ჩემი მამაკაცი
font-large font-small
ჩემი მამაკაცი
ალეკო, საქმე მაქვს, უნდა ვიმუშაო, ცოტა მოგვიანებით დავქორწინდეთ



სიგარეტი ბოლომდე ჩავწვი და ის იყო, მოსაწევი ოთახი უნდა დამეტოვებინა, რომ გადავიფიქრე: ცოტა დასვენება მჭირდება. აი, 2 წუთი გავჩერდები კიდევ და მერე დავბრუნდები კაბინეტში. არა, 3 წუთი გავჩერდები...
რამდენიმე ხნის წინ ახალი ოცნება გამიჩნდა. ძალიან მინდა ყვავილების მაღაზიაში მუშაობის დაწყება. თავს კარგად ვიგრძნობ უამრავ ლამაზ ყვავილსა და მათ სურნელში. ყვავილები ყოველთვის მიყვარდა და არამიწიერ სილამაზედ მიმაჩნდა. სიამოვნებით შევკრავდი ძვირფას თაიგულებს და მათ საყიდლად კლიენტები რომ შემოივლიდნენ, შევუქებდი კიდეც. მართალია, არც ისე ხშირად, მაგრამ მაინც გავყიდდი ამ ძვირფას თაიგულებს. მერე ცხოვრებითა და სიმშვიდით დავტკბებოდი და ჰარმონიის განცდა მექნებოდა...
- ქალბატონო მაია, - ოთახში ჩემმა თანაშემწემ, ლელამ შემოიხედა, - თქვენი მობილური რეკავს.
ხელი ჩავიქნიე, არა უშავს-მეთქი. რამდენჯერ ვთხოვე, ნუ ყვირი მთელი სართულის გასაგონად-მეთქი, მაგრამ ვერაფერი გავაგებინე.
ფანჯარასთან მივედი და მინას შუბლით მივეყრდენი. ქვევით ქალაქი ხმაურობდა. გზაზე საცობი იყო. ყველაფერი ისე იყო, როგორც ყოველთვის.
- ჰმ, ჰმ, - ვიღაცის ჩახველების ხმა გავიგონე. ჩემს ზურგს უკან ახალგაზრდა მამაკაცი იდგა, რომელსაც უზომოდ განიერი შარვალი ეცვა, თავზე კი ნაქსოვი ქუდი ჰქონდა ჩამოფხატული.
- გამარჯობა, - მომესალმა და თავისი მოქმედებით, შეხვედრის გამო სიხარული გამოხატა.
- გამარჯობა, - ვუპასუხე.
- მე ალეკო ვარ, - ღიმილით გამეცნო ყმაწვილი.
- სასიამოვნოა, - ვუპასუხე და ისევ ფანჯარაში დავიწყე ყურება.
ალეკომ ადგილის ტკეპნა დაიწყო.
- თქვენ რა გქვიათ?
- მაია, ქალბატონი მაია, - დავამატე ბოლოს.
- გათხოვილი ხართ? - დაინტერესდა ახალგაზრდა.
აი თავხედი! მედიდური იერი მივიღე, წარბი ავწიე და უცერემონიოდ ვკითხე:
- შენ რა, ჩემთვის ხელის თხოვნას ხომ არ აპირებ?
- დიახ, - ისე გახარებულმა მიპასუხა, თითქოს, როგორც იქნა, ერთმანეთს გავუგეთ, - როგორც კი დაგინახეთ, მაშინვე გავიფიქრე: "ალეკო, ეს შენი მომავალი ცოლია!"

