფილიყავი, ყველა საქმეს გადავდებდი და თავქუდმოგლეჯილი გამოვიქცეოდი, იმის სათქმელად მაინც, რომ შეხვედრას ვერ ვახერხებდი.

- შენ ჩემზე ყურადღებიანი ხარ, რას ვიზამთ.

მისი საუბრის კილო არ მომეწონა.

- ჰო, არა?

- ჰო.

- კარგი, ასე იყოს. იქნებ ახლა მაინც მითხრა, რა გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდა?

- სადა ხარ ახლა?

- კრისტისთან.

- ერთ საათში მანდ ვარ, დამელოდე, ამოვალ და ყველაფერს აგიხსნი.

- იმედია, დღესაც არ მალოდინებ.

- იქ მაინც არ ცივა, ცოტათი თუ დამაგვიანდა.

- არ დაგელოდები, იცოდე. ზუსტად ერთ საათში მივდივარ! - წავუყენე "ულტიმატუმი".

- მოვალ-მეთქი, ხომ გითხარი.

- მითხარი.

- ჰოდა, "ვსიო".

თქვა და გამითიშა. კარგა ხანს ვიჯექი გაუნძრევლად, ვეღარ ვაზროვნებდი. იმ წუთებში მეზიზღებოდა ლუკაც და ჩემო თავიც. როგორ განვიხიბლე... ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. საოცარი სიცარიელე ვიგრძენი. კრისტიმ ყავა მოადუღა. გამათბობელთან მიყუჟელებმა, ნახევრად წამოწოლილებმა დავლიეთ, სალაპარაკოც შემოგველია რატომღაც. დრო გაიწელა. დავილიე მოლოდინით...

როგორც იქნა, ზარის ხმა გაისმა. კრისტი გიჟივით წამოხტა და კარის გასაღებად გაემართა. მე წამოვჯექი, წელში ამაყად გავიმართე, ფეხებზე პლედი გადავიფარე და ლუკასთან შესახვედრად "საფუძვლიანად" მოვემზადე.

- თბილა თქვენთან, გარეთ კი ქვეყანა იქცევა. როგორ ხარ? - თავისი დიდრონი თვალები შემომანათა ლუკამ და ლოყაზე მაკოცა. ქურთუკი არ გაუხდია, მხოლოდ ღილები შეიხსნა და იქვე მდგარ სკამზე დაჯდა.

- მე არა მიშავს, შენ? - ცივად მოვიკითხე.

- ვარ, რა. ნუ მიყურებ ასეთი თვალებით. ვიცი, რომ გაბრაზება ძალიან გიხდება, მაგრამ არ არის საჭირო.

- ლუკა, მოგიდუღო ყავა? - ჰკითხა კრისტიმ.

- თუ არ დაგეზარება...

- რას ამბობ, რა დამეზარება. ოღონდ ჯერ ჩავალ, შაქარს ამოვიტან.

- აპ-აპ-აპ! მაშინ არ მინდა. ამ თავხსმაში გარეთ გაგიშვებ?

- არა, მეზობელს გამოვართმევ, შორს კი არ მივდივარ, თან რაღაც საქმე მაქვს, მალე ამოვალ, - კრისტიმ თვალი ჩამიკრა და შალის ხალათი მხრებზე მოისხა, - თქვენ არ მოიწყინოთ ჩემს მოსვლამდე, კარს გარედან ჩავკეტავ, კარგი?

თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. რამდენიმე წუთის შემდეგ მარტონი დავრჩით. ზედაც არ შემიხედავს, ხელები გამათბობელს მივუფიცხე და იატაკს ჩავაშტერდი.

- კიდევ მიბრაზდები? - სიჩუმე ლუკამ დაარღვია.

- ამაზე მერე ვილაპარაკოთ. ჯერ ის მითხარი, რა ხდებოდა გუშინ.

- ქირურგიული განყოფილების გამგედ დამნიშნეს, - ამაყად თქვა.

ეგ დაახლოებით უკვე ვიცოდი, ამიტომ დიდი "სიხარულები" არ გამომიხატავს. ლუკას ძალიან გაუკვირდა ჩემი "ურეაქციობა".

- არ გიხარია?

- გააჩნია, რა შემთხვევაში, - მკვახედ ვუპასუხე.

- რას ნიშნავს "რა შემთხვევაში"? რაღაც ვერ გავიგე.

- იმაზე მომიყევი, რის ფასად დაგიჯდა ეგ თანამდებობა,- გამჭოლი მზერა ვესროლე.

- ნამდვილი "ავიაგამანადგურებელი" ხარ, რის ფასად უნდა დამჯომოდა? ვერ ვხვდები, საით უკაკუნებ.

- საითაც შენ "დაკაკუნებ", როცა მე პაემანზე მიბარებ.

- რა გინდა, მაგდა, რას მერჩი? ხომ გითხარი, გადაუდებელი საქმე მქონდა-მეთქი, გასაგებად ვერ გითხარი? - მიამიტად იკითხა.

- ყრუ არა ვარ, ეგ გავიგე, მაგრამ იმ შენს "გადაუდებელ საქმეს" შემთხვევით ნანუკა ხომ არ ჰქვია?

მიზანში მოვარტყი. ამ სახელის გაგონებაზე სახე შეეცვალა. როგორც ჩანს, არ ელოდა, თუ ეს ამბავი მეცოდინებოდა.

- ვინ ნანუკა, რა შუაშია ნანუკა? - აშკარად დაიბნა.

- ის ნანუკა, ხელგადახვეულს რომ "მიატასავებდი" სამ საათზე სამედიცინოსთან, სწორედ იმ დროს, როცა რუსთაველის მეტროსთან მე გელოდებოდი.

თავი დახარა, ფეხი ფეხზე გადაიდო და თავი ჩაქინდრა.

- შენ ვინ გითხრა?

- ვინც გნახა, იმან. როგორც ჩანს, შენ ისეთი ბედნიერი იყავი იმ წუთებში, შენ ირგვლივ სხვას ვერავის ამჩნევდი, შენ კი ბევრმა შეგამჩნია. აი, ამაშია საქმე, - სეტყვასავით მივაყარე.

- საქმემ მოითხოვა ასე, - აღიარა ბოლოს.

- რომელმა საქმემ?

- მომისმინე, მაგდა. მე გუშინ სერიოზულ თანამდებობაზე დამნიშნეს. ეს ასე ადვილად არ ხდება. ნანუკას მამა იქ...

- ვიცი, მთავარი ექიმია, - გავაწყვეტინე წინადადება.

- ჰო, მთავარი ექიმია და ეს საქმე ნანუკამ გააკეთა.

- სანაცვლოდ რა მიიღო?

- რა უნდა მიეღო? ჩვენ უბრალოდ, კარგი მეგობრები ვართ, მეტი არაფერი. შენ ფიქრობ, რომ ჩვენ შორის რამე ხდება?

- ეგ შენ უნდა მითხრა.

- სისულელეს ნუ ლაპარაკობ, როგორ გგონია, შენზე წინ ოდესმე ნანუკას დავაყენებ? არც ისეთი მდარე გემოვნება მაქვს. ცუდი წარმოდგენა გქონია ჩემზე, თუ ასე ფიქრობ.

- როგორც მითხრეს, საკმაოდ "ინტიმური" შეხვედრა გქონიათ, წელზე ხელის მოხვევები, კოცნები და ა.შ.

- ასე მიცნობ?

- როგორც ჩანს, არ მცნობიხარ კარგად.

- დაივიწყე ეგ გოგო, მე ცოლს ქონების და საქმიანი გარიგების გულისთვის არ მოვიყვან.

- ვითომ?

- ეჭვი გეპარება იმაში, რომ მიყვარხარ? მითხარი, ეჭვი გეპარება?

- არ ვიცი, ლუკა. შეიძლება გიყვარვარ კიდეც, მაგრამ მამაკაცები ცოტა სხვანაირები ხართ. სიყვარული შეგიძლიათ ადვილად გაწიროთ კარიერის გულისთვის.

- ასე გაკეთებული კარიერის დედაც ვატირე!

- რატომ, რატომ. კარგი ოჯახი, სიმდიდრე, ულევი ქონება, მანქანა, რამე-რუმე... დღეს განყოფილების გამგე ხარ, ხვალ მთავარი ექიმის მოადგილე გახდები, ზეგ...

- მორჩი, რა, არ გინდა ეგეთები!

- რა, გაბრაზდი? მეც გავბრაზდი, შენი გუშინდელი "ვოიაჟის" შესახებ რომ გავიგე. შენ კი დარეკვაც არ იკადრე, თავის მართლებაც არ ისურვე, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.

- არც არაფერი მომხდარა და რა ვქნა, სხვანაირად როგორ აგიხსნა?

- როგორ? როგორც გინდა. ჩემთან შეხვედრაზე უფრო მნიშვნელოვანი როგორ იყო იმ... უკაცრავად, ნანუკას ნახვა? ასეთი "გადაუდებელი" სათქმელი რა გქონდა? ბოლოს და ბოლოს, დილით დაგერეკა და გეთქვა, დღეს ვერ გამოვალო, არ შეიძლებოდა?

- დილით არ ვიცოდი, რომ უნდა შევხვედროდი.

- არაფერიც! ძალიან კარგადაც იცოდი, მაგრამ სპეციალურად გააკეთე და კარგადაც გათვალე ყველაფერი. რომ არა ჩვენი პაემანი, ხომ შეიძლებოდა, მეც მენახეთ ორივე? ეს კი არ გაწყობდა. იმან ხომ არ იცის, ჩვენ შორის რაც ხდება!

- რა ხდება? - ისე ირონიულად იკითხა, მოულონელობისგან სული შემიგუბდა.

- არ იცი, რა ხდება?

- ჰო, არ ვიცი და იქნებ მიმახვედრო.

- აკი მიყვარხარო?

- კი, მიყვარხარ და ამას არც ვმალავ. რა მერე, რო? შენს საკუთრებად ხომ არ დამიგულე? მე შენ რამეს შეგპირდი?

მისმა შეკითხვამ გული გამიგმირა. გავფითრდი. ყველაფერს ველოდი, მაგრამ ასე თუ შემომიტრიალებდა კითხვას, არ მეგონა. სიმწრისგან ნერწყვი გადამცდა სასულეში, ხველა ამიტყდა.

- მე შენთან უკვე აღარაფერი მაქვს სალაპარაკო, - ძლივს წარმოვთქვი და ავდექი.

- მაგდა, გთხოვ, ნუ გააფუჭებ ყველაფერს, მე ეჭვიანობის საბაბი არ მომიცია შენთვის, - ლუკამ სიტუაციის განმუხტვა სცადა. მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა.

- ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, შეგიძლია წახვიდე, - შეუვალი ვიყავი. ახლა ისე მინდოდა მეყვირა, როგორც არასდროს.

- მოიცა, მე ჯერ...

- არაფრის გაგონება არ მინდა. წადი აქედან! - ხმას ავუწიე.

- ჯერ ერთი, კარი ჩაკეტილია და კრისტის მოსვლამდე ვერსადაც ვერ წავალ, მეორეც - ნუ აკეთებ მცდარ დასკვნებს, თორემ...

- თორემ რა?

- ცუდად დაამთავრებ, იცოდე.

- ეს მუქარაა?

- რა შუაშია მუქარა. ისე ნუ მოიქცევი, მერე ინანო და...

- შენი თვალებში ჩახედვის შემრცხვეს, არა? - გამეცინა, - ჯერ კიდევ საკითხავია, ვის როდის რისი შერცხვება. ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე და შენ იყო ცამდე მართალი. ნეტავ ასე იყოს.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ორივე ჩუმად ვისხედით. ლუკამ სცადა, ჩემს ხელებს შეხებოდა, მაგრამ არ დავანებე. ახლა მოფერების თავი სულაც არ მქონდა. იქ, შიგნით, გულის სიღრმეში, ხანძარი გიზგიზებდა.

ცოტა ხნის შემდეგ კრისტიც ამოვიდა, ხელში ჭიქით სავსე შაქარი ეჭირა.

- დამაგვიანდა? - მხიარულად იკითხა, მაგრამ ჩვენს სახეებს რომ შეხედა, მიხვდა, ვერ იყო საქმე კარგად.

- სწორედ რომ დროზე მოხვედი, ლუკა უკვე წასასვლელად ემზადებოდა, - ცინიკურად შევნიშნე.

- რას ამბობ, რა დროს წასვლაა, ახლა არ მოხვედი? - გაიოცა კრისტიმ.

- კარიერა ეძახის! კარიერა და კიდევ ერთი ვინმე სულიერი.

- მაგდა, არ გინდა! - ხმადაბლა თქვა ლუკამ.

- თორემ ვინანებ, - დავასრულე მისი ნააზრევი.

- მე წავედი, კარგად იყავით, - ლუკა წამოდგა და წასასვლელად გაემზადა.

- მოიცა, ყავა? - გაოცებულმა კრისტიმ ხელები გაშალა.

- სხვა დროს იყოს, დიდი მადლობა, - ცალყბად გაიღიმა ლუკამ, ქურთუკის ღილები შეიკრა და ოთახიდან გავიდა.

- მაგდა, რა იყო, იჩხუბეთ?

- მსუბუქად, - წარბები ავზიდე, - ყველაფერი დამთავრებულია, - ხმა ამიკანკალდა.

- კარგი, რა, ეგ რა ხუმრობაა.

- სულაც არ ვხუმრობ. ხვალ-ზეგ, აგერ ნახავ, თუ დევაძეების სიძე არ გახდა, - ვთქვი და მოწყვეტით დავეშვი საწოლზე.

კრისტი გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია. რაღაცას მეუბნებოდა, მამშვიდებდა. ნახევარი არ მესმოდა მისი ნათქვამი. უხმოდ, უცრემლოდ ვტიროდი. მხოლოდ იქ, შიგნით, სადღაც სიღრმეში, ჩემი სული იღვრებოდა ცრემლებად...

* * *

ვერ გეტყვით, რა დღეში ვიყავი. ლუკას გარეშე ძალიან გამიჭირდა. როგორ მინდოდა, შევხვედროდი, კიდევ ერთხელ განმეორებულიყო ჩვენი ერთად ყოფნა, პაემანი, მოფერება, კიდევ ერთხელ მომესმინა მისი საალერსო სიტყვები, მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩა. ლუკა არ რეკავდა, არც გამოჩენილა. მეც ჯიუტად ვიკავებდი თავს, თავმოყვარეობა არ მაძლევდა იმის საშუალებას, შესარიგებლად პირველს გადამედგა ნაბიჯი. ჩვენი ბოლო შეხვედრიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. ნერვიულობისგან ისე გავხდი, ჩხირს დავემსგავსე, თვალები ჩამიღამდა. არავის ნუგეში არ მშველოდა, არავის თანაგრძნობა, ჩემი წამალი მხოლოდ ლუკა იყო.

ერთ დღესაც, შებინდებულზე, ჩემს სადარბაზოს რომ მივუახლოვდი, ხის ქვეშ ვიღაცის ჩრდილი დავლანდე. ყურადღება არ მიმიქცევია, ასეთი "ჩრდილები" ხშირად მხვდებოდა ხოლმე ღამღამობით. ახლოს რომ მივედი, "ჩრდილი" ხეს მოშორდა და ლამპიონის შუქზე ლუკა შევიცანი. ლამის ვიყვირე მოულოდნელობისგან.

- როგორ შემაშინე, - ამის თქმაღა მოვახერხე გახარებულმა.

- ასეთი "სტრაშილიჩშე" ვარ? - გამიღიმა და გადამკოცნა.

- ამ დროს აქ რამ მოგიყვანა, რამ გაგახსენა ჩემი თავი? - თბილად ვუთხარი, ყოველგვარი აგრესიის გარეშე.

- შენი ნახვა მომინდა. გეტყოდი, მომენატრე-მეთქი, მაგრამ ვიცი, მაინც არ დამიჯერებ.

- რატომ გგონია? იქნებ მეც მომენატრე? - იმ წუთებში პატიება რომ ეთხოვა, მზად ვიყავი, ყველაფერი დამევიწყებინა.

უფრო ახლოს მივედი, რომ მისი სურნელი შემეგრძნო. უკან დაიხია. ეს ცუდად მენიშნა.

- რა იყო, ჩემი გეშინია? - მწარედ ჩავიცინე.

- ცოტა არ იყოს, კი. ისე "დამიფრინე" იმ დღეს, სიცოცხლის ხალისი წამიხდა.

- ახლა რა შეიცვალა? შიშმა გადაგიარა, თუ?..

- რაღაც მინდა გითხრა. უნდა მენახე.

- მითხარი, გისმენ, - ხმა გამიცივდა. მივხვდი, კარგს არაფერს მეტყოდა.

- არ ვიცი, ის შეხვედრა რომ არა, იქნებ ყველაფერი ძველებურად დარჩენილიყო, მაგრამ შენმა ენამწარეობამ საბოლოოდ გააფუჭა ჩვენი ურთიერთობა. იცი? ცხოვრებაში ადამიანმა რაღაცას რომ მიაღწიო, თურმე მსხვერპლი უნდა გაიღო. მეც მომიწია ამის გაკეთებამ. შენ, ალბათ, დააჩქარე ეს ყველაფერი.

- ვერ გავიგე, საით უმიზნებ! - თვალებში ჩავაცქერდი.

- მიყვარხარ, მაგდა, ძალიან მიჭირს უშენოდ, ისე მენატრები, ისე, ისე, სიტყვები არ მყოფნის სათქმელად, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. არ ვარ ცუდი ადამიანი, მაგრამ ჩემი მდგომარეობა ასე მოითხოვს. თუ შეძლებ, მაპატიე, თუ არადა... - სიტყვები არ დაამთავრა, უცებ მხრებში ჩამავლო ხელები, მიმიზიდა და ტუჩებზე დამაცხრა.

დიდხანს, დიდხანს ვკოცნიდით ერთმანეთს. მესმოდა იგივე სიტყვები, როგორც ადრე, ჩვენი ყოველი შეხვედრისას, მოფერებაც და ალერსიც იგივე იყო, მაგრამ... მაინც რაღაც გვაშორებდა ერთმანეთს. მერე უცებ მომიშორა, თვალებში სევდიანად ჩამხედა, ცხვირზე მაკოცა და გავარდა, დაუმშვიდობებლად შეერია ღამის სიბნელეს. გახევებული ვიდექი. რა ახლობელი იყო იმ მომენტში ჩემთვის და თან რა შორეული... წავიდა... საბოლოოდ წავიდა ჩემგან... ამას მივხვდი.

... ლუკა ორ კვირაში დაქორწინდა. მისი "რჩეული", ხვდებით ალბათ, ნანიკო იყო. თავისი კარიერის მოსაწყობად ასეთი ლამაზი სიყვარული გაწირა, დაასამარა. რას ვიზამდი? ვერაფერს. დიდხანს, ძალიან დიდხანს ვერ შევეგუე ჩემს ყოფას. მთელი "სამამაკაცეთი" შემძულდა... კაცისკენ გახედვა არ მინდოდა. მთელი ყურადღება სწავლაზე გადავიტანე, რომ ჩემი პროფესია მაინც გამომდგომოდა და ჩემს საქმიანობაში მაინც გამმართლებოდა. საკუთარ თავს პირობა მივეცი, ჩემს საქმეში პროფესიონალი ვყოფილიყავი და რაღაცით სამაგიერო გადამეხადა ლუკასთვის მომავალში. თუმცა, ხომ იცით, დრო ყველაფრის მკურნალია და მეც წლების შემდეგ "განვიკურნე" და...

ჩემი შემდეგი ისტორია ჩემს ყოფილ ქმარს უკავშირდება. როგორ გავიცანი? უცნაურად. კლასელი მყავდა, ნათია, უახლოესი დაქალი, რომელიც ერთ ლექტორთან ემზადებოდა, მერე მისმა ვაჟმა დააორსულა და ცოლად არ შეირთო. ახლა ნათია ამერიკაშია, იქ მუშაობს და კარგი ანაზღაურებაც აქვს, მოიწყო ცხოვრება. შვილს მშობლები უზრდიან. მაშინ კი... ნათია თავზარდაცემული იყო, მეც არ ველოდი რეზოსგან ამას, სულ სხვანაირი ბიჭი ჩანდა, მაგრამ... ნათიამ ბავშვი მაინც გააჩინა, პატარა დათუნა. ოთხი წლის რომ გახდა, ნათიამ აიჩემა, რეზოს უნდა ვაჩვენო საკუთარი შვილიო და... მთხოვა, შენ წაიყვანე მათთან სახლშიო. თავიდან უარზე ვიდექი, მაგას ვერ ვიზამ, ორი თავი სადა მაქვს-მეთქი, მაგრამ იმდენი მეხვეწა, მაინც დამიყოლია.

დიდხანს ვებრძოდი საკუთარ თავს. ვერ გადამეწყვიტა, ღირდა თუ არა ნათიას ჩანაფიქრის განხორციელება. როგორ შეხვდებოდა რეზო ამას? ვაითუ, სასაცილოდ არ ეყოს? ბავშვი კარში რომ გამოაგდოს? მერე როგორღა მოვიქცე? სირცხვილისაგან თავი არ გამომეყოფა არც მე და არც ნათიას! ღირს კი? ფიქრები ერთმანეთში მერეოდა. ხუთი წელია, არ უნახავს. არც არაფერი იცის მის შესახებ. ახსოვს კი ნათია საერთოდ? შეიძლება არც ახსოვს. არა, ეს შეუძლებელია! განა მას მერე შეიცვალა რამე? თუმცა, როგორ არა. ბევრი რამ. ნათია უკვე აღარ არის ის "გოიმი" აბიტურიენტი გოგონა, "კარგ ოჯახში გათხოვების მიზნით" პროფესორის ვაჟს რომ "აბამდა". ეს ქალბატონი ეთერის სიტყვებია, დიდად პატივსაცემი, ბრწყინვალე ქალბატონის, ბინა ანტიკვარებით რომ აქვს გამოტენილი და სახლში ქეჩის ფაჩუჩების გარეშე რომ არ უშვებს არავის. "ვისია ეს ცინგლიანი ბავშვი?" ამ სიტყვებით თუ იკივლა, მერე ნახეთ! ხომ ვიქნები ღირსი, არამკითხე მოამბესავით გარეთ გამომაბრძანოს! ხომ არ მოგისმენს ბოლომდე. თემიდასავით იქვე გაგასამართლებს და გამოგიტანს განაჩენს, რომელიც მერე, რა თქმა, "გასაჩივრებას არ ექვემდებარება".

ნათიას არაფრის გაგონება არ სურდა. დათუნას დანახვაზე იქნებ მამაშვილურმა გრძნობამ გაიღვიძოს მასშიო. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა იცოდეს, ამხელა და ასეთი ვაჟკაცი რომ ეზრდებაო?

"მე ჩემს მოვალეობას მოვიხდი", - ვიმართლებდი თავს. არ ვიცი, ნათიას რისი მიღწევა უნდოდა ამ ჟესტით. იქნებ შერიგების იმედი ჰქონდა? იქნებ "პატივცემულ ბებიას" ქვის გული გალღობოდა ბავშვის დანახვაზე? იქნებ... იმდენი "იქნებ" დაგროვდა, დავიბენი...

სადარბაზოს მივუახლოვდით. გული გამალებით მიცემდა. დათუნა უკვე დავარიგე. იცის, რაც უნდა თქვას. პატარა კი აღარ არის, ოთხი წლისაა უკვე.

რკინის კარს მივადექით. ბავშვს ვუჩურჩულე, აბა შენ იცი, დეიდა, თამამად იყავი, არ შეგეშინდეს-მეთქი, ლოყაზე ვაკოცე და ერთი სართულით დაბლა ჩამოვირბინე. საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმოდა.

დათუნამ დააკაკუნა. მერე კიდევ... კარის გაღების ხმა გაისმა. შიშისაგან აკანკალებულმა კიდევ ერთი სართულით დაბლა ჩავირბინე. მამაკაცის ხმა გაისმა. ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა სიტყვები: "ბიჭუნა", "მამიკო", "პატარავ", "დედიკო"... მერე ყველაფერი მიწყნარდა. ხმები შეწყდა. ფეხაკრეფით ავუყევი კიბის საფეხურებს. მივაყურადე. ჩქამი არ ისმოდა. ნეტავ რა ხდება იქ, შიგნით? რას ეკითხებიან დათუნას? ვინ გაუღო კარი? რეზო შინაა? იქნებ უკვე ცოლიანია? იქნებ ამისთანა უკვე ორი ჰყავს ან სამი? ამის გაფიქრებაზე გული შემეკუმშა. რა სულელი ვარ! რატომ აქამდე არ ვიფიქრე? მოვკლავ ნათიას! არა უშავს, კვლავ საკუთარი თავის დამშვიდებას შევუდექი. თუ ასეა, უკან გამოუშვებენ. ეტყვიან, შვილო, ვის დაკარგვიხარ, ვის ეძებ, დედაშენს მისამართი შეეშალაო და მორჩა. ხომ არ შეჭამენ! ბავშვია, ბოლოს და ბოლოს, რა უნდა დაუშავონ? არც არაფერი!

დრო გაიწელა. დათუნა არ ჩანდა. საათს დავხედე. საკმაო ხანი გასულა - მთელი ორმოცი წუთი. რაშია საქმე? თუ ყველაფერი კარგადაა, რატომ არ მეძახიან? რატომ მეც არ შემიპატიჟებენ შინ? ბავშვი ხომ ეტყოდა, მაგდა დეიდა დაბლა მელოდებაო. თუ ყველაფერი ცუდადაა, რატომ არ გამოუშვებენ? ამხელა "დაკითხვა" რა ამბავია? ამდენ ხანს რისი გაგება უნდა აინტერესებდეთ? გული საგულედან ამოხტომას ლამობდა. ნერვიულობამ მიმატა. რა საშინელებაა ეს ლოდინი! რამ მოაფიქრა ნათიას ეს ყველაფერი. მე რაღა მინდოდა, ვერ დავეტიე ჩემთვის? რა მრჯიდა? რაში მჭირდებოდა აუტკივარი თავის ატკივება? ადგილს ვერ ვპოულობდი. საოცრად გაიწელა წუთები. მიუსვენრობამ შემიპყრო. ბავშვის დატოვებას ხომ არ აპირებენ?... ნათიას რა ვუთხრა? ბავშვი ჩამაბარა და... ამის გაფიქრებაზე ჩემში თითქოს მხეცმა გაიღვიძა. შლეგივით ავვარდი კიბეზე. საფეხურებს ვახტებოდი. აკანკალებულმა თითი მივაჭირე ზარის ღილაკს და მანამ არ ავუშვი, სანამ კარი არ გაიღო...

ზღურბლზე უცხო მამაკაცი იდგა.

- მაგდა ხართ? - ღიმილით გამომხედა სათვალის ზემოდან.

- დიახ... ჩემი შვილი აქ უნდა იყოს, - სხვა რა გზა მქონდა, ვიცრეუ. სიტყვებს ძლივს ვუყრიდი თავს. ოთახში შევიხედე.

- კი, აქ არის. მობრძანდით, ჩვენ უკვე გამოვნახეთ საერთო ენა. ასე ვთქვათ, დავძმაკაცდით. მშვენიერი ბიჭუნაა, - მამაკაცს ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.

- არა, გმადლობთ. ჩვენ წავალთ, - დაბნეულმა უკან დავიხიე.

ეს სად მოვხვდი? სადარბაზო ხომ არ შემეშალა? იქნებ სართული? უარესად ავფორიაქდი. ეს რეზო არ იყო, მამამისი - მით უმეტეს.

- სად წახვალთ? ახლა თქვენი წასვლა იქნება? მობრძანდით, მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა. მართალია, მარტო ვცხოვრობ, მაგრამ სტუმრის დახვედრა არ მეშლება, - სასიამოვნოდ ჟღერდა მამაკაცის ხმა.

ახლაღა შევხედე დაკვირვებით. ასე, ოცდათხუთმეტი წლის იქნებოდა. მაღალი, მოხდენილი, საფეთქლებთან ოდნავ შერეოდა ჭაღარა, შავგვრემანი იყო და შავთვალება.

- უკაცრავად, ქევხიშვილები აქ არ ცხოვრობენ? - როგორც იქნა, მოვისაზრე, რაც თავიდან უნდა მეკითხა.

- არა, აღარ ცხოვრობენ. კარგა ხანია, აღარ ცხოვრობენ. შემოდით, ასე ხომ არ ვისაუბრებთ. კარში რატომ უნდა ვიდგეთ?

გაუბედავად გადავდგი ნაბიჯი. შევედი. მივიხედ-მოვიხედე. აშკარა იყო, აქ უკვე სხვა ცხოვრობდა, ეს არ ჰგავდა ანტიკვარებით გამოტენილი პროფესორის ბინას. აქ სხვა - ხელმოკლე და, რა თქმა უნდა, "არაპროფესორი" ვინმე ცხოვრობდა. დათუნა პატარა სათამაშო მანქანებით ერთობოდა ოთახის კუთხეში. ყურადღებაც არ მოუქცევია ჩემთვის.

- ყავა დავლიოთ, კარგი?

სუნთქვა შემეკრა.

მორიდებით დავუქნიე თავი... "თქვენ რა გქვიათ?" - უნდა მეკითხა, მაგრამ თავი შევიკავე.

- მაგდა, მაგდალინა, - თქვა უცებ მამაკაცმა.

"ღმერთო ჩემო, რა ხდება?" - გამიელვა გონებაში.

- ახლა არ მითხრათ, რომ ბაღში შეყვარებული გყავდათ და მასაც მაგდა ერქვა, - ხმა ამიკანკალდა.

- არა, არა. რატომ გგონიათ? - გაიცინა და სათვალე მოიხსნა, - უბრალოდ მომწონს, კარგი სახელია. მე გიორგი მქვია. მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, - წარმომიდგინა თავი და ხელი გამომიწოდა.

- ჩემთვისაც სასიამოვნოა, - როგორც იქნა, მოვეშვი და ხელი ჩამოვართვი.

რა ცუდი თვისება მაქვს - ყველაფერზე ვწითლდები. ჩემს მასპინძელს ეს არ გამოპარვია.

- გაწითლება წესიერი ადამიანის თვისებაა. ასე რომ, ნუ იდარდებთ ამაზე, - ღიმილით დააყოლა და სამზარეულოში გაუჩინარდა.

დათუნამ, როგორც იქნა, "მოიცალა" ჩემთვის. მანქანები მომირბენინა და აჭყლოპინდა.

- აი, მამიკომ რა მაჩუქა! - "მახარა" და თავისი ნადავლი ჟურნალების მაგიდაზე დაახვავა.

- ჩუმად, შე საძაგელო! - ხმას დავუწიე, - ეს ძია შენი მამიკო არ არის, - თითი მივადე ტუჩზე.

- ვიცი, მაგრამ ასე მითხრა, თუ გინდა, მე ვიქნები შენი მამიკოო.

როგორ შემრცხვა! სრულიად უცხო ადამიანს შინ შემოვუვარდი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ბრალმდებელივით მამობაც დავაბრალე! ავწრიალდი. ნათია ვერ გადამირჩება!

- დათუნა, დადე ეგ მანქანები თავის ადგილზე და წავედით სახლში, - მთელი სერიოზულობით მივმართე ბავშვს და წამოვდექი.

- ო-ო-ო! ვიყოთ ცოტა ხანს, რა? კარგი? გეხვეწები, სულ, სულ ცოტა ხანს, - ფეხები ჭირვეულად დააბაკუნა დათუნამ და თითით ყელი გამოიწია.

ამასობაში გიორგიც გამოჩნდა სინით ხელში. ყავა მოჰქონდა. იძულებული გავხდი, კვლავ დავმჯდარიყავი.

- თქვენ იცნობდით გურამის ოჯახს? - მკითხა და ფინჯანი დამიდგა.

- დიახ, ჩემი მეგობარი ქალბატონ ეთერთან ემზადებოდა, - კვლავ გავწითლდი.

- კარგი კაცი იყო, საწყალი. რომ გარდაიცვალა, იცით ალბათ, არა?

- არა, არ ვიცი. რა მოუვიდა?

- ინფარქტი.

- დიდი ხანია?

- სამი წელი იქნება. მერე ძალიან გაუჭირდათ. ვალები დაედოთ და გაყიდეს ეს ბინა.

- რას ამბობთ! რა ვალები? - ამ ცნობამ უარეს ხასიათზე დამაყენა.

- ბიჭის გამო. კაზინოში თამაშობდა თურმე. ეთერი ვერ აუდიოდა მევალეებს, სანამ გურამი ცოცხალი იყო, კიდევ ახერხებდნენ რაღაცას, მერე კი... უკან-უკან წაუვიდათ საქმე.

- ახლა სად არიან?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. სადღაც სხვაგან იყიდეს ბინა. რეზო ამერიკაში აპირებდა წასვლას. წავიდა თუ არა, არ ვიცი. არ შემხმიანებიან.

- რა საწყენია..., - ჩავილაპარაკე ჩემთვის.

- ნამდვილად. გურამი კარგი ადამიანი იყო, - დამიდასტურა გიორგიმ.

- შაქარი ხომ არ აკლია?

- არა, არა, ძალიან გემრიელია, გმადლობთ, - გავუღიმე.

- ბოდიშს გიხდით ასეთი არეულობისთვის, მაგრამ მოგეხსენებათ უქალო ოჯახის ამბავი. ცოლი მე არ მყავს და შვილი, ამიტომ... მეპატიება. რომ მცოდნოდა, თქვენნაირი მშვენიერი სტუმრები მომივიდოდნენ, უკეთეს მასპინძლობას გაგიწევდით, დამერწმუნეთ, - იმართლა თავი.

- არა, რას ამბობთ! ისედაც შეგაწუხეთ.

- ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა, - გიორგი უცებ წამოდგა და კვლავ სამზარეულოში გავიდა. ცოტა ხანში ვაზაზე დაწყობილი ხილი შემოიტანა.

- ხილი ყოველთვის მაქვს, მით უმეტეს, ატამი. ძალიან მიყვარს. ბავშვსაც აჭამეთ და თქვენც. მიირთვით, ნუ მოგერიდებათ.

- ნუ წუხდებით, ძალიან გთხოვთ.

- სულაც არ ვწუხდები, თქვენნაირ ქალს ყოველთვის დიდი სიამოვნებით გავუმასპინძლდები. ოღონდ ეს სიტყვები ქათინაურში არ ჩამითვალოთ, გულით გეუბნებით, - შემომცინა.

- გმადლობთ, - დავიმორცხვე.

- სწავლობთ, მაგდა? - დაჯდა და ატმის გათლას შეუდგა.

- დიახ.

- სად სწავლობთ, თუ საიდუმლო არ არის?

- სამედიცინოზე.

-ო-ო-ო! ეს კარგია, ესე იგი, კარგი ექიმი იქნებით.

- არ ვიცი, ვნახოთ.

გიორგიმ ბავშვს გადახედა. ზუ-უ-უ-უ! - დაატარებდა იგი მანქანას და თავისთვის დუდუნებდა.

- მშვენივრად ერთობა, რას ერჩი! - გაიცინა გიორგიმ, - იცი, რა მკითხა, კარი რომ გავაღე? - უცებ შენობით მომმართა. მეხამუშა.

- არა, - დაბნეულად ვუპასუხე.

- ჩემი მამიკო შენა ხარო? - კვლავ გაიცინა.

- მე ვუთხარი, არა ვარ, მაგრამ შენ თუ გინდა, ვიქნები-მეთქი!

ჩრდილმა გადამირბინა სახეზე. შეამჩნია.

- რამე ისე ხომ არა ვთქვი? - ფრთხილად მკითხა.

- არა, არა, - ხელები გავასავსავე.

- ისე, აწი კი უნდა მყავდეს ამხელა შვილი. თავის დროზე რომ დავოჯახებულიყავი, შეიძლება ბევრად უფროსიც მყოლოდა, - თავი ისე გადააქნია, თითქოს დაგვიანებას ნანობსო.

- მერე? რამ შეგიშალათ ხელი? - რაღაც ხომ უნდა მეთქვა, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.

- ვერ გეტყვით. რატომღაც ვერ გავრისკე. ოჯახი სახუმარო საქმე არ არის. ოცდაათ წლამდე ვითომ არ ვიჩქარე. მერე კი... გეზარება კაცს ცოლის მოყვანა. დაძალებით კი ჩემთვის არავის დაუძალებია, თორემ შეიძლება კიდევაც მეფიქრა.

- როგორ? თქვენს მშობლებს შვილიშვილი არ უნდოდათ?

- მშობლები, სამწუხაროდ, არ მყავს, უკვე თითქმის ათი წელია.

- უკაცრავად.

- არა უშავს, საბოდიშო აქ არაფერია.

- შენ არ აპირებ გათხოვებას? - თვალებში ჩამაშტერდა.

- მე არც ვყოფილვარ გათხოვილი, - თვითონაც არ ვიცი, რატომ გამოვიჩინე ასეთი გულახდილობა ახალგაცნობილი მამაკაცის წინაშე.

- მაგას მივხვდი...

- დათუნაც...

- ვიცი, ეგეც ვიცი. არ არის საჭირო არაფრის თქმა. მითხრა, ჩემი დედიკოს ამხანაგიაო. მე შენს მომავალზე გესაუბრები. არ აპირებ? - "გათხოვებას" აღარ დაამატა.

- როგორ გითხრათ, კაბის კალთები ჯერ არავის დაუხევია, - გავიცინე.

- რომ დაგახიონ?

შევცბი. რისი თქმა უნდა? საითკენ უმიზნებს?

- ვის რაში ვჭირდები, - თავმდაბლობა გამოვიჩინე.

- იქნებ ჭირდები? - ეშმაკურად იკითხა.

- ვის? - ავყევი მის გამოწვევას.

- თუნდაც ჩემნაირ მამაკაცს.

სიჩუმე ჩამოვარდა. თვალები დავხარე.

- თქვენნაირმა მამაკაცმა რა იცის, მე როგორი ვარ, - ყრუდ ვთქვი ცოტა ხნის მერე.

- მე ფსიქოლოგი ვარ, ადამიანებში კარგად ვერკვევი. რადგან ვთქვი, ესე იგი, ვიცი.

დაახლოებით ერთი პროფესიის ვყოფილვართ, გავიფიქრე.

- არ გირჩევთ ასეთი ნაადრევი დასკვნების გამოტანას, - თითის დაქნევასავით გამომივიდა ნათქვამი.

- მე მგონი, სწორედ რომ დროული დასკვნებია. შენნაირ ლამაზ ქალს არ შეიძლება მახინჯი სული ჰქონდეს. რას იტყვი, ხომ არ ვცადოთ?

- არ ღირს ამაზე საუბარი, ბატონო გიორგი, - საკუთარი ხმა თავად არ მესიამოვნა. ასე უცებ ასეთი "საპატიო" წინადადება დაუჯერებელი იყო ჩემთვის.

- ცუდად ნუ გამიგებ, მაგდა. მე სიტყვებს ჰაერში არ ვისვრი. ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ. არ გაჩქარებ. მე პატარა აღარა ვარ. 38 წლის ვარ უკვე, დავიღალე სხვისი შვილების ფერებით. დისშვილები მყავს. ეს მანქანები მაგათია. აწი საკუთარიც არ მაწყენს. ვიცი, ახლა ამაზე საუბარი აბსურდია, მაგრამ ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ. ცხოვრებამ მწარე გამოცდა ალბათ შენც ჩაგიტარა. ხომ ასეა? მერე ჩემს წარსულსაც მოგიყვები. თუ დაგაინტერესებს, რა თქმა უნდა. დათუნა იმედია, შვილივით გიყვარს, მერე ჩვენც გვეყოლება შვილები... მგონი, არ იქნება ურიგო საქმე. შევხვდეთ ერთმანეთს, უფრო ახლოს გავიცნოთ, იქნება და ყველაფერი გამოგვდის? რას იტყვი? ვცადოთ?

გაგრძელება

სვეტა კვარაცხელია

რომანი განახლდება ყოველდღე