ქაღალდის რელიკვია (III ნაწილი)
font-large font-small
ქაღალდის რელიკვია (III ნაწილი)
საღამოს ჯერ ბიძინამ დამირეკა, მერე - გეგამ. რვა მარტი ორივემ მომილოცა. ბიძინასთან დიდხანს არ მილაპარაკია. როგორც ჩანს, დედამისი შინ იყო და დრო როცა იხელთა, მაშინღა მოახერხა დარეკვა.



2 მარტი
გაკვეთილებზე გაოგნებული ვიჯექი. თავიდან არ ამომდიოდა წინა ღამით წაკითხული ლექსები და გონებაში, ვინ იცის, მერამდენედ ვიმეორებდი: "ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ კი არა"... არც ბიძინა გამხსენებია და არც გეგა. სხვათა შორის, გვიან ღამით გეგამ დამირეკა. მომიკითხა. მე კი რატომღაც ცუდი განწყობით შევხვდი. ვთხოვე, სხვა დროს დაერეკა. იმ წუთში საუბრის სურვილი საერთოდ არ გამაჩნდა. მგონი, ეწყინა, ცივად დამემშვიდობა და გამითიშა. მაინცდამაინც გულთან ახლოს არ მიმიტანია. ჯერ ერთი, ამდენი ხანია, უყურადღებოდ დამტოვა, ბოდიშიც არ მომიხადა ამისთვის და მეორეც, ვგრძნობდი, იმ წუთებში რაღაც მიფორიაქებდა სულს. ეს "რაღაც" კი აკრძალული ლექსები იყო, რომელმაც სასწაულებრივად შემძრა და მთლიანად ჩამითრია. თუმცა, რატომ უნდა გამოეჩინა ყურადღება, რა - მეგობარი იყო ჩემი, ძმაკაცი თუ შეყვარებული? ნანახიც არ მყავს არასდროს. ტელეფონით გავიცანი და სულ რამდენჯერმე ველაპარაკე. რა პრეტენზიები მაქვს? ან ბოდიში რისთვის უნდა მოეხადა? დეგენერატი ვარ! ვიჩქარე. ასე არ უნდა მოვქცეოდი. ჩემი მოკლე ჭკუით, ვითომ დავსაჯე. აბა, გამალებით რომ ველოდებოდი მის ზარს? ლოდინით რომ დამღალა? მასე უნდა! მოუხდება! მაგრამ... რატომ ველოდებოდი? თანაც... მოუთმენლად?

8 მარტი
დღეს დასვენების დღეა. გუშინ ბიჭებმა ყოჩივარდები და პატარა სუნამოები გვაჩუქეს სათითაოდ ყველა "ქალს" კლასში. გაგვიხარდა. ვიცოდით, ასე რომ მოიქცეოდნენ. 23 თებერვალს ხომ ჩვენ გავუკეთეთ სიურპრიზი - ოქროსფერთავიანი ჩინური კალმისტრები ვაჩუქეთ და ბლოკნოტები. სარვამარტოდ "სამაგიერო გადაგვიხადეს". როგორ დახარჯულან! არა უშავს, რა ჩვენი ბრალია, თუ კლასში ბიჭები ჩვენზე ცოტანი არიან. ცამეტი მოსწავლიდან მხოლოდ ხუთია ბიჭი. პარალელურში პირიქითაა - თექვსმეტიდან შვიდი გოგონაა მხოლოდ, დანარჩენი - "ვაჟები" (მასწავლებლები მოიხსენებენ ასე). ვითომ რა, "ვაჟი" უფრო კარგი სათქმელია, ვიდრე "ბიჭი"? ან კიდევ - გოგო და გოგონა. გოგო რა, ცუდი სიტყვაა? მოკლე და ლაკონური. რა უბედურებაა გოგონა?! ერთი საათი მოუნდები თქმას. მაგას კი უცებ დაახეთქებ - გო-გო! აი, ასე! ერთი ახლა გივი მისმენდეს! დაეკარგება ჩემზე წარმოდგენა! ღირსიც ვიქნები.
მთელი დღე არაფერი მიკეთებია - თუმცა, როგორ არაფერი! გაკვეთილები ვისწავლე, დავალებებიც დავწერე, ინგლისურშიც ვიმეცადინე, ცოტა ხნით პიანინოსაც მივუჯექი. მთლად დამავიწყდა დაკვრა. ისე ცივა დიდ ოთახში, შესვლა მეზარება, თანაც მეორე სართულზე - პიანინო "საპატიო" ოთახში დიდი ამბით დადგა ბებიამ. პირველ კლასში ვიყავი, ბაბუაჩემმა რომ მიყიდა ეს "ბეკერი", ამან მაინც ისწავლოს დაკვრაო. მამას და მამიდას არცერთს "დაკვრის ნიჭი არ აღმოაჩნდათ". მთელი საგვარეულო, მგონი ჩემზე ამყარებდა იმედებს. სამასი მანეთი დაუჯდა შალვა ბაბუას ეს პიანინო. ბებიაჩემმა კი ყველაზე დიდ ოთახში შეიტანა და გამოაცხადა - პიანინო ავეჯიაო, მერე კი იმავე წელს მუსიკალურ სკოლაში მიკრა თავი. როგორ არ მიყვარდა! სულ ვაცდენდი გაკვეთილებს. თვეში ერთხელ მივდიოდი ხოლმე. დირექტორი ჩემს დანახვაზე "ახალი მთვარე" მოსულაო, იტყოდა გაგულისებული და წარამარა იბარებდნენ სილვა ბებიას საყვედურების სათქმელად. "რატომ მარცხვენ, შვილო, რატომ მარცხვენ, - გაწვრილებული ხმით შემომტირებდა ხოლმე, - რა სიკვდილად მინდა ეს პიანინო, თუ არ დაუკრავ. თავს მოვიკლავ, თავს მოვიკლავ, იცოდე", - დააყოლებდა ბოლოს წიკვინით და დამუშტულ ხელებს უმწეოდ ცხვირწინ ამიქნევდა ხოლმე. "ახალი მთვარე" კი ერთ ყურში შეუშვებდა და მეორიდან გამოუშვებდა. სულ არ მედარდებოდა ბებიაჩემის ნერვიულობა. თუმცა, დაკვრა მაინც ვისწავლე და მუსიკალური სკოლაც და მისი დირექტორიც სამი წელია, წარსულს ჩაბარდა. შვიდი კლასის დამთავრების მოწმობა კი ქალბატონ სილვას დიდის ამბით აქვს შენახული კაი დიპლომივით, რა იცი, რაში გამოგადგებაო.
ჰოდა, იმას ვამბობდი, ცოტა ხანს დავუკარი კიდეც. ასე ვთქვათ, "წავუბარტყუნე". მერე, კიდევ უფრო დიდხანს პროსპერ მერიმეს ვკითხულობდი. ერთი ამოსუნთქვით დავამთავრე იმხელა წიგნი. სამი დღის წინ დავიწყე და ვეღარ მოვწყდი. ამ ხნის განმავლობაში მისი გმირების სამყაროში ვცხოვრობდი. დიდად ვისიამოვნე. დიდი მადლობა პროსპერ მერიმეს!

ახლა ვინ წავიკითხო? დამრჩა ვინმე? გივის უზარმაზარ ბიბლიოთეკაში წიგნი არ დამრჩა წაუკითხავი. თანაც, რასაც მომცემს, გულისყურით უნდა წავიკითხო იმიტომ, რომ მერე "ანალიზს" მთხოვს. აბა, ეს როგორ იყო, რატომ იყო და რა დასკვნა გამოგაქვს აქედანო. უხარია, როცა მისთვის მოსაწონ პასუხს გავცემ. თავი გიმუშავებსო, მეტყვის ხოლმე. ერთხელ, მახსოვს, "სიკვდილი ვენეციაში" მომცა წასაკითხად. ვერაფრით დავუდე გული. უკან დავუბრუნე - მომკალი და ამას ნუღარ წამაკითხებ-მეთქი. არ დამანება. მაინც წამაკითხა. მისი წიგნები სულ წითელი ხაზებითაა აჭრელებული. მნიშვნელოვან ციტატებს აღნიშნავს ხოლმე და მეც მარიგებს, ესენი ყველაფერი წაიკითხეო. საჭირო აზრებია და ოდესმე გამოგადგებაო. უკვე სამი ბლოკნოტი გავავსე მაგდაგვარი ციტატებით. ზოგი ზეპირადაც ვისწავლე...
საღამოს ჯერ ბიძინამ დამირეკა, მერე - გეგამ. რვა მარტი ორივემ მომილოცა. ბიძინასთან დიდხანს არ მილაპარაკია. როგორც ჩანს, დედამისი შინ იყო და დრო როცა იხელთა, მაშინღა მოახერხა დარეკვა. აი, გეგასთან კი მთელი ორი საათი ვილაპარაკე. რა კარგი მოსაუბრეა, თან ძალიან სასიამოვნო ხმა აქვს. ქვეყნის რაღაც მიამბო თავის თავზე. შვიდი წლით ყოფილა ჩემზე უფროსი. ეგ არ ვიცოდი. ექიმია. ქირურგი. ოღონდ მაგის გაკეთებული ოპერაციის შესახებ ჯერ არაფერი მსმენია. ხომ წარმოგიდგენიათ პატარა, პროვინციულ ქალაქში თუ რაიონში რა პერსპექტიულ სასიძოდ იქნება მიჩნეული? მთელი ქვეყანა იცნობს - ძაღლი და მამაძაღლი. ნეტავ, ნარკომანი ხომ არ არის? ამბობენ, ექიმი მამაკაცების უმეტესობა ნარკომანიაო. ისე, ისიც თქვეს, ძველ ბიჭებთან მეგობრობსო. ალბათ, მათ თუ ამარაგებს წამლით. თუმცა, ნარკომანი რომ ყოფილიყო, არ დაიმალებოდა. ამ რაიონივით პატარა ქალაქში როგორ გინდა, რამე დამალო. გამორიცხულია. საბჭოთა კავშირის ჰიმნივითა აქვს ყველას დაზეპირებული ერთმანეთის ცხოვრება.

- რა გაჩუქო სარვამარტოდ? - ეს გეგა მეკითხება.
- არაფერი, რა უნდა მაჩუქო, - თავმდაბლობას ვიჩენ.
- მინდა, ჩემგან რაღაც დაგრჩეს სამახსოვროდ.
- ყვავილები ხომ გამომიგზავნე ერთხელ.
- "ერთხელ" არ ითვლება. თანაც ეგ უკვე დიდი ხნის გადაყრილი გექნება.
კინაღამ ვუთხარი, გადაყრილი კი არა, დიდი მოწიწებით გავახმე და წიგნში მაქვს ჩადებული-მეთქი, მაგრამ ენას კბილი დროზე დავაჭირე. ამის თქმა როგორ შეიძლება! ეგ უკვე სხვა რამეს ნიშნავს. როგორც ჩემი კლასელი ბიჭები იტყვიან, "ტეხავს".
- ნატა, შენ საავადმყოფოსკენ არ გიწევს ხოლმე გამოვლა? - აგრძელებს საუბარს გეგა.
- თითქმის არა, ძალიან იშვიათად, - წამოწოლილი ვარ, თან ვესაუბრები, თან მეღიმება და საჩვენებელი თითით წარბებს "ვივარცხნი".
- რატომ მეკითხები? - ვითომ ვერ მივუხვდი.
- შევხვდებოდით ერთმანეთს.
- დიდად მოხიბლული არ დარჩები, აქედანვე გაფრთხილებ.
- რატომ, მე შენ ნანახი მყავხარ.
- სად, სცენაზე?
- თუნდაც.
- ჰმ, სცენაზე ხომ "დაგრიმული" და გაპრანჭული გამოვდივარ. იქ ყველა ლამაზი მოჩანს, - ჩავიცინე.
- არც მასეა საქმე. ცდები, - არ დამეთანხმა.
ისე, მეც მაინტერესებს, ნეტავ როგორი გარეგნობისაა? არასდროს მინახავს. ზოგი ამბობს, ძალიან სიმპათიურიაო, ზოგი კი აძაგებს - ეგეთი უსიმპათიო "არაფერი" მინახავსო. ამიტომ, გაგონილს ნანახი სჯობსო, ტყუილად კი არ არის ნათქვამი. რა ვიცი, თუკი უშნოა და არ "შეიხედება", რას აკლავენ ქალები თავს?
- შენ რატომ არ მირეკავ ხოლმე? - ეს ისევ გეგას ხმაა.
- მე იქით უნდა დაგირეკო? - წამომცდა და უცებ ენაზე ვიკბინე. ასე ხომ საყვედური გამომივიდა! ღმერთო ჩემო, ასეთ პრეტენზიას ზოგი ქალი შეყვარებულს არ უყენებს. რამ გადამრია!
- რატომ, რა მოხდება? დაგიჭერენ? - სიცილი გაისმა ყურმილში.
- არა, უფრო დამაჯერებელი მიზეზიც არსებობს, - ნიშნისმოგებით ვუთხარი.
- მაგალითად?
- მაგალითად ის, რომ მე შეყვარებული მყავს და არ არის ლამაზი, სხვა მამაკაცებს ვურეკო, - გავეცი საკადრისი პასუხი.
- მერე? ვინ გიშლის, გყავდეს. შენ რა, აბა შენს მეგობარ ბიჭებს არ ურეკავ ხოლმე? თუ მე მთვლი ცოტა უფრო სხვა "კატეგორიებში"?
ენა ჩამივარდა. ვიგრძენი, როგორ ტალღასავით მომასკდა ალმური, მაგრამ მაინც არ დავიბენი.
- შენ ჩემი მეგობარი არა ხარ, - და შვებით ამოვისუნთქე, ასე უცებ რომ ვიპოვე გამოსავალი.
- აბა ვინა ვარ მე შენი? - ჩამეძია.
- არავინ, - ხმა ნელ-ნელა მეკარგებოდა.
- სულ არავინ? - დაჟინებით მიმეორებდა.
- არ ვიცი, - ახლა უკვე სიმართლე ვთქვი.
- ეგ სხვა საკითხია. ჯერ არც არის საჭირო, რომ იცოდე. მალე გაიგებ, - კვლავ გაიცინა და ისე დაკიდა ყურმილი, ერთი ნახვამდისო, არ უთქვამს.
ხედავთ, რა თავხედია? მე კი...

