იაგუარი
font-large font-small
იაგუარი

მამაკაცები ძვირად ღირებულ მანქანებს იმიტომ ყიდულობენ, რომ მამაკაცური სისუსტე და უძლურება დამალონ



შემოდგომის თბილი დღე იყო. ნია ყვითელ ფოთლებზე მსუბუქად მიაბიჯებდა. იქვე ზურმუხტისფერი, სპორტული "იაგუარი" შენიშნა. ქალი გაჩერდა და მანქანა შეათვალიერა.
- მოგწონს?
ნია შემობრუნდა და მაღალი, კარგი აღნაგობის, ჭაღარა, სიმპათიური მამაკაციც ისევე თამამად შეათვალიერა, როგორც რამდენიმე წამის წინ მის მანქანას ათვალიერებდა.
"მამაკაცები ძვირად ღირებულ მანქანებს იმიტომ ყიდულობენ, რომ მამაკაცური სისუსტე და უძლურება დამალონ", - რომელიღაც ამერიკულ ფილმში გაგონილი ფრაზა გაახსენდა და გაიღიმა.
- თქვენია? - ჰკითხა მამაკაცს.
მან თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- მანქანაც და პატრონიც ძალიან მაგრად გამოიყურებით...
- კომპლიმენტისთვის მადლობას მოგახსენებთ, - გაიღიმა უცნობმა.
ნიამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და უკან მიიხედა. მამაკაცი ისევ ისე იდგა და გაღიმებული უყურებდა.
- რომელი საათია? - მოულოდნელად ჰკითხა.
- თუ გეჩქარებათ, შემიძლია, მოგემსახუროთ და ადგილამდე მიგიყვანოთ.
- ასეთი მანქანით გასეირნებაზე უარს არ ვიტყვი.
მამაკაცმა კარი გალანტურად გაუღო. ასეთი მანქანები ქალს მხოლოდ ფილმებში ჰქონდა ნანახი. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა იცნებობდა, როგორ იქროლებდა კაბრიოლეტით, მის გვერდით კი ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი იჯდებოდა...
ვერც კი შენიშნა, როგორ მიუახლოვდნენ მის სახლს.
ამ შეხვედრიდან 2 კვირის შემდეგ ნია "იაგუარის" პატრონს შემთხვევით სუპერმარკეტში გადააწყდა.
ქალის ღიმილს მამაკაცმა ღიმილით უპასუხა და ისევ შესთავაზა მანქანით მომსახურება. ნიას არც ამჯერად უთქვამს უარი.
- ყავაზე ხომ არ დამპატიჟებთ? - ჰკითხა მამაკაცმა, როდესაც მანქანა ნიას სადარბაზოსთან გააჩერა.
- თქვენნაირ მამაკაცს უარს ვერ ვეტყვი, - გაიღიმა ქალმა.
სამმა საათმა უცებ გაირბინა. მამაკაცმა საათზე დაიხედა, ზანტად წამოდგა, დიასახლისს მადლობა გადაუხადა და ლოყაზე აკოცა.
- მომავალ შაბათს დაბადების დღე მაქვს. თუ გეცლებათ, შემოიარეთ, - მორცხვად დაპატიჟა ნიამ.
...ის ნიასთან მაშინ მივიდა, როცა ლხინი უკვე გახურებული იყო. დაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადა და იუბილარს კონვერტი გაუწოდა.
- არ ვიცი, რომელ სუნამოს ანიჭებთ უპირატესობას... ეს ჩემგან - სასაჩუქრე ბარათია.
- გაიცანით, ეს ლაშაა, - სტუმრებს წარუდგინა ქალმა.
ნიას ყველა მეგობარს სტუმრის ყურადღების მიპყრობა სურდა... ყველამ იცეკვა მასთან, ნიას გარდა.
- იცოდე, წაგართმევენ მაგ კაცს, - გააფრთხილა ერთ-ერთი მეგობრის ქმარმა...
საღამოობით ნია და ლაშა ტელეფონით საუბრობდნენ. ყველაფერზე ლაპარაკობდნენ - ამინდზე, ბუნებაზე, პოლიტიკაზე, ფეხბურთზეც კი. ქალი სტუმრად ეპატიჟებოდა, მაგრამ მამაკაცი მოუცლელობას იმიზეზებდა და თავაზიან უარს ეუბნებობდა.

თითქმის 1 კვირა იყო გასული, რაც ლაშას ნიასთან არ დაურეკავს. ნია შეშფოთდა. რამდენჯერმე მისი ტელეფონის ნომერი აკრიბა, მაგრამ ქალურმა სიამაყემ უფლება არ მისცა, პირველს დაერეკა. ტელეფონის აპარატი მთელი საათის განმავლობაში კალთაში ედო და დაჰყურებდა, მაგრამ დარეკვა მაინც ვერ გაბედა. ტელევიზორი ჩართო, დივანზე მიწვა და პლედი დაიფარა. ტელეფონმა სწორედ ამ დროს დარეკა.
- ნია, - გაიგონა ნანატრი ხმა, - თუ თქვენი წინადადება ისევ ძალაშია, შემიძლია, გესტუმროთ, მაგრამ იმ პირობით, რომ რაიმე გემრიელ კერძს დამახვედრებთ.
ნია მთელი მონდომებით ცდილობდა, სტუმრისთვის ესიამოვნებინა. კარგი მზარეული არასოდეს ყოფილა და არც სამზარეულოში ტრიალი ანიჭებდა სიამოვნებას, მაგრამ ამჯერად თვითონაც გაუკვირდა, ჩაშუშული ხორცი ისეთი გემრიელი გამოუვიდა.
- 6 წლის ვიყავი, როდესაც დედა გარდაიცვალა, - რატომღაც, ლაშას გულის გადაშლა მოუნდა.
- დედინაცვალმა გაგზარდათ?
- მას დედინაცვალს ვერ დავარქმევ. ენა არ მიბრუნდება, ნანას დედინაცვალი ვუწოდო. ის მამაჩემის მეგობრის, გიას და იყო. ძმამ მოიწადინა, რომ ნანა მამაჩემის ცოლი გამხდარიყო. თვითონ ქალი წინააღმდეგი იყო, რადგან მამაჩემი მასზე 14 წლით უფროსი გახლდათ.
- ბოლოს მაინც დათანხმდა, ხომ?
- მე მგონი, მე ვიყავი "დამნაშავე" იმაში, რომ ის მამაჩემზე გათხოვდა. დედის სიკვდილმა ჩემს ფსიქიკზე იმოქმედა. გამუდმებით ვტიროდი. ნანას კარგად ვიცნობდი, რადგან მისი ძმა ჩემი ნათლია იყო და და-ძმა ხშირად გვსტუმრობდა. ერთხელ ავად გავხდი და გია ბიძიამ დას სთხოვა, ჩემთვის მოევლო. მაღალი სიცხე მქონდა და როდესაც თვალები გავახილე, მომეჩვენა, რომ ჩემ გვერდით დედა იჯდა. ხელები გავიშვირე და ტირილი დავიწყე. ნანამ ამიყვანა, კალთაში ჩამისვა და მკერდზე მიმიკრა. ასე დედაჩემი იქცეოდა ხოლმე... სწორედ მაშინ დავუძახე პირველად "დედა" და ის ატირდა. არ ვიცი, მამაჩემი უყვარდა თუ არა, მაგრამ მე ძალიან ვუყვარდი, უფრო მეტადაც კი, ვიდრე საკუთარი გოგონა.
- მამათქვენი ცოცხალია?
- არა. მან ნანასთან ერთად მხოლოდ 3 წელი იცხოვრა. ჩემი და, ანა 1 წლის იყო, როდესაც მამა ავარიაში დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა გიას ცოლი და გოგონა. საჭესთან გია იჯდა. მამას გარდაცვალების შემდეგ ნანამ მე და ჩემი და საცხოვრებლად გიასთან გადაგვიყვანა. არც ნანას და არც გიას სხვა ოჯახი აღარ შეუქმნიათ. გიამ მამობა გამიწია და როდესაც 26 წლის გავხდი, თავისი ფირმა გადმომაბარა...
ლაშა ნიასთან 9-ის ნახევრამდე დარჩა. შემდეგ საქმე მოიმიზეზა და წავიდა.
მარტო დარჩენილმა ნიამ ალბომი გადმოიღო და ბავშვობის ფოტოების თვალიერება დაიწყო. ხელში დედის ფოტო მოხვდა, რომელსაც 6 თვის ნია მკერდზე ჰყავდა მიკრული. გულზე სევდა შემოაწვა, როდესაც მშობლების რთული ცხოვრება გაახსენდა...
დედა ექთანი იყო და სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა პოლიკინიკაში, ქირურგიულ განყოფილებაში დაიწყო. ქირურგი მასზე 15 წლით უფროსი, სიმპათიური მამაკაცი გახლდათ, რომელსაც მექალთანის სახელი ჰქონდა. სულ იოლად შეძლო, ახალგაზრდა გოგონასთვის თავი შეეყვარებინა... როდესაც გაიგო, რომ მისი ექთანი ფეხმძიმედ იყო, ექიმმა სცადა, ბავშვის მოშორებაზე დაეყოლიებინა... ამ ამბავმა პოლიკლინიკის მთავარი ექიმის ყურამდე მიაღწია და ქირურგი კაბინეტში დაიბარა.
- პატარა ბიჭი აღარ ხარ და შენს ქმედებაზე პასუხი უნდა აგო. უკვე მომბეზრდა შენი თავგადასავლების მოსმენა. ან ცოლს შეირთავ ან განცხადებას დაწერ და საკუთარი სურვილით წახვალ.
ასე დაიბადა ნია. ცოლ-ქმრის ცხოვრება ვერა და ვერ აეწყო. ქალი ცდილობდა, ქმრის გული მოეგო და საამისოდ ძალისხმევას არ იშურებდა. ქმრის მშობლებს რძალი უყვარდათ და ცდილობდნენ, შვილისთვის ოჯახი შეენარჩუნებინათ. რძალს საჩუქრებით ანებივრებდნენ და გოგონაც ხშირად მიჰყავდათ თავისთან. მალე მამამ სმა დაიწყო. ამას ისიც მოჰყვა, რომ მთვრალი, დედას შეურაცხყოფას აყენებდა და სცემდა კიდეც. ერთ-ერთი ასეთი ხელჩართული ჩხუბის დროს ცოლს ხელიც კი მოსტეხა. მამა იმის გამო საყვედურობდა დედას, რომ "შეეტენა" და ცხოვრება დაუნგრია. ამის გამო ცოლს ღალატობდა კიდეც და არც ამას მალავდა. შვილი ძალიან უყვარდა და ანებივრებდა კიდეც... როდესაც ნია 5 წლის იყო, მამა სხვა ქალთან წავიდა, მაგრამ მშობლებმა უკან დააბრუნეს. 2 წლის შემდეგ კი ისევ ჩაალაგა ჩემოდნები და სხვა ქალთან წავიდა. ახალ ცოლთან მხოლოდ 1 წელი იცხოვრა. შემდეგ კვლავ ცოლ-შვილს დაუბრუნდა, მაგრამ 6 თვის შემდეგ საცხოვრებლად სხვა ქალაქში, სხვა ქალთან გადავიდა და რამდენიმე ხნის შემდეგ ვაჟი შეეძინა.
ნიას დედა ქმარს წარამარა ურეკავდა და შინ დაბრუნებას სთხოვდა, მაგრამ ამაოდ. მამა მხოლოდ შვილის სანახავად მოდიოდა, საჩუქრები მოჰქონდა და ფულითაც ეხმარებოდა, როცა ნიას სჭირდებოდა.
ნიამ ალბომი თაროზე დააბრუნა და ლაშას ნაამბობი გაახსენდა. წარმოიდგინა და-ძმა, რომელიც 2 პატარას ზრდიდა.
ამ საღამოს შემდეგ ნიას დიდხანს ლოდინმა აღარ მოუწია. ლაშამ მეორე დღესვე დაურეკა და შაბათს პრეზენტაციაზე დაპატიჟა.
- სიამოვნებით წამოვიდოდი, მაგრამ შესაფერისი ტანისამოსი არ მაქვს, - გამოუტყდა ქალი.
ლაშამ გაიცინა. მეორე დღეს კი ძალიან ლამაზი კაბა და ფეხსაცმელი მოუტანა. ასეთი ძვირფასი ტანისამოსი ქალს არასოდეს სცმია.
შაბათს საღამოს ლაშამ შინ მიაკითხა და თავად წაიყვანა... მთელი საღამო ნიას ქცევას აკვირდებოდა და ხვდებოდა, რომ მისი მეგობრებისა და ნაცნობების წრეში ქალი თავს უხერხულად გრძნობდა.
- ნუ ნერვიულობ, - გაშლილ თმაზე ხელი ჩამოუსვა მამაკაცმა.
- მეჩვენება, რომ ყველა მე მიყურებს, - ჩურჩულით უთხრა ქალმა.
- რა თქმა უნდა, გიყურებენ - აქ ყველაზე ლამაზი შენ ხარ; ქალებს შენი შურთ, მამაკაცებს კი - ჩემი.

მათი ნაცნობობიდან 4 თვე იყო გასული, როდესაც ლაშამ ნია შინ დაპატიჟა.
- რატომაა ყველაფერი ასეთი მტვრიანი? - იკითხა ქალმა, როდესაც ორსართულიანი სახლის ყველა ოთახი ფეხდაფეხ მოიარა.
- დამხმარე ქალი ავად გახდა და მთელი თვეა, აქაურობა არავის დაულაგებია.
- მე დავალაგებ, თუ საათში 20 ლარს გადამიხდი.
- მე 15-ს ვიხდიდი.
- ჰო, მაგრამ არაფერი მოხდება, თუ 20-ს გადამიხდი, რადგან ფული ძალიან მჭირდება, - მამაკაცს თვალებში ჩახედა და გაუღიმა.
- როდის მოიცლი საამისოდ? - დაინტერესდა ლაშა.
- ხუთშაბათს. ამ დღეს ვისვენებ.
- კარგი, მოვილაპარაკეთ, იყოს ხუთშაბათს.
...ნია სახლის დალაგებას ამთავრებდა, როდესაც ზღურბლზე ლაშა გამოჩნდა. გამომეტყველებაზე ეტყობოდა, რომ გუნებაზე ვერ იყო.
- რა მოხდა? - ჰკითხა ქალმა.
ლაშამ არაფერი უპასუხა. რამდენიმე წამით შეჩერდა, შემდეგ კიბეზე აირბინა და საძინებელში შევიდა.
ნია სამუშაოს მორჩა და სახლის პატრონს საძინებელში მიაკითხა. ის ბალიშში თავჩარგული, საწოლზე იწვა.
- რა გჭირს? - საწოლის კიდეზე ჩამოჯდა ქალი და თმაზე ხელი გადაუსვა.
ლაშა საწოლიდან წამოხტა, ნიას ეცა და გიჟივით დაუწყო კოცნა. ქალი წინააღმდეგობას უწევდა. მამაკაცმა ბლუზა შემოახია.
- ხელი გამიშვი, მტკივა! - დაიყვირა ქალმა. - გაგიჟდი?!
ლაშამ საწოლზე მიაგდო.
- იწექი! არ გაინძრე! - მამაკაცის ხმაში ბრძანება ისმოდა.
ნიამ წამოდგომა სცადა, მაგრამ ლაშამ სახეში მთელი ძალით დაარტყა.
ნია მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა და მამაკაცის ნებას დაჰყვა. ლაშა მის დაუფლებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ძალაგამოცლილი ლოგინზე ზურგით დაეცა, ფრჩხილებით ზეწარი მოფხოჭნა და ხმამაღლა დაიღმუვლა.
- არაფერი თქვა, გაიგე? არა-ფე-რი! - კბილებში გამოცრა კაცმა.
- ახლა ვხვდები, რატომ არიდებდი თავს ჩემთან ურთიერთობას. შენი ძვირფასი "იაგუარი" შენი მამაკაცური უძლურების კომპენსაციაა, - სიცილით თქვა ქალმა. მისმა კისკისმა ლაშა გაახელა.
- რა თქვი?! - გაყინული ხმით ჰკითხა, წამოიწია და იდაყვებს დაეყრდნო. - წადი აქედან!
- ფული გაქვს მოსაცემი. მთელი 5 საათი ვიმუშავე შენს სახლში.
- წადი, შენი!.. - უთხრა და სახე კვლავ ბალიშში ჩარგო.
ქალი ხედავდა, როგორ უცახცახებდა მხრები. ის იყო, ნია წასასვლელად შებრუნდა, რომ ზურგიდან მამაკაცის ხმა მოესმა:
- მაპატიე... ჩემმა ყოფილმა საყვარელმა, რომელთანაც 8 წელი ვურთიერთობდი, შენთან ერთად დამინახა და მითხრა, რომ შენც ერთ მშვენიერ დღეს მასავით მიმატოვებ. 3 წლის წინ რთული ოპერაცია გავიკეთე. დრო მჭირდებოდა საიმისოდ, რომ ძალა მომეკრიბა, მაგრამ მან მოცდა არ ინდომა. ჩემთვის ყოველი ღამე წამება იყო, როდესაც ის დამცინოდა და მამცირებდა. ერთხელ კი, როდესაც ჩემს მეგობრებთან სტუმრად ვიყავით, ხმამაღლა გამომიცხადა, რომ ჩემთან ურთიერთობას წყვეტდა, ვინაიდან როგორც მამაკაცი, უძლური ვიყავი. ეს თქვა და წავიდა... მეგონა, ამ საშინელებას ვერ გავუძლებდი, მაგრამ დრომ მოაშუშა იარა. ნანამ მირჩია, "იაგუარი" მეყიდა და სწორედ მან შეცვალა ქალი...
- გიყვარდა?
- არ ვიცი, ალბათ შეჩვეული ვიყავი, რადგან 8 წელი მცირე დრო არაა.
მამაკაცმა ნიას მადლობა გადაუხადა, ფული მისცა და რამდენჯერმე ბოდიშიც მოუხადა მომხდარის გამო.
ერთი თვის განმავლობაში ლაშას ქალისთვის არც დაურეკავს.
მერე ნიამ თვითონ დაურეკა. ლაშას გაუხარდა მისი ხმის გაგონება, მაგრამ შეხვედრის სურვილი არ გამოუთქვამს... მაგრამ გავიდა დრო და ისინი კვლავ ერთად დადიოდნენ ლაშას მეგობრებთან. მეგობრები აღფრთოვანებული იყვნენ ნიას სილამაზით, ამას არც მალავდნენ და ქალს კომპლიმენტებით ავსებდნენ.
- სალაპარაკო მაქვს, - უთხრა ერთხელ ლაშამ, როდესაც წვეულებიდან ბრუნდებობდნენ, - მე ცოლი მჭირდება, - ხმადაბლა თქვა და ქალს თვალი აარიდა, - უფრო სწორად, ფიქტიური ცოლი. ის ჩემს სახლში იცხოვრებს, ყველგან ჩემ გვერდით იქნება, ყველანაირ კომფორტს შევუქმნი, ვუყიდი ყველაფერს, რასაც მოისურვებს, მაგრამ სხვადასხვა საძინებელში დავიძინებთ.
- თუ ასეა, ცოლი რისთვის გჭირდება?
- საქმე ისაა, რომ... - დაიწყო ლაშამ და გაჩუმდა.
- შენს მეგობრებს უნდა უჩვენო, რომ ყველაფერი კარგადაა? ჩემი ყიდვა გინდა?..
- ასე გამოდის.
- რა ვადით მყიდულობ - სამუდამოდ თუ ერთი საღამოთი?
- მინდა, რომ ჩემს წინადადებაზე დაფიქრდე.
ნიამ უკვე დიდი ხნის წინ იცოდა, რომ ლაშა უყვარდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ მის გვერდით ყოფნაზე არც უნდა ეოცნება. ახლა კი ეს შანსი გაუჩნდა...
დილით ნიამ ლაშას დაურეკა და უთხრა, რომ ფიქტიურ ქორწინებაზე თანახმა იყო.
ლაშას მოთხოვნით, ნოტარიალური ხელშეკრულება გააფორმეს, რომელშიც შავით თეთრზე, გარკვევით ეწერა, რომ თუ წყვილი 5 წლის განმავლობაში განქორწინებას გადაწყვეტდა ან ამ ხნის განმავლობაში მამაკაცი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდებოდა, ცოლი მემკვიდრეობას ვერ მიიღებდა.
- შენ გგონია, რომ მოგწამლავ?
- 5 წელი მალე გაივლის და მერე შენს წილს მიიღებ...
ნია სამსახურიდან წამოვიდა და საცხოვრებლად ქმართან გადავიდა.
საუზმეს, სადილსა და ვახშამს ამზადებდა, სახლს ალაგებდა, დღის ბოლოსთვის ქმარს ელოდა...
ერთ საღამოს ლაშამ მოულოდნელი რამ თქვა:
- დროა, ბავშვზე ვიფიქროთ.
- რომელ ბავშვზე?
- ჩვენს ბავშვზე, - მშვიდად მიუგო მან.
- შენ რა, გაგიჟდი?! ჩვენ შვილი როგორ გვეყოლება?!
- უნდა გვეყოლოს... გოგონა ან ბიჭი... სულ ერთია...
- როგორ უნდა გავაჩინო, როცა ერთად არ ვწევართ?
- რადგან ამის საშუალება არ გაქვს, ერთი ვარიანტი რჩება.
- რომელი ვარიანტი? - ქალი გაოცებისგან სათქმელს თავს ვერ უყრიდა.
- ბავშვი უნდა ვიყიდოთ.
- კი, მაგრამ როგორ უნდა ვიყიდოთ?! სად იყიდება, რომელ მაღაზიაში?!.
- მოვძებნით ღარიბ ცოლ-ქმარს, შევუკვეთთ ბავშვს, ამაში სოლიდურ თანხას გადავუხდით და შენც ნელ-ნელა მუცელი "გაგეზრდება"... შემდეგ "იმშობიარებ" და შინ ბავშვით დაბრუნდები.
მალე ლაშამ ახალი ამბავი მოიტანა - მან შეყვარებულისგან შეცდენილი და მიტოვებული სტუდენტი გოგონა იპოვა, რომელსაც დიდი თანხა გადაუხადა და ბავშვის მოშორება გადააფიქრებინა...
მშობიარობის დრო რომ მოახლოვდა, ის გოგონა შინ მოიყვანა. სამშობიარო ტკივილები რომ დაეწყო, ექიმიც შინ მიჰგვარა... მეორე დღეს კი ყველამ შეიტყო, რომ ნიასა და ლაშას შვილი შეეძინათ.
ლაშა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო. ბავშვს ხშირად ასეირნებდა და მის მიმართ სიყვარულსა და მზრუნველობას ნამდვილი მამასავით იჩენდა. ეჩვენებოდა, რომ მისი ყველას შურდა. უწინდელი თავდაჯერება დაუბრუნდა. თავი სრულყოფილ მამაკაცად იგრძნო. ერთ დღეს კი შინ დაბრუნებლმა ცოლს ჩვეულებისამებრ, ლოყაზე აკოცა.
- ქალის სუნამოს სუნი გაქვს, - ეჭვით თქვა ქალმა.
- მე იმ ქალთან ვიყავი, რომელიც გარკვეული თანხის საფასურად მამაკაცს მომსახურებას უწევს, - დაუფარავად უთხრა ქმარმა...
ნია ნაწყენი სახით შებრუნდა და საძინებელში გავიდა.
ლაშამ თვალი გააყოლა...
მეორე დღეს კი ცოლს პატიება სთხოვა.
მსგავსი ამბავი რამდენიმე კვირის შემდეგაც განმეორდა... მამაკაცი შინ თვალებგაბრწყინებული დაბრუნდა... მიუხედავად იმისა, რომ ის მარცხს მარცხზე განიცდიდა, მაინც კმაყოფილი იყო იმით, რომ ფულს იხდიდა და სამაგიეროდ, ქალის ალერსსა და სითბოს იღებდა...
ნია კი უზომოდ ეჭვიანობდა... ქმრის მორიგი "გასეირნება" ქალს მძიმე დარდად აწვებოდა გულზე და ეჭვის ჭია ღრღნიდა... ერთ დღეს კი ვერ გაუძლო და ქმარს შეუტია:
- შენ ჩემი ცხოვრება დაანგრიე და ჯოჯოხეთად აქციე, შენ მე გამანადგურე, როგორც ქალი! - ყვიროდა ნია.
გარეთ საშინელი ამინდი იყო... ლაშამ კარი გაიხურა და შინიდან გავიდა... ნია წინ გადაეღობა, არ უნდოდა მისი გაშვება, რადგან გული ცუდს უგრძნობდა, მაგრამ მამაკაცმა ხელით ჩამოიცილა გზიდან, ავტოფარეხის კარი გააღო და მალე ნიას ყურს მოტოციკლის მოტორის ხმა მისწვდა.
ლაშა ეზოდან ნელი სვლით გავიდა. ქალაქიც ასევე გაიარა, მაგრამ ავტობანზე გავიდა თუ არა, აიწყვიტა და ლამის სინათლის სიჩქარით გააქროლა მოტოციკლი... ის სიკვდილთან შესახვედრად მიიჩქაროდა...
რამდენიმე ხნის შემდეგ ნიამ ტელეფონის ზარს უპასუხა... კედელს ზურგით მიეყრდნო და ჩაცურდა... რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე, გაოგნებული იჯდა, შემდეგ კი უეცრად გამოფხიზლდა, ლაბადა მოიცვა, ძიძას უთხრა, დამაგვიანდებაო და ეზოდან გიჟივით გავარდა.
საავადმყოფოში მისული ექიმებს თვალებში უყურებდა, მაგრამ მათი ნათქვამი თითქმის არ ესმოდა... მხოლოდ პირველი ფრაზა დაამახსოვრდა, რომელსაც უაზროდ ატრიალებდა გონებაში, - "იმედს ვერ მოგცემთ".
რეანიმაციაში არ შეუშვეს... იქ ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა. ნია ეკლესიაში წავიდა, ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლებზე დაეცა და ლაშას გადარჩენას შეჰვედრა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობდა...
რამდენიმე დღე გავიდა. ლაშა სიკვდილს ებრძოდა... ექიმმა შედარებით დამამშვიდებელი ინფორმაცია მიაწოდა - გადარჩება, მაგრამ სამუდამოდ საწოლს მიეჯაჭვება.
"ეგ არაფერი, ეგ არაფერი, მთავარია, რომ ცოცხალი იქნება", - ხმამაღლა ფიქრობდა საავადმყოფოდან წამოსული ნია...
მართლაც, 2 თვის შემდეგ ლაშა გამოწერეს...
- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, მე გვერდიდან არ მოგცილდები და ფეხზე დაგაყენებ, - სახე დაუკოცნა ქალმა. ლაშას ლოყებზე ცრემლი ჩამოუგორდა. გულაღმა იწვა და ჭერზე ერთ ადგილს მიშტერებოდა.
- ნია, - დაუძახა ერთხელ, სამკვირიანი დუმილის შემდეგ. ქალი მაშინვე მასთან გაჩნდა. - არ გეგონოს, რომ მე შენზე არ ვიფიქრე... უზომოდ მიყვარხარ, ღამეებს შენზე ფიქრში ვატარებ, ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარ... ავარიამდე რამდენიმე თვით ადრე ნოტარიუსთან გაფორმებული ხელშეკრულება გავაუქმე და ანდერძი დავწერე, სადაც წერია, რომ ჩემი ერთადერთი მემკვიდრე ხარ...
- რატომ მოიქეცი ასე? - მსუბუქად უსაყვედურა ქალმა. - მე ხომ მიყვარხარ, რატომ მატკინე გული?.. რატომ გადაწყვიტე თავის მოკვლა?
- მეც მიყვარხარ და სწორედ ამიტომ. მინდოდა, ჩემგან და მძიმე ტვირთისგან გამეთავისუფლებინე... ახლა კი წადი, დამტოვე და ძილის წამლები ტუმბაზე დამიტოვე... ნუ დავიტანჯავთ თავს... ასე აჯობებს, ჩემთვისაც და შენთვისაც.
- არავითარ შემთხვევაში! - იყვირა ქალმა. - სიკვდილზე ფიქრიც კი არ გაბედო!
ერთი წლის შემდეგ ლაშამ პირველი ნაბიჯის გადადგმა დაიწყო... ის ბავშვივით სწავლობდა სიარულს... ნია კი მის წარმატებას შეჰხაროდა და კოცნით აჯილდოებდა.

- ნია, ნახე, რა ჩამოგიტანე! - კარი შემოაღო უცხოეთიდან დაბრუნებულმა ლაშამ და ოთახში კოჭლობით შემოვიდა. ხელში დიდი ჩემოდანი ეჭირა...
დედა-შვილი ჩემოდნის შიგთავსს ინტერესით ათვალიერებდა... ის მათი საჩუქრებით იყო სავსე... 3 თვის უნახავ ცოლ-შვილს ლაშა სიყვარულითა და მონატრებით შეჰყურებდა. იმ საღამოს შინიდან გავიდა და მთელი ღამე არ დაბრუნებულა...
ნაიმ მის მოლოდინში, ფანჯარასთან გაათენა... ნერვიულობდა და თან ბრაზობდა ქმარზე... ლაშა გამთენისისას დაბრუნდა და კვლავ ქალის სუნამოს სურნელს აფრქვევდა...
ნია ისევ საძინებელში განმარტოვდა, თავი ბალიშში ჩარგო და ატირდა... ლაშამ თავის საწოლს მიაშურა და საღამომდე არ გაუღვიძია... საღამოს ივახშმეს... ნიას საყვედური არ დასცდენია. მხოლოდ თვალებში ეტყობოდა, რომ ნაწყენი იყო, მაგრამ ლაშა ამას ყურადღებას არ აქცევდა. ის გაბრწყინებული თვალებით დადიოდა ოთახიდან ოთახში, გოგონას ეთამაშებოდა. მამა-შვილი იატაკზე გორავდა და ხმამაღლა იცინოდა...
- ძილის დროა, - ძიძას შეახსენა ნიამ.
ქალმა ბავშვი საძინებელში გაიყვანა, ცოტა ხნის შემდეგ კი იქიდან ფეხაკრებით გამოვიდა, ცოლ-ქმარს დაემშვიდობა და შინ წავიდა...
- ძილი ნებისა, - ლაშას დაემშვიდობა ნია და თავისი ოთახისკენ გასწია.
ცოტა ხანში კარზე ფრთხილი კაკუნის ხმა გაიგონა, მაგრამ ხმა არ გასცა.
ლაშამ კარი შემოაღო, ცოლის საწოლს მიუახლოვდა და ლოგინზე ჩამოუჯდა. ლოყაზე ხელი ჩამოუსვა. შემდეგ საბანი ასწია და ქალს გვერდით მიუწვა...
- კი, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად იყო, როცა დაბრუნდი, რატომ მაშინვე არ მითხარი? - ქმრის მკერდზე თავდადებული ქალი გაბრწყინებული სახით ეღუღუნებოდა კაცს...
- მკურნალობამ კარგად ჩაიარა, როგორც ხედავ, - ღიმილით ეუბნებოდა ქმარი, - მაგრამ საქმე ის იყო, რომ ვიდრე შენ გეტყოდი, ამაში ჯერ თავად უნდა დავრწმუნებულიყავი... ჰოდა, გუშინ ღამით იმიტომ წავედი სხვასთან... მარცხის შემთხვევაში არ მინდოდა, შენთვის გული მეტკინა... ამას ვეღარ გადავიტანდი... ამიტომ, საკუთარ თავს გამოცდა მოვუწყვე... ვინაიდან მეძავთან ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ბუნებრივია, შენთან გაცილებით უკეთ გამომივიდოდა... ჰოდა, ახლა შენც ხომ დარწმუნდი ამაში...
- ჰო, დავრწმუნდი, - გაიღიმა ქალმა, თვალებში შეხედა და თავი ისევ მკერდზე დაადო...
- ჰოდა, გპირდები, რომ ეს უკანასკნელი "გასეირნება" იყო და ამის შემდეგ არასოდეს გიღალატებ, - მხარზე ხელი ჩამოუსვა ქმარმა...
- კიდევ ერთი პირობა უნდა მომცე...
- რა?
- ცალ-ცალკე საძინებლებში აღარ დავიძინებთ.
- ეგ ხომ თავისთავად ცხადია, ამის მერე ერთმანეთს ვერაფერი დაგვაშორებს, ჩემო ფისუნია...
- ჰო, ჩემო "იაგუარო"...


მარი ჯაფარიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (9)
04.04.2015
მე მომწეონა ვიტირე ...კარგი იყო
ია
04.04.2015
თუ სისულელეა, უაზრობაა, არც რომანწიკაა, არც რეალობა და თანაც იდიოტობაც ყოფილა, რაღას ითხრით თვალებს? რატომ იშტერებთ თავს ბოლომდე ჩაკითხვით?!!
ლეილა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ღამღამობით სახეს ბალიშში რგავდა, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა ქალის სხეულისა და თმის სურნელი


კედლისკენ იყო გადაბრუნებული და შპალერის უზორს თითს აყოლებდა...
არაფერზე ფიქრობდა გარდა იმისა, რომ თითი ზუსტად გაეყოლებინა და ხაზებს არ ასცდენოდა...
ტელეფონის წკრიალმა დაუფრთხო სიმშვიდე...
მესიჯის ზარს ბოლომდე აცადა მიჩუმება და მერე გახსნა...

მის გარეშე თავს გაცილებით მშვიდად და უკეთ ვგრძნობდი. როცა დაბრუნდა, შევთავაზე, ერთმანეთს დავშორებოდით. მაშინვე დამთანხმდა. როგორც ჩანს, ისიც უჩემოდ უფრო კარგად გრძნობდა თავს.


ამბავი, რომელიც მარტოხელა მამაკაცებს მოეწონებათ

არ მინდოდა, ასეთ დელიკატურ საკითხზე გამემახვილებინა მისი ყურადღება და შევთავაზე, უბრალო, ელექტრონული სქემის დახმარებით მოგვეხდინა სექსისა და გარყვნილების ერთმანეთისგან გამიჯვნა



ვეჩვევი ქალებს, რომლებთანაც სექსი მქონდა. მათ უცხოდ ვერ აღვიქვამ. როდესაც რომელიმე მათგანი სადღაც გადაიკარგება, არ დამირეკავს ან ინტერნეტში არ შემეხმიანება, განვიცდი და ვნერვიულობ


მის საყვარელ მამაკაცს მომავალი ცოლი იმ 2 დღეში "უპოვია", როცა ის მის გვერდით არ იყო. 2 დღე, 6 წლის საპირწონედ! ეს წარმოუდგენელია!
მგონი, ბევრი დავლიე და სასმელი მომეკიდა. შემდეგ მგონი, ბედნიერ პატარძალთან მივედი და ვუთხარი, რომ ქორწილის წინა ღამე მისმა ქმარმა ჩემთან გაატარა...

მარჯვენა ხელის არათითზე ორ საქორწილო ბეჭედს ვატარებ. მე ორივეს მაგივრად ვცხოვრობ. სიკვდილი მინდოდა, მაგრამ ცოცხალი დავრჩი

ნამდვილ ამბავზე აგებული, ძალიან სევდიანი ნოველა (ემოციური ადამიანებისთვის არაა რეკომენდებული)

ფრთები მომიტანე? ხომ შემპირდი, რომ დაბადების დღეზე ფრთებს მიყიდდი? მაშინ, მაღაზიაში რომ ვნახეთ, გახსოვს?


ალეკო, საქმე მაქვს, უნდა ვიმუშაო, ცოტა მოგვიანებით დავქორწინდეთ


მამაკაცი სოფიოს გაცნობისთანავე მიხვდა, რომ ეს ის ქალი იყო, რომელიც მას სჭირდებოდა, რომ ის არასოდეს დაუკიდებდა ყურმილს, არ ატეხდა დებოშს ქმრის დაგვიანების გამო...

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი