იისფერი ჰორტენზიები (დასასრული)
font-large font-small
იისფერი ჰორტენზიები (დასასრული)

ერთიანად დასველებულმა სალიმ ჩანთა მაგიდაზე მიაგდო და სავარძელში ჩაესვენა. არ ახსოვს, რამდენ ხანს იყო ასე, მთელი სხეული უკანკალებდა. მოულოდნელად კაკუნის ხმა გაიგონა. მიხვდა, რომ დუდუ იქნებოდა.

 

ძლივს აითრია წელი, აცახცახებლი მიუახლოვდა კარს და არც უკითხავს, ისე გააღო. დუდუმ თავი ასწია და დანისლული თვალებით შეხედა ქალს.

 

- რა გინდა? - ცივად იკითხა სალიმ.

- შენს ტუჩებში ხეტიალი მინდა, - იდუმალი ხმით წარმოთქვა მამაკაცმა.

ქალს სათქმელი პირზე შეაშრა, ასეთ სიტყვებს არ ელოდა. პასუხი არ გაუცია, განზე გადგა და მამაკაცს გზა დაუთმო.

- დასველდი? - ესღა იკითხა დუდუმ, ოთახში რომ შევიდა.

- ისე რა, - ყრუდ წარმოთქვა ქალმა.

- ჰორტენზიები რატომ დატოვე?

სალის რომელიღაც ნერვი აუთამაშდა სახეზე, გამომეტყველება შეეცვალა. მიხვდა - დუდუმ ყველაფერი იცოდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა.

- ის იაკოსთვის იყო განკუთვნილი.

- ვინ მოგატყუა?

- იუბილარმა ასე მითხრა.

- სხვათა შორის, ის ჰორტენზიები შენი ეზოდან არის წამოღებული. როგორ გგონია, ვისთვის წამოვიღებდი?

- საიდან? - ამის გაგონებაზე სალი სახტად დარჩა.

- შენი ეზოდან.

- იქ რა გინდოდა?

- დედაშენი გავიცანი, მეტი არაფერი.

- სხვა გასართობი ვერაფერი ნახე? რა გითხრა დედაჩემმა?

- ჩემი სტერვატიკი გოგო როგორ არისო, მოკითხვა დამაბარა.

- ღმერთო... - სალიმ თვალები ჭერს მიაპყრო და ზურგით კედელს მიებჯინა.

- მე კი ვუთხარი, სტერვატიკი კი არა, მაგარი წერწეტოვანი გოგო გყავს-მეთქი, თან ძალიან მიყვარს და მევასება-მეთქი, - მამაკაცმა საყვარლად გაიღიმა, ხელები სალისკენ გაიშვირა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.

- გეყოფა თამაში, - ამოიკვნესა ქალმა.

- მოთამაშის რა შემატყვე?

- აბა რა გინდა, რისთვის მოხვედი?

- ერთხელ უკვე გითხარი, რისთვისაც მოვედი.

- დუდუ, შენ არ ხარ ის მამაკაცი, რომელიც ქალს ასეთ რამეებს ადვილად აპატიებს. არ გინდა, ნუ სარგებლობ ჩემი სისუსტით.

- მერედა, ვინ გითხრა, რომ ადვილად გაპატიე? სულაც არა, ძალიან ძნელად გაპატიე, რომ იცოდე. ამას დიდი დრო დასჭირდა, ძალიან დიდი, მაგრამ მაინც გაპატიე. სხვანაირად ვერ შევძელი. ახლა შენ უნდა მაპატიო.

- მე რა უნდა გაპატიო?

- ის, რომ ძნელად გაპატიე.

- მაგრამ ჩვენ შორის ისეთი ბარიერია, რომელსაც ვერასდროს დავამსხვრევთ. გიგი წარსულის დავიწყების საშუალებას არც შენ მოგცემს და არც მე.

- მოგვცემს, არც ისეთი ცუდი ბიჭია, შენ რომ გგონია, გადაუვლის.

- მაგრამ შენ მე ყოველთვის გამიხსენებ იმ ამბავს...

- მე უკვე დავივიწყე.

- მაგრამ...

- გავიგე, ქეთისთან ყოფილხარ, - სიტყვა ბანზე აუგდო დუდუმ.

- ვინ გითხრა? - შეკრთა სალი.

- ქეთიმ. მერე მკითხა, მართლა ერთად ხართო? იმ გოგომ მართალი მითხრა თუ მომატყუაო?

- შენ რა უპასუხე?

- ვუთხარი, მოგატყუა-მეთქი.

სალი უფრო მჭიდროდ აეკრა კედელს, მუხლები მოეკვეთა.

- ამ ეტაპზე არ ვართ ერთად, მაგრამ ხვალიდან აუცილებლად ერთად ვიქნებით-მეთქი, - ღიმილით გააგრძელა დუდუმ.

სალი ჩაიკეცა, ღონემიხდილმა ვეღარ გაძლო ფეხზე. დუდუ ერთი ნახტომით მიეჭრა ქალს, ხელში აიყვანა და საწოლისკენ გააქანა. ფრთხილად მიაწვინა ლოგინზე და გვერდით ჩამოუჯდა.

- მითხარი, გიყვარვარ? - ჩურჩულით ჰკითხა მამაკაცმა.

ქალმა თავი დაუქნია.

- არა, ასე არა, მითხარი.

- მიყვარხარ, - ძლივს ამოთქვა სალიმ.

- ისევ ისე, როგორც ადრე? - არ მოეშვა დუდუ.

- უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე.

- ეს კარგია.

- როგორ გაიგე, რომ მე გიმესიჯებდი?

- ეს ფირმის საიდუმლოებაა, - გაიხუმრა დუდუმ.

- არა, მართლა.

- შენმავე სიტყვებმა გაგყიდა. ესა, ისაო, ლურჯთვალებაო... შენ თვითონ არ მომეცი მინიშნებები? მერე კი შეგამოწმე. ის ქეიფი ჩემი დაგეგმილი იყო, სპეციალურად მოვაწყვე ისე, რომ სამ საათზე იაკოსთან ყოფილიყავი. მესიჯი რომ გამოგიგზავნე, იქ ვიყავი. დავინახე, როგორ კითხულობდი.

- მერე? რატომ დამემალე? - სალის მკერდი მღელვარედ აუდიოდ-ჩაუდიოდა. დუდუ თვალს არ აშორებდა მას.

- რადგან ვერ შემამჩნიე, გაცლა ვამჯობინე. ვიფიქრე, ქეიფის მერე ვეტყვი-მეთქი, მაგრამ გიგიმ ჩამიშალა გეგმები... ხედავ, შენი მკერდი რა დღეშია?

- რა დღეშია? - სალიმ თავი წამოსწია და მკერდზე დაიხედა.

- ლიფიდან ამოხტომას ლამობს, ნეტავ რატომ?

სალიმ სიცილი ვერ შეიკავა.

- არ ვიცი, არ ვიცი.

- სამაგიეროდ, მე ვიცი. დუდუსთან უნდა, მოენატრა მისი შეხება. აბა ჰკითხე?

სალიმ ისევ გაიცინა.

- წეღან როგორ მითხარი, რა მინდაო?

- შენს ტუჩებში ხეტიალი მინდა-მეთქი.

- ჰოდა, იხეტიალე, ვინ გიშლის?

- არც არავინ და ვერც ვერავინ ვერასდროს დამიშლის, - თქვა მამაკაცმა, სალის თავქვეშ ამოსდო ხელი და ტუჩებზე დაეკონა.

 

***

ვნების საათი დიდხანს გაგრძელდა. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ალერსში, დროის და სივრცის შეგრძნება დაკარგა ორივემ.

- მეტი აღარ შემიძლია, - კოცნით სულშეგუბებულმა ქალმა რაღაც მომენტში ძლივს დააღწია თავი მამაკაცის მკლავებს.

- ვიცოდი, რომ ვერ გამიძლებდი. შენ ასე ადვილი გეგონა ჩემი "მოთელვა"? - მამაკაცმა თვალები დაუკოცნა ქალს.

- არც ჩემი დარწყულებაა ადვილი, რომ იცოდე, - არც სალი დარჩა ვალში.

- აკი მეტი არ შემიძლიაო?

- მოგატყუე.

- ასე გგონია? დაგიჯერე, ხომ იცი, - წამოიძახა დუდუმ და კვლავ წაეტანა ქალს.

- მოიცა, მოიცა, მართლა დავიღალე, ცოტა დავისვენოთ, არ შეიძლება? შენ მიჩვეული ხარ ქალებთან "აჭიმებს", მე კი...

- შენ კი ახლა იწყებ, არა?

- დუდუ, - სალიმ მოულოდნელად შეცვალა საუბრის თემა.

- გისმენ, რა იყო?

- ისევ მიმიღებ მდივნად?

მამაკაცმა პასუხი დააყოვნა.

- გესმის?

- მესმის, - თქვა დუდუმ და გულაღმა გადაწვა.

- მერე? მიმიღებ თუ არა?

- არა.

- რატომ?

- არ მინდა ჩემი მდივანი იყო.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მიყვარხარ და მინდა ჩემი იყო.

- არც მე მინდა შენი მდივნობა, - გაბუტული ხმით წარმოთქვა სალიმ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მეც მიყვარხარ და მინდა შენი ვიყო.

სალიმ გვერდი იცვალა და დუდუს ზემოდან მოექცა.

- ახლა ვნახოთ, ვინ ვის გაუძლებს...

ღამის სიჩუმეს ორთა ვნებიანი ჩურჩული შეერია...

 

***

- რომელი საათია? - მოგვიანებით იკითხა დუდუმ.

სალიმ ხელი გაიწვდინა და შუქი აანთო. კამოდზე დადებული ელექტრონული საათი თითქმის თორმეტს უჩვენებდა.

- შეხედე! - ანიშნა დუდუმ, - საათი 12:59-ს უჩვენებს.

- მერე რა?

- ახლა დრო გაჩერდება.

ციფერბლატზე მალე 00:00 დაიწერა.

- ხედავ? სამყარო გაჩერდა.

- ვხედავ, - იდუმალი ხმით თქვა სალიმ.

ორივე ინტერესით მისჩერებოდა საათს. ერთი წუთიც და "დროის დაფაზე" ერთიანი გამოჩნდა - 00:01.

- წავედით, - თქვა დუდუმ, სალის მკლავი მძლავრად მოხვია და გულზე მიიხუტა...

...თითქოს იმწუთას ამოძრავდა სამყარო... სიყვარულიც...

 

 

ბეჭდვა