9 მარტი

დღევანდელი დღე ცოტა უსიამოვნოდ დაიწყო. დილით, მაინცდამაინც სკოლის ჭიშკართან შევეფეთეთ მე და ბიძინა ერთმანეთს. რაღას ვიზამდით. მივესალმე, მომესალმა, შეფარვით ჩავიღიმეთ და ერთად შევედით ეზოში. ძალაუნებურად სამასწავლებლოს ფანჯარას ავხედე. ზიზა მასწავლებლის ექიდნურ მზერას წავაწყდი. ყურებიც კი გამიწითლდა. გულმა რეჩხი მიყო. ვიცოდი, მასთან "ახსნა-განმარტებითი" საუბარი არ ამცდებოდა.
ასეც მოხდა. სანამ მესამე გაკვეთილი დაიწყებოდა, შესვენებაზე, თავის კაბინეტში მიმიხმო. შევედი. საკმაოდ გულადად ვიყავი. თავიდანვე დავქოქე ჩემი თავი, მედგრად დავხვედროდი შემოტეულ სიტყვას. თვალ-თითით მანიშნა, დაჯექიო. ჩქარა-ჩქარა სუნთქავდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნერვიულობდა. კარგა ხანს უხმოდ მზვერავდა თვალებმოწკურული.
- სანამდე აპირებ ასე? - დაბალი ხმით დაიწყო.
- რა დავაშავე, ზიზა მასწავლებელო? - საწყალობლად დავიჩივლე.
- არ იცი?
უკმაყოფილოდ გავიქნიე თავი.
- კი მაგრამ, ჩვენ ხომ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს, უბრალოდ, ჩვენი სკოლაში მოსვლის დრო დაემთხვა ერთმანეთს, - მოვყევი თავის მართლებას.
- შენ სარკეში არ იხედები, შვილო? - უცებ ხმას აუწია.
შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე. ხომ ვიცოდი, რატომაც მეკითხებოდა.
- მერე? არ გეცოდება შენი თავი? ან ბებიაშენი? ვისთვის გზრდის, ვიღაც ვიგინდარას რომ ჩაუგდოს შენი თავი ხელში, იმისთვის? ვიღაც "სპეკულანტისთვის"? შენ მომავალი გაქვს და უნდა იფიქრო ამ მომავალზე. საკუთარი თავის ფასი არ იცი! შეიძლება ბრაზდები, ამას რომ გეუბნები, გგონია, ჯინი მჭირს შენი, მაგრამ ოდესმე მიხვდები, რომ ამას შენი სიყვარული მალაპარაკებს. მე შენ გამორჩეულად მიყვარხარ. ამიტომ - არის საქციელი, რომელსაც ვერ მოგიწონებ.
- ის კარგი ბიჭია, ზიზა მასწ, რატომ არ მოგწონთ? რითი ვარ უკეთესი? თქვენ გადაჭარბებული წარმოდგენა გაქვთ ჩემზე, - ვცადე ბიძინას დაცვა, - ვერ ხედავთ, რას ვგავარ?
- იცი, ნატა, მეც ვყოფილვარ შენხელა და მეც შენნაირი გამხდარი და შავტუხა ვიყავი. სკოლაში დამცინოდნენ, "ფიჩხას" მეძახდნენ. ყოველთვის ასეთი კი არ ვიყავი, - თქვა და გულზე მიიდო ხელი.
ზიზა ულამაზესი ქალია. ვერ დავიჯერებ მსგავს რამეს. გამოდის, რომ წლების შემდეგ მეც გავლამაზდები? მეტი არაა ჩემი მტერი!
- შენ ჩემზე ბევრად ლამაზი იქნები, კალმით ნახატივით, აი ნახავ, - კვლავ მიმიხვდა ნაფიქრს, - ახლა წადი და იფიქრე იმაზე, რაც გითხარი. გავა წლები და მერე იტყვი, რა მართალი ყოფილა ზიზა მასწავლებელიო.
- მერე? თუ ჩემნაირი იყავით, ესე იგი, თქვენც გყვარებიათ ჩემს ასაკში...
- მყვარებია და საკუთარ თავზე რომ გამომიცდია, იმიტომ გეუბნები. მე ჭკუის დამრიგებელი არავინ მყავდა და სისულელე ჩავიდინე. არ მინდა, შენც შეცდომა მოგივიდეს. ამიტომ გეუბნები. შენ იმდენად კარგი გაიზრდები, ნებისმიერი მამაკაცი ქედს მოიხრის შენს წინაშე, დაიმახსოვრე! - ლოზუნგივით მესროლა.
სიყვარულით შევხედე და კაბინეტიდან გამოვედი. რა უნდა მითხრას ამ ქალმა ისეთი, რომ მაწყენინოს. უსაზღვროდ მიყვარს, ენით აუწერლად. თითქოს დედას ვხედავ მასში. დედას, რომლის დედობაც საერთოდ არ მახსოვს, მაგრამ სულ ვნატრობ - ნეტავ ზიზასნაირი დედა მყავდეს-მეთქი. ბიძინას თაობაზე გამუდმებით კამათი მოგვდის. ვერ ვთანხმდებით. აუჩემებია - არ არის შენი ტოლი, თავს როგორ უყადრებ ვიღაც ვაჭრუკანას შვილსო და რა ვიცი. მე კი ჯიუტად ჩემსაზე ვდგავარ - სიყვარულმა ვაჭარ-მაჭარი არ იცის-მეთქი... მაინც არ მეშვება.

10 მარტი
დილაუთენია ჩემი დედინაცვალი თინა დამადგა ლოგინში, გამაღვიძა. ძლივს გავახილე თვალი და ნახევრადმძინარემ გავხედე. კონვერტი ამიფრიალა თვალწინ.
- ეს რა არის? - დავძაბე მზერა.
- ფოსტალიონს მოუტანია გუშინ, საფოსტო ყუთში იდო, - მითხრა და გადმომცა, - წუხელ დამავიწყა გადმოტანა, მამაშენი მთვრალი იყო და იმას ვადექი თავზე.
- კიდევ ცუდად გახდა? - ვკითხე, თან კონვერტის გახსნას შევუდექი.
- არა, მაგრამ მეშინია. ეშმაკს არ სძინავს, რა ვიცი, როდის რა იქნება, - ხელი ჩაიქნია, წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა.
კონვერტში ჯეკ ნიკოლსონის ფოტოები იდო. ოთხი ცალი. "გეგასაგან", - ეწერა მეორე მხარეს. გავვოცდი. საიდან იცის იმ ბიჭმა, ჯეკ ნიკოლსონი რომ მიყვარს? მიყვარს კი არა, რომ იტყვიან, "ჭკუა მეკეტება". მაბოდებს. რა საინტერესოა, საიდან იცის? არა, რაღაცაშია საქმე. ხომ არ დაესიზმრებოდა? მაგრამ ვის უნდა ეთქვა? წარმოდგენა არა მაქვს. ისე, მართლა და მართლა, საიდან მოუვიდა თავში აზრად ჩემი გაცნობა? რომელი ბრიჟიტ ბარდო ან ჯინა ლოლობრიჯიდა მე ვარ? ნეტავ ვისი ხელი ურევია ამ საქმეში? თან როგორ მიხარია მისი ყურადღება?! რაღაც ორიგინალურ "რევერანსებს" აკეთებს. "პაკლონიკების" მეტი რა მყავს, მაგრამ მსგავსი რამ არავის გაუკეთებია. თუმცა, გეგა ხომ უკვე "დიდი ბიჭია". მე კი ამ ასაკის თაყვანისმცემელი სხვა არავინ მყოლია. ჩემს გარშემო მხოლოდ ჩემი ტოლი ბიჭ-ბუჭები ირევიან, რომლებსაც სილამაზე კი არა, ჩემი "მოწინავეობა" აგიჟებთ. "ხუთოსანი" მოსწავლის შეყვარება სკოლაში "დიდი პატივია". იმდენზე მეუბნებიან უკვე, უყვარხარო, რომ სათვალავი ამერია. მეცინება. აი, სამოსანი რომ ვიყო, "ინდაურის წონას" არავინ შემიყვარებდა. უფრო მეტიც - ზედაც არავინ შემომხედავდა. ჰმ, კარგია, რომ ფრიადოსანი ვარ, არა?



15 მარტი
გამაოგნებელი ამბავი მოხდა. ჩემს პარალელურ კლასში ტყუპი ძმა სწავლობს - რეზო და თაზო. გაჭრილი მსხალივით ჰგვანან ერთმანეთს. მართლა, მართლა! თუ შეიძლება ორი ადამიანი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდეს ერთმანეთს, რატომ მსხალივით არ შეიძლება? მით უმეტეს, თაზოს და რეზოს მსხლის ფორმის თავები აქვთ. დიდი ოხერი ბიჭები არიან. ისე "საგმირო საქმეებს" სჩადიან, ბავშვებმა "ბელკა" და "სტრელკა" შეარქვეს - ამისთანების გამკეთებელს კოსმონავტის გული უნდა ჰქონდესო და აქვთ კიდევაც. მათ გამო დღეს საგანგებო კრება მოიწვიეს. მიზეზი? ნუ მკითხავთ. ასეთი არაფერი გამიგია. დაზაფრული ვარ. გუშინ საკლასო ჟურნალი მოუპარავთ თურმე და, არც მეტი, არც ნაკლები, "საჭირპო ოთახის" "საჭირო" ადგილას ჩაუგდიათ. ამ დილით იპოვეს. წარმოგიდგენიათ? არადა, ჩვენი სკოლა ერთ-ერთი სანიმუშაო დისციპლინის მხრივ. დირექტორს თუ ამას ვინმე გაუბედავდა, ვინ იფიქრებდა. ძმებმა, როგორც ყოველთვის, ერთნაირი "დოზით" აიღეს დანაშაული საკუთარ თავზე. პატივცემული გიორგი ცოფებს ყრის, ყველა გაოგნებულია. მე, მაგალითად, როცა გავიგე, თმა-წარბი ყალყზე დამიდგა.
დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი დგას - გარიცხვა! რა საშინელებაა! არადა, სამეგობროდ გადასარევი ბიჭები არიან, უღალატო. ერთი ეგაა, სკოლას და სწავლას ვერ იტანენ. ცოდონი არიან გასარიცხად. როგორ გინდა გაიმეტო? მაგრამ პედკოლექტივის წინააღმდეგ ხომ ვერ წახვალ!
ზარი დაირეკა. გაკვეთილები დამთავრდა. მთელი კლასი დერეფნის ბოლოსკენ გავემართეთ, ბიძინას კლასისკენ. - კრება იქ ტარდება. რა კარგია, ბიძოსაც ვნახავ.
- გაგიცივდა პატრონი-ი-ი! შე ძროხა დედაკაცის ნამშობო-ო-ო-! - მთელი ხმით გაჰკივის ლიანა მასწავლებელი. იგი მათემატიკას გვასწავლის და ყოველთვის ასეთი ეპითეტებით ამკობს მოსწავლეებს. ჩვევად აქვს - ზარი რომ დაირეკება, ერთი-ორი წუთით მაინც უნდა დააყოვნოს მთელი კლასი.
...კრება დიდი ხმაურით დაიწყო. მასწავლებლები ერთმანეთს ცვლიდნენ. ყველა სხვადასხვაგვარად გამოხატავდა აღშფოთებას, მაგრამ ყველა გამოსვლა ერთი და იმავე სიტყვით მთავრდებოდა - "გავრიცხოთ!" თვალი გადავავლე ბავშვებს. კარგა ხანია, ამდენი მოღუშული სახე არ მინახავს. ბაჩანამ წარბებს ქვემოდან გამომხედა და რა ვქნათო, მანიშნა. მხრები ავიჩეჩე. ვიცი რო? რეზო და თაზო უაზროდ იცინიან. ნეტავ რა აცინებთ? რა დრო ეგ არის, გარიცხვით ემუქრებიან! შემდეგ მასწავლებლებს მოსწავლეებმა მიბაძეს. ჯერ ლალი გამოვიდა, დინჯად ისაუბრა, გაკიცხა კლასელები და იმანაც კარგი ნაფიცი მსაჯულივით გარიცხვა გამოუტანა განაჩენად. სხვა რა დარჩენოდა, სკოლის საუკეთესო მოსწავლე უკეთეს გამოსავალს ვერ იპოვიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასაც უსიამოვნება შეხვდებოდა. დაახლოები იგივე გაიმეორეს ნინომ, ნუნუმ, გაბომ, დიტომ და რა ვიცი... ჯერი ბიძინაზე რომ მიდგა, გული გამიჩერდა. მაინტერესებდა, რას იტყოდა. თავჩაღუნული ადგა და... ასევე დარჩა. ხმა არ ამოუღია. ერთი სიტყვაც ვერ ათქმევინეს. ზიზა მასწავლებელმა ნიშნის მოგებით გადმომხედა - ხედავ, რა უნიათო და დაუნი ვინმეაო? - წავიკითხე მის თვალებში. "ვხედავ, ვხედავ", - თავის ქნევით მივახვედრე. არადა, აღფრთოვანებული დავრჩი - რა ყოჩაღია, არ გაწირა მეგობრები. დუმილით გამოუცხადა სოლიდარობა კლასელებს. აი, მესმის! ამ დროს ჩემი გვარი გაისმა.

- ძიძიგური, შენი აზრი გვაინტერესებს! - ეს "ფიზიკის" ხმაა.
შევხტი. რაღა მაინცდამაინც ბიძინას მერე დამიძახეს? ზიზა ალბათ ამასაც მე დამაბრალებს - ბიძინას მერე შენ გამოხვედი სიტყვითო. აი, ნახავთ!
ნელა ავითრიე წელი. დაფისკენ დავიძარი. ფეხები უკან მრჩებოდა. რა ჯანდაბა ვთქვა? მასწავლებლების წინააღმდეგ რომ წავიდე, ეს ჩემს "პრესტიჟზე" იმოქმედებს, ნიშნებზეც. ლალის ხომ არ მივბაძო? ზოზინით მოვტრიალდი. ჩავახველე, ხელები ერთმანეთში გადავხლართე და...
- ვაპატიოთ, - ვთქვი და მე თვითონ გამიკვირდა.
ამდენ "გავრიცხოთში" ჩემი "ვაპატიოთ" მეხის გავარდნასავით გაისმა. სხვებთან შედარებით "ორიგინალური" ვარიანტი გამომივიდა.
თითქოს ყველა ადგილზე გაქვავდა. უეცრად სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა კლასში. ლოყები გამიხურდა. დირექტორპმა სათვალე ცხვირზე ჩამოიწია და ისე შემომხედა. მოვიდა ჩემი აღსასრული, - გავიფიქრე, მაგრამ უკან დახევა არ მიცდია. კვლავ ჩავახველე და უკვე რიხიანად გავაგრძელე.
- შეცდომა ყველას მოსვლია, მასწ... მე... თავდებად დავუდგები, მეტს აღარ ჩაიდენენ, - რა სისულელეებს ვამბობ, ეს ბოლო წინადადება მაინც რამ მათქმევინა, სასწრაფოდ ავამუშავე გონება და ჩემი "ჭკუის კოლოფიდან" ყველაზე ბრძნული გამონათქვამების გადმოლაგება დავიწყე - შეცდომის დაშვება ადვილია, გამოსწორებაა ძნელი, - ეს კი ვთქვი, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე, ვისი სიტყვები იყო. იქნებ არც არავისი?
- მეტს აღარ ჩაიდენენო? მომესმა თუ მართლა ასე თქვა? - ლიანა მასწავლებელმა ყური "მოიჩრდილა" და "ბიოლოგიას" გადახედა.

მთლად ავიწურე. "მათემატიკის" ყბაში ჩემი მტერი ჩავარდა. არ ამცდება ახლა "გაგიცივდა პატრონი"...
- დაჯექი, ძიძიგურო, დაჯექი და ჭკუით იყავი, - კრიტიკული მზერით დამმოძღვრა "ბიოლოგიამ" და მივხვდი, რომ ამ საშინელი სიტუაციიდან გამომიყვანა.
- შეიძლება მეც ვთქვა ორიოდე სიტყვა? - ბოლო მერხიდან მზია მასწავლებლის ხმა გაისმა.
მგონი გვეშველა! ჩვენიულტრათანამედროვე "ქართული" თანამედროვე სიტყვას იტვყის. ეჭვიც არ გვეპარება.
ბალერინასავით გამოფრთხიალდა მერხებს შუა საბოების ბაკუნ-ბაკუნით. რამსიმაღლე ქუსლებზეა შემდგარი და რა მსუბუქად ადადის.
- ჩემი აზრით, ნატა მართალია. შეცდომა ყველას მოგვდის და პირველ რიგში, ჩვენ, მასწავლებლებს, რადგან არა გვაქვს უფლება, ყურადღება მოვადუნოთ მოზარდებთან მიმართებაში. რატომ იდო ჟურნალი კლასში უპატრონოდ? ესეც ხომ დაუდევრობაა, დაუდევრობა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს. და აი, სავალალო შედეგიც. გარიცხვა გამოსავალი არ არის. ამას ყოველთვის მოვასწრებთ. მთავარია, შევაგნებინოთ მათ დანაშაულის სიმწვავე და ჩავაგონოთ... - და ა.შ.
მზიამ კიდევ დიდხანს ილაპარაკა. როცა სათქმელი დაამთავრა, ჩვენკენ გამოეშურა და გაგვისწორდა თუ არა, თვალი ჩაგვიკრა.

მერე დამრიგებელმაც შეაწია ჩვენს გმირებს ორიოდე "დამცავი" სიტყვა.
ბიჭები გარიცხვას გადარჩნენ. კრების შემდეგ რეზომ გვერდით ჩამიარა და ჩუმად მესროლა: ბელკაც შენ ყოფილხარ და სტრელკაცო.
საღამოს მზია ჩვენთან გადმოვიდა და სიცილით მოუყვა მამიდაჩემს ჩემი გმირობის ამბავი. როგორ გაბედეო, თვალები დამიბრიალა ლიზამ.
- რა იყო მანდ გასაბედავი, მაინც არ გარიცხავდნენ. უბრალოდ შეაშინეს, თორემ გიორგი ახლა მაგათი გარიცხვით გაუფუჭებდა სკოლას სახელს? - ხელი გაიქნია მზიამ, - მაგრამ შენ მაიცნ ყოჩაღ! რომ იცოდე, კრების შემდეგ რამდენი გაქო ყველამ.
- მაქეს? რისთვის? - პირი დავაღე.
- სიმართლისთვის. შენმა ამხანაგებმა რომ თქვეს, გავრიცხოთო, რომელიმეს გულით უნდოდა მათი გარიცხვა? ნაძალადევად თქვეს, ხომ ასეა? შენ კი რასაც ფიქროდი, ის გამოხატე. ხომ არ იყო ადვილი?
არა, ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. მეგონა, იმ კრების შემდეგ მასწავლებლები ამითვალწუნებდნენ, თურმე პირიქით... რა კარგია!

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე

განაგრძე კითხვა

სვეტა კავარცხელია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
03.06.2015
ქაღალდის რელიკვია (III ნაწილი),ქალბატონი სვეტა კვარაცხელია წაშალეთ სიტყვა დაუნი არასწორი კონტექსტით გაქვთ გამოყენებული,ჯერ სიტყვების სწორად გამოყენება ისწავლეთ და შემდეგ წერეთ რომანები !!!!!!!!!!
მ.მ.
03.06.2015
ქაღალდის რელიკვია (III ნაწილი),ქალბატონი სვეტა კვარაცხელია წაშალეთ სიტყვა დაუნი არასწორი კონტექსტით გაქვთ გამოყენებული,ჯერ სიტყვების სწორად გამოყენება ისწავლეთ და შემდეგ წერეთ რომანები !!!!!!!!!!
მ.მ.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
შენთან არასერიოზული დამოკიდებულება რომ მდომებოდა, ჩვენი ურთიერთობა აქამდე უკვე შეწყდებოდა. შენ უნდა მიმხვდარიყავი ამას! ცუდი სვლა გამოგივიდა, რითაც ასეთი სერიოზული თამაში გააფუჭე.

მე ვინღა შემარიგებს გეგასთან? ამის შემდეგ გაუჩნდება კი სურვილი, დამირეკოს და, მით უმეტეს, შემხვდეს? გამორიცხულია. ეს რა ვქენი! რა სისულელე ჩავიდინე! რატომ, რატომ, რატომ? რა მრჯიდა, ვინ მაძალებდა! მისკენ სავალი ყველა გზა საკუთარი ხელით მოვსპე. ახია ჩემზე!

საუბარი. მოდი, ასე გავაკეთოთ. მე დავუკავშირდები გეგას და მე, შენ და ის შევხვდეთ ერთმანეთს და გავარკვიოთ, რა ხდება, კარგი?

- მგონი, შენი სენი გადმომედო, - უხერხულად გაიღიმა და თვალი ამარიდა.
- რომელი სენი? - ვერ მივუხვდი.
მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა.
- ვერ ვხვდები...
- შეყვარებული ვარ, მგონი, - ჩურჩულით მითხრა.


გაბრუებულმა ყურმილი ფრთხილად დავკიდე.
ჩემი გაცისკროვნებული თვალები სილვა ბებიას არ გამოჰპარვია. კრიტიკულად ამხედ-დამხედა


ცოტა თუ არ შევუძახე ჩემს თავს, უსიამოვნება არ ამცდება, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ვისაც მოვწონვარ, ყველას ვეპრანჭები. არადა, შეიძლება ასეც იყოს

ასე დიდხანს ვერ გავძლებ. ბიძოსთვის შეიძლება ადვილია, მაგრამ არა ჩემთვის. მივხვდი, ბიძინას დაკარგვა არ მინდოდა, მაგრამ... არც გეგასი. ის კი ჯიუტად დუმდა...

- ნატა, შენ ვინმე უცხო ბიჭი ხომ არ გირეკავს?
ელდა მეცა. საიდან უნდა სცოდნოდა? თუმცა, რატომ ვუმალავ?

- რა მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის სულერთია, ბევრი იქნება თუ ცოტა. ვინც მთავარია, ის არ იქნება, - თქვა და კვლავ დაჟინებით ჩამაშტერდა, - სხვანაირი გახდი ბოლო დროს, - ჩუმად დაამატა.
ახლა მე გავწითლდი. თვალი ავარიდე


მოვტრიალდი. ახლოს მივედი. დავაკვირდი. გაოცებული დავრჩი. ერთი, ყველაზე დიდი ზომის მიხაკის სათითაოდ ყველა ფურცელს გამოყვანილი ასოებით ეწერა: "გეგასაგან".

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.