ქმრიანი ქალის სიყვარული
font-large font-small
ქმრიანი ქალის სიყვარული

ღამღამობით სახეს ბალიშში რგავდა, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა ქალის სხეულისა და თმის სურნელი




ის იყო, სამსახურში საკუთარი ოთახის კარი შევაღე და კომპიუტერი ჩავრთე, რომ დაცვის თანამშრომელმა მაცნობა, სტუმარია თქვენთან და თუ მიიღებთო. ცოტა ხანში ოთახში ორმოციოდე წლის მამაკაცი შემოვიდა და ჩემ მიერ შეთავაზებულ სკამზე მორიდებულად ჩამოჯდა.
- იცით, მე თქვენს "მინირომანებს" ვკითხულობ. მუდმივად ქალებზე წერთ. ბევრი გაქვთ დაწერილი გასათხოვარი ან განათხოვარი ქალისა და ცოლიანი მამაკაცის ურთიერთობაზე და არ მახსენდება არც ერთი ამბავი, სადაც უცოლო მამაკაცისა და გათხოვილი ქალის ამბავი გაქვთ გადმოცემული. მინდა, ჩემი თავგადასავალი მოგიყვეთ და დაწეროთ, ოღონდ, პირობა მომეცით, რომ "მინირომანს" დაწერთ და ინტერვიუს სახეს არ მისცემთ.
შევთანხმდით, რომ თუ საინტერესო ამბავს მოვისმენდი, მის პირობას შევასრულებდი და ახლა სწორედ ბატონი მიშას ამბავს მოგითხრობთ (რესპონდენტის თხოვნით, სახელებს არ ვცვლი).

- გამარჯობა, მგონი, სწორად მოვედი, - ახალგაზრდა ქალმა მატარებლის კუპეს კარი გააღო და მორიდებით იკითხა: - ეს ადგილი თავისუფალია, ხომ? - თავით ქვედა საწოლზე მიანიშნა.
- დიახ, მობრძანდით, - დამხვდურმა მამაკაცმა ფანჯრისკენ მიიწია, მიუხედევად იმისა, რომ ქალი მის მოპირდაპირე მხარეს უნდა დამჯდარიყო.
ლალის თან ერთი მომცრო ჩანთა ჰქონდა, რომელიც იქვე, კუთხეში დადგა და ნარზე ჩამოჯდა. თავი კედელს მიაყრდნო და თვალები მილულა. როგორც ჩანს, დაღლილი იყო და ახლა დასვენება ყველაფერს ერჩივნა.
ლალი საშუალო სიმაღლის, ლამაზი პირისახის, წაბლისფერთმიანი ქალი გახლდათ. სადად ეცვა, მაგრამ მის უბრალო ჩაცმულობაში კარგი გემოვნება ერთი შეხედვითაც იგრძნობოდა. შავ კაბაზე შემორტყმული წითელი ქამარი მის ლამაზ წელს ხაზს უსვამდა. ფეხზე წითელი, მდიდრული, საზაფხულო ფეხსაცმელი ეცვა, რომელსაც ქალები "ბასანოჟკებს" ეძახიან.
გრძელი, აზიდული, შავი წარბები, გამართული ჯდომის მანერა და ამაყი, ქედმაღლური მზერა გარშემომყოფებთან თითქოს ზღვარს ქმნიდა და ქალს მიუწვდომელს ხდიდა.
როდესაც მიშა ასეთ ქალებს ხედავდა, ყოველთვის ფიქრობდა: "ხომ არსებობს ისეთი მამაკაცი, რომელსაც ამ ქალის გული აქვს დაპყრობილი? ნეტავ, როგორია ის?"
ცნობილია, რომ ხანგრძლივი მგზავრობა ადამიანებს აახლოებს და რამდენიმე წუთის შემდეგ ერთმანეთს გამოელეპარაკნენ. ქალს ბუნებრივი საუბრის მანერა ჰქონდა, უშუალო და მოკრძალებული ჩანდა. მამაკაცს ის ისე მიუწვდომელი უკვე აღარ ეჩვენებოდა. საუბრიდან შეიტყო, რომ ლალი ბათუმელი იყო და ახლა თბილისიდან მშობლიურ ქალაქში, დედასთან მიემგზავრებოდა. დილით, მგზავრობის დასასრულს, მამაკაცი გრძნობდა, რომ ცოტაც და ლალი შეუყვარდებოდა. ქალთან განშორება არ სურდა და მიზეზს ეძებდა, რომ მათი ნაცნობობა გაგრძელებულიყო. მატარებლიდან ერთად ჩამოვიდნენ. მამაკაცმა გაცილება შესთავაზა და მანამდე არ მოსცილდა, სანამ არ დაითანხმა. ასე და ამგვარად შეიტყო მისი საცხოვრებელი ადგილი. დამშვიდობებისას გამბედაობა მოიკრიბა და ტელეფონის ნომერი სთხოვა.
- ერთი წუთით მომიცადე, - სთხოვა ქალს, სადარბაზოსთან დატოვა და გაუჩინარდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ყვავილებით ხელში დაბრუნდა. როდესაც ქალმა თაიგული ჩამოართვა, როგორც იქნა, გაუღიმა კიდეც. მიშა სიხარულით ცას ეწია.
რამდენიმე დღის შემდეგ სახლში მიაკითხა. კარი ლალიმ გააღო და მისი დანახვა ძალიან გაუკვირდა. შინ შეიპატიჟა. დედა რამდენიმე დღით ქალაქიდან გასულიყო და მარტონი იყვნენ. იქნებ არც დაიჯეროთ, მაგრამ პირველი ღამე მათ სავარძლებში მსხდომებმა, საუბარში გაატარეს.
მამაკაცის სიყვარულმა თუ ქალის მომხიბვლელობამ ეს ღამე დაუვიწყარი გახადა.
ქალი იშვიათად იღიმოდა. ამ დროს მზერა, გამომეტყველება სხვანაირი უხდებოდა - ღიმილი შვენოდა და ლალის კიდევ უფრო მომხიბვლელსა და სასურველს ხდიდა.
ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს ყოველდღე ხვდებოდნენ.
როდესაც მიშა სასურველ ქალს მკლავებში მოიქცევდა, ბედნიერებისგან ლამის ჭკუიდან შეშლილიყო. მის სხეულს კაბის გარედან გრძნობდა და ეჩვენებოდა, რომ ერთმანეთს ვეღარაფერი დააშორებდა. თუმცა, ქალს რაღაც უშლიდა ხელს, რომ საბოლოოდ მისი გამხდარიყო.
ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ვნებით აცახცახებულმა მამაკაცმა ხელებს გაცილებით მეტი სითამამე მისცა და ქალის უბეს მისწვდა, ლალი გამოუტყდა, რომ გათხოვილი იყო; რომ ქმარი მისთვის პირველი მამაკაცი იყო და არც არასოდეს უღალატია.
- ამ ურთიერთობის მეშინია და მრცხვენია, - გაუმხილა ბოლოს.
თბილისში გამგზავრებამდე ლალის 2 დღე რჩებოდა. მიშამ შესთავაზა, ეს დღეები მასთან, სახლში გაეტარებინა. ქალი დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს დათანხმდა.
მამაკაცის ცხოვრებაში ეს ყველაზე ბედნიერი "2 დღე" იყო.
"საოცარი ბედნიერებაა, იმ ქალის გვერდით ყოფნა, ვინც ასე სასურველი და საყვარელია," - ფიქრობდა მამაკაცი.
ქალი ცოტა შებოჭილი იყო და ეტყობოდა, რომ არც სექსში ჰქონდა დიდი გამოცდილება, მაგრამ მიშას ეს უფრო ახელებდა, მოსწონდა.
- ერთ ქალაქში დავიბადეთ და გავიზარდეთ, ასე გვიან რატომ შევხვდით ერთმანეთს? რაღა თბილისში იპოვე შენი ბედი? - ჩურჩულებდა მამაკაცი და ქალს ვნებიანად ჰკოცნიდა.
არ უნდოდა მასთან განშორება და სხვა ქალაქში გაშვება. იცოდა, უზომოდ გაუჭირდებოდა ლალის გარეშე. მართლაც, ძნელია იმ სიცარიელის აღწერა და გადმოცემა, რომელიც მამაკაცის გულში ქალის გამგზავრების შემდეგ გაჩნდა. ეჩვენებოდა, რომ ლალიმ მისი გულის ნახევარი წაიღო. ადგილს ვეღარ პოულობდა, ერთი სული ჰქონდა, დრო გამოეძებნა და მალე ჩასულიყო თბილისში. ღამღამობით სახეს ბალიშში რგავდა, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა ქალის სხეულისა და თმის სურნელი და მასთან ერთად გატარებულ ღამეებს იხსენებდა.
როგორც იქნა, გამოუჩნდა თავისუფალი დრო და მიშა თბილისში ჩავიდა. როდესაც ლალის სამსახურთან დახვდა, მისი გამომეტყველებითა და მზერით მიხვდა, რომ ქალს მისი დანახვა არ ესიამოვნა.
მამაკაცს რომელიღაც, "მეექვსე გრძნობა" ჰკარნახობდა, რომ ქალს ქმარი არ უყვარდა. სურდა, რომ ლალის არჩევანი გაეკეთებინა - ქმარი მიეტოვებინა, შვილი წამოეყვანა და საცხოვრებლად მასთან გადასულიყო.

ერთ პატარა, მყუდრო კაფეში ისხდნენ. ქალი ყავის ფინჯანს მაგიდაზე ატრიალებდა, სახეზე კი უკმაყოფილება ეხატა.
- უშენოდ არ შემიძლია, მიყვარხარ, შემიძლია, გაგაბედნიერო, არ ინანებ!
- კარგი ქმარი მყავს, მას ძალიან უყვარს შვილი და ბავშვიც გიჟდება მამაზე. არ შემიძლია, მისი მიტოვება, - ჯიუტად იმეორებდა ქალი.
- ბავშვი ჯერ პატარაა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შემიყვაროს, გადაწყვიტე, წამოდი ბათუმში, ერთად ვიცხოვროთ, თუ გინდა, შვილს ნუ გამიჩენ, მთავარია, ჩემ გვერდით იყო.
მიშა ხვდებოდა, რომ ასეთი საუბარი ქალის გულისწყრომას იწვევდა და აშკარად არ სიამოვნებდა. ამ დროს მის თაფლისფერ თვალებში სიცივე დგებოდა.
- მაპატიე, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია, არ მიყვარხარ, - ფეხზე წამოდგა ქალი, - დამივიწყე და არასოდეს დამირეკო. - იქაურობა უკანმოუხედევად დატოვა.
მამაკაცი მიმავალ ქალს გაჰყურებდა და გული ეკუმშებოდა. საოცარ ტკივილს გრძნობდა. თავში ჩაქუჩივით ურახუნებდა მის მიერ ნათქვამი - "არ მიყვარხარ"!
ლალი ბათუმში წელიწადში ორჯერ ჩადიოდა და ერთმანეთს მაშინ ხვდებოდნენ. მამაკაცი ყველაფერს აკეთებდა, რომ მისთვის თავი შეეყვარებინა, ქალს თავი კარგად ეგრძნო, საჩუქრებით ანებვირებდა და მზად იყო, მისთვის მთელი სამყარო ეჩუქებინა, მაგრამ იცოდა, რომ სიყვარულს ფულით ვერ იყიდდა. ის მხოლოდ იმის უფლებას აძლევდა, რომ მამაკაცს ჰყვარებოდა.

დროთა განმავლობაში მიშა შეეგუა იმას, რომ ლალისთვის ის მხოლოდ საყვარელი იქნებოდა. ხანდახან ფრთხილად შეაპარებდა ხოლმე აზრს, ერთად ცხოვრების შესახებ, მაგრამ როგორც კი ქალი თავის ლამაზ წარბებს შეჰყრიდა, მაშინვე ჩუმდებოდა.
მამაკაცი მას არ სჭირდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ, მას ვერ წარმოედგინა ლალის გარეშე ცხოვრება. მისი სიყვარული გადაუღებელ, თავსხმა წვიმას ჰგავდა, მუდამ მის გვერდით ყოფნა სურდა, მაგრამ იცოდა, რომ ოცნებას ახდენა არ ეწერა.
უკვე ისეთ ასაკში იყო, რომ ახლობლები მისი მარტოობის გამო წუხდნენ. ცდილობდნენ, ვინმე გაეცნოთ, იქნებ ოჯახის შექმნაზე ეფიქრა. მიშა ზოგს უხეშად იშორებდა თავიდან, ზოგს ხათრის გულისთვის მიჰყვებოდა დაბადების დღეზე თუ ქორწილში, რომ იქ "მომავალი ცილის" სხვის მიერ შეთავაზებული კანდიდატურა გაეცნო, მაგრამ ყველას გულგრილად უყურებდა. იქიდან წამოსულს, აღარც კი ახსოვდა, პერსპექტიული საცოლე როგორ გამოიყურებოდა, რა ფერის თმა ჰქონდა, როგორი კაბა ან ფეხსაცმელი ეცვა.
მას თვალწინ მხოლოდ ლალი ედგა, მის გარდა არავინ უნდოდა და გულით ეწადა, რომ ყოველდღე ერთ საწოლში გაღვიძებოდათ, დილაობით მისი ლამაზი სახისთვის ეცქირა, ოცნებობდა, მისთვის საუზმე და ყავა მოემზადებინა და საწოლში მიერთმია.
განა ცოტაა ისეთი რამ, რაზეც შეიძლება, შეყვარებულმა მამაკაცმა იოცნებოს?
შეხვედრიდან შეხვედრამდე ცხოვრობდა და დარჩენილ დღეებს თითებზე ითვლიდა.
სექსის შემდეგ ლალი ზურგს შეაქცევდა და იძინებდა, მამაკაცი კი კარგა ხანს ვერ ახერხებდა ძილს. მის მშვიდ, თანაბარ სუნთქვას უსმენდა და გული ბედნიერებით ევსებოდა. რაც დრო გადიოდა, მით მეტად უყვარდებოდა ქალი.
მასში ყველაფერი ურთიერთსაწინააღმდეგო იყო: ქედმაღლობა და ბუნებრივი, უშუალო ურთიერთობის მანერა, ქმარი, რომელიც არ უყვარდა და მისდამი ერთგულება. განსაკუთრებულად კი მისი სახის უეცარი ცვლილება აგდებდა შოკში: ჩაფიქრებულ, სევდიან სახეზე უეცრად მრისხანება ეხატებოდა, მრისხანებას ღიმილი ცვლიდა...

ლალის გამგზავრების შემდეგ ადგილს დიდხანს ვერ პოულობდა, არ იცოდა, რით დაკავებულიყო, ცარიელ ოთახებში უაზროდ ბორიალს იწყებდა. განშორების წუთიდან მომავალ შეხვედრაზე ოცნებობდა და ელოდა...
მათი რომანი რამდენიმე წელია, გრძელდება. ახლა მიშა 40 წლისაა და ისევ საყვარელი ქალის ერთგულია. მან თავისი პირადი ცხოვრება მსხვერპლად შესწირა ლალის. არც ცოლი ჰყავს, არც შვილები, მაგრამ არ ნანობს, რომ მისი ცხოვრება ასე აეწყო. ყველაფრის მიუხედევად, ბედნიერია.
ამბობენ, რომ ცხოვრება სწორედ 40 წლის ასაკში იწყება. იქნებ, ჯერ კიდევ არ არის გვიან?

მარი ჯაფარიძე

ბეჭდვა