ორი დღე და მთელი ცხოვრება
font-large font-small
ორი დღე და მთელი ცხოვრება
მის საყვარელ მამაკაცს მომავალი ცოლი იმ 2 დღეში "უპოვია", როცა ის მის გვერდით არ იყო. 2 დღე, 6 წლის საპირწონედ! ეს წარმოუდგენელია!
მგონი, ბევრი დავლიე და სასმელი მომეკიდა. შემდეგ მგონი, ბედნიერ პატარძალთან მივედი და ვუთხარი, რომ ქორწილის წინა ღამე მისმა ქმარმა ჩემთან გაატარა...
მგონი, ვიღაცამ იდაყვში ხელი მომკიდა და რესტორნიდან გაყვანა დამიპირა; მგონი, ვეწინააღმდეგებოდი, უკან ვიყურებოდი და თვალებით მის მოძებნას ვცდილობდი... მგონი, მოვკვდი...

- მინდა, რომ რასაც ახლა მოგიყვებით, "მინირომანად" დაწეროთ და თუ ეს შესაძლებელი იქნება, გთხოვთ, ნამდვილ სახელებს ნუ დაასახელებთ. თუ გნებავთ, უბრალოდ, "ქალი" და "მამაკაცი" დაგვარქვით... სადაც ვცხოვრობთ, იმას უბრალოდ - "ქალაქი" და კიდევ... აუცილებლად აღნიშნეთ, რომ თუ ქალსა და მამაკაცს შორის ნამდვილი სიყვარულია, მას ბედნიერი დასასრული არასოდეს აქვს, მაგრამ ბედის მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ ეს სიყვარული ოდესღაც არსებობდა, - მითხრა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელმაც შეხვედრა მთხოვა და თავისი ამბავი გამანდო.
მე კი მგონია, რომ ჩვენს მკითხველს მის შესახებ გაცილებით მეტის გაგების სურვილი ექნება... მაგალითად, იმის, რომ ის სასიამოვნო გარეგნობის, ქერათმიანი ქალია. კოხტა აღნაგობა აქვს და საკუთარ თავისუფლებას ყველაფერზე მაღლა აყენებს. მიუხედავად ამისა, საყვარელი ადამიანი მისთვის ყველაფერია და მისი გულისთვის მზადაა, მსხვერპლიც გაიღოს.


როდესაც ეს ამბავი დაიწყო, ის 29 წლის გახლდათ. თავისი პირველი ქორწინების შესახებ (თუმცა მეორედ არც გათხოვილა), არაფერი მოუყოლია, გარდა იმისა, რომ ამ ქორწინებიდან მშვენიერი გოგონა ჰყავს. ამ ყველაფერს იმიტომ გიამბობთ, რომ არ იფიქროთ, ჩვენი "გმირი" არაჩვეულებრივი ქალია.
ცხოვრების ხალისი მას შემდეგ მიეცა, რაც "მას" შეხვდა. სასწაულია, რომ ისინი ერთ უბანში გაიზარდნენ, მოპირდაპირედ მდგარ კორპუსებში ცხოვრობდნენ, მათი ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა, მაგრამ მათი გზები მხოლოდ მაშინ გადაიკვეთა, როდესაც ქალი 29 წლის იყო და "ერთი ცხოვრება" უკვე გავლილი ჰქონდა.
თუმცა მამაკაცის შესახებ მან ბევრი რამ იცოდა. შეუძლებელი იყო, რომ არ სცოდნოდა, რადგან ის ძალიან ლამაზი (შემდგომში - შეძლებულიც), ქალაქში საკმაოდ ცნობილი ადამიანი იყო და ამბობდნენ, მასზე უამრავი ქალი იყო შეყვარებული. ის თითქოს პარალელურ სამყაროში ცხოვრობდა, ვიდრე მათი სრულიად შემთხვევითი, მაგრამ ალბათ "ბედისგან დაგეგმილი" შეხვედრა არ შედგა.
- ეს ყველაფერი ზეცაში დაიგეგმა, - მიმტკიცებდა ქალი, - ეს ჩემი მამაკაცი იყო, მხოლოდ მას შეეძლო ჩემი გაბედნიერება და ვიცი, რომ მასაც თავდავიწყებით ვუყვარდი.
მას შემდეგ, რაც მათი რომანი დაიწყო, ერთმანეთს აღარ დაშორებიან. როდესაც გვიან ღამით თავიანთ სახლებში მიდიოდნენ, ერთმანეთს ფანჯრებიდან უყურებდნენ ხოლმე. განშორებას ვერ იტანდნენ და მამაკაცმა ეს პრობლემა სულ უბრალოდ გადაჭრა - ქალს თავისთან დააწყებინა მუშაობა. ყველაფერს ლამაზად აკეთებდა და ქალთან ურთიერთობაც ძალიან ლამაზად გამოსდიოდა.
პარასკევ საღამოს მასთან მივიდოდა, მოეხვეოდა და ეტყოდა:
- ზღვაში ხომ არ ვიბანაოთ? საბანაო სეზონი ჯერ არაა, მაგრამ მაინც შეიძლება...
მაშინვე შეკრავდნენ ბარგს და 2 დღით ბათუმში მიდიოდნენ... ზღაპარია? სულაც არა!
...და ეს ზღაპარი 1 და 2 წელი კი არა, მთელი 6 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
მათი დაქორწინების საკითხი დღის წესრიგში არასოდეს დამდგარა. უფრო სწორად, ერთხელ მამაკაცმა ჰკითხა, რატომ არ გამოთქვამდა ქალი გათხოვების სურვილს? "მე ერთხელ უკვე ვიყავი გათხოვილი", - უპასუხა ქალმა. მას არაფრის შეცვლა არ სურდა.
რა თქმა უნდა, ის მამაკაცზე ეჭვიანობდა, მაგრამ - ზომიერად... ისიც იმიტომ, რომ ის მომხიბვლელი მამაკაცი იყო და ყოველთვის ქალბატონების ყურადღების ცენტრში ექცეოდა. მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ღალატს ასე იოლად ვერ მოახერხებდა, რადგან გამუდმებით ერთად იყვნენ - დღე და ღამე. ერთმანეთს მშვენივრად ავსებდნენ და სხვა არავინ უნდოდათ.

შესაძლებელია, ამ ყველაფერს იდილია დავარქვათ, თან ის კარგა ხანს გრძელდებოდა.
მეგობრებს ქალის შურდათ... მიიჩნევდნენ, რომ ძალიან გაუმართლა. თვითონაც ასე ფიქრობდა. იმასაც ფიქრობდა, რომ მამაკაციც ბედნიერი იყო მასთან..
იმ ზაფხულს დასასვენებლად, ანტალიაში მთელი თვით გაემგზავრნენ. სიყვარულის დღესასწაული გრძელდებოდა... ქალი მეცხრე ცაზე იყო ბედნიერებისგან. კი არ დადიოდა, დაფრინავდა...
თურქ მამაკაცებს ქერა ქალები მოსწონთ... მამაკაცი ძალზე ეჭვიანობდა, როდესაც ქალის გვერდით უცხოს დაინახავდა ან მის სხეულზე "მოსრიალე" მზერას დალანდავდა. ქალი ამაზე გულიანად კისკისებდა...
ეს იყო სუპერდასვენება, სუპერშვებულება და სუპერურთიერთობა... უკან დაბრუნების დროც დადგა... მამაკაცი 2 დღით უკრაინაში უნდა წასულიყო... ის ანტალიიდან პირდაპირ უკრაინაში გაფრინდა, ქალი - მშობლიურ ქალაქში. ერთმანეთს 28 ივნისს დაშორდნენ. 1-ელ ივლისს კი მამაკაცი ვარდების თაიგულით მის კართან იდგა. ქალს არავითარი ცვლილება არ შეუნიშნავს.
შემდეგი 1 თვეც ჩვეულებრივად გავიდა. მაგრამ მამაკაცმა მივლინებებში მარტო სიარულს მოუხშირა. ადრე ქალი თან დაჰყავდა, ახლა კი 2-3 დღით ქრებოდა და უკან დაბრუნებული, ძველებურად, მონატრებასა და სითბოს ამჟღავნებდა.
შემდეგ ის ღამე დადგა, რომლის მსგავსიც დიდი ხანია, არ ჰქონიათ. მამაკაცი მთელი გრძნობით ეფერებოდა... "თითქოს უკანასკნელი ალერსია", - გაიფიქრა ქალმა და მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მისი ფიქრი სიმართლესთან ასე ახლოს იყო.
- იმ ღამით ჩემთვის ხელი არ გაუშვია. ისე მაგრად მიხუტებდა, თითქოს სურდა, ერთ არსებად ვქცეულიყავით...
დილით, როგორც ყოველთვის, ყავა ლოგინში მიართვა. ქალმა თვალები ძლივს გაახილა. ნახევრად მძინარემ საყვარელ მამაკაცს შესცინა.
- დღეს ქორწილში გეპატიჟები...
- ვის ქორწილში? - ძილისგან გაბრუებული ქალი ნათქვამის არსს ბოლომდე ვერ ჩასწვდა.
- ჩემს ქორწილში.
ამის შემდეგ რა მოხდა, ქალს აღარ ახსოვს. ნაცნობი და უცნობი სახეები ნისლში ცურავდნენ... მეგობრები მოდიოდნენ... ზოგი ქორწილში წასვლას ურჩევდა, ზოგიც პირიქით - კატეგორიულად უკრძალავდა... მის თავში კი ერთი აზრი "ფეთქავდა": "ეს ხუმრობაა... იქნებ, პატარძალი მე ვარ?"
ქალმა ის გააკეთა, რასაც მამაკაცი ალბათ არ ელოდა... მისი ნაჩუქარი და ყველაზე საყვარელი კაბა ჩაიცვა, სალონში წავიდა, თმა მოიწესრიგა, მხნეობისთვის, ერთი მეგობარი იახლა და რესტორანში გამოცხადდა.
პატარძალი სოცრად ლამაზი და საკმაოდ ახალგაზრდა იყო, სიძე - ელეგანტური და მომხიბვლელი... ის ქალთან მივიდა, კისერზე ტუჩებით შეეხო და ჩასჩურჩულა, რომ მის ცხოვრებაში საუკეთესო ქალად დარჩება.
თავიდან კარგად იქცეოდა, მაგრამ ყველაფერი თამადამ აურია. მან მამაკაცს ჰკითხა, ახსოვდა თუ არა ის დღე და ადგილი, როდესაც მომავალი მეუღლე გაიცნო?
მან ენის ბორძიკის გარეშე უპასუხა:
- 28 ივნისი, სტამბოლი-კიევის რეისი...
ქალმა ლამის გონება დაკარგა... მის საყვარელ მამაკაცს მომავალი ცოლი იმ 2 დღეში "უპოვია", როცა ის მის გვერდით არ იყო. 2 დღე, 6 წლის საპირწონედ! ეს წარმოუდგენელია!
რა იყო შემდეგ?
- ...მგონი, ბევრი დავლიე და სასმელი მომეკიდა. შემდეგ მგონი, ბედნიერ პატარძალთან მივედი და ვუთხარი, რომ ქორწილის წინა ღამე მისმა ქმარმა ჩემთან გაატარა... მგონი, ვიღაცამ იდაყვში ხელი მომკიდა და რესტორნიდან გაყვანა დამიპირა; მგონი, ვეწინააღმდეგებოდი, უკან ვიყურებოდი და თვალებით მის მოძებნას ვცდილობდი... მგონი, მოვკვდი...
ამ ამბის შემდეგ 3 წელი გავიდა. ახლა ქალი აღარ ტირის, როცა ამ ამბავს იხსენებს. იქნებ, ცხოვრება გრძელდება?..
თავიდან მამაკაცი მასთან მიდიოდა და სთხოვდა, შინ შეეშვა და საშუალება მიეცა, ყველაფერი აეხსნა.
რის ახსნას აპირებდა? იმის, რომ გონება დაებინდა? თუ იმის, რომ უბრალოდ, ახალგაზრდა ცოლი უნდოდა?
ქალს დაამახსოვრდა, რა გაიფიქრა, როდესაც ახალგაზრდა პატარძალი დაინახა: "24 და 38"...
თავიდან ძალიან სტკიოდა გული, მაგრამ მამაკაცის გამართლებას მაინც ცდილობდა: მას სურვილი გაუჩნდა, ახალგაზრდა ცოლი, ოჯახი და შვილები ჰყოლოდა, ეგ იყო და ეგ...
სწორედ ამიტომ არ მისცა მამაკაცს საშუალება, რაიმე აეხსნა. არ მოუსმინა მას და შინიდან გააგდო. მთელი 6 წლის განმავლობაში მისი ცოლი არ ყოფილა, მაგრამ არც საყვარელი იყო... ის უბრალოდ, საყვარელი ქალი იყო და სხვა "სტატუსი" არც უნდოდა.
მამაკაცი მაინც იქვე იყო... ძნელი იყო ამის გაძლება, რადგან მისი (უფრო სწორად - მათი) ფანჯრები ძველებურად მისას უყურებდა... ბინა გაყიდა და საცხოვრებლად სხვა უბანში გადავიდა.
ახლა ტკივილმა იკლო... დარჩა მხოლოდ იმის შეგრძნება, რომ 6 წლის განმავლობაში ძალიან ბედნიერი იყო... ქალებს შორის ყველაზე ბედნიერი...
მამაკაცის მიმართ სიძულვილის გრძნობა არ გასჩენია. მხოლოდ დარდი და მადლიერების გრძნობა დარჩა იმის გამო, რომ ის მის ცხოვრებაში არსებობდა.
იცის, რომ მათ გოგონა შეეძინათ და ისიც იცის, რომ ერთად აღარ ცხოვრობენ...
ახლა ქალიც მარტოა და მამაკაციც... ისინი სხვადასხვა უბანში ცხოვრობენ და მხოლოდ ხანდახან, ძალიან იშვიათად, ქალის ტელეფონში ისმის: "მე შენ მიყვარხარ".


მარი ჯაფარიძე
ბეჭდვა