გარეგნობით თუ ვიმსჯელებდი, 25 წელზე მეტის არ უნდა ყოფილიყო. არადა, თავხედობაში ბადალი არ ჰყავდა.
- კარგი, ალეკო, საქმე მაქვს, უნდა ვიმუშაო, ცოტა მოგვიანებით დავქორწინდეთ.
ხელში შერჩენილი ცარიელი სიგარეტის კოლოფი მოვჭმუჭნე, ურნაში მოვისროლე და კაბინეტში დავბრუნდი.
ჩემი თანაშემწე 4 ტელეფონზე ერთად საუბარს ცდილობდა. საწყალი. ძალიანაა მოწადინებული, რომ მასიამოვნოს. ალბათ ჰგონია, რომ თუ შეუძლებელს გააკეთებს, ჩემთვის შეუცვლელი გახდება და სამსახურს არ დაკარგავს. დღე არც ისე საშინელი მეჩვენებოდა უკვე.
მეორე დილით ჩემს ახალ თაყვანისმცემელს კართან შევეჯახე. ის გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა - თეთრი პერანგი, ჰალსტუხი, კარგი პიჯაკი...
- მაიკო, - გაუხარდა ჩემი დანახვა.
- ქალბატონი მაია, - მკაცრად შევუსწორე, - დღეს სხვანაირად გამოიყურებით, ალეკო, - დავამატე შემდეგ, - გაცილებით უკეთ.
- ვიცოდი, რომ მოგეწონებოდათ, - გაუხარდა, - ერთად ვისადილოთ.
მეგონა, მომეყურა-მეთქი.
- უკაცრავად, ვერ გავიგე?!
- სადილი, - გაიმეორა ალეკომ და ყველა ბგერა გარკვევით წარმოთქვა, - სადილი, ქალბატონო მაია.
- ალეკო, - ამოვიოხრე, - არ მინდა, რომ გაწყენინო, მაგრამ არა მგონია, ეს კარგი აზრი იყოს. და საერთოდ, მე მგონია, რომ ჩვენ მეგობრობა არ გამოგვივა.
- მე კი მგონია, რომ ცდებით. ჩემთან თავს კარგად იგრძნობთ და საინტერესო საუბარიც გამოგვივა.
- რასაც გეუბნები, გაიგონე, გენაცვალე, - ალერსიანი ხმით ვთხოვე, - თორემ მე უხეშად ლაპარაკიც შემიძლია.
- კარგი, - გაიცინა ალეკომ, - კარგ დღეს გისურვებთ.
სამსახურში როგორც ყოველთვის, ბევრი საქმე მქონდა. თან ისიც შევიტყე, რომ ჩემი მოადგილე, ნინო, მალე დეკრეტულ შვებულებაში წავიდოდა.
- ყოჩაღ! - გამიხარდა, - გილოცავ!
მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ პანიკაში ჩავვარდი.
- ნინო, - წყნარად წარმოვთქვი მისი სახელი, - მე რა მეშველება? უშენოდ დავიღუპები, ყველაფერი თავზე დამენგრევა! მტრები და კონკურენტები გადაგვყლაპავენ.
- დამშვიდდი, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, დრო ბევრი გვაქვს და რაღაცს მოვახერხებთ.
მიამიტი გოგო... ალბათ ვერაფერს თავს ვერ მოვაბამთ. ეს შეუძლებელია!
- კარგი, - ამოვიოხრე, - ნელ-ნელა დავიწყოთ.
- დავიწყოთ, - გაიღიმა ნინომ, - ნუ გეშინია, ვერავინ ჩაგვძირავს, მე და შენ ხომ "ჩაუძირავები" ვართ.
- საქმეც მაგაშია, რომ "მე და შენ".
მთელი დღე საბუთებში ვიქექებოდი. 5 საათზე ჩემი კაბინეტის კარი გაიღო და ზღურბლზე ალეკო გამოჩნდა. ხელში ცელოფანის პარკი ეჭირა.
- ვისადილოთ, ქალბატონო მაია, - გამიღიმა.
სიტყვა "სადილის" გაგონებაზე საშინელი შიმშილი ვიგრძენი. ჩემს შიგნით ყველაფერმა ცახცახი დაიწყო და "გადაინასკვა". დღის განმავლობაში მხოლოდ ყავა დავლიე და ეგ იყო.
- რა გაქვთ ცელოფანში? - დავინტერესდი.
- ხაჭაპური, - მითხრა და გამომიწოდა.
- დიდი მადლობა, ალეკო, - ნერწყვი გადავყლაპე.
- არაფრის, მზად ვარ, გემსახუროთ, - ისევ ღიმილით მითხრა.
- წამოდით სათათბიროში, - ბრძანებასავით გაისმა ჩემი ხმა.
- დამაინტრიგებლად ჟღერს, - ჩაიხითხითა ბიჭმა.
- ზედმეტი არ მოგივიდეთ, - გავაფრთხილე, ყოველი შემთხვევისთვის.
- რა თქმა უნდა, ვეცდები, ზედმეტი არ მომივიდეს, მაია...
მკაცრად გადავხედე.
- ქალბატონო მაია, - დაამატა ბოლოს.
თავი დავუქნიე და სათათბირო ოთახში შევუძეხი.
- ალეკო, რამდენი წლის ხართ?
- 27-ის.
- ოჰო, ასაკი სულ არ გეტყობათ, - ძალიან გამიკვირდა.
- არც თქვენ გეტყობათ, რომ 31 წლის ხართ.
- ინფორმაციას აგროვებდით? - შუბლი შევიკარი.
- რა თქმა უნდა, - უკან არ დაიხია ბიჭმა, - რისი გაგებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გავიგე. მე თქვენ მომწონხართ. ამას ალბათ ხვდებით.
- მომისმინეთ, - ამოვიოხრე, - შეუძლებელია, რომ ასეთი მზრუნველობისა და ჩემდმი თქვენი სიმპათიის გამო მადლიერება არ გამოვხატო, მაგრამ იგივე გრძნობით ვერ გიპასუხებთ და არ მინდა, დრო ფუჭად დაკარგოთ.
- მე თქვენგან არაფერს ველოდები, ქალბატონო მაია. ამაზე არ ინერვიულოთ. გამიხარდება, თუ "შენობით" მომმართავთ, რადგან თავს უხერხულად ვგრძნობ, როცა ასე ოფიციალურად მომმართავთ.
- კარგი, იყოს "შენობით", - რატომღაც უცებ დავთანხმდი, - მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.
გამიღიმა და ოთახიდან გავიდა.
მეორე დღეს სამსახურში ამაღლებული განწყობილებით მივდიოდი. გაცილებით დიდი დრო დავუთმე ვარცხნილობასა და ტანისამოსის შერჩევას.
ერთხელ ჩემი ნაცნობი გოგო საერთო ახლობელთან ერთად შემხვდა. მამაკაცს ხელი წელზე ჰქონდა შემოხვეული და თვალებში ალერსიანად ჩაჰყურებდა.
- რაში გჭირდება ეს კაცი? - ვკითხე შემდეგ, როცა დავიმარტოხელე, რადგან ვიცოდი, რომ ერთი კაცი უყვარდა, მეორეზე გათხოვილი იყო და ეს მესამე კი არაფერში სჭირდებოდა. თანაც, ყველა ნაცნობმა ვიცოდით, რომ ის წარუმატებელი კაცი იყო. ადამიანი - გაუგებრობა.
- შენ ცხოვრების არაფერი გაგეგება, - გამომიცხადა ჩემმა ნაცნობმა, - ქალს ყოველთვის უნდა ჰყავდეს თაყვანისმცემლები.
- ნებისმიერი კატეგორიის? - დავაზუსტე.
- დიახ, ნებისმიერი კატეგორიის, - მიპასუხა დედოფალივით ყელმოღერებულმა.
თაყვანისმცემლები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ "ნებისმიერ კატეგორიაზე" თანახმა არ ვარ!
ნინო სარეკლამო განყოფილებას "ტერორს" უწყობდა და მშვენივრად გამოსდიოდა. მეც კი მომინდა, რომ კედელს ზურგით ავკვროდი ან მიწას ჩავეტანე. დერეფანში დაველოდე, როდის დაასრულებდა თანამშრომლებთან ჩხუბს.
- შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, - გავაფრთხილე.
ნინომ ჩაიცინა.
- ხანდახან თავს ხაფანგში გაბმულივით ვგრძნობ და მგონია, რომ ვერასოდეს ამოვისუნთქავ. ჯერ ერთ პროექტზე არ გვაქვს ანგარიში ჩაბარებული და ახალი, 2-3, თანაც სასწრაფო, ერთად შემოდის. ნამდვლი საშინელებაა.
ჰოოო... ამაზე მეც არაერთხელ მიფიქრია. ოდესღაც სწორედ ასეთი ცხოვრება მომწონდა. მინდოდა, ბევრი კი არა, ძალიან ბევრი საქმე მქონოდა, რათა მუდმივად დინამიკაში ვყოფილიყავი და სირთულეების გადალახვა შემძლებოდა.
კადრების უფროსს ძალიან მოსწონდა ხოლმე ახალი თანამშრომლების წინაშე ჩემი, როგორც "ახალგაზრდა ასაკისთვის თავბრუდამხვევი კარიერის მქონე ინდივიდის" "დემონსტრირება". ამ სიტყვების თქმის დროს თვალებს გრძნობით ხუჭავდა იმის ნიშნად, რომ ამაზე "თავბრუდამხვევი" აღარ არსებობდა.
მაგრამ კარიერა, შეიძლება ითქვას, "გვერდითი, თანმდევი მოვლენა" იყო. სინამდვილეში ჩემი სამსახური ძალიან მომწონდა და უბრალოდ, სიამოვნებით ვასრულებდი. თუმცა, დრო ყველაფერს ცვლის. ჩემი ქმარი 3 თვის წინ გაიქცა და თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ მოსწყინდა მხოლოდ ტელეფონითა და ელექტრონული ფოსტით ურთიერთობა. ის წავიდა, მე კი საქმეში ისე ვიყავი ჩაფლული, იმის დროც არ მქონდა, რომ გავნაწყენებულიყავი.

არც იმ დღეს და არც მომდევნო დღეს ალეკო აღარ მინახავს. როგორც ჩანს, ბევრი საქმე ჰქონდა ან უბრალოდ, დავავიწყდი. ეგ არაფერი, ასე ჯობია! მეც არ ვიფიქრებ მასზე! 3 დღის შემდეგ, გვირილების თაიგულით გამოჩნდა.
- გამარჯობა, რაიონში ვიყავი წასული და ძალიან მომენატრე.
- აა-ა! - რაღაცნაირად ჩავილაპარაკე და საკუთარი თავი გავლანძღე იმის გამო, რომ დილით თავის დაბანა დამეზარა და თმა ცხენის ძუასავით გამოვინასკვე.
- ვისადილოთ? - მკითხა ალეკომ, - პირველი საათისთვის შემოგივლი.
მე თავი ზედიზედ, ორჯერ დავაქნიე. აღმოჩნდა, რომ პაემნისთვის მზად არ ვიყავი.
- ლელა, სასწრაფოდ დარეკე სალონში და მანიკიურზე ჩამწერე!
ამ დროს, რატომღაც გამახსენდა, რომ უკვე დიდი ხანია, ახალი საცვლები არ მიყიდია. რა საშინელებაა? ასე ცხოვრება არ შეიძლება!
რესტორანში ვისადილეთ. მას დანახარჯი არ გადავახდევინე, რადგან ხაზგასმით ვუთხარი, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ და მე გიმასპინძლებ-მეთქი.
როდესაც ანგარიში მოგვიტანეს, საფულე ამოვიღე და ქვითარს დავხედე.
- გინდა, მაწყენინო? - მითხრა ალეკომ, - გინდა, დამამცირო?
- არა, რა თქმა უნდა, - შევშფოთდი, - მაგრამ ყოველთვის შენ ვერ შეძლებ გადახდას, რესტორანში სადლობა ძვირი სიამოვნებაა და თუ ყოველთვის შენ გადაიხდი...
- ჩემს ბიუჯეტს უფრთხილდები? - ძალიან სერიოზული სახით მკითხა.
- ნუ... ჰო... - სხვათა შორის ვუპასუხე.
- მაშინ სხვა გამოსავალი უნდა მოვძებნოთ, ერთად უნდა ვიცხოვროთ, - გაიღიმა, - მე ჩემს ჯამაგირს მოგიტან და ბალიშის ქვეშ დაგიდებ ხოლმე, მერე მე და შენ სამზარეულოში შევიკრიბებით და ერთად გადავწყვეტთ, ამ თვეში რამდენს დავხარჯავთ და რაზე. ასე ეკონომიასაც გავაკეთებთ და თუ გენდომება, ცოტაოდენ ფულს შევინახავთ კიდეც.
- სულელი ხარ, - მეწყინა მე.
- ეს ახლა გეჩვენება სასაცილოდ, თორემ 1 წლის შემდეგ მე გაცილებით მეტ ფულს ვიშოვი, ვიდრე შენ შოულობ. მამაკაცს ყოველთვის ცოლზე მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს.
- კარგი, წავიდეთ, ჩემო მამაკაცო!
პარასკევს საღამოს ალეკომ ისევ შემოიხედა ჩემს კაბინეტში.
- ამ შაბათ-კვირას რა გეგმები გაქვს?
- ჯერ არ ვიცი, - ვუპასუხე, რადგან მომეჩვენა, რომ გეგმის უქონლობა საჩოთირო იყო.
- მოდი, გორგოლაჭებით ვისრიალოთ, - შემომთავაზა და გაიღიმა.
- კარგი, - ისე ვუპასუხე, არ გამიცნობიერებია, რა მითხრა, რადგან ამ დროს სხვა რამეზე ვფიქრობდი.
- ძალიან კარგი! - გაუხარდა ალეკოს.
- ვერ გავიგე, სად წავიდეთ? - უცებ მოვეგე გონს.
- სიტყვა - სიტყვაა, მაია!
მთაწმინდის პარკში ავედით "როლიკებზე" სასრიალოდ. ის დღე მხიარულად გავატარეთ. შემდეგ შაბათ-კვირას კი ზოოპარკში წავედით. ერთი კვირის მერე - მცხეთაში, რადგან ალეკომ მოიგონა, რომ ამ ქალაქს ოცნებების ახდენა შეუძლია, რადგან ქალაქი ჯადოსნურ ადგილზეა გაშენებული, მტკვარი და არაგვი კი შესართავთან გულს ქმნის. შემდეგ მდინარეზე სათევზაოდ ვიყავით და საღამოს კოცონზე მაღაზიაში ნაყიდი თევზი შევწვით.
ჩემი სამყარო მხიარული ფერებით აივსო. ალეკო ახალ-ახალ გასართობს იგონებდა, მე კი მომწონდა მისი იდეები და მასთან ერთად ვახორციელებდი. ჩვენ ყველგან მისი მანქანით დავდიოდით, რადგან ჩემს მანქანაში ჩაჯდომაზე კატეგორიულ უარს მეუბნებოდა.
თურმე ძალიან კარგი შეგრძნება ყოფილა, როცა ვიღაცას უკან მიჰყვები და ლიდერი შენ არ ხარ.
- შენ ძალიან შეიცვალე, - მითხრა ერთ დღეს ნინომ, - ალეკო ძალიან კარგი ბიჭია.
- იცი, რამდენი წლისაა? - დავინტერესდი მე.
- იმედი მაქვს, სრულწლოვანია, - გაიღიმა ნინომ.
- კი, სრულწლოვანია.
- მაშინ რა პრობლემაა? - მხრები აიჩეჩა.
პასუხად მეც მხრები ავიჩეჩე. ერთი მხრივ, ასაკობრივი სხვაობა არსებობს. 4 წელი არც ისე ცოტაა. როცა ის დაიბადა, მე უკვე დავდიოდი და შეყვარებულიც კი მყავდა. მე ვიტანჯებოდი, ის კი აკვანში იწვა და ტიროდა... როცა ის 9 წლის იყო, ბიჭებთან ერთად ბურთს დასდევდა, მე უკვე დიდი გოგო ვიყავი და ასაკით უფროს მამაკაცებს ვეპრანჭებოდი. როცა ის 13 წლის იყო, მე გასათხოვებლად ვემზადებოდი.
ახლაც, ვინაა ის და ვინ ვარ მე? მეორე მხრივ კი მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა. ასე კარგად არავისთან მიგრძნია თავი. ერთადერთი, რაც მას სჭირდება, მე ვარ.
ნინო სამსახურიდან უეცრად გაქრა. აღმოჩნდა, რომ ბავშვის შესანარჩუნებლად საავადმყოფოში დაუწვენიათ. მისმა ქმარმა დამირეკა და მთხოვა, რომ სამსახურის საქმის გამო არავითარ შემთხვევაში არ შემეწუხებინა.
მე მარტო დავრჩი. სრულიად მარტო. 2 დღის შემდეგ უცხოეთში მიწევდა გამგზავრება, მაგრამ სამწუხაროდ, თბილისიდან გასვლა არ შემეძლო. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. მაგიდასთან ჩაფიქრებული ვიჯექი, როდესაც ალეკო გამოჩნდა.
- არ მშია, - უარი ვუთხარი მიპატიჟებაზე.
- მაშინ არც მე შევჭამ, - გაიბუტა, - რა მოხდა?
ძალიან მნიშვნელოვანია, როცა არსებობს ადამიანი, ვისთანაც ცხოვრებაზე იწუწუნებ. რომელიც შენთან ერთად განიცდის, ყურადღებით მოგისმენს და მისთვის სულ ერთი არ იქნება, შენ რას გრძნობ.
- შენ ახლა მაინც ვერაფერს მოიფიქრებ. წამოდი, ცოტა გავისეირნოთ.
- შენ რა, დამცინი? არ შემიძლია, ვერ წამოვალ.
- შეგიძლია, ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?

ამჯერად ალეკომ ანტისტრესულ საშუალებად ზოოპარკში არსებული "ეშმაკის ბორბალი" გამოიყენა. თითქმის ღრუბლებში მოქანავე სავარძელში ვისხედით და ძალიან მეშინოდა, მაგრამ თან საოცარი სიმშვიდის გრძნობა მეუფლებოდა.
დავრწმუნდი, რომ ისეთი განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. უბრალოდ, ეს ერთ-ერთი წინააღმდეგობა იყო, რომლის დაძლევაც შემეძლო. ადრეც ხომ უამრავი პრობლემა შემხვედრია და მომავალშიც აუცილებლად შემხვდება. ალეკოს ხელს ჩაბღუჯულმა სწორად აზროვნება დავიწყე და თავში აბსოლუტურად ჯანსაღი აზრები მომდიოდა და მომავალ გეგმებს ვაწყობდი.
ალეკო მთელი ღამის განმავლობაში უცხოეთში გასაგზავნ, საბოდიშო წერილს წერდა.
- იქნებ გადმოსულიყავი ჩემთან სამუშაოდ? - ვკითხე დილით.
- არ არსებობს, - კატეგორიული უარი მივიღე ჩემს წინადადებაზე, - თანაც, მე ისეთი შთაბეჭდილება მექნება, რომ რასაც აკეთებ, ეგ შენი საქმე არაა. ამ ხნის განმავლობაში შენი შესწავლა მოვახერხე და ამას იმიტომ გეუბნები.
- მეც ხშირად მგონია ასე, - გამოვუტყდი, - და არ ვიცი, როგორ მოვიქცე.
- შენ შეგიძლია, სულ არაფერი არ აკეთო, - რაღაცნაირი, საზეიმო ხმით გამოაცხადა, - შეგიძლია, შუადღემდე გეძინოს, ბაღში ყვავილებს მოუარო ან მთელი დღე დივანზე წამოწოლილმა, ტელევიზორს უყურო. გინდა, აქვე, თბილისთან ახლოს, სოფელში სახლი ვიყიდოთ? შენ არაფერზე სანერვიულო არ გექნება, რადგან მე გყავარ.
საინტერესო კი ის იყო, რომ რაც უნდა მელაპარაკა ჩვენი ურთიერთობის უპერსპექტივობაზე, ის მაინც თავისი გეგმით მოქმედებდა. თითქოს ჩვენ შორის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. თითქოს ჩვენ უკვე ერთად ვიყავით და სასაცილო ის იყო, რომ მეც ჩამითრევდა ხოლმე.
რაც ნინოს ქმარს პირობა მივეცი, რომ მის ცოლს საქმეზე არ დაველაპარაკებოდი, მხოლოდ მას შემდეგ გამიმხილა, რომელ საავადმყოფოში იწვა ნინო.
როდესაც საავადმყოფოსთან მივედი, ის უკვე იქ მელოდა.
- ეს რა არის? ყვავილები ვისთან მიგაქვს? იქნებ ალერგია აქვს? ეს ხილია? ყურძენში დიდი რაოდენობითა გლუკოზაა... შენ ხომ შემპირდი, რომ ნინოს არ გაანერვიულებდი? - შემახსენა ნინოს ქმარმა.

- მომისმინე, - უხეშად ვუპასუხე, რადგან თავი მომაბეზრა, - ბოლო 5 წლის მანძილზე მგონი ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც ნინოს ანერვიულებს.
გიომ პირი დააღო. ვიდრე მოიფიქრებდა, რა ეპასუხა, მე საავადმყოფოში შევედი.
ნინო მშვენივრად გამოიყურებოდა, ლოყები ასწითლებოდა და ცოტა მოსუქებულიყო კიდეც.
ირგვლივ უამრავი ჟურნალი და წიგნი ჰქონდა შემოწყობილი.
- როგორ ხარ? უძღვები საქმეს? - მკითხა ღიმილით.
- კი, რა თქმა უნდა, მშვენივრად ვუძღვები, - დავამშვიდე, როგორც შემეძლო.
- ჩემ ადგილზე ვინმე უნდა მიიღო, - ამოიოხრა ნინომ, - მაგრამ სად იპოვი პროფესიონალს?
- ალეკო მეხმარება.
- აა, ძალიან კარგი, თუ ასეა, - გულწრფელად გაუხარდა, - იცი, ბებიაჩემი ბაბუაჩემზე მთელი 16 წლით უფროსი იყო.
თავი დავუქნიე.
- 16 წლით! - ხმას აუწია მეგობარმა.
ისევ დავუქნიე თავი.
- თავიდან თურმე ისიც ყოყმანობდა, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ ნამდვილად ბედნიერი იქნებოდა მასთან, ადგა და ცოლად გაჰყვა, 3 შვილიც გაუჩინა. იცი, რა?
- რა?
- ის ყოველთვის ასაკზე გაცილებით უმცროსი გეგონებოდა. ახლაც კი... 2 წლის შემდეგ 100 წლის გახდება.
- გადასარევია... - აღვფრთოვანდი მე.
- დიახ.
- კარგი, წავალ ახლა, - წამოვდექი და წასასვლელად მოვემზადე, - თორემ შენი ქმარი სიმწრით კბილებს ახრჭიალებს ალბათ.
ნინოს საყვარლად გაეცინა. რას უშვრება სიყვარული ადამიანებს?!

ზამთარი მოდიოდა. ძალიან მომინდა, დათვივით მძინებოდა მთელი ზამთარი და მხოლოდ გაზაფხულზე გამღვიძებოდა. და კიდევ, ძალიან შემიყვარდა ტკბილი ფუნთუშა, რომელსაც ჩემი სახლის პირველ სართულზე, საცხობში აცხობდნენ.
- მე უნდა გავემგზავრო, - თქვა ალეკომ, ვახშმობისას.
ეს ძალიან ცუდი სიახლე იყო.
- დიდი ხნით მიდიხარ?
- რამდენიმე დღით. ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვეცდები, მალე დავბრუნდე.
ის მატარებლამდე მივაცილე და მსოფლიოში ყველაზე უბედური ადამიანის გამომეტყველებით ვიდექი ბაქანზე.
- ფრთხილად იარე, როგორც კი შინ მიხვალ, მაშინვე დამირეკე, - ყურში მეჩურჩულებოდა ალეკო, - ძალიან ვნერვიულობ, გზები მოყინულია.
გული ისე მიცემდა, თითქოს მკერდიდან ამოხტომას ლამობდა.
ჩვენი ურთიერთობის ერთი წლის მანძილზე ალეკო ისე იქცეოდა, რომ მის გარეშე ახლა ცხოვრება ვერ წარმომედგინა. ის ჩემთვის აუცილებელი მამოძრავებელი ძალა იყო.

მივეჩვიე იმას, რომ რაც უნდა მომხდარიყო, ალეკო მოვიდოდა, აუცილებლად მოძებნიდა გამოსავალს და სიტუაციას გამოასწორებდა. მამხიარულებდა, როცა მოწყენილი ვიყავი, მეხმარებოდა, როცა საქმეს თავს ვერ ვართმევდი. მის გვერდით ჩუმად ყოფნაც კი სასიამოვნო იყო. აღმოჩნდა, რომ სწორედ ის იყო ჩემი მამაკაცი და ახლა, როცა ის წავიდა, თავს ძალზე ცუდად ვგრძნობდი. 2 დღე ვცდილობდი რომ მხნედ ვყოფილიყავი, მაგრამ მესამე დღეს საამისოდ ძალა აღარ მეყო. ტელეფონს დავწვდი და ნომერი ავკრიბე.
- გამარჯობა, - მოკლედ მივესალმე, - როდის ჩამოხვალ?
- რა მოხდა? - შეშინდა ალეკო.
- არაფერი, მომენატრე,
- მართლა? - ძალიან გაუკვირდა.
მე ვდუმდი.
- მე უნდა ვიმუშაო, პატარავ, - ენა მომიჩლიქა, - თანაც, ბევრი უნდა ვიმუშაო, რათა ჩემს გოგოს ყველაფერი თავზე საყრელად ჰქონდეს.
ვუსმენდი და ცრემლს ვიწმენდდი. ღმერთო ჩემო, რა ხდება?
- დღეს რამე ჭამე? - მკითხა მოგვიანებით.
- კი, - ამოვისლუკუნე.
- ჩემი ჭკვიანი გოგო ვინაა?
და თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში მეუბნებოდა თბილ და ტკბილ სიტყვებს.
2 წლის შემდეგ ის მართლაც გაცილებით მეტს გამოიმუშავებდა, ვიდრე მე - ოდესმე. 3 წლის შემდეგ გოგონა შეგვეძინა, 5 წლის შემდეგ ყვავილების მაღაზია მაჩუქა, რომ არ მომეწყინა...

მარი ჯაფარიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (14)
16.08.2016
ძალიან დადებითი ხარ მარი ყოჩაღ სასიამოვნო საკითხავია მადლობა,კარგია.
ნატა
03.08.2016
ასეთ ალეკოზე მეც არ ვიტყოდი უარს :დდდ ^^
სალი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ღამღამობით სახეს ბალიშში რგავდა, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა ქალის სხეულისა და თმის სურნელი


კედლისკენ იყო გადაბრუნებული და შპალერის უზორს თითს აყოლებდა...
არაფერზე ფიქრობდა გარდა იმისა, რომ თითი ზუსტად გაეყოლებინა და ხაზებს არ ასცდენოდა...
ტელეფონის წკრიალმა დაუფრთხო სიმშვიდე...
მესიჯის ზარს ბოლომდე აცადა მიჩუმება და მერე გახსნა...

მამაკაცები ძვირად ღირებულ მანქანებს იმიტომ ყიდულობენ, რომ მამაკაცური სისუსტე და უძლურება დამალონ



მის გარეშე თავს გაცილებით მშვიდად და უკეთ ვგრძნობდი. როცა დაბრუნდა, შევთავაზე, ერთმანეთს დავშორებოდით. მაშინვე დამთანხმდა. როგორც ჩანს, ისიც უჩემოდ უფრო კარგად გრძნობდა თავს.


ამბავი, რომელიც მარტოხელა მამაკაცებს მოეწონებათ

არ მინდოდა, ასეთ დელიკატურ საკითხზე გამემახვილებინა მისი ყურადღება და შევთავაზე, უბრალო, ელექტრონული სქემის დახმარებით მოგვეხდინა სექსისა და გარყვნილების ერთმანეთისგან გამიჯვნა



ვეჩვევი ქალებს, რომლებთანაც სექსი მქონდა. მათ უცხოდ ვერ აღვიქვამ. როდესაც რომელიმე მათგანი სადღაც გადაიკარგება, არ დამირეკავს ან ინტერნეტში არ შემეხმიანება, განვიცდი და ვნერვიულობ


მის საყვარელ მამაკაცს მომავალი ცოლი იმ 2 დღეში "უპოვია", როცა ის მის გვერდით არ იყო. 2 დღე, 6 წლის საპირწონედ! ეს წარმოუდგენელია!
მგონი, ბევრი დავლიე და სასმელი მომეკიდა. შემდეგ მგონი, ბედნიერ პატარძალთან მივედი და ვუთხარი, რომ ქორწილის წინა ღამე მისმა ქმარმა ჩემთან გაატარა...

მარჯვენა ხელის არათითზე ორ საქორწილო ბეჭედს ვატარებ. მე ორივეს მაგივრად ვცხოვრობ. სიკვდილი მინდოდა, მაგრამ ცოცხალი დავრჩი

ნამდვილ ამბავზე აგებული, ძალიან სევდიანი ნოველა (ემოციური ადამიანებისთვის არაა რეკომენდებული)

ფრთები მომიტანე? ხომ შემპირდი, რომ დაბადების დღეზე ფრთებს მიყიდდი? მაშინ, მაღაზიაში რომ ვნახეთ, გახსოვს?



მამაკაცი სოფიოს გაცნობისთანავე მიხვდა, რომ ეს ის ქალი იყო, რომელიც მას სჭირდებოდა, რომ ის არასოდეს დაუკიდებდა ყურმილს, არ ატეხდა დებოშს ქმრის დაგვიანების გამო...

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
509 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი