ქაღალდის რელიკვია (V ნაწილი)
font-large font-small
ქაღალდის რელიკვია (V ნაწილი)
- ნატა, შენ ვინმე უცხო ბიჭი ხომ არ გირეკავს?
ელდა მეცა. საიდან უნდა სცოდნოდა? თუმცა, რატომ ვუმალავ?



31 მარტი

დედაჩემის ნახვით გამოწვეული ეიფორია ჯერ კიდევ არ გამსვლია. ბებიასთვის არაფერი მითქვამს, გული ეტკინება-მეთქი, ლიზა მამიდას კი თავიდან ბოლომდე მოვუყევი ყველაფერი. ისე მშვიდად მომისმინა, გამიკვირდა. არადა, მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ვანო პაპა იყო მოსული, დედაჩემის მამა ჩემს სანახავად. მეზობლის პირით შემოუთვალა ჩემებს, ბავშვი მანახონო. ლიზა კიბეზე შემომდგარი მთელი ხმით გაჰკიოდა, თვალით არ დამენახოს, ამ ქუჩაზეც კი არ გაბედოს გავლაო... ახლა კი წყნარად ზის და თითქოს არაფერი მომხდარა. ბოლომდე რომ მომისმინა, გამიღიმა და თბილად მითხრა.
- ვიცი, ნატალია, ვიცი. მზიამ მაშინვე დამირეკა სამსახურში და მიამბო. დაივიწყე, არ ღირს გახსენება, - ხელზე ხელი დამკრა და თავის ოთახში შევიდა.
საღამოს გულიკო მეწვია, ჩემი მეგობარი, უახლოესი დაქალი. ჩემს პირდაპირ ცხოვრობს. ისიც ჩემსავით დედისერთაა, თითქმის ტოლები ვართ. ჩვენ შორის სამი თვეა განსხვავება. ოღონდ ის მესამე საშუალოში სწავლობს, დედამისის სამსახურთან ახლოსაა ეს სკოლა და იმიტომ. დილით ერთად მიდიან და საღამოს ორივენი ერთად მოდიან.
მე და გულიკო ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ. ბიძინას ამბავი იცის, თანაც მოსწონს ჩემი არჩევანი. აი, გეგაზე კი ჯერ არაფერი მითქვამს. ან კი რა უნდა ვთქვა. არც არაფერია სათქმელი.
ერთმანეთის მოკითხვა რომ დავამთავრეთ, მერე მკითხა:
- ნატა, შენ ვინმე უცხო ბიჭი ხომ არ გირეკავს?
ელდა მეცა. საიდან უნდა სცოდნოდა? თუმცა, რატომ ვუმალავ?
- კი, მირეკავს. რა იყო? - სული შემიგუბდა.
- გეგა ხომ არა?
ჩემი დამემართა. არა, ნაღდად რაღაცაშია საქმე.
- ვინ გითხრა? - მომკლა ცნობისმოყვარეობამ.
- ორი დღის წინ ტელეფონში ვიღაცებს ჩავერთე საუბარში. მე მგონი, ნანა იყო, ბიძინას კლასელი და ვიღაც ბიჭი...
- მერე?
- როგორც ვუკვირდები, შენზე იყო საუბარი. იმიტომ, რომ ჯერ ბიძინა ახსენეს, მერე დედამისი...
- გულიკო, მე რა შუაში ვარ, კი მაგრამ? - გავიოცე.
- ბიძინას საქმეზე რას შვრებიო, ეს გოგო ეკითხებოდა. უკვე დავიწყეო. კარგი ტიპი ჩანს, თანდათან უფრო მომწონსო, ბიჭმა უპასუხა. შენი ჭირიმე, როგორმე შეაყვარე თავი და მე ვიცი შენი პატივისცემაო. გული გამიწყალა დედამისმა, ოღონდ დააშორე ერთმანეთსო. შენი იმედი მაქვს, ჩემო გეგა, თუ მიშველი, მხოლოდ შენ მიშველიო, ეუბნებოდა.

გავფითრდი. კედელს მივეყრდენი სასომიხდილი. გულიკომ გააგრძელა:
- კი მაგრამ, მიყენებო? - ამან ჰკითხა. მერე რა მოხდა, თუ საჭირო გახდება, შენც გამომიყენეო, ნანამ უპასუხა. გაიგე?
გავიგე, როგორ არ გავიგე... ჩემთვის ყველაფერი ნათელია... ახლა უკვე ვიცი, როგორც მოვიქცე. ეს ნანა ვინ ყოფილა. ნამდვილი გველაძუა! ძალიან დავიბოღმე. რა გავაკეთო? ბევრი ვიფიქრე და ბოლოს ორივეზე რევანშის აღება გადავწყვიტე. ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს!

1 აპრილი
შურისძიება ჭკუაში დამიჯდა. ახლა იმაზე უნდა მეფიქრა, როგორ მომეხერხებინა ეგ საქმე, რა გზით. რა სატყურა უნდა წამომეგო ანკესზე, რომ ნანა "დახარბებულიყო". ბევრი ვიმტვრიე თავი. ბოლოს, როგორც იქნა, მოვიფიქრე. არის! ხაფანგი დაგებულია...
სკოლაში მივედი თუ არა, მაშინვე ბიძინას დავუწყე ძებნა. ანატომიის კაბინეტის წინ დავიჭირე. თვალით ვანიშნე, მჭირდები-მეთქი. განვმარტოვდით.
- ბიძინა, რაღაც უნდა ვიღონოთ. მეტი აღარ შემიძლია. შემჭამეს მასწავლებლებმა, - დავიწყე ჩივილი.
- რა გაგიხურეს საქმე, რა ჯანდაბა უნდათ. აღარ უნდა დაგვაყენონ? - სიბრაზისაგან სახე წამოუჭარხლდა.
- მოვიფიქროთ რამე. შიშით შენს გვერდით ვერ ჩამივლია.
- რა მოვიფიქროთ, მითხარი.
- ისე მოვიქცეთ, თითქოს დავშორდით ერთმანეთს, - წამოვაყენე წინადადება.
- მერე შენ გგონია, დაიჯერებენ?
- მომისმინე! სკოლის დამთავრებამდე ცოტაღა დარჩა. როგორმე მოვითმენთ ამ ორ თვესაც. მერე ვერავინ ვერაფერს დაგვიშლის. ახლა ერთი იდეა მაქვს. იმისათვის, რომ ჩვენი დაშორება დაიჯერონ, რაღაც სცენარების გათამაშება მოგვიწევს.

- რა სცენარების? - პირდაღებული მიყურებდა.
- რა და... ვითომ სხვა შეგიყვარდა. ამას ადვილად დაიჯერებენ.
- მე-ე? - ცერა თითის ზურგი მკერდზე მიიბჯინა.
- შენ, შენ. აბა, მე ხომ არ მოვაჩვენებ სხვაზე შეყვარებულად თავს. მეტიც არ უნდათ, მერე უნდა ნახო ჩემი გაკილვა. შენ კი ბიჭი ხარ. თუ გაიგებენ, სხვა უყვარსო, პირიქით, გაუხარდებათ და ბოლოს და ბოლოს, შეგვეშვებიან.
- ჰო, მაგრამ... ვის მოვაჩვენო თავი შეყვარებულად? ვის ვუთხრა, ვითომ შენ მიყვარხარ და მოდი, ისე მოიქეცი, ყველანი დავაჯეროთ-თქო? ტეხავს, - შორს დაიჭირა ბიძინამ.
- შენ ვერ გამიგე. სულაც არ არის აუცილებელი, ეგ ამბავი ვინმემ იცოდეს. ჩვენს გარდა არავინ უნდა გაიგოს. გესმის? აი, მე ვეტყვი ნანას, ვითომ შენ ის გიყვარს და არა მე. აქედან კი აგორდება მთელი ტალღა, - შევამზადე ნიადაგი.
- ნანა რა შუაშია? - მთლად დაიბნა.
- ნანა საუკეთესო კანდიდატურაა. მერე, როცა სიმართლეს ეტყვი, ადვილად გაგიგებს და ნაწყენი არ დაგრჩება. შენი დაქალი არაა? ეგონოს, რომ ვითომ შეგიყვარდა.
- აუ, არა, რა?!
- დამიჯერე, ბიძინა. სხვა გამოსავალი არ არის. მართლა ხომ არ უნდა დავკარგოთ ერთმანეთი? მე ამდენი ნერვიულობა არ შემიძლია. გამოცდები ჩასაბარებელი მაქვს. რომელზე ვიფიქრო - საგამოცდო ბილეთებზე, თუ მასწავლებლების "სასიყვარულო" შენიშვნებზე?
ბიძინას პასუხი არ გაუცია. კარგა ხანს ჩაფიქრებული იდგა. მერე თავი ასწია და მითხრა.
- კარგი, ეგრე იყოს. რაც იქნება, იქნება.

