ქაღალდის რელიკვია (VII ნაწილი)
font-large font-small
ქაღალდის რელიკვია (VII ნაწილი)
ცოტა თუ არ შევუძახე ჩემს თავს, უსიამოვნება არ ამცდება, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ვისაც მოვწონვარ, ყველას ვეპრანჭები. არადა, შეიძლება ასეც იყოს



15 აპრილი
ისე წაეწყო ყველაფერი, ვეღარ მოვიცალე დასაწერად. არადა, იმდენი რამ მოხდა ბოლო ხანებში... განსაკუთრებით დღეს... თუმცა, ამაზე მოგვიანებით. 12 აპრილს თბილისში ვიყავით ოლიმპიადაზე. ჩვენმა გამოსვლამ საოცარი მოწონება დაიმსახურა. დიპლომებითა და მედლებით დაგვაჯილდოვეს მე და ფრიდონი - როგორც საუკეთესო მოცეკვავე წყვილი, სკოლას კი მადლობის წერილი გამოუგზავნეს. ბებიაჩემმა ეს ამბავი რომ გაიგო, თვალები ცრემლით აევსო. გულმა არ მოუთმინა, მაშინვე გივი მასწავლებელთან გადავიდა და ახარა ჩემი "საქმენი წარმატებისანი". მანაც, რა თქმა უნდა, მაშინვე დამიბარა.
- მომილოცავს, უფროსო მეგობარო, ეს დიდი საქმეა, ძალიან დიდი, - თბილად გამიღიმა და ხელი ჩამომართვა.
მისი შექება ჩემთვის ყველაფერია. ვიცი, ყოველთვის გულწრფელია და არასდროს აჭარბებს შეფასებებში. ამიტომაც ყველაზე მეტად მისი მჯერა.
- შენ უნივერსალური ქალი ხარ, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული. არ ველოდი, სიმართლე გითხრა. უნდა მაპატიო, მეგობარო. თურმე მეც ვცდები ხანდახან. რა გაჩუქო ახლა მე შენ? - დოინჯი შემოიყარა და წიგნების კარადას ააყოლა თვალი. მერე მე მომიტრიალდა:
- ჰა, რა გაგიხარდება, მითხარი! რითი გამოვასწორებ ჩემს შეცდომას?
- ჩემთვის სულერთია, ამხანაგო. ვიცი, ცუდს არ მაჩუქებ. თუმცა, შენგან მოძღვნილი ლენინის ტომეულებიც კი ძვირფასი იქნება ჩემთვის, - გულწრფელად ვუთხარი.
ვიცოდი, როგორ ენანებოდა თავისი წიგნები. შვილივით უყვარდა. ერთადერთი ადამიანი ვიყავი ამქვეყნად, ვისთვისაც საკუთარი ბიბლიოთეკიდან საჩუქრად წიგნს გაიმეტებდა. თხოვებაზეც კი ზედმეტი იყო საუბარი. ამ საკითხში მხოლოდ მე მენდობოდა. სხვა გარეშე პირს იმედიც არ უნდა ჰქონოდა, მისგან წიგნი ენათხოვრებინა. მისი საწერი მაგიდის პირდაპირ, კედელზე გაკრული იყო თაბახის ქაღალდი გრიშაშვილის ციტატით: "მთხოვე რაც გსურს, მთხოვე რაც გსურს, პერანგს მოგცემ, წიგნს კი არა". ჰოდა, აბა ვინ გაუბედავდა!
უცებ რაღაც გაახსენდა. სკამს დაავლო ხელი, კედელში ჩაშენებულ თაროებს მიადგა და ზედ აძვრა. სათვალე შუბლზე დაიკოსა და ზედა თაროს დაუწყო თვალიერება. მერე თხელკანიანი, ბროშურის მსგავსი წიგნი გადმოიღო, სკამიდან ჩამოვიდა, მაგიდას მიუჯდა, სათვალე კვლავ გაიკეთა და საჩუქარს წააწერა - ნატას გ. რუსიძისაგან.
- ეს ჰერმან ჰესეა, "მოხილვა დილის ქვეყნისა". წაიკითხე და შენი აზრი მითხარი. რასაც ვერ გაიგებ, მკითხე, - სათვალის ქვემოდან გამომხედა და საჩვენებელი თითი დამიქნია.
მადლობის მეტი რა მეთქმოდა...
ჩემი თანასკოლელების თვალში ერთიორად ავმაღლდი. მგონი, ახალი თაყვანისმცემლებიც გამიჩნდნენ - ამირანი და კახა. სახე გაებადრებათ ხოლმე ჩემს დანახვაზე. ვიღაც ზუკამაც დამირეკა, შენი გაცნობა მინდაო. ვიცი, ვინც არის ეგ ზუკა, მოსამართლის შვილია, მილიონერი. მამამისზე ამბობენ, "ფულებში ცურავსო". ასეთი რამ ნაკლებად მაინტერესებს. მახინჯი ვინმეა, თანაც ელამი. წარბები ისე აქვს ერთმანეთზე გადაბმული, ყველა "წარბას" ეძახის. ყველა სიკეთესთან ერთად, ცუდი მოსაუბრეც გამოდგა. ისე უკიდებდა ენას, ერთი წინადადების თქმას ორ წუთს ანდომებდა. ავუკრძალე ჩემთან დარეკვა. ცოტა თუ არ შევუძახე ჩემს თავს, უსიამოვნება არ ამცდება, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ვისაც მოვწონვარ, ყველას ვეპრანჭები. არადა, შეიძლება ასეც იყოს. ქალის ბუნება ხომ იცით, რანაირია! მით უმეტეს, ჩემ ასაკში. ძალიან მინდა, ცოტა განსხვავებული ვიყო, რომ არა თქვან - ეგეც ისეთივეა, როგორც ყველა სხვაო... განსაკუთრებით დღეს მომხდარი ამბის მერე დავიწყე საკუთარი თავის დატუქსვა. გაინტერესებთ, რა მოხდა? მოგიყვებით.

