სიყვარულის ელექტრონული სქემა
font-large font-small
სიყვარულის ელექტრონული სქემა

ამბავი, რომელიც მარტოხელა მამაკაცებს მოეწონებათ

არ მინდოდა, ასეთ დელიკატურ საკითხზე გამემახვილებინა მისი ყურადღება და შევთავაზე, უბრალო, ელექტრონული სქემის დახმარებით მოგვეხდინა სექსისა და გარყვნილების ერთმანეთისგან გამიჯვნა



ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოვიღე, ზედ მიწერილ მისამართს დავხედე, შემდეგ კარზე მიმაგრებულ ნომერს შევადარე და როცა დავრწმუნდი, სწორ მისამართზე ვიყავი, ზარის ღილაკს თითი მივაჭირე. ზარმა რაღაცნაირი, "ჩახლეჩილი ხმით" დარეკა თუ დაიხრიალა.
ორიოდე წუთი გავჩერდი და როცა მივხვდი, კარის გაღებას არავინ აპირებდა, ისევ დავრეკე. ხრიალი განმეორდა და მალე კარის იქიდან ფეხის ხმაც მომესმა. შემდეგ ზარივით ხრინწიანმა ხმამ იკითხა:
- ვინ არის?
- ბინის თაობაზე ვარ მოსული. თქვენ აქირავებთ ბინას?
- ერთი წუთით, - მიპასუხა და შემდეგ ნაბიჯების ხმა გავიგონე, ოღონდ ახლა ეს ხმა კარს შორდებოდა. კარგა ხნის შემდეგ კარს მიღმა იატაკმა გაიჭრიალა და გავიგონე, როგორ გადატრიალდა გასაღები საკეტში.
ხრინწიანი ხმის პატრონი ტანდაბალი, მოხუცი ქალი აღმოჩნდა, რომელსაც საკმაოდ ექსცენტრიკული გარეგნობა ჰქონდა:
საკმაოდ ღრმად დეკოლტირებული, "მხიარული" ფერებით მოჩითული სარაფანი ეცვა, თავზე გაქუცული შლაპა ეხურა, რომელსაც ხახვის ჩასაყრელი ბადურისგან პირბადე ჰქონდა გაკეთებული. ფეხზე დიდი ფლოსტები ეცვა. მთელ ამ "ანსამბლს" აგვირგვინებდა დიდი დიოპტრიის მინებიანი სათვალე, რომელიც არაბუნებრივად ადიდებდა ქალის თვალებს.
- რა გქვია? - კარის გაღებისთანავე მკითხა ქალმა, რომელსაც რატომღაც, დანახვისთანავე, ტუტსი დავარქვი.
- ლადო, - რაც შეიძლება ხმამაღლა ვთქვი ჩემი სახელი და თან დიასახლისისკენ გადავიხარე, კარგად რომ გაეგონა.
- ნუ ყვირი, ლადო, მშვენივრად მესმის. მოდი და დაათვალიერე ბინა, თუ გინდა.
რამდენიმე წუთი მოვანდომე ბებოს ბინის დათვალიერებას. ზებუნებრივი და უჩვეულო არაფერი შემინიშნავს. ერთადერთი პატარა ოთახი იყო, კიდევ - მოზრდილი მიკროტალღური ღუმლის სიდიდის სამზარეულო და მოცუცქნული სააბაზანო. ოთახში კედლები ფლომასტერით იყო მოხატული. მოხუცმა თქვა, რომ ეს მისი შვილიშვილის ნახელავი იყო, რომელიც ადრე იქ ცხოვრობდა. კედლებზე არსებული ნახატების სიუჟეტებით თუ ვიმსჯელებდი, აშკარა იყო, რომ ბებოს შვილიშვილი სექსუალური "განხრით" ნაადრევად ჩამოყალიბებულიყო.
ვიდრე ნახატებს ვათვალიერებდი, ბებო თავისი ბინის ღირსებებსა და სხვა ბინებთან შედარებით უპირატესობაზე მელაპარაკებოდა.
- გაზი მაქვს! იცი, ეს რას ნიშნავს?!.
თავი დავუქნიე, რადგან ვიცოდი, ბუნებრივი აირი რასაც ნიშნავს.
- არ იცი! გაზი ეს არის ცხელი წყალი მუდმივად!
თავი დავუქნიე. ცხელი წყალი კარგია.
- სარეცხი მანქანა გაქვს?
- არა, არ მაქვს. ყველაფერი მაქვს, მაგის გარდა.
- მე კი მაქვს. სამზარეულოშია, ხომ ნახე წეღან? დენის გეშინია?
ვუთხარი, რომ დენის არ მეშინია, რადგან ცხოვრება ხანდახან დენზე უფრო მეტად "ურტყამს".
- ჰოდა, თუ არ გეშინია, მაშინ შეგიძლია, სარეცხი მანქანა იხმარო. ტელევიზორიც მაქვს და რადიოც, - ტუტსიმ საჩვენებელი თითი მაღლა ასწია, - მაგრამ სჯობია, რადიოს მოუსმინო, ვიდრე ტელევიზორს უყურო. იცი, რატომ?
მოვემზადე ვრცელი ლექციის მოსასმენად იმის შესახებ, რომ ქვეყანა გადაგვარდა და ტელევიზორში მხოლოდ სექსსა და ძალადობას უჩვენებენ. ჩემთვის გასაგებია, რომ როცა კარგი სმენა გაქვს, ხოლო თვალებზე 2 უზარმაზარი "ბატისკაფი" გადევს, რადიოს მოსმენა სჯობია, მაგრამ ყველაფერი თურმე გაცილებით პრაგმატულად აიხსნება: რადიო ცოტა ელექტროენერგიას წვავს!
ბინის დათვალიერებას მოვრჩი და გავიფიქრე, რომ უკეთეს ვარიანტს ჯერჯერობით ვერც ვინატრებდი. მთავარი - თავისუფლებაა, რომელიც გუშინ დილით ჩემმა, ახლა უკვე ყოფილმა ცოლმა მომანიჭა. ახლა ამ 12 კვადრატულ მეტრ ფართობს ავითვისებ და მერე ვნახოთ...
- რა ღირს თქვენი "აპარტამენტები"? - ვკითხე ტუტსის.
- 150 ამერიკული დოლარი, - სათვალის ზემოდან გადმომხედა ბებომ.
- ცოტას არ დაუკლებ? - შევევაჭრე ყოველი შემთხვევისთვის.
- სტუდენტი ხარ?
- არა. რატომ მეკითხებით? - შევუბრუნე კითხვა.
ტუტსიმ საჭიროდ არ მიიჩნია, ჩემი სოციალური სტატუსის შესახებ თავისი ვერსია აეხსნა, ხელი ჩაიქნია და ფასის დაკლებას დამთანხმდა:
- კარგი, 120 დოლარი იყოს... ოღონდ, 1 თვის ფული წინასწარ მომეცი.
120-მა დოლარმა ჩემი ჯიბიდან მის მუჭში გადაინაცვლა და წასვლის წინ ბებომ ბოლო ინსტრუქტაჟიც ჩამიტარა.
- მაშ ასე, სარეცხი მანქანის შესახებ გითხარი... კატის შესახებ არ მითქვამს.
- რომელი კატის შესახებ? - გამიკვირდა.
- ნებისმიერი კატის შესახებ... აქ კატის შემოყვანა არ შეიძლება: კატებს ვერ ვიტან.
ტუტსი დავამშვიდე, რომ კატები არც მე მიყვარს... ნუ, შეიძლება, ხანდახან რომელიმე ფისუნიამ შემოირბინოს, მაგრამ მხოლოდ ერთი ღამით ან რამდენიმე საათით და ეგაა.
ბებო უკვე ზღურბლთან იყო მისული, რომ უკან მობრუნდა და გამაფრთხილა:
- დაიმახსოვრე: ბევრი ელექტროენერგია არ დახარჯო!???
თავი დავუქნიე. რად მინდა დენი?! სიბნელეშიც მშვენივრად ვიგრძნობ თავს, არც სანახავია რამე, გარდა კედელზე შესრულებული ნახატებისა.

სახლში მოვშინაურდი, ფანჯრიდან ხედს გავხედე, დივანზე წამოვწექი... მერე მოვიწყინე... რა უნდა გააკეთოს მარტოხელა მამაკაცმა შაბათს საღამოს? რა და... გარეთ უნდა გავიდეს, კარგი გოგო გაიცნოს და შინ მოიყვანოს. ჰოდა, ამ გეგმის განხორციელებას სასწრაფოდ შევუდექი. თუმცა ტუტსისთან ლაპარაკმა ბევრი დრო დამაკარგვინა და როდესაც ბარში მივედი, აღმოჩნდა, რომ იქ ყველა კარგი გოგო უკვე დაკავებული იყო - სხვა მარტოხელა მამაკაცებს დაესწროთ ჩემთვის. ცოტა ხნით ბარის "სტოიკასთან" ჩამოვჯექი, რამდენიმე ჭიქა ვისკი დავლიე, ქალთა დარჩენილ კონტინგენტს თვალი გადავავლე და ჩემი უეცარი და მოულოდნელი გათავისუფლების აღნიშვნა სხვა დროისთვის გადავდე. ყოველი შემთხვევისთვის, მაღაზიაში შევიარე, 1 კოლოფი სიგარეტი და 1 ბოთლი ვისკი ვიყიდე და ვინაიდან გაზაფხულის თბილი საღამო იყო, სახლამდე ფეხით გავლა გადავწყვიტე.
სახლთან მისულმა გაჩერებაზე, მერხზე მჯდომი გოგონა შორიდანვე შევნიშნე. ნაბიჯი შევანელე და გოგონას გავუსწორდი... თუმცა მას რომ ჩემთვის არ შემოეხედა, ალბათ არ შევჩერდებოდი და ისე გავივლიდი. გოგონას თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე და სლუკუნებდა.
ვის შეუძლია, ქალის ცრემლებს გულგრილად უყუროს?! პირადად მე, ნამდვილად, არ შემიძლია. ამიტომ მივუახლოვდი და მის გვერდით ჩამოვჯექი.
- გაბრაზებული ხართ? ვინმემ გაწყენინათ?.. ხომ არ გაგაცილოთ?.. რაიმეთი დაგეხმაროთ?..
მე კითხვებს ვუსვამდი, გოგონა კი ხან თანხმობის ნიშნად, თავს მიკრავდა, ხან უარყოფის ნიშნად, აქეთ-იქით იქნევდა. ჰოდა, ასეთი "დიალოგი" გამოგვივიდა: "გაბრაზებული ხართ?" - დიახ, "ვინმემ გაწყენინათ?" - დიახ, "ხომ არ გაგაცილოთ?" - არა. "რაიმეთი დაგეხმაროთ?" - რაღაც, გაურკვეველი მოძრაობა გააკეთა თავით, რომელიც ასე "გადავთარგმნე": "სცადე".
ბოლოს და ბოლოს, მომწყინდა ეს ყველაფერი და პირდაპირ ვკითხე:
- წასასვლელი არსად გაქვთ?
ისეთი თვალებით შემომხედა, მივხვდი, წასასვლელი არ ჰქონდა. კიდევ, იმასაც მივხვდი, რომ მართალია, მისი გარეგნობა თვალში საცემი არ იყო, მაგრამ თუ დააკვირდებოდი, მშვენიერი გოგონა გახლდათ. თან რაღაცნაირად, ძალიან ახლობელი მომეჩვენა. ყოველგვარი "სხვა" და "ისეთი" აზრის გარეშე შევთავაზე, ჩემთან წამოსულიყო. დამთანხმდა.
ლელა სამზარეულოში შემომყვა და იმ ერთადერთ ტაბურეტზე ჩამოჯდა, რომელიც საგანგებოდ მისთვის დავტოვე, მე კი სარეცხი მანქანაზე ჩამოვჯექი, მაგრამ სადენი წინასწარ გამოვაძვრინე შტეფსელიდან.
მოვატყუე ტუტსის... დენის მხოლოდ ელექტრიკოსებს არ ეშინიათ, მე კი "ელექტრიკი" არ ვარ... ქურთუკის ჯიბიდან ვისკი ამოვიღე და ლელას შევთავაზე. უარი არ უთქვამს. 2-3 ჭიქა ისე დავლიეთ, მნიშვნელოვანი არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. შემდეგ ჩემს ახალ ნაცნობს ლოყები აუწითლდა და ჩემი ნაქირავები ბინის ინტერიერის ყველა დეტალის მიმართ ჯანსაღ ინტერესს ამჟღავნებდა.
- ეს შენ დახატე? - მიმითითა კედელზე შესრულებულ ნახატზე.
- არა, ეს ჩემმა "ყოფილმა" დახატა, - მოვატყუე.
ლელამ უნდობლად შემომხედა. მისი თვალები ძალიან მომეწონა. არ დაიჯერა და ნუ დაიჯერა. დღეს არავის მოტყუებას არ ვაპირებ. უბრალოდ, ვხუმრობ და ვნახავ, რა გამოვა. ლელა ყურადღებით აკვირდებოდა ნახატებს.
- იტყუები: ამ ნახატებზე სექსი კი არა, გარყვნილებაა გადმოცემული. ამას ქალი ვერ დახატავდა; დარწმუნებული ვარ, შენი დახატულია და აღიარე.
- რა განსხვავებაა სექსსა დ გარყვნილებას შორის? - დავინტერესდი მისი შეხედულებით.
- მე რატომ მეკითხები? შენი ნახატებია და შენ ამიხსენი, რომელზეა გადმოცემული სექსი და რომელზე - გარყვნილება.
- ლელა, მე ხატვა არ მეხერხება. მე "ელექტრიკი" ვარ. შემიძლია, ელექტროსქემა დავხაზო. გინდა?
- არ მინდა, იმიტომ, რომ მატყუებ.
"ნუ დაიჯერებს, რა ვქნა? ისიც კარგია, რომ თავისი სადარდებელი დაავიწყდა და აღარ ტირის". ეს გავიფიქრე თუ არა, ეტყობა, თვალი ეცა - მაშინვე გუნება გაუფუჭდა. ნახატების თვალიერება მოსწყინდა და სამზარეულოში დაბრუნდა.
- კიდევ დამისხი.
- ახლა დათვრები... ხვალ კი სახეზე შეგეტყობა, რომ ნაბახუსევი ხარ - თვალები ჩაგიშავდება და ცხვირიც გაგიწითლდება, - გავაფრთხილე, ყოველი შემთხვევისთვის.
- და რატომ გგონია, რომ დილითაც მნახავ? - მკითხა ლელამ.
არ მინდოდა, ასეთ დელიკატურ საკითხზე გამემახვილებინა მისი ყურადღება და შევთავაზე, უბრალო, ელექტრონული სქემის დახმარებით მოგვეხდინა სექსისა და გარყვნილების ერთმანეთისგან გამიჯვნა.
- კარგი, ვცადოთ, - დამთანხმდა.
- წარმოიდგინე, რომ ელექტრობაში არსებობს "ნული" და "ფაზა". როდესაც "ფაზა" და "ნული" ერთ შტეფსელშია, ეს სექსია... თუ გინდა, ამას სიყვარული დავარქვათ ანუ - ელექტრობა... ხომ არსებობს ასეთი გამოთქმა: მათ შორის ნაპერწკალი გაკრთაო?! ჰოდა, ესაა სწორედ, რასაც ახლა გეუბნები: "ფაზა" და "ნული" თითქოს სხვადასხვაა, მაგრამ როდესაც ერთად არიან, ნამდვილი სასწაული ხდება - ნათურები ინთება, ძრავები ამოქმედდება და ა.შ. ეს გასაგებია, ხომ?
ლელამ მთხოვა, სასმელი კიდევ დამესხა. ჭიქები შევავსე. ერთმანეთს მივუჭახუნეთ და ელექტროენერგიის, სიყვარულისა და სექსის სადღეგრძელო დავლიეთ.
- გარყვნილებაზე რას იტყვი? - მკითხა ლელამ.
- გარყვნილება მაშინაა, როცა ორი "ნული" ერთადაა ან - ორი "ფაზა", - ვპასუხობ.
- რას გულისხმობ - გეებს?
- ნუ, არ მინდა, ასე გავაუბრალოო ყველაფერი, თუმცა, რასაც შენ გულისხმობ, მე ეგ გარყვნილებად მიმაჩნია. მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია. საქმე სხვა გახლავს: როცა ორი "ნულია", არაფერი ინთება და არაფერი ბრუნავს, ამიტომ, ელექტროენერგიასაც ვერ ვიღებთ. არც სექსია ამ დროს და სიყვარულზე ხომ აღარაფერს ვამბობ. მიუხედავად ამისა, მათ ერთ შტეფსელში ყოფნა არ შეუძლიათ - იმ შტეფსელში, სადაც სიცოცხლე არაა, რადგან ელექტრონები არ მოძრაობს. ამ შტეფსელში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თითი შეყოს...
- გასაგებია. ორ "ფაზაზე" რას იტყვი?
- ორი "ფაზაც" - გარყვნილებაა, რადგან როცა ორი "ფაზა" ერთადაა, ისინი ერთმანეთს, შტეფსელსა და ყველაფერს წვავენ, რაც გზაზე შეხვდება. იქ არაა სიყვარული და ამას ვერც ელექტროენერგიას დაარქმევ. ეს კატასტროფაა, ხანძარია, ვნებაა...
- ჰოდა, რადგან ვნებაა, გამოდის, სიყვარულიც ყოფილა?! - იმედიანი თვალები შემომანათა ლელამ.
- სიყვარული დამანგრეველი არასოდეს იქნება - ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ ვნებას ყოველთვის სიყვარულს ვერ ვუწოდებთ. აქედან გამომდინარე, ვნება არის გარყვნილება.
ჭიქები ისევ შევავსე და ვნებისა და გარყვნილების სადღეგრძელო დავლიეთ.
- სულ ესაა? - მკითხა ლელამ. მივხვდი, რომ საუბრის შეწყვეტა არ უნდოდა. არც მე მინდოდა და ამიტომაც განვაგრძე:
- არა, შეიძლება, სხვადასხვა ვარიანტიც განვიხილოთ. მაგალითად, ორი "ფაზა" და ნული, ან სამი "ფაზა" და ნული.
ლელამ ხელი აიქნია.
- ეს უკვე ნამდვილად გარყვნილებაა!
- საიდან მოიტანე?! მომისმინე, ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, როდესაც ორი ან სამი "ფაზა" და ნულია, ელექტროენერგიას ვიღებთ და ასეთი ენერგიით გაცილებით დიდი ძრავების ამუშავებაა შესაძლებელი. მაგრამ მე შენთვის ჯერ არ მითქვამს, რომ კიდევ არსებობს "მიწა".
ლელამ აზრის დასრულების საშუალება არ მომცა. მივხვდი, რომ ის სიყვარულში დამატებითი ფაზების არსებობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ჩემ მიერ აგებული სიყვარულის ელექტრონული სქემა თვალსა და ხელს შუა იშლებოდა. ლელა ისე გაერთო ამ ყველაფრით, რომ ხელი ჩამავლო, ოთახში გაყვანა მომინდომა და თან მთავაზობდა, გვენახა, რომელ შტეფსელში იყო "სიყვარული" და რომელში - არა. მე ვიუარე, მაგრამ ის არ მეშვებოდა და ხელჩაკიდებულს მიმათრევდა. უეცრად, ძირს დაგებულ ნოხს ფეხი წამოვკარი და იატაკზე გავიშხლართე. ლელამაც თავი ვერ შეიკავა და ზემოდან დამეცა. მისი გაბუსხული ტუჩები ჩემს ტუჩებთან აღმოჩნდა, სულ ახლოს იყო... მისი ჩამოშლილი თმა კი სახეზე მელამუნებოდა.
თავი ხელში ავიყვანე და ჩუმად ვთქვი:
- ჩემო პატარავ, შენ ძალიან მთვრალი ხარ.
ლელა სწრაფად წამოდგა, ტანისამოსი ჩამოიფერთხა, სამზარეულოში გავიდა და ტაბურეტზე დაჯდა. მე კი ასე, იატაკზე მჯდარი ვუყურებდი.
ლამაზი გოგოა, მე კი - ნამდვილი იდიოტი.
ლელამ ბოთლში დარჩენილი სასმელი ჭიქებში ჩამოასხა, იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო, ნიკაპი ხელისგულზე ჩამოდო და შემომხედა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთს ვუყურებდით. როგორც იქნა, სიჩუმე დაარღვია:
- შენ ხომ ასეთი ჭკვიანი ხარ და სიყვარულისა და გარყვნილების შესახებ ყველაფერი იცი? ჰოდა, მაშინ რატომ ხარ მარტო? ზიხარ აქ და იმ თემებზე ლაპარაკობ, რაზეც წარმოდგენა არა გაქვს.
- უბრალოდ, მე ჩემი "ფაზა" ვერ ვიპოვე - ესაა და ეს. მე "ნული" ვარ, ლელა, "მუშა სადენი" ვარ და მე ვიღაცამ უნდა ამანთოს, ჩემ შიგნით ელექტრონები გაატაროს. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი ერთსა და იმავე შტეფსელში, ჩემნაირ "ნულთან". შემდეგ გადავწყვიტე, "ფაზა" გავმხდარიყავი, რომ მდგომარეობა გამომესწორებინა, მაგრამ სწორედ იმ დროს, როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, ჩემს შტეფსელში არსებულმა "ნულმაც" "ფაზად" გადაქცევა გადაწყვიტა და ორივე გადავიწვით. ახლა ცალ-ცალკე ვიფერფლებით: მე აქ ვარ, ის - იქ. ხოლო იმის შესახებ, თუ ვის რაზე არა აქვს წარმოდგენა, გეტყვი: შენ ტირილ-ტირილით რომ დადიხარ შუაღამისას...
- თქვი, თქვი, დაასრულე ერთი!.. - თითქოს დამემუქრა და თავი გააქნია.
იატაკიდან ავდექი, ჩემი ჭიქა ავიღე და სასმელი გადავკარი.
- ახლა შენ მაგრად უნდა მიიტყიპო, საყვარელო... უბრალოდ, კაცი უნდა ადგეს და მიგტყიპოს... ისიც კრეტინია, ვინც შენ სახლიდან გამოგაგდო, მაგრამ შენ მაინც მისატყეპი ხარ.
- არავის გამოვუგდივარ, მე თვითონ წამოვედი. მეც "ფაზასთან" დაკავშირებული პრობლემა მქონდა.
არ ვიცოდი, რა მეთქვა. ავდექი და ვუთხარი:
- ადექი ახლა, შენს "ფაზასთან" გაგაცილებ, თორემ თუ ახლა არ წახვალ... - სიტყვა შუაზე გავწყვიტე და გავჩუმდი.
- თუ არ წავალ - რა?
- თუ არ წახვალ, მაშინ ავდგები და მიგტყეპ... ახლა და აქვე - იმისთვის, რომ შუაღამისას გარეთ აღარ იხეტიალო და წესიერ ადამიანებს სიმშვიდე არ დაურღვიო.
შევნიშნე, რომ ტუჩები აუთრთოლდა და თვალები ისევ ცრემლით აევსო. ადგა, შემოსასვლელი კარისკენ წავიდა, მერე შემობრუნდა და მითხრა:
- ნამდვილი იდიოტი ხარ!

შემდეგ კარის გაჯახუნების ხმაც გავიგონე. ისევ სარეცხი მანქანაზე ჩამოვჯექი. მგონი, ლელა მართალი იყო: ნამდვილი იდიოტივით მოვიქეცი. ის მაინც შემეძლო, რომ გამეცილებინა და ამ შუაღამისას მარტოს არ ეხეტიალა.
ალბათ ჩემი "ყოფილიც" მართალია: რამდენ ხანს უნდა ელოდოს, ვიდრე მუშა სადენი ელექტრონების გატარებას დაიწყებს - 1 წელი, 2 თუ 10? ან იქნებ, მთელი ცხოვრება?.. ასეთ შემთხვევაში, სჯობია, გადაიწვას.
დღევანდელი დილა და ტუტსი გამახსენდა. აი, ეს ქალი "ბედნიერების ფორმულაა". თვითონაა "ფაზაც" და "ნულიც". მთავარია, რომ ელექტროენერგია დიდი რაოდენობით არ დახარჯოს, რადგან ეს არაპრაქტიკულია, ძვირი ჯდება და არავის სჭირდება. არავის!
დივნამდე ძლივს მივლასლასდი. არ მეძინებოდა. სიამოვნებით დავლევდი რაიმე "გრადუსიანს" და უგონოდ დავთვრებოდი. დავივიწყებდი სექსსაც, სიყვარულსაც და, ბოლოს და ბოლოს, მივხვდებოდი, რომ ბუნებაში არც ერთი არ არსებობს. დავივიწყებდი ვნებასაც, რომელიც სექსისა და სიყვარულის შესახებ დაწერილ წიგნებში არსებობს. მხოლოდ ელექტროენერგიის შესახებ მემახსოვრებოდა, რომელიც ნამდვილად არსებობს და რომელსაც შეუძლია, მოგკლას!
სამზარეულოში გავედი და სარეცხი მანქანის წინ გავჩერდი. დავიხარე და იატაკიდან სადენი ავიღე.
აი, არსებული სიტუაციიდან მშვენიერი გამოსავალი ვიპოვე! სადენი გამოვწიე, დავიხარე და შტეფსელის ძებნა დავიწყე. ტუტსის ალბათ არ გაუხარდება... თუმცა ფული უკვე წინასწარ მაქვს გადახდილი, ის კი ბინას ხელახლა გააქირავებს და ვიღაცას მაინც მოვუტან სარგებლობას.
არც გამიგონია, ის როგორ შემოვიდა და მომიახლოვდა. მოულოდნელობისგან შევხტი, როდესაც ხელები მხრებზე დამადო. თითქოს დენმა დამარტყა. თვალები დავხუჭე და სადენი ხელიდან გამივარდა. ის კი ფეხის წვერებზე აიწია და ყურში ჩამჩურჩულა:
- სად აპირებდი ჩემს მიტყეპვას?
- აქ, სარეცხი მანქანაზე, მაგრამ დენი გადმოდის... - ხელები წელზე შემოვხვიე და სარეცხის მანქანაზე დავსვი...
- მაშინ მიდი, ჩართე!


მარი ჯაფარიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
26.08.2015
ძაან მაგარია
XXX
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ღამღამობით სახეს ბალიშში რგავდა, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა ქალის სხეულისა და თმის სურნელი


კედლისკენ იყო გადაბრუნებული და შპალერის უზორს თითს აყოლებდა...
არაფერზე ფიქრობდა გარდა იმისა, რომ თითი ზუსტად გაეყოლებინა და ხაზებს არ ასცდენოდა...
ტელეფონის წკრიალმა დაუფრთხო სიმშვიდე...
მესიჯის ზარს ბოლომდე აცადა მიჩუმება და მერე გახსნა...

მამაკაცები ძვირად ღირებულ მანქანებს იმიტომ ყიდულობენ, რომ მამაკაცური სისუსტე და უძლურება დამალონ



მის გარეშე თავს გაცილებით მშვიდად და უკეთ ვგრძნობდი. როცა დაბრუნდა, შევთავაზე, ერთმანეთს დავშორებოდით. მაშინვე დამთანხმდა. როგორც ჩანს, ისიც უჩემოდ უფრო კარგად გრძნობდა თავს.


ვეჩვევი ქალებს, რომლებთანაც სექსი მქონდა. მათ უცხოდ ვერ აღვიქვამ. როდესაც რომელიმე მათგანი სადღაც გადაიკარგება, არ დამირეკავს ან ინტერნეტში არ შემეხმიანება, განვიცდი და ვნერვიულობ


მის საყვარელ მამაკაცს მომავალი ცოლი იმ 2 დღეში "უპოვია", როცა ის მის გვერდით არ იყო. 2 დღე, 6 წლის საპირწონედ! ეს წარმოუდგენელია!
მგონი, ბევრი დავლიე და სასმელი მომეკიდა. შემდეგ მგონი, ბედნიერ პატარძალთან მივედი და ვუთხარი, რომ ქორწილის წინა ღამე მისმა ქმარმა ჩემთან გაატარა...

მარჯვენა ხელის არათითზე ორ საქორწილო ბეჭედს ვატარებ. მე ორივეს მაგივრად ვცხოვრობ. სიკვდილი მინდოდა, მაგრამ ცოცხალი დავრჩი

ნამდვილ ამბავზე აგებული, ძალიან სევდიანი ნოველა (ემოციური ადამიანებისთვის არაა რეკომენდებული)

ფრთები მომიტანე? ხომ შემპირდი, რომ დაბადების დღეზე ფრთებს მიყიდდი? მაშინ, მაღაზიაში რომ ვნახეთ, გახსოვს?


ალეკო, საქმე მაქვს, უნდა ვიმუშაო, ცოტა მოგვიანებით დავქორწინდეთ


მამაკაცი სოფიოს გაცნობისთანავე მიხვდა, რომ ეს ის ქალი იყო, რომელიც მას სჭირდებოდა, რომ ის არასოდეს დაუკიდებდა ყურმილს, არ ატეხდა დებოშს ქმრის დაგვიანების გამო...

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი