იისფერი ჰორტენზიები (17)
font-large font-small
იისფერი ჰორტენზიები (17)

ია შინ დახვდა, ოთახს ალაგებდა. გაუხარდა სალის დანახვა.

- ოი, კაკოი სიურპრიზ! რა ქარმა გადმოგაგდო? - გადაეხვია დაქალს.

 

- გამოგიარე. შენ ხომ არ გაგახსენდები. ნუ, კაკ დელა? - დაღლილი ხმით ჰკითხა და სავარძელში ჩაესვენა.

 

- და ტაკ, ვსიო ნარმალნა. როგორ მოგწონს ახალი სამსახური?

- არის, რა, ნი რიბა, ნი მიასა, - ხელი ჩაიქნია სალიმ და ჩამქრალი თვალები მიანათა იას.

- რაღაც არ მომწონხარ. მოხდა რამე?

- ისეთი არაფერი, ცხოვრება მომბეზრდა. ბოლშე ტაკ ნე მაგუ.

- და ლადნა, დაიკიდე. ყველა მაგ დღეში ვართ, ყველაფერი უკან-უკან მიდის. ერთი ადამიანი არ ვიცი, ცხოვრებით კმაყოფილი იყოს.

- ჰო, ეგრეა. იქ რა ხდება, თქვენთან?

- ნიჩივო ასობენნოვო. ვართ პა პრეჟნემუ.

- ჩამოვიდა შენი უფროსი?

- ვჩერა პრიეხალ, ჯერ არ მინახავს.

- ცოლს არ შეურიგდა?

- არა, რას ამბობ! ეტა ისკლიუჩენა. გიგის ნახულობ?

- კი, ხშირად.

- ონ ლუბიტ ტებია.

- არ დაიჯერო, ზღაპარია ეგ, - მწარედ ჩაიღიმა სალიმ.

- ნი გავარი ტაკ, მე ვიცი, რომ ასეა. ყავას დალევ?

- არა, არ მინდა, უნდა წავიდე, საქმე მაქვს, - სალი მიხვდა, რომ არც აქ უდგებოდა გული, ამიტომაც აჩქარდა.

- სად მიდიხარ?

- ჯერ ბაზარში, მერე კი სახლში. გამომიარე ხოლმე, რა მოხდება, ქვეყანა დაიქცევა?

- აბეზატელნა. გამოვნახავ დროს და მოვალ, უბრალოდ, ახლა თვის ბოლოა და ატჩოტები მაქვს გასაკეთებელი. პატომ პრიდუ.

- კარგი მაშინ, წავალ.

- მოიცა, ჯერ იყავი, სად გეჩქარება?

- მეჩქარება, - ამოიოხრა სალიმ და ნაძალადევად გაუცინა მეგობარს.

- იმასთან როგორ ხარ, ხომ არ გგრუზავს? - იამ თავი ისე გადააქნია, თითქოს ის ვიღაც მის ზურგს უკან მდგარიყო.

- ნინოზე მეკითხები? არის თავისთვის, ჯერჯერობით ვერ მერევა.

- ბუდ ასტაროჟნა, ცუდი ადამიანია.

- ვიცი, ვიცი. აბა ჰე, წავედი და წავედი, - სალიმ დაქალი გადაკოცნა და კარისკენ დაიძრა.

იამ ლიფტამდე მიაცილა მეგობარი, კაბინაში შესულს, აუცილებლად გნახავო, მიაძახა და ხელის ქნევით დაემშვიდობა...

 

***

იმ დღეს გიგის არ დაურეკავს, არც მეორე დღეს. სალი ადგილს ვერ პოულობდა სახლში, უფრო და უფრო იპყრობდა ნერვიულობა. რა მოხდა? იქნებ მხოლოდ ერთი ღამის გატარება შედიოდა გიგის გეგმებში? დაიჯეროს, რომ მამაკაცმა საწადელი აისრულა და ამით დამთავრდა ზღაპარი ლამაზი სიყვარულის შესახებ? იქნებ სამაგიეროს უხდის? რამდენ ხანს აწვალა სალიმ, რამდენ ხანს უპასუხოდ დატოვა მისი გრძნობები! ისე, ღირსი ნამდვილად არის, სალი იმსახურებს გიგისგან უყურადღებობას. თვითონ ხომ არ დაურეკოს? არა, არა, სალი ამას არ იზამს, თავს არ დაიმცირებს. თუ მოვა, მოვა, თუ არადა, კარგად იყოს, სალი მას არ შეეხვეწება. ჯობია, წავიდეს და გაისერნოს, ცოტა სუფთა ჰაერი ჩაყლაპოს. ხვალ გამოჩნდება ყველაფერი...

გულმა "დუგისკენ" გაუწია. მოუნდა, ერთხელ მაინც ჩაევლო იქითკენ, იქნებ დუდუს გადაწყდომოდა კიდეც ახლომახლო. გული უცნაურად უცემდა. მერე რა, რომ კვირაა, ყოფილი შეფი ხომ კვირაობითაც მუშაობს, როცა საქმე ითხოვს, მისთვის დასვენების დღე არ არსებობს. შენობას რომ მიახლოვდა, თრთოლვამ აიტანა. ახლა რომ პირისპირ შეეჩეხოს და უთხრას, აქ რა გინდოდაო, რა პასუხი გასცეს? რაღაცას მოიფიქრებს, არ გაუჭირდება.

შენც არ მომიკვდე, მსგავსი არაფერი მომხდარა. ცოტა კიდევ გაიარა და იმ მარკეტში შევიდა, ყავის საყიდლად რომ დადიოდა იასთან ერთად. ვიტრინები უგულისყუროდ შეათვალიერა, ნაცნობ გამყიდველს თბილი ღიმილი ესროლა და კვლავ ქუჩაში გამოვიდა. გამოვიდა და... მანქანიდან გადმოსულ დუდუს მოჰკრა თვალი. კინაღამ გული გაუჩერდა, ფეხი აერია, იფიქრა, თვალს ავარიდებ და არ დავენახვებიო, მაგრამ უკვე გვიან იყო.

- სალი, შენა?! თვალებს არ ვუჯერებ! აქ საიდან გაჩნდი? - დუდუ ხელგაშლილი წამოვიდა მისკენ.

ღმერთო, რა ფორმაშია! რა ეტყობა ახლა ამას, რომ რამეზე ნერვიულობს და დეპრესია აქვს? როგორც ჩანს, დაისვენა ალქაჯი ცოლისგან. სალის სახე შეეფაკლა, გულისცემამ უმატა.

- აქეთ ვიყავი... მეგობართან, - ძლივს გასაგონი ხმით წაილუღლუღა.

მამაკაცმა ლამის იყო, ხელში აიტაცა ყოფილი მდივანი, ისე მოხვია მკლავები და ისე ძალუმად მიიკრა მკერდზე, ქალს სუნთქვა შეეკრა.

- როგორ გამიხარდა შენი ნახვა, რა თვალები გაქვს, გოგო, დაცემა! სადა ხარ, რას შვრები? - მხრებში ჩააფრინდა დუდუ.

- რა ვიცი, ვმუშაობ.

- სად, ვისთან, მომიყევი ერთი შენი ამბები. ხომ არ გეჩქარება?

- არა... არც ისე.

- მაშინ წამო, მანქანით წაგიყვან, სადაც მიდიხარ. სიგარეტი მინდოდა, მაგრამ სადმე გზაში ვიყიდი. კარგია, რომ გნახე.

სალის გუნება მოეშხამა. ეგონა, მისი ნახვა გაუხარდებოდა, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე აფრინდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. რა ქნას, ჩაუჯდეს მანქანაში, თუ უარი უთხრას? ორი დღით ადრე რომ მომხდარიყო ეს შეხვედრა, ვინ დაასწრებდა სალის დუდუს მანქანაში ჩახტომას?.. ახლა კი... გიგის ბრალია ყველაფერი. მამაკაცი გამალებით ელაპარაკებოდა რაღაცას, სალის კი ერთი სიტყვაც არ ესმოდა, მხოლოდ გუგუნი ჩაესმოდა ყურებში.

- შენ ცუდად ხომ არ ხარ? რაღაც ცუდი ფერი გადევს სახეზე, აბა კარგად შემომხედე? - დუდუმ მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააშტერდა.

- არა, ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ... მე წავალ, კარგი? მელოდებიან.

მამაკაცს ღიმილი სახეზე შეეყინა. თვალებმოჭუტულმა დაკვირვებით შეხედა ქალს, თითქოს მისი აზრების წაკითხვა უნდაო, მერე ხელი უშვა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.

- ის მაინც მითხარი, სად მუშაობ? ჩემზე ნაწყენი ხარ, არა? მე სულ მინდოდა შენი ნახვა, შენი მისამართის გაგება, მაგრამ იაკომ არ მაღირსა. არ ვიცი, რატომ მოიქცა ასე, - თითქოს მოუბოდიშა მამაკაცმა.

- კომპიუტერულ ცენტრში ვმუშაობ, გიგიმ მიმიყვანა, - უემოციოდ წარმოთქვა სალიმ და უხერხულობის გასაფანტავად მხარზე გადაკიდებული ჩანთა შეისწორა.

- ეგ ვისთან? - დაინტერესდა მამაკაცი.

- ავთანდილთან, - თქვა სალიმ და თვალები დახარა.

- იმ თავგასიებულთან? ჰმ, როგორ გაგიმეტა გიგიმ, სხვა ვერაფერი მოიფიქრა? მაგარია, რა. მერე? როგორ შეეწყვე, ხომ არ გაწუხებს ზედმეტად?

- არა, რას ამბობ, რატომ უნდა მაწუხებდეს.

- იმიტომ, რომ... კარგი, არ ღირს ამაზე ლაპარაკი. მოდი, დამიტოვე შენი კოორდინატები და გნახავ ან დაგირეკავ, თუ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არა ხარ. მინდა რაღაცით გამოვ... - რატომღაც, აღარ დაასრულა წინადადება დუდუმ, - რამე ისე ხომ არ გითხარი? იქნებ არ გსიამოვნებს, მისამართს რომ გთხოვ, რა ვიცი, - დაიბნა შეფი.

- არა, რატომ. მობილურის ნომერს გეტყვი და ჩაიწერე, - სალიმ ნომერი უკარნახა მამაკაცს, მერე ნაღვლიანი ხმით დაემშვიდობა და არეული ნაბიჯებით დაუყვა ფილაქანს.

ესეც ბედის ირონია, ესეც ბედისწერა! რაღა დღეს, რაღა აქ! რატომ უფრო ადრე არა? მაგრამ უფრო ადრე ხომ არ იყო დუდუ თბილისში? ესეც ღვთის ნება იყო ალბათ, ასე ყოფილა დაგეგმილი მისი ცხოვრება და რას იზამს. მორჩა! გიგი სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოს სალისთან რომანის გაგრძელებას. მას დუდუ უყვარს და სხვა მამაკაცს ლოგინში არ ჩაუწვება, სულ რომ ყელი გამოიღადროს! ვერ იტანს, ეზიზღება! თან როგორ! სალი დუდუს ვერ შეელევა. მერე? დავუშვათ და, ყველაფერი ისე აეწყო, როგორც სალის სურს, დუდუ ხომ გაიგებს ერთ მშვენიერ დღეს, რაც მოხდა მასა და გიგის შორის? რა პასუხი გასცეს? რა და... ეტყვის, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, რომ გიგიმ ჩირქი მოსცხო მის სახელს, რადგან სალისთან არაფერი გამოუვიდა, ამიტომ ჩაუშალოს უნდა დუდუსთან ურთიერთობა. ამას ეტყვის. ვის უფრო დაუჯერებს დუდუ - მას თუ გიგის? ეგ ჯერ კიდევ საკითხავია. არა, ასე არ გამოვა. მაშინ... სულაც სიმართლეს ეტყვის. გიგიმ ხომ ძალა იხმარა მასზე, სალი თავისი სურვილით ხომ არ დანებებია? ასე არ იყო? თუკი ეყვარება, გაიგებს კიდეც, თუ არადა... ორივე თავის გზას ნახავს. რა ჯობია? ულმობელი სიმართლე თუ "კეთილი" ტყუილი? არ იცის სალიმ, ამწუთას არ იცის, რომელი უკეთესია. თუმცა რა, ილუზიებს ეპოტინება და ეგ არის. მეტი საქმე არა აქვს დუდუს, სალიზე იფიქროს, სალი შეიყვაროს. მაგრამ ხომ გაუხარდა მისი დანახვა? მერე რა? ეს ჩვეულებრივი ამბავია. რა არის ამაში განსაკუთრებული? არც არაფერი. სამაგიეროდ, მეორე სალი ხომ არსებობს? ის, რომელიც მესიჯებს უგზავნის? იქნებ იმ ვიღაცაზე ფიქრობს მისი სიმპათიური ექსშეფი? ამის შემოწმება მაინც ხომ შეუძლია? ხვალვე, მივა თუ არა სამსახურში, თავის ინკოგნიტო ნომერს ამცნობს და გაიგებს, აქვს თუ არა დუდუს მისი გაცნობის სურვილი. აი, მერე კი იმოქმედებს...

სალის ინტერნეტ-ნომერი დედამისის სახელზე იყო გაფორმებული. ძალიანაც რომ მოენდომებინა დუდუს, მაინც ვერ მიხვდებოდა, ვისგან მოსდიოდა მესიჯები. თუმცა ამის თადარიგს თავიდანვე დაიჭერს სალი. მისწერს, რომ არ შეეცადოს ნომრის მფლობელის ვინაობის გაგებას, რომ ეს მამაკაცს არაფერს მისცემს. სწორედ ამ ფიქრებით დაიმშვიდა თავი შინ მისულმა, ემოციებისგან დაცლილმა და განერვიულებულმა. ცოტა წაიხემსა, მობილური გამორთო იმის შიშით, გიგიმ არ დამირეკოსო და საწოლს მიაშურა...

 

***

დილით, ადგა თუ არა, მობილურის სიმ-ბარათი შეცვალა, რათა დუდუსთვის მესიჯის გამოგზავნის საშუალება მიეცა და სამსახურში შეგნებულად ადრე წავიდა. უნდოდა თანამშრომლების მოსვლამდე მოესწრო და დუდუს შეხმიანებოდა. რამდენი დღეა, თავი არ შეუხსენებია, რადგან იცოდა მისი გამგზავრების ამბავი. ახლა ნახავს, მოენატრა თუ არა მამაკაცს. ყველაფერი ისე დაწერა, როგორც წინა საღამოს ჩაიფიქრა, ბოლოს მონატრების ტექსტიც დაურთო და წერილი გააგზავნა... კარგა ხანს ელოდა პასუხს, მაგრამ მობილური ტელეფონი დუმდა. ამ დროს კარის ჯახუნის ხმა გაისმა და ოფისში ნინიკომ შემოაბიჯა. ცივად მიესალმა სალის. არც ამ უკანასკნელს გამოუხატავს დიდი სითბო, თავი დაუქნია მხოლოდ და კვლავ მონიტორს მიუბრუნდა. ნინოს მედეა მოჰყვა, მედეას - სხვებიც და... შეივსო კოლექტივი. ცოტა ხანში ავთანდილიც გამოჩნდა, ყველას ომახიანად მიესალმა, სალის ხარბი მზერა ესროლა და კაბინეტში მიიმალა. ნინიკო მაშინვე უკან მიჰყვა უფროსს. სალის ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია. "რაღაცას მიმზადებს", - გაუელვა უცებ გონებაში და გონება აამუშავა...

გაკვეთილებმა ჩვეულებრივად მშვიდად ჩაიარა. ერთადერთი, რაც სალის მწარედ მოხვდა გულში, ნინიკოს რეპლიკა იყო. შუადღისას, როცა მოსწავლეები გაისტუმრეს და ქალები მარტო დარჩნენ, ირა მიუჩოჩდა სალის და ლაპარაკი გაუბა. ამ დროს ნინიკოს ხმა მოისმა ოთახის შორეული კუთხიდან.

- ირაჩკა, რა გინდა მაგ ეკოლოგიურად დაბინძურებულ კუთხეში, სხვა ადგილი ვერ ნახე?

სალი გაფითრდა. ირას დაბნეულობა შეეტყო სახეზე, მიხვდა, რაღაც საშინელება ხდებოდა და მხრებაწურული სასწრაფოდ გაშორდა თანამშრომელს. სალის ნინოს სიტყვებზე რეაქცია არ გამოუხატავს, თითქოს მას არ ეხებოდა ეს ნათქვამი, ენერგიულად აამოძრავა თითები კლავიატურაზე, ვითომ საქმეში იყო ჩაფლული. ქალებმა დარბაზის მეორე ბოლოში ერთად მოიყარეს თავი და რაღაცაზე მზაკვრულად აჩურჩულდნენ. ყოველ შემთხვევაში, სალის ასე მოეჩვენა. ცოტა ხნის მერე ნინიკო კვლავ ავთანდილის კაბინეტში შეიკეტა. კარგა ხანს დაჰყო იქ. მერე ისევ გამოვიდა, სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა. სალის ცალი ყური მობილურისკენ ჰქონდა მიმართული, ელოდა, დუდუ პასუხს როდის გამოუგზავნიდა, მაგრამ ამაოდ. როგორც ჩანს, მამაკაცს უცნობი თაყვანისმცემელი საერთოდ არ აღელვებდა, პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა. ესეც შენ, სალი! არც ამაში გაგიმართლა! ეჰ, ადგება ახლა და წალასწალასდება შინ, მიეგდება თავის საწოლზე და ერთი გემრიელად იტირებს. სხვა მაინც არაფერი დარჩენია. ნეტავ გიგიმ თუ დაურეკა? იმას მაინც თუ გაახსენდა? არც ეგ იცის სალიმ, გიგის ნაჩუქარი ნომერი ხომ გამოცვალა დილით.

ის იყო, ადგომა და წასვლა დააპირა, რომ კაბინეტის კარი გაიღო და ავთანდილმა გამოიხედა.

- სალომე, ერთი წუთით ჩემთან შემოდი! - უფროსის ხმა ოფიციალურად ჟღერდა.

სალის შეამცივნა. "დაიწყო", - მექანიკურად გაიფიქრა და მძიმედ წამოდგა. მობილურს ხელი დაავლო, რომელიღაც რეჟიმზე დააყენა და კაბინეტისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა. ზურგს უკან ქალების ცნობისმოყვარე მზერას გრძნობდა, მაგრამ არ მოუხედავს, რაღაცის შეეშინდა.

- მიხურე კარი, თუ შეიძლება, - უთხრა ავთანდილმა, ოთახში რომ შევიდა.

სალიმ კარი მჭიდროდ დახურა და იქვე აიტუზა, მთელი სხეული უცახცახებდა. ალბათ სამსახურიდან დაითხოვს, ნინიკოს ამის მიღწევა არ გაუჭირდებოდა, ქალი ამაში ღრმად იყო დარწმუნებული.

- დაჯექი, რატომ დგახარ? - უეცრად ისე შეეცვალა ტონი მამაკაცს, სალი სახტად დარჩა.

"რა ხდება?" საკუთარ თავს დაუსვა გულში კითხვა და კბილი კბილს დააჭირა, რომ ნერვიული ცახცახი ამით მაინც შეეკავებინა. აკანკალებული ხელით გამოსწია სკამი და ფრთხილად ჩამოჯდა. მობილური იქვე, მაგიდაზე, თავისთან ახლოს დადო და სახიფათო თამაშისთვის მოემზადა.

- ძალიან ლამაზი ხარ, თვალს ვერ გაშორებ, - დათაფლული ხმით წარმოთქვა ავთანდილმა და სალის ზურგიდან მიუახლოვდა.

ქალმა წამოდგომა დააპირა, მაგრამ მამაკაცმა მხრებზე დაადო ხელი, ადგომის საშუალება არ მისცა.

- ძნელია შენნაირ ქალს გულგრილად უყურო. რაც მოხვედი, მას შემდეგ თვალს გადევნებ და ვგრძნობ, რომ მარტო ხარ, გვერდით ძლიერი მამაკაცი არ გიდგას. შენ კი გჭირდება ასეთი, - თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობდა ავთანდილი, თან სალის მხრებზე თავის თითებს ისე ათამაშებდა, თითქოს მასაჟს უკეთებსო.

სალიმ ახლა უკვე წამოხტომა დააპირა, მაგრამ მოულოდნელად ხელების ძლიერი მოჭერა იგრძნო მკერდზე, ყელზე კი ავთანდილის გაქონილი ტუჩების შეხება. ლამის იყო, შეჰკივლა, მთელი ძალით ჩააფრინდა მამაკაცს მაჯებში და თავი მოსხლეტით გაიქნია უკან. ავთანდილმა წონასწორობა დაკარგა და გვერდზე გადაქანდა. სალიმ ამით იხელთა და ზეზე წამოიჭრა სახეშეშლილი.

- არ მომეკარო, შე ნაძირალა, მე შენ ვინ გგონივარ, - კბილებში გამოსცრა და მუშტებშეკრული წინ აესვეტა შეცბუნებულ მამაკაცს.

ავთანდილს მხოლოდ ერთი წამით გადაუარა ჩრდილმა სახეზე, მერე ისევ გაიბადრა და ქშინვით გადადგა სალისკენ ნაბიჯი.

- ოჰო, როგორი გაბრაზება გცოდნია, ჩიტუნია. მომწონს შენნაირი ქალები. რატომ ასეთი რეაქცია? აკი უფროსებთან საერთო ენის გამონახვა არ უჭირსო? მცდარი ინფორმაცია ხომ არ მომაწოდეს?

- ერთი ნაბიჯიც და მოგკლავ, იცოდე! - ხმას აუწია სალიმ, - მისამართი შეგეშალა. შენ იქ არ მოვხდი, სადაც უმიზნებდი. ცუდი თამაში გამოგივიდათ შენ და იმ შენს კახპას. თამაშის მიუღებელი წესები გაქვს დადგენილი, ჩემთან ასეთები არ გაგივა!

- ო-ო-ო! მე წესებს არ ვადგენ, ჩიტუნია, მე მათ ვასრულებ მხოლოდ.

- ჰოდა, სწორედ მაგაშია საქმე, რომ უნიჭო სცენარისტები გყავს შერჩეული, ასე შორს ვერ წახვალ. ფრთხილად იყავი, საშიში სამიზნე აირჩიე და ცხვირი არ წაიტეხო.

- საშიში? ჰა-ჰა-ჰა! შენ გგონია, საშიში ხარ? მე შენი ყველა ნაბიჯი ვიცი, ყველაფერი, რაც გაგიკეთებია, ვის მკლავებშიც გიგორავია. ამიტომაც, კარგად მომისმინე, ლამაზო! თუ გინდა, სამუშაო არ დაკარგო და საქმე კარგად წაგივიდეს, დღეიდან მე უნდა  დამემორჩილო, ჩემს სურვილებს უნდა გაუწიო ანგარიში. ერთით მეტი კაცი იქნება შენას ცხოვრებაში თუ ერთი ნაკლები, რა განსხვავებაა?

სალის ბოღმა ახრჩობდა. იცოდა, ნინიკოს მოფიქრებული რომ იყო ეს შოუ, ელოდა კიდეც რაღაც ამაზრზენს, მაგრამ არა ამდაგვარს, არ ეგონა, ასეთ ბინძურ ინტრიგაში თუ გააბამდნენ. თუმცა დილიდანვე გრძნობდა, რომ რაღაცას უმზადებდნენ და თადარიგი მაშინვე დაიჭირა.

- ახლა შენ მომისმინე, დამპალო! - სალიმ მობილურს ხელი წამოავლო, უკუსვლით კარისკენ გაემართა და ტელეფონიანი ხელი ჰაერში გაიშვირა, - აქ დიქტოფონია ჩართული და თითოეულ შენს სიტყვას იწერს. მე ახლა აქედან გავალ და ჩემს გზას გავუყვები, იმიტომ, რომ სამუშაო საათები დამთავრდა, ხვალ კი, ჩვეულებრივად გამოვცხადდები სამსახურში, ძველებურად ჩავატარებ გაკვეთილებს და, სანამ სურვილი მექნება, იქამდე დავრჩები ამ დამყაყებულ ოფისში და ვიმუშავებ. შენ კი, თუ გინდა სამსახური არ დაკარგო და საქმეები კარგად წაგივიდეს, მე უნდა დამემორჩილო დღეიდან. შენგან განსხვავებით, ჩემს სცენარებში თამაშის წესებს მე ვადგენ და სხვები ასრულებენ. ეს არ დაგავიწყდეს.

სალიმ ნიშნოსმოგებით გაუცინა გაოგნებულ ავთანდილს, ზურგს უკან კარის სახელური ჩამოსწია, მიტრიალდა და კაბინეტიდან სრულიად მშვიდი სახით გავიდა.

თანამშრომლები დარბაზის შუაგულში მდგარ მაგიდას მისხდომოდნენ და გაფაციცებული ელოდნენ, რა მოხდებოდა. სალის კმაყოფილი ღიმილი აღებეჭდა სახეზე. ჯერ ყველას სათითაოდ მოავლო მზერა, მერე ნინიკოს გაუყარა თვალი თვალში. რამდენიმე წამის განმავლობაში უსიტყვოდ ზვერავდნენ ერთმანეთს. სალის სახის გამომეტყველება არ შეცვლია, ქანდაკებასავით იდგა ერთ ადგილზე მიყინული. ბოლოს შეირხა, თავი კეკლუცად გვერდზე გადახარა და თქვა.

- ჩაგივარდა სპექტაკლი, ნინიკო, ეს სრული კრახია. ბრძოლა არსებობს წესების გარეშე, მაგრამ თამაში - არა. იფიქრე ამაზე, - საჩვენებელი და შუა თითი ერთმანეთზე გაატკაცუნა სალიმ, ამაყად გაუარა გვერდზე თვალებგაფართოებულ თანამშრომლებს, ჩანთას ხელი დაავლო და რონინით დატოვა იქაურობა.

ის იყო, ქუჩაში გავიდა, რომ მესიჯის სიგნალი მოუვიდა. მოულოდნელობისგან შეკრთა, ხელის კანკალით ამოიღო ჩანთიდან მობილური, შეტყობინებებში შევიდა და... სიხარულისგან შეჰყვირა - დუდუ უგზავნიდა პასუხს...

 

სალიმ გულის ფანცქალით გადაიკითხა შეტყობინება: "ვინ ხარ? რა გქვია?" - სწერდა დუდუ. სიხარულისაგან მუხლები მოეკვეთა. როგორც იქნა, ეღირსა! გამოდის, დააინტერესა მამაკაცი. "მე ის ვარ, ვისაც შენ უყვარხარ, სიგიჟემდე, უსაშველოდ უყვარხარ. რა მქვია, რა მნიშვნელობა აქვს? რაც გაგიხარდეს, ის დამიძახე", - სასწრაფოდ აფრინა მესიჯი და... პასუხმაც არ დაყოვნა: "თუ არ მეტყვი ვინ ხარ, მაშინ ჩვენს ურთიერთობას აზრი არა აქვს, შეგიძლია აღარაფერი მომწერო. ასე სანამ უნდა გაგრძელდეს? რომ დაგირეკო, მიპასუხებ?"

სალიმ ამოიოხრა. ჯერ კიდევ არ განელებოდა რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ინციდენტის სიმწარე, თუმცა დუდუსთან დიალოგმა ოდნავ გამოუკეთა ხასიათი. ახლა ჩაჯდება სამარშრუტო ტაქსიში და სანამ სახლამდე მივა, თავის რჩეულთან "ბაასით" იჯერებს გულს.

ასეც მოიქცა. ტაქსიში ასული ბოლო სავარძელზე მოკალათდა, ფანჯარასთან და "მესიჯობანა" გაგრძელდა.

სალი: "არ გიპასუხებ, არც ეცადო, გთხოვ, ჯერ ამისთვის მზად არ ვარ".

დუდუ: "რატომ? გეშინია, შენი ხმა არ ამოვიცნო?"

სალი: "არა, ამის არ მეშინია, ჩვენ ხომ არ ვიცნობთ ერთმანეთს. უბრალოდ, შენ მიზანში მოახვედრე და მე დავიბენი. ამის გამო დავკომპლექსდები და ყველაფერს გავაფუჭებ. მინდა ისეთი გამიცნო, როგორიც ვარ".

დუდუ: "ჰო მაგრამ, ასე როგორ მივხვდე, როგორი ხარ? რას წარმოადგენ, რამდენი წლის ხარ, როგორ გამოიყურები ხომ უნდა ვიცოდე? მე ხომ პატარა ბიჭი არა ვარ, უცხო გოგოსთან მესიჯებით გავერთო?"

სალი: "იმედებს არ გაგიცრუებ და არც განხიბლვა გელის, როცა გამიცნობ, დამიჯერე".

დუდუ: "ის მაინც მითხარი, რა გქვია?"

სალი: "ვინც ყველაზე მეტად მოგწონს, მისი სახელით მომმართე".

დუდუ: "ასე არ გამოვა. მე ბევრი ვინმე მომწონს. ან მეტყვი, რა გქვია, ან არადა, კარგად იყავი".

სალი: "კარგი, გეტყვი. ნატო მქვია".

დუდუ: "ვიცი, რომ მატყუებ, მაგრამ ასე იყოს. ახლა მომისმინე, ნატო. მე სერიოზული ადამიანი ვარ და ასეთ რამეებზე ადვილად არ წამოვეგები. თუ გინდა გამიცნო, ერთმანეთს უნდა შევხვდეთ. როცა ამისთვის მზად იქნები, დამიმესიჯე. აბა შენ იცი, იფიქრე ჩემს წინადადებაზე".

სალი: "რთული ამოცანის წინაშე მაყენებ. დავიჯერო, საერთოდ ვერ დაგაინტერესე?"

დუდუ: "შენი აზრით, რას უნდა გამოეწვია ინტერესი? იქნებ მაღადავებ? იქნებ სულაც ჩემი ახლობელი მიკეთებს შტუკას? საიდან ვიცი? არ ჯობია, გახსნილად ვითამაშოთ? მე ბევრი ქალი მყოლია ცხოვრებაში და ყველას თავისებურად დავუინტერესებივარ. თუ გინდა ეს მოხდეს, უნდა გაგიცნო".

სალი: "არც ისეთი ცარიელი ვარ, როგორც შენ გგონია".

დუდუ: "მე ეს არ მითქვამს და არც მიფიქრია. შენს სისავსე-სიცარიელეზე მაშინ ვილაპარაკოთ, როცა ერთმანეთს პირისპირ შევხვდებით. დროა იმაზე იფიქრო, როდის და სად გნახო. შეხვედრის ადგილი შენ შეარჩიე".

სალი: "ძალიან მაჩქარებ, ასე არ შემიძლია.".

დუდუ: "როცა მზად იქნები, მაშინ შემომეხმიანე, მე ძნელად მოსაპოვებელი ქალები არ მიზიდავს. ღამე მშვიდობის".

სალის თვალები ცრემლებით აევსო. არაფერი გამოვიდა. რა სულელია, რისი იმედი ჰქონდა? შემხვდიო... რომ შეხვდეს, რა უთხრას, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გიგისთან შეემთხვა? ნეტავ მოკვდებოდეს, რაში არგია ასეთი სიცოცხლე? მერე მოვა დუდუ და დაიტირებს, მხრებით შეუდგება მის სასახლეს და უკანასკნელ გზაზე ასე გააცილებს. ვითომ? ჰმ, რა მძიმე იქნება სალის მკვდარი სხეული, სულგაყრილი, ყინულივით ცივი, გაქვავებული... საინტერესოა, რატომ მძიმდებიან მიცვალებულები? ნუთუ სული ამსუბუქებს სხეულს? შეიძლება ასეც არის... ღმერთო, რა სისულელეებზე ფიქრობს, რა დროს ეგ არის.

ის იყო, სახლში შევიდა და კარი ჩაკეტა, რომ ტელეფონმა დარეკა. მოულოდნელობისგან შეკრთა. შუქი აანთო და მობილურის ეკრანს დახედა. უცხო ნომერი იყო. რა თქმა უნდა, უცხო იქნებოდა, მისი ეს ნომერი ხომ ამქვეყნად არავინ იცის. ესე იგი, დუდუ უწყობს გამოცდას. ალბათ ფიქრობს, რომ სხვის ზარს უპასუხებს სალი და ამით საკუთარ თავს გაყიდის. არაფერიც, სალი ასეთი სულელი არ არის. არც ერთ შემომავალ ზარს არ უპასუხებს. ამ ნომერზე მას მხოლოდ მესიჯები აინტერესებს და სხვა არაფერი.

ამ დროს კარზე კაკუნის ხმა გაისმა. კიდევ ერთხელ შეკრთა სალი, შიშმა აიტანა - ვაითუ გიგია? ის სულ გადაავიწყდა. ვინ იცის, იქნებ მთელი დღე ურეკავდა, მას კი ძველი ნომერი გამორთული ჰქონდა. ჰო, ის იქნება. რა ქნას? გაუღოს კარი თუ მიაბრძანოს, სადაც ჯერ არს? ისევ მთვრალი რომ იყოს და მეზობლები შეუყაროს? იქნებ ხმა არ გასცეს? მაგრამ შუქი რომ უნთია? მერე რა, გარედან რას გამოჩნდებოდა? ფანჯრები ხომ მხოლოდ ეზოს მხარეს გადის, სადარბაზო კი ქუჩის მხრიდანაა, შუქს ვერ შეამჩევდა გიგი. გადაწყვიტა, ხმა არ ამოეღო. კაკუნი კიდევ განმეორდა. სალიმ სმენა დაძაბა. ცოტა ხნის მერე ნაბიჯების ხმა გაისმა, მერე - ლიფტის მოძრაობის. წავიდა! გაუელვა ქალს გონებაში. მთელი ტანი უთრთოდა. ხელის კანკალით გამორთო მობილური და მეორე ნომერი ჩადო. მესიჯის რამდენიმე სიგნალი გაისმა. როგორც ჩანს, ვიღაცები ურეკავდნენ და ურეკავდნენ. სალი შემოსულ ზარებს ჩაუყვა. თურმე გიგი ურეკავდა მთელი დღე. მოიცა! აი, ეს დუდუს ნომერია. სულ რამდენიმე წუთის წინ არის დარეკილი. ნუთუ გაახსენდა? ნუთუ მისთვის რაღაცას ნიშნავს? რა უნდოდა? რა მოხდება, რომ დაურეკოს? ეტყვის, ვტენიდი და ამიტომ მქონდა გამორთულიო. ამ ფიქრებში იყო, რომ "ამღერდა" მობილური დიმა ბილანის ხმით. გიგი იყო. დაფეთებული სალი აბაზანაში შევარდა, კარი მჭიდროდ მიიხურა და მწვანე ღილაკს დააჭირა თითი.

- გისმენ, - ცივად ჩასძახა.

- სად ხარ, მთელი დღეა, გირეკავ, - გაღიზიანებული ხმით იკითხა გიგიმ.

- რა გინდა?

- უნდა გნახო.

- გამორიცხულია, არ მინდა შენი ნახვა. მორჩა, ყველაფერი დამთავრებულია.

- რა არის დამთავრებული, რაც ჯერ არც დაწყებულა? მითხარი, სად ხარ, სალაპარაკო მაქვს.

- არ მსურს შენთან ლაპარაკი. გეყოფა, რაც ჩაიდინე.

- მომისმინე, სალი, მთვრალი ვიყავი და ჭკუა გადამეკეტა. ასეთი ნამდვილად არა ვარ. უნდა გამიგო. რაც მოხდა, ნაწილობრივ შენი ბრალიცაა. ცოტა რბილად რომ მომქცეოდი, ასე არ გავგიჟდებოდი.

- რაც მოხდა, მოხდა. ეს არ განმეორდება.

- რა თქვი?! იმ ღამეს სხვანაირად ამბობდი? როგორც მახსოვს, დარჩენასაც მთხოვდი.

- გთხოვდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. არ მიყვარხარ და ვერც ვერასდროს შეგიყვარებ. უფრო მეტიც, მეზიზღები, დანახვაც არ მინდა შენი.

- მითხარი, სად ხარ, სახლში? აქვე ვარ შენს კორპუსთან. წეღან ამოვედი და კარი არ გამიღე.

- არა, შინ არ ვარ და საერთოდ, თბილისში არ ვარ. ნუ ეცდები ჩემს მოძებნას, აზრი არა აქვს.

- სულერთია, მანც მოგაგნებ. ამაღამ თუ არა, ხვალ მაინც გნახავ, სამსახურში.

- როგორ გაახარებ შენს სტერვას, რომ იცოდე! - ირონიულად ჩაიცინა სალიმ.

- ეგ არ მადარდებს, მაგის დედაც... გირჩევნია, ახლავე შემხვდე, თორემ ხვალ იქ რა მოხდება, არ ვიცი, ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ.

- ეგ მე არ მადარდებს, აღარ დამირეკო, - სალიმ მობილური გათიშა და მაშინვე დუდუს ნომერი აკრიფა.

- სალი, სად დამეკარგე? - მოისმა მამაკაცის საისამოვნო ბარიტონი.

სალის სითბო ჩაეღვარა სხეულში, მისი ხმა რომ გაიგო.

- შენი ზარი ვნახე. მობილურს ვტენიდი და...

- ჰო, მივხვდი. რა ხმა გაქვს, უდროო დროს ხომ არ გირეკავ?

- არა, არა, ყველაფერი რიგზეა, შინ ვარ.

- მარტო ხარ?

- აბა ვინ უნდა მყავდეს?

- რა ვიცი, ახალგაზრდა ქალი ხარ, ლამაზი, "დამღუპველი" თვალებით, ვინ იცის, ვის გმირავ ახლა შენი ლურჯი მზერით.

- არც არავის, სურვილიც კი არ გამოუთქვამთ, - კეკლუცად გაიცინა ქალმა.

- მაგას ვერ დავიჯერებ. მოიცა, ნუ იხარჯები, მე დაგირეკავ.

- არა უშავს, იყ... - სიტყვის დამთავრება არ აცალა დუდუმ და გაუთიშა.

კმაყოფილების ღიმილი გადაეფინა ქალს სახეზე. მობილურმა ისევ დარეკა.

- ჰო, აბა მითხარი, რას მეუბნებოდი? - დუდს ხმა სალბუნივით ეფინებოდა სალის გულს.

- რა ვიცი, დამავიწყდა.

- რაღაც კაცებიო... არავის მოვწონვარო... შეიძლება შენნაირი ქალი არავის მოსწონდეს? თუ ეს ქალების ჩვეული ხერხია, იწუწუნოთ მამაკაცებთან, რომ მერე ასე, ჩემნაირად გიპასუხონ - არა, რას ამბობ, შენ არაჩვეულებრივი ხარ, ლამაზი, ტანადი და ასე შემდეგ?

- მე სიმართლე გითხარი.

- აბა ის ჩვენი ძმაბიჭი რომ თავს იკლავდა, გადაიფიქრა თუ როგორაა საქმე?

- ვინ ძმაბიჭი? - სალის ფერი დაეკარგა სახეზე, მიხვდა, დუდუ გიგის რომ გულისხმობდა.

- გიგიზე გეუბნები. ჩემთან რომ მუშაობდი, ტვინი გამიბურღა, მომწონს და ჭკუა მეკეტებაო. დავიჯერო, მას შემდეგ არ გნახა?

- შენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? - თქვა სალიმ და გაისუსა პასუხის მოლოდინში.

- რაღაც მომენტში შეიძლება აქვს კიდეც, შენ რა იცი. არ გინდა შევხვდეთ ერთმანეთს? ბევრი დაგვიგროვდა სალაპარაკო. იმ ამბის შემდეგ სულ ერთხელ გნახე, ისიც შემთხვევით. რას იტყვი, შევხვდეთ თუ არ გინდა? გიგის ხომ არ გერიდება?

- რა შუაშია გიგი? მე მასთან საერთო არა მაქვს, - იცრუა სალიმ და საჩვენებელი თითი სიმწრით კბილებშუა მოიქცია.

- მაშინ უფრო გავთამამდები და გეტყვი, რომ ძალიან მინდა შენი ნახვა. მსიამოვნებს, როცა შენს თვალებს ვუყურებ, ბევრისმეტყველს, უძიროს და უკიდეგანოს. ხომ ხედავ, რა ეპითეტების კორიანტელი დავაყენე?

- ვხედავ და მინდა გითხრა, რომ კარგადაც გამოგდის. კარგი, მოვიფიქრებ, ოღონდ ჯერ არა, ერთი კვირა არ მცალია, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს.

- ეგრე იყოს. როცა გათავისუფლდები, დამირეკე და შევთანხმდეთ. მეტს აღარ შეგაწყენ, იქნებ საქმე გაქვს. აბა, ძილი ნებისა, მგონი ამაღამ შენზე ვიფიქრებ.

- მეც, - წამოცდა ქალს და გაწითლდა.

- ჩვენ ამაღამ ერთმანეთზე ვიფიქრებთ, - გულიანად გაიცინა დუდუმ, - ეს კარგია, კარგი გაგრძელებაა ცუდი დასაწყისისა. დამირეკე. იცოდე, გელოდები, - თქვა მამაკაცმა და მობილური გათიშა.

სიამოვნებისაგან ღონემიხდილი სალი იქვე, ქვის იატაკზე ჩაიკეცა და თავი აბაზანის კიდეს მიადო. "რას ნიშნავს ეს? მეფლირტავება, არა? ხომ მეფლირტავება? ნუთუ მართლა მოვწონვარ? აბა სხვა რა უნდა უნდოდეს? ჩემთვის სულერთია. მე მის საყვარლობაზეც თანახმა ვარ. გათხოვებას მოუკვდა პატრონი. ახლა მთავარია, გიგი ჩამოვიშორო. როგორმე უნდა ვაიძულო და უარი ვათქმევინო ჩემზე. მაგრამ მერე? თუ დუდუსთან ურთიერთობა ავაწყვე, ხომ ჩამიშვებს? დუდუ მაპატიებს, რაც მოხდა? რატომ არ მაპატიებს? მე რა ვიცოდი, მას თუ მოვწონდი? რაც იქნება, იქნება, ჯერ მივიდეს იქამდე საქმე და მერე ვნახოთ".

 

გაგრძელება

 

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ერთიანად დასველებულმა სალიმ ჩანთა მაგიდაზე მიაგდო და სავარძელში ჩაესვენა. არ ახსოვს, რამდენ ხანს იყო ასე, მთელი სხეული უკანკალებდა. მოულოდნელად კაკუნის ხმა გაიგონა. მიხვდა, რომ დუდუ იქნებოდა.

 

დილით სალი ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. ნომერს დახედა, იაკო იყო.

- ჰო, იაკო, ვ ჩემ დელა ტაკ რანა?

- ვ სუბბოტუ ჩტო დელაეშ?

 

დუდუმ გადაწყვიტა, ემოქმედა. უკვე ეჭვი არ ეპარებოდა, რომ უცნობი თაყვანისმცემელი სალი იყო. ბოლო დროს ისედაც ვერაფერს უხერხებდა საკუთარ თავს, გრძნობებს ვერ ერეოდა. ვერ ხვდებოდა, როდის შემოიჭრა მის გულში ასე ძლიერად იმ ქალის სიყვარული, რომელიც მის უახლოეს ძმაკაცთან იწვა.

ქეთის სილამაზემ სალი გააოგნა. ბევრი რამ სმენია ყოფილი დირექტორის ცოლზე, მაგრამ ნანახმა გაგონილს გადააჭარბა.

- მე სალი მქვია, ადრე "დუგიში" ვმუშაობდი, ოღონდ ძალიან ცოტა ხანს, - თავი გააცნო ქეთის.

 

- გინდა ყავა მოგიდუღო? - ალერსიანად ჰკითხა სალიმ მამაკაცს, როცა "წუთშესვენება" გამოაცხადეს.

- ახლა არაფერი არ მინდა, მხოლოდ შენ მინდიხარ, - დუდუმ ხელები მოხვია შიშველ სხეულზე და გულზე მიიკრა, - თავბრუდამხვევი, ცხელი სურნელი აგდის.

 

მეორე დილით ადრე ადგა, კარგა ხანს იტრიალა სარკის წინ, სამოსი რამდენიმეჯერ გამოიცვალა და ბოლოს არჩევანი მაინც ლურჯ კაბაზე შეაჩერა, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ შეიძინა მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში.

 

მაისიც მიიწურა. წვიმიანი ამინდი გახშირდა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული კარს იყო მომდგარი, არა და არ დათბა ქალაქში. დუდუს ესეც ნერვებს უშლიდა. გარდა ამისა, სამსახურში დაიწყო საეჭვო მითქმა-მოთქმა, თითქოს მასა და გიგის შორის სერიოზული ჩხუბი მოხდა, რომ ძმაკაცებმა ქონება ვერ გაიყვეს და ამიტომაც გაიყარნენ.
მეორე დილით სალი ჩვეულებრივ დროს გამოცხადდა სამსახურში. ისეთი მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს გუშინ ის საშინელება არც მომხდარიყოს. ქალებს მიესალმა, თვალი ჩუმად გააპარა ავთანდილის კაბინეტისკენ და კომპიუტერს მიუჯდა.

გვიან ღამით, როცა სალი უკვე დაძინებას აპირებდა, კარზე ძლიერი ბრახუნის ხმა გაისმა. სალი შიშისგან შეხტა, ხალათი მოიხურა და ფეხის წვერებზე შემდგარი მიუახლოვდა კარს, სათვალთვალოში გაიხედა. გიგი იყო. გულმა გამალებით დაუწყო ცემა. როგორც ჩანს, ნინიკოსთან ვახშამმა მთლად რომანტიკულ გარემოში ვერ ჩაიარა.

 

რაც დრო გადიოდა, მით უფრო იძაბებოდა ურთიერთობა სალისა და ნინოს შორის. უცხო თვალისთვის ეს თითქოს შეუმჩნეველი რჩებოდა, მაგრამ სალი შინაგანად გრძნობდა ამას და ცდილობდა, შორს დაეჭირა მისგან თავი.

 

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.