ანკესი ჩავაგდე. ესეც ასე! ხომ კარგად მომაფიქრდა. დღის განმავლობაში მოვაგვარე ყველაფერი. ლალის ვუთხარი, ვიჩხუბეთ და ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა-მეთქი, მერე თამილას "მივახარე", მერე ნინოს, ბაჩანას და... ჭორი დაირხა. მესამე გაკვეთილზე უკვე მთელმა სკოლამ - მასწავლებელ-მოსწავლიანად იცოდა, რომ ჩვენი სიყვარული "ხუხულასავით დაინგრა". მიზეზი? მეკითხებოდნენ კლასელები. მგონი, სხვა მოსწონს, მაგრამ ვინ, ჯერ არ ვიცი. ამას მალე გავარკვევ! იყო ჩემი პასუხი. რა კარგად გამომივიდა! მშვენივრად ვითამაშე მიტოვებული შეყვარებულის როლი. აფსუს, რა მსახიობი ვცდები! ჩემი "დრამწრის" ყოფილ მასწავლებელს რომ ენახა ეს სცენები, გენიოსად მაღიარებდა. თავად მოვიხიბლე საკუთარი "მონაცემებით".
დიდ შესვენებაზე ნანა შემოვარდა კლასში. ასეც ვიცოდი! აჰა, ქალბატონო! გაგიხარდა, არა? ზედმეტი "ჩალიჩები" აღარ დაგჭირდება, ხომ? გეგეების და ვიღაცების გამოყენება არ იქნება საჭირო. ჰმ, ვნახოთ, ვნახოთ...

- ნატა, რა ხდება? - სულს ძლივს ითქვამდა.
- არაფერი, რა უნდა ხდებოდეს, - ვითომ ვერ მივუხვდი.
- აბა, რომ მითხრეს?
- რა გითხრეს?
- ბიძინასთან იჩხუბაო?
- ჰო-ო-ო! ეგ მართალი უთქვამთ.
- რატომ?
- იყო მიზეზი.
- მაინც? თქვენ მასე მილიონჯერ გიჩხუბიათ, მაგრამ შერიგებულხართ.
- ახლა აღარ შევრიგდებით, - ოფიციალურად ვთქვი.
- რა დააშავა ამისთანა?
- შენ რა, არ იცი, რა დააშავა? - ისე შევუტიე, ფერი დაკარგა.
- ა-რა, მე საიდან უნდა ვიცოდე.
- გუშინ დამირეკა და გამომიცხადა, მგონი სხვა მიყვარს და ბოდიშს გიხდიო.
- კაი, ნუ გაახურე! - აშკარად არ დაიჯერა.
- ზუსტად ასე მითხრა, მაგრამ არ გამიმხილა, ვინ არის ის "ბედნიერი".
- ჩვენი სკოლელიაო?
- არც ეგ თქვა, თუმცა, ძალიან კარგადაც ვიცი, ვინც მოსწონს, - დემონსტრაციულად წარმოვთქვი.
- ვინ? - ნანას ერთი სული ჰქონდა, გაეგო, ვის დავასახელებდი. ალბათ, პირველს სურდა, ბიძინას დედისთვის სარძლოს ახალი კანდიდატურის გამოჩენის შესახებ ეცნობებინა.
- არ ვიტყვი, სანამ არ დავრწმუნდები.
- მე მითხარი. ხომ იცი, არავის ვეტყვი.
- ჰო მაგრამ, მერე ტყუილი რომ გამოდგეს? - ვითომ თავი შევიკავე.
- მიდი, მიდი, მაინც თქვი. ჩემგან ხომ იცი, არსად გავა, - შემაგულიანა.
- გეწყინება, - განვაგრძე ყოყმანი.
- მეწყინება? - რატომ მეწყინება? მითხარი, თუ ქალი ხარ, ნუ დამტანჯე.
- შენ, ჩემო კარგო, შენ! - თავის კანტურით გავუმხილე.
უცებ ხველა აუტყდა. ალბათ, ნერწყვი თუ გადასცდა მოულოდნელობისაგან.
- საიდან მოიტანე ეგ სისულელე! - თვალები გაუფართოვდა.
- გეთანხმები, რომ სისულელეა, მაგრამ მართალი სისულელეა, - განვაგრძე თავის კანტური, - კარგა ხანია, ვატყობდი, მაგრამ მაინც არ მჯეროდა. უბრალოდ, ვერც ვიფიქრებდი ეგეთ რამეს. დღეს კი თავად დამიდასტურა.

- კი მაგრამ, რა იცი, რომ ჩემზე თქვა? აკი, ვერ ვათქმევინეო?
- ხომ გითხარი, ეჭვად მქონდა-მეთქი. შენ რა, ვერ ამჩნევდი?
- არა, რას ამბობ. ბიძო ძმასავით მიყვარს, - "ბრალდება" თავიდან აირიდა ნანამ.
- ალბათ, არ დაკვირვებიხარ. ან კი საიდან მოგივიდოდა თავში აზრად ამგვარი რამ. აი, დღეიდან დაუკვირდი და შენ თვითონაც შეამჩნევ.
- რაღაც ძაან მეეჭვება, - ყოყმანით შენიშნა ნანამ და შეფიქრიანებული გატრიალდა. მივხვდი, ანკესზე მაინც წამოეგო. იმტვრიოს ახლა თავი!
შინ გვიან მოვედი. ცეკვის რეპეტიცია მქონდა. რესპუბლიკური ოლიმპიადისთვის ვემზადებით. ლელა მასწავლებელმა მე და ფრიდონს სიქა გაგვაძრო. ერთი ოცჯერ მაინც გაგვამეორებინა მეორე და მესამე ტაქტი. მთელი დღე დოლის გუგუნი ჩამესმოდა ყურში და ლელას ღუღუნა ხმით ნათქვამი: "ერთი, ორი, სამი - შვიდი, რვა"... სკოლიდან მისავათებული დავბრუნდი. სადილობის თავიც არ მქონდა. ის იყო, ტანთ გამოვიცვალე, რომ ტელეფონმა დარეკა. მაშინვე ყურმილს ვეცი. არ შევმცდარვარ, გეგა იყო.
- როგორა ხარ, ტუხა? - ჩემი ხმა უკვე "დაზეპირებული" აქვს.
- გადასარევად, მაგრამ ეგ "ტუხა" რას ნიშნავს? - ეპითეტის "არსს ვერ ჩავწვდი".
- ტუხა შავგვრემანს ნიშნავს, - სიცილი გაისმა ყურმილში.
- რაღაც ვერ გავიგე...
- შავგვრემანი, ანუ შავტუხა, - განმარტა გეგამ.
- შენ გინდა თქვა, რომ მე შავტუხა ვარ? - ცხვირი ავიბზუე.
- რა, არა ხარ? - კითხვა შემომიბრუნა.
შავგვრემანს კიდევ არა უშავდა, მაგრამ ეგ "შავტუხა" ძალიან არ მომეწონა და ამ ორი სიტყვის განმასხვავებელ თვისებებზე დავიწყე საუბარი.
- შავტუხას შავთმიან, შავთვალება და მუქთვალებიან ადამიანზე იტყვიან, - გაბუტული ვყვებოდი, - მე კი მწვანე თვალები მაქვს. ასე რომ...
- შენ ძალიან ლამაზი თვალები გაქვს და ერთი სული მაქვს, როდის ჩაგხედავ მაგ თვალებში, - შემაწყვეტინა გეგამ.

ცხელმა ტალღამ დამიარა მთელ სხეულში. სულ გადამავიწყდა, დარეკვისთანავე რომ უნდა მეჩხუბა მასთან და ყოველგვარი კონტაქტი გამეწყვიტა. თითქოს დავმუნჯდი. ჩემს ჯინაზე არც ის იღებდა ხმას.
- თუ გეწყინა, არასდროს მოგმართავ მასე. ნუ იქნები "ტუხა", სხვა სახელს შეგარქმევ. თუმცა, ჩემთვის მაინც "ტუხა" დარჩები, - მაინც არ დათმო ბოლომდე.
- დღეიდან ჩემთან აღარ დარეკავ, გეგა, - უცებ გამახსენდა წინასწარ შედგენილი დიალოგის პირველი წინადადება.
- რატომ? - ხმა ისე შეეცვალა, მივხვდი, ძალიან გაუკვირდა.
- იმიტომ, რომ არ მსიამოვნებს შენთან საუბარი.
- ეგ რას ნიშნავს... დღეს პირველი აპრილია?
ახლაღა გამახსენდა, პირველი აპრილი რომ იყო. ეგ არც მიფიქრია. ოჰო! კოზირად გამომადგება ნანასთან მიმართებაში. როცა გაიგებს, რომ მოვატყუე, თავს ვიმართლებ - 1 აპრილი იყო და ვიხუმრე-მეთქი. თუმცა... არა, ეგ "საბუთი" ალბათ, არ გამოდგება...
- აპრილი არაფერ შუაშია და არც პირველი.
- აბა? ასე უცებ რა მოხდა? სულ რამდენიმე დღეში?
- ეგ იმან გითხრას, ვის შეკვეთასაც ასრულებ, - ვერ მოვითმინე და პირდაპირ ვუთხარი.
- რა შეკვეთას? ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა. ცოტა გასაგებად შეგიძლია? - ახლა სულ სხვანაირი გაუხდა ხმა.
- ვინც ჩემი გაცნობა და გართობა დაგავალა, იმას ჰკითხე-მეთქი, მგონი, გასაგებად გითხარი, - ტონი ავიმაღლე, თან გულმა გამალებით დამიწყო ცემა.
- ჩემთვის არავის არაფერი დაუვალებია. შენ რაღაც გეშლება, ტუხა, - მაინც ასე მომმართა, - არა ვარ ის კაცი, რომლის გამოყენებაც ადვილად შეიძლება.
- მაშინ რატომ რეკავ ჩემთან, სრულიად უცხოსთან?
- მომწონხარ და იმიტომ. ძალიან მომწონხარ. შეიძლება მეტიც...
- ეგ რას ნიშნავს... დღეს პირველი აპრილია? - გავიმეორე მისივე სიტყვები.
- შენ მართალი ხარ, დღეს პირველი აპრილია, - თქვა უცებ და გამითიშა... წყვეტილი "ტუ-ტუ" კარგა ხანს ისმოდა ყურმილში...

2 აპრილი
როცა ხასიათი მიფუჭდება, პირველი ბებიაჩემი მატყობს ხოლმე. დაკვირვებით გამაყოლ-გამომაყოლებს თვალს, თქმით კი არაფერს მეტყვის. დღეს კვირა იყო და მთელი დღე შინ მომიწია ყოფნამ. გეგასთან საუბრის მერე დანა პირს არ მიხსნიდა. როგორ დამიკიდა ყურმილი! როგორ მეწყინა! ნუთუ აღარ დარეკავს? იქნებ მე შევეხმიანო? ვკითხავ, რა ვთქვი ამისთანა, რა ეწყინა. ტყუილი ხომ არ მომიგონია? იქნებ უარყოს კიდეც, რომ ნანას დავალებით არ რეკავს? ხომ შეიძლება მართლა არ რეკავდეს... მაგრამ გულიკომ რომ მითხრა? გულო ხომ არ მომატყუებდა! მით უმეტეს, არც იცოდა, მე თუ ვინმესთან ტელეფონით ვურთიერთობდი. იქნებ, რომ არ დაბნეულიყო, ან რომ არ ჩაჭრილიყო ჩემთან საუბარში, საუკეთესო გამოსავლად ეგ მიიჩნია? არ არის გამორიცხული. ეგ ვერსია ყველაზე ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან... რა ფარისეველი ყოფილა! როგორი ხერხები გამოიყენა ჩემს დასაახლოებლად. მეც დავიჯერე რომ ვიღაცის თვალში შეიძლება ჯინა ლოლობრიჯიდა ვყოფილიყავი. რა იდიოტი ვარ!

სილვა ბებიამ ხან აქედან მომიარა, ხან იქიდან, მაკვირდებოდა. არ შევიმჩიე. ბოლოს ვეღარ მოითმინა, ჩემს წინ სკამზე ჩამოჯდა და უსიტყვოდ მომაჩერდა. კარგა ხანს თვალებით ვზომავდით ერთმანეთს.
- რა იყო, ბებო? - დავარღვიე დუმილი.
- ეგ მე უნდა მეკითხა, შვილო - მოხდა რამე?
- არაფერი, რა უნდა მომხდარიყო.
- ვინმემ ხომ არ გაწყენინა? - დაიწყო გამოკითხვა.
- არა, ბებო, არა. არც არავინ მაწყენინა.
- ცუდად ხომ არ მოგექცა ვინმე, არ დამიმალო, - მაინც არ იშლიდა ბებია თავისას.
- ო-ოჰ! ნუ გამიწყალებ ახლა გულს შენი შეკითხვებით. პარატა გოგო კი არა ვარ, რა მოგივიდა! ნუ იცი ხოლმე ასე ჩაკირკიტება.
- იჩხუბეთ? - გამომცდელად შემომხედა.
- ა-რ-ა! - ჯიუტად გავაქნიე თავი.
- ხომ იცი, ვერ გამომაპარებ. მე შენ ასეთი დიდი ხანია, არ მინახიხარ. მითხარი, რა გაწუხებს. ვინმემ თუ რამე გაკადრა, დროზე უნდა თქვა, ქვეყნის სალაპარაკოდ არ გაიხადო თავი, - თითი დააკაკუნა მაგიდაზე.
- მოლანდებები გაქვს, ბებიაჩემო, რა! საკმარისია, ცუდ ხასიათზე დავდგე, მაშინვე კრუხივით მომაფრინდები - ასე ხომ არ იყო, ისე ხომ არ იყო. აუცილებელია, მაინცდამაინც რამე მომხდარიყო?
- აბა რა გემართება?

- ბებო, ჩემთვის ჯერ ბიჭს არ უკოცნია. სხვა რამეებზე საუბარიც ზედმეტია. არ გჯერა ჩემი?
- მე შენი ყოველთვის მჯეროდა, შვილო, მაგრამ... რა ვიცი, დროება ისე შეიცვალა... ახლა ყველაფერი სხვანაირად ხდება. ჩემ დროს ასე არ იყო.
- შენ დენიკინის დროს ცხოვრობდი, ბებიკო. ახლა ბრეჟნევის დროა.
- დენიკინსაც მოუკვდა პატრონი და ბრეჟნევსაც. მე არ მინდა სიბერეში გავმწარდე. ისე ნუ მომკლავს ღმერთი, ლიზას გათხოვებას და შენს ჩარიცხვას ვერ მოვესწრო. მერე კი ჯანდაბამდის გზა მქონია. ჩემი კოსტას სიკვდილის მერე როგორ უნდა დავდიოდე ცოცხალი, - ცრემლი მოერია ქმრის ხსენებაზე.
ბაბუა ოთხი წლის წინ ინფარქტით გარდაიცვალა. ეს ოჯახისთვის დიდი ტრაგედია იყო. მეგონა, ბებიაჩემი თავს მოიკლავდა, ისე უყვარდათ ერთმანეთი. ამ ხნის ქალი ყოველ საღამოს, ძილის წინ, ფეხებს ჰბანდა ქმარს. მერე, ლოგინში ჩაწოლილს, მხარზე აკოცებდა, საბანს შეუკეცავდა, შუქს ჩაუქრობდა და ბრას აუნთებდა. ბაბუას ძილის წინ აუცილებლად უნდა წაეკითხა რამე. მის სკამზე მუდამ სათვალე, წიგნი და გაზეთი ეწყო.

სილვა ბებია ვერაფრით მიეჩვია უქმროდ ცხოვრებას. პირველ ხანებში მისთვის ყველა დილა ხმამაღალი მოთქმით იწყებოდა და ყველა საღამო სასაფლაოზე გასვლით მთავრდებოდა. მერე თანდათან შეეგუა დაქვრივებას. ასეა, ყველაფერს ეჩვევა ადამიანი... ახლა ყოველთვე ქმრის პენსიის მოსვლას გულისფანცქალით ელის. ბაბუას, როგორც ომგამოვლილს და როგორც თანამდებობის პირს, მაღალი პენსია ჰქონდა დანიშნული. ბებია გამოართმევს ხოლმე ჩვენს ცალთვალა არკადი ფოსტალიონს ამ ფულს, გულზე მიიხუტებს და თვალცრემლიანი მოთქმას დაიწყებს - ჩემი კონსტანტინე, იქიდანაც კი არ მივიწყებს, იქიდანაც კი მეხმარება შვილების გაზრდაშიო. პატარა ბავშვივითაა. ღმერთის სჯერა. სულ მარხულობს. აღდგომა დღეს ქუთაისში მიდის ხოლმე ეკლესიაში, რომ ილოცოს და ზიარება მიიღოს მღვდლისაგან. მე კი შეღებილი კვერცხი ვერ დამიჭერია ხელში. ორშაბათს, სკოლაში მისულ მოსწავლეებს, დირექტორი სათითაოდ თითებს გვიმოწმებს, საღებავისაგან გაწითლებული ხომ არა გაქვთო. არადა, როგორ მიყვარს ეს დღე. "ალილოზე" რომ დადიან ღამით. კიდევ ჭიაკოკონობა მიყვარს. მთელი ქუჩა ჩვენს ჭიშკართან რომ შევიკრიბებით. რაც კი უბანში საბურავებია, ყველას აქ უყრიან მეზობლის ბიჭები თავს. რევაზი მთელი წელი აგროვებს ხოლმე ძველ, უვარგის საბურავებს. მერე ვანთებთ დიდ ცეცხლს, ვახტებით ზემოდან და რა ვიცი - მიდის ერთი რია-რია, შეჯიბრი, სიმღერა და ქეიფი. ბებიაჩემი კი დაყვება უბნის გოგო-ბიჭებს და ცვილისგან თავისი ხელით გამოქნილ ჯვრებს ზედ კისერთან, თმის ძირებში მიაწებებს ხოლმე, კუდიანებმა არ გაგთვალონო. ამისთანების გამო სულ კინკლაობა მოსდიოდა ბაბუასთან, რომელსაც ცოლის ასეთი "მორწმუნეობა" სულაც არ ეპიტნავებოდა.

ჩემს ნათლობასაც წინ აღუდგა. მაგის გულისთვის შეიძლება სამსახურიდან დამითხოვონო. აბა რა ექნა! კაცი ქალაქკომის მდივნის მოადგილე იყო. ამის გამო გივის ბაბუაჩემი არ უყვარდა. "ურწმუნო თომას" ეძახდა. კაცს რომ ღმერთი არა სწამს, იმას არაფერი არა სწამსო, შთამაგონებდა. თუკი სულხან-საბას სწამდა უფალი, ილიას, ვაჟას და ჯავახიშვილს, კოსტაია ვიღაა, არ იწამოსო, ბაბუაზე იტყოდა. მაგრამ ერთხელაც შეეცვალა მასზე წარმოდგენა. ბაბუა ავარიაში მოყვა თავისი "ვილისით". გვერდით მამაჩემი ეჯდა. შინ მომავალს მოსახვევში, ჩვენსავე ქუჩაზე უცებ მუხრუჭმა უმტყუნა და მანქანა ღრმა თხრილში გადავარდა. თვითონ კი გადარჩა, მაგრამ მამაჩემი ძლიერ დაშავდა. მთელი ქუჩა შეიყარა. ღამის ორი საათი ყოფილა თურმე. მე ტკბილად მძინებია იმ დროს. სწორედ მაშინ შესწრებია გივი მასწავლებელი ზურგშექცევით მდგომ ბაბუაჩემს, პირჯვარს რომ იწერდა თურმე და იურას გადარჩენას შესთხოვდა ღმერთს. "ეს სხვის დასანახად ყოფილა თურმე ურწმუნოო", - განმიმარტა მეორე დღეს. ის იყო და ის. მას შემდეგ გივისთვის ბაბუაჩემი სამაგალითო ადამიანი გახდა, როგორც ყველასთვის ყოველთვის...

მგონი, ძალიან გადავუხვიე. ჰოდა, იმას ვყვებოდი, ძლივს დავარწმუნე სილვა ბებია ჩემს "უმწიკვლობაში". რას გადამეკიდა! სულ ჰგონია, რომ რაღაცას ვუმალავ, რომ სათქმელს ბოლომდე არ ვეუბნები. ისე, სადღაც მართალია. მართლა არ ვეუბნები. ბიძინას ამბავიც მზიასგან იცის მხოლოდ. გეგაზე ხომ... რა სისულელეა! მაგას რა მათქმევინებს. კივილს დაიწყებს - იმხელა კაცს სხვა რა უნდა უნდოდეს შენგან, თუ არა პატარა გოგოს შეცდენაო. მეცინება. ყოველთვის ასე ფიქრობს და ამ აზრს ვერასდროს ვერავინ შეაცვლევინებს. საერთოდ, ძალიან ეჭვიანი ქალია. ქმარზეც ეჭვიანობდა თურმე ახალგაზრდობაში. ისე, ბაბუაჩემს ქალები ძალიან ჰყვარებია. საყვარელს საყვარელზე იცვლიდა თურმე. განსაკუთრებით ერთი ძალიან ლამაზი "სვეტსკი" საყვარელი ჰყოლია - ქალბატონი თამარი, მსახიობი. ეს დიდი ხნის წინ მოხდა. მაგ ქალის გამო კინაღამ პარტიიდან გაურიცხავთ. ისევ ბებიამ უშველა თურმე - რა საყვარელი, რის საყვარელი, თამარი ჩემი დაქალიაო, შესულა მდივანთან და საყვედურებით აუვსია, კონსტანტინეზე, სულით "სპეტაკ კომუნისტზე" ეგეთი რამ როგორ დაიჯერეთო, საჯაროდ შეურცხვენია.

შინ დაბრუნებულს კი შავი დღე დუაყრია ქმრისთვის - თუ არ გამოსწორდები, აწი ჩემი იმედი ნუღარ გექნებაო. ბაბუაც "გამოსწორებულა". მას შემდეგ თბილისს აქეთ ქალისთვის არ შეუხედავს. იქ კი ვინ დაუწყებდა თვალთვალს და კუდში დევნას, სილვა ბებიას მეტი, მაგრამ ცოლის ნაკლებად ეშინოდა ბაბუას. რაც უნდა ეჩხუბა ქალს, ბოლოს მაინც შეირიგებდა ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, პარტიიდან გარიცხვა მისი მხრიდან არ ემუქრებოდა.
რაც ქმარი დაკარგა, ბებიამ ეჭვიანობის მოჭარბებული გრძნობა მთელი დატვირთვით ახლა ჩვენზე გადმოიტანა - ლიზა მამიდასა და ჩემზე. მე კიდევ ბავშვი ვარ და ძალიან არ მერჩის, ქალიშვილი კი შავ დღეში ჰყავს. ყველა ნაბიჯს უთვლის და ყველა წუთს. ხუთი წუთით ადრე რომ მოვიდეს, ვინ მოგდევდაო, ეტყვის, ხოლო ხუთი წუთის დაგვიანებისთვის - ვინ შეგაყოვნაო. აი, ასეთი უცნაური ქალია.
ეჰ, რომ იცოდეს, რა "მაქინაციებს" ვაწყობ ღამით... როგორ ვიპარავ ტელეფონს სასტუმრო ოთახიდან და როგორ გამაქვს ჩემს საძინებელში! მერე საათობით როგორ ვბაასობ გეგასთან! მომკლავს! ნამდვილად ერ გადავურჩები. კიდევ კარგი, არ იცის...

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე

განაგრძე კითხვა

სვეტა კვარაცხელია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
04.04.2015
ამ რომანებმა დამავიწყა ინტერნეტ სივრცე სამსახური და საერთოდ ყოველდღიური ყველაფერი ცუდიიიიიი...... მადლობაააააა
კვარა
01.04.2015
ათასი მადლობა, ძალიან კარგია:)
q.q.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
შენთან არასერიოზული დამოკიდებულება რომ მდომებოდა, ჩვენი ურთიერთობა აქამდე უკვე შეწყდებოდა. შენ უნდა მიმხვდარიყავი ამას! ცუდი სვლა გამოგივიდა, რითაც ასეთი სერიოზული თამაში გააფუჭე.

მე ვინღა შემარიგებს გეგასთან? ამის შემდეგ გაუჩნდება კი სურვილი, დამირეკოს და, მით უმეტეს, შემხვდეს? გამორიცხულია. ეს რა ვქენი! რა სისულელე ჩავიდინე! რატომ, რატომ, რატომ? რა მრჯიდა, ვინ მაძალებდა! მისკენ სავალი ყველა გზა საკუთარი ხელით მოვსპე. ახია ჩემზე!

საუბარი. მოდი, ასე გავაკეთოთ. მე დავუკავშირდები გეგას და მე, შენ და ის შევხვდეთ ერთმანეთს და გავარკვიოთ, რა ხდება, კარგი?

- მგონი, შენი სენი გადმომედო, - უხერხულად გაიღიმა და თვალი ამარიდა.
- რომელი სენი? - ვერ მივუხვდი.
მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა.
- ვერ ვხვდები...
- შეყვარებული ვარ, მგონი, - ჩურჩულით მითხრა.


გაბრუებულმა ყურმილი ფრთხილად დავკიდე.
ჩემი გაცისკროვნებული თვალები სილვა ბებიას არ გამოჰპარვია. კრიტიკულად ამხედ-დამხედა


ცოტა თუ არ შევუძახე ჩემს თავს, უსიამოვნება არ ამცდება, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ვისაც მოვწონვარ, ყველას ვეპრანჭები. არადა, შეიძლება ასეც იყოს

ასე დიდხანს ვერ გავძლებ. ბიძოსთვის შეიძლება ადვილია, მაგრამ არა ჩემთვის. მივხვდი, ბიძინას დაკარგვა არ მინდოდა, მაგრამ... არც გეგასი. ის კი ჯიუტად დუმდა...

- რა მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის სულერთია, ბევრი იქნება თუ ცოტა. ვინც მთავარია, ის არ იქნება, - თქვა და კვლავ დაჟინებით ჩამაშტერდა, - სხვანაირი გახდი ბოლო დროს, - ჩუმად დაამატა.
ახლა მე გავწითლდი. თვალი ავარიდე


საღამოს ჯერ ბიძინამ დამირეკა, მერე - გეგამ. რვა მარტი ორივემ მომილოცა. ბიძინასთან დიდხანს არ მილაპარაკია. როგორც ჩანს, დედამისი შინ იყო და დრო როცა იხელთა, მაშინღა მოახერხა დარეკვა.

მოვტრიალდი. ახლოს მივედი. დავაკვირდი. გაოცებული დავრჩი. ერთი, ყველაზე დიდი ზომის მიხაკის სათითაოდ ყველა ფურცელს გამოყვანილი ასოებით ეწერა: "გეგასაგან".

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.