იისფერი ჰორტენზიები (9)
font-large font-small
იისფერი ჰორტენზიები (9)

გავიდა ხანი და სამსახურში ხმა დაირხა, დუდუ ცოლმა მიატოვაო. ჭორმა სალის ყურამდეც მიაღწია. მდივანმა ვერ გაიაზრა, უნდა გახარებოდა ეს ამბავი თუ უნდა წყენოდა. დავუშვათ და, მართალია ყოველივე, რა გარანტია აქვს სალის, რომ დუდუ მასზე შეაჩერებს არჩევანს?

 

ან კი ცოტა ხნის შემდეგ ისევ არ შეურიგდება ცოლს? იქნებ იმ კაცს სხვა უყვარს და სწორედ ეს არის მათი დაშორების მიზეზი? სალი საგონებელში ჩავარდა. როგორ უნდოდა, სიმართლე გაეგო, მაგრამ ზედმეტ ინტერესს ვერ გამოიჩენდა. ყველაზე მეტად იასი ეშინოდა. პირველ რიგში ის არ მოუწონებდა საქციელს. საიდან გაერკვია, სინამდვილეში რა ხდებოდა? ისევ დუდუსთან თუ გაარკვევდა, რა ხდებოდა სინამდვილეში.

 

ხუთშაბათი იყო. სალის შეკვეთები შეჰყავდა კომპიუტერში, თან გვერდით მჯდომ მერაბს უსმენდა, რომელიც გამალებით უყვებოდა, როგორ წავიდნენ ზაფხულში სანადიროდ "დუგის" ბიჭები და რამდენი გარეული იხვი და მწყერი მოინადირეს. ამ დროს ოთახში დუდუ შემოვიდა. სახეზე საშინელი ფერი ედო, წვერგაუპარსავი უხასიათოდ გამოიყურებოდა.

- გამარჯობათ, ბავშვებო, რა ხდება აქ, რა გნიასია? - კოპები შეკრა მერაბის დანახვაზე.

- არაფერი, ძველ ამბებს ვუყვები, - გაღიმება სცადა მერაბმა.

- რატომ, საქმე არაფერი გაქვს? - საკმაოდ უკმეხად გამოუვიდა დუდუს, - შემოდი ჩემთან და იაკობსაც დამიძახე, სალაპარაკო მაქვს. სალი, შენ ყავა გამიმზადე!

სალის უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. ასეთი დუდუ ჯერ არ ენახა. მერაბმა ჩქარი ნაბიჯებით დატოვა ოთახი და ცოტა ხანში იაკობთან ერთად დუდუს კაბინეტში შევიდა. სალი ყავის მოდუღებას შეუდგა, თან პრეზიდენტზე ფიქრობდა, რა პრობლემა უნდა გასჩენოდა ისეთი, რომ ასეთ ხასიათზე დამდგარიყო?

- რაღაც უნდა მოვიფიქროთ, - შუბლშეკრული პრეზიდენტი კალამს აკაკუნებდა მაგიდაზე, როცა სალიმ ყავა შეიტანა.

- კი ბატონო, ახლავე გავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ, - იაკობს ხელები შარვლის ტოტებზე დაეწყო და ფეხებს ნერვიულად აქანავებდა, მერაბი კი ჩაფიქრებული იჯდა მაგიდასთან.

სალიმ ყავიანი ფინჯნები სამივეს გადაუნაწილა და ფრთხილი ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი, მეტი ვერაფერი გაიგო.

რა ქნას ახლა? მესიჯის ამ მომენტში გაგზავნა არ ღირს, ისედაც არ არის ხასიათზე, შეიძლება უფრო გაბრაზდეს. როგორ გაიგოს, რა ხდება? ოჯახური პრობლემა არ უნდა იყოს, რაღაც ფირმის საქმეებს უფრო ჰგავს. ამ დროს იაკობი და მერაბიც გამოვიდნენ.

- მერაბ, რა ხდება? - ჩურჩულით ჰკითხა სალიმ.

- არაფერი, საბაჟოზე ჩვენს ტვირთს არ ატარებენ, - ხელი ჩაიქნია მერაბმა.

- რატომ, საბუთები არ არის წესრიგში?

- არა, კაცო, ფული ეცოტავათ ალბათ, არ იცი, რა ხალხია? მადა ჭამაში მოდის. გადავუხდით და გამოატარებენ, ყველაფერი მოგვარდება.

ამ დროს გიგიც გამოჩნდა. ისიც აფორიაქებული ჩანდა.

- რაო? - ვიქტორს მიუტრიალდა დირექტორი.

- წადით და გაარკვიეთო, - მხრები აიჩეჩა ვიქტორმა.

- კარგი, გადით და გარეთ დამელოდეთ, ახლავე გამოვალ, - გიგის სალისთვის არც შეუხედავს, ისე შეიჭრა ძმაკაცის კაბინეტში.

მოულოდნელად ტელეფონი აწკრიალდა. სალი ყურმილს დაწვდა.

- კომპიუტერული ფირმა გისმენთ, - ოფიციალურად წარმოთქვა დაზეპირებული ფრაზა.

- სალი, ზაზა ვარ, დუდუსთან შემართე სასწრაფოდ, - გაისმა დილერის ხმა.

- მშვიდობაა, ზაზა, რა ხმა გაქვს?

- მშვიდობაა, მშვიდობა, დროზე!

სალიმ დუდუს შიდა ნომერი აკრიფა და "უპატაკა", ხაზზე ზაზაა და თქვენთან ლაპარაკი უნდაო.

- გადმორთე! - უბრძანა პრეზიდენტმა.

ცოტა ხანში გიგი და დუდუ ერთად გამოვიდნენ კაბინეტიდან. ორივეს დაწყნარებული სახე ჰქონდა.

- კიდევ კარგი, თორემ გამისკდა გული, - დუდუ დახშული ხმით ლაპარაკობდა, - სალი, ბიჭები ხომ არ წავიდნენ? - მდივანს მიუბრუნდა შეფი.

- არა, მგონი, გარეთ არიან.

- მე მელოდებიან, უჩემოდ არ წავიდოდნენ, - თქვა გიგიმ და მხოლოდ ახლაღა შეხედა სალის, შეუმჩნევლად გაუღიმა.

- მაგარი ყავა იყო, როგორც ყოველთვის, ჭიქები შეგიძლია გამოიტანო. მე თუ დამირეკეს, უთხარი, შეხვედრაზე წავიდა-თქო. ორ საათში მოვალ, - დაიბარა დუდუმ და გიგისთან ერთად გავიდა ოთახიდან.

სალის დაძაბულობა მოეხსნა, როგორც ჩანს, უპრობლემოდ მოგვარდა ყველაფერი. ახლა უკვე შეიძლება მესიჯის გაგზავნა. ხელები მოიფშვნიტა, კომპიუტერს მიუჯდა და მესიჯიც "გამოაცხო": "წუხელ სიზმარში გნახე, კარგი სიზმარი იყო. ისე მეფერებოდი... ნეტავ ცხადში როდის ამისრულდება ეს? იმ დღეს მოუთმენლად მოველი".

დუდუს წერილი მანქანაში "დაეწია". წაიკითხა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ყავის დალევის შემდეგ იღებდა მესიჯს, თუმცა ამისთვის მას ყურადღება არასდროს მიუქცევია. ეს მხოლოდ სალიმ იცოდა.

- რა საინტერესოა, ვინ არის, - ჩაიცინა პრეზიდენტმა და მობილური დაკეცა.

- ისევ უცნობია? - გაეღიმა გიგის და ძმაკაცს გადახედა.

- ჰო.

- ეჭვადაც არ იცი, ვინ უნდა იყოს? - გიგიმ მანქანა დაქოქა.

- აზრზე ვერ მოვდივარ, ფაქტია, რომ ვიღაც მწარედ მეთამაშება. ის კი არ იცის, რა ძვირად დაუჯდება ეს თამაში, - ხუმრობანარევი მუქარით გადააქნია თავი დუდუმ.

- შეეშვი, წეროს და იკითხოს, რამდენიც უნდა. სანამდე დაგემალება?

- შენ ეგა თქვი. თუ არ ვიცნობ და მართლა უნდა ჩემთან დაახლოება, ერთხელაც ხომ უნდა გამოჩნდეს? რაღაცნაირად ხომ უნდა დამეკონტაქტოს?

- ვაიდა, ნაცნობი აღმოჩნდეს?

- მეეჭვება, ახლობელი რომ ყოფილიყო, აქამდე შემომეხმიანებოდა. ნაცნობი ჩემს გაშაყირებას ამდენ ხანს არ გააგრძელებდა, ვერც მოითმენდა.

- იქნებ ვინმეს დავალებით აკეთებს?

- დავალებით? - დუდუმ წარბები შეჭმუხნა, - შენ ასე ფიქრობ?

- რა ვიცი, არ არის გამორიცხული.

- და ვისი დავალებით უნდა აკეთებდეს ამას?

- ვერ გეტყვი... - გიგიმ თავი კი შეიკავა პასუხისგან, მაგრამ დუდუ მიხვდა, "ვინმეში" მისი ცოლი რომ იგულისხმებოდა.

- შენ მართალი ხარ, შეიძლება ამ ყველაფერში ნათიას ხელი ურევია, იცი? - თითქოს გონება გაეხსნა პრეზიდენტს.

- აბა რა გითხრა... ეგეც შესაძლებელია, თუმცა...

- რა თუმცა?

- რა და... არა მგონია, მთლად ასე იყოს. მაშინ ნომერსაც დააფიქსირებდა. ნათიას შენი რეაქცია უფრო დააინტერესებდა, აყვებოდი თუ არა უცნობი ქალის პროვოკაციას.

- ჰო, ეგ არ მიფიქრია, მაგრამ ნათიამ ისიც კარგად იცის, რომ პატარა ბიჭივით არ დავიწყებ სრულიად უცხო ადამიანთან ნაცნობობის გაბმას, თანაც მესიჯებით.

- იქნებ ამიტომაც გიგზავნის დაფარული ნომრიდან? ჯერ თავს შეგაჩვევს, მერე კი...

- ვნახოთ, ვნახოთ, თუმცა არა მგონია. ნათიას ახლა მაგის თავი არა აქვს. ისედაც დაგვეძაბა ურთიერთობა. ერთი კვირაა, დედამისთან არის გაქცეული და ბავშვსაც არ მაკარებს ახლოს. ჰგონია, რომ ამით შურს იძიებს ჩემზე.

- რაზე იჩხუბეთ, ადამიანო, რა გაქვთ გასაყოფი, გუშინდელი ცოლ-ქმარი ხომ არა ხართ?

- საქმეც მაგაშია. ყველა კაბიანზე ეჭვიანობს. ახლა ჩემი მდივანი ამოიჩემა, იმას ეფლირტავებიო.

- ვისა, სალის? - გიგის სუნთქვა შეეკრა ამის გაგონებაზე.

- ჰო, არ ვიცი, საიდან დაასკვნა, მაგრამ ტვინი გამიბურღა, ეგ გოგო სამსახურიდან დაითხოვეო.

- იქნებ შეგატყო რამე, მართლა ხომ არ მოგწონს, ბიჭო, რამეს ხომ არ მიმალავ? - გიგიმ ეშმაკურად შემოუარა სათქმელს.

- არა, ძმაო, არ მჩვევია ეგეთები, მდივნებთან საქმეს არ ვიჭერ, რით ვერ გაიგეთ. შემეშვი, შენ მაინც ნუ მეუბნები ასეთ რამეებს. ჯობია ის მითხრა, სად ვისადილოთ?

- ჩემთან ავიდეთ, გინდა? ქეთის დღეს ქაბაბი შევუკვეთე, ხომ იცი, რა გემრიელი ხელი აქვს, ცოტა ჩავარტყათ კიდეც, კარგი "ქინძმარაული" მაქვს, ჩემმა სიმამრმა გამომიგზავნა.

- წავიდეთ რა, დალევა ახლა ნამდვილად არ მაწყენდა, - დუდუმ ღრმად ამოიხვნეშა და სავარძელზე გადაწვა.

გიგიმ სიჩქარეს მოუმატა.

 

***

დღის განმავლობაში ია ერთი საათით შედიოდა სალისთან და კომპიუტერზე საოფისე პროგრამას ასწავლიდა. სალი კარგი მოსწავლე გამოდგა. მართალია, რაღაც-რაღაცები იცოდა, მაგრამ არა ყველაფერი, ამიტომაც დიდი ინტერესით უსმენდა იას, თავისთვის იწერდა ბლოკნოტში საჭირო რჩევებს და ადვილად ითვისებდა ახალ პროგრამას. პარალელურად, როცა მარტო რჩებოდა, დამოუკიდებლად ცდილობდა, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც დაქალი ასწავლიდა. შიგადაშიგ თამაშსაც ასწრებდა და მესიჯების გაგზავნასაც, რითაც დუდუს უფრო და უფრო უბნევდა თავგზას.

სალის მეთოდმა გაჭრა. ერთი თვის თავზე დუდუ ისე დააინტერესა იდუმალმა ქალმა, რომ ხანდახან მობილურის ეკრანს დაჟინებით ჩააცქერდებოდა, წერილი რატომ იგვიანებსო. ნელ-ნელა იმასაც მიხვდა, მესიჯები დღის განმავლობაში დაახლოებით ერთსა და იმავე დროს რომ მოდიოდა. ზოგჯერ სიგიჟემდე მოუნდებოდა, პასუხი მიეწერა უცნობისთვის, მაგრამ თავს ზევით ძალა არ ჰქონდა - ინკოგნიტო შეყვარებულის ნომერი არ იცოდა. აბა რას იფიქრებდა, რომ ის ვიღაცა მისგან სულ ორიოდე ნაბიჯით იყო დაშორებული, რომ იქვე, მის ოფისში იჯდა და მის ნერვებზე კმაყოფილი თამაშობდა. რა მოხდებოდა, ეს რომ ცოდნოდა? არავინ იცის... უკეთეს შემთხვევაში, ალბათ დატუქსავდა სალის უხეირო ხუმრობისთვის, უარეს შემთხვევაში კი, საშინლად გაბრაზდებოდა და სამსახურიდანაც დაითხოვდა ქარაფშუტა თანამშრომელს. აბა, სხვა რა შეიძლება დაერქვას სალის საქციელს? სხვა სახელი არ ჰქვია, ასკვნიდა სალი და მაინც მესიჯს მესიჯზე აგზავნიდა.

 

გაგრძელება

 

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ერთიანად დასველებულმა სალიმ ჩანთა მაგიდაზე მიაგდო და სავარძელში ჩაესვენა. არ ახსოვს, რამდენ ხანს იყო ასე, მთელი სხეული უკანკალებდა. მოულოდნელად კაკუნის ხმა გაიგონა. მიხვდა, რომ დუდუ იქნებოდა.

 

დილით სალი ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. ნომერს დახედა, იაკო იყო.

- ჰო, იაკო, ვ ჩემ დელა ტაკ რანა?

- ვ სუბბოტუ ჩტო დელაეშ?

 

დუდუმ გადაწყვიტა, ემოქმედა. უკვე ეჭვი არ ეპარებოდა, რომ უცნობი თაყვანისმცემელი სალი იყო. ბოლო დროს ისედაც ვერაფერს უხერხებდა საკუთარ თავს, გრძნობებს ვერ ერეოდა. ვერ ხვდებოდა, როდის შემოიჭრა მის გულში ასე ძლიერად იმ ქალის სიყვარული, რომელიც მის უახლოეს ძმაკაცთან იწვა.

ქეთის სილამაზემ სალი გააოგნა. ბევრი რამ სმენია ყოფილი დირექტორის ცოლზე, მაგრამ ნანახმა გაგონილს გადააჭარბა.

- მე სალი მქვია, ადრე "დუგიში" ვმუშაობდი, ოღონდ ძალიან ცოტა ხანს, - თავი გააცნო ქეთის.

 

- გინდა ყავა მოგიდუღო? - ალერსიანად ჰკითხა სალიმ მამაკაცს, როცა "წუთშესვენება" გამოაცხადეს.

- ახლა არაფერი არ მინდა, მხოლოდ შენ მინდიხარ, - დუდუმ ხელები მოხვია შიშველ სხეულზე და გულზე მიიკრა, - თავბრუდამხვევი, ცხელი სურნელი აგდის.

 

მეორე დილით ადრე ადგა, კარგა ხანს იტრიალა სარკის წინ, სამოსი რამდენიმეჯერ გამოიცვალა და ბოლოს არჩევანი მაინც ლურჯ კაბაზე შეაჩერა, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ შეიძინა მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში.

 

მაისიც მიიწურა. წვიმიანი ამინდი გახშირდა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული კარს იყო მომდგარი, არა და არ დათბა ქალაქში. დუდუს ესეც ნერვებს უშლიდა. გარდა ამისა, სამსახურში დაიწყო საეჭვო მითქმა-მოთქმა, თითქოს მასა და გიგის შორის სერიოზული ჩხუბი მოხდა, რომ ძმაკაცებმა ქონება ვერ გაიყვეს და ამიტომაც გაიყარნენ.
მეორე დილით სალი ჩვეულებრივ დროს გამოცხადდა სამსახურში. ისეთი მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს გუშინ ის საშინელება არც მომხდარიყოს. ქალებს მიესალმა, თვალი ჩუმად გააპარა ავთანდილის კაბინეტისკენ და კომპიუტერს მიუჯდა.

ია შინ დახვდა, ოთახს ალაგებდა. გაუხარდა სალის დანახვა.

- ოი, კაკოი სიურპრიზ! რა ქარმა გადმოგაგდო? - გადაეხვია დაქალს.

 

გვიან ღამით, როცა სალი უკვე დაძინებას აპირებდა, კარზე ძლიერი ბრახუნის ხმა გაისმა. სალი შიშისგან შეხტა, ხალათი მოიხურა და ფეხის წვერებზე შემდგარი მიუახლოვდა კარს, სათვალთვალოში გაიხედა. გიგი იყო. გულმა გამალებით დაუწყო ცემა. როგორც ჩანს, ნინიკოსთან ვახშამმა მთლად რომანტიკულ გარემოში ვერ ჩაიარა.

 

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.