თეთრი მთვარე - გზაპრესი

თეთრი მთვარე

ერთი "საკუბოე" გამოსასვლელი კაბა მქონდა, ოქროსფერი, ლიკრის, ტანზე მოტმასნილი. ისე მიხდებოდა, ზედ მაკვდებოდა. ექვსი თვეა ვიყიდე და მხოლოდ ერთხელ მომეცა მისი ჩაცმის საშუალება, ჩემი მეგობრის ჯვრისწერაზე. მას შემდეგ ჰკიდია და ჰკიდია გარდერობში. არადა, შვილივით ოთხასი ლარი გადავიხადე მის შესაძენად. სამ საათზე სალონში ჩავედი, თმა დავივარცხნე, მაკაიჟი გავიკეთე და სარკეში რომ ჩავიხედე, მე თვითონ მომეწონა ჩემი თავი. მართლა ლამაზი ვიყავი, ისეთი ლამაზი, როგორც არასდროს. ხოლო შვიდი საათისთვის, კაბაც რომ მოვირგე ტანზე და სარკის წინ დავტრიალდი, აღფრთოვანება ვერ დავმალე. შეუძლებელი იყო, იმ შეხვედრაზე რომელიმე ქალი ჩემზე უკეთესი ყოფილიყო. თუმცა ბოლო წუთებში ცოტა შევყოყმანდი კიდეც - ვაითუ აგრესიულად შემხვდნენ იქ მყოფი ქალები? ძალიან გამომწვევად ხომ არ გამოვიყურები? იქნებ ასე გაპრანჭვა სულაც არ არის საჭირო? კინაღამ გადავიფიქრე წასვლა, მაგრამ გია რომ მოვიდა, აზრები შემეცვალა. კარი გავაღე და ოდნავ უკან დავიხიე, რომ კარგად დავენახე. არ დამავიწყდება მისი სახე, როგორი გაოგნებული მიყურებდა. კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო, ისე იყო დაშოკილი.

- რა სხვანაირი ხარ, ქუჩაში რომ შემხვედროდი, ვერ გიცნობდი, - ძლივს ამოთქვა განცვიფრებულმა.

- როგორი სხვანაირი, ძალიან ვულგარულად მაცვია? - ცოტათი შევშინდი და სხეულზე დავიხედე.

- ვულგარულად? რას ამბობ! ვულგარულად კი არა, ზღაპრულ ფერიასავით გამოიყურები, ფილმიდან გადმომხტარ კლეოპატრას ჰგავხარ.

- მაშინ გამხვიე ხალიჩაში და დამაფინე რესტორნის კართან, გადავკოტრიალდები და დარბაზის ბოლოში პირდაპირ შენს ჯგუფელებთან ამოვყოფ თავს, - ხამაღლა გავიცინე.

- კარგი აზრია, მაგრამ ისევ შენი ფეხით წამოხვიდე, ის ჯობია. ხალიჩა არამოდურია, - ამყვა გიაც, - უკვე მორჩა? მზად ხარ?

- კი, რა თქმა უნდა, წავედით, მეტი რაღა უნდა ვქნა? - პატარა კრემისფერ ხელჩანთას ხელი დავავლე და ქუსლების ბაკაბუკით მივყევი კავალერს უკან.

გიამ წინ გამატარა. მივდიოდი და ვგრძნობდი, როგორ მაყოლებდა იგი თვალს. მსიამოვნებდა, რომ მოვწონდი. ვგრძნობდი, რომ იმ საღამოს მე მისი "სავიზიტო ბარათი" ვიყავი.

- მაგარი ტანი გაქვს, თან ისე დადიხარ, თითქოს ბალეტის მოცეკვავე იყო.

- ბალეტის რა მოგახსენო, მაგრამ მოცეკვავე დიდხანს ვიყავი, თანაც ძალიან კარგი მოცეკვავეც, - ამაყად "მოვახსენე".

- მართლა? მართლა ცეკვავდი? ისე, მიხვრა-მოხვრაში გეტყობა, მდიდრული "პახოდკა" გაქვს.

- დიდი მადლობა, ეს "პახოდკა" ცეკვის დამსახურებაა.

- სად ცეკვავდი?

- ჯერ სკოლაში, მერე ერთ-ერთ ანსამბლში, ბოლოს სუხიშვილებშიც დამიპირეს გადაყვანა, მაგრამ უარი ვთქვი.

- რატომ?

- რა ვიცი, სასიყვარულო დეპრესია დამემართა და ცეკვა კი არა, სიცოცხლე აღარ მინდოდა.

- ძნელი დასაჯერებელია, რომ შენნაირ ქალს სიყვარულში იმედგაცრუება ჰქონდა. წარმოუდგენელი ამბავია.

- რას იზამ, სამწუხაროდ, ასეთი რამ მოხდა. სიყვარულში არასდროს მიმართლებდა.

- აწი გაგიმართლებს, აი ნახავ, - მტკიცედ მითხრა გიამ და ისე მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა, სითბო ჩამეღვარა სხეულში...

***

რესტორან "კრწანისს" მივადექით. კაბა ხელით ავწიე და ტანის რხევით ავუყევი კიბის საფეხურებს. დიდი ხანია, აქ არ ვყოფილვარ. რა რემონტი გაუკეთებიათ! როგორ მოუწყვიათ აქაურობა. კმაყოფილება ვერ დავმალე. შესასვლელში უცხო ხალხი ირეოდა. გავჩერდი, რატომღაც დავიბენი. გიამ წელზე ხელი მომხვია და კარისკენ მიბიძგა. დარბაზში შევედით. ირგვლივ მიმოვიხედე. უცხოდ ვიგრძენი თავი. რა მინდა აქ, რა საჭირო იყო ჩემი მოსვლა? იმწუთას ვინანე კიდეც, გიას რომ დავთანხმდი წამოსვლაზე, მაგრამ გვიან იყო, მომხდარს არაფერი ეშველებოდა. შუა დარბაზში ათასგვარი კერძით დახუნძლული მაგიდა მთელ სიგრძეზე გაეშალათ. შევედით თუ არა, რამდენიმე წყვილი თვალი ცნობისმოყვარედ შემოგვაჩერდა. ზოგს გაოცება აღებეჭდა სახეზე, ზოგს ინტერესი, ნეტავ ეს ვინ მოჰყავს გიასო. თავი უხერხულად ვიგრძენი.

- მოეშვი, ნუ ხარ დაძაბული, მალე გაშინაურდები, - მშვიდად მითხრა გიამ და მარჯვენა მხარეს მდგარი ქალებისკენ გამიძღვა.

- გიორგი, სანატრელო, მოხვედი? - შეჯგუფულ ქალებს ერთი ცისფერკაბიანი გამოეყო და ჩვენკენ გამოემართა.

- პრივეტ, თიკო, როგორ ხარ? - გიამ გადაკოცნა დამხვდური და მერე ჩემზე ანიშნა, - ეს მაგდაა, ჩემი მეგობარი, გაიცანი.

თიკომ ხელი ჩამომართვა და თავაზიანად გამიღიმა. მისგან აგრესია ვერ ვიგრძენი.

- ლევანი სად არის, არ მოსულა? - ჰკითხა გიამ.

- სამზარეულოშია, სიტუაციას აკონტროლებს, - გაიცინა თიკომ, - მიდი, მიეხმარე, თორემ ხომ იცი, რა დაბდურაა, რაღაცას გააფუჭებს, მაგდას მე მივხედავ.

გიამ ბოდიში მომიხადა, სულ ერთი წამით დაგტოვებო და წავიდა, თიკომ კი ხელი ჩამავლო და ქალებისკენ წამიყვანა, შენს თავს სხვებსაც გავაცნობო. რამდენიმე წუთში გავშინაურდი. ყველანი თბილად შემხვდნენ. ცოტა ხანში დაძაბულობა მომეხსნა და შვებით ამოვისუნთქე, თავისუფლად ვიგრძენი თავი. მალე ქალების კამპანიას მამაკაცებიც შემოუერთდნენ. ადვილი მისახვედრი იყო, ყველას ჩემი ვინაობა აინტერესებდა. მეც თავაზიანად ვეცნობოდი ყველას, თან გაფაციცებით ვიყურებოდი დაბლა ჩასასვლელი კიბისკენ, სადაც სამზარეულო მეგულებოდა, რომ გია დროზე გამოჩენილიყო, მაინც უცხოდ ვგრძნობდი თავს ახალ საზოგადოებაში.

ამ დროს ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. გონება დავძაბე, თითქოს მეცნო ის "ვიღაცა", კარგად დავაკვირდი... ლამის იყო, გაოგნებისგან იქვე ჩავიკეცე. ის იყო... ის, ვისაც ამდენ ხანს ვეძებდი, ვისზე ფიქრშიც თვეების განმავლობაში უიმედოდ ვათენ-ვაღამებდი - მომნუსხველი ლურჯთვალება მამაკაცი, რომელმაც მაგნოლია მომიწყვიტა... მუხლები მომეკვეთა. უცნობმა ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა, თითქოს მომესალმა კიდეც და მერე თვალი ამარიდა. გავწითლდი, გავმწვანდი და გავყვითლდი. მე თვითონ არ ვიცი, რა ფერი დამედო. სხეული ამიკანკალდა, მუხლები მომეკვეთა. ნუთუ გიას ჯგუფელია? ნუთუ მაინცდამაინც აქ უნდა შევხვედროდი? ნუთუ აქ უნდა გამეცნო? რაღა გიას ნაცნობი გამოდგა? ბედის ირონიაც ამას ჰქვია. აი, ბედის დაცინვა რას ნიშნავს. ხომ გეუბნებოდით, სიყვარულში უიღბლო ვარ-მეთქი? ახლაც არ გჯერათ? რატომ ხდება ასე, რატომ? რა დავაშავე ასეთი? რა მოხდებოდა, მაშინ შემდგარიყო ჩვენი შეხვედრა? გიას გაცნობას ხომ ავცდებოდი? ამ დღეში ხომ არ ჩავვარდებოდი? რა ვქნა ახლა მე, რა მეშველება? ნეტავ ფეხი მომტეხოდა და არ წამოვსულიყავი. არ უნდა დამეჯერებინა გიასთვის. ეს რა სისულელე ჩავიდინე, ეს რა მომივიდა! ამ ფიქრებში ვიყავი, რომ შევამჩნიე, როგორ გამოემართა ჩემკენ უცნობი... გულმა უარესად დამიწყო ცემა...

* * *

სანამ ახლოს მოვიდოდა, მე ჩემი დამემართა. ადამიანის ფერი არ მედო სახეზე.

- გამარჯობათ, კინაღამ ვერ გიცანით, - გამიღიმა და თავი დამიკრა.

- გაგიმარჯოთ, - ძლივს ამოვილუღლუღე.

- ახლა არ მითხრათ, რომ ჩვენთან ერთად სწავლობდით და არ გამაგიჟოთ, - თავი გვერდზე გადახარა და კარგი ნივთივით შემათვალიერა.

- არა, მე სტუმრად ვარ, დამპატიჟეს, - როგორც იქნა, გავიღიმე.

- ჰო, ეგ კარგია. თუ საიდუმლო არ არის, ვისი სტუმარი ხართ?

- გიას ახლობელი ვარ, - ახლა კი გავწითლდი.

ჯანდაბას! ეგ მინდოდა? რატომ, რატომ, რატომ?!

- ფრიად სასიამოვნოა. უკაცრავად, მერე გნახავთ, - კვლავ დამიკრა თავი და გამერიდა.

თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში. მორჩა, რადგან ვუთხარი, გიას ახლობელი ვარ-მეთქი, ალბათ ზედაც არ შემომხედავს, მაგრამ ახლობელი ხომ შეყვარებულს არ ნიშნავს? მე სპეციალურად შევარჩიე ეს სიტყვა, რომ სხვანაირად არ ეფიქრა. იქნებ არც იფიქრა? იქნებ ვიღაცების ცნობისმოყვარე მზერას მოერიდა? ვნახოთ, ვნახოთ.

მოლხენის სურვილი გამიქრა. ირგვლივ ვერავის ვამჩნევდი, ვერც ვერაფერს ვგრძნობდი. მთელი გულისყური იმისკენ იყო მიმართული, ჩემი საოცნებო ობიექტისკენ, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი.

ამასობაში გიაც გამოჩნდა. კარგ გუნებაზე ჩანდა.

- უჩემოდ არაფერი კეთდება, - სიცილით მითხრა, - ძლივს ავარჩევინე ღვინო, მაგრები არიან.

- ასე გაუჭირდათ ღვინის არჩევა?

- უფრო იაფი ჯდებაო, გამაგიჟებს ეს ხალხი, რაღაც ლარშია განსხვავება. ამის გამო ღირს მჟავე ღვინის დალევა?

- იქნებ ფული არ ჰყოფნით?

- არა, რა ფული არ ჰყოფნით, ვითომ რაც მოგვრჩება, ხვალ გავაგრძელოთო. ერთი დღის ქეიფი არ იკმარეს. ხომ არ მოიწყინე?

- ცოტათი.

- სად წავიდა თიკო?

- გოგოებთან.

- და მარტო დაგტოვა, არა? უყურე მაგას!

- არა უშავს, მერე რა მოხდა.

- ორ წუთში დავსხდებით. ახლავე მოვალ, - გიამ უცებ ვიღაც შეამჩნია და გეზი დარბაზის შუაგულისკენ აიღო.

იქ ის იდგა ვიღაც ორ მამაკაცთან ერთად. გია მივიდა, ყველას ხელი ჩამოართვა და გადაკოცნა. ცოტა ხანს ილაპარაკეს, მერე ისევ ჩემკენ წამოვიდა.

ცოტა ხანში ყველანი სუფრას შემოვუსხედით. მე, რა თქმა უნდა, გიას გვერდით დავჯექი. ჩემი "სამიზნე" მოპირდაპირე მხარეს, ჩემგან მარცხნივ მოხვდა. თიკომ და ლევანმა გიას დაუმშვენეს მხარი. თამადად ვინმე მაღალი, სიმპათიური, ჰალსტუხიანი ვაჟა შეარჩიეს. მანაც ყელი მოიღერა და სუფრის გაძღოლას შეუდგა.

ისე ვნერვიულობდი, შუა ზაფხულში ხელ-ფეხი გამეყინა. ხანდახან თვალი გამექცეოდა იმისკენ, მაგრამ მას ერთხელაც არ გამოუხედავს. დამერხა! ეგ მე ყურადღებას არ მომაქცევს, ვფიქრობდი გულში. მინდოდა გიასთვის მეკითხა, რა ჰქვია-მეთქი, მაგრამ ვერ ვბედავდი, ზედმეტი ცნობისმოყვარეობა გამომეჩინა. არა უშავს, მერე გავიგებ, დავიმშვიდე თავი.

გია ყურადღებას არ მაკლებდა, ხან რას მთავაზობდა, ხან რას. ქალებისთვის ლიქიორი იდგა მაგიდაზე, მე კი ლიქიორს ვერ ვიტან, არც ღვინო მეხატება გულზე მაინცდამაინც. ჩემს კავალერს ვთხოვე, იქნებ კონიაკი მოატანინო-მეთქი. მაშინვე ამისრულა თხოვნა, სომხური კონიაკი მოატანინა და ფულიც იქვე გადაუხადა. პირველივე ჭიქამ ცხლად დამიარა ძარღვებში, მესიამოვნა. ცოტათი შევხურდი, მეორე და მესამე ჭიქაზე კი უკვე ღაწვები შემეფაკლა, მომეკიდა სასმელი.

- შენ რა მსმელი ყოფილხარ, არ ვიცოდი?! ჩემთან რატომ არასდროს სვამდი?

- შენ გგონია, დიდი მსმელი ვარ? უბრალოდ, მამცივნებს და იმიტომ დავლიე, თორემ მაინცდამაინც არ ვეტანები, - თავი ვიმართლე.

- კონიაკი გიყვარს, არა? - ეშმაკურად გამომხედა.

- კი, ყველა სასმელს მირჩევნია, - თავი დავუქნიე.

- მე სულ შამპანურზე გეპატიჟებოდი. მომავალში გავითვალისწინებ, - ხელები მოიფშვნიტა გიამ.

- შენ გგონია, დავლევ?

- ვითომ რატომ არა, ჩემთან გიტყდება, თუ რამის გეშინია?

- არა, რა სისულელეა, რატომ უნდა მიტყდებოდეს, ან რატომ უნდა მეშინოდეს. არ მიყვარს დალევა, მით უფრო - დათრობა.

- ქალები არ თვრებიან, ხომ?

