თეთრი მთვარე - გზაპრესი

თეთრი მთვარე

ვცადეთ... გაცნობიდან სულ რაღაც სამ თვეში ხელი მოვაწერეთ. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. გიორგი მზრუნველი მეუღლე აღმოჩნდა, ცივ ნიავს არ მაკარებდა, მაგრამ ცოტა ხანში მივხვდი, რომ ვიჩქარე. ჯერ კარგად უნდა გამეცნო და მის ცოლობაზე მერე მეფიქრა. იგი ასაკით ბევრად უფროსი იყო ჩემზე, ეს კი მე ვერ გავთვალე. ისე ვიყავი თავგაბეზრებული თაყვანისმცემლებისგან, მისი მიდგომა ყველაზე არაორდინარულად მეჩვენა, სხვანაირი იყო, გამოირჩეოდა ყველასგან და ამიტომაც მომხიბლა ასე ადვილად. არადა... ისეთი ეჭვიანი აღმოჩნდა, გული მქონდა გაწყალებული. ყოველ წუთს მითვლიდა, რატომ დააგვიანე, დღეს ხომ ოთხი ლექცია გქონდა, აქამდე სად იყავი, სად გაიარე, ვისთან ერთად გამოხვედი ინსტიტუტიდან და რა ვიცი, საჩხუბარი საბაბი არ ელეოდა. თავიდან ვითმენდი, ვცდილობდი ისე მოვქცეულიყავი, როგორც მას გაუხარდებოდა, მაგრამ სანამდე? ყველაფერს აქვს საზღვარი. ბოლოს და ბოლოს, გაწყდა ჩემი მოთმინების ძაფიც. მისი ეჭვიანობა უკვე ავადმყოფური გახდა. ტელეფონი რომ დარეკავდა, შუა ლაპარაკში ხელიდან გამომტაცებდა ყურმილს, ალბათ "იმან" ქალს დაარეკინა და ახლა თვითონ გელაპარაკებაო. ჩვენი ურთიერთობა თანდათან გართულდა.

ყოველი სიტყვა უნდა გამომეზომა, რამე "ისეთი" არ წამომცდენოდა. მერე დაიხვევდა ხელზე ჩემს ნათქვამს და, როცა შეთვრებოდა, მაშინ გამიხსენებდა. ასე გრძელდებოდა უსასრულოდ. ამის ატანა უკვე აღარ შეიძლებოდა. ამას ისიც დაერთო, რომ არა და არ დაადგა ჩემს დაორსულებას საშველი. ხოლო როცა ორდინატურაზე მიდგა საქმე, კინაღამ გადაირია, საავადმყოფოში სამუშაოდ არ გაგიშვებ, შენ შინ უნდა იჯდე და მხოლოდ ჩემზე უნდა იზრუნოო. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. შევკარი ჩემი გუდა-ნაბადი, ერთ დღესაც დავუტოვე ძალიან მწარე წერილი და ჩემებთან გადავბარგდი. მამაჩემი გადაირია, დედამ კივილი მორთო, მაგრამ ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი იყო. ერთხელ ვთქვი უარი და მორჩა, გადაფიქრებას არ ვაპირებდი.

გიორგიმ რამდენჯერმე სცადა ჩემთან შერიგება, ახლოსაც არ გავიკარე, ისე ვიყავი დაცლილი გრძნობებისა და ემოციებისგან, მისი დანახვაც კი მაღიზიანებდა. მივხვდი, არ მიყვარდა - არც ახლა და არც მაშინ, როცა მივთხოვდი. ვიჩქარე, შეცდომა დავუშვი და არ მსურდა, ამ შეცდომის მსხვერპლი გავმხდარიყავი მთელი ცხოვრება. აღარაფერი მაკავშირებდა მასთან. სიყვარულით მხოლოდ ლუკა მიყვარდა, ისევ და ისევ ლუკა. რა ვიცი, იქნებ გიორგიზე დაქორწინება ქვეშეცნეულად ლუკაზე შურისძიების მცდელობაც იყო? გიორგი ფსიქოლოგი იყო და მალევე მიხვდა, რომ არ მიყვარდა და ალბათ ეჭვიანობაც ამის ნიადაგზე დაიწყო. შინაგანი ბუნებაც უწყობდა ხელს, ხასიათშიც ჰქონდა ეს თვისება. ამიტომაც სულ ათი თვე გაგრძელდა ჩვენი ოჯახური ტანდემი.

ხედავთ, როგორი უიღბლო ვარ? მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ბარე ორი ვერ მაჯობებს, სიყვარულში მაინც არ მიმართლებს. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იწყება, მე ვიტყოდი, არაჩვეულებრივადაც, მაგრამ... ბოლოს ყველა ურთიერთობა კრახით მთავრდება. ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის: რატომ? რა არის მიზეზი? ახსნას ვერ ვპოულობ, არ ვიცი და მორჩა. უინტერესო ნამდვილად არა ვარ, იმიტომ, რომ ყველა მამაკაცი, ვის გვერდითაც თუნდაც ცოტა ხანი გამიტარებია, აღფრთოვანებულა ჩემით. სექსუალურობა? კი ბატონო, უმაღლეს დონეზე. ხასიათი? ბრწყინვალე. განათლება? უმაღლესი. ანგელოზივით სახე მაქვს, ახლობლები "პირმშვენიერს" მეძახიან, მაშ რაღა დარჩა? რა აკლია ჩემს სრულ ბედნიერებას? რატომ დაიწყო ჩემი ყველა სიყვარული ზღაპარივით და რატომ დამთავრდა მწარე რეალობით? ალბათ არის კითხვები, რომელსაც პასუხი არა აქვს. შეიძლება სწორედ ის მაკლია, რასაც იღბალი ჰქვია. იღბალი, რომელიც განგებამ უნდა გიბოძოს რაღაც დოზით. ჩემთვის ალბათ ყველაზე მცირედ გაიმეტა. ვერაფერს იზამ. ცხოვრება თამაშია. თუ კარგი "შულერი" ხარ, ფორტუნა არ გიმტყუნებს, თუ მოყვარული ხარ, შეიძლება რაღაცას მიაღწიაო, მაგრამ თუ "ფრაერი" ხარ, ჩათვალე, რომ განწირული ხარ. თუმცა უცნაური არსებები ვართ ადამიანები. იმედს არასდროს ვკარგავთ. ყოველთვის გვგონია, რომ გამოჩნდება ვინმე სხვა, უკეთესი, რომელიც გაგიცნობს ზუსტად ისეთს, როგორიც ხარ და მოგანიჭებს იმ ბედნიერებას, რომელსაც იმსახურებ. სიყვარული... განა რა არის სიყვარული? ეს ხომ იმედია, რომელიც ბედნიერებას გვპირდება, იმედი, რომ მორიგი მარცხის შემდეგ გაიღვიძებ და ყველაფერს თავიდან დაიწყებ...

კოკას შემთხვევაში როგორ იყო? სწორედ ისე, როგორც ზღაპარში. სიზმარივით დაიწყო ყველაფერი.

გიორგის რომ დავშორდი, კაცის ხსენება ისევ შემძულდა. ახლოს არ ვიკარებდი არც ერთ მამაკაცს, ნებისმიერთან სიახლოვეს გავურბოდი. ასე გაგრძელდა წლების განმავლობაში. ამასობაში დავამთავრე, მუშაობაც დავიწყე, კარგი თანამშრომლისა და მეგობრის სახელიც მოვიპოვე, მაგრამ კაცი, როგორც ასეთი, ჩემ გვერდით არ გაჭაჭანებულა. ყველას მიმართ დავკარგე ნდობა, მათში მხოლოდ ჩამი სხეულის დაუფლების მსურველს ვხედავდი. "მონადირეთა" რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა, კომპლიმენტები, სატელეფონო ზარები, სიყვარულის ორიგინალური ახსნები... მაგრამ არა და არა, ჩემი გულის დაპყრობა ვერავინ მოახერხა. ალბათ ვინმე განსაკუთრებულს თუ ვეძებდი. არ მიზიდავდნენ მამაკაცები, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ ჩემს მოხიბვლას, ისეთი კი არ გამოჩნდა, რომელზეც მე გამოვაცხადებდი "ნადირობას". გულთან ახლოს არავინ მოდიოდა. რაღაც პერიოდში მივხვდი, რომ კომპლექსები გამიჩნდა. ცოტა არ იყოს, შემეშინდა კიდეც, სიბერემდე უკაცოდ არ დავრჩე-მეთქი. თუმცა...

ერთხელ მაიამ დაგვპატიჟა გოგოები დაბადების დღეზე. მაია ჩვენთან მუშაობს კლინიკაში, პედიატრია. ექვსი თვის დაწყებული მქონდა მუშაობა. ძალიან დავუახლოვდი, ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა, ამიტომ ადვილად ვუგებდით ერთმანეთს. მას ჩემ შესახებ ყველაფერი ვუამბე. არც თავად ჰქონდა დალხენილი ცხოვრება. ორჯერ უყვარდა ცხოვრებაში და არც ერთხელ არ გაუმართლა. პირველი სიყვარული დაქალმა "დააწერა". ვითომ შუამავლის როლს თამაშობდა და თურმე ჩუმ-ჩუმად "ორმოს უთხრიდა". საბოლოოდ ისე გამოვიდა, როგორც ერთ გამოთქმაშია: "ბევრი ვეცადე შენთვისა, ძლივს მოვახერხე ჩემთვისაო". ჰოდა, სწორედ რომ მის "ცხვირწინ" დაქორწინდნენ. მაია კი დარჩა პირში ჩალაგამოვლებული.

მეორედ... მეორედ, ეს უკვე სტუდენტობისას, მოიტაცა შეყვარებულმა. აბა, მოსატაცებელი რა სჭირდა, მაიკო ისედაც გაჰყვებოდა, ისე ძალიან უყვარდა ლევანი, მაგრამ სადედამთილომ დაიწუნა. ცოცხალი თავით არ ისურვა მისი რძლობა - ამიტომ თვითონაც იკავებდა თავს, არ თანხმდებოდა ლევანს ცოლობაზე. ისიც ადგა და მოიტაცა. მოტყუებით ჩასვა მანქანაში, სახლამდე მიგიყვანო. ორნი იყვნენ, თან ვიღაც გოგო ახლდა, ჩემი მეზობელიაო, ასე უთხრა. ცოტა ხანში, როცა "გზიდან გადაუხვიეს" და მაია მიხვდა, რომ იტაცებდნენ, ქვეყანა დააქცია. იმდენი ქნა, უკან მოაბრუნეს და საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ჩამოსვეს... მას მერე ლევანი არ გამოჩენილა. მერე კი... ის მეზობელი გოგო შეურთავს ცოლად. ეს ცოტა გვიან გაიგო. რაღას იზამდა, ბედს შეურიგდა.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მაიკო ახლა 32 წლისაა. იმ ორი "ხელმოცარვის" შემდეგ შეყვარების "მცდელობა" არ ჰქონია. არც კი უფიქრია მამაკაცისკენ გახედვა. ბედი არ მწყალობსო, შესჩივლა საკუთარ თავს და შინაბერად დარჩენა გადაწყვიტა. არადა, რა სჭირს სამაგისო. მშვენიერი ქალია. არც ტანი აკლია, არც ფეხი. მართალია, მოდელის "სიგრძე-სიგანე" არა აქვს, მაგრამ არც უმაგისობაა. მამაკაცები გულგრილად ვერ უვლიან გვერდს. ეს კი ჩემსავით ახლოს არავის იკარებს. მას მერე ისეა დაშინებული, კაცის სახელს ვერ უხსენებ. ამ ბოლო დროს ხომ "პერსპექტიული" საპატარძლო გახდა. ბინაც აქვს, მანქანაც იყიდა, არც უფულობას უჩივის... აბა, რომელი "მამაძაღლი" იტყვის ასეთ ქალზე უარს?

ისეთი ლამაზი ნაკვთები აქვს, ნუ ამწნილებ შენს სილამაზესო, ჩასჩიჩინებენ კოლეგებიც და მეგობარი გოგონებიც, მაგრამ მაიას არაფრის გაგონება სურს. ეშინია, ჰგონია, რომ კაცებს მხოლოდ მისი "პერსპექტიულობა" ხიბლავთ. შეიძლება ასეც იყოს. იმის გულისთვის, რომ ქმარი ჰყავდეს და გათხოვილი ქალის სახელი ერქვას, ხომ არ გაიუბედურებს ცხოვრებას? მაიას სარჩენი რომ შეიქმნას ის ვიღაცა? ისეთი ბედი აქვს, უმუშევარი და უსაქმური შერჩება ხელთ. ხომ იცის თავისი თავის ამბავი. ამიტომ აუტკივარ თავს ძალად არ იტკივებს. არ უნდა გათხოვება. ზედმეტი ტვირთი არაფერში სჭირდება. მარტო ყოფნა და თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია.

აი, ასე ერთნაირად ვფიქრობდით მე და მაია მაშინ, ზუსტად სამი წლის წინ. ჩვენს ცხოვრებაში ერთი კაციც არ გამოჩენილა ისეთი, სერიოზულად მოგვწონებოდა და მის შეყვარებაზე "გაკვრით" მაინც გვეფიქრა. არც არის საჭირო, გამოვიტანდით საბოლოო დასკვნას და ორივეს გვეღიმებოდა.

ჰოდა, იმას ვამბობდი, მაიამ დაბადების დღეზე დაგვპატიჟა სამნი - ნია, მე და ჯულიეტა. ნია და ჯულიეტა ორივე გათხოვილია, ქმრებიც ჰყავთ და შვილებიც, ჩვენსავით "უშვილძიროები" არ გეგონოთ. საათივით აქვს აწყობილი ცხოვრება. ჟულიეტას ქმარი ჩვენი მთავარი ექიმის მოადგილეა, ავთო, კარგი კაცია, სხვათა შორის. ნიას ქმარს არ ვიცნობ, მაგრამ ამბობენ, საქმიანი კაცია, ცხოვრებაში სხვა ქალისკენ არ გაუხედავსო, ამბობენ... ვინ იცის... გამიგრძელდა თხრობა...

გრანდიოზული დაბადების დღე არ ჰქონია მაიას. ჩვეულებრივი, მოკრძალებული სუფრა გაშალა. საინტერესო მხოლოდ ერთი რამ იყო - აიჩემა, ერთი ბიჭი უნდა გაგაცნო, ჩემი ძმის ძმაკაცია, მაგარი ტიპია, ღვინის ქარხნის დირექტორი, ფულიც აქვს, ბინაც, მანქანაც და საერთოდ, უზრუნველად ცხოვრობსო. თუმცა ამ "მეღვინეს" ერთი ნაკლი ჰქონია - მისი მოსაწონი ქალი თურმე ჯერ არ მოვლენილა ამ ქვეყანაზე. რაღა მე გამომარჩევს-მეთქი, გამეცინა, რა დამსახურებისთვის? შენ სხვანაირი შარმი გაქვს, კაცები შენს დანახვაზე სიყვარულის ბადეში ადვილად ებმებიანო. სიმართლე გითხრათ, არანაირი სურვილი არ მქონდა, მაგრამ რას ვკარგავდი, თვალს მაინც შევავლებდი "უკარება" დირექტორს, რომელსაც სახელად კოკა ერქვა. დიახ. დიახ, ის ლეგენდარული კოკა, რომელმაც ძალიან ადვილად გამცვალა მერე სხვაში.

ლოდინი დიდხანს არ დაგვჭირვებია. კოკა მალე გამოჩნდა მაიას ძმასთან, თემოსთან ერთად. შევხედე თუ არა, ვაღიარებ, მაშინვე მომეწონა, მზის შავი სათვალე ეკეთა, მაგრამ ვიგრძენი, რომ იმ სათვალის მიღმა რაღაც საოცრება იმალებოდა. შემოსვლისთანავე დაყენებული მანერებით დაგვიკრა თავი, გაგვეცნო და წამიერად მოავლო თვალი ოთახში მყოფთ. მომეჩვენა, თითქოს მზერა ყველაზე დიდხანს ჩემზე შეაჩერა. მერე სათვალე მოიხსნა და პერანგის ჯიბეში ჩაიდო. შევხედე და... რაღაც შეტოკდა გულში. მაიკოს არ მოვუტყუებივარ. მართლა კარგი ვინმე იყო. მის ხორბლისფერ კანს ულამაზესი ნაცრისფერი თვალები უკეთებდა "აკომპანემენტს", უძირო, მრავლისმეტყველი თვალები, ერთი შეხედვით რომ გაგაქვავებდა ადგილზე.

მაგიდას მათი მოსვლისთანავე მივუსხედით. კოკა კარგი თანამეინახე აღმოჩნდა. მართალია, სერიოზული კაცის იმიჯის შექმნას ცდილობდა, მაგრამ ისეთი კარგი იუმორი ჰქონდა, ადვილად შეეძლო ნებისმიერი ქალის შებმა. ნამდვილად ვერ გაექცეოდი ასეთი მამაკაცის ფლირტს. მშვენივრად მოვილხინეთ. შიგადაშიგ თვალი გამექცეოდა ხოლმე მისკენ, ის კი ზედაც არ მიყურებდა. მთელი ქეიფის განმავლობაში ერთხელაც არ შემოუხედავს "ისე". ცოტა დავლიე, რომ შებოჭილობისაგან გავთავისუფლებულიყავი. სხვებიც შეზარხოშდნენ. ცეკვის დროც მოვიდა. რადგან მხოლოდ ორი მამაკაცი გვყავდა, "ადვილად" ვერ დავწყვილდებოდით. ალბათ ამიტომ თუ მოხდა, რომ კოკამ "პირველ ჯერზე" იუბილარი გაიწვია, მე კი თემოს კავალრობა მერგო. შემდეგ "უკარება მეღვინემ" ნია გაიწვია, მერე ჯულიეტა და ბოლოს მე "მომადგა". წელზე ხელი შემახო თუ არა, ცეცხლი წამეკიდა სხეულზე, კინაღამ კანკალმა ამიტანა. ხელები მხრებზე დავაწყვე და დავტრიალდით. მის სუნთქვას ისე ახლოს ვგრძნობდი, ლამის იყო, ლოყა ლოყაზე მივადე, მით უმეტეს, რამდენიმე ჭიქა დალეული მქონდა და სითამამე არ მაკლდა. კიდევ კარგი, არ "წამიცდა" ლოყა. შუა ცეკვისას მოულოდნელად მკითხა.

- მგონი მოგწონვარ, არა?

იმდენად თავხედური შეკითხვა იყო, კინაღამ შევხტი. როგორი თავდაჯერებულია? ეტყობა, ქალებში პოპულარობას ისეა მიჩვეული, ყველა ერთნაირი ჰგონია. თუმცა არც ჩემს შემთხვევაში შემცდარა, მაგრამ ამას შევიმჩნევდი?

- როგორც პიროვნება - კი, მაგრამ როგორც მამაკაცი - არა, - მუშტი რომ მოხვედროდა, ალბათ ისე არ ეტკინებოდა, როგორც ჩემი სიტყვები.

- ასეთ პასუხს მიჩვეული არა ვარ, - თქვა და გაიღიმა.

- მივხვდი.

- ამიტომაც მომახალეთ ასე? - კვლავ გაიღიმა.

- ამიტომ არა, მე სიმართლე "მოგახალეთ", თქვენ ჩემს გემოვნებაში არ ჯდებით, არ გეწყინოთ.

უსინდისოდ ვტყუოდი და ვერ ვგრძნობდი, ჩემი ასეთი კატეგორიულობით როგორ გავეცი ჩემი საიდუმლო.

- არა, საწყენი არაფერია. აბა როგორი მამაკაცი ჯდება თქვენს გემოვნებაში?

- სამწუხაროდ, ასეთი მამაკაცი ჯერ არ შემხვედრია. როგორც ჩანს, ჯერ არც დაბადებულა.

- ჰო-ო-ო, მაშინ უნდა გაგაწბილოთ. აწი რომ დაიბადება, უკვე ძალიან გვიან იქნება.

- არა უშავს, ავიტანთ. "მიახლოებითი" თვისებებით შემკული მაინც გამოჩნდება ვინმე.

- მაინც როგორია ის "მიახლოებითი" თვისებები?

- როგორ გითხრათ... პირველ რიგში, ქალის ფასი უნდა იცოდეს, ქალის წონა.

- თქვენ რა, იყიდებით?

- დაახლოებით, - მეც გამეცინა.

- და რა ღირს ქალბატონი მაგდა?

- ქალბატონი მაგდა შეუფასებელია, თქვენ ვერ შეწვდებით.

- არც მიფიქრია, უბრალოდ, ისე ვიკითხე, - გულგრილად თქვა და ღიმილით შემომაჩერდა.

ხასიათი გამიფუჭდა. მომიგო. ამას ალბათ ერთით ნოლი ერქვა მის სასარგებლოდ. არ შევიმჩნიე.

- ტყუილად გეწყინა, მართლა არ მიფიქრია, - ისე გასცა პასუხი ჩემს ფიქრებს, თითქოს ხმამაღლა მეთქვას.

- საიდან მოიტანეთ, რომ მეწყინა?

- თქვენმა თვალებმა მითხრა და არა მარტო ეს, სხვა ბევრი რამეც.

- მაინც რა? - დავაკვესე ჩემი "გამყიდველი" თვალები.

- ის, რომ ძალიან მოგწონვართ. ნუ ცდილობთ ამის დამალვას, მაინც ვერ შეძლებთ.

- მე დასამალი არაფერი მაქვს. სამწუხაროდ, ძალზე ნაადრევი დასკვნები გამოგაქვთ.

- ვნახოთ, ხვალინდელი დღე გვიჩვენებს. ყოველი შემთხვევისთვის, აი ჩემი ტელეფონი, აქ წერია, - თქვა და შარვლის უკანა ჯიბიდან სავიზიტო ბარათი ამოაძვრინა.

გამოვართვი, რა უნდა მექნა, არა, ბატონო, თქვენი მართხკუთხა ლურჯი ქაღალდი არაფერში მჭირდება-მეთქი, ხომ არ ვეტყოდი?

ცეკვა დავამთავრეთ თუ არა, თავი გავიგიჟე, უნდა წავიდე-მეთქი, მაიას ხვეწნას ყური არ ვათხოვე, "დავიხურე ქუდი" და იქაურობა სასწრაფოდ დავტოვე. ხმა არ ამოუღია - ან გაგაცილებ, ან მე წაგიყვან, ან რამე... ნული რეაქცია. გაწბილებული მივუყვებოდი ქუჩას. საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა. რა დამემართა, ასეთი რა შემეტყო, რომ ეგრევე გამშიფრა? ნუთუ ასე ძალიან მინდა მამაკაცი? ალბათ უკაცო სხეული თავისას ითხოვს. ჯანდაბა და დოზანა! ნეტავ სულ არ მენახა, ნეტავ არ წავსულიყავი დაბადების დღეზე!

ის სავიზიტო ბარათი კარგა ხანს იდო ჩემს მაგიდაზე. ხანდახან დავხედავდი ხოლმე, მაგრამ დარეკვა არც ერთხელ არ მიცდია, არც მიფიქრია. ან კი როგორ ვიზამდი მაგას, კოკას ვათქმევინებდი, თურმე მართალი ვყოფილვარო? არავითარ შემთხვევაში!

გავიდა რამდენიმე კვირა. ერთხელაც, სამსახურიდან გამოსულს, ქუჩაში დამხვდა. ვხედავ, ვიღაცამ მანქანის წინა კარი გამოაღო და მეძახის. გავხედე - კოკაა. ვიფიქრე, ალბათ მაიკოს თუ მოაკითხა-მეთქი.

- დაჯექი, წაგიყვან, - ისე შინაურულად მომმართა, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით.

მივესალმე და უკანა სალონის კარი გამოვაღე.

- წინ რატომ არ ჯდები? - გაუკვირდა.

- მაიას არ ელოდებით? - არ დავარღვიე ზრდილობის ნორმები და "თქვენობითი" ფორმა შევინარჩუნე.

- არა, უბრალოდ, დაგინახე და იმიტომ გავაჩერე მანქანა, მაიკოსთან არ მოვსულვარ.

უხერხულობა ვიგრძენი, მაგრამ ხომ არ გადმოვხტებოდი მანქანიდან. ავდექი და წინ გადავჯექი.

- საით მივდივართ?

- სახლში, -მოკლედ მოვჭერი.

- გეჩქარება?

- არ ვიცი, რატომ მეკითხებით?

- ყავაზე დაგპატიჟებდი, თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს.

მხრები ავიჩეჩე. დავთანხმდე თუ არ დავთანხმდე? ვერ გადავწყვიტე.

- მაქსიმუმ ერთი საათი, მეტი არა. მეც არ მაქვს მეტი დრო.

- კარგი, ერთი საათი არაფერს წყვეტს, - ხმაში აღელვება შემეტყო.

დუმილით გავიარე კარგა გვარიანი მანძილი. მოულოდნელად მეკითხება.

- რატომ არ დამირეკე?

- რატომ უნდა დამერეკა?

- რა ვიცი, მეგონა, ჩვენი ნაცნობობა გაგრძელდებოდა.

- ხომ გაგრძელდა? - გამეცინა.

- ჰო, მაგრამ მხოლოდ ჩემი ინიციატივით და არა შენით, - თქვა და გადმომხედა.

- რატომ გეგონათ, რომ დავრეკავდი? მგონი, არ უნდა გაგკვირვებოდათ.

- რომ დაგერეკათ, რა მოხდებოდა?

- ის, რომ იფიქრებდით, მართლა მოვწონვარო.

- რომ არ დარეკე, იცი, რა ვიფიქრე?

- არ ვიცი.

- მართლა მოვწონვარ და სპეციალურად არ დარეკა-მეთქი.

ალმური წამეკიდა.

- თუ შეიძლება, გამიჩერეთ მანქანა, აქ ჩამოვალ, - კატეგორიულად მოვითხოვე.

- რატომ ბრაზდები? იცი, როდის ბრაზდებიან ადამიანები? როცა სიმართლეს პირში ეტყვიან. რატომ არ გინდა აღიარო, რომ მოგწონვარ?

- თქვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს?

- არ შეგიძლია, შენობით მელაპარაკო?

- არა, ჩვენ ჯერ ერთმანეთს ისე ახლოს არ ვიცნობთ, რომ ასე მოგმართოთ.

- კარგი, როგორც გენებოს. მე მაპატიე, მაგრამ ისევ თქვენობითზე ვეღარ გადავალ. ხომ არ გეწყინება?

- რა აზრი აქვს, წყენა უკვე დაგვიანებულია.

- მართალი ხარ. ჰო, რა მკითხე წეღან?

- რა გკითხეთ?

- ამას რა მნიშვნელობა აქვსო თუ რაღაც ამდაგვარი?

- ჰო, რაღაც ამდაგვარი.

- მნიშვნელობა როგორ არა აქვს. თუ ვიცი, რომ მოგწონვართ, გამიხარდება. ყველა მამაკაცს სიამოვნებს ქალისგან ამისთან სიტყვების მოსმენა.

- თქვენთვის მაინც ხომ სულერთია, მე მომწონხართ თუ არა, რაში გაინტერსებთ. თქვენ ხომ ჩემნაირი ქალები არ მოგწონთ.

- რა იცი? მკითხე? შენ ხომ არ გიკითხავს, მოგწონვარ თუ არაო?

- თქვენ არ მითხარით, თქვენი ფასი და წონა სულაც არ მაინტერესებსო?

- მერე ამას მოწონებასთან რა საერთო აქვს? მე კეტრინ ზეტა ჯონსიც მომწონს, მაგრამ მისი ფასი არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ ვიცი, ვერასდროს შევწვდები. შენ კი მომწონხარ, მიუხედავად იმისა, რომ შენს ფასს ვერ შევწვდები. ხომ იცი, რატომაც.

- რატომ? - გამეღიმა.

- იმიტომ, რომ შეუფასებელი ხარ, ასე არ მითხარი? ამდენი ნამდვილად არა მაქვს. ანუ სურვილი მაქვს, მაგრამ შესაძლებლობა - არა. თურქულ ყავაზე გეპატიჟები. არ მითხრა, რომ არ გიყვარს.

- არა, რატომ, მიყვარს.

- მაშინ აქ დავსხდეთ.

"ყავის სახლთან" გააჩერა მანქანა, გადმოვიდა, კარი გამოაღო და ხელი გამომიწოდა.

მეც შევაგებე ხელი და კოხტად გადმოვედი მანქანიდან. კუპეში განვმარტოვდით. ყავახანაში ბევრი ხალხი ირეოდა. არ მიყვარს ხმაურიანი ადგილები, მაგრამ რას გავაწყობდი.

- შევცდი, სადმე მყუდრო ადგილას უნდა წავსულიყავით.

- უკვე გვიანაა, რაც არის, არის, - ხელი ჩავიქნიე და შევხედე.

საოცრად ლამაზი თვალები ჰქონდა. ცქერა არ მოგწყინდებოდა. კოკამ შეკვეთა მისცა - ნამცხვრები, წვენები და ყავა. ანანასის წვენი ისე შეუკვეთა, ჩემთვის არ უკითხავს, გინდა თუ არაო. საიდან იცოდა, რომ მხოლოდ ამ წვენს ვსვამდი?

- მაიკოსგან გავიგე, - ეშმაკურად შემომღიმა.

- რა? - ვითომ ვერ მივხვდი.

- რომ ანანასის წვენი გიყვარს. არ გაგიკვირდა, რომ არ გკითხე?

- ჰო-ო, კი გამიკვირდა, მაგრამ... რა ვიცი, მასპინძელი თქვენ ხართ და...

- მოკლედ ასე, ჩემო მაგდა. დღეს მე შემთხვევით არ გამომივლია იქითკენ. იმისთვის მოვედი, რომ მენახე. მაიასგან ვიცოდი, როდის გამოხვიდოდი სამსახურიდან.

დავიძაბე.

- ერთი სიტყვით, იმიტომ მოვედი, რომ დაგლაპარაკებოდი. პირველად ცხოვრებაში, რომ ქალი მომეწონა. შეიძლება შევცდი, მაშინვე რომ არ გითხარი, მაგრამ... იმედია, მაპატიებ. სიმართლე გითხრა, არ ვიჩქარე. უფრო სწორად, გამოგცადე. მაინტერესებდა, დამირეკავდი თუ არა. ქალები თავიანთი ყურადღებით თუ არ ვიცი, რა დავარქვა, თავიანთი არსებობით თავს მაბეზრებენ, მირეკავენ, მეფლირტავებიან, პაემანს მინიშნავენ, ამიტომ მათ მიმართ ინტერესი დავკარგე. არ გეგონოს, დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე და მე ვარ, ვინც ვარ. უბრალოდ, უინტერესო და ცარიელი ქალები არ მიზიდავს. მათ კაცის შებმის თითქმის ერთნაირი მეთოდი აქვთ. ქალი რომ გამომწვევად ზედ გახტება და ცდილობს, დაგითრიოს, ჩემში ვნებას ვერ აღძრავს. შენ სხვანაირი ხარ. აი შენნაირებთან ურთიერთობა მართლა სასიამოვნოა. მეთანხმები?

- ჩვენ ხომ ერთმანეთის შესახებ არაფერი არ ვიცით...

- მე ყველაფერი ვიცი შენზე, შენც გაიგებ, რა პრობლემაა?

- საიდან იცი?

- თუ ადამიანი გაინტერესებს, ადვილია მის შესახებ ინფორმაცია მოაგროვო.

- მაიამ გითხრათ?

- არა, მაია რა შუაშია, მაიას გარდა არავინ გიცნობს?

- მგონი, ჩვენ მეტი საერთო ნაცნობი არ გვყავს.

- ნუ ხარ ასე დარწმუნებული. გავა დრო და გაიგებ, რომ ასე არ არის. მე ბევრ შენს ნაცნობს ძალიან კარგად ვიცნობ. შენ ის მითხარი, ჩემი "კანდიდატურა" გაკმაყოფილებს თუ არა?

- ვერ გავიგე, კოკა, რას მთავაზობთ?

- სიყვარულს, სხვას არაფერს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.

- მე პატარა გოგო არა ვარ, რომ...

- ვიცი, ვიცი. არც მე ვარ პატარა ბიჭი. აქ არ არის საუბარი ერთჯერად რომანზე. მე სერიოზულ ურთიერთობას გთავაზობ. ეჭვი მაქვს, რომ ჩემს შეყვარებას შეძლებ. კარგად გავუგებთ ერთმანეთს. ვიცი, რომ კაცებს გაურბიხარ, ისიც ვიცი, რატომაც. ასე არ შეიძლება. ყველა კაცი ერთნაირი არ არის და ამას დაგიმტკიცებ.

ამასობაში შეკვეთაც მოგვიტანეს. წვენი შევსვი. ისე ვიყავი გახურებული, ცივი სითხე მესიამოვნა.

- სიყვარული შეკვეთით არ მოდის, - როგორც იქნა, ამოვიღე ხმა.

- ეგეც ვიცი. მე ვეცდები, თავი შეგაყვარო. შენც ეცადე, მეც შეგიყვარო. მე ვიამაყებ, თუ შენნაირი ქალის ნდობას მოვიპოვებ. რას იტყვი?

- არ ვიცი, რაღაც მსგავსი უკვე მქონდა ცხოვრებაში, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდა.

- გასაგებია, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ცუდად ხომ არ მთავრდება? ერთხელ არ გამოვიდა, მეორეჯერ გამოვა. დამიჯერე, არც შენ წააგებ და არც მე. პირდაპირ გეტყვი, რაც გნახე, იმის შემდეგ სურვილით ვიწვი, ისე მინდა შენი შეხება, შენი მოფერება. ეს ისე არ ხდება. განგების ხელი ურევია ამ საქმეში. მე ასეთი რამ არასდროს დამმართია. გულახდილად მითხარი, შენც ხომ მოგწონვარ? მე ეს მაშინვე ვიგრძენი.

- არ დაგიმალავ და...მომწონხარ, მაგრამ მოწონება სიყვარულს არ ნიშნავს, - ჟრუნტელმა დამიარა სხეულში.

- მოწონება ნახევარი სიყვარულია. მეორე ნახევარი მერე მოვა. კარგი ყავაა, არა? - სხვა თემაზე გადაიტანა კოკამ საუბარი.

- არა უშავს.

- მოდი, გინდა ერთი სიგიჟე ჩავიდინოთ? დავლიოთ და მერე ჩემთან წავიდეთ. პირდაპირ სექსით დავიწყოთ ყველაფერი.

კინაღამ სასულეში გადამცდა ყავა. ასე ეცებ, ასე პირდაპირ, პირველსავე შეხვედრაზე ჩემთვის მსგავსი რამ არავის შემოუთავაზებია.

- თავხედი ვარ, არა? ნუ მიყურებ ასე. მე გეუბნები იმას, რაც ამწუთას მსურს. თუ თანახმა ხარ, წავიდეთ, თუ არადა, მოვიცადოთ, დრო საკმარისი გვაქვს ერთმანეთის გასაცნობად.

მერე ყველაფერი უეცრად მოხდა. "ყავის სახლიდან" გამოსულები მის ბინაში აღმოვჩნდით. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ანგარიშმიუცემლად ვიქცეოდი, თითქოს ჰიპნოზი მქონდა გაკეთებული, სხეული მიხურდა, სურვილი მკლავდა, ოღონდ მის მკლავებში აღმოვჩენილიყავი... და აღმოვჩნდი კიდეც.

ცდამ გაამართლა. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა. სამი წელი ვიარეთ ერთად და ეს სამი წელი დაუვიწყარი იყო ჩემს ცხოვრებაში...

* * *

ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სასიყვარულო ფრონტზე გადამხდა. საინტერესო ისტორიაა, არა? მეც ასე მგონია. ახლა კი, თითქოს ბედი ჩამეკეტა. არც არავის ვუნდივარ და არც არავის ვაინტერესებ. რომ არა ის შემთხვევა, უცნობმა მაგნოლია რომ მომიწყვიტა, მამაკაცისკენ არც არასდროს გავიხედავდი ალბათ, მაგრამ იმ ერთმა შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა. ისე მომინდა ვინმეს შეყვარება, გონებაზე არ ვიყავი. ვგრძნობდი, სხეული როგორი ითხოვდა მოფერებას, მამაკაცის თითების შეხებას, ის კაცი სიზმრად მექცა. ქუჩაში გასული, ყველა გამვლელ-გამომვლელს დაჟინებით ვაკვირდებოდი, რომ სადმე "ის" შემემჩნია. რამდენჯერ ჩავიარე აღმაშენებელზე, თვითონაც არ ვიცი. მაგნოლიის ვითომ "ხეივანს" დიდი ამბით ავუვლ-ჩავუვლიდი იმ იმედით, რომ კიდევ ერთხელ მომცემოდა საოცნებო მამაკაცის ნახვის შესაძლებლობა, მაგრამ არა და არა. შანსი ერთხელ უკვე გავუშვი ხელიდან. ერთხელ კი არა, ორჯერ. როცა პირველად შევხვდი, მაშინვე უნდა გამოვცნაურებოდი, მეკითხა, რა ერქვა, სად ცხოვრობდა, ვინ იყო, რას წარმოადგენდა. სირცხვილი? სირცხვილს მოუკვდა პატრონი, როცა სურვილი გკლავს, როცა გრძნობ, რომ სწორედ ის გინდა, ვისაც ეძებ, ვინც გავსებს, ვინც ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებს, რა დროს სირცხვილია?!

ერთხელაც, სამარშრუტო ტაქსიში ვიჯექი, მარჯანიშვილზე მივდიოდი. სტადიონის წინ, ბაზრობის გაჩერებასთან, სწორედ იმას მოვკარი თვალი. ფერი მეცვალა, გულმა ნამდვილი ჯანყი მომიწყო, გადადი მანქანიდან და გამოელაპარაკეო. დავუჯერე გულის კარნახს, მაგრამ სანამ უცნობს მივუახლოვდებოდი, რამდენჯერმე გავიარ-გამოვიარე, არ შევცდე-მეთქი. იგი ვიღაცას ელოდებოდა. როცა დავრწმუნდი, რომ არ ვცდებოდი, გაუბედავად მივუახლოვდი, ხმის ტემბრი "გავიწმინდე" და მივმართე.

- უკაცრავად, ჩვენ ერთმანეთს ხომ არ ვიცნობთ?

- მაპატიეთ, მაგრამ არა მგონია...

- იცით... რამდენიმე კვირის წინ ერთმა უცნობმა მამაკაცმა "პლეხანოვზე" დახმარება გამიწია... აი... მაგნოლიის ყვავილი მომიწყვიტა, იმას მიგამსგავსეთ. თქვენ ის არა ხართ? - ვკითხე, მაგრამ ბოლო წუთებში მივხვდი, რმო ვცდებოდი, მამაკაცს მარცხენა ღაწვზე ნაიარევი ეტყობოდა. "იმას" კი ასეთი რამ არ ჰქონდა.

- სამწუხაროდ, არა, ქალბატონო, აშკარად ვიღაცაში გეშლებით, თუმცა სიამოვნებით ვიქნებოდი ის ვიღაც, - გაიღიმა უცნობმა.

- ბოდიშს გიხდით, შემეშალა, ცუდად ნუ გამიგებთ, - უხერხულად გავიღიმე და სახეალეწილი გავერიდე.

- არაფრის, რას ამბობთ, - თავი დამიკრა მამაკაცმა და უცნაურად გამიღიმა.

ამ "გაცრუებულმა" შეხვედრამ უარესად გამიფუჭა ხასიათი. რა დეგენერატი ვარ, რას ვერჩოდი იმ კაცს, რა ძალა მედგა? ჯერ კარგად დავკვირვებოდი და მერე გამერკვია, არ ჯობდა? საკუთარი თავი შემზიზღდა.

მოსვენება დავკარგე. სადაც უნდა ვყოფილიყავი, წინ სულ უცნობის სახე მედგა, ყურში ჩამესმოდა მისი სასიამოვნო ხმით ნათქვამი სიტყვები: "თეთრი მთვარე" - იდუმალი, გამოუცნობი ფრაზა, რომელიც ჩემი მისამართით იყო ნათქვამი თუ მაგნოლიას უკავშირდებოდა, ვერ გავარკვიე.

როგორ დამაგვიანდა, როგორ დამაგვიანდა... ვინ იცის, მერამდენედ ვიმეორებდი ამ სიტყვებს. არადა, ახლა სწორედ მისნაირი კაცი მჭირდებოდა - სიმპათიური, მოხდენილი, "საჭირო" ასაკის, რომელიც ყველაზე მეტად გამიგებდა, ყველაზე მეტად გაიგებდა ჩემს ფასს. როგორ მიყვარს ამის გამეორება, არა? ჩემს ფასს! რა ვქნა, მე ასე მიმაჩნია. კაცმა ქალის ფასი უნდა იცოდეს, რომ შეიყვაროს და მერე შეინარჩუნოს ეს სიყვარული. შეიძლება ამაში ცოტა პატივმოყვარეობის ელემენტებიც გამოსჭვიოდეს, მაგრამ რას იზამ, მე ასე ვხედავ და ასე მესმის.

გაგრძელება

სვეტა კვარაცხელია

რომანი განახლდება ყოველდღე