ქაღალდის რელიკვია (XIX ნაწილი)
font-large font-small
ქაღალდის რელიკვია (XIX ნაწილი)
- მგონი, შენი სენი გადმომედო, - უხერხულად გაიღიმა და თვალი ამარიდა.
- რომელი სენი? - ვერ მივუხვდი.
მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა.
- ვერ ვხვდები...
- შეყვარებული ვარ, მგონი, - ჩურჩულით მითხრა.



10 მაისი
გეგა თითქმის ყოველ საღამოს მირეკავს. ჩემი ცხოვრების ყველა წვრილმანი აინტერესებს. როგორ ვიწყებ დღეს, რას ვაკეთებ, რა ნიშნები მივიღე, როგორ მეპყრობიან მასწავლებლები, კლასელები ხომ არ მაბრაზებენ და რა ვიცი... მას შემდეგ შეხვედრაზე არაფერი უკითხავს. რატომღაც თავს იკავებს. ვითომ რამე არ მოეწონა? მაშინ რატომ მირეკავს? წესით, ესეც უნდა შეეწყვიტა. ჯერ ვერ ვხვდები მის "მანევრებს". თუმცა, მე ამითაც კმაყოფილი ვარ. მასთან საუბარი ერთ რამედ ღირს. ხალისი მემატება და უფრო მეტი სიამოვნებით ვაკეთებ ჩემს საქმეებს.
ბიძინა ახლოს არ მეკარება, კვლავ შორიდან მივლის, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც აფორიაქებული მეჩვენება. ნეტავ, რა აწუხებს? ჩემსავით გაორება ხომ არ დაემართა? არჩევანის გაკეთება ხომ არ უწევს ჩემსა და ნანას შორის? რას გაიგებ! მე კი მწყდება გული, რომ ასე დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა. არ მინდა, ამაზე ვიფიქრო, თუმცა ხშირად ამომიტივტივდება ხოლმე გონებაში მისი სახე. რა უცებ მოხდა ყველაფერი. როგორ მეგონა, ბიძინას თუ ვინმე დამავიწყებდა. არა, დავიწყებით არ დამვიწყებია, მაგრამ... გეგასთან ურთიერთობამ ისე გადამიბირა, ნაკლებად მაღელვებს ბიძინას უყურადღებობა. ვერ ვხვდები, კარგად ვიქცევი თუ ცუდად? იქნებ ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებ? იქნებ ჯერ სჯობს, გავერკვე, რომელი მიყვარს ნამდვილად? სანამ გეგა გამოჩნდებოდა "ასპარეზზე", ხომ არ მაწუხებდა ამაზე ფიქრი? მაშინ ხომ ღრმად ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ბიძინა მიყვარდა? ახლა რა დამემართა? თუმცა ჩემს "გარდაქმნაში" მარტო გეგას არ უთამაშია "დიდი როლი". ბიძინას მშობლებმაც საკმაოდ შეიტანეს წვლილი. როგორ ტუჩაბზუებით მიხსენიებს თურმე დედამისი! სარძლოდ დამიწუნა, წარმოგიდგენიათ? გეგასთან ურთიერთობას კი არავინ მიშლის. მაგრამ მის დედასაც რომ არ მოვეწონო? რას იტყვის, ჩემი არსებობის ამბავს რომ გაიგებს? ვაითუ იმანაც აიბზუოს ტუჩი. მერე ნახე შენ! ბედის ირონია ეგ იქნება. რა ვქნა, რა ჩემი ბრალია, რომ ჯერ მოსწავლე ვარ და მაინცდამაინც არც განსაკუთრებული გარეგნობით გამოვირჩევი?

აი, სტუდენტი რომ გავხდები და ქალობაში შევალ, ცოტათი მაინც ხომ შევიცვლები? სულ ასეთი გამხდარი კი არ ვიქნები. მეც დავემსგავსები ქალს. ზიზა მასწავლებელი სულ იმას ჩამჩიჩინებს, ჩემზე ლამაზი იქნებიო. ღმერთმა ქნას. ისე, სულაც არა მაქვს ცუდი ნაკვთები... მერე თვალებს შევიღებავ, პომადას წავისვამ, თმას შევიჭრი, სამკაულებს გავიკეთებ და კიდევაც გავლამაზდები. ეჰ, როდის იქნება ეგ. დროზე ჩამთავრდეს ეს სასწავლო წელი, რომ თბილისში გავიქცე. მერე დიდხანს არ ჩამოვალ, ერთი წელი მაინც. ერთი წლის შემდეგ კი სრულიად შეცვლილი გამოვეცხადები ყველას. როგორ გაუკვირდებათ! პირს დააღებენ გაოცებისაგან, როგორ გალამაზებულაო!
წუხელ გეგა დამესიზმრა. ვითომ საავადმყოფოში ვიყავი მისული მის სანახავად. თეთრი ხალათი ეცვა, მაგრამ ზედაც არ შემომხედა. ისე ჩამიარა გვერდით, ვითომ ვერც შემამჩნია. ისე დამწყდა გული, ტირილი დავიწყე. იქვე ბიძინა იდგა და ჩემი ცრემლების შემხედვარე, ნიშნისმოგებით იცინოდა. აი, ამ ყოფაში გამომეღვიძა. რა არ დაესიზმრება ადამიანს! რას უნდა ნიშნავდეს? არც მახსოვს, როგორ მიხდება სიზმარი - პირდაპირ თუ პირიქით, საპირისპიროდ? თუ ბიძინას საქციელით ვიმსჯელებთ, ალბათ პირდაპირ, ხოლო გეგას რაც შეეხება - სრულიად საპირისპიროდ. ის ხომ სულ მირეკავს...

13 მაისი
ეს დღეები ბაჩანა რაღაც მოწყენილი მეჩვენება. სულ ცხვირ-პირი ჩამოსტირის. ნეტავ რა სჭირს? აქამდე მერიდებოდა, რამე მეკითხა, მაგრამ დღეს ვეღარ მოვითმინე.
- ბაჩანა, რა გჭირს? - ვუჩურჩულე მათემატიკის გაკვეთილზე.
- არ ვიცი, - ამოიხვნეშა.
- გეცოდინება, - არ მოვეშვი.
ამასობაში ზარიც დაირეკა. ახლა კი ვიხელთე დრო, მკლავში ჩავავლე ხელი და ადგომის საშუალება არ მივეცი.
- მითხარი, რა ხდება?
- მგონი, შენი სენი გადმომედო, - უხერხულად გაიღიმა და თვალი ამარიდა.
- რომელი სენი? - ვერ მივუხვდი.
მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა.
- ვერ ვხვდები...
- შეყვარებული ვარ, მგონი, - ჩურჩულით მითხრა.
- ეგ ხომ ძველი ამბავია.
ვიცოდი, რომ ნუცა უყვარდა, ამიტომ არ გამკვირვებია.
- არა, "ის" არა, სხვა მიყვარს, - ისე საწყლად თქვა, გული დამეთუთქა.
- სხვა? გაფიცებ! - შევიცხადე.
უსიტყვოდ დამიქნია თავი.
- მაინც ვინ? - არ ვეშვებოდი.
ცოტა ხანს შეყოყმანდა, თქმა უნდოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლო წუთში მაინც გადაიფიქრა.
- არის ერთი...
- მერე, მაგას რა სჯობს. თუ გიყვარს, უნდა უთხრა. ჩემგან არ გესწავლება, - დავმოძღვრე.
- ვერ ვეტყვი, - უარის ნიშნად თავი გადააქნია.
- რატომ?
- იმიტომ, რომ აზრი არა აქვს.
- ნუ სულელობ. თქმას აზრი ყოველთვის აქვს. რას კარგავ, რო?
- არც კი მომისმენს.
- ნუ გადამრიე, ამისთანა ვინ არის, ბიჭო?! - ახლა უკვე აღვშფოთდი.
- არის, რა, - არ დააკონკრეტა.
- მითხარი, თორემ მეწყინება.
- მაგას არაფერი აინტერესებს, წიგნისა და კომკავშირის გარდა, - საყვედური გაურია ხმაში.
აჰა! ახლა კი მივხვდი. ლალი ჰყვარებია თურმე. კომკავშირმა მიმახვედრა.
- რა შტერი ხარ ამხელა ბიჭი! - დავუცაცხანე, - რატომ გგონია, რომ არ აინტერესებს? სიყვარული ყველა გოგოს აინტერესებს. მისთვის კი იმდენად უცხოა ეს გრძნობა, შეიძლება მადლობაც კი გითხრას, - გამეცინა.
- მეეჭვება, - კვლავ გადააქნია თავი და მერხზე თითები ნერვიულად აათამაშა.
- სცადე.
- არ ღირს.
- გინდა მე ვუთხრა?
- ხომ არ გაგიჟდი! - ისეთი თვალებით შემომხედა, მივხვდი, ძალზე შეშფოთდა.
- კარგი, კარგი. თუ არ გინდა, გიჟი კი არა ვარ, ვუთხრა. მე ვინ მეკითხება. აგრძნობინე მაინც, შენი რა მიდის.
- არ შემიძლია.
- რატომ, გრცხვენია?
- შეიძლება ეგეც იყოს, მაგრამ უფრო მერიდება, ვიდრე მრცხვენია.
- ეგ ერთი და იგივეა. უნდა გადალახო, სცადე, უფრო მეტად იყო დარწმუნებული საკუთარ თავში. ბოლოს და ბოლოს, კაცი ხარ! - შევუტიე.
- რა ვიცი, ვნახოთ, - ხელი ჩაიქნია, წამოდგა და საკლასო ოთახიდან გავიდა.
შემდეგი გაკვეთილი ქართული გვქონდა. ზარი რომ დაირეკა, მზია მასწავლებლის მაგივრად ციცო შემოვიდა, ჩვენი დამრიგებელი. ყველას გაგვიკვირდა.
- გილოცავთ, - ციცომ ეშმაკურად გადმოგვხედა.
- რას გვილოცავთ, მასწ, - აქეთ-იქიდან წამოძახილები გაისმა.
- გაგითხოვდათ მზია მასწავლებელი, - საზეიმო კილოთი წამოიძახა ციცომ.
აბა, გაგითხოვდათო!.. ატყდა ერთი ღრიანცელი, ზოგი "ვაშას" ყვიროდა, ზოგი - "ურას".
- ვის გაჰყვა, ციცო მასწავლებელო? - ვეღარ მოვითმინე.
- ეგ თქვენი საქმე არ არის. გეყოფათ ახლა, დავიწყოთ გაკვეთილი, - ლამაზი ტუჩები გამობუშტა ციცომ, საქმიანი იერი მიიღო, მაგიდას მიუჯდა, ჟურნალი გადაშალა და სიის ამოკითხვას შეუდგა.
ახლა კი მივხვდი, რატომ იყვნენ წუხელ ჩაკეტილები ლიზა მამიდა და მზია. მთელი ორი საათი საიდუმლოდ ჩურჩულებდნენ და იცინოდნენ. აი, თურმე რაში ყოფილა საქმე.

***
შინ დაბრუნებულს, ერთი სული მქონდა, გამეგო მზიას ამბავი. მამიდა ჯერ არ დაბრუნებულა სამსახურიდან. ბებიას მივვარდი.
- ბებო, მზია მართლა გათხოვდა?
- ჰო, წუხელ გაპარულა, - ღიმილით მიპასუხა.
- ვის გაჰყვა, არ იცი?
- ვიღაც თავის თანამშრომელს, - ბებია პურებს აცხობდა და ხელები ფქვილში ჰქონდა ამოგანგლული.
- ფიზკულტურის მასწავლებელს? - სხვა ვინ მომივიდოდა თავში, მეტი მამაკაცი მასწავლებელი, დირექტორის გარდა, არავინ გვყავდა. დირექტორი კი უკვე შვილიშვილების პატრონი იყო.
- არა, ბებო, რედაქციის თანამშრომელს. მგონი ტარიელი ჰქვია.
უჰ, რა გამიხარდა! ხომ ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, ხომ ვიცოდი! რა კარგია!
მაშინვე გივი მასწავლებელთან გავვარდი, მივულოცავ-მეთქი, მაგრამ კარი შევაღე თუ არა, ზღურბლზე გავქვავდი. გივი ჩაფიქრებული და ნაღვლიანი მეჩვენა.
- მოდი, უფროსო მეგობარო, მოდი, - ნაძალადევად გამიღიმა.
- შეიძლება მოგილოცო? - "ამხანაგო" აღარ დავაყოლე, რატომღაც მეუხერხულა.
- შენ ფიქრობ, რომ ეს მოსალოცი ამბავია?
უსიამოვნოდ გამცრა ტანში. ვითომ სიძე არ მოსწონს? რას უწუნებს?
- აბა, არ უნდა გათხოვილიყო? - გავბედე თქმა.
- კი უნდა გათხოვილიყო, - თავი დამიქნია და "პრიმის" კოლოფიდან პაპიროსი ამოიღო.
- აბა, რატომ ხარ უკმაყოფილო, "ამხანაგო"? - ცოტა გამოვცოცხლდი.
- არ უნდა გაპარულიყო. აი, ამაშია საქმე. გათხოვებასა და გაპარვას შორის დიდი განსხვავებაა, უზარმაზარი, მე ვიტყოდი. რა სჭირდა სამაგისო? რა, პატარა გოგონა იყო? სახლი არ ჰქონდა თუ კარი? მშობლები არ ჰყავდა? ვერ მოვიდნენ და ვერ მითხრეს? ეგ უპატივცემულობაა და არა მარტო ოჯახის, თქვენ მიმართაც.
- ჩვენ რა შუაში ვართ? - ვერ მივხვდი, ვინ იგულისხმებოდა "ჩვენში", მაგრამ მაინც ვკითხე.
- იმ შუაში ხართ, უფროსო მეგობარო, რომ გამოცდები კარს მოგდგომიათ, ახლა გჭირდებათ პატრონი. ქართული ხომ უნდა ჩააბაროთ? საგნის მასწავლებელზე უკეთ ვინ იცის თავისი მოსწავლის შესაძლებლობები? ვინ დაგიცავთ უკეთესად? მან კი გიღალატათ. მაინცდამაინც ახლა აუტყდა გათხოვება.
- სიყვარულმა გამოცდა არ იცის, გივი. ნუ ბრაზობ, რა?! - მისი დაწყნარება ვცადე.
- არ შეიძლება ასე, - უკმაყოფილოდ გადააქნია თავი.
- ახლა ხომ იცი, მშობლებთან მისვლა-მოსვლა და ხელის თხოვნა აღარ არის მოდაში, - ვაგრძელებდი ჩემსას.
- აი, სწორედ მაგაშია საქმე. გადაგვარდა ახალგაზრდობა. დაივიწყეს ტრადიციები. დღეს ქალის მამას არ დაეკითხები, ხვალ - შენსას, ზეგ კი საკუთარ თავს და ისე წავა ცხოვრება, ერთ თვეში ხუხულასავით თავზე დაგექცევა კაცს ოჯახი.
- კაი ახლა, გაპარვა ყოველთვის იყო, მზიას და ტაროს კი არ მოუგონიათ, - დავიცავი სიძე-პატარძალი, - უბრალოდ, უფრო გახშირდა ასეთი შემთხვევები, როგორც ძველად - მოტაცება, ნაბადში რომ გაახვევდნენ ქალს, ხომ არ დაგავიწყდა, "ამხანაგო"? - გავიცინე.
- მაშინ სხვა დრო იყო, ახლა სხვა დროა, - არ დამეთანხმა, - შენ გგონია, მოტაცება მაშინ კარგ ტონად მიიჩნეოდა? ქალს იმ შემთხვევაში იტაცებდნენ, როცა ვაჟი არ უყვარდა და მის ცოლობაზე არ იყო თანახმა. ყოფილა განსხვავება? - გამომხედა.
- ყოფილა, ფარ-ხმალს ვყრი, - გავუღიმე და ხელები ავწიე დანებების ნიშნად.
- არა, საგანგაშო იმაში არაფერია, რომ გათხოვდა, მაგრამ რომ გაიპარა, სწორედ ეს არ მომწონს. ამაში ვერავის დავეთანხმები, - ჯიუტად გადააქნია თავი და შემრიგებლური ღიმილი მესროლა.

15 მაისი
ინგლისურის გაკვეთილიდან ვბრუნდებოდი. კინოთეატრის წინ გეგა დავლანდე. მანაც შემამჩნია, ბიჭებს გამოეყო და ჩემკენ გამოეშურა. გავწითლდი.
- როგორა ხარ, ტუხა? - მხარზე ხელი გადამხვია და მკერდზე მიმიკრა.
- არა მიშავს, შენ? - დავიმორცხვე.
- როგორც შენ გაგიხარდება. საით გაგიწევია?
- შინისკენ, ლორასთან ვიყავი.
- არ გინდა, კინოში შევიდეთ? - მკითხა მოულოდნელად.
- ახლა?
- ჰო, ახლა.
- გვიან არ არის?
- რატომ, რომელი საათია? - მაჯაზე დაიხედა, - ჯერ მხოლოდ ექვსის ნახევარია. ექვსიანზე რომ შევიდეთ, რვის ნახევარზე დამთავრდება, რვაზე უკვე შინ იქნები, კარგი?
- არა, არა, დამაგვიანდება, - ვიუარე შეშფოთებულმა, თან გული ბაგაბუგით მიცემდა.
- ტაქსით გაგიშვებ.
- ჩემები გაგიჟდებიან, რომ დავაგვიანო.
- შენ უკვე დიდი გოგო ხარ, შენი "მე" ხომ უნდა გქონდეს? უთხარი, კინოში შევედი მეგობართან ერთად-თქო. ტყუილი არ გამოგივა. მე ხომ ვარ შენი მეგობარი? თუ არა ვარ?
- ხარ, - შევცინე სახეშეფაკლულმა.
- მაშინ შევიდეთ. ბოლო და ბოლოს, თუ გაგიბრაზდებიან, ერთი ჩხუბი არ გიღირს ჩემი გულისთვის?
უმწეოდ ავიჩეჩე მხრები. ერთი კი არა, ათი ჩხუბიც მიღირდა გეგას გულისთვის, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მაინც მიჭირდა.
შემატყო, რომ ვყოყმანობდი და შემაგულიანა.
- სულ ფრენა-ფრენით მიგიყვან სახლში, პირობას გაძლევ, - ახლა წელზე შემომხვია ხელი და კინოთეატრისკენ წამიყვანა.
მორჩილად გავყევი. ცალი თვალით აფიშას გავხედე: "იავნანა მამაკაცებისათვის", წითელი საღებავით ეწერა სიფრიფანა ქაღალდზე.
- რუსული ფილმი გადის, "იავნანა მამაკაცებისათვის". საინტერესო სათაურია, არა? - უფრო მჭიდროდ მომხვია ხელი, - შენა ხარ ჩემი იავნანა, - ჟრუნატელმა დამიარა.
დარბაზში ძლივს ბჟუტავდა სინათლე. უკანა რიგები თითქმის ჩაბნელებული იყო. სულ ათიოდე მაყურებელი თუ იჯდა, ისიც წინა რიგებში.
- ბილეთი არ უნდა გვეყიდა? - ვუჩურჩულე გეგას.
- მე ბილეთს არ ვყიდულობ, - სიცილით მითხრა.
- რატომ?
- არ მეკუთვნის და იმიტომ.
- ექიმებს ფილმის ყურება უბილეთოდ ეკუთვნით? - ირონია გავურიე.
- ექიმებს არა, მაგრამ ძმას - კი, - თქვა.
ვერ მივუხვდი.
- ჩემი ძმაა აქ დირექტორი, გაიგე?
- გავიგე.
ესეც ახალი ამბავი. ნამდვილად არ ვიცოდი, არც ის, რომ ძმა ჰყავდა და არც ის, რომ კინოთეატრის დირექტორი იყო.
გეგამ იქვე მდგარ ბიჭებს რაღაც გადაულაპარაკა და უკანა რიგებისკენ დაიძრა, ლოჟის კარი გამოაღო და წინ გამატარა. დავსხედით. აქედან მთელი დარბაზი ხელისგულივით ჩანდა. პირველად ვიყავი აქ, მე ჯერ ჩვენს კლუბს არ გავცილებივარ.
- შენზე უფროსია? - კვლავ ვუჩურჩულე.
- ვინ?
- შენი ძმა.
- რვა წლით.
- აუჰ, რამხელა ყოფილა!
- ეს შენ გეჩვენება ასე, თორემ დიდი სულაც არ არის, - გაიცინა, - უხერხულად ხომ არ გრძნობ თავს? - მკითხა მოულოდნელად.
- არა, რატომ?
- განცალკევებით რომ ვსხედვართ, იმიტომ.
- არა, სულაც არა.
- ძალიანაც კარგი.
ამასობაში ნათურები მიყოლებით ჩაქრა და სეანსიც დაიწყო.
თავდაპირველად დიდი გულისყურით ვადევნებდი თვალს ეკრანს, თუმცა სულაც არ მაინტერესებდა. მარცხენა მხარე მიხურდა, გეგას გვერდით ყოფნას ვგრძნობდი. საოცრად დაძაბული ვიყავი. ყოველ მის შერხევაზე ვკრთებოდი, თითქოს რაღაცის მოლოდინში ვიყავი. ცოტა ხანი რომ გავიდა, ამ "მოლოდინმაც" არ დააყოვნა. გეგამ მხარზე გადამხვია ხელი და ძალაუნებურად თავი მის მხარზე ჩამოვდე. მერე საჩვენებელი თითი ნიკაპზე გამიხახუნა, ბოლოს თავი გადამიწია და თვალებში ჩამაცქერდა.
- გაკოცებ, კარგი? - ითხოვა ნებართვა. თანხმობის ნიშნად გავუღიმე. მაკოცა. მეც ვაკოცე. სუნთქვა შემეკრა. რა ადვილი ყოფილა! მე კი მეგონა, ფილმებში ერთმანეთს რომ კოცნიდნენ, თვეობით სწავლობდნენ ხოლმე. ისე ჩვეულებრივად გამომდიოდა, თითქოს დიდი ხნის კოცნაობის სტაჟი მქონდა... ცოტა ხანში გეგა კვლავ გასწორდა და ეკრანს მიაჩერდა. მეც გავისუსე. გული საგულედან ამოვარდნას ლამობდა. ფილმს კი ვუყურებდი, მაგრამ მთელი ჩემი გულისყური გეგასკენ იყო მიმართული. მიხაროდა ერთად რომ ვიყავით. იმ წუთში ყველაფერი მიხაროდა.

ჩემი და ბიძინას საუბარი, როგორც იქნა, შედგა. ინიციატივა თავად გამოიჩინა. გაამართლა ჩემმა "წინასწარხედვას". ერთხელაც არ მიკითხავს, რატომ იჩენ ამგვარ გულცივობას, ჩემზე ნაწყენი ხომ არ ხარ-თქო. მეც ისევე გულგრილად ვეპყრობოდი ეს დღეები, როგორც თვითონ მექცეოდა. ბოლოს მაინც არ მოუთმინა გულმა. მეექვსე გაკვეთილის დაწყების წინ გვერდით ჩამიარა და ხმადაბლა გადმომილაპაარკა:
- კატუშას მაღაზიასთან მოხვა?
იმდენად გამიკვირდა, ხმის ამოღება ვერ მოვახერხე. რომ ჩამიარა, მოიხედა და წარბებით მანიშნა, ჰო თუ არაო. თავი დავუქნიე ერთ ადგილას გახევებულმა. მერე მექანიკურად გავაგრძელე სვლა და საკლასო ოთახსაც ჩემდა უნებურად გავცდი.
შევკრთი. როგორ შემრცხვა. უკან მოვტრიალდი. ბალერინასავით ნაბიჯებით მომავალი მზია ეშმაკურად მიღიმოდა.
- ბოდიში მასწ, - ძლივს გასაგონად ჩავიდუდღუნე და ოთახში შევედი.
ავფორიაქდი. კლასში კი ვიყავი, მაგრამ ფიქრებით კატუშას მაღაზიის ირგვლივ ვტრიალებდი. ნეტავ რას მეტყვის? შენც კარგად იყავი და მეცო, რომ გამომიცხადოს, მაშინ? არა, ამის გაფიქრებაც არ მინდა. რატომ უნდა მითხრას? გულახდილად რომ ვთქვა, ვერ ვხვდები. გეგას ამბავი, დარწმუნებული ვარ, არ ეცოდინება, მაგრამ... თუ იცის? მერე რა? ერთადერთხელ მყავს ცხოვრებაში ნანახი. ტელეფონზე თუ ვესაუბრები, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. განა თვითონ არა ჰყავს "ტრუბკით" გაცნობილი "დობილები"? რამდენიც გაგიხარდება! ამას არც თვითონ მალავს. ჰოდა, არც მე ვარ გამონაკლისი. არა, ეგ არ არის მისი გულცივობის მიზეზი. ამ შემთხვევაში ძაღლის თავი სხვაგანაა დამარხული... მაგრამ სად?
- ნატა, იქნებ მოგვხედო ცოტა ხნით? თუ შეიძლება, მოგვაქციე ყურადღება, - სანამ მზია მასწავლებლის ხმას გავიგონებდი, ბაჩანას მუჯლუგუნი ვიგრძენი. ისე მწარედ გამკრა იდაყვი, კინაღამ ვიყვირე. ფიქრებიდან გამოვერკვიე.

- ვისი სახლის სახურავზე დაფრინავ, ქალბატონო? - ორაზროვნად ჩამიკრა "ბალერინამ".
ნირი წამიხდა. ქალი კარსმომდგარ გამოცდებზე გვესაუბრება,მ ე კი რაზე ვფიქრობ. ლალის რომ მოვუყვე ახლა ჩემი განცდების შესახებ, ან გულიკოს, მოსაკლავი ხარო, მეტყვიან და ღირსიც ვიქნები...
როგორც იქნა, გაკვეთილიც დამთავრდა. ჩანთა ჩავალაგე და ყველაზე ბოლოს ფეხათრევით გავედი საკლასო ოთახიდან. დერეფანში აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს, სადმე ზიზას არ შევეჩეხო-მეთქი. იმას რას გამოაპარებ, მაშინვე მიმიხვდებოდა ყველაფერს. "მშვიდობიანად" მივაღწიე დანიშნულ ადგილამდე. მაღაზიის წინ, ზუსტად შუა ადგილზე, უზარმაზარი თუთის ხე დგას. ბიძინა ამ ხეს მიყრდნობოდა და თვალები დაეხუჭა.
- საქმე გქონდა რამე? - ვკითხე და გვერდზე გავიხედე, აქაოდა, სულაც არ მეპიტნავებოდა მასთან შეხვედრა, თითქოს მოსვლა მაიძულა ვინმემ.
- შენ არ გქონდა? - შეკითხვა შემომიბრუნა და თვალები მერეღა გაახილა.
- რა ვიცი, - მხრები ავიჩეჩე.
- წამო, კლუბის ეზოში შევიდეთ, ჩამოვსხდეთ.
უსიტყვოდ დავუყევით ტროტუარს. ორივე ტაატით მივდიოდით. ვღელავდი. გული ცუდს მიგრძნობდა.
ეზოში შევედით და გრძელ, ფიცრისგან დაჭედილ გრძელ მერხზე ჩამოვსხედით.
- ბოლო ხანებში "ნე ვიჟუს" რატომ მიკეთებ? - თავჩაღუნულმა მითხრა და წინგადახრილმა ხელები ერთმანეთში გადახლართა.
- მე თუ შენ? - გამიკვირდა, აქეთ რომ მომდო შარი.
- მე მქონდა მიზეზი, მაგრამ შენ? - ქვემოდან ამომხედა.
- რა მიზეზი? - ადვეკითხე.
- არ იცი, რა მიზეზი?
- აზრზე ვერ მოვდივარ, რას გულისხმობ, - უფრო მოხერხებულად მოვკალათდი გრძელ მერხზე.
- ნანას გარშემო დატრიალებული ამბავი შენი მოფიქრებულია, ხომ ასეა?
უსიტყვოდ დავუქნიე თავი და რაღაც საშინელების მოლოდინში გავირინდე.
- მაშინ შენ ისიც მითხარი, როცა სიმართლის თქმა საჭირო იქნება, თავად მოახსენეო. იყო ასე?
- მერე? რაღა შორიდან უვლი, მითხარი, რისი თქმაც გინდა, - ამრეზით ავხედე.
- მერე ის, რომ ადექი და ჩემს უკითხავად მოახსენე, იმ გოგოს ყველაფერი...
- რა მოხდა მერე, დავაშავე რამე?
- როგორ გგონია, არ დააშავე?
- შენი აზრით, როგორღა უნდა მოვქცეულიყავი?
-- ჩემთვის უნდა შეგეთანხმებინა. არა ვარ მართალი?
პასუხი არ გამიცია. ვხვდებოდი, რომ ცუდად მოვიქეცი.
- ახლა რა გამოვიდა? შენ "კაი ბიჭი" გამოხვედი, მე კი... - ხელი ჩაიქნია და გვერდზე გაიხედა.
- მე სხვა გზა არ მქონდა. - ამოვთქვი.
- რატომ... რატომ არ გქონდა სხვა გზა მითხარი.
- ვერ გეტყვი.
- რას ჰქვია, ვერ მეტყვი. ეგ რანაირი თავის მართლებაა? - შეჭმუხნა წარბები.
- არის ისეთი რამ, რაც არ ითქმება.
ენის წვერზე მადგა სათქმელი, მაგრამ თავს ვიკავებდი. არ მინდოდა ბიძინას გეგას ამბავი გაეგო. ეგ უფო ჩახლართავდა ისედაც ჩახლართულ სიტუაციას.
- ვინმემ გაიძულა? - ბიძინა არ მეშვებოდა.
- ვინმემ - არა.
- აბა?
- მდგომარეობამ მაიძულა.
- არ მესმის შენი, ნატა. რა საჭიროა ასეთი მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი. გუშინ ხომ არ გაგვიცნია ერთმანეთი? - უკმაყოფილება მატულობდა მის ხმაში.
გაჩუმება ვარჩიე.
- თქვი რამე, - დუმილი ბიძინამ დაარღვია.
- მე არაფერი მაქვს სათქმელი, - წამოვდექი და წასასვლელად გავემზადე.
- მე - მით უმეტეს, - ცივად თქვა და ისიც წამოდგა.
ერთმანეთის პირისპირ ვიდექით. ბიძინა თვალს არ მაშორებდა. თითქოს პასუხს ელოდა ჩემგან.
- შენ რომ იყო ჩემს ადგილზე, როგორ მოიქცეოდი? - მკითხა მოულოდნელად.
რა უნდა მეთქვა. ვიცოდი, დამნაშავე ვიყავი. ჩემი სულელური გამოხტომების გამო უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდე. როგორ მოვიქცეოდი? როგორ და...
- არ ვიცი. გულმა როგორც გიკარნახოს, ისე მოიქეცი, - მხრები ავიჩეჩე.
- როგორ ფიქრობ, აზრი აქვს ჩვენი ურთიერთობის გაგრძელებას?
გული შემიტოკდა. ცუდად მენიშნა მისი ნათქვამი.
- შენ რა, მიზეზს ეძებ იმისათვის, რომ ერთმანეთს დავშორდეთ? - გაოცებულმა წარბები ავზიდე.
- ვეძებ? ძებნა რა საჭიროა, როცა მიზეზი სახეზეა, - ირონიულად ჩაიცინა.
ბრაზი თანდათან მერეოდა. ვგრძნობდი, აქ უფრო სერიოზული მიზეზი იმალებოდა, ვიდრე გარედან ჩანდა.
- მე მეგონა, ჩვენ უფრო დიდი შეცდომების პატიება შეგვეძლებოდა ერთმანეთისთვის. როგორც ვხედავ, შევმცდარვა. ამას ნამდვილად არ ჰქვია სიყვარული. უკაცრავად, მთელი წელი რომ "მოგაცდინე" ჩემი გულისთვის, - ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოვთქვი.
- შენ მე არაფრად ჩამაგდე. ნუთუ არ გესმის?
- მესმის, ძალიან კარგადაც მესმის...
- მერე?
- რა მერე? კარგი, ბატონო, დავუშვათ, შემეშალა. შენი აზრით, ჩემი საქციელის პატიება არ შეიძლება? ასეთი საბედისწერო შეცდომა დავუშვი?
- არის შეცდომა, რომელსაც ვერ გამოასწორებ, - თქვა მოულოდნელად.
გავოგნდი. უცებ გეგა ამომიტივტივდა გონებაში. "შეცდომის გამოსწორება ყოველთვის შეიძლება", - თითქოს ყურში ჩამესმოდა გეგას სიტყვები. "ასეთი შეცდომა არ არსებობს", ბიძინა კი საპირისპიროს მიმტკიცებდა.
- როგორც იტყვი. შენი საქმისა შენ იცი. მე ბოდიშს გიხდი, თუკი უნებლიედ გული გატკინე, - საყვედურით სავსე თვალებით შევხედე, მოვტრიალდი და გზას გავუდექი.
ბიძინა არ განძრეულა. მეგონა, დამიძახებდა, მომაბრუნებდა...მისი ერთი სიტყვა და... ყველაფერს თავიდან დავიწყებდი, პატიებას ვთხოვდი, მაგრამ... არ დამიძახა, არ მომაბურნა. ალბათ, არ ჰქონდა სურვილი, გაგრძელებულიყო ჩვენი ურთიერთობა, ალბათ, ასე გადაწყვიტა... მივხვდი, მე მისთვის უკვე არაფერს წარმოვადგენდი...

***
ოთხ საათზე უკვე ლორა მასწავლებელთან ვიყავი. გაკვეთილმა ჩვეულებრივად ჩაიარა. ექვის ნახევარზე მეცადინეობას მოვრჩით. ჩემი წიგნ-რვეული ხელჩანთაში ჩავალაგე, დავემშვიდობე და ჭიშკრისკენ გავწიე.
ქუჩაში გამოსულმა თვალებით გეგას ადვუწყე ძებნა. უცებ სტვენის ხმა შემომესმა. უკან მოვიხედე. ლერას სახლის გვერდით მდებარე ეზოს შუაგულში იდგა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ეშმაკურად მიღიმოდა. გულმა უცნაურად დამიწყო ძგერა. გეგა ნელა დაიძრა ჭიშკრისკენ. კარი გამოაღო და თითით მიმიხმო.
- გამარჯობა, - მორცხვად მივესალმე. ახლა უფრო სიმპათიური მეჩვენა. ბიძინასგან გამოყოლილი დილანდელი წყენა ჯერ კიდევ არ გამნელებოდა. ჩემი სევდიანი განწყობა გეგას არ გამოჰპარვია.
- გაგიმარჯოს, ნატალი. რა გჭირს? - თავი ვგერდზე გადახარა და ხელი გამომიწოდა.
მეც შევაგებე. ჩემი თითები თავისაში მოიმწყვდია და თავისკენ მომქაჩა. მოულოდნელად მეორე ხელი წელზე მომხვია და მკერდზე მიმიკრა. სასიამოვნო ტალღამ დამიარა სხეულში.
- ვინ გაწყენინა? - ზედ ყურთან მიჩურჩულა.
- არავინ, - მეც ჩურჩულზე გადავედი და მისი მკლავებიდან თავის დაღწევა ვცადე.
ხელი შემიშვა.
- აქ რას აკეთებ? ვისია ეს სახლი? - ვკითხე.
- ჩემი, - ღიმილით მიპასუხა.
- შენი? აქ ცხოვრობ? - გავოცდი.
- ჭეშმარიტად. არ გჯერა?
- რა ვიცი... - დავიბენი.
ბედის ირონიაც ამას ჰქვია. რვა თვეა, ლორასთან დავდივარ სამეცადინოდ და გეგა თურმე აქვე, მის გვერდით ცხოვრობს. რას ვიფიქრებდი.
მალულად გავაპარე მზერა მისი სახლისკენ - ლამაზი, ორსართულიანი წითელი აგურის სახლის იყო, თეთრი ქვით გაწყობილი. ხასხასა ბალახით მოფენილ ეზოში სხვადასხვა ფერის ვარდები ჰყვაოდა. ქალის მზრუნველი ხელი ეტყობოდა აქაურობას.
- რა ლამაზი ვარდები გქონია, - კიდევ ერთხელ მიმოვიხედე.
- დედაჩემის დარგულია. ყვავილებზე გიჟდება. შენც ხომ გიყვარს ვარდები?
- ძალიან. შენ რომ მაშინ გამომიგზავნე, შენი ბაღის იყო? - გავახსენე.
- არა, ის ბაზრის იყო, - ხმამაღლა გაიცინა.
როგორ ლამაზი თვალები ჰქონია - ცისფერი, წყლიანი. აბა რატომ არ მომეწონა? მშვენიერი ვინმეა, რას ვუწუნებ!
- შემო, ყავაზე დაგპატიჟებ, - ჭიშკარი ფართოდ გააღო და ეზოში შემიპატიჟა.
- არა, გმადლობთ, - შევცბუნდი.
- რატომ, გეშინია? - მოჭუტა თვალები.
- არა, უბრალოდ, უხერხულია... დედაშენი რას იტყვის.
- შინ არავინ არ არის. მარტო ვარ. შემო, შემო, ნე გერიდება. ბოლოს მაინც აქ მოგიწევს მოსვლა. გირჩევ, აქედანვე შეეჩვიო, - კვლავ გაიცინა, მხარზე ხელი გაადმხვია და წინ მიბიძგა.
არ მახსოვს, როგორ შევედი ეზოში, როგორ ავიარე კიბის საფეხურები და როგორ აღმოვჩნდი პატარა, მყუდრო, ოდნავ ჩაბნელებულ ოთახში.
- თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში, - გეგა ფანჯარას მიუახლოვდა და ფარდა გადასწია.

რომანი განახლდება ყოველღამ 12:00 საათზე

განაგრძე კითხვა

სვეტა კვარაცხელია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (9)
06.04.2015
აუ ეს რა არის როგორ აგერიათ თავები???
რური
05.04.2015
roca xalxi gcert rom tavebi pataraa da meti dadot es imas ar nishnavs rom cina tavis naxevari miabat gasagrdzelebalad.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
შენთან არასერიოზული დამოკიდებულება რომ მდომებოდა, ჩვენი ურთიერთობა აქამდე უკვე შეწყდებოდა. შენ უნდა მიმხვდარიყავი ამას! ცუდი სვლა გამოგივიდა, რითაც ასეთი სერიოზული თამაში გააფუჭე.

მე ვინღა შემარიგებს გეგასთან? ამის შემდეგ გაუჩნდება კი სურვილი, დამირეკოს და, მით უმეტეს, შემხვდეს? გამორიცხულია. ეს რა ვქენი! რა სისულელე ჩავიდინე! რატომ, რატომ, რატომ? რა მრჯიდა, ვინ მაძალებდა! მისკენ სავალი ყველა გზა საკუთარი ხელით მოვსპე. ახია ჩემზე!

საუბარი. მოდი, ასე გავაკეთოთ. მე დავუკავშირდები გეგას და მე, შენ და ის შევხვდეთ ერთმანეთს და გავარკვიოთ, რა ხდება, კარგი?

გაბრუებულმა ყურმილი ფრთხილად დავკიდე.
ჩემი გაცისკროვნებული თვალები სილვა ბებიას არ გამოჰპარვია. კრიტიკულად ამხედ-დამხედა


ცოტა თუ არ შევუძახე ჩემს თავს, უსიამოვნება არ ამცდება, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ვისაც მოვწონვარ, ყველას ვეპრანჭები. არადა, შეიძლება ასეც იყოს

ასე დიდხანს ვერ გავძლებ. ბიძოსთვის შეიძლება ადვილია, მაგრამ არა ჩემთვის. მივხვდი, ბიძინას დაკარგვა არ მინდოდა, მაგრამ... არც გეგასი. ის კი ჯიუტად დუმდა...

- ნატა, შენ ვინმე უცხო ბიჭი ხომ არ გირეკავს?
ელდა მეცა. საიდან უნდა სცოდნოდა? თუმცა, რატომ ვუმალავ?

- რა მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის სულერთია, ბევრი იქნება თუ ცოტა. ვინც მთავარია, ის არ იქნება, - თქვა და კვლავ დაჟინებით ჩამაშტერდა, - სხვანაირი გახდი ბოლო დროს, - ჩუმად დაამატა.
ახლა მე გავწითლდი. თვალი ავარიდე


საღამოს ჯერ ბიძინამ დამირეკა, მერე - გეგამ. რვა მარტი ორივემ მომილოცა. ბიძინასთან დიდხანს არ მილაპარაკია. როგორც ჩანს, დედამისი შინ იყო და დრო როცა იხელთა, მაშინღა მოახერხა დარეკვა.

მოვტრიალდი. ახლოს მივედი. დავაკვირდი. გაოცებული დავრჩი. ერთი, ყველაზე დიდი ზომის მიხაკის სათითაოდ ყველა ფურცელს გამოყვანილი ასოებით ეწერა: "გეგასაგან".

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.