- როგორ არ თვრებიან, მაგრამ რა სასიამოვნოა მთვრალი ქალის ყურება, ამაზე საშინელება მგონი არც არაფერია.

- დაგისხა?

- არა, არა, მეტს ვერ დავლევ, საკმარისია, დიდი მადლობა, - ჭიქას ხელი დავაფარე, რომ აღარ დაესხა.

- ისე დავასხამ, არ არის ლამაზი ცარიელი სასმისი, - თქვა გიამ და ბოთლი მოიმარჯვა. კონიაკი რაკრაკით ჩავიდა ჭიქაში.

- ბავშვებო, ეგ კონიაკი ჩემთვის არ შეიძლება? - თიკომ გამოგვძახა.

- როგორ არ შეიძლება, ქალბატონო თიკო, თქვენ ოღონდ მთხოვეთ... - გიამ მასაც დაუსხა.

თამადამ მორიგი სადღეგრძელო შესვა - მეგობრობის და თბილი ურთიერთობების. მივუჭახუნეთ ერთმანეთს. კიდევ ერთი ჭიქის დალევამ მომიწია, მაგრამ მხოლოდ მოვსვი, დათრობის შემეშინდა. ნელ-ნელა დავწყნარდი. უფრო მეტიც, სასმელმა სითამამე შემმატა. ახლა უკვე მალულად აღარ მიწევდა იმისკენ თვალის გაპარება, ჩვეულებრივად გავხედავდი ხოლმე. რაღაც მომენტში ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. სხვებისთვის შეუმჩნევლად რაღაც მითხრა თვალებით, რაღაც ძალიან სასიამოვნო, მეც ვუპასუხე და სიამოვნებისგან დავდნი კიდეც. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ წამში მოხდა, მერე კვლავ ამარიდა მზერა.

სტუმრები თანდათან ახმაურდნენ, ალკოჰოლმა თავისი გაიტანა. კარგა ხნის შემდეგ თამადამ პირველი მუსიკალური პაუზა გამოაცხადა. ამან გამოაცოცხლა თანამესუფრეები, ქალები და მამაკაცები რიგრიგობით დგებოდნენ სუფრიდან და დარბაზის შუაგულისკენ მიიწევდნენ წყვილ-წყვილად.

- ჩვენ არ ვიცეკვოთ? - გია ჩემკენ გადმოიხარა და ყურში მიჩურჩულა.

- რა ვიცი, თუ გინდა, ვიცეკვოთ.

- რომ არ მეხერხება ეგეთი რაღაცები?

- მაშინ არ ვიცეკვოთ და ეგ იქნება, - თავი გავწიე, რომ მისი ტუჩები არ შემხებოდა.

- არა, მაინც ვიცეკვოთ, შენ ხომ არ დამძრახავ, ცუდად თუ გამომივა?

- არა გრცხვენია?

- მაგდა კარგად ცეკვავს, არა? - მკითხა, როცა ავდექით.

- მაგდა კი, ბავშვობიდან ცეკვავს, ერთხელ უკვე ხომ გითხარი? - ხმამაღლა ვუპასუხე, რომ მუსიკის ხმაში გაეგონა.

- ჰოდა, რა მეშველება ახლა მე? - გიამ ორივე ხელი წელზე მომხვია და დავტრიალდით.

სულაც არ ცეკვავდა ცუდად. ან კი რა ცეკვა ვალსს უნდოდა, გახვალ - გამოხვალ, გახვალ - გამოხვალ და მორჩა, სულ ეგ არის.

- ტყუილად მაცოდებ თავს, მშვენივრად გამოგდის, - თითი დავუქნიე.

- შენი ტანის რხევის რიტმს ავყევი და იმიტომ, - იმართლა თავი, - მაგარი ტანი გაქვს, დედას გეფიცები, - კვლავ ყურში მიჩურჩულა.

- გმადლობ, სასიამოვნო მოსასმენია, - მორიდებით გავუღიმე.

მერე ორივე გავჩუმდით. დუმილი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. თვალებით იმას ვეძებდი, ვისზე ფიქრიც გონებიდან არ მშორდებოდა, მაგრამ ვერსად შევამჩნიე - არც მოცეკვავეებს შორის ჩანდა და არც მოქეიფეებს შორის.

- მაგდა, რაღაც მინდა გითხრა.

გამაჟრჟოლა, ახლა რომ სიყვარული ამიხსნას, აქვე ჩავიკეცები.

- ცუდი თუ კარგი?

- არ ვიცი, ცუდია თუ კარგი, მაგრამ დიდი ხანია, ამას ვაპირებ.

- რას ეხება, ჯერ ის მითხარი.

- ვერ ხვდები?

- მაინც? დავუშვათ და, ვერ ვხვდები.

- ჩვენს ურთიერთობას.

ამაკანკალა.

- გია, გთხოვ, ოღონდ დღეს არა, არ გინდა, გემუდარები.

- რატომ, რატომ, ოდესმე ხომ მომიწევს ამაზე ლაპარაკი? - გიას სახე მოეღუშა.

- ჰო, მაგრამ დღეს ნუ... დამიჯერე.

- გინდა მითხრა, რომ პასუხი მზად არ გაქვს?

- ვშიშობ, გულს გატკენს ჩემი პასუხი და იმიტომ.

- დღეს თუ მერეც?

- არ ვიცი, ალბათ მერეც.

- მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, როდის გეტყვი? ბარემ დღესვე მეცოდინება, რისი იმედი უნდა მქონდეს.

- არ გინდა...

- მინდა და ნუ გამაჩერებ. დედაჩემი უნდა გაგაცნო.

წარბები შუბლზე ამივიდა გაოცებისგან. ამას ნამდვილად არ ველოდი. მეგონა, რომანტიკული სიტყვების ნიაღვარი წამოვიდოდა, ლამაზ სიტყვებად დაიღვრებოდა, ის კი დედამისის გაცნობას მთავაზობდა მხოლოდ.

- კი ბატონო, მაგაზე ადვილი არაფერია, მაგრამ რა ისეთი სათქმელი ეს იყო? ადრე გეთქვა და ნებისმიერ დროს გამოგყვებოდი.

- დედამ შენ შესახებ ყველაფერი იცის და მთხოვა, გამაცანიო.

- ჩემ შესახებ? საინტერესოა, რას უყვები ჩემ შესახებ, - კოპები შევკარი გაღიმებულმა.

- იმას, რომ ძალიან კარგი გოგო ხარ, უიშვიათესი, რომ ძალიან მიყვარხარ და რომ...

- ნუღარ გააგრძელებ, საკმარისია, - ტუჩებზე ავაფარე თითები.

ხელისგულზე მაკოცა. დამდუღრულივით გამოვწიე ხელი.

- რატომ გამირბიხარ ასე, ნუთუ სულ არ მოგწონვარ? - სევდა ჩაუდგა თვალებში.

- გია, ხომ გითხარი...

- მაცალე, ნუ მაწყვეტინებ.

- მე გაწყვეტინებ თუ შენ მაწყვეტინებ? - მოჩვენებითად გავბრაზდი.

- ნუ მაწყვეტინებ-მეთქი, გეუბნები. ბოლომდე მათქმევინე და პირობას გაძლევ, მერე, სანამ საჭირო არ გახდება, ამ თემას არ შევეხები. გასაგებია, რომ არ გიყვარვარ, მაგრამ შტერი უნდა იყო ადამიანი, ჩემს დამოკიდეულებას ვერ ხვდებოდეს. ეს გამორიცხულია. ვიცი, რომ ყველაფერს ხვდები, ისიც ვიცი, რომ ამ ეტაპზე არ გიყვარვარ, მაგრამ ეს არ მანერვიულებს. მე დაგელოდები. იმედი არ გადამიწურავს. შევძლებ, რომ თავი შეგაყვარო. მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, ოღონდ კი შენ ეცადე. კარგი?

პასუხი არ გავეცი, თვალი ავარიდე.

- კარგი? მაძლევ ამის პირობას? - გია თავის მოძრაობით ცდილობდა, დაეჭირა ჩემი მზერა, - მითხარი, ეცდები?

- არ ვიცი, გია, ვერ მოგატყუებ. მე შენ ისე შეგეჩვიე, თავადაც მიკვირს, მაგრამ სულ სხვა თვალით გიყურებ, შენ ჩემთვის სულ სხვა ხარ, - მუდარა გავურიე ხმაში.

- სხვა ხომ არ გიყვარს? იქნებ ხდება ისეთი რამ შენს ცხოვრებაში, რაც მე არ ვიცი? ხვდები ვინმეს?

- არა, არა, შენც ხომ იცი, რომ ასე არ არის. უბრალოდ, რა ვქნა, ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ... მე შენ არ მიყვარხარ, გია.

- ეგ ვიცი. ცოტა ხანს დამაცდი?

- ვნახოთ.

- მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, აი ნახავ.

ამასობაში მუსიკაც დამთავრდა და ჩვენ-ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით. გიას ხასიათი გაუფუჭდა. მეც. თითქოს უბრად ვიყავით ერთმანეთთან. ირგვლივ სიცილ-კისკისის და მამაკაცების როხროხის ხმა ისმოდა, ჩვენ კი ჩუმად ვისხედით და არ ვერეოდით საერთო მხიარულებაში. მექანიკურად გავიხედე იქითკენ, სადაც ჩემი ლურჯთვალება უცნობი მეგულებოდა. სკამი ცარიელი იყო. გული შემიქანდა. ხომ არ წავიდა? ირგვლივ მიმოვიხედე, არსად ჩანდა. ამ დროს თიკოს ხმა მომესმა.

- მაგდა, ერთიც ხომ არ დაგველია?

თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. გიამ უხალისოდ ჩამოასხა. სადღეგრძელო ლევანმა თქვა, თამადას უკვე აღარ უსმენდა.

- მანდილოსნებს გაუმარჯოს, ჩვენი სუფრის და ქალაქის მშვენებას, - თქვა ლევანმა.

გიამაც ჩაიბურტყუნა რაღაც. ახლა ბოლომდე დავცალე ჭიქა. ყელი ჩამიწვა სასმელმა. უცებ ჩემ წინ იმან გაიარა, თავისი სკამისკენ მიიჩქაროდა. "აქ ყოფილა", - გახარებულმა გავიფიქრე და თავისუფლად ამოვისუნთქე.

- გიუშკი, ნუ ხარ დარდიანი, თორემ მეც გადმომედო, იცოდე, - გიას მხარი გავკარი უცნობის დანახვით გახალისებულმა.

- გამივლის, არა უშავს, - ნაძალადევად გამიღიმა და შუბლი ხელებში ჩამალა.

- რა გჭირს, გიო, ახლა მელანქოლიის დროა? - ლევანმა მხარზე გადახვია ხელი, - გამოფხიზლდი, ბიჭო, ახლა სიყვარულის დროა, - ომახიანად შესძახა და ჭიქა შეუვსო.

მერე კვლავ გამოაცხადა თამადამ მუსიკარი პაუზა.

- წამო, ვიცეკვოთ, - ვუთხარი გიას, თითქოს დანაშაულის გამოსყიდვა მინდოდა.

- არ მინდა, არ გეწყინოს... ხომ გესმის ჩემი... - გიას თვალები ისე უბრწყინავდა, ადვილი მისახვედრი იყო, რომ კარგა გვარიანად შეთვრა.

შემეცოდა. ვინანე, ასე რომ ველაპარაკე ცეკვის დროს. რას გადავუწურე ადამიანს იმედი, დავპირებოდი მაინც... მაგრამ არ შემეძლო მისი მოტყუება, ის ამას არ იმსახურებდა.

მერე... მერე მოხდა, რაც მოხდა. "ის" წამოდგა, ერთი თვალის შევლებით დაზვერა სიტუაცია, მაგიდას შემოუარა და ჩვენ მოგვადგა.

- გია ბატონო, შეიძლება შენი სტუმარი საცეკვაოდ გავიწვიო? - მხარზე დაადო უცნობმა გიას ხელი.

- აუცილებლად, აუცილებლად, ჩემი ნებართვა რა საჭიროა, - გია წამოდგა და ოდნავ შებრუნდა მისკენ.

- გთხოვთ, - მარჯვენა გამომიწოდა მამაკაცმა.

რაღაც საშინელება დამემართა, თითქოს წონასწორობა დავკარგე. არა, ეს კონიაკის ბრალი სულაც არ იყო. მე სხვა რამით ვიყავი მთვრალი. მის ხელს ხელი შევაგებე და ასე, ხელიხელჩაკიდებულები მოცეკვავე წყვილებთან აღმოვჩნდით. გული გამალებით მიცემდა. დარბაზის ეს ადგილი თითქმის ჩაბნელებული იყო, სხვადასხვა ფერის სინათლის ფონით ოდნავ ნათდებოდა მხოლოდ. უცნობმა მარცხენა ხელი წელზე მძლავრად მომხვია, მარჯვენაში კი ჩემი მარცხენა ისე მოიმწყვდია, რომ თავისი ცერა თითი ჩემს ხელისგულში ჩამალა. სასიამოვნო ჟრჟოლამ ამიტანა, მუხლები მეკვეთებოდა. მისი ცხელი სუნთქვა სახეში მცემდა. თითქოს მთელი სამყარო ჩემ ირგვლივ დატრიალდა. ჩემზე თითქმის ერთი თავით მაღალი იყო. ცეკვა რომ დავიწყეთ, შევხედე. იგი უკვე მიყურებდა.

- თეთრი მთვარე, - თქვა მან ზუსტად ისე, როგორც მაშინ.

ისევ დამიარა სასიამოვნო ტალღამ. ესე იგი, თეთრ მთვარეს მე მიმასგავსა და არა მაგნოლია.

- რა გქვია? - მკითხა უცნობმა და მომნუსხველი ღიმილი მესროლა.

- მაგდა.

- ლამაზი სახელია... შენსავით... - ახლა უფრო ფართოდ გაიღიმა და თვალებში ჩამაშტერდა.

- შენ რა გქვია? - არც მიკვირდა, რომ შენობით ვსაუბრობდით, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო.

- საბა.

- საბა... - გავიმეორე და თვალები მივბნიდე.

- გიას საიდან იცნობ? - იდუმალი ხმით მკითხა.

- სამსახურიდან, - თან ვიცრუე, თან მართალიც ვთქვი, მე ხომ სამსახურში გავიცანი იგი.

- დიდი ხანია, მეგობრობთ? - შემპარავად აგრძელებდა ჩემს დაკითხვას.

- არც ისე, - არ დავუკონკრეტე და გიასკენ გავიხედე, იგი ისევ ხელებში თავჩარგული იჯდა და ჩვენკენ საერთოდ არ იყურებოდა.

- მაშინ რატომ არ მოხვედი, მაგდა, რატომ მომატყუე?

ალმური წამეკიდა. ამოვიოხრე და თავი გავაქნიე.

- არ მომიტყუებიხარ, გეფიცები. უბრალოდ, დამაგვიანდა. ტრანსპორტში რომ ავედი, მერე დაგინახე, ოპერის ბაღიდან როგორ გამოხვედი. მე მაინც დავბრუნდი უკან, მაგრამ არ დამხვდი. ეს იმის ბრალია, რომ დავაგვიანე, თუმცა ჩემი ბრალი არ იყო, პაციენტი მყავდა და...

- ექიმი ხარ?

- ექიმი-ფსიქოლოგი. შენ?

- მე? მე... პროფესია არა მაქვს, არც სამსახური. ერთი სიტყვით, ცუდი ბიჭი ვარ. ესე იგი, მოხვედი, არა? - კვლავ ძველ თემაზე გადაიტანა საუბარი.

- ჰო, მოვედი. ისიც მახსოვს, რა გეცვა. გითხრა?

- არა, არ მინდა. მჯერა შენი.

მე და საბა ნელა ვირხეოდით. მას, ყველა სიკეთესთან ერთად, საოცარი პლასტიკა ჰქონდა. ისე კარგად ავუწყვეთ ფეხი ერთმანეთს, თითქოს წლების განმავლობაში წყვილში გვეცეკვოს. უდიდეს ნეტარებას განვიცდიდი მისი სიახლოვით. ეს ღვთაებრივი სიამოვნება იყო. გადავწყვიტე, რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რაც მასში ემოციას აღძრავდა ან ვნებას. თავი ავწიე და "შემთხვევით" ჩემი ღაწვი მის ნიკაპს შევახე. სხეული უფრო გამიხურდა, ძუძუსთავებმა თითქოს კვნესა დაიწყეს, ისე მიიწევდნენ მისკენ. კიდევ ერთხელ ჩავიქნიე ნამუსზე ხელი და ახლა მკერდით გავეხახუნე. უცებ მისი მარცხენა ხელი ამოძრავდა, უფრო მოხერხებულად ჩაბღუჯა ჩემი წელი და მძლავრად მიმიკრა გულზე.

- კარგია, როცა სასიამოვნო მამაკაცთან ცეკვავ, - ტუჩები ახლოს მივუტანე ყურთან და ვუჩურჩულე, - დიდი ხანია, მსგავსი რამ არ განმიცდია, - კონიაკმა ისე გამათამამა, ახლა ყველაფრის სათქმელად მზად ვიყავი.

კვლავ ვიგრძენი საბას ხელის მოძრაობა ჩემს სხეულზე. მისმა თითებმა ნელ-ნელა მაღლა აიწია და ჩემს მკერდს ქვემოთ დაიდო ბინა, ხოლო მარჯვენა ხელის ცერა თითი წრიულად ამოძრავდა ჩემს ხელისგულზე. საბა არაფერს ამბობდა, თავის სათქმელს მხოლოდ თითებით გამოხატავდა. თვალები დავხუჭე და კვლავ შევეხე ნიკაპზე.

- მე შენ გელოდი, დიდხანს ვიცადე მაშინ გაჩერებაზე, მაგრამ... მერე კი გეძებდი, მთელ თბილისში გეძებდი და ვერ გიპოვე. არ მეგონა, თუ ისევ გნახავდი... როგორ ფიქრობ, ეს ბედისწერაა? - ალაპარაკდა იგი.

- ვფიქრობ კი არა, დარწმუნებული ვარ... ის მაგნოლია დღესაც შენახული მაქვს, - ლოყას არ ვაშორებდი მის ნიკაპს.

- შენახული? გინდა მითხრა, რომ მან აქამდე გაძლო? - ყურთან მის გახშირებულ სუნთქვას ვგრძნობდი.

- არა, მალევე გახმა, მაგრამ წიგნში მაქვს ჩადებული. იცი? ის დღე არასდროს დამავიწყდება. ასე მგონია, საუკუნეა, ერთმანეთს ვიცნობთ.

- მეც ასე მეჩვენება.

ახლა ჩემს მარცხენა ძუძუსთან ამოძრავდნენ მისი თითები. ვგრძნობდი, როგორ გადმოდიოდა ვნების უხილავი ტალღები მისი სხეულიდან ჩემში.

- მომწონს "იოჯის" სურნელი, უცხო რამეა, - თქვა მან.

"იოჯის" სუნამო გიამ მაჩუქა. სწორედ ის დავიპკურე დღეს, სანამ წამოვიდოდით.

- ასე კარგად ერკვევი სუნამოებში? - თავი ავწიე და ღიმილით შევხედე.

თვალები დანისლოდა.

- ყველაში არა, მხოლოდ რამდენიმე ვიცი, ის, რომელიც განსაკუთრებულად მომწონს. გიამ გაჩუქა?

- ჰო, - ვთქვი და ამოვიოხრე, არ მინდოდა მომეტყუებინა.

- მას კარგი გემოვნება აქვს, თვითონაც კარგი ბიჭია.

- ჰო, - გავიმეორე და მზერა ავარიდე.

- გიყვარს? - მკითხა მოულოდნელად.

- ვინ, გია?

- გია, აბა სხვა ვინ?

- არა, გია არ მიყვარს.

- სხვა ვინმე გიყვარს?

კითხვა უპასუხოდ დავტოვე. დიდი სიამოვნებით ვეტყოდი, შენ მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ ახლა არ ღირდა, ყალბად გამომივიდოდა.

- შენ "ორგანზაც" გექნება სახლში, - თქვა უცებ.

გაოცება ვერ დავმალე. საიდან იცის?

- და "ბეიბი დოლიც", ივ სენ ლორანის.

- მაქვს, მართლა მაქვს ორივე. როგორ მიხვდი? - ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო.

- ქალს რომ გავიცნობ, მაშინვე ვგრძნობ, დაახლოებით რომელ სურნელს ანიჭებს უპირატესობას.

- ამჯერად არ დაგეთანხმები. ეს სუნამოები მაჩუქეს და მხოლოდ იმიტომ მაქვს, თორემ ჩემი სურვილით არ შემირჩევია.

- ჰო, მაგრამ მძაფრი და ცივი სურნელი არ გიზიდავს, ასე არ არის?

- ეს კი მართალია, მაგრამ საოცარი ის არის, რომ სწორედ ისინი ჩამოთვალე, რომელიც მაქვს, უფრო სწორად რომელიც...

- მოგართვეს, არა? - გაიღიმა, ჩემი მარჯვენა ხელი მხარზე დაიდო და ახლა მკლავები მომხვია წელზე, - დაივიწყე, ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის, - თქვა და... მუსიკაც მიწყდა.

- მორჩა, - ისე ამოვიოხრე, მეგონა, გულიც თან ამოვაყოლე.

- რა სამწუხაროა. ვინ იცის, ოდესმე კიდევ მეღირსება შენთან ცეკვის სიამოვნება?

- რატომაც არა, მთავარია მონდომება, - მრავლისმეტყველი თვალებით შევხედე.

- გია კარგი ადამიანია, კარგი მეგობარიც, - რატომღაც ხაზგასმით თქვა და მივხვდი, რატომაც - მიმანიშნა, რომ მომავალში ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება ეჭვქვეშ დგებოდა.

ბარიერი, რომელიც გიას სახით გვეღობებოდა წინ, ადვილად გადასალახი არ იქნებოდა...

* * *

ბანკეტი თითქმის შუაღამემდე გაგრძელდა. მე და საბას მეტჯერ არ გვიცეკვია. გია დათვრა, თანაც ისე, რომ ფეხზე ვერ იდგა. შეუძლებელი იყო, საჭე ემართა. რაღაც უნდა მეღონა. ლევანი გავიხმე გვერდზე, რომ დავლაპარაკებოდი. ამ დროს საბაც მოგვიახლოვდა.

- მოხდა რამე? - ლევანს ჰკითხა.

- ჰო, გია ისეთი მთვრალია, საჭეს ვერ დაიმორჩილებს. შეწუხდა მაგდა, ახლა გამოსავალს ვეძებთ.

- მე წაგიყვანთ, რა პრობლემაა?

- მერე შენ? შენც ხომ მანქანით ხარ, - ლევანმა ჯერ მას შეხედა, მერე - მე.

- არა უშავს, ამათ მე წავიყვან და აქ დაცვის რომელიმე ბიჭს ვთხოვ, უკან გამომყვეს გიას მანქანით.

- მერე დაცვა უკან რითი დაბრუნდება?

- ტაქსით, რა მოხდა, გია უცხო ხომ არ არის, აბა რისთვის ვართ მეგობრები? - მხრები აიჩეჩა საბამ.

გულმა გამალებით დამიწყო ცემა. ღმერთო, შენ მიშველე, ოღონდ არ გადაიფიქროს. ვიცოდი, იგი შინ პირველად გიას მიიყვანდა და კიდევ ერთხელ მომიწევდა მასთან მარტო დარჩენა. მეც ეგ მინდოდა. თავს ვერ ვიმორჩილებდი სიხარულისგან.

- რა ვიცი, საბა, თუ მაგ სიკეთეს იზამ... მთავარია, შენ არ გაგიფუჭდეს საქმე. მაგდასი მერიდება, თორემ გიას მეც მივიყვანდი სახლში. მაგრამ მანქანას აქ ხომ არ დატოვებს, რა ვიცი...

- ჩათვალე, რომ ეს საქმე მოგვარებულია. მე მომანდე მაგდას და გიას დაბინავება. ყველაფერი კარგად იქნება.

- აგაშენა ღმერთმა, მაშინ აღარ ვინერვიულებ და ამ ლამაზ გოგოსაც შენ გაბარებ. გიას უკვე გონი აღარ ეკითხება.

- არა უშავს, საკუთარი თავივით გავუფრთხილდები ორივეს.

- შენ რას შვრები, დღეს ვეღარ გამოგელაპარაკე წესიერად, როდის მიდიხარ?

- ჯერ არ ვიცი, აქაც უამრავი საქმე მაქვს მოსაგვარებელი, ჯერ არ გადამიწყვეტია.

- მოკლედ, ჩაგვაბერდი ხელში ამ გადაფრენ-გადმოფრენაში.

- რას იზამ, ასეთი ცხოვრება, - გაიღიმა საბამ და მალულად გამომხედა.

მათი საუბრიდან ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ერთ რამეს მივხვდი - საბას ხშირად უწევდა ქალაქიდან გასვლა. თუმცა სად, რატომ და რამდენი ხნით, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩებოდა. ეს არ მომეწონა, თუმცა არ შევიმჩნიე.

ავჩქარდი. რადგან საბამ გადაწყვიტა ჩვენი წაყვანა, ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდი რესტორნიდან. ლევანმა და საბამ გია ძლივს წამოაყენეს და, რომ იტყვიან, კი არ ჩასვეს, ჩადეს მანქანის უკანა სალონში. მანქანაც არის და მანქანაც! ლუკას უძვირფასესი ავტომობილი "ნისანის" ჯიპი აღმოჩნდა, მუქი ნაცრისფერი, ერთ-ერთი ბოლო მოდელის. საიდან ასეთი ძვირად ღირებული ფუფუნება? რას წარმოადგენს? რა პროფესიისაა? აკი უმუშევარი ვარო? მთელი ცხოვრება რომ ვიმუშაო, ცხვირით მიწა რომ ვჩიჩქნო, ასეთი მანქანის ფულს ვერასდროს დავაგროვებ. ვინ არის? ინტერესი მკლავდა.

მე წინ დავჯექი, საბას გვერდით. გზა ისე გავლიეთ, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. დაცვის ერთ-ერთი წევრი უკან მოგვდევდა გიას მანქანით.

- ჯერ გია მივიყვანოთ, წინააღმდეგი ხომ არ იქნები? - მკითხა საბამ.

- არა, რა თქმა უნდა, ასე აჯობებს, - დავეთანხმე.

გული ამოვარდნაზე მქონდა. ლოყები მიხურდა სიმხურვალისგან. საბა მთელი სისწრაფით მიაქროლებდა ჯიპს.

- იცი, სად ცხოვრობს?

- ვიცი რომელია, მთელი სტუდენტობა ლამის მის სახლში გვაქვს გატარებული. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ, - ღიმილით გადმომხედა.

თვალი ავარიდე. მისი შემოხედვა მაბნევდა. ასე მეგონა, სულში მიძვრებოდა და ყველაფერს დაწვრილებით კითხულობდა, რაც იქ ხდებოდა. იქ კი... იქ ნამდვილი ქაოსი სუფევდა...

გია ვაკეში ცხოვრობდა. მის სახლს რომ მივუახლოვდით, საბამ სვლა შეაჩერა და სადარბაზოსთან ახლოს გააჩერა მანქანა. მან და დაცვის ბიჭმა ძლივს გადმოიყვანეს გია, რომელსაც უკვე ჩასძინებოდა და ლამის იყო, მხარზე გადაკიდებული შეიყვანეს სადარბაზოში.

- მალე დავბრუნდები, შენ არ მოიწყინო, - მომაძახა საბამ და ორივენი "გემრიელი ტვირთით" კიბეს აუყვნენ.

ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია. ისინი რამდენიმე წუთში გამოჩნდნენ ვიღაც ქალთან ერთად.

- დიდი მადლობა, შვილებო, გაიხარეთ, დალოცვილი იყავით. კიდევ კარგი, საბუნია, სახლამდე რომ მოაცილე, თორემ ამის ჯავრი მომკლავდა ამაღამ, - ვიშვიშებდა ქალი.

დიდი მიხვედრა არ უნდოდა, რომ ეს ლამაზი ქალბატონი გიას დედა იქნებოდა. კარი გავაღე და ზრდილობის გულისთვის მანქანიდან გადავედი. ამასობაში საბამ რესტორნის თანამშრომელი გააცილა, ტაქსი რომ გაეჩერებინა.

- გამარჯობათ, ქალბატონო, - მივესალმე მომავალ "სადედამთილოს".

- გაგიმარჯოს, დედა, შენ რომელი ხარ, ვერ გიცანი...

- მე... მე მაგდა ვარ, გიას მეგობარი.

- უიმე, უიმე, მაგდა, შვილო, როგორა ხარ, გენაცვალე? რა კარგი გოგო ყოფილხარ, ტყუილად არ არის თურმე ჩემი ბიჭი შენზე გადარეული. აბა, ახლა ასეთ სიტუაციაში უნდა გაგვეცნო ჩვენ ერთმანეთი? გიას რა ვუთხარი, რა დაემართა, კაცო, რა დალია ამისთანა, ასე რამ დაათრო, ვერაფერი გამიგია, - ვიშვიშებდა შეწუხებული ქალი, თან ბოდიშს მიხდიდა...

საბა ორიოდე წუთში დაბრუნდა. როგორც იქნა, დავემშვიდობეთ გიას დედას და გზა გავაგრძელეთ.

- ახლა საით? - მკითხა საბამ.

ავუხსენი, საითაც უნდა წასულიყო, თან ხმა მიკანკალებდა. ამჯერად საბას ნელა მიჰყავდა მანქანა, სულაც არ ჩქარობდა. მეც მინდოდა, რაც შეიძლება დიდხანს გაწელილიყო ჩვენი მარშრუტი, ოღონდ მის გვერდით ვყოფილიყავი და იმწუთას სხვა სურვილი არ მამოძრავებდა.

მან კიდევ ერთხელ გამომხედა, ვიგრძენი მისი დაჟინებული მზერა. არ შევიმჩნიე. ცოტა ხანში კვლავ გამომხედა. ვეღარ მოვითმინე და მეც შევხედე. ისევ მომნუსხა მისმა თვალებმა, რომელიც ღამის შუქზე მომაჯადოებლად უბრწყინავდა. ვეღარ გავუძელი მის მზერას და წინა გავიხედე. უცებ საბამ მარჯვენა ხელი უშვა საჭეს და ჩემკენ გამოსწია. თრთოლვამ ამიტანა. სიბნელეში მისმა თითებმა ადვილად იპოვეს ჩემი გაყინული თითები და... გადაიხლართნენ ერთმანეთში. ვნების ტალღამ მთელ სხეულში დამიარა, ეს სიამოვნების კულმინაცია იყო. მისი თითები არ ისვენებდნენ, არც ჩემი. საბამ კიდევ უფრო შეანელა სვლა, მერე ცენტრალური გზიდან გადაუხვია და სადღაც, ქუჩის ყველაზე ბნელ ადგილას გააჩერა მანქანა. სუნთქვა შემეკრა. "ახლა დაიწყება", - გავიფიქრე სიამოვნებისაგან "დაზაფრულმა" და თვალები მექანიკურად დავხუჭე.

- შეგიძლია მაკოცო? - საბას ხმამ გამომაფხიზლა.

თხოვნის გამეორება არ დამჭირვებია. თითქოს ამას ველოდიო, მისკენ გადავიხარე და პირდაპირ ტუჩებზე დავაკვდი. რა ცხელი და ვნებიანი ტუჩები ჰქონდა... დიდხანს, ძალიან დიდხანს, უსასრულოდ ვკოცნიდით ერთმანეთს. ეს სწორედ ის იყო, რასაც წლების განმავლობაში ველოდი. ოდესღაც მსგავსი რამ მხოლოდ ლუკამ მაგრძნობინა, ახლა კი თითქოს მეორდებოდა ყოველივე. სრული ნეტარება, სხვას ვერაფერს დავარქმევ იმას, რასაც განვიცდიდი. ბედნიერებისაგან გათანგულმა სრული თავისუფლება მივანიჭე მამაკაცის ტუჩებს და ისინიც ნება-ნება მოგზაურობდნენ ჩემს ღაწვებზე, ბაგეებზე, ყელზე... მოღეღილ მკერდზე. ამ უკანასკნელზე რომ შემეხო, თავი ვერ შევიკავე და კვნესა აღმომხდა. ეს ის წერტილია, რაზე შეხებაც ბოლომდე მაგიჟებს, ყველაფერს მავიწყებს... ვის როგორ, მაგრამ ჩემი ყველაზე "ურცხვი" ეროგენული ზონა მკერდია. ის პირველი გრძნობს, ვისი შეხებაც სურს, ვისი მოფერებაც. არც ამჯერად "დათმო" პირველობა და მთელი არსებით მიენდო საბას ტუჩებსა და თითებს... და დაიწყო თავაწყვეტილი ალერსი...

არ მინდოდა დამთავრებულიყო ეს ყველაფერი, არ შემეძლო და არც მსურდა მოძალებული ვნების მოთოკვა. დრო თითქოს გაჩერდა.

- დიდი ხანია, მინდოდა შენთვის მეკოცნა, - თქვა საბამ და ამ სიტყვებით "წუთშესვენება" გამოაცხადა.

- ჩვენ ხომ დღეს გავიცანით ერთმანეთი, - ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი.

- სამაგიეროდ, დიდი ხნის წინ შევხვდით ერთმანეთს. გამოგიტყდები და, როგორც კი დაგინახე, მაშინვე ეს სურვილი დამებადა, - შემომცინა მამაკაცმა, - თუმცა მაშინ როგორ მივცემდი თავს ამის უფლებას. ალბათ ადგილზე მიმაკლავდი.

- არა, რატომ... მე...

- ანუ შემეძლო მეცადა?

- ეგ არ მითქვამს.

- მაშინ მითხარი, რისი თქმა გინდოდა.

- არ ვიცი... - ალმური წამეკიდა სახეზე. კიდევ კარგი, სიბნელე იყო და საბა ჩემს ალეწილ სახეს ვერ ხედავდა.

- გზა გავაგრძელოთ, თუ... - ეშმაკურად მოჭუტა თვალები მამაკაცმა.

მივხვდი, "თუ"-ში კოცნის გაგრძელება იგულისხმებოდა. დიდი სიამოვნებით დავრთავდი ამის ნებას, მაგრამ შემრცხვა, რამე ისე არ იფიქროს-მეთქი და პირველი ვარიანტი ვარჩიე.

- გზა, - მოკლედ მოვჭერი და თმა გავისწორე.

- გასაგებია, რა გაეწყობა, როგორც შენ იტყვი, ისე იქნება, ნება შენია, ყველაზე ლამაზო ლედი, - პოეტურად წარმოთქვა და მანქანა დაქოქა.

მთელი სხეული მიხურდა. ყელსა და სახეზე ისევ ვგრძნობდი საბას ტუჩების ნაკვალევს, თითქოს მეწვოდა ის ადგილები, სადაც მამაკაცმა კოცნის "ნაფეხურები" დატოვა. მან სიბნელეში კვლავ მონახა ჩემი თითები და თავის ხელისგულში მოიქცია. თვალები მივლულე. ნეტავ არასდროს დამთავრდეს ეს გზა, ნეტავ მანქანა გაუფუჭდეს ან... რომ შემომთავაზებდეს, სიამოვნებით გავყვები, სადაც მეტყვის, ახლავე ჩავუგორდები ლოგინში, ოღონდ კი მოისურვოს. არ მაინტერესებს, რას იფიქრებს, რა წარმოდგენა შეექმნება ჩემზე. მინდა, მინდა მასთან ყოფნა და რა ვქნა, ვეღარ ვერევი თავს. რატომ ვუთხარი, გზა გავაგრძელოთ-მეთქი, ცოტა ხანს კიდევ დავრჩენილიყავით ერთად, არ შეიძლებოდა?

- მეშინია, ყველაფერი არ გავაფუჭო ამ ერთ ღამეში, - თქვა უცებ, თითქოს ჩემს ფიქრებს ჩაწვდაო.

შევკრთი. რატომ ამბობს ამას?

- რა უნდა გააფუჭო? - გავბედე და ვკითხე.

- პირველ რიგში, შენი და გიას ურთიერთობა.

- ჩვენ შორის არაფერი ისეთი არ ხდება, - დავიცავი თავი.

- ასეთი? - გამეხუმრა.

- არც ასეთი და, საერთოდ, ჩვენ მხოლოდ ვმეგობრობთ და მეტი არაფერი. სიყვარულზე ლაპარაკიც კი არ ყოფილა. არასდროს, - დავაზუსტე.

- მაგრამ ოდესმე ხომ ალაპარაკდება?

- არა მგონია... მისთვის ამის საბაბი არ მიმიცია და... არც მივცემ.

- ალბათ მაინც აჯობებს, გიამ არ გაიგოს ის, რაც...

- დამოძღვრა არ მჭირდება, ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, - უხეშად გავაწყვეტინე დაბოღმილმა.

- გეწყინა, არა?

- ისე, რა.

- მაპატიე, ცუდად გამომივიდა.

- არა უშავს, ხდება ხოლმე.

- ხომ მაპატიებ?

- უკვე გაპატიე, ნუ მებოდიშები.

- არა არ მაპატიე და რომ იცოდე, მიხარია კიდეც.

- რატომ?

- რატომ? იმიტომ, რომ პატიება სხვა რამეს ნიშნავს.

- რას?

- იმას, რომ უკვე ყველაფერი დასრულებულია.

- როგორც ჩანს, ღრმა ფილოსოფიური აზრი დევს ამაში.

- არა, ეს უბრალო ჭეშმარიტებაა, თუ დაუკვირდები, ადვილად მიხვდები.

გიამ ჩემი "დატყვევებული" თითები ტუჩებთან მიიტანა და ეამბორა - დიდხანს, ხანგრძლივად.

- ამათ გარეშე რა გაძლებს, გამიჭირდება. მინდა ეს იცოდე, მაგდა, - ხმაშეცვლილმა თქვა.

"შენც ნუ დარჩები მათ გარეშე", - გავიფიქრე, - "თუ მოისურვებ, მუდამ შენთან იქნებიან".

- ადამიანის კლონირება რომ შეიძლებოდეს, ვერავინ დამასწრებდა, - გააგრძელა საბამ, - და ჩემზე ბედნიერი კაცი მეორე არ იქნებოდა ამქვეყნად.

- შენი აზრით, კლონირებულ მაგდას უფრო ეყვარები? - ძალაუნებურად წამომცდა.

- უფრო? ეს რას ნიშნავს, რომ ნამდვილ მაგდას ვუყვარვარ? - მოულოდნელად დაამუხრუჭა, ხელი შემიშვა და გამომცდელად შემომხედა.

ენა ჩამივარდა. ეს რა წამომცდა? არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ცოტა ნაადრევი ხომ არ არის? იქნებ ეს მხოლოდ სექსუალური ლტოლვაა და მეტი არაფერი? იქნებ არც მიყვარს?

- ჰა, მაგდა, რას ფიქრობს რეალური მაგდა? შენს პასუხს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია ჩემს ცხოვრებაში.

- არ ვიცი... ჯერ არ ვიცი, - თავი შევიკავე ნაჩქარევი დასკვნებისგან.

- აი კლონირებულს კი ეცოდინებოდა, - დაბეჯითებით თქვა და კვლავ დაქოქა მანქანა.

თითები, რომელიც საბას ჰქონდა ჩაბღუჯული, თითქოს გამეყინა. საოცარი სიცივე ვიგრძენი. ამასობაში სახლს მივუახლოვდით. საბამ მანქანა გააჩერა.

- მგონი, მოვედით, - ისე ამოიოხრა, თითქოს გულიც თან ამოაყოლა.

- ჰო, მოვედით.

- რა სამწუხაროა, ვინ იცის, კიდევ როდის მომეცემა შენი ნახვის შესაძლებლობა, - ისე ხმადაბლა გამოუვიდა ნათქვამი, ძლივს გავიგონე მისი სიტყვები.

- მე არსად დავიკარგები, - "გავამხნევე".

- ვიცი, ვიცი, მაგრამ... მე ცოტა სხვა მხრიდან ვუყურებ ამ ამბავს. ვნახოთ, დრო ყველაფერს გვიჩვენებს. ბინამდე მიგაცილებ, კარგი? უხერხული ხომ არ იქნება?

- არა, არა, მარტო ვცხოვრობ, არავინ მაკონტროლებს... ჯერჯერობით, ასე რომ... - გავიცინე.

საბამ ჯიპი დისტანციური მართვის პულტით ჩაკეტა და ჩემთან ერთად წამოვიდა... აკანკალებული თითებით ძლივს მოვარგე გასაღები საკეტს.

- აბა, კარგად, იმედია, აღარ გჭირდები...

- შემიძლია ყავაზე დაგპატიჟო, თუ არ გეჩქარება, - შევაპარე.

თითქოს გაკვირვება გამოეხატა სახეზე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამით. მერე შეყოყმანდა, გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ჯერ დოინჯი შემოიყარა, მერე ჯიბეში ჩაიწყო ხელები და თავი ჩაღუნა.

- იცი? უმჯობესია, წავიდე, თორემ ნამდვილად დიდ სისულელს ჩავიდენ, პასუხისმგებელი არ ვარ ჩემს საქციელზე, - ასწია ბოლოს თავი და დამნაშავესავით შემომხედა.

- მე ვაგებ პასუხს... - გაბედულად წარმოვთქვი და თვალი თვალში გავუყარე.

- რაზე?

- რომ ეს სისულელე არ იქნება.

- დარწმუნებული ხარ? - თავი გვერდზე გადახარა.

- ის, როგორც არასდროს.

- მე შენ მაგიჟებ, მაგდა, რატომ ცდილობ ამას?

- სულაც არ ვცდილობ, ეს თავისთავად ხდება, - თანდათან გავთამამდი.

- არ გეშინია, ხვალ ყველაფერი რომ ინანო?

- არ ვინანებ.

- ზედმეტად თავდაჯერებული ხომ არ არის მშვენიერი ლედი?

- ამ შემთხვევაში არა, - ამასობაში კარი გავაღე, შევედი, შუი ავანთე და განზე დავდექი, რითაც მივანიშნე, შემოდი-მეთქი.

შეყოვნდა. კარგა ხანს დაჟინებით მიმზერდა, მერე ერთი ამოიხვნეშა, მიიხედ-მოიხედა და... თითქოს ვიღაცას ემალებაო, ისე შემოიპარა, ქურდულად.

- კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს სამოთხეში, - თქვა ღიმილით და ოთახი შეათვალიერა, - რა სილამაზეა, მომწონს აქაურობა.

- მეც მომწონს, ძალიან ვეცადე, კომფორტულად მომეწყო ჩემი ბუნაგი, - ვთქვი და კარი ჩავკეტე.

- დიდი ხანია, მარტო ცხოვრობ?

- სულ რამდენიმე თვეა.

- იქამდე?

- იქამდე მშობლებთან ვცხოვრობდი, მაგრამ მომბეზრდა. მარტო ყოფნა მირჩევნია.

- ჰო, როცა არის საშუალება, მარტო უკეთესია, - კვერი დამიკრა შეცბუნებულმა.

- დაჯექი, მე ყავას მოვადუღებ, - დავფაცურდი.

- მოიცა, არ გინდა, მე მალე წავალ, - გამაჩერა სამზარეულოსკენ მიმავალი და მაჯაში ჩამაფრინდა.

ვნებამ კვლავ დამრია ხელი. ახლოს აღმოვჩნდით ერთმანეთთან, ერთმანეთის სუნთქვას ვგრძნობდით. თვალებში ჩამხედა. "მინდა", ეწერა იქ. მეტის მოთმენა არ შემეძლო, სხეული თავისი მიიწევდა მისკენ.

- პასუხს შენ აგებ, იცოდე, - ჩურჩულით მითხრა და მძლავრად მიმიკრა მკერდზე.

- მზად ვარ, - ჩურჩულითვე ვუპასუხე და ხელები კისერზე შემოვხვიე თვალებდახუჭულმა...

მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია... იქვე, იატაკზე ჩავიკეცეთ ორივე. კაბის დარდი არ მქონდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი. საბას სახე არეოდა, გაცხარებული მკოცნიდა, მეფერებოდა... ისე ვყავდი ჩაბღუჯული, თითქოს სადმე გაქცევას ვლამობდი.

- სანატრელო, სანატრელო, - ჩურჩულებდა ვნებისაგან აღრეული, - რა საოცარი ხარ, რომ იცოდე... როგორ მწყურია შენი მოფერება...

- მიყვარხარ, საბა, სიგიჟემდე მიყვარხარ, - უკვე აღარაფრის დამალვას არ ვცდილობდი, მინდოდა ყველაფერი ცოდნოდა.

- მეც, მეც მიყვარხარ... შენ ნამდვილი საოცრება ხარ, - სადღაც შორიდან მესმოდა მისი სიტყვები.

მერე მკერდი მომიღეღა, კაბა ამიწია და შიშველ ფეხზე შემახო ხელი.

- მოიცა, გავიხდი, - ოდნავ წამოვიწიე.

ამის თქმა და... მოულოდნელად გაჩერდა, წამით გაირინდა, დამაცქერდა, მერე კი უცებ წამოდგა და სახეზე მოისვა ხელი წარბშეჭმუხნილმა.

- მე წავალ, - ყრუდ თქვა.

გავოგნდი. არ მახსოვს, როგორ ავდექი, კი არ ავდექი, მგონი წამოვფრინდი იატაკიდან.

- არ წახვიდე, გთხოვ, - მუდარა გაისმა ჩემს ხმაში, თითებით მის პერანგს ჩავაფრინდი.

- უნდა წავიდე, ასე არ შეიძლება. ეს უნამუსობა იქნება ჩემი მხრიდან, - იგი ჩემი ხელების მოშორებას ცდილობდა.

თვითონ არ ვიცი, რა მემართებოდა, საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდი, თავგზა ამებნა. სირცხვილის ყოველგვარი გრძნობა დავკარგე, მაგნიტივით მიზიდავდა მისი სხეულის მხურვალება, მისი სურნელი, ვნებისაგან მკერდი მითრთოდა. ვიცოდი, ურცხვად ვიქცეოდი, მაგრამ არად დაგიდევდით ჩემს საქციელს, ოღონდ არ წასულიყო, ოღონდ ახლა მარტო არ დავეტოვებინე. ასე მეგონა, არასდროს დაბრუნდებოდა უკან.

- სხვა დროს იყოს, ამით არ მთავრდება ყველაფერი, - იმავე ტონით გაიმეორა.

- სხვა დრო, როგორც ვატყობ, არ იქნება, - დანანებით ვუპასუხე მისი საქციელით განხიბლულმა.

- შენ ასე გგონია? - თავი გვერდზე გადახარა და კვლავ დოინჯი შემოიყარა.

- სამწუხაროდ, - ვთქვი და თვალებში შევხედე.

დიდხანს მიყურა, მზერა არ მოუშორებია ჩემთვის. მეც გავუსწორე თვალი, ახლა უკვე არაფერს ვკარგავდი.

- არ მოგეწონე, არა? არა ვარ შენი შესაფერისი, ხომ ასეა? ალბათ უფრო ლამაზი უნდა ვიყო, რომ შეგიყვარდე, ხომ? - წუწუნის მთელი კორიანტელი დავაყენე.

- მართალი ხარ. რომ შეუყვარდე, ლამაზი უნდა იყო, მაგრამ ლამაზი რომ იყო, ამისთვის ვიღაცას უნდა შეუყვარდე.

- ანუ?

- შენ ორივე მოთხოვნას აკმაყოფილებ, ამიტომ მე უკვე შეყვარებული ვარ.

- შენ ჩემზე ლამაზი ხარ, საბა...

- მამაკაცს სილამაზე მხოლოდ ორი კვირით აძლევს უპირატესობას.

- არ გეთანხმები.

- წავედი, წავედი, - ღრმად, კაცურად ამოიხვნეშა და გატრიალდა. კართან მისული შედგა და სანამ გააღებდა, უკანმოუხედავად ჩაილაპარაკა.

- ერთი რამ იცოდე მხოლოდ, მიყვარხარ და მუდამ მეყვარები, ეს არასდროს დაგავიწყდეს, რაც უნდა მოხდეს.

პასუხი არ გამიცია.

- გესმის?

- მესმის.

- ჰოდა, დაიმახსოვრე. მე ძალიან დიდხანს ვეძებდი იმას, რაც შეიძლება ახლა დავკარგო.

- მერე? რა ძალა გადგია, რატომ იტანჯავ თავს? - მისკენ გადავდგი ნაბიჯი.

- არ ვიცი, ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არ მაქვს.

- და როდის გექნება? - მივუახლოვდი. იგი არ შერხეულა, კვლავ ზურგშექცევით იდგა.

- არც ეგ ვიცი. დაველოდოთ და ვნახოთ, - თქვა, კარი გააღო და გავიდა.

კარს მივეყრდენი და შუბლი ცივ რკინას მივადე. თითქოს ჩემი ბედნიერებისკენ მიმავალი გზა კიდევ ერთხელ ჩაიკეტა, თითქოს კიდევ ერთი ეტაპი ერთდროულად დაიწყო და დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში...

გაგრძელება

სვეტა კვარაცხელია

რომანი განახლდება ყოველდღე