ქაღალდის რელიკვია (IV ნაწილი)
font-large font-small
ქაღალდის რელიკვია (IV ნაწილი)
- რა მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის სულერთია, ბევრი იქნება თუ ცოტა. ვინც მთავარია, ის არ იქნება, - თქვა და კვლავ დაჟინებით ჩამაშტერდა, - სხვანაირი გახდი ბოლო დროს, - ჩუმად დაამატა.
ახლა მე გავწითლდი. თვალი ავარიდე



19 მარტი
ლამის არის, გაკვეთილზე ჩამეძინოს. წუხელ ოთხ საათამდე გეგას ვებაასებოდი ტელეფონზე. მასწავლებლის არც ერთი სიტყვა არ გამიგია. მთლიანად ფიქრში ვიყავი ჩაძირული. რამდენი ვილაპარაკეთ! როგორი ნაკითხი ყოფილა. რა ვიცი, რაზე არ ვისაუბრეთ - ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, მუსიკაზე, მსახიობებზე... ისეთი ფილმები ჰქონია ნანახი, საქართველოში კიდევ დიდხანს რომ არ შემოვა. გეგას კი ნახევარი ევროპა მოვლილი აქვს - სად არ არის ნამყოფი. რამდენი ახალი რამ გავიგე...
- შენ გიმოგზაურია სადმე? - მკითხა.
არა, ვინ გამიშვებს, - მოვისაწყლე თავი.
- ვინ გაგიშვებს თუ ვინ წაგიყვანს?
- ერთიც და მეორეც.
- მე წაგიყვან, - მტკიცედ თქვა.
ხმამაღლა გამეცინა.
- რა გაცინებს? - იწყინა.
- შენ კი წამიყვან, მაგრამ ვინ გამომიშვებს? - გავუშიფრე ჩემი სიცილის მიზეზი.
- მოვა დრო და ეგ არავის საკითხავი არ იქნება, - რატომღაც დახშული ხმით მითხრა.
სხეულში სასიამოვნო ტალღამ დამიარა. მგონი სიყვარულს მიხსნის. დავიჯერო? აკი თქვეს, ბაკა უყვარსო? ქალაქკომის მეორე მდივნის შვილი? ისიც ექიმია. ერთად მუშაობენ. ლამაზი ვინმეა. მართალია, ჩემოდანივით უკანალი აქვს, მაგარმ სამაგიეროდ ძალზე ქალურია. გამომწვევი მიხრა-მოხრა აქვს. მამიდაჩემთან სურათიც აქვს გადაღებული, შორიდან ვიცნობ.

- მაგით რისი თქმა გინდა? - პასუხის მოლოდინში დავიჭყანე.
ტელეფონი საბანქვეშ მაქვს და ისე ვსაუბრობ, ჩემებმა რომ არ გაიღვიძონ. თუმცა ამის საშიშროება არ მემუქრება. ბებია პირველ სართულზე წევს, მამიდა - ერთი ოთახის იქით. მაგრამ მაიცნ ვფრთხილობ.
- ჯერ ბავშვი ხარ, გაიზრდები და თავად მიხვდები, - არ მითხრა.
- არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი, - შენიშვნა მივეცი.
- სამწუხაროდ, ხშირად მოგიწევს მოსმენა. მე სულ ასე ვლაპარაკობ. პროფესია მაქვს ასეთი - ექიმი პაციენტს სიმართლეს პირდაპირ არ ეუბნება.. განსაკუთრებით, როცა მძიმე მდგომარეობაა. ასეთ შემთხვევაში მის პატრონს აყენებს საქმის კურსში.
- მაშინ შეგიძლია ბებიაჩემს გაანდო შენი სათქმელი, - თავი ვერ შევიკავე და სიცილი ამიტყდა. თან პირზე ხელი ავიფარე, შინაურები არ გავაღვიძო-მეთქი.
მგონი ვაწყენინე. კარგა ხანს ხმა არ ამოუღია.
- ალო! - შეშფოთებულმა ჩავძახე ყურმილში, - გეგა, ხომ არ გეწყინა?
- ჰმ, მეწყინა კი არა, წარმოვიდგინე, ბებიაშენთან აღსარებაზე მისული როგორი შესახედავი ვიქნებოდი. როგორ ფიქრობ, მოვეწონები?
- ჯერ ის თქვი, მე თუ მომეწონები... - ვითომ ნიშნი მოვუგე.
- შე-ენ? შენ უკვე მოგწონვარ, - დაბეჯითებით თქვა.
- ვინ მოგახსენა! - ტუჩი ავიბზუე და ვიგრძენი, რომ გავწითლდი.
- აბა რატომ გაწითლდი?
- სულაც არა!
- არა კი არა, ყურმილი გამიცხელდა ხელში, ისეთი ალმური წამოვიდა შენაგან, - აშკარად დამცინის, რა ცუდი ვინმეა!
- ახლა გაგითიშავ, იცოდე! - დავემუქრე.
- მიდი აბა! - ჯიბრში ჩამიდგა.
- არ ვხუმრობ, მართლა ვიზამ, იცოდე!
- არ იზამ!
- აი, თუ არ ვიზამ! - ვთქვ და გავთიშე.
დაველოდე. მეგონა დარეკავდა. მეგონა კი არა, დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ... ნურას უკაცრავად! კოვზი ნაცარში ჩამიგდო. რამდენიმეჯერ წამიცდა თითი ნომრების დისკოსკენ, მაგრამ გადავიფიქრე. ცოტა გაწბილებული კი დავრჩი, თუმცა მაინც მალე ჩამეძინა...
- ძიძიგური, რა გახსენდება ამისთანა, ასე სიამოვნებით რომ გეღიმება? - ეს ციცოს ხმაა, ქართული ლიტერატურის მასწავლებლისა და ჩვენი კლასის დამრიგებლის.
- თქვენი ახსნილი გაკვეთილი, მასწ! - სხარტად ვუპასუხე და ფეხზე წამოვხტი.
- "იმაზე" შინ იფიქრე, დასაძინებლად რომ დაწვები, აქ კი მე მისმინე, - ეშმაკურად მითხრა და თხრობა გააგრძელა.

საოცარი ქალია. ჭკვიანი, უკიდეგანოდ განათლებული, მხიარული, იუმორის ნიჭით დაჯილდოებული. მართალია, დაბალი და პუტკუნაა, მაგრამ ისეთი ლამაზი ტუჩ-კბილი აქვს, სულ გინდა, რომ იცინოს. შინდისფერი პომადის წაცხება უყვარს და როცა რამეს გვიყვება, ისე სასიამოვნოდ ამოძრავებს შეღებილ ტუჩებს, გულგრილად ვერ შეხედავს ადამიანი. იგი ჩვენი სული და გულია. ანცი ბავშვივით დარბის ხოლმე ჩვენთან ერთად შესვენებაზე აღმა-დაღმა. ხან ეზოში ჩამოგვყვება, ხან - ბუფეტში. წესით, ლიტერატურასაც მზია უნდა გვასწავლიდეს, როგორც გრამატიკას, მაგრამ რადგან ციცო ჩვენი დამრიგებელია, აუცილებლად ერთ-ერთი საგანი მასაც ეკუთვნის. ამიტომაც ქართული ორად გაჰყვეს - ლიტერატურა ციცინოს ერგო, გრამატიკა - მზიას.
ახლაც დიდი შთაგონებით ჰყვება გალაკტიონის შემოქმედებას. ისეთი რამეები იცის, სახელმძღვანელოში რომ არ წერია. ჩვენ ყოველთვის გასუსულები ვუსმენთ. გვაინტერესებს. მერე მოგვითრევს ხოლმე წიგნებს - ეს წაიკითხეთ, ის წაიკითხეთ... ბოლოს შინაარსს გვთხოვთ ან თემას გვაწერინებს. განსაკუთრებით ხშირად თავისუფალ თემებს გვაძლევს დავალებად. დამოუკიდებელ აზროვნებას გვაჩვევს. ჩვენი ორი წლის წინ დაწერილი თემებიც კი აქვს შენახული. მერე უმცროსკლასელებს უკითხავს ხლმე - აი, როგორ წერენ ჩემი კლასის ბავშვებიო. ასეთი საოცარი ქალია.

ეჰ, გალაკტიონზე ვერაფერი მოვისმინე. გეგაზე ვფიქრობდი. რა მეშველება. ვგრძნობ, ბიძინა უკვე ნაკლებად მაინტერესებს. ძალიან ვნერვიულობ. ვაითუ "გადამიყვარდეს"? სირცხვილია. რა ვუთხრა მერე, შენ არა და სხვა მიყვარს-მეთქი? არ ვიცი, რა ვქნა. არადა, ის გეგა სულ არ ვიცი რანაირია. გაცნობაც ხომ ვერ მოვახერხე?! თუმცა არც თვითონ მოუკლავს თავი. ერთხელ მითხრა ცალყბად, ხომ არ შევხვდეთო და უარი რომ ვუთხარი, მერე არც გაუმეორებია. მე ხომ არ ვეტყვი!
ბიძინამ ცრტა მოიწყინა ბოლო ხანებში. იქნებ ხვდება რამეს? მაგრამ რას უნდა ხვდებოდეს? არც არაფერს ვაშვებ. რა მოხდა მერე, თუ ტელეფონით ვინმეს დაველაპარაკები? რა, უფლება არ მაქვს, თუ? რა თავს ვიმართლებ! განა არ ვიცი, ჩემი მხრიდან რომ ცუდი საქციელია, მაგრამ... როგორც ჩანს, ნებისყოფა არ გამაჩნია, ან შეიძლება გამაჩნია კიეც, ოღონდ -ცოტა, ძალიან ცოტა". თვითონ რომ იქცეოდეს ჩემნაირადა, როგორ რეაქცია მექნებოდა? ხომ არ მომეწონებოდა? ჰოდა, სწორედ მაგაშია საქმე.

22 მარტი
ბიძინას დილითვე მივულოცე დაბადების დღე. რამდენიმე დღის წინ საგანგებოდ ვიყიდე ვიქტორ ჰიუგოს რომანი "კაცი, რომელიც იცინის", მეტად ორიგინალური წარწერა გავუკეთე, ოღონდ არ ვიტყვი, საგულდაგულოდ შევახვიე და შესვენებაზე გადავეცი. სიხარული იმით გამოხატა, რომ გაწთილდა.
- დიდი მადლობა, - ხმადაბლა მითხრა და დაჟინებით შემომაცქერდა.
როგორც ყოველთვის, ფიზიკის კაბინეტის გვერდით შეწეულ დერეფანში ვიდექით.
- წაკითხული გაქვს? - ვიპოვე სასაუბრო თემა.
- არა, მაგრამ წავიკითხავ.
- კარგი რამეა.
- ჰო, გამიგია, - თქვა და უხერხულად შეიშმუშნა.
- რას შვრები დღეს, აღნიშნავ დაბადების დღეს? - ვკითხე.
- რა ვიცი, ალბათ. ბიჭები მაინც არ მომასვენებენ.
- მხოლოდ ბიჭები?
- გოგოებიც. შენც მოდი თუ გინდა, - კვლავ გაწითლდა.
გამეცინა. იცის, რომ არ მივალ. ისიც იცის, რატომ. ხომ გადაირევა დედამისი. არა, შეიძლება არც არაფერი თქვას, მაგრამ... რაღაცით მაინც ხომ მაგრძნობინებს. მერე ამის ატანა არ გინდა? რაში მჭირდება ზედმეტი ნერვიულობა. დაბადების დღეზე მისვლა კი არა, მის ქუჩაზე გავლაც მეზარება. დედამისი იმასაც იტყვის, ჩემი შვილის გამო დადის აქეთო. ენას ხჯომ ძვალი არა აქვს.
- უღრმესი მადლობა, ნუ წხდები, - ირონიულად შევნიშნე.
- კი არაფერს იტყვიან... - სცადა თავისიანების გამართლება.
- ვიცი, ვიცი, - კვლავ გაისმა ირონია ჩემს ხმაში, - ბევრი ხალხი გეყოლება?
- რა მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის სულერთია, ბევრი იქნება თუ ცოტა. ვინც მთავარია, ის არ იქნება, - თქვა და კვლავ დაჟინებით ჩამაშტერდა, - სხვანაირი გახდი ბოლო დროს, - ჩუმად დაამატა.
ახლა მე გავწითლდი. თვალი ავარიდე.
- რანაირი?
- როგორ გითხრა, რაღაცნაირად ცივი და თითქოს უკარება.
- გეჩვენება, - თავი ვიმართლე, მაგრამ ვიგრძენი, როგორ შემეცვალა ხმა.
- არ მეჩენება, - ჯიუტად გადააქნია თავი.
- კარგი რა, ბიძინა, შენი საყვედურებიღა მაკლია, - იქით შევუტიე.
- ადრე შესვენებაზე ყოველთვის ცდილობდი ჩემთან შეხვედრას. ამ ბოლო დრომ კი კლასიდანაც არ გამოხიდარ ხოლმე, - თქვა და ფრჩხილის კვნეტას შეუდგა.
ანერვიულდა. შემეცოდა. მართალს ამბობს. ძალიან შევიცვალე, რაც მგონი გეგას "დამსახურებაა", მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საკუთარ თავსაც არ ვუტყჰები ამაში. გული შემეკუმშა.
- ასე მგონია, სასწორზე ვდგავარ და ვიღაცა უნდა გადავწონო... - გააგრძელა.
- რა სასწორზე, ხომ არ გაგიჟდი! - ვიგრძჟენი ტყუილში გამოჭერილი ბავშვივით გავწითლდი.
- რა ვიცი, აბა, - განზე გაიხედა დარცხვენილმა.
ამასობაში ზარი დაირეკა. ორივენი შევხტით. გაგვეცინა. მოულოდნელად ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე.

- კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს. ტყუილად ნერვიულობ, ყველაფერი კარგადაა, - ჩურჩულით ვთქვი და ალეწილი საკლასო ოთახისკენ გავიქეცი...
გვიან საღამოს რამდენიმეჯერ დარეკა ტელეფონმა. ხმას არავინ იღებდა. ვხვდებოდი, რომ ბიძინა იქნებოდა. ქეიფში, როგორც ჩანს, შეთვრა და ვერ მოითმინა. არადა, დედამისის შიშით დალაპარაკებას ვერ ბედავდა. უკვე ძალიან გვიან, კიდევ ერთხელ რომ დარეკა, სერიოზული ხმით ვუთხარი.
- ძალიან გთხოვ, ვიცი ვინცა ხარ, მაგარმ მეტს ნუღარ დამირეკავ. გვიანაა, - და დაველოდე, როდის გათიშავდა ტელეფონს. არ გათიშა. ცოტა ხანს დავიცადე, მაგრამ მალე მომბეზრდა ასე ყოფნა და ყურმილი ფრთხილად დავკიდე.
ლოგინში შევწექი. ვერაფრით მოვახერხე დაძინება. თითქოს გაორებული ვიყავი. ორივეზე ერთდროულად ვფიქრობდი - ბიძინასა და გეგაზე. ხომ არ შეიძლება ერთდროულად ორი გიყვარდეს. ეს შეუძლებელია. არადა, ცდუნების წინაშე ვიდექი, ვგრძნობდი, როგორ იხრებოდა სასწორის ისარი იმ მხარეს, რომელზეც გეგა იყო "შემომდგარი". საბოლოოდ მან თუ გადასწონა, ვიცი, რაღაც ახალი და შეუცნობელი დაიწყება ჩემს ცხოვრებაში - ჯერ არგანცდილი, იდუმალი, თან აკრძალული.
და შემეშინდა...

25 მარტი

დილიდან გადაუღებლად წვიმდა. შუადღეს ქარმაც წამოუქროლა. იძულებული გავხდი, ქურთუკის გარედან საწვიმარი ჩამეცვა. წყალგაუმტარი, წითელი, თეთრწინწკლებიანი. ასეთი ლამაზი საწვიმარი ჩემს ირგვლივ არავის აქვს. შარშან მამიდაჩემმა პოლონეთიდან ჩამომიტანა.
...წვიმის წკაპუნის ხმას ვგრძნობ მხრებზე. თითქმის სირბილით მოვდივარ სკოლიდან. არ მინდა, მთლად გავილუმპო. გვერდზე უცებ უზარმაზარმა მანქანამ დაამუხრუჭა და ყვირილი გაისმა: "ნატოჩკა, ლამპოჩკა, ლასტოჩკა". სხვა ვინ იქნებოდა, თუ არა რევაზი, ჩემი მეზობელი. ისე გამიხარდა, თვითმცლელი კი არა, თითქოს "ჩაიკა" გაეჩერებინოს. ძლივს ავბობღდი მანქანის საფეხურზე. რევაზს, როგორც ყოველთვის, ყურებამდე ჰქონდა პირი ჩახეული.
- რავა ხარ, "ტანცორკა"? - გაიკრიჭა.
- არა მიშავს. რა სულზე მომისწარი, რომ იცოდე... შენ როგორა ხარ?
- "ცხვირაზე" უკეთესად, - თქვა და ძრავა აათუხთუხა, "ცხვირას" თავის ამწეკრანიან მანქანას ეძახის.
- ცოლი არ მოგყავს, ბიჭო? - დავუწყე შეჩიჩხინება, - ვერ ხედავ, მთლად დაბერდი, ცხვირი დაგიგრძელდა, - სულ მოვუღე ბოლო.
- გამირიგე მერე ერთი კაი გოგო, კლასელები ხომ გყავს?
- ა! უყურე ახლა ამას შენ! რა დაგემართა, შე ოხერო, ბავშვებზე დაიწყე ნადირობა? რა გაგიჭირდა მაგისთანა! - დავუტატანე.