გაკვეთილების შემდეგ შინ დავბრუნდი, ფორმის კაბა გამოვიცვალე და "საგარეო სამოსში" გამოვიპრანჭე. ინგლისურზე უნდა წავსულიყავი ლორა "რეპეტიტორთან". სულ ასე ვახსენებ ხოლმე. "ბავშვთა სამყაროს" რომ მივუახლოვდი, ნანა დავლანდე, ბიძინას დაქალი და ჩემი "ძალად მეტოქე". ვიღაც ბიჭს ესაუბრებოდა. ჩემს დანახვაზე ხელი დამიქნია და მანიშნა, მოდიო. უხალისოდ გავეშურე მისკენ. ამ ბოლო ხანებში ნანას დანახვაზე გული უცნაურად მიცემს ხოლმე. ვგონებ, ვნერვიულობ, თან სინდისიც მქენჯნის, შეუბრალებლად რომ ვატყუებ. დროზე მაინც ჩათავდეს ეს სასწავლო წელი. მერე დავიხურავ ქუდს და თბილისში გავიქცევი. ჩავაბარებ, სტუდენტი გავხდები. თანდათან დავავიწყდები ყველას. ნანასაც გუვლის წყენა. ალბათ, ძალიან გაბრაზდება, არა? ახლა ვნანობ, ასე რომ მოვიქეცი. ბებია დღენიადაგ იმას ჩამჩიჩინებს, სხვამ რომ რამე დაგიშავოს, შენ სამაგიერო არასდროს გადაუხადო, მიუტევე. იგი ოდესმე მიხვდება თავის შეცდომას და თვითონ ინანებსო. რომ ვერ მიხვდეს-მეთქი? ცოდვა ყველას მოეკითხება, დაუსჯელი არავინ დარჩებაო. ესე იგი, მეც დავისჯები...
...ნანამ გადამკოცნა, ისე მომიკითხა, თითქოს დღეს პირველად მნახა. არადა, სკოლაში ერთად არ ვიყავით დილიდან? რა უცნაური გოგოა!

- შენ ამას იცნობ? - თანამოსაუბრისკენ გაიქნია თავი.
უცნობს შევხედე. საკმაოდ მაღალი ბიჭი იყო, ჩვენზე ბევრად უფროსი, ქერა თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა. მაინცდამაინც არ მომეწონა.
- არა, საიდან! - მხრები ავიჩეჩე.
- ეს გეგაა, ხომ გაგიგია? შორიდან მაინც ხომ იცი? - მკითხა ნანამ, თან მზერით თითქმის გამხვრიტა.
როგორ გავწითლდი. შეიძლება რაღაც არ შეიმჩნიო ადამიანმა, მაგრამ ფერი რომ შეგეცვლება, როგორც გინდა, დამალო? გულმა ბაგაბუგი დამიწყო.
- ვიცი, გამიგია, - ძლივს შესამჩნევად გავიღიმე.
- შორიდან მეც გიცნობ, ბევრი რამ მსმენია შენზე. გამარჯობა ნატა, - ხელი გამომიწოდა გეგამ.
ჩამოვართვი. ოდნავ დააყოვნა ჩემი თითები თავისაში.
- წავედი, კარგად, ნანა, - დავემშვიდობე კლასელს და აქამდე უხილავ ნაცნობს მივუბრუნდი.
- მომავალ შეხვედრამდე, - რაც შეიძლებოდა, კულტურულად დავემშვიდობე და გზა გავაგრძელე.
რა ცუდ ხასიათზე დავდექი... როგორ არ მომეწონა! ეგ არის "კრასავჩიკი?" ამაზე გიჟდებიან ქალები? რას წარმოადგენს ამისთანას, ერთი ჩვეულებრივი ბიჭია და მეტი არაფერი. ექიმი რომაა, იმიტომ? მერე და რა, განა ცოტა ექიმია ჩვენს ქალაქში? თუნდაც, უცოლო? რამდენიც გაგიხარდება! აი, თუნდაც პაატა, რამაზი, ნიკუშა... ბევრად უკეთესნი არიან, უფრო ვაჟკაცურებიც და უფრო... უფრო სიმპათიურებიც. არცერთი ნაკვთი არ უვარგა, განსაკუთრებული და გასაგიჟებელი არაფერი სცხია. მორჩა! მეტს აღარ დაველაპარაკები. რა სულელი ვარ! კინაღამ არ დამავიწყა ბიძინა? კიდევ კარგი, დროზე გავიცანი, თორემ ვინ იცის, ჩემი ოცნებებით სანამდე გავიჭრებოდი... ამ ფიქრებში გართულს უცებ მანქანა წამომეწია. არ შემიხედავს, ისე გადავედი ტროტუარზე. ვიგრძენი, მანქანაც თან "გადმომყვა" და ნელი სვლით ჩამიარა გვერდით. ახლა კი ვიკადრე გახედვა - ტროტუარზე რომელი ჭკუათმყოფელი გაივლის მანქანით? ეს ხომ ტაროს "06" იყო, აი, მზია მასწავლებელს რომ "ვუმიზნებ", ის ტარო. იტალიელი მომღერალი რომაა, ჩელენტანო, იმას ჰგავს ძალიან. ახლა კვირასაც გვაჩვენეს გადაცემაში "ეს ესტრადაა". მსახიობიც ყოფილა თურმე. თუმცა, ჯერ ჩვენთან არ შემოსულა ფილმები მისი მონაწილეობით.

- ლორასთან მიდიხარ? - მინა ბოლომდე ჩამოსწია ტარომ.
ღიმილით დავუქნიე თავი. მოულოდნელად გავშრი. ავტომობილის უკანა სავარძელზე გეგა იჯდა, ნახევრად საზურგეზე მიწოლილი.
- დაჯე, მიგიყვან, - ტარომ მანქანა გააჩერა და წინა კარი გამოაღო.
- არა, არა, რაღა დარჩა იქამდე, საცაა, მივალ, - ცივ უარზე დავდექი, თან ფეხები არ მემორჩილებოდა.
- რა იყო, ნატა, ჩემი ხომ არ გეშინია? - გამომძახა გეგამ.
- არა, რატომ უნდა მეშინოდეს ან რისი?
- რომ არ მოგიტაცო, იმისი, - ხმამაღლა გაიცინა.
- მაგისი ნამდვილად არ მეშინია, - ახლა მე გავიცინე.
- მაშინ დაჯექი და დაგვარწმუნე, რომ არ გეშინია, - გეგა თავისას არ იშლიდა, - მე თუ არა, ტაროს მაინც ხომ ენდობი? თუ არც იმას ენდობი? - მოჭუტა თვალები.
ვაჭრობა არ დამიწყია. უსიტყვოდ ჩავჯექი. მანქანა დაიძრა. ხმას არცერთი არ ვიღებდით. უცებ ტარომ გზიდან გადაუხვია და ტრასაზე გავიდა.
- სად მივდივართ? - ვიგრძენი, შიშისგან როგორ გავფითრდი.
- უნდა მოგიტაცო, - ტაროს მაგივრად გეგამ გამცა პასუხი.
- ტარო, - ხმაჩაწყვეტილმა ძლივს ამოვთქვი.
- ნუ გეშინია, გოგო, რა დაგემართა. ზემოდან მოვუვლი, აქეთ გზა დანგრეულია, მომისპობს მანქანას.
ცოტა გულზე მომეშვა, თორემ რა არ ვიფიქრე.
- არა, მართლა, ახლა რომ მოგიტაცო, რას იზამ? - გეგა ეშმაკურად მიყურებდა.
- შინ დაგიჯდები, - ჯიბრიანად მივახალე.
ორივეს სიცილი აუტყდა, ამასობაში ლორას სახლიც გამოჩნდა. ტარომ მანქანა ჭიშკართან შეაჩერა.
- დიდი მადლობა, - ვთქვი, გადმოვედი და შვებით ამოვისუნთქე. ახლაღა მივხვდი, როგორი დაძაბულიც ვყოფილვარ.
- საღამოს დაგირეკავ, კარგი? - ფანჯრიდან თავი გადმოჰყო გეგამ.
- არა, ნუ დამირეკავ, - ცივად ვთქვი.
- რატომ?
- ასეა საჭირო და იმიტომ.

ხმა არ ამოუღია. კარი შევაღე და ეზოში შევედი. უკან არ მიმიხედავს, მხოლოდ ავტომობილის ძრავის თუხთუხის ხმა მესმოდა...
.ყველაფრის ხალისი დავკარგე. გეგა სულაც არ მომეწონა. რაღაც სხვანაირი მყავდა წარმოდგენილი - ვერ გეტყვით, რანაირი, მაგრამ... ის კი რაღაცით ჯეკ ნიკოლსონს ჩამოჰგავდა. სწორედ იმ ფოტოებში, საჩუქრად რომ გამომიგზავნა. ისეთივე ღიმილით, ისეთივე წვრილი თვალებით... ახია ჩემზე. აი, როგორ დავისაჯე. განა შეიძლება, ადამიანი ტელეფონით შეიყვარო? არ უნდა მენახა ჯერ? კინაღამ ბიძინა დამავიწყა! მორჩა, აღარ დაველაპარაკები, რეკოს, რამდენიც გაუხარდება!

20 აპრილი
ასეთი დღეები ჯერ არ მქონია. ვგრძნობდი, რაღაც მაწუხებდა, რაღაც ლოდივით მაწვა გულზე. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ნანასა და ბიძინასთან იყო დაკავშირებული. არა, ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ამიტომაც, ამ დილით, სკოლაში მივედი თუ არა, ბიძო არც მინახავს, ისე მივაჭერი ნანასთან.
- ნანა, შენთან საქმე მაქვს, ერთი წუთით გამომყევი, რა.
ეზოში ჩავედით. მიჭირდა საუბრის დაწყება, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა...
- რაღაც უნდა გითხრა,... - შორიდან მოვუარე.
- რა იყო, მოხდა რამე? - ფერი ეცვალა.
- მოხდა.
- გისმენ, - თითქოს ხმა აუთრთოლდა. არ ვიცი, რა იფიქრა.
- ვიცი, დამნაშავე ვარ შენთან, მაგრამ რომ არ გითხრა, არ ივარგებს... მე და ბიძინამ მოგატყუეთ მაშინ... ამიტომ, ბოდიში მინდა მოგიხადო, - დამნაშავესავით შევხედე.
- რა მომატყუეთ, ვერაფერს ვხვდები, - დაიბნა.
- ბიძინას შენ არ უყვარხარ. ეს უბრალოდ, იმიტომ გავაკეთეთ, რომ მასწავლებლებისთვის აგვეხვია თვალი, - ძირს დავიხედე, თან ფეხსაცმლის ჭვინტით მიწას დავუწყე ჩიჩქნა.
- რა-ა? - ნანა გაფითრდა.
ხმას ვერ ვიღებდი. ორივენი ვდუმდით.
- კი მაგრამ... რა საჭირო იყო ასეთი ტყუილი. ხომ შეიძლებოდა, გეთქვათ... მე ორივეს გაგიგებდით, - ძლივს პოულობდა სიტყვებს.
- რა იყო, იცი? შენ რომ გცოდნოდა, ისე ბუნებრივად არ გამოვიდოდა ეს ყველაფერი. ახლა კი... ყველამ ადვილად დაიჯერა. ვიცი, რომ ცუდად მოვიქეცით, მაგრამ...
- ვისი იდეა იყო ეგ? - ნანა მთლად ჩაიფერფლა.
- ჩემი.
- შენი? შენი?... არ მჯერა. შენ ასეთი რამ შეგიძლია? მე სულ სხვანაირი მეგონე! - გაოცებული იჩეჩდა მხრებს.
ქვედა ტუჩი აუკანკალდა.
- რას მერჩოდი, ნატა, რატომ? რისთვის? - ჩურჩულით გააგრძელა.
- ახლა უკვე ბარიბარში ვართ, - გაადვწყვიტე, ყველაფერი მეთქვა, რომ უფრო ადვილად მემართლებინა თავი.
- რას ჰქვია, ბარიბარში, ეგ რას ნიშნავს?
- ეგ იმას ნიშნავს, რომ მე ყველაფერი ვიცი, - ახლა კი გავუსწორე თვალი.
- რა იცი, ვერ ვხვდები, რას გულისხმობ.
- გეგას რომ დაავალე ჩემი გაცნობა და შებმა, იმას.
ისევ ეცვალა ფერი. ამას, ალბათ, არ ელოდა.
- ვინ გითხრა? - ძლივს ამოთქვა, - გეგამ?
- როგორ ფიქრობ, გეგა მეტყოდა?
- არ ვიცი.
- "არ ვიცი" რას ნიშნავს, ესე იგი, მართალია? მართლა ასე იყო? გეკითხები, მართლა ასე იყო?
საყვედურით სავსე მზერა მესროლა.
- ასეც ვიცოდი. გამოდის, არ შევმცდარვა. არა უშავს... ჩათვალე, რომ უკვე გაპატიე, - ნაძალადევად გავიღიმე, - იმედია, შენც გაპატიებ.

- არ ვიცი, საზიზღრობაა ეს ყველაფერი, - კვლავ წაიჩურჩულა, გატრიალდა და სირბილით შევარდა სკოლაში.
დიდ შესვენებაზე მე, ბაჩანა და თამილა ბუფეტში ჩავედით. ამ დროს ნანა შემოვიდა. თითით გამიხმო. გულმა რეჩხი მიყო. ნეტავ, რა უნდა მითხრას? მუხლები აღარ მემორჩილებოდა. არ მინდოდა, ნაწყენი დარჩენილიყო ჩემზე. არც ურთიერთობის გაფუჭება მინდოდა.
- მოდი, დავივიწყოთ ყველაფერი, - მორიდებით გამიღიმა, - მეც ცუდად გამომივიდა და შენც. მართალია, ძალიან მეწყინა, ასე რომ გამომიყენეთ, მაგრამ... როგორც ჩანს, დავიმსახურე, იცი? გეგას ამბავი ჩემი ბრალი არ არის. ბიძინას დედამ დამავალა. ხომ იცი, რანაირი ქალია. შენზე მითხრა, არ მომწონს ეგ გოგო და როგორმე ჩამოაცილე ჩემს შვილსო.
- და შენც ყოველდღე ჩაუკაკლავდი, არა, როგორ მიდიოდა ჩემი და გეგას ურთიერთობის ამბები? - აქ უკვე ვეღარ მოვითმინე და ხმას ავუწიე.
- არა, არა, ეგ არც მიფიქრია, დედას გეფიცები, - გულზე დაიდო ხელი.
- როგორ? არ გეკითხებოდა, რა ხდებაო? - ჩავეძიე.
- კი მეკითხებოდა, მაგრამ... არ ვიცი-მეთქი, ვპასუხობდი, - თვალი ამარიდა.
- ნუ მატყუებ, ნანა. სჯობს, არაფერი თქვა. ახლა ამას მნიშვნელობა აღარა აქვს. ისე, თუ მაგ საქმის წარმატებით დაგვირგვინება გსურდა, ცოტა უკეთესი კანდიდატურა უნდა შეგერჩია.
- რას ამბობ! გეგაზე ქალებს აბოდებთ! - როგორ გაუკვირდა.
- მე არ მაბოდებს. რას ჰგავს. ბიძინასთან მაგის შედარება შეიძლება? - ნიშნის მოგებით შევხედე.
- მართალი ხარ, ბიძინა სულ სხვაა, თუმცა, არც გეგაა ცუდი ბიჭი, - თქვა და გაწითლდა.
- ნანა, სიმართლე მითხარი, ჩემმა ტყუილმა სხვანაირად ხომ არ იმოქმედა შენზე? - გამომცდელად ვკითხე.
- არ ვიცი... მე მგონი, დავიჯერე თქვენი ნათქვამი... შეიძლება მიყვარს კიდეც.
პირკატა მეცა. ახლა მე გავწითლდი. სინდისის ქენჯნა ვიგრძენი. ეს რა ჩავიდინე?
- რა ვქნათ? - სასოწარკვეთილმა ვიკითხე.
- არაფერი, რა უნდა ვქნათ. გადამივლის, - გაღიმება სცადა.
- მაპატიე, მე არ მეგონა, თუ ასე გამომივიდოდა, - ვცადე თავის მართლება, - მაპატიე, თუ შეგიძლია.
- რა სისულელეა. არც იფიქრო, მეც ხომ მაგრად მივქარე შენთან. ასე რომ, ჩვენ ერთმანეთთან ახსნა-განმარტება არ გვჭირდება. იმედია, აღარ ვიჩხუბებთ, არა?
- იმედია, - გავუღიმე.
- ბიძინას უთხარი?
- ჯერ არა.
- ეტყვი, თუ მე ვუთხრა?
- მოდი, შენ უთხარი, კარგი?
- როგორც იტყვი.
- მგონი, ასე აჯობებს.
- კარგი, მე ვეტყვი, - ნანამ ლოყაზე მაკოცა, ხელი დამიქნია და მეორე სართულის კიბეს აუყვა. მე ბუფეტში შევტრიალდი. ცოტა გულზე მომეშვა.
გაკვეთილების შემდეგ ბიძინას შევხვდი. ბოლო ხანებში თითქმის ვერ ვხვდებოდით ერთმანეთს. მოვუყევი ყველაფერი. რაღაც დაბნეული მეჩვენა. ამასაც ხომ არ შეუყვარდა? - გამკენწლა გულში. სახეზე ისედაც წითელი, უარესად გაწითლდა. აშკარად მარიდებდა მზერას.
- რა იყო, ბიძინა, რამე არ მოგეწონა? - გულისფანცქალით ვკითხე.
- არა, არაფერი, - თავი დახარა.
- არაფერი? - მხარზე შევეხე.
- ყველაფერი რიგზეა. კარგი გიქნია, რომ გითქვამს, - ყრუდა ჩაილაპარაკა და გატრიალდა.
გაოცებული დავრჩი. საუბარიც არ ისურვა ჩემთან. ვაითუ... არა, არა, ეგ გამორიცხულია. იმის გაფიქრებაც არ მინდოდა, რომ შეიძლებოდა, ნანა შეჰყვარებოდა. არადა, რაღაც არ მომეწონა. უნდა დაველოდო. ვნახოთ, ხვალ რა მოხდება.

27 აპრილი

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც გეგა გავიცანი. იმდენად უსიამოვნო იყო პირველი შეხვედრა და ისე განხიბლული დავრჩი, გამიკვირდა კიდევაც. სულ სხვანაირი მყავდა წარმოდგენილი და როგორი შემრჩა ხელთ? სამაგიეროდ, ჭკუა ვისწავლე. სხვა დროს მსგავს შეცდომას აღარ გავიმეორებ. ისე, ბევრი სანერვიულო შემხვდა ამ კვირაში. კიდევ კარგი, ნანასთან მაინც მოვაგვარე ყველაფერი. ეგ პრობლემა კი მომეხსნა, მაგრამ ახლა ბიძინაზე ფიქრი მაწვალებდა. მაგას მაინც რა დაემართა? ვინ იცის, იქნებ აღარ ვუყვარვარ! გამორიცხული არაფერია. ჩემი ბრალია ყველაფერი. ისე წავაქეზე თავიდან, შეიძლება ჭკუაშიც დაუჯდა. ორი ადამიანის ერთმანეთთან დაახლოება, მით უმეტეს, ქალისა და კაცის, უმეტეს შემთხვევაში რაღაცას ცვლის. თუნდაც ეს დაახლოება მათგან დამოუკიდებელი მიზეზით ხდებოდეს. ბოლო შეხვედრის შემდეგ მომეჩვენა, რომ ბიძინა თვალს ვერ მისწორებს, თითქოს გამირბის. იქნებ არც მომეჩვენა? ან იქნებ ეგ მხოლოდ ჩემი ეჭვებია? რამდენი დღეა, წესიერად არ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს. არც დაურეკავს. მეც ყველანაირად ვცდილობ თავის შეკავებას. არც არაფერს ვეკითხები, თითქოს საერთოდ არ მადარდებს მისი ასეთი საქციელი. ვნახოთ, სანამდე გაძლებს. ბოლოს და ბოლოს, ხომ გაირკვევა ყველაფერი? განა რამდენ ხანს მოუთმენს გული? მე კი შევძლებ მოთმენას? ერთი სული მაქვს, ვკითხო, რამე ხომ არ შეიცვალა ჩვენს ურთიერთობაში-მეთქი, მაგრამ... ენას კბილს ვაჭერ.

მას თუ შეუძლია მოთმენა, მეც შემიძლია. ჯიბრზე თუა, მეც ჯიბრზე ვიქნები. არა, რა სისულელეა, არ ვუყვარდე. აქ ალბათ უფრო მარტივი მიზეზია. ვფიქრობ, გაბრაზებულია ჩემზე. ჩვენში დარჩეს და მე ხომ სასტიკად მოვექეცი. ნანასთან ცუდად გამომივიდა. ბიძინამ ხომ არ იცის, რისთვის დამჭირდა ამ სპექტაკლის გათამაშება. ჰო მართლა, რატომ არ ვუთხარი? მე ხომ ნანასთვის სამაგიეროს გადახდა მინდოდა? მერე? ბიძინას არ უნდა სცოდნოდა? არა, ამის თქმა არ ივარგებს. იმას ხომ არ ვეტყვი, ამდენი თვეა, კაცს ტელეფონზე ვესაუბრები და ლამისაა, სიყვარული ამიხსნა-თქო. ნამდვილად არ ღირს. ამ მხრივ ვერავინ გამამართლებს. მაშინ ხომ კარგი იყო, საათობით ტელეფონზე რომ ვიყავი ჩამოკიდებული? მერე რა, მაგას არ მოვუყვები. ნანამ რომ უთხრას? მაგრამ ნანას საიდან ეცოდინება? გეგასგან? არ ჩანს გეგა ქალივით ენაჭარტალა. თუმცა დავალება ნამდვილად ნანასგან ჰქონდა მიღებული. არა, არაფერს ვეტყვი. არა მაქვს სურვილი, ნანაზე ცუდი ვუთხრა. შეიძლება წარმოდგენა შეეცვალოს მასზე. მეცოდება. შეიძლება მიყვარს კიდევაცო, ასე არ მითხრა? საკუთარი თავი მძულს. არადა, ბიძინასთან როგორღაც ხომ უნდა ვიმართლო თავი? არც ის მინდა, ჩემზე ცუდი იფიქროს.

მე ხომ სულაც არა ვარ ცუდი. რაც არის, არის. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ვნახოთ, რა მოხდება.
ცუდ გუნებაზე ვარ. არა მარტო ბიძინას გამო. გეგაზე ფიქრიც მაწუხებს. დამალვას აზრი არა აქვს. ან ვის უნდა დავუმალო? გონებაში სულ მისი სახე მიტრიალებს. მართლა არ დარეკა. მე კი მოსვენება დავკარგე. გამუდმებით ტელეფონისკენ ვარ მიყურადებული. მაინც არ ვკარგავ იმედს, რომ დამირეკავს. თუმცა... მსგავს სიტუაციაში, ალბათ მეც არ დავრეკავდი. ბოლოს და ბოლოს, თავმოყვარეობაც "კარგი საქონელია". თავს არ დაიმცირებს. ხვეწნას ხომ არ დამიწყებს? ან კი რატომ, რისთვის? დიდ ვინმესაც მე წარმოვადგენ, აი! ერთი გალეული ვიღაცა ვარ, ყურადღების ღირსადაც რომ არ ვღირვარ. ჩემნაირები ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდება ადამიანს.
არადა, დარეკვა რომ ავუკრძალე, უკვე მწარედ ვნანობ. რატომ ვიჩქარე? ცოტა დავფიქრებულიყავი, ვინ მექაჩებოდა ენაზე? ოღონდ ერთხელ მაინც დარეკოს, მხოლოდ ერთხელ. მერე, თუ გინდა, სულ ნუ შემომეხმიანება. ვითომ მიხვდა, რომ არ მომეწონა? საიდან უნდა მიმხვდარიყო? მე ხომ არაფერი შემიმჩნევია? მაგრამ სხვა რა უნდა ყოფილიყო ჩემგან უარის თქმის მიზეზი? რა, პატარა ბიჭია და ვერ მიხვდებოდა? მის ადგილას მე რას ვიფიქრებდი? თუმცა... მოიცა, მოიცა! იქნებ არც გეგას მოვეწონე? იქნებ ამიტომ არ რეკავს? ამაზე არც დავფიქრებულვარ! ჰო, უფრო ასე იქნება ალბათ, თორემ ჩემი "აკრძალვები" ასე ადვილად ვერ შეაშინებდა. ხედავ? მართალია, სინამდვილეში ასე იქნებოდა!
ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, მოსვენება დავკარგე. ახლა ისღა დამრჩენია გავარკვიო, რა უფრო მაშფოთებს - ბიძინას უყურადღებობა თუ გეგასი?

30 აპრილი

დღეები გადის. გეგაზე ფიქრი თავიდან არ მშორდება. მგონი მომენატრა. ნუთუ არ დარეკავს? ერთხელ მაინც? ადგილს ვერ ვპოულობ. მთლად დავიბენი. თითქოს გაორება დამემართა. ბიძინაც ახლოს არ მეკარება, რატომღაც გამირბის. მითხრას მაინც, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულიაო და ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა ყველაფერი... უკვე სწავლასაც ვერ ვუდებ გულს. არადა, გამოცდები კარსაა მომდგარი. ჩემი უხასიათობა ყველამ შეამჩნია. მასწავლებლებს, მით უმეტეს, რას გამოაპარებ... "ჩასაფრებული" არიან. ზიზა მასწავლებელი თვალებით მზვერავს. დღეს ისე მქონდა ყურადღება გაფანტული ბიოლოგიის გაკვეთილზე, სულ თითი მიქნია - ამ ქვეყნისკენ მობრუნდიო. შესვენებაზე კი, როგორც ყოველთვის, თავის კაბინეტში მიმიხმო.
- ნატა, რა გემართება? - თვალებში ჩამაშტერდა.
- არაფერი, ზიზა მასწ. ყველაფერი კარგადაა, - ამოვიოხრე.
- აბა, რას ოხრავ? იჩხუბეთ?
- არა, არა. არ გვიჩხუბია. საჩხუბარი რა გვაქვს? - თავი გავაქნიე.
- ბოლო ხანს რაღაც ვერ გხედავთ ერთად. მოხდა რამე?
პასუხი არ გამიცია. თვალები დავხარე და იატაკს დავაცქერდი.
- გესმის, რას გეკითხები? - არ მომეშვა, მკლავზე შემეხო.
- არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. შეიძლება უკვე ყველაფერიც დამთავრდა, - თვალები ამიწყლიანდა. ამჯერად თამამად შევხედე.

- ჰოდა, ძალიანაც კარგი, თუკი ყველაფერი დამთავრდა. იგი შენი ტოლი ნამდვილად არ არის, - თითი მაგიდაზე დააკაკუნა.
სახე მომეღუშა. კიდევ ცოტა და ტირილს დავიწყებდი.
- ნუ, ნუ, არ გინდა. ბიძინა არ იმსახურებს ამას, დამიჯერე. რა იქნება, ერთხელ შორიდან შეხედო საკუთარ თავს. შენ დიდი მომავალი გაქვს. რაღა იმ ვაჭრების ოჯახში უნდა ამოგხდეს სული, რატომ გინდა, სიცოცხლე გაიმწარო? ისინი შენ ვერ დაგაფასებენ. გესმის ჩემი? - ხელზე ხელი მომიჭირა თანაგრძნობის ნიშნად.
უარესად ამიჩუყდა გული. ქვედა ტუჩი ამიკანკალდა. ზიზა წამოდგა, მაგიდას მოუარა, ფეხზე წამომაყენა და მკერდზე მიმიხუტა. როგორი შვება ვიგრძენი... ეს პირველი შემთხვევა იყო, შვილივით რომ მომეფერა. სხვის თვალში უკარება და ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თურმე როგორი ყოფილა... გულჩვილი, თბილი, მოსიყვარულე...

- ჩემი სულელი გოგო, ჩემი სულელი... ურჩი და ჯიუტი. აი, გაიზრდები, დაქალდები და მერე მიხვდები, რომ მართალი ვიყავი. თუმცა გვიან არც მაშინ იქნება, - ჩემი სახე ხელებში მოიქცია, თვალებში ჩამაცქერდა და მზრუნველად მაკოცა შუბლზე, - წადი ახლა და გაკვეთილებს მიხედე. გამოცდებზე ჩვენ შენი იმედი გვაქვს...
უხმოდ გამოვედი კაბინეტიდან. მადლობაც არ მითქვამს...
საკლასო ოთახის კართან ბიძინას შევეფეთე. ჩემდა უნებურად შევკრთი. ლოყები გამიხურდა. თვითონაც გაწითლდა.
- როგორა ხარ? - შემომცინა.
- რა ვიცი, არა მიშავს, - ბრინჯივით დავიბენი.
- შენ?- ახლა მე ვკითხე.
- მეც ასევე, - შეიშმუშნა.
და აქ დამთავრდა ჩვენი საუბარი...
გაკვეთილების შემდეგ კი თვალი მოვკარი ბიძინას და ნანას - ერთად გადიოდნენ სკოლის ეზოდან...

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე

განაგრძე კითხვა

სვეტა კვარაცხელია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
შენთან არასერიოზული დამოკიდებულება რომ მდომებოდა, ჩვენი ურთიერთობა აქამდე უკვე შეწყდებოდა. შენ უნდა მიმხვდარიყავი ამას! ცუდი სვლა გამოგივიდა, რითაც ასეთი სერიოზული თამაში გააფუჭე.

მე ვინღა შემარიგებს გეგასთან? ამის შემდეგ გაუჩნდება კი სურვილი, დამირეკოს და, მით უმეტეს, შემხვდეს? გამორიცხულია. ეს რა ვქენი! რა სისულელე ჩავიდინე! რატომ, რატომ, რატომ? რა მრჯიდა, ვინ მაძალებდა! მისკენ სავალი ყველა გზა საკუთარი ხელით მოვსპე. ახია ჩემზე!

საუბარი. მოდი, ასე გავაკეთოთ. მე დავუკავშირდები გეგას და მე, შენ და ის შევხვდეთ ერთმანეთს და გავარკვიოთ, რა ხდება, კარგი?

- მგონი, შენი სენი გადმომედო, - უხერხულად გაიღიმა და თვალი ამარიდა.
- რომელი სენი? - ვერ მივუხვდი.
მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა.
- ვერ ვხვდები...
- შეყვარებული ვარ, მგონი, - ჩურჩულით მითხრა.


გაბრუებულმა ყურმილი ფრთხილად დავკიდე.
ჩემი გაცისკროვნებული თვალები სილვა ბებიას არ გამოჰპარვია. კრიტიკულად ამხედ-დამხედა


ასე დიდხანს ვერ გავძლებ. ბიძოსთვის შეიძლება ადვილია, მაგრამ არა ჩემთვის. მივხვდი, ბიძინას დაკარგვა არ მინდოდა, მაგრამ... არც გეგასი. ის კი ჯიუტად დუმდა...

- ნატა, შენ ვინმე უცხო ბიჭი ხომ არ გირეკავს?
ელდა მეცა. საიდან უნდა სცოდნოდა? თუმცა, რატომ ვუმალავ?

- რა მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის სულერთია, ბევრი იქნება თუ ცოტა. ვინც მთავარია, ის არ იქნება, - თქვა და კვლავ დაჟინებით ჩამაშტერდა, - სხვანაირი გახდი ბოლო დროს, - ჩუმად დაამატა.
ახლა მე გავწითლდი. თვალი ავარიდე


საღამოს ჯერ ბიძინამ დამირეკა, მერე - გეგამ. რვა მარტი ორივემ მომილოცა. ბიძინასთან დიდხანს არ მილაპარაკია. როგორც ჩანს, დედამისი შინ იყო და დრო როცა იხელთა, მაშინღა მოახერხა დარეკვა.

მოვტრიალდი. ახლოს მივედი. დავაკვირდი. გაოცებული დავრჩი. ერთი, ყველაზე დიდი ზომის მიხაკის სათითაოდ ყველა ფურცელს გამოყვანილი ასოებით ეწერა: "გეგასაგან".

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.