იისფერი ჰორტენზიები (23)
font-large font-small
იისფერი ჰორტენზიები (23)
დუდუმ გადაწყვიტა, ემოქმედა. უკვე ეჭვი არ ეპარებოდა, რომ უცნობი თაყვანისმცემელი სალი იყო. ბოლო დროს ისედაც ვერაფერს უხერხებდა საკუთარ თავს, გრძნობებს ვერ ერეოდა. ვერ ხვდებოდა, როდის შემოიჭრა მის გულში ასე ძლიერად იმ ქალის სიყვარული, რომელიც მის უახლოეს ძმაკაცთან იწვა.
ცდილობდა, შეწინააღმდეგებოდა მეორე "მეს", არ ეფიქრა სალიზე, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. თვალწინ გამუდმებით ის კადრები უტრიალებდა, რომელიც სალისთან გაატარა ლოგინში. დიდი ხანია მასზე შეყვარებული ქალის ალერსი არ განუცდია. სხვა ყველა, ვისთანაც ბოლო პერიოდში რომანი ჰქონია, მხოლოდ შეჩვევისა და ანგარების გამო იყოფდა მასთან სარეცელს, მათ შორის ცოლიც. ნათია! მისი გახსენება ყოველთვის უსიამოვნებას გვრიდა დუდუს. ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც ცოლყოფილთან აკავშირებდა, ქალიშვილი იყო, ელენე - ყველაზე ახლობელი და ამჟამად ყველაზე შორეული ადამიანი. დღეები ისე გავიდოდა, დუდუ შვილის ნახვას ვერ ახერხებდა. ამას ნათიაც აქტიურად უწყობდა ხელს. რამდენჯერ მოსვლიათ შელაპარაკება ორივეს ბავშვის თაობაზე. ქალი თავის პოზიციებს არ თმობდა - უვარგისი მამა ჩემს შვილს არ სჭირდებაო, დაჟინებით ამტკიცებდა თავისას, თუმცა ყოფილი მეუღლისგან ფინანსურ დახმარებას არ თაკილობდა, პირიქით - უფრო და უფრო მეტს ითხოვდა მისგან. დუდუს ფული არ ანაღვლებდა. ოღონდ ელენეს ნახვის საბაბი მისცემოდა და ყველაფერზე თანახმა იყო. სანამ სალის დაუახლოვდებოდა, ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა, ყველაფრის მიმართ დაკარგა ინტერესი, ერთი პერიოდი ბიზნესზეც კი აიცრუა გული. მერე კი... მერე სალიმ მოაბრუნა "სააქაოსკენ", ერთბაშად გამოცოცხლდა, მიხვდა, რომ ცხოვრებას სალის სახით ინტერესი მიეცა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ... გიგი არ ჩადგა მათ შორის. მომხდარმა თავზარი დასცა, ეგონა, სამყარო დაცარიელდა, კიდევ ერთხელ თავდაყირა დადგა ყველაფერი, საქალეთი შესძულდა. თუმცა... როცა ეგონა, რომ სალისთან ურთიერთობის გაწყვეტით ყველაფერი დამთავრდა, სწორედ იმ დღიდან დაიწყო მის გულში "აურზაური". ქალთან გატარებული ნახევარი ღამე სიზმრად გადაექცა. ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყო, მისი სახე ელანდებოდა. ბოლო სიზმარმა ხომ მთლად მოუღო ბოლო... სადღაც იყვნენ ორივენი, რაღაც სუფრა იყო გაშლილი, გვერდიგვერდ ისხდნენ, რაღაცას ლაპარაკობდნენ. მერე დუდუმ ხელი გადახვია ქალს და ტუჩებზე დააკვდა. სალი თითქოს წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ მხოლოდ სხვების დასანახავად, ბოლოს მოეშვა და მამაკაცის სურვილს დაჰყვა. შემდეგ ის ახსოვს, რომ ორივენი შიშვლები იყვნენ, არავისი ერიდებოდათ, ურცხვად ეფერებოდნენ ერთმანეთს. გარშემომყოფნი გაოცებულნი მისჩერებოდნენ მოალერსე წყვილს, ცნობისმოყვარეთა მზერას არაფრად რომ აგდებდნენ... თითქოს ყველაფერი ისე მეორდებოდა, როგორც მაშინ, სალის ბინაში. ახლაც გრძნობდა ქალის ცხელ სხეულს, ვნებიანად რომ იკლაკნებოდა მის მკლავებში. ამ ზმანებამ საბოლოოდ მოსპო, სიცოცხლე გაუმწარა. გრძნობდა, რომ სალის გარეშე ერთი დღეც ვერ გაძლებდა. სულ სხვაა, შეყვარებული ქალი რომ გკოცნის, სულ სხვა ვნებაა, სულ სხვა ცეცხლი. სხვა იმპულსები მოდის მისგან, სხვა ენერგია. ამის დავიწყება დუდუს არ შეეძლო. არადა... იმავე პოზაში გიგისთან ერთად რომ წარმოიდგენდა საყვარელ ადამიანს, გული ეკუმშებოდა. მერე რა, რომ თავისი ნებით არ დაწოლილა მასთან, მერე რა, რომ მეგობარმა ქალზე ძალა იხმარა. ეს რას ცვლიდა? ასეთ სალისთან როგორ გაეგრძელებინა ურთიერთობა? რას იტყოდა თავად გიგი, სხვები - თანამშრომლები? თუმცა ეს ამბავი ხომ მხოლოდ სამმა იცოდა. დაიჯეროს დუდუმ, რომ გიგი ყველას გააგებინებს ამ ისტორიას? ვითომ არ დაინდობს ძმაკაცს? არ იცის დუდუმ, არ იცის, რას მოიმოქმედებს დამარცხებული მამაკაცი. იქნებ შურისძიებაც კი განიზრახოს. თვითონ როგორ მოიქცეოდა? როგორ და... რა თქმა უნდა, კაცურად, ხელს არ შეუშლიდა მათ ბედნიერებას. მერე? გიგი ხომ მისი მეგობარია, ამდენი წელია ერთად მოდიან, ნუთუ ყველაფერს გააფუჭებს? იქნებ დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ ასე ვერაფერს მოიგებს? იქნებ დაანებოს ორივეს თავი? არა, უნდა დაელაპარაკოს გიგის, არც ისეთი გაუგებარია, რომ ძმაკაცს არ მოუსმინოს. ასეც მოიქცევა. აი, შეიკრიბებიან იაკოსთან და ყველაფერს მოაგვარებს. ბოლოს და ბოლოს, იქ გამოჩნდება, რა გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს.

საღამოხანს მობილური მოიმარჯვა და სალისთან მესიჯი გააგზავნა. "როგორ ხარ?". პასუხი არ მიუღია. მერე ზარი გაუშვა. მობილური გამორთული იყო. სხვა რა გზა ჰქონდა, უნდა დალოდებოდა, როდის ჩართავდა ქალი ტელეფონს. იქამდე კი სამოქმედო გეგმის "დახვეწას" შეუდგა...

 

***

ქეთისგან წამოსულმა სალიმ დიდხანს იარა თბილისის ქუჩებში. ერთხანს ვაკის პარკშიც შეიარა და გრძელ მერხზე ჩამოჯდა ჩაფიქრებული. არ იცოდა, რა გზას დადგომოდა. კიდევ ერთხელ ყველაფერი დაკარგა. შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. დამკვალიანებელი კი არავინ ჰყავდა, რადგან თვითონ არ უშვებდა თავისთან ახლოს, არავის არ უშლიდა გულს, არ უყვარდა ვინმესთან თავის პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, მით უმეტეს - თავის შეცდომებზე. იას კი ენდობოდა, მაგრამ მაინც ერიდებოდა მისი, არ იცოდა, როგორ გაიგებდა მის მონაყოლს დაქალი. ალბათ იმიტომ, რომ იაც თავისებური გოგო იყო, არც ის ახედებდა სალის თავის ცხოვრებაში... ალბათ არ ენდობოდა, თორემ...

მოსაღამოვდა. გრილმა ნიავმა დაუბერა. პარკში ხალხი მომრავლდა. შადრევნის ხმაურიც გაძლიერდა. სალი მძიმედ წამოდგა, ანგარიშმიუცემლად მოავლო თვალი იქაურობას და კიბეს აუყვა. პირდაპირ სახლში გაეშურა. ისე იყო დათრგუნული და უარყოფითი ემოციებისგან დაძაბული, ერთი სული ჰქონდა, ცხელ აბაზანაში როდის ჩაწვებოდა, რომ ცოტათი განტვირთულიყო... შინ მისვლისთანავე გაავსო აბაზანა და კარგა ხანს ინებივრა ქაფქაფა წყალში, თან მომხდარს აანალიზებდა. სწორად მოიქცა თუ არა, ქეთის რომ ესტუმრა და ყველაფერი უამბო? ვინ იცის, იქნებ ცოლი მოუყვეს კიდევაც გიგის მისი ვიზიტის ამბავს. ამან უფრო რომ გააცოფოს გიგი? კვლავ რომ მოუვარდეს და ქვეყანა შეუყაროს? უარესი რომ გააკეთოს? მთელ "დუგის" რომ გააგებინოს იმღამინდელი ამბავი? მერე რა ქნას? ამის გაფიქრებაზე ქალს გააჟრჟოლა. ასე თუ მოხდება, ისღა დარჩენია, სიცოცხლე მოისწრაფოს, სირცხვილით თავი არ გამოეყოფა. უკანასკნელ ქუჩის ქალად მონათლავენ ყველანი. თვალები ცრემლით აევსო. უხალისოდ გადაივლო წყალი და ხალათი მოიცვა. საძინებელში გავიდა, თმა ფენით გაიმშრალა და მაშინვე ლოგინში ჩაწვა, იქნებ ჩამეძინოსო. უცებ მობილური გაახსენდა. რამდენი ხანია, ნომერი არ გამოუცვლია, იქნებ დაუმესიჯოს დუდუს? იქნებ ამით მაინც გამოუკეთდეს ხასიათი? ამის გაფიქრებამ უკეთეს ხასიათზე დააყენა. ნომერი გამოცვალა და ტელეფონი ჩართო. მესიჯის სიგნალმა დაიწრიპინა. მოულოდნელობისგან შეხტა, დუდუს გარდა ეს ნომერი არავინ იცოდა. მიხვდა, მისგან წერილი რომ იქნებოდა მოსული. ნერვიულობისგან სუნთქვა შეეკრა, კანკალმა აიტანა. არა მარტო მესიჯი, ზარიც კი იყო შემოსული. სასწრაფოდ წაიკითხა შეტყობინება: "როგორ ხარ?" - იწერებოდა დუდუ. სიამოვნებისაგან სახეზე წამოახურა. ბალიში წამოსწია, ზურგით მოხერხებულად მიეყრდნო, ფეხები მოკეცა, ერთმანეთს შეატყუპა და წერილის წერას შეუდგა.

"ტელეფონი გამორთული მქონდა და შენი მესიჯი გვიან ვნახე. მე არა მიშავს, შენ როგორ ხარ?" - გაგზავნა შეტყობინება და ეკრანს დახედა, რომ გაეგო, რომელი საათი იყო.

ათი გამხდარიყო. ამ დროს დუდუ წესით შინ უნდა ყოფილიყო, თუ სადმე საქეიფოდ არ იქნებოდა წასული. ეს უკანასკნელი ნაკლებად იყო დასაჯერებელი, იმ ამბის შემდეგ დუდუს ქეიფის განწყობა არ უნდა ჰქონოდა. სალის ინტუიციამ გაამართლა. მამაკაცმა ორიოდ წუთში დაუბრუნა პასუხი.

დუდუ: " რატომ დამეკარგე? აღარ გინდივარ?"

სალი: " რა ვიცი, შენ არ მითხარი, სანამ ჩემთან შესახვედრად მზად თუ არ იქნები, არ შემომეხმიანოო?"

დუდუ: "ვერ მოვითმინე. მგონი ძალიან შეგეჩვიე. ძნელი ყოფილა შეჩვეულის გადაჩვევა, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი".

სალი: "როგორ ხარ? მე მომენატრე".

დუდუ: "ცუდად, მაგრამ მეც მომენატრე. არ მეგონა, მაგრამ ახლა ამის დამალვას აზრი არა აქვს".

სალი: "რა დაგემართა, ცუდად რატომ ხარ?"

დუდუ: "ერთმა შენი სქესის წარმომადგენელმა მაწყენინა, თანაც ძალიან".

სალის ამის წაკითხვისას გული შეეკუმშა.

"ამისთანა რა გაგიკეთა?" - მესიჯი გააგზავნა და დაძაბული დაელოდა პასუხს.

დუდუ: "მომატყუა, თანაც უმოწყალოდ. ქალები ყველანი ერთნაირები ხართ. შენც ასე ატყუებ ხოლმე კაცებს?"

სალი: "რა ვიცი, გააჩნია, რისთვის ამბობს ქალი ტყუილს. ხანდახან ისე ხდება, რომ ტყუილი აუცილებელია, უწყინარ ტყუილს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა".

დუდუ: "არა, ეს არ იყო უწყინარი ტყუილი, ეს ულმობელი ტყუილი იყო, რომელმაც ცხოვრება გამიმრუდა".

სალი: "იქნებ ცდები? დარწმუნებული ხარ, რომ ასე იყო? ვინ არის ის ქალი?"

დუდუ: "რა მნიშვნელობა აქვს. ყოველ შემთხვევაში, ის არ აღმოჩნდა, ვინც მეგონა".

სალი: "უყვარხარ?"

დუდუ: "მეგონა ვუყვარდი, მაგრამ როგორც ჩანს, შევცდი. შეყვარებულები არ იტყუებიან".

სალი: "მომიყევი რა მოხდა და მერე გეტყვი, იყო თუ არა ის მართალი. ასე ზეპირად რა გითხრა?"

დუდუ: "არ ღირს. რა საჭიროა ჩემი საიდუმლო გაგანდო? თანაც მე შენ ჯერ არ გიცნობ. ამის ღირსი არ გამხადე. ვინ ხარ ამისთანა?"

სალი: "როგორ გითხრა, ერთი ჩვეულებრივი ქალი ვარ, შენზე შეყვარებული, როგორც ბევრი სხვა".

დუდუ: "ბოლოს და ბოლოს, შემხვდები თუ არა?"

სალი: "არ ვიცი, ჯერ ამისთვის არა ვარ მზად".

დუდუ: "კიდევ არა? ოდესმე ხომ უნდა შემხვდე? იმედია, სადისტი არა ხარ და ჩემი წვალება არ გაქვს გადაწყვეტილი".

სალი: "არა, არა, შენი წვალება არც მიფიქრია. უბრალოდ, მეშინია".

დუდუ: "რისი?"

სალი: "ვაითუ არ მოგეწონო".

დუდუ: "აკი ძალიან მაგარი ვარ და აუცილებლად მოგეწონებიო? გამოდის, შენც მატყუებდი?"

სალი: "აქამდე ასე მეგონა, მაგრამ ბოლო დღეებში ცოტა შევშინდი. მეც მაწყენინა ერთმა შენისთანამ".

დუდუ: "ჩემისთანამ? გამორიცხულია. ჩემისთანა მხოლოდ მე ვარ. ასე რომ, კატეგორიულად გიკრძალავ, სხვებს შემადარო. მე ერთადერთი ვარ, დაიმახსოვრე".

სალი: "ერთადერთი ვისთვის?"

დუდუ: "შენთვისაც და სხვებისთვისაც, ყველა ქალისთვის, ვინც ჩემზე ფიქრობს, გაიგე?"

სალი: "გავიგე და დავიმახსოვრებ. ამის შემდეგ მეცოდინება".

დუდუ: "ესე იგი, შევხვდებით?"

სალი: "არა, ჯერ არა".

დუდუ: "იცოდე, ბოლო შანსს გაძლევ, მეტს აღარ შეგეხვეწები და სხვასთან წავალ".

სალი: "ცოტა ხანს კიდევ მაცალე".

დუდუ: "კარგი, მაგრამ მხოლოდ ორ დღეს გაძლევ მოსაფიქრებლად. შაბათს, ზუსტად სამ საათზე დაგიმესიჯებ და ტელეფონი ჩართული გქონდეს, იცოდე. მე ორი დღით გავდივარ ქალაქიდან და შაბათს ჩამოვალ. სამ საათზე მელოდე, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა".

სალი: "სხვა არჩევანი მაქვს?"

დუდუ: "არა. აბა შენ იცი, გკოცნი იმ შენს ლამაზ უაზროდ ლურჯ თვალებში".

სალი შეკრთა. რა იცის, რომ ლურჯი თვალები აქვს? რამე ხომ არ იეჭვა?

"საიდან მოიტანე, რომ ლურჯი თვალები მაქვს?" - შიშით დაზაფრულმა გაგზავნა წერილი.

"შენ არ მომწერე ამასწინათ, უაზროდ ლურჯი ლამაზი თვალები მაქვსო? იმაზე უკეთესი, ვიდრე იმასო? დაგავიწყდა?"

ქალმა შვებით ამოისუნთქა. კიდევ კარგი, არ მიუხვდა მამაკაცი.

სალი: "ეგ დამავიწყდა. შენ რა კარგი მახსოვრობა გქონია".

დუდუ: "ქალთან დაკავშირებული არც ერთი ნიუანსი არ მავიწყდება, რომ იცოდე. აბა შენ იცი, ამაღამ, პირობას გაძლევ, რომ მხოლოდ შენზე ფიქრში დავიძინებ".

სალი: "მე კი მხოლოდ შენზე ფიქრში გავათენებ".

"მესიჯობანა" ამით დამთავრდა. სალიმ საცოდავად დახედა მობილურს. ეჰ, რომ იცოდეს დუდუმ, ვისთან აწარმოებს მიმოწერას... გაგიჟდება კიდეც. ყოველივე იმის შემდეგ როგორ ბედავ ხმის ამოღებასო, არ ეტყვის? ეტყვის და ღირსიც იქნება. არა უშავს, შაბათსაც შეეხმიანება და ამ სატელეფონო რომანსაც დაუსვამს წერტილს. მისწერს, რომ გადაიფიქრა მისი გაცნობა. რომ არ უღირს. უფრო მყარ არგუმენტსაც მოიფიქრებს იქამდე. ამით მაინც გაამწარებს. მერე იმტვრიოს თავი ვაჟბატონმა, ეს ვინ იყო, ასე უცებ რომ მომისროლა სანაგვეზეო. მის ცხოვრებაში ბოლომდე საიდუმლოდ დარჩება...

სალიმ მობილურის ნომერი კვლავ გამოცვალა, შუქი ჩააქრო და ფიქრებს მისცა თავი.

 

***

დუდუმ სალისთან "მოალაპარაკებები" რომ დაამთავრა, სახლის ტელეფონს ეცა და ეგრევე იაკოს დაურეკა.

- და, - გაისმა თანამშრომლის ნამძინარევი ხმა.

- გეძინა, გოგონი? - ღიმილით ჩასძახა ყურმილში.

- პაჩტი, ჩტო ნიბუდ სლუჩილას?

- არაფერი, რაღაც მინდოდა მეთქვა.

- სკაჟიტე, უჟე ნე სპლიუ.

- მოკლედ, გეგმა ასეთია. ისე უნდა მოახერხო, რომ შაბათს, ზუსტად სამ საათზე სალი შენთან იყოს, გაიგე?

- პონიალა.

- ზუსტად სამ საათზე, - გაიმეორა დუდუმ, - რაღაც უნდა მოიფიქრო.

- ნეტ პრაბლემ.

- თანამშრომლებს ყველას უთხარი?

- ა კაკ ჟე, ყველა გავაფრთხილე.

- გიგი?

- ი გიგი ტოჟე.

- მოვალო?

- კი, მოვა. ზნაეტე, ჩტო... გიგიმ მკითხა, დუდუ იქნებაო?

- მერე შენ რა უთხარი?

- ნე დუმაიუ-თქო, სკაზალა. დუდუ თბილისში არ არის-მეთქი.

- ვოტ უმნიცა! - შეაქო უფროსმა ბუღალტერი.

- ტაკ ჩტო, ვსიო ნარმალნა.

- მაგარი გოგო ხარ. მაღარიჩი ჩემზე იყოს. ჰო, მართლა, სალის დედის მისამართის მოცემა დაგავიწყდა. ახლა მაინც ჩამაწერინე.

- ახლავე, მისტერ პრეზიდენტ. დიკტუიუ, - და იამ უფროსს მისამართი უკარნახა.

- ტი ველიკალეპნაია დევოჩკა, მაია დარაგაია, ამას არ დაგივიწყებ, - მხიარულად შესძახა დუდუმ.

- ეტა ია ზნაიუ, - შეიფერა იაკომ კომპლიმენტი.

- ნუ პაკა, და ვსტრეჩი.

- პაკა, - იაკომ ყურმილი პირველმა დაკიდა.

კმაყოფილმა დუდუმ ხელისგულები ერთმანეთს გაუსვა, მერე ჭერს მიაპყრო მზერა და გაირინდა.

 

გაგრძელება

 

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ერთიანად დასველებულმა სალიმ ჩანთა მაგიდაზე მიაგდო და სავარძელში ჩაესვენა. არ ახსოვს, რამდენ ხანს იყო ასე, მთელი სხეული უკანკალებდა. მოულოდნელად კაკუნის ხმა გაიგონა. მიხვდა, რომ დუდუ იქნებოდა.

 

დილით სალი ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. ნომერს დახედა, იაკო იყო.

- ჰო, იაკო, ვ ჩემ დელა ტაკ რანა?

- ვ სუბბოტუ ჩტო დელაეშ?

 

ქეთის სილამაზემ სალი გააოგნა. ბევრი რამ სმენია ყოფილი დირექტორის ცოლზე, მაგრამ ნანახმა გაგონილს გადააჭარბა.

- მე სალი მქვია, ადრე "დუგიში" ვმუშაობდი, ოღონდ ძალიან ცოტა ხანს, - თავი გააცნო ქეთის.

 

- გინდა ყავა მოგიდუღო? - ალერსიანად ჰკითხა სალიმ მამაკაცს, როცა "წუთშესვენება" გამოაცხადეს.

- ახლა არაფერი არ მინდა, მხოლოდ შენ მინდიხარ, - დუდუმ ხელები მოხვია შიშველ სხეულზე და გულზე მიიკრა, - თავბრუდამხვევი, ცხელი სურნელი აგდის.

 

მეორე დილით ადრე ადგა, კარგა ხანს იტრიალა სარკის წინ, სამოსი რამდენიმეჯერ გამოიცვალა და ბოლოს არჩევანი მაინც ლურჯ კაბაზე შეაჩერა, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ შეიძინა მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში.

 

მაისიც მიიწურა. წვიმიანი ამინდი გახშირდა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული კარს იყო მომდგარი, არა და არ დათბა ქალაქში. დუდუს ესეც ნერვებს უშლიდა. გარდა ამისა, სამსახურში დაიწყო საეჭვო მითქმა-მოთქმა, თითქოს მასა და გიგის შორის სერიოზული ჩხუბი მოხდა, რომ ძმაკაცებმა ქონება ვერ გაიყვეს და ამიტომაც გაიყარნენ.
მეორე დილით სალი ჩვეულებრივ დროს გამოცხადდა სამსახურში. ისეთი მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს გუშინ ის საშინელება არც მომხდარიყოს. ქალებს მიესალმა, თვალი ჩუმად გააპარა ავთანდილის კაბინეტისკენ და კომპიუტერს მიუჯდა.

ია შინ დახვდა, ოთახს ალაგებდა. გაუხარდა სალის დანახვა.

- ოი, კაკოი სიურპრიზ! რა ქარმა გადმოგაგდო? - გადაეხვია დაქალს.

 

გვიან ღამით, როცა სალი უკვე დაძინებას აპირებდა, კარზე ძლიერი ბრახუნის ხმა გაისმა. სალი შიშისგან შეხტა, ხალათი მოიხურა და ფეხის წვერებზე შემდგარი მიუახლოვდა კარს, სათვალთვალოში გაიხედა. გიგი იყო. გულმა გამალებით დაუწყო ცემა. როგორც ჩანს, ნინიკოსთან ვახშამმა მთლად რომანტიკულ გარემოში ვერ ჩაიარა.

 

რაც დრო გადიოდა, მით უფრო იძაბებოდა ურთიერთობა სალისა და ნინოს შორის. უცხო თვალისთვის ეს თითქოს შეუმჩნეველი რჩებოდა, მაგრამ სალი შინაგანად გრძნობდა ამას და ცდილობდა, შორს დაეჭირა მისგან თავი.

 

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.