sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XXXIII-XXXIV ნაწილი)
font-large font-small
sheabi.ge პარალელურ სამყაროში  (XXXIII-XXXIV ნაწილი)

დასაწყისი იხილე აქ

ნახალოვკელი ვანო ვარ, თუ რამე დაგჭირდეთ, მიკითხეთ. შვილი მომიკლეს ერთი წლის წინ, თავისსავე ძმაკაცებმა გაწირეს...




დილით მხნედ გავიღვიძე. კარგა ხანია, ასე მსუბუქად არ მიგრძნია თავი. შაბათი იყო. სამსახურში არ მივდიოდი და არსად მეჩქარებოდა. ვიფიქრე, რომ ზურა მალე წავიდოდა შინ და მთელი დღე ჩემთვის დავგეგმე. დილით მაღაზიაში უნდა გამევლო, პალტოს ყიდვა მქონდა გადაწყვეტილი; შემდეგ ქეთინოსთან უნდა წავსულიყავი, საღამოს კი... საღამოსთვის რაღაცას მოვიფიქრებდი, მაგრამ გეგმები წყალში ჩამეყარა. ზურას ჯერ კიდევ ეძინა, როდესაც სახლის ტელეფონმა დარეკა. ნინო იყო.
- დილა მშვიდობისა, ნატალი. როგორ ხარ?
- კარგად, ნინო, შენ?
- მეც... ბატონი ზურა თქვენთან ბრძანდება?
- ხათუნამ გამოგაგზავნა?
- ხათუნამ, ლიკამ, ნანამ, ლანამ, ჟანამ... - ჩამოთვალა სახელები.
- მაშინ ხათუნას, ლიკას, ნანას, ლანას და ჟანას გადაეცი, რომ ბატონ ზურას სძინავს და მისი შეწუხება არ შეიძლება. თანაც, არც ერთის ხმის გაგონება არ სურს...
- რა ბოროტი ხარ, ღმერთო ჩემო... - გაიცინა ნინომ. - ჩემი? არც ჩემი ხმის გაგონება უნდა?
- ნატ, ვინ არის? - როგორც ჩანს, ხმაურზე გაიღვიძა და გამომძახა ზურამ.
- ნინო...
- რა უნდა?
- რა გინდა? - ჩავძახე ყურმილში მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ნინომ ზურას ნათქვამიც მშვენივრად გაიგონა.
- აბრძანდეს და ტელეფონთან მობრძანდეს...
- აბრძანდი და ტელეფონთან მობრძანდი. - ახლა ზურას გავძახე. ის უკვე საძინებლიდან გამოდიოდა.
კარგა ხანს ელაპარაკა ნინოს, მაგრამ მარტო "ჰო" და "არას" ამბობდა. ბოლოს, - კარგიო, - უთხრა და ყურმილი დაკიდა.
- ნატ, რა უნდა გააკეთო დღეს? - ახლა მე მომიბრუნდა.
- ჯერ მაღაზიაში მივდივარ, მერე ქეთინოსთან, მერე არ ვიცი... - ზუსტი თანმიმდევრობით გავაცანი ჩემი გეგმა.
- მაღაზიაში რა გინდა?
- პალტო უნდა ვიყიდო...
- ოჰ, რა ერთნაირები ხართ ეს ქალები... - სულ წყალში ჩამიყარა გუშინდელი მონოლოგი.
- აშკარად პროგრესს განიცდი... ხედავ, უკვე რა მაგარ დასკვნებს აკეთებ? - გამეცინა.
- იცინე, იცინე... ახლა ნინომ სწორედ მაგაზე დამირეკა - მაღაზიაში პალტოს საყიდლად მივდივარ და წამომყევი, შენი გემოვნებით შემარჩევინეო. ხედავ? შენ კი ჩემს გემოვნებას არ ითვალისწინებ და როგორც გინდა, ისე დადიხარ და ყიდულობ ყველაფერს. ისწავლე ნინოსგან, როგორ უნდა მოიქცე...
- კარგი, მომავალში გავითვალისწინებ, მაგრამ დამოუკიდებლობას ბავშვობიდან მივეჩვიე...
- დროა, გადაეჩვიო. მოემზადე, ნინოს გავუაროთ და ბარემ, ერთად მოვილევ თქვენ საქმეებს, მერე კი, ჩემს საქმეს მივხედავ.

ერთ საათში მე და ნინო უკვე პალტოებს ვიზომებდით და ზურას წინ მოდელებივით ვტრიალებდით. ერთი პალტო ძალიან მომეწონა და კარგა ხანს ვიზომებდი სარკეში, მაგრამ საბოლოოდ, მაინც უარი ვთქვი, რადგან ვიცოდი, საფასურს ზურა გადაიხდიდა და ნინოსთან მეუხერხულებოდა... ხმამაღლა მხოლოდ ის ვთქვი: აქ ვერაფერი შევარჩიე და ყიდვა სხვა დროისთვის გადავდე-მეთქი. ნინოს პალტოს საფასური ზურამ გადაიხადა და მაღაზია დავტოვეთ. მერე, ნინოს თხოვნით, ზურამ ხინკალზე დაგვპატიჟა. კარგა ხანს ვისხედით რესტორანში და წამოსვლას არც ერთი არ ვჩქარობდით. ვუყურებდი ამ შეხმატკბილებულ და-ძმას და გულში სითბო მეღვრებოდა. მზერითაც კი ესმოდათ ერთმანეთის. ერთნაირად ხუმრობდნენ და სიცილიც ერთნაირი ჰქონდათ. ნინო ჩემთან დავპატიჟე. უარი არ უთქვამს. ზურამ ეზოში დაგვტოვა და საღამომდე დაგვემშვიდობა.
- ნინო, უჩემოდ არ წახვიდე, მოგაკითხავ! - მოგვაძახა, სადარბაზოში შესულებს.

მე და ნინომ კარგა ხანს ვიჭორავეთ. მისგან დაწვრილებით შევიტყვე, რაზე ილაპარაკეს ზურამ და ხათუნამ საავადმყოფოში, ჩემი წამოსვლის შემდეგ. თურმე, ხათუნას ეჭვიანობის სცენა მოუწყვია, ზურა კი - გაჩუმებული უსმენდა.
- არასოდეს უეჭვიანია ასე ხათუნას. მან ზურას ყოველი მორიგი რომანის შესახებ ყოველთვის იცოდა, მაგრამ თვალს ხუჭავდა და ყველაფერს უსიტყვოდ ყლაპავდა. ახლა ალბათ, რეალური საფრთხე იგრძნო. - თქვა ნინომ.
- მე მისთვის საფრთხეს არ წარმოვადგენ, ქმარს არ ვართმევ, - ვთქვი ჩუმად.
- მაგას დიდი ხანია, ქმარი არ ჰყავს. ზურა მისი სპონსორია მხოლოდ. ახლა კი ალბათ, სწორედ სპონსორის დაკარგვის ეშინია. როგორც ჩანს, ღირსეული ქალის მეტოქეობას გრძნობს და გაწიწმატდა. ისეთი ამბავი დაუწევია ზურასთვის, რომ თურმე, ექიმები ძლივს აკავებდნენ.
- ამის შესახებ ზურას ჩემთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.
- ხათუნას წივილ-კივილზე ექიმი რომ შესულა, ახლა მას მისდგომია, რატომ მიეცით უცხო ქალს უფლება, ჩემს ქმართან ღამით დარჩენილიყოო?! ექიმს კი უთქვამს: მე ის ქალბატონი ცოლი მეგონა, რას წარმოვიდგენდი, თუ ცოლი შინ წავიდოდა და აქ მეგობარი დარჩებოდა? არ დავინტერესებულვარ, როგორი ნათესაური ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან თქვენს ქმარსა და იმ სიმპათიურ ქალბატონსო.
- შენ არ შემოგჩივლა?
- მე იმ დღეს დამირეკა, როდესაც შენთან ერთად წამოვედი. გახსოვს, კაფეში რომ შევედით? საღამოს, გოჩამ რომ მიმიყვანა სახლში, ხათუნამაც დარეკა. ტონს აუწია თუ არა, მაშინვე თავისი ადგილი მივუჩინე. შენ კიდევ არ იცი, როგორ მყავს გამოჭერილი. ეს ჩემი და მისი საქმეა მხოლოდ და ნუ გეწყინება, თუ არ მოგიყვები.
- არ მეწყინება, თუმცა, დაახლოებით ვხვდები, რა შეიძლება იყოს...
- ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტან, ნატალი... - მითხრა და სიგარეტის კოლოფი გამომიწოდა. უარი არ მითქვამს. ერთი ღერი ამოვაძვრე, მოვუკიდე და კვამლი ხარბად ჩავისუნთქე.
- ნეტავ, ხათუნა რომ ბრაზობდა, ზურას სულ არ ამოუღია ხმა? - ვიკითხე სასხვათაშორისოდ...
- მხოლოდ ის ვიცი, რომ ზურა უფლებას არ აძლევდა, რაიმე ეთქვა შენზე. შენს დაცვას ცდილობდა და წყნარად, მშვიდად უხსნიდა - ერთმანეთი გვიყვარსო.
- მერჩია, ასე არ ეთქვა.
- რატომ? - გაუკვირდა ნინოს.
- ახლა შესაძლოა, სულ არ გაჩერდეს და გაცილებით მეტი პრობლემა შემიქმნას.
- ეგ შორიდანაა მაგარი, თორემ რატომ შენ ვერ გაგიბედა რაიმეს თქმა? - გაიცინა ნინომ. - დარწმუნებული ვარ, მაგას შენი მისამართიც ზეპირად ეცოდინება, მაგრამ მოსვლას რატომღაც ვერ ბედავს... ის რომ მოვიდეს, რას იზამ? - სწორედ ამ დროს, კარზე ზარის ხმა გაისმა. - აი, მგონი, მოვიდა კიდეც... გავაღო? - მკითხა ნინომ და ჩემს პასუხს არც დაელოდა, ისე წავიდა კარის გასაღებად.
- ნატალი, შენ გკითხულობენ! - დამიძახა ერთ წუთის შემდეგ. კართან უხალისოდ მივედი. იქ უცხო მამაკაცი იდგა.
- ნატალი ხართ?
- დიახ, - ვუპასუხე გაკვირვებულმა.



- ეს თქვენ გამოგიგზავნეს, - მითხრა და მოზრდილი ცელოფანის პარკი გამომიწოდა.
- გმადლობ! - პარკი გამოვართვი და ვიდრე კიდევ რაიმეს ვეტყოდი, მამაკაცი კიბეზე დაეშვა.
- ვინ იყო? - მოუთმენლად მკითხა ნინომ, რომელიც იქვე იდგა. მხრები ავიჩეჩე და ოთახში შევედი. - გახსენი, რაა... - ისევ ვერ ითმენდა ნინო. ცელოფანში მოზრდილი, ლამაზად შეფუთული ყუთი იდო. სწრაფად შემოვხსენი `ჭრაჭუნა~ ქაღალდი და თავი ავხადე. ნინო მოპირდაპირე მხარეს იდგა და არანაკლები ინტერესით იჭყიტებოდა. ერთმანეთს შევხედეთ და ორივემ ერთდროულად გავიცინეთ - ყუთში ის პალტო იდო, რომელიც დილით ასე ძალიან მომეწონა მაღაზიაში. ძნელი მისახვედრი სულაც არ იყო, რომ სიურპრიზი ზურამ მომიწყო. ძალიან მესიამოვნა მისი ყურადღება.
- მეც მივხვდი, რომ პალტო მოგეწონა, მაგრამ არ იყიდე, - გამიღიმა ნინომ.
- ჰო, ძალიან მომიხდა, - ვთქვი და პალტო შემოვიცვი. სარკესთან მივედი და ჩემი თავი შევათვალიერე.
- მაგარია! - ცერა თითი ზემოთ ასწია ნინომ.
- პალტო კი არა, ზურაა მაგარი, - დავასკვენი ხმამაღლა.
- ნუუუ... მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩემი ძმა ყველაზე მაგარი მამაკაცია მსოფლიოში, - თავმომწონედ თქვა `მულმა~ და რომ არ დავთანხმებოდი, ნამდვილად ეწყინებოდა. თუმცა, არც საიმისო საფუძველი მქონდა, რომ საპირისპირო აზრი დამემტკიცებინა.
ზურა საკმაოდ გვიან მოვიდა, დაღლილი ჩანდა, მაგრამ მაინც კარგ განწყობილებაზე იყო. გაბადრული სახით შემოაბიჯა სახლში. მაშინვე მოვეხვიე, ლოყაზე ვაკოცე და მადლობა გადავუხადე საჩუქრისთვის.
- არაფრის, პატარავ... ნინო სად არის? - მომიჭრა მოკლედ.
- აქ ვარ! - ოთახიდან შეეხმიანა ნინო.
- ნატ, მშია! - საცოდავი თვალებით შემომხედა ზურამ. - მაგრამ ალბათ, ჭორაობას გადაჰყევით და ვის ახსოვდა ვახშამი, არა?
- ჩვენც გვშია და შენ გელოდით. წამო, სადმე წაგვიყვანე, რა... - შეეხვეწა ნინო.
- კენჭი ვყაროთ! - იდეა მოგვაწოდა ზურამ. - აბა, ვინ არის მომხრე, რომ მაღაზიიდან გამზადებული საჭმელი მოვიტანოთ და შინ ვივახშმოთ? - იკითხა, თვითონ ასწია ხელი და გადმოგვხედა. ძალიან მეზარებოდა შინიდან გასვლა, მაგრამ ზურას არ ავუბი მხარი. - ვინ არის მომხრე, რომ მცხეთაში წავიდეთ და რესტორანში ვივახშმოთ? - იკითხა ხელახლა. მე და ნინომ ერთდროულად ავწიეთ ხელი. - კარგი, როგორც გინდათ. ხომ ვიცოდი, რომ მაინც ისე იქნებოდა, როგორც თქვენ გინდოდათ, - ჩაიბურტყუნა, მაგიდაზე დადებულ მანქანის გასაღებს ხელი წამოავლო და ორივე წინ გაგვიგდო, თვითონ ბურტყუნ-ბურტყუნით მოგვყვებოდა უკან.

მცხეთიდან საკმაოდ გვიან წამოვედით. დიღმის შესასვლელთან ვიღაც მამაკაცი იდგა და გამვლელ მანქანებს ხელს უწევდა.
- გავიყოლოთ! - თქვა ზურამ და მის ფეხებთან დაამუხრუჭა. მე და ნინო უკანა სავარძელზე ვისხედით. უცნობმა წინა კარი გამოაღო და ზურას გვერდით მოკალათდა. ის კარგად ჩაცმული, ასე, 45-50 წლის მამაკაცი იქნებოდა.
- გამარჯობა! - საერთო სალამი თქვა და უკან მსხდომებს გადმოგვხედა. - მე ნახალოვკელი ვანო ვარ, თუ რამე დაგჭირდეთ, მიკითხეთ. შვილი მომიკლეს ერთი წლის წინ, თავისსავე ძმაკაცებმა გაწირეს... - დაიწყო თავისი ამბის მოყოლა ისე, რომ არც არავის უკითხავს.
- ახლა სად იყავი? - ჰკითხა ზურამ.
- რესტორანში ვმუშაობ, მუსიკოსად. ახლა დავამთავრე სამსახური და შინ მივდივარ. რა ვქნა, ასეთია ცხოვრება. მემღერება თუ არა, მაინც უნდა ვიმღერო. - იმის ნაცვლად, რომ ამ მამაკაცის მიმართ თანაგრძნობა გამჩენოდა, პირიქით, აგრესია ვიგრძენი და გულში ზურას შევუკურთხე.
- რომელ რესტორანში? - არ ეშვებოდა ზურა.
- აი, აქ, ახლოს, - სადღაც უკან გაიშვირა ხელი.
- რა ჰქვია რესტორანს? - ახლა მე ვკითხე, რადგან ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს კაცი იტყუებოდა.
- ჩემი შვილი 22 წლის იყო, - პასუხს თავი აარიდა და თავისი ამბავი განაგრძო. - ანგელოზივით შვილი მყავდა, ძმაკაცებმა უღალატეს, - გაიმეორა ისევ.
- სადაური კაცი ხარ? - ახლა ზურამ ჰკითხა.
- წარმოშობით იმერელი ვარ, მაგრამ თბილისში დავიბადე და გავიზარდე. შენ რა გქვია? - ჰკითხა ზურას.
- ზურა.
- ზურა, ძმაო, შენ დიდი კაცი ჩანხარ, ალბათ, ბევრი შეგიძლია. 10 ლარი მასესხე და გეფცები, დაგიბრუნებ. ის კაცი არ ვარ, ვალის დაბრუნება რომ არ უყვარს...
ამ დროს, დიდუბიდან სანზონისკენ მიმავალ გზაზე ვიყავით. როგორც ჩანს, ზურას მისი შინ მიყვანა ჰქონდა გადაწყვეტილი. მის თხოვნაზე მანქანა გააჩერა, ჯიბიდან ორმოცდაათლარიანი კუპიურა ამოიღო და გაუწოდა. იმანაც გამოართვა და მაშინვე ჯიბეში გაიქანა. - ახლა, ზევით, დადიანზე ახვალ თუ არა, იქვე გამიჩერე, - თქვა კმაყოფილმა, როდესაც ფული საიმედო ადგილზე დაიგულა.
ზურა მანქანიდან გადავიდა, წინიდან შემოუარა, მარჯვენა კარი გააღო და თავით ანიშნა, რომ ისიც გადასულიყო. ვანო დაემორჩილა მის უსიტყვო ბრძანებას და მანქანიდან წელმოწყვეტილი გადავიდა. ზურამ კარი თვითონ დახურა, ისევ შემოუარა მანქანას, დაჯდა და გასაღები გადაატრიალა.

- მათხოვარი! - მოტორის ხმაურში ძლივს გავიგონე მისი ხმა.
- კი, მაგრამ უცხო ადამიანს რომ მანქანას უჩერებ, შეიძლება? რა იცი, ვინ არის? - ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მყოფმა ნინომ.
- მე დაგვიანებული მგზავრი მეგონა. ეგ კი მათხოვარი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, შვილის სიკვდილით სპეკულანტობს და არც ისაა გამორიცხული, რომ აქ ყოველ საღამოს `აბირჟავებდეს~ და ფულს მათხოვრობდეს.
- ეგ არც მუსიკოსი იქნება, - ჩავერიე საუბარში.
- რა თქმა უნდა, - მხარი ამიბა ნინომ.
- კარგი, გოგოებო, დაწყნარდით! - სიმშვიდისკენ მოგვიწოდა ზურამ. - ნი, ამაღამ ნატასთან დავრჩეთ, კარგი?
- შენ თუ გინდა, დარჩი, მე რაღა მინდა? - გააპროტესტა ნინომ.
- დარჩი, რა მოხდა მერე? - გულით დავპატიჟე მეც.
- ხვალ დილით ბათუმში მივდივარ. თუ გინდათ, ორივეს წაგიყვანთ, გაგასეირნებთ და ზეგ უკან დავბრუნდეთ.
- აუ, რა კარგია! - ტაში შემოსცხო ნინომ. - ნატ, წავიდეთ?
- წავიდეთ... - ვთქვი და ზაფხული გამახსენდა. - სასტუმროში მე და შენ ერთ ნომერში ვიქნებით, ხოლო ზურა და თავისი ნაშა - ერთად.
- მოკლედ, ვერ დაივიწყე ეგ ამბავი, არა? - სარკეში გამომხედა ზურამ.
- მაგას რა დამავიწყებს?

- რა იყო, რა მოხდა? - დაინტერესდა ნინო. ზურამ თავად დააკმაყოფილა მისი ცნობისმოყვარეობა და მოკლედ მოუყვა იმ დღის ამბები, როცა ბათუმში ერთმანეთს მეორედ შევხვდით და მე დილაუთენია სასტუმროს მეძავთან წავასწარი.
- ნწუ... ნწუ... ნწუ... - თავი გადააქნია ნინომ... ამ თემაზე საუბარი აღარ გაგვიგრძელებია. იმ ღამით ზურა დივანზე დავაწვინეთ, ხოლო მე და ნინო საძინებელში, ჩემს ორსაწოლიან ტახტზე მოვთავსდით. გამთენიისას ზურა თავზე დაგვადგა.
- ვერ ვიძინებ დივანზე, გვერდები მეტკინა, მიიწიე, დამაწვინე, - მეჩურჩულებოდა, მაგრამ ნინოს მაინც გაეღვიძა.
- მოდი, შუაში დაწექი, - ჩურჩულითვე უპასუხა ძმას და ადგილი გაუთავისუფლა. იმანაც უბოდიშოდ გადამაბიჯა, საბნის ქვეშ შეძვრა და გატვრინდა.
დილით ყველაზე ადრე ისევ ზურამ გაიღვიძა და საწოლიდან წამოგვყარა. ისე ჩქარობდა, რომ ყავის დალევაც ვერ მოვასწარით. რამდენიმე წუთის შემდეგ, უკვე დასავლეთისკენ მიმავალ ტრასაზე მივქროდით.
იმ ღამემ ჩვეულებრივად ჩაიარა. საღამოს, როგორც ჩანს, დაღლილობისგან ცოტა მოვიწყინე. ნინო და ზურა ჩემს გამხიარულებას ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოსდიოდათ. მერე სონამ დამირეკა და კარგა ხანს მეჭორავა.

- როგორ ხარ, ნატ?
- კარგად, სონა, შენ?
- მეც კარგად. რატომ აღარ დამირეკე?
- გუშინწინ ხომ გელაპარაკე, გოგო?
- იმის მერე მთელი 2 დღე გავიდა, - გაბუსხული ხმით მითხრა სონამ.
- კარგი, ნუ იბერები... პატარა როგორ არის?
- ჯერ დაუბადებელ პატარას რომ კითხულობ, მამამისმა რა დაგიშავა?
- რობა? როგორ არის რობა?
- ვერ შეიყვარე ჩემი ქმარი, არა?
- მავიწყდება, რომ ქმარი გყავს.
- ბოღმიანი ხარ... ადრე არ იყავი ასეთი და ახლა რა დაგემართა?
- მე ვარ ბოღმიანი? ღმერთო ჩემო, რა უსამართლო ბრალდებაა! - აღვშფოთდი მე.
- აბა, მე ვარ? მე არასოდეს მავიწყდება, რომ ზურა მოვიკითხო. როგორ არის `სიძე~?
- სიძეობას სულ ცოტა უკლია... მშვენივრად გრძნობს თავს. - გადავხედე ზურას.
- მომიკითხე.
- აუცილებლად.
- ნატ, საელჩოდან ხომ არ შეგხმიანებია ვინმე?
- ხუთშაბათს, - მოვუჭერი მოკლედ.
- რა, ხუთშაბათს? - ვერ მიმიხვდა სონა. მე გავჩუმდი.
- ხუთშაბათს გაქვს გასაუბრება?
- ჰო!
- ზურა მანდ არის და ვერ მელაპარაკები?
- ჰო!
- კიდევ არ გითქვამს მისთვის?
- არა!
- იცი, რომ ცუდად იქცევი? - მსუბუქად დამტუქსა სონამ.
- კი, ვიცი!
- მერე?
- რა, მერე?
- მერე, რატომ არ ეუბნები სიმართლეს? როდის აპირებ თქმას?
- როცა ყველაფერი გადაწყდება, მერე.
- რა `ნამიოკებით~ ლაპარაკობ! ახლა ხომ ხარ ღირსი, რომ ზურას დავურეკო და ყველაფერი ჩავუკაკლო?
- ახლა მე, ზურას და - ნინო და ზურა ბათუმში ვართ.
- გასაგებია. კარგი, წავედი ახლა და მერე დაგირეკავ, როცა მარტო იქნები და თავისუფლად საუბარი შეგეძლება. გკოცნი.
- კარგად, სონა! - ტელეფონი რომ გავთიშე, ცოტა ხასიათი გამომიკეთდა.
- მგონი, ის დროა, სონასთან გამგზავრებაზე ვიფიქროთ. ძალიან გენატრება? - მკითხა ზურამ. მხოლოდ თავი დავაქნიე და კვლავ მომეშხამა გუნება, რადგან თავი დამნაშავედ ვიგრძენი იმის გამო, რომ ზურას არ ვეუბნებოდი, საელჩოში, ვიზის მისაღებად საბუთები რომ ჩავაბარე და ხუთშაბათს გასაუბრებაზე მივდიოდი. წამის მეათედში გავიფიქრე, გულახდილად მეთქვა ყველაფერი, მაგრამ ისევ გაჩუმება ვამჯობინე.
ბათუმში მთელი 3 დღე დავრჩით და უკან ოთხშაბათს დავბრუნდით. უკვე ღამის 11 საათი იყო, როდესაც თბილისში შემოვედით. ნინო შინ მივიყვანეთ, მერე, მე და ზურა მივედით ჩემთან, მაგრამ ზურა სულ ნახევარი საათი გაჩერდა და შინ წავიდა. ვაღიარებ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი 4 დღე ჩემ გვერდით გაატარა, მაინც დავიბოღმე, როდესაც ზურა შინ წავიდა. როცა მის გვერდით ვარ, ჩემზე ბედნიერი არავინაა, მაგრამ დავშორდები თუ არა, მაშინვე ათასი ცუდი ფიქრი მიტრიალებს თავში. ზურა რომ წავიდა, მაშინვე დავწექი და თვალები დავხუჭე. წინ მძიმე დღე მელოდა და მინდოდა, გამომეძინა.

დილით მხნედ გავიღვიძე. სადად გამოვეწყვე და 10 საათისთვის უკვე საელჩოში ვიყავი. იქიდან 4 საათზე წამოვედი. გაურკვეველი გრძნობა დამეუფლა. ამერიკაში წასასვლელად ვიზა მივიღე, მაგრამ არ ვიცოდი, უნდა გამხარებოდა თუ არა. სონასთან შეხვედრა უკვე გარანტირებული მქონდა, მაგრამ ამ სიხარულს ზურასთან განშორების დარდი სწონიდა. თითქოს, შუაზე ვიყავი გახლეჩილი.
ასეთი გაურკვეველი განწყობილებით მივედი შინ. ქურთუკი დერეფანში მდგარ სავარძელზე მივაგდე და მაშინვე სონას ტელეფონის ნომერი ავკრიბე. იქ დილის 9 საათი იქნებოდა და ალბათ, სონა უკვე საუზმობდა. ყურმილი მხრით დავიჭირე და თან ჩექმის შესაკრავს დავეჭიდე. ამიტომ, როდესაც სონამ მიპასუხა, ხვნეშით ჩავძახე:
- ალო, სონა, დილა მშვიდობისა!
- რა იყო, ირბინე?
- ჰო, ვირბინე... ვიზა, მივიღე, სონა...
- მერე, სიხარულის ყიჟინა რატომ არ მესმის?
- სონა, წარმოგიდგენია? სულ მალე გნახავ!
- როდის აპირებ წამოსვლას?
- ახალი წლის მერე. - ეს გადაწყვეტილება იმწუთას მივიღე, მანამდე ამაზე არ მიფიქრია.
- მანამდე არ გირჩევნია? ბარემ ახალ წელს ერთად შევხვდებით... იმ კვირაშივე წამოდი, რა!
- რაღა დარჩა? ახალ წლამდე 2 კვირაა დარჩენილი. კიდევ 2 კვირა და წამოვალ. ძველით ახალი წლისთვის მანდ ვიქნები.
- მანამდე კიდევ მთელი თვეა დარჩენილი. რა გაძლებს კიდევ ერთი თვე, უშენოდ?
- სულ რომ არ მიმეღო ვიზა, მაშინ რას იზამდი? - ახლაღა დავიხედე ძირს და გამახსენდა, რომ ჩექმა მხოლოდ ცალ ფეხზე მქონდა გახდილი და ხელში მქონდა შერჩენილი. იქვე დავჯექი და საუბარი გავაგრძელე.
- თუ ახლა შენ უარს გეტყოდნენ, ახალი წლის მერე მე ვაპირებდი ჩამოსვლას. არ მინდოდა, ამის თქმა, რადგან აღარ მოიწადინებდი... რობას ახალ წელს მარტო ხომ ვერ დავტოვებდი? ჰოდა, მასთან ერთად ვიზეიმებდი და მერე თბილისში შევხვდებოდი ძველით ახალ წელს. მანდ სულ სხვანაირია დღესასწაული - უფრო თბილი და კარგი.

- ხომ ხედავ, რობას ვერ ტოვებ მარტო... მეც ვერ ვტოვებ ზურას...
- ზურასა და რობას შორის დიდი სხვაობაა, - გული დამწყდა, ეს რომ მითხრა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
- ჰო, სხვაობა ნამდვილად არის, მაგრამ მეც ისევე მიყვარს ზურა, როგორც შენ - რობა.
- რა თქმა უნდა, გიყვარს და შესაძლოა, იმაზე მეტადაც ვიდრე მე, მაგრამ ხომ იცი, რომ ზურა ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდება, შენ კი მარტო იქნები, მის მლოდინში გული უნდა შეგიღონდეს და შენს უბედობაზე იტირო. ამიტომ, უმჯობესი იქნება, დამიჯერო და ჩემთან ჩამოხვიდე.
- ოჯახთან შეხვდება და შეხვდეს! წელს მერია დიდ ზეიმს აწყობს რიყეზე, გიგანტურ ხაჭაპურს, გოზინაყს, საცივს აკეთებენ და იქ წავალ. თან, გავერთობი, ფულსაც დავზოგავ და ინდაურსა და ნიგოზს არ ვიყიდი, ხაჭაპური რომ არ მიყვარს, ეს შენც იცი. - აშკარად ნირშეცვლილმა ვუპასუხე.
- რა თქმა უნდა, რიყეზე გირჩევნია. იქნებ, იქ ზურასაც გადაეყარო. ხაჭაპურის საჭმელად ეგეც იქ წავა, ალბათ...
- ჰო, აბა! მერე, საცივს შინ წავიღებთ და ქეიფს გავაგრძელებთ...
- ხუმრობა იქით იყოს და კარგად მოიფიქრე, როდის აჯობებს შენი წამოსვლა. იმედია, სულ არ გადაიფიქრებ... თუმცა, ჯერ ზურამ არაფერი იცის და რომ გაიგებს, რა იცი, რა მოხდება... გული მიგრძნობს, დიდი უსიამოვნება გელის...
- გადაიტანს! ცხელ გულზე დავიწყე საბუთების შეგროვება და გამიმართლა.
- შენ რა, ნანობ? დიდი-დიდი, 2 თვით ჩამოხვიდე... მერე, წადი ისევ იმ შენს ზურასთან, ვინ გიჭერს?
- ჰო, დარჩენით ალბათ, ვერ დავრჩები...
- არავინ დაგაძალებს. მოგისიყვარულებ, მოგეფერები და გაგიშვებ... შენ წამოსვლის ზუსტი თარიღი გამაგებინე, რომ ბილეთი აგიღო.
- კარგი, სონა, მოვილაპარაკეთ...

- კარგად!
- გკოცნი...
ახლა საჭირო იყო, შესაფერისი დრო მომეძებნა და ზურასთვის ახალი ამბავი მეცნობებინა... სონას კი არა, მეც მიგრძნობდა გული, რომ ამის გამო, ზურასთან ვიკამათებდი. იქნებ, სონა მართალია? ზურა ოჯახთან ერთად შეხვდება ახალ წელს. მე გაშლილ სუფრასთან მარტო ვიქნები და მის მოსვლას დაველოდები. მაწანწალა ძაღლივით მხოლოდ ზურას `ნარჩენები~ შემხვდება... ვცადე, ფიქრი სხვა რამეზე გადამეტანა, მაგრამ თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, როგორ მეთქვა ზურასთვის ჩემი გამგზავრების შესახებ. ისიც არ ვიცოდი, მოვიდოდა იმ დღეს თუ არა. მთელი დღის მშიერმა, ის იყო, ერბოკვერცხი შევიწვი და სუფრას მივუჯექი, რომ ზურაც მოვიდა...
- როგორ ხარ? - ვკითხე და უხალისოდ შევუძეხი სამზარეულოში.
- ცუდად! - გაოცებულმა შევხედე - რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი, ნატ... - მითხრა და მოჭუტული თვალებით შემომხედა.

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ბევრი ადამიანია ჩემს დღეში, თუმცა მათგან იმით განვსხვავდები, რომ გავბედე და ხალხის სამსჯავროზე გამოვიტანე ჩემი თავგადასავალი

დასაწყისი იხილე აქ

ნატ, წადი... ისიც ვიცი, რომ აუცილებლად დაბრუნდები. ჩემთან დაბრუნდები და ჩვენი ცხოვრების გზები მერე საბოლოოდ შეიყრება. ვიცი, რომ ძალზე ჯიუტი ხარ. ჩემთან ურთიერთობისას კი ამას არ ამჟღავნებ. რატომ? რატომ არ მეჯიუტები?



დასაწყისი იხილე აქ

ფული იყო ის, რაც მასთან მაკავშირებდა და რაც მისგან შეიძლებოდა მიმეღო. ეს იყო კომპენსაცია იმისა, რომ ვცხოვრობდი ისეთ ადამიანის გვერდით, ვისაც არ ვუყვარდი


დასაწყისი იხილე აქ

ხათუნა ახალ კაბას, ფეხსაცმელსა თუ სამკაულს მოირგებდა, მხოლოდ მაშინ ჰკითხავდა: სად იყავიო? ისიც, ალბათ იმიტომ, რომ მერე დაქალებისთვის ეთქვა, საიდან ჩამოუტანა ქმარმა ესა თუ ის ნივთი



დასაწყისი იხილე აქ

გამახსენდა, გზაში რომ მითხრა, სიურპრიზი გელისო და მივხვდი, რომ ეს ღელვა და ფორიაქი სწორედ ამ სიურპრიზთან იყო დაკავშირებული


დასაწყისი იხილე აქ

ყველა მოწიწებით უყურებს, რადგან ზურას ცოლია... მას აქვს უფლება, ყველგან ქმრის გვერდით იყოს. მე კი მხოლოდ სიყვარულის უფლება მაქვს


დასაწყისი იხილე აქ


ერთ მაწანწალა ბავშვს ვიშვილებ, ან სულაც, ხელოვნური ჩასახვის გზით გავაჩენ



დასაწყისი იხილე აქ


იმ საქმეზე პატარა "სროკი" ექნება. "პაჟიზნენი" უნდა მიიღოს იმ სასტიკი მკვლელობისთვის, რომელიც ჩაიდინა.


დასაწყისი იხილე აქ

ქალი, რომელიც ზურას ახლდა, ძალიან ლამაზი იყო - დახვეწილი სახის ნაკვთები, მოხდენილი ტანი ჰქონდა და თითქმის ზურას სიმაღლის გახლდათ



დასაწყისი იხილე აქ

ისე გააკეთე, რომ არც შენი ყოფილი, არც ახლანდელი, "მოქმედი" საყვარლები და არც შენი ცოლი ჩემთან არ მოვიდნენ. ეს სათხოვარი მაქვს სულ...


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
537 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი