გველის წიწილი
font-large font-small
გველის წიწილი

მამაკაცი სოფიოს გაცნობისთანავე მიხვდა, რომ ეს ის ქალი იყო, რომელიც მას სჭირდებოდა, რომ ის არასოდეს დაუკიდებდა ყურმილს, არ ატეხდა დებოშს ქმრის დაგვიანების გამო...


სოფიოს დაესიზმრა, რომ უზარმაზარ დარბაზში იდგა, გარშემო კი ყველგან ყინული იყო. კედლებიც კი ყინულით იყო დაფარული და ძალიან ციოდა.
- კარგი გოგო ხარ, - ქალის ხმამ გამოაღვიძა, - ჩვენ, ქალები ყველაფერს ვუძლებთ; აჰა, ახალი ყინული მოგიტანე, დაიდე მუცელზე, - ქალმა სათბურა მიაწოდა, რომელშიც გაყინული წყალი იყო.
სოფიომ გაიხსენა, სად იყო. სამშობიარო სახლის ერთ-ერთ განყოფილებაში იწვა, განადგურებული და ცარიელი... ქალი ჩუმად იწვა და წინა დღეს იხსენებდა. მას უკვე აღარაფრის ეშინოდა, ახლა ყველაფერი სულერთი იყო...
დილით, შემოვლაზე შემოსულმა ექთანმა თერმომეტრები ჩამოარიგა. სოფიოს გვერდით მყოფ გოგონას რომ მიუახლოვდა, უეცრად შეყვირა, გოგონას სახეზე საბანი გადააფარა და პალატიდან ტყვიასავით გავარდა.
ცოტა ხანში ექიმი შემოვიდა და გვერდით საწოლზე მწოლიარე გოგონას დახედა. სოფიომ კარგად გაარჩია ახალგაზრდა, თითქმის ბავშვური, გალურჯებული სახე. გოგონა მომკვდარიყო...
- რას მისჩერებიხართ? - უხეშად მიუბრუნდა ექიმი. - როგორც ჩანს, შიშის გამო გული გაუსკდა. გაიყვანეთ, - მიუბრუნდა სანიტრებს, რომლებიც ექიმს შემოჰყვნენ და მის ბრძანებას ელოდნენ, - მასთან შინ დარეკეთ და ოჯახს შეატყობინეთ, - მიუბრუნდა ექთანს, - ახლა რომ გადარჩენილიყო, მშობიარობის დროს მაინც მოკვდებოდა, - ჩაიბურტყუნა და გავიდა.
სოფიო და გარდაცვლილი გოგონა ერთად მივიდნენ სამშობიარო სახლის სააბორტო განყოფილებაში, სადაც ექიმები სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს განაგებენ...
ექთანისგან გაღვიძებულმა სოფიომ შინ დარეკვა გადაწყვიტა. ათასჯერ მაინც აკრიბა ნომერი, მაგრამ არავინ პასუხობდა. არადა, გურამი შინ უნდა ყოფილიყო...
ვინაიდან განყოფილებაში შესვლისას სოფიოს მობილური ტელეფონი ჩამოართვეს, მათ მოილაპარაკეს, რომ დილის 10 საათზე შინ დარეკავდა.
წინადღეს ქმარი თბილად ექცეოდა, თმაზე ეფერებოდა, ამშვიდებდა და არწმუნებდა, რომ ბავშვის მოცილება აუცილებელი იყო, რადგან იმ ანტიბიოტიკების შემდეგ, რაც ფილტვების ანთების დროს მიიღო, ბავშვი ჯანმრთელი არ დაიბადებოდა. ჰპირდებოდა, რომ როგორც კი ყველაფერი ჩაივლიდა და სოფიო სრულად გამოჯანმრთელდებოდა, ზღვაზე ერთად წავიდოდნენ და დაისვენებდნენ...
ზღვის გაგონებაზე სოფიოს ტანში გაცრა, მაგრამ ქმრისთვის არაფერი უთქვამს. ის ვერასოდეს ეწინააღმდეგებოდა მამაკაცს. მას ნებისმიერი ადამიანის დარწმუნება შეეძლო. სწორედ მან დაარწმუნა, რომ მათი ქორწინება აუცილებელი იყო, მან დაარწმუნა, რომ აბორტიც აუცილებელი იყო... უცნაური კი ის გახლდათ, რომ გურამი ქირურგი იყო და არა - ფსიქოლოგი. მის მიერ წარმოთქმული "ზღვის სანაპირო" კი რაღაცნაირად, უცნაურად ჟღერდა. სოფიოს ხშირად ესიზმრებოდა ზღვის სანაპირო...

შემდეგ ის საოპერაციო ოთახის კართან აღმოჩნდა. შიგნით გრილოდა... სოფიო გინეკოლოგიურ სავარძელზე ავიდა... ექიმი ახალგაზრდა მამაკაცი იყო. ანესთეზიოლოგმა მკლავი გაუშალა, ვენა მოძებნა და უთხრა:
- არ შეგეშინდეთ, ახლა ცოტა თავბრუსხვევას...
სიტყვა "იგრძნობთ" სოფიოს აღარ გაუგონია. ის თითქოს სიბნელეში გადაიჩეხა...
მას ძალიან უნდოდა შვილი... 43 წლის ასაკში დაფეხმძიმდა და გახარებული იყო... მის ახლობლებს უკვე შვილიშვილებიც კი ჰყავდათ, მას კი ჯერ შვილიც არ ღირსებოდა. თუმცა, ამაში მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებდა...
არჩილი ერთ-ერთ თბილისურ კაფეში გაიცნო. აქ ძირითადად თავს სტუდენტები იყრიდნენ ხოლმე. მაშინ სოფიო პირველკურსელი იყო და თავისუფლებით ტკბებოდა. დედისა და ბებიის აღზრდის მეთოდი შიშზე იყო დაფუძნებული. მამასაც მიაჩნდა, რომ შიშის ქვეშ აღზრდილი ბავშვი ცუდად არასოდეს მოიქცეოდა და უსიამოვნო ამბებში არ გაეხვეოდა. მათ ავიწყდებოდათ, რომ მოპარული ხილი გაცილებით გემრიელია.
კაფე "თბილისური" ფუტკრის სკასავით ზუზუნებდა. სტუდენტები აქ აღნიშნავდნენ ჩაბარებულ სესიებს, დიპლომის დაცვას და დაბადების დღეებს. იმ დღეს ერთ-ერთი თანაკურსელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. კუთხეში მიდგმულ მაგიდასთან უფროსკურსელი ბიჭები ისხდნენ და გიტარაზე მღეროდნენ. სოფიოს რამდენიმე ჭიქა შამპანური ჰქონდა დალეული და თვალები ეხუჭებოდა. მოთენთილობის მიუხედავად, სოფიომ იმ მაგიდასთან მსხდომ ბიჭებს შორის ერთ-ერთს მიაქცია ყურადღება. ის მშვენივრად გამოიყურებოდა, საკმაოდ კარგად ეცვა და ისეთ ანეკდოტებს ჰყვებოდა, რომლის გამოც იმ დროს ინსტიტუტიდან გარიცხვაც კი შეეძლოთ.

სოფიომ არ იცოდა, რომ ეს ბიჭი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც უშიშროებასთან თანამშრომლობდა. ის საბჭოთა კავშირის "კგბ"-ს უშტატო თანამშრომელი გახლდათ და დიპლომის აღების შემდეგ ჟენევაში უნდა გამგზავრებულიყო, როგორც საბჭოთა კავშირის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი. მისთვის იქ საცოლეც კი ჰყავდათ შეგულებული - საელჩოს ერთ-ერთი წარმომადგენელი.
არჩილმა იქურობას თვალი მოავლო და სოფიო შენიშნა. წამოდგა და იმ მაგიდას მიუახლოვდა, სადაც გოგონა იჯდა.
- ნება მიბოძეთ, გაგეცნოთ - არჩილი, - თავი გალანტურად დაუკრა ბიჭმა, - ქალიშვილო, გასეირნებაზე უარს ხომ არ მეტყვით?
სოფიო არც დაფიქრებულა, თავის ჩანთას ხელი წამოავლო, მეგობრებს დაემშვიდობა და არჩილს გაჰყვა. არც კი გაუგონია, რა უთხრეს მეგობრებმა.
- უყურე შენ, ვითომ წყნარი და ჩუმია და არჩილის ყურადღება კი დაიმსახურა. იმის თქმაც ვერ მოვასწარით, რომ არჩილი მექალთანეა და არ ენდოს, - ჩაილაპარაკეს გოგონებმა.
სოფიოს თავისი გეგმები ჰქონდა, რომელსაც არავის უმხელდა. ახლაგზრდებმა კარგა ხანს ისეირნეს. ამასობაში დაღამდა და აგრილდა კიდეც.
- შემცივდა, - თქვა სოფიომ და მოიბუზა.
- გინდა, ჩემთან დაგპატიჟებ, გათბები და მერე წახვალ, აქვე ვცხოვრობ, - შესთავაზა ბიჭმა.
- არა, უხერხულია, შენი მშობლები რას იტყვიან? - თქვა გოგონამ. მან არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მამაკაცებთან ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონდა.
- ნუ გეშინია, ისინი ახლა შინ არ არიან, - არჩილმა იდაყვში ხელი მოჰკიდა და თან გაიყოლა.
სოფიომ თვალები დახუჭა და ისე გადააბიჯა არჩილის სახლის ზღურბლს. მოეჩვენა, რომ ამ დროს ხიდიდან გადახტა.
სახლი მდიდრულად იყო მოწყობილი. გოგონა ვერ ხვდებოდა, რომ ბიჭმა ის უშიშროების მიერ მისთვის დაქირავებულ სახლში მიიყვანა. არჩილს ქალები აქ ამოჰყავდა ხოლმე. მართალია, ამის გამო შეფმა ბევრჯერ უსაყვედურა, მაგრამ მერე ყველაფერზე თვალებს ხუჭავდა, რადგან არჩილი საჭირო თანამშრომელი გახლდათ.

ვიდრე არჩილი ყავას ადუღებდა, სოფიომ ყველა ოთახი მოიარა. საძინებელში, საწოლზე აბრეშუმის, ჩინური კიმონო იდო. გოგონას ჩაეცინა. სწორედ ასეთი კიმონო ჩამოუტანა მამამ დედას საჩუქრად, როდესაც ამ ცოტა ხნის წინ დელეგაციასთან ერთად ჩინეთში იმყოფებოდა. სოფიოს ეწყინა კიდეც, მამამ მასაც რომ არ ჩამოუტანა ასეთი ხალათი.
შამპანური ჯერ კიდევ მოქმედებდა... სოფიომ კაბა გაიხადა და კიმონო ჩაიცვა.
- სოფი, ყავა მზადაა, - დაუძახა ბიჭმა.
გოგონა მისაღბ ოთახში გავიდა. არჩილმა ის კიმონოში რომ დაინახა, ხმამაღლა გაიცინა.
მაგიდაზე ყავის გარდა ფრანგული კონიაკი "ნაპოლეონიც" იდგა, რომელიც სოფიოს ოჯახში სტუმრებისთვის ჰქონდათ გადანახული. ვაზაში ეგზოტიკური ხილი ეწყო.
- საიდან გაქვს "ნაპოლეონი" და ასეთი ხილი? - ჰკითხა გოგონამ, - ეს თბილისში არ იყიდება.
- მეგობარმა მომიკითხა, ახლახან დაბრუნდა უცხოეთიდან, - უპასუხა არჩილმა და ყავაში კონიაკი შეუმჩნევლად ჩაამატა.
...ისინი საწოლზე იწვნენ. სოფიოს თითქმის ჩაეძინა. არჩილი მის გარუჯულ ზურგს ხელს უსვამდა...
- ასეთი "ზაგარი" სად მიიღე? - ჰკითხა ბიჭმა.
- ამ ზაფხულს მე და მამაჩემი ნიცაში ვიყავით, - გაიზმორა გოგონა.
არჩილი შეცბა...

- ვინაა მამაშენი? - იმ დროს ნიცაში დასასვენებლად წასვლა უბრალო ადამიანს არ ხელეწიფებოდა.
სოფიომ დაამთქნარა და ისეთი თანამდებობა დაასახელა, რომლის გაგონებაზეც ბიჭი ლამის კანკალმა აიტანა.
"აუჰ, მგონი, გავები", - გაიფიქრა არჩილმა.
- სოფი, გვიანია უკვე, მგონი ჯობია, რომ წავიდეთ, გაგაცილებ.
სოფიო უხალისოდ წამოდგა, არეულ საწოლს გადახედა და გაიღიმა.
არჩილმა გოგონასთვის ნაყიდ, მაგიდაზე დადებულ ყვავილებს ხელი წამოავლო და გასასვლელი კარი გამოაღო.
- აი, ტაქსიც მოსულა, - სადარბაზოსთან მდგარი, შავი "ვოლგის" ღია ფანჯარაში თავი შეყო, - შეფ...
- დაეგდე, სულელო, "კუდი" აგვეკიდა, - კბილებში გამოცრა შეფმა.
სოფიოს უკანა კარი გაუღო, თვითონაც გვერდით მიუჯდა და მანქანა დაიძრა. ისინი ჩახუტებულები ისხდნენ. სოფიო კარგ გუნებაზე იყო. დედა და ბებია მთელი ცხოვრება აფრთხილებდნენ, რომ მამაკაცებს უნდა მორიდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი მონსტრები სულაც არ ყოფილან. სოფიო კმაყოფილი იყო.
- დედას რა ჰქვია? - ჩუმად ჰკითხა არჩილმა.
- ნინო, - ჩურჩულით უპასუხა გოგონამ, - რატომ იკითხე?
- მადლობა უნდა გადავუხადო, ასეთი საოცარი შვილი რომ აღზარდა.
კარი დედამ გააღო.

- ქალბატონო ნინო, ჩაიბარეთ თქვენი შვილი... მე არჩილი ვარ, - თავი დახარა ბიჭმა, შემდეგ თაიგული გაუწოდა და ქალს ხელზე აკოცა.
- შემობრძანდით, ჩაიზე დაგვეწვიეთ, - გაწითლდა დედა.
- არა, გმადლობ, ჩემები ინერვიულებენ, - თქვა ბიჭმა და კიბეზე დაეშვა.
"ვოლგა" ისევ სადარბაზოსთან იდგა. არჩილი უსიტყვოდ ჩაჯდა. მძღოლმა მანქანა დაძრა.
- ის მაინც თუ იცი, ვისი შვილი გყავდა ახლა სახლში? უკან მიიხედე, "კუდს" ხედავ? მანქანის ნომრებს ცნობ?
- კი, "ცეკას" ნომრებია, - ჩამქრალი ხმით უპასუხა ბიჭმა.
- ხვალ, დილის 10 საათზე ჩემთან იყავი, - განაგრძო შეფმა, - მთელი სისასტიკით დაისჯები, "იქიდან" უკვე დამირეკეს.
დილით არჩილი შეფის კაბინეტიდან გამოვიდა და კიბეზე მოღუშული სახით დაეშვა.
- ქორწინება აუცილებელია და დავქორწინდები, სანამ არ გავიჩალიჩე, არ მოვისვენე, - უთხრა საკუთარ თავს.


სოფიო სარკის ტრიალებდა და ცდოლობდა, ისეთი კაბა ამოერჩია, რომ მისი გამობზეკილი მუცელი არ გამოჩენილიყო.
ის ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო, რატომ დანებდა ასე იოლად ბიჭს. რჩევის მიმცემიც კი არავინ ჰყავდა. ახლო მეგობარიც არ ჰყავდა, ისევე, როგორც ახლა, 30 წლის შემდეგ...
ეს დღე სოფიოსთვის უჩვეულო გახლდათ. ის მშობლებთან ერთად არჩილთან მიდიოდა სტუმრად. მშობლებს ქორწილის დღე უნდა დაეთქვათ.
არჩილის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. დიპლომი და ჟენევაში, საბჭოთა საელჩოში ადგილი უკვე ჰქონდა. იქ ცოლთან ერთად უნდა გამგზავრებულიყო. მის მშობლებს სხვა საპტარძლოებიც ჰყავდათ შერჩეული, მაგრამ როდესაც გაგიგეს, რომ სოფიო კარგი ოჯახის შვილი იყო, შვილის არჩევანისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
სუფრასთან ჩვეულებრივი, ელიტური საუბარი მიმდინარეობდა. დედები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, მამები პოლიტიკურ ვითარებას მიმოიხილავდნენ, საერთაშორისო იმპერიალიზმს აგინებდნენ...
სოფიო და არჩილი ბიჭის ოთახში იყვნენ და ჩახვეულები ვალსს ცეკვავდნენ. გოგონას სურდა, რომ საქმროსთვის ფეხმძიმობის ამბავი გაემხილა. მუცლით მიეხუტა, რომ მამაკაცს მის სხეულში სიცოცხლის არსებობა ეგრძნო. სულ 14 კვირის ფეხმძიმე იყო, მაგრამ სოფიო ისეთი გამხდარი იყო, რომ მუცელი კარგად დასტყობოდა. ვერ გაბედა გოგონამ ამ თემაზე საუბრის წამოწყება.
მათ სუფრასთან უხმეს. როგორც ჩანს, მშობლებმა უკვე ყველაფერზე მოილაპარაკეს.
ახალგაზრდების სადღეგრძელო შესვეს, შემდეგ მომავალი შვილიშვილებისაც. სოფიომ ჩათვალა, რომ დრო იყო, არჩილისთვის ყველაფერი ეთქვა.
მამების შემდეგ სიტყვა დედებმა აიღეს. არჩილის დედა გახარებული იყო იმით, რომ მისი შვილი სიყვარულით ქიორწინდებოდა. მისი სადღეგრძელოს შინაარსი ის გახლდათ, რომ ახალგაზრდებს ბავშვის გაჩენა არაფერში ეჩქარებოდათ. 1-2 წელი იცხოვრებდნენ ერთად, დროს გაატარებდნენ, შემდეგ კი შვილის გაჩენაზეც იფიქრებდნენ. "საშინელებაა, როცა პატარძალი ქორწილში გაბზეკილი მუცლითაა", - დაამატა ბოლოს. სოფიოს დედას კი მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ ასეთი წესიერი შვილი აღზარდა.

- მართალია, ჩვენ არსად გვეჩქარება, ჟენევაში კარიერა უნდა გავიკეთო, მერე კი შვილებსაც გავაჩენთ, - სიტყვა არჩილმა აიღო და სოფიოს ცრემლით სავსე თვალებში ჩახედა.
გოგონას თავზარი დაეცა. ამის მერე ვეღარ გაბედავდა საქმროსთვის თავისი ფეხმძიმობის ამბის გამხელას.
მას არაფერი უჭამია, რადგან ეშინოდა, ფეხმძიმობის გამო გული არ არეოდა და ყველაფერი არ გამოაშკარავებულიყო. ქორწილის დღე დაადგინეს, რესტორანიც შეარჩიეს და სტუმრების სიაც დააზუსტეს.
შინ დაბრუნებულ სოფიოს თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა - როგორ მოქცეულიყო ამის შემდეგ? ამ ბავშვის გაჩენა არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა. არც ვინმესთვის დარდის გაზირება შეეძლო. სწორედ ამ დროს გაახსენდა დედის მეგობარი.
ლიას ენაზე კბილის დაჭერა ნამდვილად შეეძლო. ის ჟურნალისტი გახლდათ და იცოდა, საიდუმლოს შენახვა რარიგ საჭიროა, ხანდახან. გვიან ღამით სოფიომ ტელეფონი საწოლში შეითრია, თავზე საბანი წაიფარა და ლიას დაურეკა.
მეორე დილით ლია გოგონას უნივერსიტეტის პირდაპირ, გაჩერებაზე ელოდა. მისი ყვითელი "მოსკვიჩი" მზესავით ანათებდა.
- რა მოხდა, საყვარელო? - ჰკითხა გვერდით სავარძელზე მოკალათებულ გოგოგნას და გრძელ, ყავისფერ სიგარეტს მოუკიდა.
სოფიო ატირდა და სათვალე მოიხსნა.
- არა, არა, ჯობია, ისევ გაიკეთო ეგ სათვალე, რას გიგავს თვალები?
ლიამ მანქანა დაძრა და სოფიო თავის სახლში მიიყვანა.
- აბა, მომიყევი, რა მოხდა, - ჰკითხა და წინ ყავით სავსე ფინჯანი დაუდგა.
გოგონამ ტირილითა და ფშლუკუნით უამბო ყველაფერი.
ლია სიტყვას არ აწყვეტინებდა, ისე უსმენდა. შემდეგ კიდევ ერთ სიგარეტს მოუკიდა და თქვა:
- ახლა დამშვიდდი, ემოციები მოთოკე და მითხარი, რა გადაწყვიტე?
- არ ვიიი-ციიი, - ისევ ატირდა სოფიო.
- არჩილს ეტყვი?
- არა, ვერ ვეტყვი, მიშველე, გთხოვ, არ მინდა ამ ბავშვის გაჩენა, - სოფიომ იმედიანი თვალებით შეხედა დედის მეგობარს.
ის დუმდა, სიგარეტს ეწეოდა და ფერფლი პირდაპირ იატაკზე იყრებოდა.
ლიას თავისი მოსაგონარი ჰქონდა - ამბავი, რომელიც მხოლოდ თვითონ იცოდა. თვითონ და იმ ახალგაზრდა ექიმმა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში მუშაობდა.


თავისი პირველი და ერთადერთი სიყვარულიც გიხსენა, ბოლო, გამოსამშვიდობებელი ღამეც, როდესაც ძალიან შორს მიემგზავრებოდა. მაშინ მისმა საყვარელმა მამაკაცმა თქვა - "იქ გეოგრაფია მთავრდება" - და შეჰპირდა, რომ აუცილბლად ჩააკითხავდა.
1 თვის შემდეგ ლიამ შეყვარებულს წერილი გაუგზავნა, სადაც ერთადერთი ფრაზა ეწერა - "საათი გაჩერდა". ეს მათი პაროლი იყო... შეყვარებული მამაკაცის ნაცვლად კი ლიასთან წერილი ჩავიდა, რომელშიც თავისი სათაყვანებელი მამაკაცი ატყობინებდა, რომ დაოჯახდა და ქორწილში ეპატიჟებოდა...
ლიამ ბევრი იფიქრა და მიხვდა, რომ ამ "ქვეყნის დასალიერში" ბავშვს ვერ აღზრდიდა და კარიერასაც დაიღუპავდა.
გინეკოლოგი ახალგაზრდა ქალი იყო... სხვა გინეკოლოგი იქიდან 300 კილომეტრში თუ მოიძებნებოდა. სამსახურიდან გათავისუფლებაზე ვერც იოცნებებდა... თანაც, ნამდვილ მიზეზს ვერ იტყოდა... არჩევანის საშუალება არ იყო...
მეორე დღეს მდგომარეობა გაურთულდა, სიცხემ აუწია და ნახევრად მკვდარი ლია თბილისში ვერტმფრენით გადმოაფრინეს.
ოპერაციის შემდგომი პერიოდის გასვლის შემდეგ ის საავადმყოფოდან შინ გაწერეს და განაჩენიც გამოუტანეს - შვილი არასოდეს ეყოლება!
ა-რა-სო-დეს!
ლია რაიონში აღარ დაბრუნებულა. სამსახური თბილისში იშოვა და საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა.
კარგა ხანს ითმინა, მაგრამ ბოლოს მაინც დარეკა.
"მისმა" ცოლმა უპასუხა და ზრდილობიანად სთხოვა, რომ სხვა დროს აღარ დაერეკა; და თუ მის ქმართან სამსახურში დარეკვას გაბედავდა, შეჰპირდა, რომ უტვინო თავიდან თმის ღერებს სათითაოდ ამოაპუტავდა.
ლიამ ესეც გადაყლაპა და იმ საღამოს დათვრა.
იმის მერე სიგარეტი ხელიდან არ გაუგდია, საკუთარ თავს გაუთხოვარი ქალის სტატუსი მიანიჭა და მხოლოდ შავ-თეთრი ტანისამოსით დადიოდა.
მან არ იცოდა ერთი რამ - მისმა საყვარელმა მამაკაცმა ლიას საუკეთესო მეგობარს, სოფიოს დედას, ნინოს დაურეკა და სთხოვა, რომ მისთვის წერილი გადაეცა, მაგრამ ნინომ ის წერილი დახია და სანაგვეში გადაუძახა.
სოფიო აღარ ტიროდა. ის იმედიანი თვალებით შეჰყურებდა ლიას.
- წავედით, - წამოდგა ლია.
მან უკვე იცოდა, სად წაიყვანდა გოგონას. მას ნაცნობი ექიმი ჰყავდა, რომელიც მასთან ვალში იყო და ამ საქმეს მხოლოდ მას თუ ანდობდა.
მას შემდეგ, რაც სოფიო შინ მიიყვანა, თვითონაც სახლში დაბრუნდა და თავის ოთახში ჩაიკეტა. თან ერთი ბოთლი კონიაკი შეიყოლა და ზალპით დალია.

***
ჟენევამ, თავისი ვიწრო ქუჩებითა და პატარ-პატარა კაფეებით, სოფიოზე დიდი შთაბეჭდილება მოხდინა. ის არ მუშაობდა.
ჟენევაში ყოფნის პირველი 3 თვე მაღაზიების შესწავლას მოანდომა. უკვე ზეპირად იცოდა, რომელ მაღაზიაში შეეძლო შესვლა და რომელში არ შეუშვებდნენ, იმიტომ, რომ მანქანით არ მივიდა, შესაფერისად არ იყო ჩაცმული და არც შლაპა ეხურა. ისიც იცოდა, რომ საკიდრიდან ჩამოცურებული ტანისამოსი თავად არ უნდა აეღო. საამისოდ ყველა მაღაზიაში სპეციალური თანამშრომელი ჰყავდათ, რომელსაც ხელფასს უხდიდნენ.
მთელი წელი გავიდა, რაც ის და არჩილი ჟენევაში ცხოვრობდნენ. ისინი თავს ისე კარგად გრძნობდნენ, რომ შვებულების დროსაც კი არ ჩამოსულან თბილისში.
სოფიო თავის წარსულს განიცდიდა და ჩადენილ ცოდვას ინანიებდა... მას შემდეგ აღარ დაორსულებულა.
არჩილმა ბოლო დროს მემკვიდრეზე საუბარს მოუხშირა. ცოლს არაფერს აგრძნობინებდა, მაგრამ თანამშრომელ ქალს, ირას კი ერთხელ დარდი გაუზიარა. ირა მასზე 3 წლით უფროსი იყო, განათხოვარი გახლდათ და მიაჩნდა, რომ ოჯახურ საკითხებში ნამდვილი ექსპერტი იყო.
- იცი, ირა, სანამ ცოლს მოვიყვანდი, უამრავი ქალი მყავდა და მათი უმეტესობა ჩემგან იოლად ფეხმძიმდებოდა. ცოლს კი ვერაფერი მოვუხერხე, - შესჩივლა ქალს.
- მე მიგაგზავნით ერთ აქაურ ექიმთან, ჩემი მეგობარია და ის დაგეხმარებათ. იქნებ სულ უბრალო პრობლემაა და უცებ გადაჭრით. შენისთანა ლამაზი მამაკაცი მემკვიდრის გარეშე არ უნდა დარჩეს.
შინ დაბრუნებულმა არჩილმა ცოლს გამოუცხადა, რომ დილით ექიმთან მიდიოდნენ.
სოფიო მშვიდად შეხვდა ამ ინფორმაციას და დილით სიხარულით გაჰყვა ქმარს. არჩილმა ის კლინიკაში დატოვა, თვითონ კი სამსახურში წავიდა. სოფიომ ექიმს ყველაფერი გულახდილად უამბო, რათა მას შესაბამისი დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დანიშვნა შესძლებოდა...
ექიმმა კი დაივიწყა, რომ პაციენტის საიდუმლო უნდა შეენახა და ირას, რომელმაც საღამოს დაურეკა, ყველაფერი უამბო. ირასგან კი მეორე დღეს სიმართლე არჩილმაც შეიტყო. როდესაც მამაკაცმა აბორტის ზუსტი თარიღი დაადგინა, მიხვდა, რომ სოფიო მაშინ დაფეხმძიმდა, როდესაც პირველად მიიყვანა სახლში.
"მომატყუა... სიმართლე დამიმალა... მე დამიმალა, ადამიანს, რომელსაც თავისი უმანკოება ჩააბარა. ალბათ არ ვუყვარდი და იმიტომ. როგორც ჩანს, მას უცხოეთში წამოსვლა უნდოდა და არა - ჩემთან ყოფნა," - ფიქრობდა არჩილი.
6 თვის შემდეგ სოფიო დაფეხმძიმდა. როცა დარწმუნდა, რომ ორსულად იყო, ბედნიერებისგან ატირდა. გადაწყვიტა, ქმრისთვის ჯერ არაფერი ეთქვა.
ბოლო დროს არჩილი შუბლშეკრული დადიოდა. გოგონა ვერ ხვდებოდა, რომ ქმარმა მისი წარსულის შესახებ ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად იცოდა.
ერთ დღეს არჩილმა შინ მოსვლა დააგვიანა. როგორც იქნა, შემოსასვლელი კარის ხმა გაისმა. არჩილი კარგა ხანს გაჩერდა შემოსასვლელში და ოთახში შესვლას არ ჩქარობდა.

როგორც იქნა, ოთახში შემოაბიჯა. ის მთვრალი იყო.
- როგორ მოხვედი ასეთი მთვრალი? საჭესთან შენ იჯექი? - შეშფოთებულმა ჰკითხა ქმარს.
- არა, ირამ მომიყვანა. რა შენი საქმეა? მაშინ ხომ არაფერი გიკითხავს, როცა თბილისში აბორტის გასაკეთებლად წახვედი? ახლა კი ბავშვის გაჩენა არ შეგიძლია, მომატყუე და ჩვენი შვილის ბედი შენ, მარტომ გადაწყვიტე, - არჩილი ატირდა, - ნამდვილი გველის წიწილი ხარ! - მამაკაცი ოთახში პირდაპირ იატაკზე დაჯდა.
- არჩილ, რას ამბობ, მე ხომ მიყვარხარ, - სოფიო ქმარს მიახლოვდა და თავზე ხელი გადაუსვა.
მამაკაცმა ხელი ჰკრა, გოგონამ თავი ვერ შეიკავა და მუცლით დაეცა. მან ინსტიქტურად ხელი მუცელზე იტაცა.
- თავს ნუ მაცოდებ, ჩვენ ერთად აღარ ვიცხოვრებთ, უნდა დავშორდეთ! მე სხვა მიყვარს და ის ჩემგან ბავშვს ელოდება! ჩაალაგე ბარგი და შინ გაემგზავრე, ბილეთი უკვე აგიღე. აბა, გაბედე და გაყრის საბუთებს ხელი არ მოაწერო?! მოგკლავ!
1993 წლის ოქტომბერი იდგა... ბავშვი 7-თვიანი დაიბადა. საფეთქელთან ჰემატომა ჰქონდა. სოფიოს მშობლებს ექიმმა ბავშვის დაბადებისთანავე უთხრა, რომ პატარა ვერ იცოცხლებდა, მაგრამ მის გადასარჩენად ყოველ ღონეს იხმარდნენ.
პატარამ 2 თვე იცოცხლა... ბოლოს უკვე თავისი უკბილო პირით იღიმოდა კიდეც... სოფიო საათობით იდგა პალატის ფანჯარასთან და ელოდა, როდის მისცემდა ექიმი უფლებას, რომ ბავშვისთვის ძუძუ მოეწოვებინა.
ერთ საღამოს, როდესაც ბავშვი დედის ძუძუს ჩააფრინდა, სოფიო სიყვარულით დაჰყურებდა მის პატარა სახეს... პატარა დედას მკერდზე ხელებს უცაცუნებდა, შემდეგ კი გაჩერდა... სოფიოს ის დღე გაახსენდა, როცა ლიასთან ერთად ექიმთან მივიდა...
შვილს თმაზე ხელი ჩამოუსვა და გაითიშა.
შოკიდან ის ექთანმა გამოიყვანა, რომალიც ბავშვის წასაყვანად მოვიდა.
- ექიმო, ექიმო! - აყვირდა ის.
ექიმი ტყვიასავით შემოვარდა პალატაში და როდესაც ბავშვის გალურჯებულ სახეს დახედა, მიხვდა, რომ მისი ტუჩები სამუდამოდ მიჰყინვოდა დედის მკერდს.
სოფიოს გონზე მოყვანას დიდი ხანი დასჭირდა. დამამშვიდებელი ნემსები გაუკეთეს და დააძინეს.

***
სასაფლაოდან ნინო ლიასთან წავიდა, მამამ კი ფეხით გავლა გადაწყვიტა.
სოფიო კი საფლავთან დარჩა. ყვავილებით დაფარულ პატარა ბორცვს კარგა ხანს დაჰყურებდა.
შინ წასვლა არ უნდოდა, იცოდა, რომ ყველა მის დამშვიდებას შეეცდებოდა...
როდესაც დაბინდდა, დარაჯი მიუახლოვდა და იდაყვზე ფრთხილად შეეხო. მამაკაცმა იცოდა, რატომ იდგა ქალი ასე გახევებული. თვითონ ამოთხარა პატარა საფლავი, მისი შვილისთვის.
- წამოდით, გზამდე გაგაცილებთ, - ჩუმად უთხრა დარაჯმა.
ქალი მადლიერი დარჩა, რადგან დარაჯმა მის მაგივრად მიიღო გადაწყვეტილება. თვითონ ვერაფერს ახერხებდა.
სოფიომ ტაქსი გააჩერა და ლიას მისამართი უკარნახა.
ვიდრე კარზე ზარს დარეკავდა, ცოტა შეყოვნდა, რადგან შიგნიდან ხმამაღალი ლაპარაკი მოესმა.
- თქვენი ბრალია, თქვენ დაღუპეთ შვილი, - ყვიროდა ლია.
- შენ როგორ გაბედე, რომ როდესაც ჩემი შვილი შენთან მოვიდა და თავისი ამბავი გაგიმხილა, სახლში თმით კი არ მოათრიე, ექიმთან წაიყვანე და უღმერთოდ გამოაშიგნინე? შენ თვითონ გაქვს მსგავსი ცოდვა აკიდებული და ახლა შვილიც ვეღარ გაგიჩენია!
- აქედან გაეთრიე! - დაიყვირა ლიამ.
- შენი ფეხი არ ვნახო ჩემს სახლში და ჩემს შვილთან მიკარებაც აღარ გაბედო, შე გათახსირებულო! - მთელი ხმით გაკიოდა სოფიოს დედა.
სოფიო კედელზე ზურგით ჩაცურდა და ლიას კართან ჩაჯდა.
ამ დროს კარი გაიღო და დედამისმა ფეხი ისე წამოჰკრა, ლამის ცხვირ-პირი დაიმტვრია.
- აქ რა გინდა, შვილო? შინ წამოდი.

- არა, არ წამოვალ, ყველანი მეზიზღებით, მე ლიასთან დავრჩები! - მტკიცედ თქვა გოგონამ.
- მომიფურთხებია თქვენთვის, - დაიყვირა ქალმა და კიბეზე დაეშვა.
იმ საღამოს ლიას ინსულტი დაემართა და სამუდამოდ მიეჯაჭვა ინვალიდის სავარძელს. სოფიო მასთან დარჩა. დედას, რა თქმა უნდა, შეურიგდა, მაგრამ მასთან მხოლოდ ოფიციალურ ურთიერთობას ინარჩუნებდა.
შვილის გარდაცვალების შემდეგ სოფიომ უნივერსიტეტში, სხვა ფაკულტეტზე ჩააბარა და სწავლა განაგრძო.
შემდეგ კი გურამიც გამოჩნდა...

***
მამაკაცი სოფიოს გაცნობისთანავე მიხვდა, რომ ეს ის ქალი იყო, რომელიც მას სჭირდებოდა, რომ ის არასოდეს დაუკიდებდა ყურმილს, არ ატეხდა დებოშს ქმრის დაგვიანების გამო... გადაწყვიტა, მასზე დაქორწინებულიყო. სოფიოს უარი არ უთქვამს. გურამი საცხოვრებლად მასთან და ლიასთან გადავიდა.
ახალი წლის დღეებში სოფიო ავად გახდა და ფილტვების ანთება დაემართა. ექიმმა ქმარმა მკურნალობა დაუნიშნა და ანტიბიოტიკებსაც საკუთარი ხელით უკეთებდა. მაშინ სოფიომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო...

...პალატაში ცოტა ხანს გაჩერდა და ისევ დასარეკად გავიდა. ყურმილს კვლავ არავინ იღებდა. ლია რაიონში, დასთან გახლდათ სტუმრად, გურამი კი როგორც ჩანს, შინ არ იყო.
შუადღისას სოფიო საავადმყოფოდან გაწერეს. შინ მარტო, ტაქსით დაბრუნდა. სახლში არავინ დახვდა. ცოტა ხანში კი ტელეფონმა დარეკა. გურამის სამსახურიდან რეკავდნენ. იკითხეს, - სამსახურში რატომ არ გამოცხადდაო? მას იმ დღეს რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი.
საღამოს გურამმა დარეკა.
- სოფიო, მე ვარ, საქეიფოდ ვიყავი, მთვრალი ვარ და არ მინდოდა, ასეთ მდგომარეობაში გენახე, - ბლუყუნებდა მამაკაცი.
- შენი ნახვა საერთოდ აღარ მინდა, - ჩასძახა სოფიომ და ყურმილი დაკიდა.
მეორე დღეს გურამმა თავისი ნივთები წაიღო და საცხოვრებლად ყოფილ ცოლთან გადავიდა.

***
ერთ ზაფხულს სოფიო ბათუმში წავიდა. ერთ დღეს პლაჟზე გასულმა თავისი პირსახოცი ქვებზე გაშალა და მზეს მიეფიცხა. მის გვერდით შუახნის, მოვლილი ქალი ირუჯებოდა. იქვე კი ხუთიოდე წლის ბავშვი თამაშობდა. ქალმა სოფიოს ბავშვი ჩააბარა და თვითონ ზღვაში შევიდა. მას ჩამოქნილი ტანი ჰქონდა და ისე მიირწეოდა, თითქოს ყველას ყურადღების მიპყრობა სურდა.
- დეიდა, თქვენი შვილი სადაა? - ჰკითხა ბავშვმა.
- ჩემი შვილი? - ჩაეკითხა სოფიო.
- თამაში მინდა, სადაა შენი შვილი?
- მოდი, მე და შენ ვითამაშოთ, სანამ დედიკო იცურავებს, - გაუღიმა ბავშვს.
- ეს ჩემი დედიკო კი არა, ჩემი ბებიაა, პატარა და შემეძინა და დედიკომ ბებიასთან და ბაბუასთან ერთად გამომიშვა ზღვაზე. აი, ბაბუა მოდის, - ხელი გაიშვირა პატარამ.
სოფიო სასწრაფოდ წამოდგა, თავისი ნივთები წამოკრიბა და ჩანთაში ჩაალაგა.
ბაბუამ შვილიშვილს შორიდან დაუქნია ხელი.
სოფიო აკანკალდა.
- დეიდა, გინდა, ბაბუა გაგაცნო? იცი, ბებია რას ეძახის მას, როცა გაბრაზდება? გველის წიწილს!
როდესაც არჩილი ბავშვს მიუახლოვდა, სოფიო ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა პლაჟიდან. მამაკაცმა ის ზურგიდან ვერ იცნო... თანაც, უკვე რამდენი წელი გავიდა...
სოფიოს იმ ღამით კაფე "თბილისური" დაესიზმრა. თვითონ ფანჯარასთან იჯდა და გულზე ტრაფარეტი ჰქონდა დაკიდებული, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა: "გველის წიწილი".


მარი ჯაფარიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (11)
05.08.2016
ძალიან მეტკინა გული.....
ნანა
08.07.2015
მე მომწეონა მარი ყოჩაღ...
ია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ღამღამობით სახეს ბალიშში რგავდა, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა ქალის სხეულისა და თმის სურნელი


კედლისკენ იყო გადაბრუნებული და შპალერის უზორს თითს აყოლებდა...
არაფერზე ფიქრობდა გარდა იმისა, რომ თითი ზუსტად გაეყოლებინა და ხაზებს არ ასცდენოდა...
ტელეფონის წკრიალმა დაუფრთხო სიმშვიდე...
მესიჯის ზარს ბოლომდე აცადა მიჩუმება და მერე გახსნა...

მამაკაცები ძვირად ღირებულ მანქანებს იმიტომ ყიდულობენ, რომ მამაკაცური სისუსტე და უძლურება დამალონ



მის გარეშე თავს გაცილებით მშვიდად და უკეთ ვგრძნობდი. როცა დაბრუნდა, შევთავაზე, ერთმანეთს დავშორებოდით. მაშინვე დამთანხმდა. როგორც ჩანს, ისიც უჩემოდ უფრო კარგად გრძნობდა თავს.


ამბავი, რომელიც მარტოხელა მამაკაცებს მოეწონებათ

არ მინდოდა, ასეთ დელიკატურ საკითხზე გამემახვილებინა მისი ყურადღება და შევთავაზე, უბრალო, ელექტრონული სქემის დახმარებით მოგვეხდინა სექსისა და გარყვნილების ერთმანეთისგან გამიჯვნა



ვეჩვევი ქალებს, რომლებთანაც სექსი მქონდა. მათ უცხოდ ვერ აღვიქვამ. როდესაც რომელიმე მათგანი სადღაც გადაიკარგება, არ დამირეკავს ან ინტერნეტში არ შემეხმიანება, განვიცდი და ვნერვიულობ


მის საყვარელ მამაკაცს მომავალი ცოლი იმ 2 დღეში "უპოვია", როცა ის მის გვერდით არ იყო. 2 დღე, 6 წლის საპირწონედ! ეს წარმოუდგენელია!
მგონი, ბევრი დავლიე და სასმელი მომეკიდა. შემდეგ მგონი, ბედნიერ პატარძალთან მივედი და ვუთხარი, რომ ქორწილის წინა ღამე მისმა ქმარმა ჩემთან გაატარა...

მარჯვენა ხელის არათითზე ორ საქორწილო ბეჭედს ვატარებ. მე ორივეს მაგივრად ვცხოვრობ. სიკვდილი მინდოდა, მაგრამ ცოცხალი დავრჩი

ნამდვილ ამბავზე აგებული, ძალიან სევდიანი ნოველა (ემოციური ადამიანებისთვის არაა რეკომენდებული)

ფრთები მომიტანე? ხომ შემპირდი, რომ დაბადების დღეზე ფრთებს მიყიდდი? მაშინ, მაღაზიაში რომ ვნახეთ, გახსოვს?


ალეკო, საქმე მაქვს, უნდა ვიმუშაო, ცოტა მოგვიანებით დავქორწინდეთ

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1559 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი