შენი და ჩემი თუ ჩვენი?
font-large font-small
შენი და ჩემი თუ ჩვენი?

მის გარეშე თავს გაცილებით მშვიდად და უკეთ ვგრძნობდი. როცა დაბრუნდა, შევთავაზე, ერთმანეთს დავშორებოდით. მაშინვე დამთანხმდა. როგორც ჩანს, ისიც უჩემოდ უფრო კარგად გრძნობდა თავს.



- მაკა, - სამზარეულოდან მისი ხმა მომესმა, - შაქარი სად გვაქვს?
საბოლოოდ გამოვფხიზლდი.
მერე საძინებლის კარზე კაკუნის ხმა გაისმა, რამდენიმე წამის შემდეგ კარი ლევანმა შემოაღო და თავი შემოყო.
- შაქარი გვაქვს?
"გვაქვს"...
სიტყვები "გვაქვს", "ჩვენი" - თითქმის 1 თვეა, ჩემი და ლევანის ლექსიკონში აღარ არსებობს. ახლა არსებობს მხოლოდ "ჩემი" და "შენი"...
ჩვენ გავიყარეთ...
- ჩემი შაქარი, მაცივრის ზემოთ რომ კარადაა, იქ დევს, თაროზე, შეგიძლია, აიღო, - ვუპასუხე და გავიზმორე.
მეზობლებთან მეგობრობა აუცილებელია.
- აჰა, გასაგებია, გმადლობთ, - ლევანმა კარი გაიხურა.
დროა, ავდგე და სამსახურში წასასვლელად მოვემზადო.
სამზარეულოდან ბრახუნის ხმა მოისმა. როგორც ჩანს, რაღაც მძიმე გადმოვარდა და ძირს დაეცა.
- ვერ ვიპოვე, - ისევ შემოაღო კარი.
სახეზე მრისხანე გამომეტყველება მივიღე, ფეხები ფლოსტებში ჩავყავი და სამზარეულოსკენ წავედი. რაღა თქმა უნდა, საშაქრე მაგიდაზე იდგა. ლევანს წარბიც არ შეუხრია. შაქარი ყავაში ჩაიყარა, გაზეთს ხელი დაავლო და მაგიდასთან მოხერხებულად დაჯდა. მე სააბაზანოში შევედი.
ძალიანაც სწორად მოვიქეცი, რომ გავცილდი!
- დღეს გვიან მოვალ, - გამაფრთხილა ლევანმა. ფოთიდან მომავალ მანქანას უნდა დავხვდეთ.
მინდოდა, მეთქვა, რომ აღარ მაინტერესებს, როდის დაბრუნდება შინ, მაგრამ ვეღარ მოვასწარი: ლევანმა კარი გაიხურა და წავიდა.
როცა საჭესთან ზიხარ და სწრაფად მიქრიხარ, მაშინ რადიოს მოსმენას არაფერი ჯობს. შეგიძლია, ფანჯრები ბოლომდე ასწიო და შენც იმღერო... მით უმეტეს, თუ საცობში დგახარ...
ტელეფონმა დარეკა.
- მე ახალი ამბავი ვიცი, - მითხრა მეგობარმა, რომელიც 3 თვე გერმანიაში იყო და ამ დილით დაბრუნდა, - შენ ქმარს გაშორდი!
ვუპასუხე, რომ ეს ახალი ამბავი მეც ვიცოდი.
- ნამდვილად, სულელი ხარ, მაგრამ ეს მოვლენა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ!
ნინო ნამდვილი "ქალი-დღესასწაულია". გიჟდება, როცა რაიმე მოვლენას, როგორც დღესასწაულს, ისე აღნიშნავს.
- შენი ახალი ცხოვრების დასაწყისს ხვალ აღვნიშნავთ თუ დღეს? - არ მეშვებოდა ნინო.
- პარასკევს ჯობია.
- არა, პარასკევი შორსაა. ხვალ აღვნიშნოთ. დილით დაგირეკავ.
- ხვალამდე არ მნახავ? მომენატრე, - ვუთხარი, მაგრამ მას ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა.
საცობის გამო სამსახურში დამაგვიანდა. შეფი ჩემს კაბინეტში ბოლთას სცემდა.
- რა კარგია, რომ მაინც გადაწყვიტე, სამსახურში შემოგევლო... - ირონიულად გამიღიმა და ხელები ისე გაშალა, თითქოს ჩემს ჩახუტებას აპირებდა.
როცა დამნაშავე ხარ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიმჩნიო, რომ ნერვიულობ და დანაშაულს აღიარებ. ისეთი სახე უნდა მიიღო, თითქოს არაფერი მომხდარა.
- საცობში ვიყავი, - ჩავიბურტყუნე.
ჩემს მაგიდაზე გუშინ ჩაბარებული ანგარიში იდო. საქმე ცუდადაა... საქმე ცუდადაა...
შეცდომა, რომელიც ანგარიშში იყო დაშვებული, ჩემი განყოფილების თანამშრომლების ბრალია...
შეფი მთელი ნახევარი საათის განმავლობაში "ლექციას" მიკითხავდა. შემდეგ მიბრძანა, რომ შეცდომა 2 საათამდე უნდა აღმომეფხრა. კაბინეტის კარი გაიჯახუნა და გავიდა.
2 ვარიანტი მქონდა: პირველი - უნდა შევსულიყავი განყოფილების გოგონებთან და ისე უმოწყალოდ მოვქცეოდი, როგორც შეფი მე მომექცა. ისინი შეშინებული თვალებით დამიწყებდნენ ყურებას და შემდეგ 2 საათამდე გონზე მოსვლას მოანდომებდნენ... ამიტომ, სხვა გზას ავირჩიე - მეორე ვარიანტს გამოვიყენებ, კოდური სახელწოდებით - "კონსტრუქციული". ახლა წავალ, მათთან შევალ, მაგრამ არ ვეტყვი, რომ სულელები არიან. საყვედურსაც არ ვეტყვი. წყნარ და მშვიდ ვითარებაში დავსხდებით და ერთად გადავწყვეტთ, როგორ გამოვასწოროთ შეცდომა. თუმცა დაჯარიმებას ვერ გადაურჩებიან... უყურადღებობის გამო ხელფასის მცირე ნაწილის დათმობა მოუწევთ.
ზაფხულის 2 თვე ისე სწრაფად გავიდა, ვერც გავიგე. დიდი ხანია, შევნიშნე, რომ ზაფხულის დადგომით სიხარულის განცდას ვერც ვასწრებ, ისე მთავრდება ხოლმე. სამაგიეროდ, ზამთარი იჭიმება და იჭიმება... მხოლოდ აგვისტოში გამომიჩნდა 3 თავისუფალი დღე და სასწრაფოდ გავემგზავრე ბაზალეთზე. შეფმა თავისთან გამომიძახა და მიბრძანა, რომ დამესვენა. ზუსტად ასე მითხრა: "3 დღე გაქვს და შეგიძლია, დაისვენო". აი, ამიტომ მიყვარს ჩემი შეფი. ყველაფერს ადამიანურად უდგება და არავითარ შემთხვევაში არ გაიძულებს, ოფისში იჯდე, თუ საქმე არ გაქვს.
ჰოდა, მთელი 3 დღე თავისუფალი ვიყავი და ამ თავისუფლებით ვტკბებოდი. მეორე დღეს ნინომ ჩამომაკითხა.
- რაო, სიხარულო, მოგწონს თავისუფლება? - მკითხა, როდესაც ტბის პირას ვირუჯებოდით.
- არც ისე, - ვაღიარე.
- ნუთუ?!
- რა ვიცი, - სასხვათაშორისოდ ვუპასუხე, რადგან ამ თემაზე ლაპარაკი არ მსიამოვნებდა.
ერთ დროს მე და ლევანი თავს ბედნიერად ვგრძნობდით. დროს ერთად ვატარებდით და ერთმანეთთან ყოფნის სურვილს ვერ ვიკლავდით. როცა დავქორწინდით, მაშინაც ძალიან კარგად ვიყავით. ერთად ვიპყრობდით ახალ-ახალ მწვერვალებს. ბინა ვიყიდეთ, ავტომობილი ჯერ - მისთვის, შემდეგ - ჩემთვის. მოგზაურობა გვიყვარდა და ხშირად დავდიოდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. შემდეგ ლევანი დააწინაურეს და ძალიან გამიხარდა, რადგან ის ამას იმსახურებდა. თანაც, მან წინასწარ არაფერი იცოდა. თანამდებობა მოულოდნელად შესთავაზეს და პატარა ბავშვივით გაიხარა. მაშინვე მაღაზიები მოვიარეთ, რადგან ახლა მას უკვე თეთრი პერანგები, პიჯაკი და ჰალსტუხები სჭირდებოდა.
ამის შემდეგ სრულიად სხვა ცხოვრება დაიწყო. ის შინ ბრუნდებოდა, მაკოცებდა, ივახშმებდა და ან ტელევიზორს უყურებდა, ან ინტერნეტში დაძვრებოდა. ისე იქცეოდა, თითქოს ვეღარც მამჩნევდა.
- ასე სტრესს ვიხსნი, - მეუბნებოდა ხშირად.
"კარგი, - გავიფიქრე მაშინ, - სტრესი მავნებელია და დაე, მოიხსნას. დრო მოვა და ეს ყველაფერი დასრულდება". თურმე ვცდებოდი. მისი სტრესი უსასრულობამდე გაიწელა. თითქმის აღარ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. მე მას აღარ ვჭირდებოდი... ერთხელ 3 დღით რაიონში გაემგზავრა და აღმოვაჩინე, რომ მისი დაბრუნება არ მინდოდა. მის გარეშე თავს გაცილებით მშვიდად და უკეთ ვგრძნობდი. როცა დაბრუნდა, შევთავაზე, ერთმანეთს დავშორებოდით. მაშინვე დამთანხმდა. როგორც ჩანს, ისიც უჩემოდ უფრო კარგად გრძნობდა თავს.
ვერ ვიტყვი, რომ ამ "ეპოქალური მოვლენების" შემდეგ ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. უბრალოდ, ახლა საუზმეს აღარ ვამზადებ და დილაობით 15 წუთით მეტი მძინავს. საღამოს არ ვფიქრობ - "რა უნდა გავაკეთო ვახშმად?" - და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. აღარავის ვეკითხები - "რა გეგმები გაქვს შაბათ-კვირისთვის?" - და შემიძლია, ის ვაკეთო, რაც თავში მომივა.
საღამოობით, ტელევიზორს აღარ მივუჯდები ხოლმე ქმართან ერთად და ნერვები აღარ მეშლება იმის გამო, რომ ერთი არხიდან მეორეზე "დახტის"; და კიდევ - ის აღარ მკოცნის წასვლისას და დაბრუნებისას.
დიახ, დიახ, მე თვითონ მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო. მაგრამ მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი მტკივნეული იქნებოდა. ცხოვრება წვრილმანებისგან შედგება, რადგან მნიშვნელოვანი მოვლენები არც ისე ხშირად ხდება, წვრილმანები კი - ყოველდღე.
ღამით ლევანი ფოთში წავიდა. დილით სამზარეულოში ჩემი საყვარელი გვირილების თაიგული და ღია ბარათი დამხვდა: "გილოცავ ქორწინების 5 წლისთავს". გული ისე მომეწურა, ლამის ლობიოს მარცვლისოდენა გამიხდა. ხმამაღლა ტირილი მომინდა.
ლევანმა ეს განგებ გააკეთა. აბა, სხვა რა უნდა მეფიქრა?! წინა წლებში არ გახსენებია ჩვენი ქორწინების წლისთავი. ის კი არა და, კარგად უნდა დაფიქრებულიყო, ჩემი დაბადების დღე რომ გაეხსენებინა. ალბათ უნდა დავურეკო და მადლობა გადავუხადო...
"ნომერი, რომელიც თქვენ აკრიბეთ, დროებით გამორთულია"...
რამდენიმე დღის შემდეგ, სამსახურიდან დავბრუნდი თუ არა, რომ ტელეფონმა დარეკა.
- თუ შეიძლება, ლევანს სთხოვეთ... - ქალის ხმამ იკითხა.
აი, ეს მესმის! ლევანს შინ იშვიათად ურეკავენ. მხოლოდ მშობლები თუ მოიკითხავენ. მან თვითონ დააყენა საკითხი ისე, რომ შინ არავის უნდა დაერეკა.
- ლევანი არ გახლავთ, - ვუპასუხე. - გადავცე რამე?
- არა, იყოს, - თქვა "ყურმილმა" და გაითიშა.
უცნაური, უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. ნინო... აი, ვინ მჭირდება ახლა მე!.. მისი ნომერი ავკრიბე.
- აბა, რა გეგონა?! - ნიშნის მოგებით მითხრა ნინომ, როდესაც ბოლო მოვლენა დაწვრილებით მოვუყევი.
- რა? - ვერ გავიგე, რისი თქმა უნდოდა.
- თქვენ ხომ ერთმანეთს დაშორდით! ის ახლა თავისუფალია. რასაც უნდა, იმას გააკეთებს, ვისაც უნდა, იმას შეხვდება და ვისთანაც უნდა, იმასთან დაწვება. შენ არაფერ შუაში ხარ და ის სულაც არაა ვალდებული, ანგარიში ჩაგაბაროს.
ვდუმდი... ვისთანაც უნდა, იმასთან დაიძინებს?!
- დაგეძინა? - აზრი გამაწყვეტინა ნინომ. - თუ გული წაგივიდა?
- აქ ვარ...
არ გინდა ეს სამგლოვიარო ტონი, რა!.. თავი ხელში აიყვანე.
- უჰუ...
- უჰუ კი არა, ნამდვილი სულელი ხარ, - ამოიოხრა ნინომ.
პასუხად ისევ მწარედ ამოვიოხრე.
- შენ რა გეგონა, როგორც კი ეტყოდი, ლევან, მოდი, ერთმანეთს დავშორდეთო, ის მუხლებს დაგიკოცნიდა და შეგეხვეწებოდა, ოღონდ არ მიმატოვო და შენი მონა გავხვდებიო? ის ჩვარი ხომ არ არის?! მამაკაცია, თანაც - ძლიერი და მშვენიერი. არ უნდა უთხრა მამაკაცს - "ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულია". ეს მხოლოდ მაშინ უნდა უთხრა, თუ კარგად დაფიქრდი და მიხვდი, რომ ნამდვილად გინდა, ასე იყოს.
- ახლა რა უნდა ვქნა? - დავინტერესდი.
- არაფერი. ყველაფერი ისე უნდა დატოვო, როგორც არის, - მირჩია ნინომ, - შენ ხომ ასე გინდოდა?! ჰოდა, დამშვიდდი.
ნინო მართალია. როდესაც ვეუბნებოდი, ერთმანეთს დავშორდეთ-მეთქი, ვფიქრობდი, რომ მიზეზს შემეკითხებოდა, გაარკვევდა, რატომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, პატიებას მთხოვდა და გამოსწორდებოდა კიდეც. აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება?! მას ხომ ვუყვარვარ!.. მაგრამ ის მშვიდად დამთანხმდა და მორჩა! მორჩა...
ჰო, ზოგჯერ შეცდომებს ვუშვებთ. ცუდია, როცა ცხოვრებაში ყველაფრის თავიდან დაწყება არ შეიძლება. ხანდახან ადამიანს ისე ეჩვევი, თითქოს შენი ნაწილი ხდება... და გგონია, რომ მუდამ ასე იქნება. მაშინ თავს მეტის უფლებას აძლევ და ყველაფერს იოლად ანგრევ.
რამდენიმე დღის შემდეგ ნინოს დაბადების დღე იყო. მეგობრების წრეში რესტორანში აღნიშნა. ყველა იქ მყოფს კარგად ვიცნობდი. წლების განმავლობაში სულ ერთი და იგივე ხალხი იკრიბებოდა. მხოლოდ ერთი "ძველი ნაცნობი" აკლდა - ჩემი ქმარი...
- მაკა, დავლიოთ? - გვერდით ნინის ძმა მომიჯდა. ის ჩვენზე 5 წლით უფროსია. ბავშვობაში სიგარეტს ვპარავდით ხოლმე და ამის გამო სულ გვეჩხუბებოდა და გვემუქრებოდა, რომ მშობლებთან ჩაგვიშვებდა...
- დავლიოთ, - ვუპასუხე და ჭიქა მივუჭახუნე...

...დილით რომ გავიღვიძე... უფრო სწორად, გონს რომ მოვედი, "სხვის" საწოლში ვიყავი, "უცხო" მამაკაცის გვერდით... ლევანს მშვიდად ეძინა... ხელისგულები ერთმანეთზე მიედო და ლოყის ქვეშ ამოედო... ტანზე დავიხედე... გამჭვირვალე ღამის პერანგი მეცვა, რომელსაც "მე ვეძებ უსიამოვნებებს" ჰქვია... ეს ღამის პერანგი Eერთი წლის წინ, ლევანმა მიყიდა... ნეტავ, როდის მოვასწარი ჩაცმა?
საწოლიდან ძალიან ფრთხილად წამოვდექი და ოთახიდან უხმაუროდ გამოსვლა გადავწყვიტე... წინა საღამოდან მხოლოდ ის მახსოვდა, რომ ლევანს ვეუბნებოდი, თუ არ მაკოცებ, არ დავიძინებ-მეთქი. თან ვარწმუნებდი, რომ მძინარე მზეთუნახავი ვიყავი, ოღონდ - "უკუღმა". ნეტავ, მაკოცა თუ არა? ამასთან დაკავშირებით ისტორია დუმს... ვაი, დედა, რა სირცხვილია!
ის იყო, ნახევარი ოთახი გავიარე...
- ვა, მაკა?! მშვენივრად გამოიყურები... - მომესმა ლევანის ხმა.
უდარდელი სახე მივიღე... ეს იმას ნიშნავს, რომ ნახევრად შევბრუნდი, მარჯვენა ფეხი მუხლში ოდნავ ჩავხარე, გულხელი დავიკრიბე და მზერა შორს მივმართე... ჩემი "ვიდი" ამბობდა: "აქ საქმეზე ვარ, ვდგავარ და ფანჯარაში ვიყურები"...
არსებობს გამოთქმა - "ენა წინ უსწრებს". ეს ალბათ ჩემზეა ნათქვამი, რადგან ჩემი ენა ხანდახან ჩემგან დამოუკიდებლად, თავისი ცხოვრებით ცხოვრობს... აი, ახლაც.
- ლევან, ვინმე გყავს? - თქვა ჩემმა ენამ.
ვინაიდან პასუხი მაშინვე ვერ მივიღე, საჭიროდ მივიჩნიე, განმემარტა:
- ქალი თუ გყავს?
- მე შენ მყავხარ, მაკა, - ლევანი ბალიშზე შესწორდა, - და მგონია, რომ ეს სულაც არ არის ცოტა.
- აა... ეეე... - კიდევ ბევრი კითხვა გამიჩნდა, მაგრამ გადავწყვიტე, აღარ მეკითხა და ოთახიდან გამოვედი. მას მე ვყავარ! მე! მე!
კარგა ხანს ლევანის ოთახის კართან ბოლთას ვცემდი... მერე სამზარეულოში წავედი და საუზმის მზადებას შევუდექი.
- რას აკეთებ? რა კარგი სუნია! - ცოტა ხანში თავზე წამომადგა.
- ისაუზმებ? - ვკითხე ჩუმად.
- კი, - და თავი დამიქნია.
- საღამოს რესტორანში დაგპატიჟებდი, მაგრამ დღეს ბევრი საქმე მაქვს, - მითხრა და სუფრას მიუჯდა.
ჰო, როცა თავის არიდება გინდა, შეიძლება, საქმეს დააბრალო... და რატომ ვიფიქრე, რომ ყველაფერი შეიცვალა?
- არა უშავს, არაა პრობლემა, - ვუთხარი და გავუღიმე. იმანაც გამიღიმა. ვიდექით და ასე, იდიოტებივით ვიღიმებოდით.
ხანდახან, როცა რაღაც გაწუხებს და მოსვენებას არ გაძლევს, უნდა დამშვიდდე და ცხოვრება გააგრძელო.
იმ საღამოს ლევანი ძალიან გვიან დაბრუნდა, მაგრამ თავს ამაზე ფიქრი ავუკრძალე. რაც უნდა, ის გააკეთოს.
ამასობაში სექტემბერი გავიდა... სოფელში დედას ჩავაკითხე. როგორც ყოველთვის, საბარგული უამრავი ქილით გამივსო და უკან ისე გამომიშვა.
ჟოლოს, მაყვლის, კომშის მურაბების ქილები ერთმანეთს ეხეთქებოდა და წკარუნებდა. მთელი გზა გული მისკდებოდა, როცა წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, რომელიმე ქილა გამსკდარიყო: ჩემს მანქანაში ნამდვილი საშინელება დატრიალდებოდა.
ის იყო, მცხეთას მოვუახლოვდი, რომ მანქანამ ერთი ამოიფრუტუნა და ჩაქრა. გასაღები გამოვიღე, ისევ მოვარგე, გადავატრიალე, მაგრამ - ამაოდ... გადმოვედი, კაპოტი ავხადე და ძრავას დავხედე. ჩემთვის უცნობი დეტალები კარგად დავათვალიერე, მაგრამ რას გავიგებდი?..
გამახსენდა, რომ ამას წინათ, შუქნიშანთან მდგომს, სარეკლამო ბუკლეტი შემომაჩეჩეს, სადაც სხვა მომსახურებასთან ერთად, ტექნიკურ დახმარებასაც მთავაზობდნენ. ფურცელი "ბარდაჩოკში" მოვძებნე და მითითებულ ნომერზე დავრეკე. დახმარებას შემპირდნენ, მაგრამ მხოლოდ 2 საათის შემდეგ...
ხომ არ გაგიჟებულან?! შუა ტრასაზე მარტო ვდაგავრ, ასეთი სუსტი, დაუცველი და დახმარების იმედი კი არ მაქვს... უკვე ბნელა. ხომ შეიძლება, ვინმემ ჩემი მდგომარეობით ისარგებლოს და შეურაცხყოფაც კი მომაყენოს!.. რამდენჯერმე კიდევ ვცადე მანქანის დაქოქვა, არ მინდოდა, ბედს შევგუებოდი, მაგრამ - უშედეგოდ. ისევ დალოდება ვამჯობინე. საჭეს მივუჯექი და სივრცეს გავხედე. შემდეგ ტელეფონს დავწვდი და ნომერი ავკრიბე.
- ლევან, მანქანა გამიჩერდა შუა ტრასაზე, - ჩუმი ხმით ვუთხარი ყოფილ ქმარს.
- ახლავე მანდ გავჩნდები! სად ხარ?
ჩემი კოორდინატები ვუთხარი და ლოდინი გავაგრძელე.
დრო ისე ნელა გადიოდა, წუთი საათს გაუტოლდა. თუმცა ლოდინი ახლა უფრო სასიამოვნი იყო, ვიდრე წეღან. ის ახლა მალე მოვიდოდა და გადამარჩენდა... როგორც იქნა, მისი მანქანა გამოჩნდა.
- როგორ ხარ? - მკითხა ლევანმა.
- ცუდად, - ამოვიოხრე და ამ დროს საშინელება მოხდა - თვალები ცრემლით ამევსო და ლოყებზე ჩამომიგორდა. სულაც არ ვაპირებდი ტირილს, მაგრამ უეცრად ჩემი თავი ისე შემეცოდა, რომ თავი ვეღარ შევიკავე. დაღლილობისგან, მანქანის გამო, ლევანის გამო და საერთოდ, ამ უიღბლო დღის გამო განერვიულებული ვიყავი და იმიტომ ვტიროდი. პატარა ბავშვივით ვსლუკუნებდი.
- მაკა, ვინმემ გაწყენინა? - მკითხა ლევანმა.
უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
- აბა, რა მოხდა?
- ისე, უბრალოდ...
- უბრალოდ?! - გაუკვირდა ლევანს. - მიდი, ჩემს მანქანაში დაჯექი.
დამჯერი ბავშვივით გამოვაღე კარი და მძღოლის გვერდითა სავარძელზე მოვთავსდი.
საქარე მინიდან ვხედავდი, ლევანმა რომ სადღაც დარეკა, ვიღაცას ელაპარაკა. შემდეგ სიგარეტს მოუკიდა, ბოლომდე მოსწია და როდესაც ნამწვი მოისროლა, მხოლოდ ამის შემდეგ გამოაღო კარი და გვერდით მომიჯდა.
- მაკა, თუ გინდა, ჩემი მანქანით წადი, მე კი დაველოდები, - შემომთავაზა ლევანმა.
- არა, მეც აქ ვიქნები და შენთან ერთად დაველოდები.
ჩვენ გვერდიგვერდ ვისხედით და წინ ვიყურებოდით.
- საბარგულში რა გაქვს? - მოულოდნელად მკითხა.
- "მალინის" მურაბა, - ვიცოდი, რომ უყვარდა.
- აუჰ, როგორ მიყვარს! 1-2 ქილას ხომ მომცემ?
თავი დავუქნიე. მე ხომ ძუნწი არა ვარ...
საშინელებაა, საშინელება! მე ის ძალიან მომენატრა... ის დრო მომენატრა, ერთად რომ ვიყავით.
- ლევან, რატომ გამეყარე?
ძალიან გაუკვირდა:
- შენ თვითონ არ იყავი განქორწინების ინიციტორი?!
- მერე რა?! ყოველთვის იმას აკეთებ, რაც მე მინდა?..
- იცი, რა?.. არსებობს ისეთი თემები, რომლებზე კამათიც არ შეიძლება. ერთ მშვენიერ დღეს შენთვის რომ მეთქვა, შენთან ცხოვრება აღარ მინდა-მეთქი, რას მეტყოდი?
- მიზეზს გკითხავდი.
- ჩემთვის კი მიზეზს მნიშვნელობა არ ჰქონდა.
- სულელი ხარ და იმიტომ, - ვუთხარი და გავჩუმდი.
- შეიძლება, - ცოტა ხნის შემდეგ გამცა პასუხი.
ორივე კარგა ხანს ვდუმდით.
- ახლა ბედნიერი ხარ? შენს ცხოვრებაში ყველაფერი ისეა, როგორც გინდოდა? - მკითხა შემდეგ.
- არა, - გულწრფელად ვუპასუხე, - ყველაფერი ისე სულაც არაა, როგორც მინდა.
- ცუდია.
სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება, თუ დაშვებულ შეცდომებს არ გამოასწორებ.
- უშენოდ ცუდად ვარ, - ვთქვი მოულოდნელად. ისე, რომ საკუთარ თავს დაფიქრების საშუალება არც მივეცი.
- მეც, - თქვა მცირე პაუზის შემდეგ და გაიმეორა: - მეც ცუდად ვარ...
- ხომ არ შევრიგდეთ? - ვკითხე ისე, რომ მისკენ არ გამიხედავს. უარყოფითი პასუხის ისე მეშინოდა, როგორც ტყვიის.
- და დავქორწინდეთ კიდეც, - გულიანად გაიცინა ლევანმა.
- კარგი, დავქორწინდეთ, - უცებ დავთანხმდი.
- არანორმალური ხარ, - ლევანმა ჩემი ხელი აიღო, - მოვიფიქრებ, ღირს თუ არა შენი ცოლად მოყვანა. ნუ, თუ ძალიან შემეხვეწები, ალბათ დამითანხმებ...
დავიხარე და ლოყით მხარზე გავეხახუნე. ადრე ხშირად ვიქცეოდი ასე.
ლევანმა თავზე ხელი მომიცაცუნა. მუდამ ასე იქცეოდა, როცა ჩემი ქმარი იყო.
ძალიან კარგი სიტყვაა "მუდამ". სწორედ ჩემსა და ლევანზეა... უფრო სწორად, ჩვენზეა ზედგამოჭრილი. ყველაფერი კარგად იქნება...



მარი ჯაფარიძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (10)
04.08.2017
მომეწონა ძალიან, სასიამოვნო ამბავია,
სარა
13.10.2015
მაგარი ზღაპარია მაგრამ მაინც სასიამოვნოა. აი ის უცხო მამაკაცი ვინ იყო საწოლში? ვერ გავიგე
დავით
30.04.2015
აუუ ძაან კარგიააა,რომ დაგაფიქრებს და გვერდით მყოფის ფასს გაგაგებინებს.გკოცნი მარიკოოოოო
აზა
27.04.2015
ახლა ვიბღავლებ... ძალიან მომეწონა
სალომე
25.03.2015
მომეწონა კარგი იყო.
მზია
23.03.2015
ნამდვილად მომეწონა
neliko
11.03.2015
კარგია,როცა კარგად მტავრდება,მომწონს.
მერი
21.02.2015
ვიტირე მაგარი იყო .... ვინც გვერდით გყავს არ აფასებ წავა და მერე..
ია
13.01.2015
მომეწონა :)
თათა
12.01.2015
შეიძლება უადგილოა, მაგრამ ეს ნომრის "აკრება, აკრიბა, ავკრიბე" ახალი მოვლენაა ქართულში? "ფ" და არა "ბ" (ნომერი ავკრიფე)...
ბექა
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ღამღამობით სახეს ბალიშში რგავდა, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა ქალის სხეულისა და თმის სურნელი


კედლისკენ იყო გადაბრუნებული და შპალერის უზორს თითს აყოლებდა...
არაფერზე ფიქრობდა გარდა იმისა, რომ თითი ზუსტად გაეყოლებინა და ხაზებს არ ასცდენოდა...
ტელეფონის წკრიალმა დაუფრთხო სიმშვიდე...
მესიჯის ზარს ბოლომდე აცადა მიჩუმება და მერე გახსნა...

მამაკაცები ძვირად ღირებულ მანქანებს იმიტომ ყიდულობენ, რომ მამაკაცური სისუსტე და უძლურება დამალონ



ამბავი, რომელიც მარტოხელა მამაკაცებს მოეწონებათ

არ მინდოდა, ასეთ დელიკატურ საკითხზე გამემახვილებინა მისი ყურადღება და შევთავაზე, უბრალო, ელექტრონული სქემის დახმარებით მოგვეხდინა სექსისა და გარყვნილების ერთმანეთისგან გამიჯვნა



ვეჩვევი ქალებს, რომლებთანაც სექსი მქონდა. მათ უცხოდ ვერ აღვიქვამ. როდესაც რომელიმე მათგანი სადღაც გადაიკარგება, არ დამირეკავს ან ინტერნეტში არ შემეხმიანება, განვიცდი და ვნერვიულობ


მის საყვარელ მამაკაცს მომავალი ცოლი იმ 2 დღეში "უპოვია", როცა ის მის გვერდით არ იყო. 2 დღე, 6 წლის საპირწონედ! ეს წარმოუდგენელია!
მგონი, ბევრი დავლიე და სასმელი მომეკიდა. შემდეგ მგონი, ბედნიერ პატარძალთან მივედი და ვუთხარი, რომ ქორწილის წინა ღამე მისმა ქმარმა ჩემთან გაატარა...

მარჯვენა ხელის არათითზე ორ საქორწილო ბეჭედს ვატარებ. მე ორივეს მაგივრად ვცხოვრობ. სიკვდილი მინდოდა, მაგრამ ცოცხალი დავრჩი

ნამდვილ ამბავზე აგებული, ძალიან სევდიანი ნოველა (ემოციური ადამიანებისთვის არაა რეკომენდებული)

ფრთები მომიტანე? ხომ შემპირდი, რომ დაბადების დღეზე ფრთებს მიყიდდი? მაშინ, მაღაზიაში რომ ვნახეთ, გახსოვს?


ალეკო, საქმე მაქვს, უნდა ვიმუშაო, ცოტა მოგვიანებით დავქორწინდეთ


მამაკაცი სოფიოს გაცნობისთანავე მიხვდა, რომ ეს ის ქალი იყო, რომელიც მას სჭირდებოდა, რომ ის არასოდეს დაუკიდებდა ყურმილს, არ ატეხდა დებოშს ქმრის დაგვიანების გამო...

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
891 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი