იისფერი ჰორტენზიები (20)
font-large font-small
იისფერი ჰორტენზიები (20)

მეორე დილით ადრე ადგა, კარგა ხანს იტრიალა სარკის წინ, სამოსი რამდენიმეჯერ გამოიცვალა და ბოლოს არჩევანი მაინც ლურჯ კაბაზე შეაჩერა, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ შეიძინა მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში.

 

ერთი სიტყვით, გამოიპრანჭა, რადგან წვიმიანი ამინდი იყო, მკვეთრი მაკიაჟი გაიკეთა, უფრო ლამაზი გამოვჩნდებიო, საკუთარ ორეულს მხიარულად გაუღიმა სარკეში, ვალსის რამდენიმე ილეთი გააკეთა და ოთახიდან ლამის ხტუნვა-ხტუნვით გავიდა.

 

სამსახურში მისულს პირველი, რაც თვალში მოხვდა, ვარდების უზარმაზარი თაიგული და ნინიკოს შეცვლილი იმიჯი იყო. თმა მოკლედ შეეკრიჭა, ლაქით ჰქონდა დაყენებული, ღრმად დეკოლტირებული მინიკაბა ეცვა, ტანზე მოტმასნილი. მიუხედავად იმისა, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, მის მსუქან ფეხებს ასეთი ჩაცმულობა სულაც არ უხდებოდა, ვულგარულ შესახედაობას აძლევდა. მანანას ანიშნა თვალებით, რა ხდებაო. ისიც, თითქო ვიღაცას ემალებაო, ფეხაკრეფით მიუახლოვდა სალის და ჩუმად გადაულაპარაკა, ნინიკოს დაბადების დღე აქვსო. სალიმ წარბები ირონიულად აზიდა, მისთვის გასაგები იყო, რატომ გამოიყურებოდა ასე გამომწვევად მისი "კონკურენტი". ყურადღება არ მიუქცევია მოქაქანე ქალებისთვის, მშვიდი სახით მიუჯდა კომპიუტერს. ახლა სულაც არ ეპიტნავებოდა აქ ყოფნა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ხუთ საათამდე ფეხს ვერ მოიცვლიდა ადგილიდან, სანამ სამუშაო საათები არ დამთავრდებოდა. არადა, შაბათი დღე იყო, დღეს მოსწავლეებიც არ ჰყავდა.

შუადღემ მოატანა. ქალებმა სუფრის გაშლა დაიწყეს. სალის ქორფა კიტრის სუნი ეცა. არ მიუხედავს, მაგრამ იგრძნო, რომელიღაცა სალათისთვის კიტრს და პომიდორს რომ ჭრიდა.

- სალი, გეყოფა მუშაობა, შემოგვიერთდი! - დაუძახა მედეამ.

სალიმ ნაძალადევად გაუღიმა თანამშრომელს და მიპატიჟებაზე უარი მოკრძალებულად განაცხადა. არც ნინიკოსთვის მიულოცავს ესოდენ მნიშვნელოვანი თარიღი, წამდაუწუმ საათს დასცქეროდა, როდის მოახლოვდებოდა ხუთი საათი, რომ დუდუს შეხვედროდა და დროზე დაეტოვებინა აქაურობა. დრო გაიწელა. მალე ავთანდილიც გამოვიდა კაბინეტიდან და ყველანი სუფრას მიუსხდნენ. სალი თითქოს ეკლებზე იჯდა. მოულოდნელად ზურგს უკან ქალის ხმა გაისმა.

- რა თავპატიჟს იდებ, ადექი, გელოდებით, - ეს ნინიკო იყო.

სალი შეხტა, ვერ მიხვდა, ასე შეუმჩნევლად როგორ მიუახლოვდა იუბილარი. მაშინვე წამოდგა, მოტრიალდა და უხერხულად გაუღიმა მის წინ ასვეტილ ქალს.

- გილოცავ, ბედნიერი ყოფილიყავი, - ძლივს ჩაილუღლუღა.

- მილოცვა მერე იყოს, როცა ჭიქას ასწევ, წამოდი, წამოდი, - მაჯაზე ჩაავლო ხელი ნინომ.

- მაპატიე, მაგრამ აუცილებელი საქმე მაქვს, მოგვიანებით მოვალ, - სიწითლემ გადაუარა ქალს სახეზე.

- როგორც გინდა, - მხრები აიჩეჩა ნინიკომ და ახლა უკვე ქუსლების პაკუნით გაიარა.

სალის ზურგი ეწვოდა. ასე ეგონა, ყველას მზერა მისკენ იყო მიმართული. კვლავ საათს დახედა, როგორც იქნა, ხუთი დაწყებულიყო. "რა ნელა გადის ეს ოხერი დრო, თითქოს ჩემ ჯინაზე", - გაგულისებულმა გაიფიქრა. ამ დროს ჩოჩქოლი ატყდა.

- ო-ო-ო! ვინც მოვიდა, გაუმარჯოს! კაცურ კაცს გაუმარჯოს, კაცურ კაცს! - ომახიანად გაიძახოდა ავთანდილი.

სალიმ მექანიკურად მიიხედა შემოსასვლელისკენ. შემოღებულ კართან გიგი იდგა - საგანგებოდ გამოწყობილიყო, ნაცრისფერი კოსტიუმი ძალიან უხდებოდა. ხელში კი წითელი ჰოლანდიური ტიტები ეჭირა. მან სუფრის წევრებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, თან თვალი სალისკენ გააპარა, გაუკვირდა, ქალი თავისთვის რომ მიყუჟულიყო კუთხეში.

ნინიკო სასურველ სტუმარს სახეგაბადრული შეეგება, გადაკოცნა და ტიტები რევერანსებით ჩამოართვა, შემდეგ კი სალის გამოხედა ნიშნისმოგებით. სალის ეს არ გამოპარვია და შეუმჩნევლად ჩაიღიმა. გიგიმ გეზი პირდაპირ მისკენ აიღო. სალის კიდევ ერთხელ აეწვა ზურგი, კიდევ ერთხელ გადაურა სიწითლემ სახეზე.

- შენ რატომ არ ქეიფობ, სალი? - ისეთი თბილი ხმით ჰკითხა, თითქოს მათ შორის უსიამოვნება არასდროს მომხდარიყოს.

- მე მალე გავდივარ, თან საქმე მქონდა, საქეიფოდ არ მცალია, - უკმეხად ჩაილაპარაკა სალიმ და ხელები გადაიჯვარედინა, გამომწვევად შეხედა მამაკაცს.

- მშვენივრად გამოიყურები, შეცვლილი ხარ.

- შენც, სხვათა შორის, არაჩვეულებრივად გამოიყურები, - დაუბრუნა "ხურდა" სალიმ და ჩაიცინა.

- გიგი, წამო რა, შენ გელოდებით, - გაისმა ნინიკოს ხმა.

- ახლავე, ახლავე მოვდივარ, - გასძახა გიგიმ, სალის თავი დაუქნია და სუფრისკენ გაემართა, თუმცა ფეხები უკან რჩებოდა.

სალი მოწყვეტით დაეშვა სკამზე. რატომ იგვიანებს დუდუ, რატომ? ნუთუ სალის ტანჯვას ბოლო არ უნდა მოეღოს? კვლავ საათს დახედა, ხუთი გამხდარიყო. ახლა ადგება და წავა. ბოლოს და ბოლოს, ქუჩაში დაელოდება მის ზარს.

- ქალბატონო სალომე, რატომ გვაქციე ზურგი, რატომ არ მოხვალ ჩვენთან? - ავთანდილმა გამოსძახა სალის.

ქალს ტანში გასცრა. ჭირის დღესავით ეზარებოდა ახლა მათთან მისვლა და ხელოვნურად "მოსიყვარულე კოლეგის" როლის თამაში. გიგიც სძულდა, ნინიკოც და... ავთანდილი ხომ სძულდა და სძულდა. კანკალმა აიტანა, მკლავებზე დაბურძგლა სიმწრისგან. ის იყო, პასუხი უნდა გაეცა, რომ მობილურმა დარეკა. დუდუ იყო.

- ახლავე გამოვალ! - მექანიკურად ჩასძახა მიკროფონში.

- აქვე ვარ, კუთხეში, გელოდები, - დუდუს დაღლილი ხმა ჰქონდა.

სალი ფეხზე წამოიჭრა, უკაცრავად, მელოდებიანო, ყველას მისამართით თქვა, ჩანთას ხელი დაავლო და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა ოთახი. რამდენიმეჯერ მოიხედა უკან იმის შიშით, გიგი არ დადევნებოდა, მაგრამ არა, "მშვიდობიანად" გაიარა ჩაბნელებული დერეფანი და ქუჩაში გავარდა.

ისევ წვიმდა. ყურადღებით მოათვალიერა იქაურობა, თვალებით დუდუს მანქანას დაუწყო ძებნა. აი, ისიც, მოსახვევში ელოდება! სალი, რომ იტყვიან, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა მანქანისკენ, ხელის ცახცახით გამოაღო წინა კარი და სალონში ჩახტა.

- რა იყო, მოგდევდნენ? - გაეცინა დუდუს.

- იყო მცდელობა, - სალიმაც გაიცინა და კარი მჭიდროდ მოიხურა.

- მაპატიე, რომ დამაგვიანდა, მაგრამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვიყავი და ვერაფრით ვერ დავიძვრინე თავი. როგორ ხარ?

- არა მიშავს.

- ესე იგი, არ მიბრაზდები?

- არა, რას ამბობ, რა იყო გასაბრაზებელი. უბრალოდ, ერთი სული მქონდა, როდის გამოვიდოდი იქიდან.

- რატომ, რამე მოხდა?

- ისეთი არაფერი, ერთი ვიღაცის დაბადების დღე იყო და... დარჩენის და ქეიფის სურვილი არ მქონდა.

- იმ თავგასიებულის ხომ არა? - ავთანდილი იგულისხმა დუდუმ.

- არა, არა, ერთი გოგოსი.

- ჰო, მაშინ არ ვიცი, იქაურ თანამშრომლებს არ ვიცნობ.

- ბედნიერი ხარ, რომ არ იცნობ.

- რატომ, რატომ?

- თავი ჯოჯოხეთში მგონია, იქ რომ მივდივარ.

- ასეთი ცუდი სიტუაციაა, კაცო?!

- საშინელი!

- ავთო ხომ არ გაბრაზებს?

- ვერ ბედავს, ისეთი გამოვუწერე ერთხელ, ახლა არის დამტკბარი, - ჩაიცინა სალიმ.

- შენ კი გამოუწერდი, არ გაგიჭირდებოდა. საით წავიდეთ?

- რა ვიცი, ჩემთვის სულერთია, - ქალს ლოყები უხურდა.

- მე მშია, შენ?

- ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, ლუკმა არ გადამივა ყელში.

- რატომ, გოგო, რა გიქნეს ამისთანა? გინდა მივიდე და სუყველა ვიფრინო?

- არა, არა, რა სისულელეა, წავიდეთ, ოღონდ მე გეპატიჟები.

- ოუჰ! ეს ვინ გასწავლა?

- რატომ, არ შეიძლება მე დაგპატიჟო?

- ცხოვრებაში არ მქონია მსგავსი შემთხვევა. შენ ხომ არ გავიწყდება, მე კაცი რომ ვარ?

- ეგ რა შუაშია?

- აბა რა არის შუაში, არ დამიმალო. ჩემთან ერთად იყო და ფული შენ გადაგახდევინო? ჰაიტ, მეორედ არ გაიმეორო ასეთი რამე, გაიგე?! - მსუბუქად დატუქსა დუდუმ ქალი.

- გავიგე, - ტუჩები აიბზუა სალიმ და თავი სავარძელს მიადო.

- მე შენ ახლა ერთ კარგ ადგილას წაგიყვან. ჩინურ რესტორანში ყოფილხარ?

- ერთხელ ვარ ნამყოფი.

- ჰოდა, მეორეჯერაც წავიდეთ. მე მომწონს ჩინური სამზარეულო, შენ?

- მეც, მაგრამ ცოტა ცხარე რაღაცები იციან.

- ცხარე არ გიყვარს?

- ისე რა.

- არა უშავს, ტკბილი სოუსებიც აქვთ. "ბაო-ბაო" გაგისინჯავს?

- ეგ რა არის?

- ჩაი, მაგარი რამეა.

- არა, მანდ ჟასმინის ჩაი დამილევია მხოლოდ.

- ჰოდა, ახლა გაგასინჯებ. ისე გესიამოვნება, ისეთ ხასიათზე დაგაყენებს, შეიძლება კაციც მოგინდეს, - დუდუმ ღიმილით გამოხედა სალის.

- რა უჭირს, მერე, რა პრობლემაა? - აჰყვა ქალი მამაკაცს ხუმრობაში.

- გაგიჟდი, გოგო?! სად გიშოვო ახლა ამ წვიმაში კაცი?

ორივეს გულიანად გაეცინა. წვიმის წვეთები წკაპუნით ეცემოდა ფანჯარას, შუშის ორივე საწმენდი თანაბრად მოძრაობდა და ღრჭიალით წმენდდა სველ მინას. ცოტა ხანს ხმის ამოუღებლად იარეს. ქუჩიდან სველი ბორბლების სრიალის ხმა შემოდიოდა.

- მოვედით, იმედია, ბევრი ხალხი არ იქნება, - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა დუდუმ და მანქანიდან პირველი გადმოვიდა, წინიდან შემოუარა ავტომობილს და სალის კარი გაუღო, - გთხოვთ, ლამაზო!

სალი ღიმილით გადმოვიდა. დუდუმ მანქანა ჩაკეტა, სალის ხელი ჩაავლო და წყვილი რესტორნისკენ გაემართა.

 

***

ვახშამმა, რომ იტყვიან, თბილ ატმოსფეროში ჩაიარა. სალი ისეთი ბედნიერი იყო, უკანა გზაზე ტუჩებს თავს ვერ უყრიდა, უაზროდ უღიმოდა სივრცეს. დუდუმ ზედ სადარბაზოს კართან მიაყენა მანქანა და ძრავა ჩააქრო, მრავალმნიშვნელოვანი მზერით გახედა ქალს.

- მე მომეწონა საღამო, შენ?

- მეც, თან ძალიან მომეწონა, - ღაწვები უხურდა სალის, - დიდი მადლობა და ნახვამდის.

- მოიცა, აგაცილებ, ვინმემ არ შეგაშინოს, - დუდუ მანქანიდან გადმოვიდა.

სალი თრთოლვამ აიტანა. ირგვლივ უკუნი სიბნელე იდგა, მხოლოდ მაშინ განათდა, ლიფტის კარი რომ გაიღო.

- კარამდე მიგყვები, - შეცვლილი ხმით თქვა მამაკაცმა.

- შემიძლია ყავაზე დაგპატიჟო, რამდენი ხანია, ჩემი მოდუღებული ყავა არ დაგილევია, - შეჰღიმა სალიმ.

- სიამოვნებით დავლევდი შენეულ ყავას, მაგრამ... მერე საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ, იცოდე, - დუდუმ საჩვენებელი თითი სალის ცხვირზე მიადო, - შენც შემომესმები და...

- არა უშავს, ავიტან, - გადაიკისკისა სალიმ.

- უყურე შენ, სულ არ გეშინია, გოგო?!

- არა, - სალი სიცილს აგრძელებდა, ამასობაში ლიფტიც გაჩერდა.

- მეზობლებმა რომ დაგვინახონ? - არ ეშვებოდა დუდუ.

- არც მაგის მეშინია, - თავი კეკლუცად გააქნია სალიმ და კარს გასაღები მოარგო.

- ვა, შენი სართული განათებული ყოფილა! მართლა შემოვიდე?

- აბა?! - სალის დაბნეულობა შეეტყო სახეზე, ლურჯი თვალები უმწეოდ მიაპყრო მამაკაცს.

- არა, ეს გამოხედვა ნებისმიერ კაცს აცდუნებს, რაც არის, არის, გავრისკავ, - ხუმრობით ჩაიქნია დუდუმ ხელი და ქალს უკან მიჰყვა.

სალიმ ის იყო, კარი ჩაკეტა და შუქი უნდა აენთო, რომ მკლავებზე მამაკაცის თითების შეხება იგრძნო.

- ყავას ვერ დაველოდები, - ჩურჩულით თქვა მამაკაცმა და ტუჩები ყელზე მიადო.

მისმა სუნთქვამ სალის ყელი გაუთბო, ცხელმა ტუჩებმა კი ნაკოცნი ადგილი აუწვა. პასუხი არ გაუცია, მოტრიალდა და სიამოვნებისაგან ღონეგამოცლილი მამაკაცის მკერდს მიესვენა. დუდუ გახელებული კოცნიდა სალის, ხელებს ვნებიანად აფათურებდა მის სხეულზე. რაღაც საოცარი გრძნობა დაეუფლა ქალს, ოდესღაც თითქოს განცდილი, მაგრამ მაინც ახალი, შეუცნობელი... მოხერხებულად უხვედრებდა მამაკაცის ტუჩებს თავის ლამაზ, მკვრივ მკერდს, ვნებისაგან აცახცახებულ ბაგეებს, ყელს, ლოყებს, თვალებს... კვნესა აღმოხდა... რამდენიმე წამიც და ვნებისაგან გაბრუებულები საწოლში აღმოჩნდნენ...

დიდხანს, ძალიან დიდხანს გაგრძელდა ვნების საათი, დროის შეგრძნება დაკარგა ორივემ. იმწუთას ერთმანეთის გარდა წყვილს არავინ და არაფერი ახსოვდა...

 

გაგრძელება

 

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ერთიანად დასველებულმა სალიმ ჩანთა მაგიდაზე მიაგდო და სავარძელში ჩაესვენა. არ ახსოვს, რამდენ ხანს იყო ასე, მთელი სხეული უკანკალებდა. მოულოდნელად კაკუნის ხმა გაიგონა. მიხვდა, რომ დუდუ იქნებოდა.

 

დილით სალი ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. ნომერს დახედა, იაკო იყო.

- ჰო, იაკო, ვ ჩემ დელა ტაკ რანა?

- ვ სუბბოტუ ჩტო დელაეშ?

 

დუდუმ გადაწყვიტა, ემოქმედა. უკვე ეჭვი არ ეპარებოდა, რომ უცნობი თაყვანისმცემელი სალი იყო. ბოლო დროს ისედაც ვერაფერს უხერხებდა საკუთარ თავს, გრძნობებს ვერ ერეოდა. ვერ ხვდებოდა, როდის შემოიჭრა მის გულში ასე ძლიერად იმ ქალის სიყვარული, რომელიც მის უახლოეს ძმაკაცთან იწვა.

ქეთის სილამაზემ სალი გააოგნა. ბევრი რამ სმენია ყოფილი დირექტორის ცოლზე, მაგრამ ნანახმა გაგონილს გადააჭარბა.

- მე სალი მქვია, ადრე "დუგიში" ვმუშაობდი, ოღონდ ძალიან ცოტა ხანს, - თავი გააცნო ქეთის.

 

- გინდა ყავა მოგიდუღო? - ალერსიანად ჰკითხა სალიმ მამაკაცს, როცა "წუთშესვენება" გამოაცხადეს.

- ახლა არაფერი არ მინდა, მხოლოდ შენ მინდიხარ, - დუდუმ ხელები მოხვია შიშველ სხეულზე და გულზე მიიკრა, - თავბრუდამხვევი, ცხელი სურნელი აგდის.

 

მაისიც მიიწურა. წვიმიანი ამინდი გახშირდა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული კარს იყო მომდგარი, არა და არ დათბა ქალაქში. დუდუს ესეც ნერვებს უშლიდა. გარდა ამისა, სამსახურში დაიწყო საეჭვო მითქმა-მოთქმა, თითქოს მასა და გიგის შორის სერიოზული ჩხუბი მოხდა, რომ ძმაკაცებმა ქონება ვერ გაიყვეს და ამიტომაც გაიყარნენ.
მეორე დილით სალი ჩვეულებრივ დროს გამოცხადდა სამსახურში. ისეთი მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს გუშინ ის საშინელება არც მომხდარიყოს. ქალებს მიესალმა, თვალი ჩუმად გააპარა ავთანდილის კაბინეტისკენ და კომპიუტერს მიუჯდა.

ია შინ დახვდა, ოთახს ალაგებდა. გაუხარდა სალის დანახვა.

- ოი, კაკოი სიურპრიზ! რა ქარმა გადმოგაგდო? - გადაეხვია დაქალს.

 

გვიან ღამით, როცა სალი უკვე დაძინებას აპირებდა, კარზე ძლიერი ბრახუნის ხმა გაისმა. სალი შიშისგან შეხტა, ხალათი მოიხურა და ფეხის წვერებზე შემდგარი მიუახლოვდა კარს, სათვალთვალოში გაიხედა. გიგი იყო. გულმა გამალებით დაუწყო ცემა. როგორც ჩანს, ნინიკოსთან ვახშამმა მთლად რომანტიკულ გარემოში ვერ ჩაიარა.

 

რაც დრო გადიოდა, მით უფრო იძაბებოდა ურთიერთობა სალისა და ნინოს შორის. უცხო თვალისთვის ეს თითქოს შეუმჩნეველი რჩებოდა, მაგრამ სალი შინაგანად გრძნობდა ამას და ცდილობდა, შორს დაეჭირა მისგან თავი.

 

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.