- აბა რა ვქნა. ვისაც კი თვალი დავადგი, ყველა გათხოვდა. ერთი ცუცა დარჩა და მაგის მეტი თუ არ გემეტება ჩემთვის, მითხარი ქე მაინც და ჯანდაბას, მოვიყვან. ხომ ხედავ, როგორ გემსახურები - მიგაბრძანებ, მოგაბრძანებ. ერთი კაი გოგოს ღირსი არა ვარ? - საჭე მიატრილ-მოატრიალა რევაზმა.
ცუცა ჩვენი უბნის გიჟია. ზამთარ-ზაფხულ ფეხშიშველი და ჩამოხეული ტანსაცმლით დადის. თიხისგან ბურთულებს ძერწავს, მერე ძაფზე ასხამს, გამოაშრობს, შეღებავს და ქუჩაში ჩამოატარებს თავის შემოქმედებას. ბავშვობაში ვგიჟდებოდი ამ "მძივებზე". ფული როცა არ მქონდა, ვეხვეწებოდი, სხვა რამეში გაეცვალა. თოჯინასაც კი არ ვიშურებდი. არადა, ათ კაპიკზე ნაკლებს ვერ მისცემდი. იცოდა, რომ "შავ" ფულზე მძივი არ უნდა გაეყიდა, ანუ ერთ, ორ, სამ და ხუთკაპიკიანს არაფრით გამოგართმევდა. ოთხი ცალი ხუთკაპიკიანიც რომ გაგემეტებინა, არ იზამდა. მარტო თეთრი ფულით შეიძლებოდა მისი "შედევრების" შეძენა. ბებაჩემი ცუცას მძივის დანახვაზე ბოლო ხმაზე კიოდა ხოლმე, ახლავე გადააგდე, მუნი არ აიკიდოო. მე კი ვერ ვხვდებოდი, მუნი ცუცასთან და მითუმეტეს, მძივთან, რა შუაში იყო. საწყალი ცუცა! ყველა იმას აშაყირებდა.
- ცუცა, გათხოვება არ გინდა? - შეუჩნდებოდნენ ხოლმე ლაზღანდარობის ხასიათზე მოსული ქალები.
- როგორ არ მინდა, მაგრამ... - თითებს დაუწყებდა ცუცა წვალებას.
- რა მაგრამ, რა მაგრამ. კაი ბიჭს გაგირიგებთ, თუ გინდა, - აქეზებდნენ მეზობლები.
- სირცხვილია, - მორცხვად ჩაილაპარაკებდა იგი და თიხასა და საღებავში ამოგანგლულ ხელებს ცხვირზე მოისვამდა ხოლმე. აი, ამ ცუცაზე "შეუჩერებია არჩევანი" რევაზს.
- არა, ცუცასთვის ნამდვილად არ მემეტები. ცოტაც მოითმინე და წელს რომ ჩავირიცხები, მერე ჩემს კურსელებს გაგაცნობ. ვიღაცა მაინც ხომ მოგეწონება, - დავპირდი.
- ო-ო-ო! მალადეც! კაი აზრია, "მომწონს ეგ სიტყვა, შენც მომეწონე", - გაილექსა თან და უცებ მანქანა დაამუხრუჭა.
წინ გადავქანდი, თავი ძლივს შევიკავე, მინას არ მივხეთქებოდი.
- გოგო, დედაშენი ჩამოვიდა? - მკითხა მოულოდნელად.
თითქოს გული გამიჩერდა.
- რა დედაჩემი... ვინ გითხრა, ჩამოვიდაო, სად უნდა ჩამოსულიყო? - დავინტერესდი.
- რა ვიცი, წუხელ იურა იყო ჩვენთან, უნდა ჩამოვიდესო, დედაშენზე თქვა. "რაზვოდი" უნდა მივცე და თინასთან მოვაწერო ხელიო. მე კი არ ვიცოდი, მამაშენს ხელი მოწერილი თუ არ ჰქონდა თინასთან.
- ჰო, არა აქვთ... - ყრუდ ჩავილაპარაკე, - როდის ჩამოდისო? - მეზობელს გვერდულად გავხედე.
- ველოდებიო, ასე თქვა, მაგრამ როდის, არ ვიცი, არ უთქვამს... დედაშენი რომ შეგხვდეს, იცნობ?
უსიტყვოდ გავაქნიე თავი. აბა, საიდან უნდა ვიცნო, ორი წლის ბავშვი მიმატოვა და... გაშორდა მამაჩემს. მას აქეთ არ გამოჩენილა. არც ავი უკითხავს ჩემზე და არც კარგი. არც მე გამომიჩენია დიდი ინტერესი. თვეები ისე გავა, ერთხელად არ გამახსენდება. შინაც არავინ საუბრობს მასზე. არადა...

ჩემს მშობლებს ძალიან ჰყვარებიათ ერთმანეთი. გაცნობიდან ექვსი თვის შემდეგ მამაჩემს მოუტაცია თურმე დედაჩემი და ბიძაშვილებთან წაუყვანია სოფელში. მერე ბაბუას უზარმაზარი ქორწილი გადაუხდია. დედა ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა. თვალს ვერ მოწყვეტდი თურმე. როგორც ჩანს, მაინცდამაინც ვერ დავემსგავსე. ერთ წლის თავზე მეც გავჩენილვარ. მამაჩემს ცხვირი აუბზუებია - ბიჭი ნდომებია. აი, სწორედ აქედან დაწყებულა მთელი უსიამოვნებები. გაუჩინარდებოდა სახლიდან და ხანდახან კვირაობით იკარგებოდა ხოლმე. დედაჩემს ეს ვერ აუტანია. ამხტარა, დამხტარა, გავშორდები და ჩემებთან წავალო, გაუპროტესტებია დედამთილთან. საცოდავ ბებიას უთხოვია, ნუ წახვალ, შვილო, ოჯახს ნუ დაანგრევ, გაზარდე ეს ბავშვი, დარჩი ჩვენთან, მე და შენი მამამთილი არაფერს დაგაკლებთო. ჩემ ქმარს არ ვუნდივარ და შენ რაში მჭირდებიო, ჯიუტად დამდგარა თავისაზე და... წასულა. მეც თან წავუყვანივარ. გადარეულა სილვა ბებია. თეთრი ბაირაღივით ზავის ჩამოგდებას ცდილობდა თურმე ცოლ-ქმარს შორის. არაფერმა გაჭრა. მამაჩემმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - ნუნუსთან შესარიგებლად არ წავალო. ოჯახი თუ უნდოდა, შინ დარჩენილიყო, თავისიანებთან რას გარბოდაო...
სამი თვეც არ გასულა ამ ამბიდან, რომ ბებიაჩემს "ახარეს" - რძალი გაგითხოვდაო. დედაჩემმა ახალი ქმარი იშოვა...

27 მარტი
ძლივს გამოიდარა. ფიზიკის კაბინეტში ვიყავით. გაკვეთილი დაიწყო. ელენე მამალაძე კარგ ხასიათზე ჩანდა. თამილა გამოიძახა.
- ჩიტიძე შტერაია, ბევრს რომ ლაზღანდარობ მანდეთ, გამოი ერთი და მოყევი გაკვეთილი. რახანია, შენი ხმა არ გოუგია არავის, - თითით გამოიხმო სახეშეფაკლული თამილა. ისიც, როგორც იქნა, ძლივს მილასლასდა დაფასთან, შეცბუნებული ღიმილით გახედა "ფიზიკას" და დაბალი ხმით დაიწყო მოყოლა. წესად ჰქონდა - გაკვეთილის მოყოლისას მთელი ტანით ქანაობდა ხოლმე და რატომღაც სულ ჭერში იყურებოდა. დაფასთან გამოძახებული ისე იბნეოდა, მთლად რომ დაზუთხული ჰქონოდა მთელი ტექსტი, მაინც ავიწყდებოდა და შუა თხრობაში ნერწყვის ყლაპვას მოჰყვებოდა.
- ნუ ბლუკუნებ, გოგო, აუწიე ცოტა ხმას, - დაუცაცხანებდა "ფიზიკა".
ახლაც იგივე განმეორდა. ის იყო, ელენეს თამილას "ბლუკუნზე" უნდა გაემახვილებინა ყურადღება, რომ მოულოდნელად კარი გაიღო და კაბინეტში აფორიაქებული "ბიოლოგია" შემოჭრა. ყველანი ფეხზე წამოვდექით.
- დასხედით, დასხედით, - ხელით გვანიშნა ზიზამ და მამალაძეს ყურში რაღაც უჩურჩულა. ამ უკანასკნელმა ლოყაზე შემოირტყა ხელი და ჩემკენგამოიხედა. ძალაუნებურად ბავშვებიც მე მომაჩერდნენ. გულმა ბაგაბუგი დამიწყო. რა დავაშავე? ბიძინასთან ერთად ხომ არ მნახეს სადმე! არა, ამდაგვარი არაფერი ყოფილა. აბა? გეგას ხომ არ უკავშირდება რამე? არა, ეგეც გამორიცხულია. მაშინ რა ხდება? გული ამოვარდნას მქონდა. ახლა ზიზა მომაშტერდა.

- ნატა, მოდი ერთი წუთით ჩემთან, - რაღაც იდუმალი ტონით მითხრა და კაბინეტის გვერდზე მდებარე ლაბორატორიაში გამიხმო. მუხლებაკანკალებული გავყევი უკან. კარი მოიხურა და თვალებში ჩამხედა.
- რა მოხდა, ზიზა მასწავლებელო? - ჩამწყდარი ხმით ვკითხე.
მაჯაში მწვდა და ჩემი ხელი გულზე მიიდო.
- გესმის? - ათრთოლებული ხმით მკითხა.
მგონი, ვხვდები, რაც ხდება.
- დედაჩემი ჩამოვიდა? - კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.
უხმოდ დამიქნია თავი. უკმაყოფილო სახე მივიღე.
- ნატა, ჩემო გოგო, თუ გიყვარდე, თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს, გთხოვ, უარს ნუ მეტყვი. შეხვდი და დაელაპარაკე. ბოლოს და ბოლოს, დედაა შენი, - მუდარა დამიწყო.
არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ბავშვობიდან ჩამაგონებდნენ, ახლოს არ გავკარებოდი "იმ ქალს", არ დავლაპარაკებოდი, ჩემი დანახვის ღირსადაც არ გამეხადა... არადა, ძალიანაც მაინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა, მართლა ისეთი ლამაზი იყო, როგორც ამბობდნენ, თუ არა. ცნობისმოყვარეობა მკლავდა, თუმცა, არ ვიცოდი, რა თემაზე უნდა მესაუბრა მასთან. მით უმეტეს, როცა სასტიკად მქონდა აკრძალული დედასთან შეხვედრა.
მხრები ავიჩეჩე. ვერც "ბიოლოგიას" გავუტეხე ხათრი და ვერც საკუთარ თავს. გახარებული ზიზა მაშინვე გარეთ გავარდა. მე ჩემს მერხს დავუბრუნდი. გული ამოვარდნაზე მქონდა. რაღაც საოცარი გრძნობა დამეუფლა. ოცდასამი წყვილი თვალი მე მომჩერებოდა. დაბნეულმა თეთრი წინსაფრის კიდეების დაჭმუჭვნა დავიწყე.
რამდენიმე წუთში კარი კვლავ გაიღო და ჯერ ზიზა შემოვიდა, მერე "ის" - უცხო ქალი. გაოცება ალბათ სახეზე შემეტყო... ულამაზესი ნუნუკას ნაცვლად ერთი მსუქანი, დაბალი და შავი, უსიამოვნო შესახედაობის ქალი შემრჩა ხელთ.
- რომელია? - ხმა არ გამიგონია, მაგრამ ტუჩების მოძრაობით მივხვდი, რაც თქვა და სათითაოდ ყველას თვალი მოგვავლო.

ტანში გამცრა. ღმერთო ჩემო, დედა საკუთარ შვილს ვერ ცნობს. ამაზე მეტი საცოდაობა იქნება?
- აგერ, აგერ, ქალბატონო ნუნუ. გრძელნაწნავიანი, თეთრი წინსაფრით, - "ფიზიკამ" ჩემკენ მოახედა.
ვიგრძენი, თუ არ დავჯდებოდი, იქვე ჩავიკეცებოდი. ჩემდა უნებურად სკამის საზურგეს მივეყრდენი და გოროზი მზერა ვესროლე ჩემთვის სრულიად უცნობ დედას.
იგი თვალცრემლიანი ჩემკენ გამოეშურა, ხელები მომხვია და გულზე მიმიხუტა. კაბინეტში სხვა მასწავლებლებიც რიგ-რიგობით შემოლაგდნენ. ელენემ მოსწავლეები დაითხოვა. დავრჩი მასწავლებლებისა და უცხო ქალის გარემოცვაში. ყველა ტიროდა. არ ვტიროდი მხოლოდ მე. ან რატომ უნდა მეტირა! არ მიყვარდა, არ ვიცნობდი და არც მომეწონა. საოცრად განვიხიბლე. მე ხომ ზიზასნაირ ლამაზ დედაზე ვოცნებობდი. ასეთ შემთხვევაში კიდევ შეიძლებოდა რაღაც-რაღაცების პატიება. როგორ გამიცრუვდა იმედი!
- როგორა ხარ, შვილო? - აცრემლებულმა მკითხა, ოდნავ უკან გადაიწია და შემომხედა, - რამხელა გაზრდილხარ, ქუჩაში რომ შემხვედროდი, ვერ გიცნობდი.
გავბრაზდი. ორი წლის ასაკიდან არ ვუნახივარ, რა "ცნობაზეა" საუბარი! არ რცხვენია მაინც?
- მემდური, დედა? მოგიკვდეს ჩემი თავი, - გული აუჩუყდა ვითომ. მე ასე მომეჩვენა, ყოველ შემთხვევაში.
"დედა" ისე უცხოდ მომხვდა ყურში, უნებურად უკან დავიხიე. დღემდე არავის მოუმართავს ჩემთვის ამ სიტყვით...

ხმას არ ვიღებდი. თავდახრილი იატაკს დავჩერებოდი მხოლოდ.
- მარტო ჩემი ბრალი არ არის ეგ ყველაფერი, შვილო, მამაშენსაც ბევრი ცოდვა მიუძღვის ჩემ წინაშე, - მთლად მოისაწყლა თავი, - ახლაც, რომ იცოდეს, შენს სანახავად მოვედი, კინწისკვრით გამაგდებდა აქედან.
ახლა კი ვიკადრე შეხედვა.
- შენ ჩემს სანახავად არ მოსულხარ, - დავაბრიალე თვალები.
- რას ამბობ, დედიკო, აბა ამხელა გზა რისთვის გამოვიარე? - სიმწრით გაიცინა და მასწავლებლებს გახედა, - გესმით, რას მეუბნება...
- ვიცი, რისთვისაც მოხვედი... - არ დავინდე და მტრულად შეათვალიერე.
- მინდოდა მენახე, როგორი ხარ, რანაირად ცხოვრობ, როგორ სწვლობ, რამე ხომ არ გჭირდ...
- მე არაფერი მაკლია, ყველაფერი მაქვს, - არ ვაცალე სიტყვის დამთავრება.
- აბა, დედა დამიძახე და ისე მითხარი ეგ სიტყვები, - გაღიმება სცადა.
- არა.
- რატომ?
- არ დაგიმსახურებია და იმიტომ.
- ესე იგი, სხვა დროს არ მოვიდე? არ გნახო? - მხრებში ჩამავლო ხელი და ქვემოდან ამომხედა.
- არა, მე შენ არ მჭირდები, - ცივად ვთქვი.
- ნატა, შვილო, მე დედა ვარ შენი, - სასოწარკვეთილი ხმით დაიჩურჩულა.
- მე დედა არა მყავს. ბებიამ გამზარდა... და მამიდამ, - დავაყოლე და ხელი გავაშვებინე.
სავყედურით სავსე თვალები ნელ-ნელა ცრემლით გაევსო და ძლივს გასაგონი ხმით წარმოთქვა.
- კარგი, რახან არ გინდა, რა გაეწყობა, - გატრიალდა და კარისკენ გაემართა მხრებჩამოყრილი, - ბოდიში, შეგაწუხეთ ყველანი, - მიუბრუნდა მასწავლებლებს და გავიდა.

ვიგრძენი, როგორ მომეშვა გულზე. თითქოს რაღაცისგან დავიცალე. რომ ჩავუფიქრდი, მივხვდი, რა იყო ეს "რაღაც". შიში იმისა, დედაჩემი ნახვისთანავე არ შემყვარებოდა და გამზრდელ ბებიაზე წინ არ დამეყენებინა. რაც თავი მახსოვს, ბებიაჩემს მხოლოდ ეგ აზრი აშინებდა. ამიტომ მიკრძალავდა დედასთან შეხვედრას. "ვინ იცის, იქნებ მოვიდეს დრო და მისი ფეხის ნაბანი წყალი არჩიო ჩემს თავს", - დანანებით მეტყოდა ხოლმე.
შიში გაქრა. დავრწმუნდი, რომ მისი შეყვარება არ მემუქრებოდა. საბოლოოდ ვკარი ხელი... და სრულიად დამსახურებულადაც. დავუშვათ, მამაჩემს ვერ შეეგუა. მე როგორ შემელია? დედამ შვილი უნდა მიატოვოს? კარგი, ამაზეც დავხუჭე თვალი, დავუშვათ. ერთხელ მაინც არ უნდა მოსულიყო სანახავად? რა გულმა მოუთმინა? დღეიდან ალბათ, არასდროს მოუბრუნდება გული ჩემსკენ. ყველაზე საოცარი ის არის, რომ სრულებით არ ვნანობ ამას - რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ეს დაწერილი კანონია, ხალხური კანონი.

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე

განაგრძე კითხვა

სვეტა კავარცხელია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
25.09.2015
სად არის შემდეგი თავები?
ნანა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
შენთან არასერიოზული დამოკიდებულება რომ მდომებოდა, ჩვენი ურთიერთობა აქამდე უკვე შეწყდებოდა. შენ უნდა მიმხვდარიყავი ამას! ცუდი სვლა გამოგივიდა, რითაც ასეთი სერიოზული თამაში გააფუჭე.

მე ვინღა შემარიგებს გეგასთან? ამის შემდეგ გაუჩნდება კი სურვილი, დამირეკოს და, მით უმეტეს, შემხვდეს? გამორიცხულია. ეს რა ვქენი! რა სისულელე ჩავიდინე! რატომ, რატომ, რატომ? რა მრჯიდა, ვინ მაძალებდა! მისკენ სავალი ყველა გზა საკუთარი ხელით მოვსპე. ახია ჩემზე!

საუბარი. მოდი, ასე გავაკეთოთ. მე დავუკავშირდები გეგას და მე, შენ და ის შევხვდეთ ერთმანეთს და გავარკვიოთ, რა ხდება, კარგი?

- მგონი, შენი სენი გადმომედო, - უხერხულად გაიღიმა და თვალი ამარიდა.
- რომელი სენი? - ვერ მივუხვდი.
მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა.
- ვერ ვხვდები...
- შეყვარებული ვარ, მგონი, - ჩურჩულით მითხრა.


გაბრუებულმა ყურმილი ფრთხილად დავკიდე.
ჩემი გაცისკროვნებული თვალები სილვა ბებიას არ გამოჰპარვია. კრიტიკულად ამხედ-დამხედა


ცოტა თუ არ შევუძახე ჩემს თავს, უსიამოვნება არ ამცდება, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ვისაც მოვწონვარ, ყველას ვეპრანჭები. არადა, შეიძლება ასეც იყოს

ასე დიდხანს ვერ გავძლებ. ბიძოსთვის შეიძლება ადვილია, მაგრამ არა ჩემთვის. მივხვდი, ბიძინას დაკარგვა არ მინდოდა, მაგრამ... არც გეგასი. ის კი ჯიუტად დუმდა...

- ნატა, შენ ვინმე უცხო ბიჭი ხომ არ გირეკავს?
ელდა მეცა. საიდან უნდა სცოდნოდა? თუმცა, რატომ ვუმალავ?

საღამოს ჯერ ბიძინამ დამირეკა, მერე - გეგამ. რვა მარტი ორივემ მომილოცა. ბიძინასთან დიდხანს არ მილაპარაკია. როგორც ჩანს, დედამისი შინ იყო და დრო როცა იხელთა, მაშინღა მოახერხა დარეკვა.

მოვტრიალდი. ახლოს მივედი. დავაკვირდი. გაოცებული დავრჩი. ერთი, ყველაზე დიდი ზომის მიხაკის სათითაოდ ყველა ფურცელს გამოყვანილი ასოებით ეწერა: "გეგასაგან".

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.