sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XXXIX-XL ნაწილი)
font-large font-small
sheabi.ge პარალელურ სამყაროში  (XXXIX-XL ნაწილი)

დასაწყისი იხილე აქ

ფული იყო ის, რაც მასთან მაკავშირებდა და რაც მისგან შეიძლებოდა მიმეღო. ეს იყო კომპენსაცია იმისა, რომ ვცხოვრობდი ისეთ ადამიანის გვერდით, ვისაც არ ვუყვარდი



- როგორ მოვხვდი და ჩვეულებრივად, - სრულიად მშვიდი ხმით მიპასუხა მოულოდნელმა სტუმარმა.
ჩემ წინ ხათუნა იდგა და ისე მიღიმოდა, თითქოს, დიდი ხნის უნახავი მეგობრები ვიყავით. ჩანთები ძლივს შევათრიე შემოსასვლელში. პალტო გავიხადე, საკიდზე ანგარიშმიუცემლად დავკიდე და ოთახში შევედი. დაბალ მაგიდაზე ყავის ცარიელი ჭიქა გახლდათ ლამბაქზე დაყირავებული - ისე, სამკითხაოდ რომ გაამზადებენ ხოლმე. იქვე, კარტი იყო გაშლილი. მივხვდი, ჩემს მოსვლამდე ხათუნა ამით ერთობოდა. დივანზე პლედი ეგდო და ჟრუნალები ეყარა. როგორც ჩანს, მათ წამოწოლილი კითხულობდა. ახლაღა დავხედე ფეხზე და თვალები დავაჭყიტე - ჩემი ვარდისფერი ჩუსტები ეცვა.
- იატაკი რომ არ დამეკაწრა, ჩექმა იმიტომ გავიხადე, - ალბათ, ჩემი გაოცებული მზერა შენიშნა.
უსიტყვოდ დავუქნიე თავი. მისი საქციელი და გამოხედვა არ ჰგავდა თავდასხმისთვის გამზადებული მხეცის საქციელს. ჩემს საყვარელ სავარძელში ჩავჯექი, ზურგით მივეყრდენი, გულხელი დავიკრიბე და ხათუნას შევხედე. რამდენიმე ნაბიჯი უკან-უკან გადადგა და ისიც დივანზე დაჯდა. კარგა ხანს ვზომავდით ერთმანეთს თვალებით.
- როგორც ვხვდები, ჩემი გასაღები ბაკურიანში მოიპარე, არა?
- საწოლზე ეგდო და ავიღე, - სრულიად მშვიდი ხმით მიპასუხა ხათუნამ.
- კი, მაგრამ რაც შენი არ არის, იმას ხელს რატომ ჰკიდებ? - ვკითხე და მისი პასუხიც დაახლოებით გამოვიცანი.
- ამას მე მეუბნები? შენ რატომ ეპოტინები იმას, რაც შენი არ არის? - ხმაში გაღიზიანება დაეტყო.
- ზურას თუ გულისხმობ, მაშინ ერთ კითხვაზე მიპასუხე: ვისია?
- ჩემია! - ჭირვეული ბავშვი სათამაშოს რომ არ თმობს, ზუსტად ისეთი ტონით მიპასუხა
პასუხად მხოლოდ ჩავიცინე. - შენ თურმე, მდიდრულად ცხოვრობ. ეს ყველაფერი ჩემი ქმრის დამსახურებაა? - მკითხა და ტონში ირონია გაურია.

- შენი ქმარი არაფერ შუაშია. შენ წარმოიდგინე, ეს ყველაფერი ზურას გაცნობამდე მქონდა. მითხარი, რაში დაგჭირდა აქ უჩემოდ მოსვლა? თუ ჩემთან ლაპარაკი გინდოდა, გეთქვა და შეგხვდებოდი. იქნებ, ფიქრობდი, რომ თავს აგარიდებდი?
- თავს რატომ ამარიდებდი? შენ ხომ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი გაქვს! ნინოს დაუდაქალდი და ზურას ერთად აბამთ ბადეში, არა? ის და დედამისი ყოველთვის ჩემ წინააღმდეგ იყვნენ ამხედრებული. ნინო სულ იმას ცდილობს, რაიმე მავნოს... ის ახლა ბედნიერია, მე რომ ტკივილს მაყენებს. არ გეგონოს, შენზე მზე და მთვარე ამოსდიოდეს, უბრალოდ, ჩემს წინააღმდეგ გიყენებს. ეს იცოდე და კარგად დაიმახსოვრე!
მისი ლაპარაკი მაღიზიანებდა, მაგრამ მაინც, ჩუმად ვუსმენდი. ვცდილობდი, აღელვება არ შემტყობოდა.
- ყველა შენისთანა ქალის ბოლო ერთია. დარჩები მიტოვებული და მორიგი მსხვერპლის ძებნაში კიდევ რამდენიმე წელი გაივლის. ზურა ჩვენ არ მიგვატოვებს. დარწმუნებული ვარ, გიყვარს და ეგ სიყვარული შენვე მოგაყენებს ტკივილს, - დაასრულა მონოლოგი ხათუნამ.
- საიდან მოიტანე, რომ მიყვარს? ცდები, ჩემო კარგო. უბრალოდ, მარტოობის შესავსებად დამჭირდა ზურასთან ურთიერთობა. მე საქმრო მყავს... - თვითონაც არ ვიცოდი, საიდან მოვიტანე ეს სისულელე. - შენ გიყვარს ზურა? - ვკითხე და პასუხის მოლოდინში დავიძაბე.
- არა... - გულახდილად და თითქოს, დანანებით მიპასუხა ხათუნამ. მივხვდი, ეს ჩემი მოჩვენებითი გულახდილობის საპასუხო რეაქცია იყო.
- აი, ხომ ხედავ, შეუძლებელია, ეს ადამიანი გიყვარდეს. როცა გაჰყევი, მაშინ გიყვარდა? - ჩემი თავი იმაში გამოვიჭირე, რომ ვცდილობდი, მისი გულახდილობით მესარგებლა და იმ კითხვებზე მიმეღო პასუხი, რომლებიც უკვე დიდი ხანია, მაწვალებდა.
- არ ვიცი, მაშინ მიყვარდა თუ არა. მეგონა, რომ მიყვარდა. კი, მიყვარდა! - დააზუსტა ბოლოს.
- მერე, თუ გიყვარდა, რამ შეცვალა გრძნობა - ეს უკვე დაკითხვას ჰგავდა. უფრო სწორად, ფსიქოლოგისა და პაციენტის საუბარს.
- მისმა ოჯახმა არ მიმიღო. ნინომ საიდანღაც გაიგო, რომ მანამდე შეყვარებული მყავდა და მათ მიიჩნიეს, რომ ზურას ძალით "შევეტენე".
- და ეს ასე არ იყო?

- რაღაც, ისე მოხდა, რომ მეც ვერ გავიგე ბოლომდე, როგორ გავხდი ზურას ცოლი. შემთხვევის წყალობით დავქორწინდით. რა თქმა უნდა, ეს მინდოდა. ვიცოდი, ზურა ჯერ არ აპირებდა ცოლის მოყვანას, მაგრამ მეგონა, ყველაფერს შეეგუებოდა, - მორჩილად მიყვებოდა ხათუნა წლების წინ მომხდარ ამბავს და ვგრძნობდი, თითქოს რაღაც ტვირთისგან თავისუფლდებოდა. რომც მომენდომებინა, მას უკვე ვეღარ შევაჩერებდი, ვიდრე ბოლომდე არ იტყოდა სათქმელს.
- თავიდან, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა მალე აირია. სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობდით, ერთმანეთის არ გვესმოდა. ზურას ნელ-ნელა ვკარგავდი, მაგრამ მაშინ, ამას არ განვიცდიდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ის არასოდეს მიგვატოვებდა.
- ახლა? ახლა განიცდი? - თუ უბრალოდ, ჟინიანობ?
- ახლა განვიცდი. მისი ოჯახის წევრებს რომ ჰკითხო, გეტყვიან, რომ ფულის გამო განვიცდი ამ ყველაფერს, თითქოს მეშინია, ქონება არ დავკარო. ეს ასე არ არის. მე და ზურამ ცალ-ცალკეც რომ ვიცხოვროთ, ის არასოდეს დაგვტოვებს ულუკმაპუროდ. სიყვარულის მოთხოვნას აზრი არ ჰქონდა, ამიტომაც ვთხოვდი ფულს. ძალით ვერავის შეაყვარებ თავს. ფული იყო ის, რაც მასთან მაკავშირებდა და რაც მისგან შეიძლებოდა მიმეღო. ეს იყო კომპენსაცია იმისა, რომ ვცხოვრობდი ისეთ ადამიანის გვერდით, ვისაც არ ვუყვარდი. თუმცა, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ზურას ფულით მისსავე სიყვარულს ვიყიდდი... არჩევანის საშუალება არ მქონდა, თორემ ფულს კი არა, მის სიყვარულს ავირჩევდი.
- კი, მაგრამ თუ არ გიყვარს და არ უყვარხარ, თანც, ამბობ, რომ ცალკე ცხოვრების შემთხვევაში ზურა არაფერს მოგაკლებთ, რას უნდა ნიშნავდეს შენი ასეთი საქციელი? რატომ დაჰყვები უკან? - ვკითხე თანაგრძნობით განმსჭვალული ხმით, რადგან ეს ქალი მართლა შემეცოდა. ხათუნამ უცნაურად შემომხედა.

- არ მინდა მისი დათმობა იმ ქალისთვის, ვინც მას თავი შეაყვარა. ნატალი, მეზიზღები, იმიტომ, რომ ზურას უყვარხარ, - ეს ისეთი მოულოდნელი იყო, რომ შევხტი.
- ეს შურია, უბრალო, ქალური შური... იცი, რომ ზურა კარგი ადამიანია და ის სხვისთვის არ გემეტება, - ვუთხარი და წამოვდექი.
- ჩვენი საუბარი არ დამთავრებულა, - მომაძახა სამზარეულოსკენ მიმავალს.
- ვიცი, უბრალოდ, ყავას მოვადუღებ. შენ ხომ დალევ? - ახლა მე გავძახე.
- კი, დავლევ. მანდ, მაცივარში "ბორჯომი" ვნახე და წამოიღე... - თავი გავაქნიე და გავიცინე. რაღაც უჩვეულო სიტუაციაში ვიყავი. მე და ხათუნა ვისხედით და დაქალებივით ვსაურობდით. ფიქრში ისე გავერთე, რომ ყავა გადმომივიდა. მადუღარას ხელი ვტაცე და თითები დავიწვი. ნიჟარაში მოვისროლე, იქ ჩადგმულ წყლის ჭიქას მოხვდა და გატეხა. ხმაურზე ხათუნა სამზარეულოში შემოვარდა. მე ხელი ცივ წყალს შევუშვირე და მას შევხედე.
- დაიწვი? - მზრუნველად მკითხა.
- იცი, შენზე როგორი წარმოდგენა მქონდა? - ვკითხე მოულოდნელად.
ხათუნა ინტერესით მომაშტერდა.
- რატომღაც მეგონა, რომ ძალიან ცივი, უხასიათო და უსულგულო ადამიანი იყავი.
- ჰო-ო? როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოს, მეც მომეწონე. ჩვენ რომ კაცი არ გვყავდეს გასაყოფი, ალბათ, კარგი მეგობრები ვიქნებოდით.
- მადუღარა გავრეცხე და ყავა მოსადუღებლად ხელახლა დავდგი. ამჯერად, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. ლანგარზე დავალაგე ყავის ფინჯნები, "ბორჯომის" ბოთლი, ცარიელი ჭიქა და ოთახში შევედი. ხათუნა ისევ კარტს შლიდა.
- რაო, კარტმა რა გითხრა?- ვკითხე ღიმილით.
- რაო და, ნატალის და ზურას მომავალი არა აქვთო. შენ "ჯვრის დამა" ხარ. ნახე, ყვავის "ტუზი" და "ათიანი" დაგეცა გულზე, - თითი დაადო კარტს და შემომხედა.

- იცი, მე ზურას სიტყვების უფრო მჯერა, ვიდრე მაგ კარტის.
- რაო, რას გეუბნება ზურა?- დაინტერესდა ხათუნა.
- მოდი, ამას საიდუმლოდ შევინახავ, რადგან მარტო მე და მას გვეხება.
- მე - არა? - მოდი, კარტი გავხსნათ და სათქმელი ბოლომდე ვთქვათ. რა გინდა ზურასგან?
- არაფერი.
- სიყვარული არ გინდა?
- ეგ უკვე მაქვს, - ვუპასუხე, თავი გვერდზე გადავწიე და ისე შევხედე.
- სექსი?
- ეგეც... - "ც" განსაკუთრებით ხაზგასმით წარმოვთქვი.
- ფული?
- ფული შენთვის დამითმია. მე ლიკა არ გეგონო. შენ ზურასგან მხოლოდ ფულს "ჩალიჩობ", - მე - სიყვარულს. ასე რომ, გასაყოფიც არაფერი გვაქვს. ერთმანეთის ინტერესებს არ ვკვეთთ და საჩხუბარი რაღა გვაქვს?
- ზავს მთავაზობ? რა საინტერესო სიტუაციაში ვართ, ატყობ?
- ჩემთვის ეს სიტუაცია საინტერესო კი არა, გულისამრევია. მე შენს ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ქმრის საყვარელთან არ მივიდოდი. უბრალოდ, თავს არ დავიმცირებდი... - ვიცოდი, ეს არ უნდა მეთქვა, მაგრამ გულახდილად ვთქვი, რასაც ვფიქრობდი.
- რადგან ასე კარგად მსჯელობ, ისიც გეცოდინება, როგორ მოიქცეოდი, ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავი? დავფიქრდი.
- გულახდილად გითხრა?
- ჰო... - თავი დამიქნია ხათუნამ.
- მე თვითონ წავიდოდი ჩემი ქმრის ცხოვრებიდან.
ხათუნა ახარხარდა. ეტყობა, ჩემმა სიტყვებმა ძალზე გაამხიარულა. კარგა ხანს იცინა და სული ძლივს მოითქვა.
- რა კარგად "ჭრი" და "კერავ". შენც ეგ არ გინდა? გზა ხსნილი გექნება მერე ელიტისკენ, სიმდიდრისკენ და ზურასკენ...
- ახლა მე ავხარხარდი. 2 შეშლილი ადამიანის დიალოგს დაემსგავსა ჩვენი ურთიერთობა.
- შენ ფიქრობ, რომ მე ელიტაში გასვლა მინდა? ელიტიდან იმდენი პაციენტი მოდის ჩემთან, რომ მაგის პრობლემა, წესით, არ უნდა მქონდეს. ისე, არც ზურაზე გათხოვება მინდა...
- აბა, რა ჯანდაბა გინდა?- გაცხარდა ხათუნა.
- მხრები ავიჩეჩე.

- იცი, ჯერ არ გადამიწყვეტია, რა მინდა. ახლა რამდენიმე თვით ამერიკაში ვაპირებ წასვლას და რომ დავბრუნდები, მაგ კითხვაზე პასუხი მერე მექნება.
ამ დროს სახლის ტელეფონმა დარეკა. ზურა იყო.
- ჩამოხვედი ხომ? როგორ ხარ?
- კარგად.
- სადმე ხომ არ აპირებ წასვლას?
- არა.
- კარგი, ჩემო პატარავ, მალე მოვალ...
- ისა... მივდივარ, კი... წავალ და ერთ საათში დავბრუნდები, - მოვატყუე, რადგან არ მინდოდა, ხათუნა ჩემთან ენახა.
- უჩემოდ ფეხს ვერ გაადგამ. მოვალ და მე წაგიყვან, სადაც გინდა, - მითხრა და ყურმილი დაკიდა...
- ბატონი ზურა ბრძანდებოდა? - მიხვდა ხათუნა.
- დიახ! - მოტყუებას აზრი არ ჰქონდა.
- ასე მოწიწებით ელაპარაკები? ყოჩაღ, ჩემო ქმარო! დაუყენებია "პალაჟენიე"...
- ხათუნა, იცი, რაღაც მინდა გითხრა. მოდი, ჩვენი საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ.
- რატომ? ზურა უნდა მოვიდეს?
- ალბათ, - მოკლედ მოვუჭერი.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი. აქ დაველოდები.
მოუსვენრობამ შემიპყრო. ნამდვილად არ მინდოდა, რომ ზურას მისთვის აქ მოესწრო. ხათუნა კი წასვლას არ აპირებდა და მყარად გადაწყვიტა, რომ ქმარს დალოდებოდა.
- კარგი, მაშინ მე წავალ და შენ დარჩი, - შევთავაზე გაჯიუტებულ ხათუნას. - ზურა რომ მოვა, შენ თვითონ გაეცი პასუხი, როდესაც დაინტერესდება, აქ რას აკეთებ - ვთქვი და იმ განზრახვით წამოვდექი, რომ პალატოს ჩავიცვამდი და შინიდან წავიდოდი.
- მოიცადე... - შემაჩერა ხათუნამ. - ერთად დაველოდოთ, თქვენი ერთად ნახვა მაინტერესებს.
- ბაკურიანშიც მაგიტომ ჩამოხვედი?- მისკენ შევბრუნდი და დოინჯი შემოვირტყი.
- არა, ბაკურიანში იმიტომ ჩამოვედი, რომ ზურასთვის ძველი მოგონებები ამეშალა. ალბათ გეცოდინება, რომ მე და ზურა სწორედ ბაკურიანში დავქორწინდით. მინდოდა, გამეხსენებინა მისთვის ჩვენი ქორწინების დღე.
- ჰმ... - მხოლოდ ეს ვთქვი და მხრები ავიჩეჩე, ჩექმას დავწვდი და ჩაცმა დავიწყე.
ამ დროს, კარზე ზარი დაირეკა. ხათუნას გავხედე. თითქოს დაიძაბა. დვინის საზურგეს მიაწვა და კარის საპირისპირო მხარეს გაიხედა. ჩექმა იქვე მივაგდე და კარი გავაღე.

- როგორ ხარ, ჩემო პატარავ? - მომეხვია ზურა.
- კარგად, - ვუპასუხე და მისი ხელები მოვიშორე. მაშინვე მიხვდა, რომ რაღაცაში იყო საქმე და ოთახისკენ გაიხედა. ხათუნა ჩვენკენ არ იყურებოდა.
- ხათუნა? - გაოცდა ზურა.
ხათუნამ თავი მხოლოდ თავისი სახელის გაგონებისას მოაბრუნა.
- აქ რას აკეთებ? აქ რას აკეთებს? - ახლა მე მომიბრუნდა ზურა.
- რას უნდა ვაკეთებდე? ნატალისთან გულითადი საუბარი მინდოდა და სტუმრად მოვედი, - უპასუხა ცოლმა.
- კი არ მოვიდა, აქ დამხვდა, - ნიშნის მოგებით ვთქვი და პალტო ისევ გავიხადე, ახლა წასვლას უკვე აღარ ჰქონდა აზრი, - ბაკურიანიდან ჩემი გასაღები წამოუღია და დაუპატიჟებლად შემოსულა.
ზურამ პალტო მომაწოდა და ოთახში შევიდა. რატომღაც ახლა უფრო ვღელავდი, ვიდრე მაშინ, როცა მე და ხათუნა მარტო ვიყავით. ზურამ სიგარეტის კოლოფი დაუდევრად მოისროლა მაგიდაზე, ჩემს სავარძელში ჩაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ცოლს წარბაწეულმა შეხედა. ხათუნამ კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოაძრო და მოუკიდა, ვითომც, აქ არაფერიო. ღრმა ნაფაზი დაარტყა, სანთებელა მაგიდაზე დააგდო და ზურას თვითონაც შეხედა.
- ბატონო ზურა, ნუ გიკვირთ... მე ყველაფერი მაინტერესებს, რაც შენ გარშემო ხდება. ხომ უნდა ვიცოდე, სად ათევ ღამეს, სად გძინავს, როგორ თეთრეულსა და საწოლში ამჯობინებ წოლას. კარგად გივლის თუ არ აქალბატონი ნატალია... - ზურა ჩუმად უსმენდა. დააცადა, ვიდრე ლაპარაკს დაამთავრებდა. მერე ადგა, მკლავში ხელი მოჰკიდა და შემოსასვლელისკენ თითქმის ძალით წაიყვანა. ხათუნა ალბათ ფიქრობდა, რომ საძინებელში მიჰყავდა საქმის გასარჩევად, მაგრამ როდესაც ზურამ მისი პალტო საკიდრიდან ჩამოხსნა, მიხვდა, რომ გარეთ წაყვანას უპირებდა, ხელიდან დაუსხლტა და სასწრაფოდ ძველ ადგილს დაუბრუნდა.
- არსად არ წავალ, სანამ ყველაფერს არ გავარკვევ! - ჯიუტად თქვა, როდესაც თავი სამშვიდობოს დაიგულა.
- ხათუნა, პრობლემებს ეძებ?
- პრობლემები როდის არ მქონია? რაც შენი ცოლი ვარ, ისედაც არ მელევა პრობლემები. გაჟეჟილს კი გატეხილი სჯობია და ახლა ყველამ ჩვენი სათქმელი ვთქვათ.

- საქმის გარჩევა გსურს? - ისეთი ტონით იკითხა ზურამ, რომ ტანში გამცრა. ხათუნას ადგილზე ან მაგრად ვიტირებდი, ან უსიტყვოდ წავიდოდი იქიდან, მაგრამ ნურას უკაცრავად - ხათუნა უკან დახევას არ აპირებდა.
- დიახ... მინდა აქვე, ამ ქალბატონის თანდასწრებით გადავწყვიტოთ ჩვენი ურთიერთობა, - უკვე მერამდენედ იმეორებდა ჯიუტად.
- ეს არ არის სხვასთან ერთად გასარჩევი თემა, - ზურა ცდილობდა, უხერხული სიტუაციისთვის თავი აერიდებინა.
- ვერ გავიგე, ეს ქალი ხან შენი ცხოვრების აზრი და ნაწილია, ხან კი - სხვა და უცხო?
- კარგი, მოდი, თქვი, რა გინდა, - დაყაბულდა ზურა.
- რას აპირებ? ოჯახიდან წასვლა გინდა?
- ეგ ჯერ არ არის გადაწყვეტილი. დღეს და ხვალ ალბათ არა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი ერთად ცხოვრება რომ გამორიცხულია, ალბათ მაგას ხვდები.
- და ამ ქალზე, - თითი ჩემკენ გამოიშვირა, - აპირებ დაქორწინებას?
- დიახ. მე უკვე დიდი ხანია, ნატალის ვთხოვე, რომ ცოლად გამომყოლოდა, მაგრამ ჯერჯერობით უარზეა, - სრულად აკმაყოფილებდა ზურა ხათუნას ინტერესს.
მე მთელი ეს პერიოდი "ზალის" კართან ვიდექი. ამ სიტყვების შემდეგ შევბრუნდი და სამზარეულოში გავედი. სისხლი თავში ამივარდა და ვიგრძენი, რომ სადაცაა, გული ამერეოდა. ძალზე ცუდად ვგრძნობდი თავს. სამზარეულოს ფანჯარასთან დავდექი და ეზოში მოთამაშე მეზობლის ბავშვებს დავუწყე ყურება. ის, რაც ახლა ჩემს სახლში, ჩემს თავს ხდებოდა, ჯერ არსად გამეგონა. "აუცილებლად გავყვები ზურას ცოლად, - გადავწყვიტე უცებ,M- და არც ამერიკაში წავალ", - გავაგრძელე ფიქრი. თითქოს ცხოვრებაში ყველაზე დიდი პრობლემა გადავწყვიტე და მტანჯველი "ჰოსა" და "არასგან" გავთავისუფლდი, მაგრამ მაინც ცუდად ვგრძნობდი თავს.
უცებ, რაღაც გამახსენდა. ქურთუკი შემოვიცვი და სასწრაფოდ დავეშვი კიბეზე. ზურას ხმა პირველ სართულზე მომესმა.
- სად მიდიხარ? - რაც შეიძლებოდა ხმამაღლა მეძახდა.
- დავბრუნდები, მალე მოვალ, - მივაძახე და სირბილით გამოვედი გარეთ. იქვე, ქუჩის გადაღმა აფთიაქში შევედი.
- ორსულობის დასადგენი ტესტი მომეცით, - მივმართე თეთრხალათიან გოგონას. ფული გადავიხადე და ისევ სირბილით წამოვედი უკან. ალბათ, სულ ხუთიოდე წუთი დამჭირდა და უკვე შინ ვიყავი.
- ზურა, რატომ ვერ გავუგეთ ერთმანეთს? - მომესმა ხათუნას ხმა, როდესაც კარი შევაღე.
- სად იყავი? - ოთახიდან გამოვიდა ზურა.

- მეზობელთან, - მოვატყუე და კვლავ სამზარეულოში შევედი. ზურა ხათუნას დაუბრუნდა, მე კი საბაზანოში შევიკეტე. "ტესტი 3-5 წუთის განმავლობაში იქნება მზად. თუ ღერძზე 2 წითელი ხაზი გამოჩნდა, ტესტის პასუხი დადებითია, თუ მხოლოდ ერთი, მაშინ - უარყოფითი". ვკითხულობდი ინსტრუქციას. 3-5 წუთი... საათს დავყურებდი. თითქოს დრო გაიწელა. ტესტს შეგნებულად არ ვუყურებდი. როგრც იქნა, 5 წუთი გავიდა. "2 წითელი ხაზი იმის მანიშნებელია, რომ ტესტის პასუხი დადებითია"... გუგუნებდა თავში ეს სიტყვები... "დადებითია... დადებითია... დადებითია..." იქვე, აბაზანის კიდეზე ჩამოვჯექი, რათა გონს მოვსულიყავი. მე ორსულად ვიყავი, იქ, ჩემს სასტუმო ოთახში კი, ხათუნასა და ზურას ოჯახის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდებოდა. სააბაზანოდან გამოსულმა წყალი დავლიე, გული გავიგრილე და მხოლოდ ამის მერე შევედი ოთახში.
- ... მაშინ, ადექი და წავიდეთ. აქ რაღა დაგვრჩენია? - ამას ხათუნა ამბობდა.
ზურამ მე შემომხედა. თითქოს მოტეხილი ჩანდა. "როგორც ჩანს, ჩემს არყოფნაში აქ რაღაც მოხდა", - გავიფიქრე დაზაფრულმა და ხათუნას გვერდით დავჯექი.
- წადი, ზურა... აქ მართლაც აღარაფერი დაგრჩენია. რას იტყვის ხალხი? არ შეგვარჩენენ მრუშობას...
- გაგიჟდი? - ეს ზურას ნათქვამი სიტყვა გახლდათ, ჩემი მისამართით.
- არა, სრულ ჭკუაზე ვარ. წადი... მე მაინც ამერიკაში მივდივარ. ვიზა უკვე მაქვს... ბილეთიც... - ამის თქმა იყო და ზურა ელდანაკრავივით წამოხტა ფეხზე.

- სად?
- ამერიკაში, - სრულიად აუღელვებლად და უემოციოდ გავუმეორე.
- მე რატომ არაფერი ვიცი? - მკითხა, რაღაც ნომერი აკრიბა და ცოტა ხანს დაელოდა.
- გოჩა! - იღრიალა უცებ. - ნატალისთან მოდი და ხათუნა წაიყვანე აქედან!
სახეზე მთლად გაწითლებულიყო, ცოფებს ყრიდა. ალბათ გოჩასთვის ძალზე მოულოდნელი იყო ხათუნას ადგილსამყოფელიც და ზურას ყვირილიც. რამდენიმე წუთში, ის უკვე კარზე აკაკუნებდა. როგორც ჩანს, ხათუნაც მიხვდა, რომ ზურას სიბრაზე ზღვარს გადავიდა, უსიტყვოდ ჩაიცვა და გოჩას უკან გაჰყვა. თან კარი ისე გაიჯახუნა, რომ კედლებმა ზანზარი დაიწყო.
- თქვენ რა, ჩემი გაგიჟება გაქვთ გადაწყვეტილი? - მთელი ხმით იყვირა, როგორც კი ხათუნამ კარი გაიხურა.
- ნუ ყვირი. ხათუნას ხომ ელაპარაკებოდი მშვიდად? ნება იბოძე და მეც დაბალი ხმით მელაპარაკე, - კვლავ აუღელვებელი ტონით მოვუწოდე სიმშვიდისკენ.
- როდის გააკეთე საბუთები?
- უკვე ერთი თვეა.
- მე რატომ არ მითხარი?
- იცი, ზურა, ჩემი წასვლა არწასვლა შენზე იყო დამოკიდებული.
- ეგ როგორ? - უცებ დაუწია ტონს.
- და კიდევ ერთ საინტერესო ამბავზე, რომელიც ამ რამდენიმე წუთის წინ შევიტყვე, - განვაგრძე დაწყებული ფრაზა.
- სული ნუ ამომხადე, თქვი, რა უნდა მითხრა?



- მნიშვნელოვანი არაფერი მაქვს სათქმელი. უბრალოდ, სონა ვერ გრძნობს თავს კარგად და ვჭირდები. შენ რომ იყო, ხომ წახვიდოდი, ვთქვათ, ნინოს დასახმარებლად? ჰოდა, მეც უნდა წავიდე. - ამას რომ ვამბობდი, თვალებში არ ვუყურებდი. ტელევიზორის ეკრანს მივშტერებოდი და სიტყვებს ავტომატურად ვისროდი.
- კი, მაგრამ ამ რამდენიმე წუთის წინ ხომ თქვი, მნიშვნელოვანი ამბავი გავიგეო.
- ჰო, ვთქვი, - ვუპასუხე და ისევ ავარიდე თვალი.
- მერე, რას გულისხმობდი?
- სონამ დარეკა რამდენიმე წუთის წინ და მივხვდი, რომ მართლაც ძალიან ვჭირდები, - კვლავ ურცხვად ვიტყუებოდი.
- ძალიან საინტერესოა... შენი მობილური აქ დევს, მაგიდაზე, სახლის ტელეფონს არ დაურეკავს... სად დარეკა სონამ?
- მეზობელთან, - ისე უცებ ვიპოვე პასუხი, რომ თვითონაც გამიკვირდა. - წეღან ხომ ვიყავი მეზობელთან გასული? - შვებით ამოვისუნთქე.
- გასაგებია. ეგ სონაც დიდი ჩუმჩუმელა ვინმეა. ვითომ ჩემს მხარეზეა და სამარეს კი მითხრის. დარწმუნებული ვარ, ეგ შეგიჩნდებოდა და ამიტომ გადავწყვიტე წასვლა. - მითხრა და აწკრიალებულ მობილურს უპასუხა. მოადგილე ურეკავდა და საუბარი გაუგრძელდა. თან, ოთახში მიდიო-მოდიოდა. მე მის მოძრაობას, სახის გამომეტყველებას ხარბად შევყურებდი. თითქოს ვცდილობდი, ის სამუდამოდ აღმებეჭდა მეხსიერებაში. თვალებით ვეფერებოდი, სულში ვუძვრებოდი. მინდოდა, ავმდგარიყავი და ჩავხუტებოდი. ძალიან საყვარელი იყო - შუბლშეჭმუხნილი, ხელების ქნევით ლაპარაკობდა, ტუჩებს სასაცილოდ აცმაცუნებდა და თან, წარამარა საათზე იხედებოდა. "ნეტავ, რატომ უთხრა ხათუნამ, აქ რაღა დაგვრჩენია, ადექი, წავიდეთო? რას ნიშნავდა ეს სიტყვები?" - გონებაში ხათუნას ხმა ამოტივტივდა და ვიგრძენი, როგორ მომეწურა გული. ვცადე, მათი საუბრის წინა ფრაზები გამომეცნო, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ამან ძალიან გამაღიზიანა. მკვეთრი მოძრაობით წამოვდექი და ტანისამოსის გამოსაცვლელად გავედი - ჯერ ისევ ის ტანისამოსი მეცვა, რომლითაც ბაკურიანიდან ჩამოვედი. საცვლების ამარამ სარკეში ჩემს თავს მოვკარი თვალი. ახლოს მივედი, გვერდით შევბრუნდი და მუცელს დავაკვირდი. ჩემს საქციელზე გამეცინა. აბა, ჯერ რა უნდა დამტყობოდა? მაგრამ წარმოვიდგინე, როგორი ვიქნებოდი, როცა მუცელი გამეზრდებოდა. სასწრაფოდ შემოვბრუნდი, საშინაო ტანისამოსი გადავიცვი და ზურასთან დავბრუნდი. ის უკვე საუბარს ამთავრებდა. სავარძელში ჩავეშვი. ზაფხული და ბათუმი გამახსენდა, როდესაც ზურა პირველად ჩამოვიდა ჩემს სანახავად. საღამო ხანს რესტორანში დამპატიჟა და მთელი საღამო ცდილობდა, არაპირდაპირი, ირიბი ხერხებით ეთქვა, რომ იმ ღამეს ჩემთან დარჩენა სურდა. მე კი ვითომ ვერ ვხვდებოდი.

- ნატალი, რაღაც მინდა, გითხრა... - მაინც პირდაპირ თქმა გადაწყვიტა, რადგან სხვაგვარად ვერაფერს მიმახვედრა.
- გისმენ, - ისეთი მიამიტი მზერით შევხედე, რომ გადაიფიქრა. თავისი ტელეფონი, რომელსაც მანამდე ხელში ათამაშებად, მაგიდაზე დადებულ ჩემს ტელეფონს ზემოდან ძალიან ნელა, უხმოდ დაადო. თან, ამ დროს ძალიან ჩაფიქრებული სახე ჰქონდა. ამით მიმახვედრა იმას, რის თქმასაც ხმამაღლა ვერ ბედავდა. მე კი ჩემს ტელეფონს ხელი ვტაცე და ჩანთაში ჩავუძახე. "ზურა ძალიან მაგარი ადამიანია. ასეთი მამაკაცი მართლაც იშვიათია", - გავიფიქრე და შევხედე. ის ჩაფიქრებული იჯდა. ჩემი მზერა იგრძნო და შემომხედა.
- როდის გადაწყვიტე წასვლა? - მისი მკაცრი ტონი აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა მის გამომეტყველებას.
- შენზე გაბრაზებულმა გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი და სამუდამოდ დამეტოვებინე, მაგრამ ეს ადრე იყო... ახლა შენზე გაბრაზებული აღარ ვარ, მაგრამ რადგან გამიმართლა და ვიზა მივიღე, წასვლა არ გადავიფიქრე. უბრალოდ, გადავწყვიტე, მხოლოდ 2 თვით წავალ და დავბრუნდები.
- მე რომ გთხოვო, დარჩები? ძალიან რომ გთხოვო? - უცებ შეეცვალა ტონი.
- არა! - მოვუჭერი მოკლედ.
- რატომ? - ხმაში გაღიზიანება დაეტყო. - მეგონა, გიყვარდი.
- მეც მეგონა, რომ გიყვარდი. - ეს რატომ ვთქვი, არ ვიცი, მაგრამ დიდი შეცდომა დავუშვი, გაფრენილი სიტყვა კი უკან ვეღარ დავაბრუნე.
- გეგონა? - აყვირდა უცებ. - შენ ჩემს ნერვებს სცდი? თუ რა ხდება? ყველა უტვინო ქალის დედა... - უწმაწურად შეიგინა ზურამ. ეს უკვე რაღაც სიახლე იყო. - რა გინდა, გოგო, რით ვერ დაგარწმუნე ჩემს სიყვარულში, ლამის თავდაყირა დავდგე, ლამის უშენდ სუნთქვა შევწყვიტო... შენი სიყვარულის გამო მთელ კრიმინალურ სამყაროს დავუპირისპირდი და ისიც არ ვიცი, როდის ან სად "დამიპადიეზდებენ", სად ამომხდიან სულს, ტყვიას ზურგიდან "დამაჭედებენ" თუ წინიდან.
- რას ბოდავ? რა ტყვია, რის კრიმინალური სამყარო... ხომ არ გაგიჟდი?
- მე გავგიჟდი? კარგი, გიჟი დამიძახე, ასე იყოს...

-ზურა, რა ხდება ისეთ რამეს ამბობ, რაც ჩემთვის გაუგებარია და წარმოუდგენელი.
- ჰო, ნატალი, შენთვის ისიც წარმოუდგენელია, რომ მიყვარხარ, რომ ჩემი გულისთვის აქ დარჩე, რომ ჩემ გვერდით იყო, რომ დამიჯერო... - წამოდგა, მაგიდაზე დაგდებულ სიგარეტის კოლოფს დასწვდა, მოუკიდა და ფეხზე მდგომმა განაგრძო ლაპარაკი. - რადგან მიდიხარ და შენსას არ იშლი, წადი, წადი და ნუღარ დაბრუნდები. არჩევანი გააკეთე, ნატალი - ან წადი და აღარ დაბრუნდე, ან დარჩი და ჩემი ცოლი გახდი.
- მე უნდა წავიდე! - ვთქვი მტკიცედ.
- კარგი, როგორც გინდა! - თქვა და შემოსასვლელში გავიდა, პალტო ჩამოხსნა და ჩაცმა დაიწყო. - იცი, ვინ იყო ის კაცი, რომელშიც შენი სამსახურის ეზოში მანქანაში ჩამიჯდა?
- როდის, იმ დღეს, როცა საავადმყოფოში მოხვდი?
- დიახ, სწორედ იმ დღეს.
- არა არ ვიცი, - ვთქვი და დავიძაბე, რადგან მივხვდი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გამეგო.
- შენი ბაჩოს "პადელნიკი" იყო, ნატალი... ჩემი და ბაჩოს საერთო ნაცნობი... მაშინ ჩემს მანქანას 5 კაცით გატენილი "ფორდი" გამოჰყვა და ქალაქგარეთ ჩემსა და შენს ურთიერთობას ვარკვევდით. რა თქმა უნდა, დედის გინებითა და შეხლაშემოხლით. - ამ დროს შარფს ნერვიულად ისწორებდა. - ჩემი მანქანაც მათ დაწვეს. ეს კი, მოგეხსენება, მუქარის ერთგვარი ფორმაა. გულის შეტევა იმიტომ კი არ დამემართა, რომ შემეშინდა... არა, ჩემო კარგო... მე სიკვდილის არ მეშინია და ვერც ვერაფერს დამაკლებენ... მე შენი დაკარგვის მეშინია... ბაჩოს "პადელნიკის" გამოჩენა კი იცი, რას ნიშნავს? - მკითხა, მომიახლოვდა, ცალი ხელით დივანის სახელურს დაეყრდნო, ჩემკენ დაიხარა და თვალებში ჩამხედა.
უარის ნიშნად თავი გავაქნიე და ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.
- იმას, რომ ბაჩო ცოცხალია.

კიდევ უფრო დაიხარა, ტუჩებზე ოდნავ შემეხო, მერე მიბრუნდა და ჩემი სახლი უკანმოუხედავად დატოვა.
გაოგნებული დავრჩი. ძარღვებში სისხლი გამეყინა, თვალი გამიშტერდა და გული ისე გამალებით მიცემდა, რომ მეგონა, კედლებიც ზანზარებდნენ. ცრემლმა თავისით გაიკვალა გზა - ჩემი თვალებიდან ღაწვზე მოედინებოდა და მკერდზე მეწვეთებოდა. თითქოს, გულიდან წამოსული ცხელი ლავა თვალებიდან იღვრებოდა და ისევ გულში ბრუნდებოდა. ნამდვილი ჯოჯოხეთი ალბათ, სწორედ ასეთია. ის დღე ჩემი ნამდვილად არ იყო. ჯერ იყო და, ხათუნა დამხვდა სახლში, მერე - ფეხმძიმობის ამბავი... ახლა ბაჩოს შესახებ ახალი ამბის გაგება და ზურას წასვლა... მორჩა! ყველაფერი დამთავრდა-მეთქი, - ვფიქრობდი. "სად დავუშვი შეცდომა? ნუთუ, მართლა ცოცხალია ბაჩო? სად არის? ნეტავ, ზურა თუ დაბრუნდება?" - უამრავი ასეთი კითხვა მიჩნდებოდა და ვხვდებოდი, რომ ხათუნას სტუმრობა ყველაზე ნაკლები უსიამოვნება იყო. ყველაზე მეტად შოკში ზურას ნაამბობმა ჩამაგდო და გული მისმა წასვლამ დამწყვიტა. ამ ყველაფერში ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემი და ზურას შვილი იყო, რომელიც ჩემს სხეულში ცხოვრობდა და თითქოს მეუბნებოდა - ყველაფერი კარგად იქნებაო. ის კი ვერ გამეგო, უნდა გამხარებოდა ბაჩოს ამბავი თუ უნდა მწყენოდა. ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით შემობრუნდა. მეგონა, ჩემი მომავალი გარკვეული იყო. ახლა კი ყველაფერი აირ-დაირია და წარმოდგენა არ მქონდა, რას მიმზადებდა ბედი. ოახში გაჩახჩახებული შუქი ნერვებს მიშლიდა. სინათლე გამოვრთე, დივანზე ხათუნას მიერ დაყრილი ჟურნალ-გაზეთები იატაკზე გადმოვყარე, მივწექი, პლედი დავიხურე, ტელევიზორიც გამოვრთე და სიბნელეში ცოტა შვებით ამოვისუნთქე. ქვევიდან ზურას მანქანის ხმა შემომესმა. დაქოქა და ეზოდან გავიდა.

ამან კიდევ უფრო დამიმძიმა გული. როგორც ჩანს, ამდენი ხანი ეზოში იდგა და შუქი რომ ჩავაქრე, მხოლოდ ამის მერე წავიდა. ბალიშში ჩავრგე თავი და ხმამაღლა ავტირდი. მთელი გულით ვტიროდი და შვებას ვგრძნობდი. თან, ათას რამეზე ვფიქრობდი. არ მახსოვს, რამდენი ხანი გაგრძელდა ასე. მერე ჩამეძინა. დილით, გაღვიძებისთანავე დავიწყე იმაზე ფიქრი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. გამოსავლის მოძებნა გამიჭირდა. ვიფიქრე, სონასთან დავრეკავ-მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე იმ მიზეზით, რომ არ მინდოდა, სონა განერვიულებულიყო, ბარემ, ყველაფერს მაშინ მოვუყვები, როცა ვნახავ-მეთქი, - გავიფიქრე. უხალისოდ ავდექი და ჩვეულებისამებრ, სამზარეულოსკენ წავედი. ყავა მოვადუღე და სააბაზანოში შევედი. ცხელი წყალი არ მესიამოვნა. ავდექი და ცივი შხაპის ქვეშ დავდექი, მაგრამ გამახსენდა, რომ ახლა მე უკვე მარტო აღარ ვარ და ისე უნდა მოვიქცე, რომ ბავშვს არაფერი ვავნო. ამიტომ, ისევ ცხელი წყალი მოვუშვი და სახე მივუშვირე. აბაზანიდან გამოსულმა ყავის ფინჯნით ხელში ჩემ საყვარელ სავარძელს მივაშურე. თვალი ზურას სიგარეტს მოვკარი, რომელიც მაგიდაზე დარჩენოდა. მოწევის სურვილი გამიჩნდა, მაგრამ ეს აზრიც უარვყავი. მერე, ფიქრი ხან ბაჩოსკენ გამექცა, ხან - ზურასკენ.


... ჩემი და ბაჩოს სიყვარული უკვე რამდენიმე თვეს ითვლიდა. როცა მისი პირველი სასამართლო დანიშნეს, იქ მეც მივედი. ბაჩოს თავი ღირსეულად ეჭირა და მოკლული სიძის მშობლების ლანძღვა-გინებას რეაგირების გარეშე ტოვებდა. მერე, ვიღაც ქალმა თქვა: რა ვაჟკაცია, ღმერთო ჩემო, ცოდვა არ არის, ეს ბიჭი წლების განმავლობაში ციხეში გამოკეტონო? - ამ სიტყვებს დაზარალებულმა მხარემ მოჰკრა ყური და ისეთი ამბავი ატყდა, მეგონა, ჭერი თავზე დაგვემხობოდა: - ჩემი შვილის ცოდვას სად გაურბიხარ? ამას როგორ ამბობ, ჩემი ბიჭი მიწამ უნდა შეჭამოს და ეს ციხისთვის გეცოდებათო? - გაჰკიოდა მოკლულის დედა. - ამას სასამართლოს და ციხეს არ ვაკმარებ, ჩემი ხელით გამოვჭრი ყელსო, - იმუქრებოდა მამა. ერთადერთი, ვინც მათ აზრს არ იზიარებდა, მოკლულის ძმა იყო. მან სასამართლოზე ისიც განაცხადა, რომ ბაჩო უდანაშაულო იყო და მკვლელი სულ სხვა გახლდათ. არეულობის გამო მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. მე ბადრაგისთვის წინასწარ მქონდა ფული გადახდილი, რომ შესვენების დროს ბაჩოსთან დალაპარაკების საშუალება მოეცათ. ამიტომ, როდესაც მოსამართლემ გამოაცხადა, რომ დარბაზი გაეთავისუფლებინათ, ადგილზე დავრჩი და როდესაც მხოლოდ ბადრაგი დარჩა, ბაჩოსთან მივედი. ის რიკულებს იქით იჯდა (მაშინ გისოსებიანი გალია არ იყო). მივუახლოვდი თუ არა, მომეხვია და რაღაცნაირად, სხვანაირად ჩამეხუტა, ისე, როგორც ადამიანებმა გამომშვიდობების დროს ვიცით ხოლმე. ბაჩო ბოლო 1 თვის განმავლობაში ნანახი არ მყავდა და ძალიან მენატრებოდა. სალაპარაკოც ბევრი დაგვიგროვდა, მაგრამ სულ 10 წუთი გვქონდა და ერთმანეთის მოკითხვა ძლივს მოვასწარით. ბოლოს, ყურში ჩამჩურჩულა: მიყვარხარ... და რაც უნდა მოხდეს, სიმშვიდე შეინარჩუნე, იცოდე, მე შენთვის გადავრჩებიო.

შესვენების შემდეგ, სასამართლო პროცესი კიდევ 5 საათს გაგრძელდა. როდესაც პროცესი დამთავრდა, გარეთ უკვე ბნელოდა. ბაჩო ბადრაგმა გამოიყვანა. ვიდრე მანქანაში ჩასვამდნენ, მათთან 2 მამაკაცი მივიდა და ბადრაგს პატიმართან გასაურება სთხოვა. რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. ამის გამო, მათ შორის შელაპარაკება მოხდა და წავიდა გაწევ-გამოწევა. ამ არეულობით ბაჩომ ისარგებლა და ადგილს მოსწყდა. მე ამას კიბიდან ვუყურებდი. ბადრაგმა ავტომატის ჯერი დაადევნა. ბაჩომ გზა გადაჭრა, მოპირდაპირე მხარეს მდგარ, ცარიელ ლურჯ "ჟიგულში" ჩახტა და ადგილიდან მოწყდა. ბადრაგი დაედევნა. როდესაც ის გზაზე გადადიოდა, უცნაური მოძრაობა გააკეთა - უკან მთელი ტანით გადაიხარა. ვერ მივხვდი, ეს რა იყო, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც აქ შეკრებილი ხალხი დაიშალა და მე ის გზა გავიარე, რომელიც ბაჩომ, შევნიშნე, რომ აქა-იქ სისხლის წვეთები იყო დაღვრილი. მივხვდი, რომ დაიჭრა. თუ წვეთების სიდიდის მიხედვით ვიმსჯელებდი, ბევრი სისხლი არ უნდა დაეკარგა. ტაქსის ხელი ავუწიე და სახლში წავედი. მაშინვე ტელევიზორი ჩავრთე, რომ გამეგო, რა ბედი ეწია ბაჩოს, მაგრამ იმ დღესაც და მომდევნო დღეებშიც ყველა საინფორმაციო სამსახური დუმდა. მერე გავიგე, რომ ეს საქმე წინასწარ იყო მოწყობილი, ბაჩომ იცოდა, რაც უნდა მომხდარიყო და ისიც მოეხსენებოდა, რომ იქ ლურჯი "ჟიგული" ელოდებოდა - გასაღებიც შიგ იყო და იარაღიც. ძალიან განვიცდიდი მომხდარს. ვფიქრობდი, რომ ბადრაგი აუცილებლად დაიჭერდა ბაჩოს და შესალძოა, უკვე ცოცხალიც აღარ ყოფილიყო. რამდენიმე დღის შემდეგ გამბედაობა მოვიკრიბე და ჩემთვის უკვე ნაცნობ ციხის უფროსს სამსახურში მივაკითხე, ბაჩოს ამბის გასაგებად. მიმიღო, მაგრამ სანუგეშო ვერაფერი მითხრა. მისი სახის გამომეტყველებით, ირონიული ტონითა და ბევრისმთქმელი ფრაზებით დავასკვენი, რომ ბაჩო ცოცხლებში აღარ ეწერა და იქიდან წელმოწყვეტილი, განადგურებული წამოვედი. თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ, იმედი კვლავ გამიჩნდა, რომ ბაჩო გადარჩა, რადგან შევნიშნე, რომ მუდმივად ვიღაც მითვალთვალებდა და რაღაცნაირად ვიგრძენი კიდეც, რომ ჩემი ტელეფონი ისმინებოდა. რადგან ძალოვნები მისმენდნენ, ე.ი. ბაჩოს კვალზე დადგომა უნდოდათ. ერთ დღეს კი, შინ დაბრუნებულმა, იატაკზე მამაკაცის ბოტასის თუ კედის კვალი აღმოვაჩინე. სწორედ ისეთი, როგორსაც გაპრიალებულ პარკეტზე რეზინისძირიანი ფეხსაცმელები ტოვებს.

ვიფიქრე, რომ ჩემს სახლში ვიღაც იყო. მერე, ბევრი ვეძებე "ჟუჩოკი", მაგრამ ვერსად მივაგენი. როგორც ჩანს, ისეთ ადგილზე დამალეს, რომ პოვნა გამიჭირდა. მას მხოლოდ 2 წლის შემდეგ, შემთხვევით მივაგენი და უნიტაზში ჩავრეცხე. მას შემდეგ, რაც სახლში კვალი ვიპოვე, ღამღამობით ეზოს ვზვერავდი ხოლმე და ხშირად დამინახავს სიბნელეში მჯდარი მამაკაცის ფიგურა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ბაჩოს უთვალთვალებდნენ. გამოდის, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და სამართალდამცავებს ემალებოდა. მერე, ციხის უფროსმა თვითონ დამიბარა და დამემუქრა: თუ ბაჩოს ადგილსამყოფელს არ შეგვატყობინებ, ბევრ პრობლემას შეგიქმნითო. - თქვენ რა შუაში ხართ, წესით, ამ საქმეს პროკურატურა უნდა იძიებდეს-მეთქი. - ამას შენ არავინ გკითხავს, რასაც გეუბნები, გაიგონეო, - მიპასუხა. თუმცა, 2 თვის შემდეგ თვალთვალი შეწყვიტეს. მეც ვიფიქრე, რომ ბაჩო სადღაც დაიჭირეს და ალბათ, ადგილზევე გამოასალმეს სიცოცხლეს. აი, ამიტომაც არ ვიცოდი ზუსტად, ცოცხალი იყო თუ არა. ახლა კი ზურამ გამომიცხადა, რომ თურმე, ცოცხალია. ზურას გახსენებაზე სახეზე ღიმილმა გადამიარა, რადგან მაშინვე ჩემი და მისი შვილი გამახსენდა. ზურას გუშინდელი საქციელიდან ის დასკვნა გამოვიტანე, რომ თვითონ სამუდამოდ წავიდა, მაგრამ მითხრა, ბაჩო ცოცხალია და შეგიძლია მოძებნოო. ეს 2 მამაკაცი ჩემ წინ წარმოვიდგინე. გონება ბაჩოსკენ მეწეოდა, გული - ზურასკენ. "ნეტავ, ახლა ბაჩო რომ გამოჩნდეს, რას ვიზამ?" - ვეკითხებოდი ჩემს თავს და პასუხი რა თქმა უნდა, არ მქონდა. ალბათ, ორივეს დავემშვიდობებოდი და მხოლოდ მე და ჩემი შვილი განვაგრძობდით ცხოვრებას. ეს იყო ის, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდოდა. ახლა, თუნდაც სამყარო დანგრეულიყო, აღარ ვინაღვლებდი... მე და ჩემი შვილი... საჩვენებელი თითი ტუჩზე მივიდე, მერე - მუცელზე და ისე გამომიკეთდა გუნება, თითქოს გუშინ არც არაფერი მომხდარა. სასწრაფოდ გავემზადე და სამსახურში წავედი. ჩემი თავი იმაში დავიჭირე, რომ ვღიღინებდი კიდეც. თუმცა, სადღაც სიღრმეში გული მაინც უზომოდ მტკიოდა და ორად მეყოფოდა.

ახალ წლამდე 10 დღე იყო დარჩენილი. ეს პირველი ახალი წელი იყო, რომელსაც მე და ჩემი პატარა ერთად შევხვდებოდით. ამიტომ საჭირო იყო, სათანადოდ მოვმზადებულიყავი. ყოველდღე გავდიოდი შინიდან, საყიდლებზე. ნაძვის ხე, ბრჭყვიალა სათამაშოები, "წვიმები" და ნათურები ვიყიდე. სახლიც შესაფერისად მოვრთე და საახალწლო სამზადისში ისე გავერთე, რომ როგორ გადიოდა დღეები, ვერც კი გავიგე. ტელეფონი რომ დარეკავდა, მაშინ ავღელდებოდი ხოლმე... მეგონა, ვნატრობდი და ვოცნებობდი, რომ ზურა იქნებოდა, მაგრამ არც ერთხელ არ გამიმართლა. ზურა გაქრა ჩემი
ცხოვრებიდან, წავიდა და ალბათ, აღარ აპირებდა დაბრუნებას. სამაგიეროდ, ყველაზე ძვირფასი რამ დამიტოვა და უზომოდ მადლიერი ვიყავი ამის გამო. ხშირად ვტიროდი, როდესაც მისი მონატრება მომერეოდა. - ალბათ ბედნიერია, საბოლოოდ თავის ოჯახში დაბრუნდა-მეთქი, - ვფიქრობდი. 31 დეკემბერს, დილით გამვეწყვე და ისევ საყიდლებზე გავედი, საახალწლო სუფრისთვის სანოვაგე უნდა მეყიდა. რაც არ უნდა იყოს, მაინც ოჯახია, რომელიც უკვე 2 სულისგან შედგებოდა და ახალ წელსაც, როგორც საჭიროა, ისე უნდა შევხვედროდით. ყაზბეგის გამზირზე, სუპერმარკეტიდან გამოსულს, ხელში უამრავი ცელოფანის პარკი მეჭირა. შუქნიშანთან გზა უნდა გადამეჭრა და "მწვანეს" ველოდი. გადასასვლელს უზარმაზარი ჯიპი მოადგა. მივიხედე და მუხლები ამიკანკალდა. საჭესთან ზურა იჯდა. აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი - გზა გამეგრძელებინა თუ მივსალმებოდი. ზურამ მანქანა ისე გააჩერა, მივხვდი, გადმოსვლას აპირებდა. გავჩერდი. მოვიდა, მომესალმა, პარკები ჩამომართვა და უკანა სავარძელზე დაალაგა. მე წინა კარი გამოვაღე და მანქანაში დაუპატიჟებლად ჩავჯექი.
- როგორ ხარ? - მკითხა მას შემდეგ, როდესაც გასაღები გადაატრიალა და მანქანა დაქოქა.
- კარგად, - მოკლედ მოვჭერი, რადგან ცრემლი მქონდა ყელში გაჩხერილი და სადაცაა ავბღავლდებოდი.
- მეც კარგად, - ისე მიპასუხა, რომ ჩემს შეკითხვას არ დალოდებია. - საახალწლოდ ემზადები?
- ჰო, რა იცი, ვინ მოვა.
- ჰო, მართლაც, რა იცი, ვინ მოვა... - გაიმეორა თუთიყუშივით. ალბათ, სულ სხვა რამეზე ფიქრობდა. - ისევ იქ ცხოვრობ, ხომ?
- აბა, სად წავიდოდი? - ვკითხე გაოცებულმა.
- რა ვიცი, ყველაფერი ხდება. მთელი 9 დღე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში კი შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს. სტუმრებს ელოდები?
- არა.
- აბა, ამდენი საჭმელ-სასმელი სულ შენ უნდა მიირთვა?
- ჰო!
- მადა მოგმატებია.
- ჰო!
- კარგია.
აღარაფერ ვუპასუხე.
- იქნებ, შინ არ მიდიოდი, პირდაპირ შენი სახლისკენ რომ წამოვედი?
- შინ მივდიოდი. აქ გააჩერე... - ვუთხარი და მაღაზიის წინ მივუთითე, რადგან გამახსენდა, რომ ფერადი სანთლების ყიდვა დამავიწყდა.
მაღაზიიდან სანთლებითა და ულამაზესი ყვავილებით ხელდამშვენებული გამოვედი.
- რაღაც, რომანტიკულ საღამოს აწყობ, როგორც ჩანს.
- შენში ყოველთვის მოწონდა ის, რომ ძალზე მიხვედრილი ადამიანი ხარ, - ვუთხარი და რაც შეიძლებოდა მეტი ირონია ჩავაქსოვე.
- კიდევ? სხვა არაფერი მოგწონდა ჩემში? - არც მან დამაკლო ირონია.
- კიდევ ის, რომ მდიდარი ხარ, მაგარი მანქანა და ბევრი ფული გაქვს... - სამაგიერო გადავუხადე.
- ეგ ბევრ ქალს მოსწონს, - თქვა და ჩაიცინა.

- ეჭვიც არ მეპარება, რადგან მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ და კარგად ვიცნობ ჩვენი "მოდგმის" ბუნებას.
- ისე, მეგონა, მეტყოდი, რომ ჩემთან სექსიც მოგწონდა.
- იცი, რუსულ ენაში ძალიან კარგად არის გამიჯნული "ზანიმატსია სექსომ" და "ზანიმატსია ლიუბოვიუ". სამწუხაროდ, ქართული ენა ამის საშუალებას არ იძლევა და იმედი მაქვს, რომ სწორედ ამის გამო ვერ მიეცი სწორი ფორმულირება ჩვენს ურთიერთობას. აქ გამიჩერე... - ისეთ ადგილზე გავაჩერებინე მანქანა, რომ გაოცებულმა მიიხედ-მოიხედა. ვერაფრით მიხვდა, რა მინდოდა აქ.
გადმოვედი, ყვავილები იღლიაში ამოვიჩარე, მეორე ხელით მანქანის უკანა კარი გავაღე და ცელოფანის პარკები გადმოვალაგე. პირველსავე ტაქსის ხელი ავუწიე, "ჩავბარგდი" და სახლის მისამართი ვუთხარი.
ტაქსი ადგილიდან დაიძრა თუ არა, თვალებიდან ცრემლის მდინარე წამსკდა. ხასიათი გამიფუჭდა. ცრემლს ხელის ზურგით ვიწმენდდი და მთელ გზა ვსლუკუნებდი. ტაქსის მძღოლი საკმაოდ ასაკოვანი კაცი იყო. სარკეში გამომხედავდა ხოლმე, მაგრამ შეკითხვის დასმას ვერ ბედავდა. ეზოში რომ შევედით, როდესაც ფული მივაწოდე, მომიბრუნდა და მითხრა:
- შვილო, მამის ტოლი კაცი ვარ და ნუ მიწყენ, მინდა, რაღაც გითხრა... ხომ იცი, ეს დედატირებული კაცები ყველა ერთ თარგზე რომ ვართ მოჭრილი. შენს წმინდა ცრემლებად არ ღირს ის კაცი, ვისი გულისთვისაც ასე იკლავ თავს. მით უმეტეს, თუ იმ კაცს ისეთ მდიდრული მანქანა ჰყავს, როგორი მანქანიდანაც შენ გადმოხვედი. იმ კაცს უყვარხარ, დაგიბრუნდება, დამიჯერე...

როდესაც ჩემს გაოცებულ მზერას წააწყდა, მერე დაამატა: მთელი გზა უკან მოგვყვებოდა, სულ 1 წუთის წინ ჩამოგვშორდა, სახე კი ისეთი დაძაბული ჰქონდა, რომ ალბათ, თვითონაც იტირებდა, კაცი რომ არ ყოფილიყოო. მერე ცელოფანის პარკები სახლამდე ამატანინა და დამემშვიდობა. თვალი გავაყოლე კიბეზე ჩამავალს და გული დამწყდა, რომ ეს კაცი ჩემი ახლობელი არ იყო.
მთელი დარჩენილი დღე სუფრის სამზადისს მოვანდომე. ღამის 11 საათისთვის სუფრა გავშალე, ოთახი გავაჩახჩახე და საყვარელ სავარძელში ჩავჯექი, ტელევიზორის პულტით ხელში. 12 საათზე შამპანურის ბოთლი გავხსენი და ახალი წლისა და ჩემი პატარას სადღეგრძელო დავლიე. სადღეგრძელოს ფეხზე მდგარი, ხმამაღლა ვამბობდი ისე, თითქოს ვიღაც მისმენდა. მერე, კვლავ სავარძელს დავუბრუნდი და შამპანურის წრუპვა გავაგრძელე. ორიოდე წუთში ტელეფონმა დარეკა. ვიცოდი, სონა იქნებოდა, მას ვერავინ დაასწრებდა დარეკვას. მომილოცა, შორიდან "კოცნები" გამომიგზავნა, ზურა მოიკითხა, მითხრა - მიხარია, მალე რომ გნახავო და დამემშვიდობა. ასე, პირველ საათზე კარზე ზარმა რომ დარეკა, ძალიან გამიკვირდა. ელენიკო იყო. კარი გავაღე თუ არა, კანფეტები ჯერ თავზე გადამაყარა, მერე შემოსასვლელში შემოყარა, გადამეხვია და ახალი წელი მომილოცა. პალტოს რომ იხდიდა, ჩუმად მკითხა:
- ზურა აქ არის?
- არა, მაგრამ იმედია, მოვა, - ვთქვი და თან გავიფიქრე: "ისე მოვიდა მტერი, ეგ რომ მოვა-მეთქი".
სუფრას მივუსხედით. ელენიკომ თამადობა ითავა და სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ამბობდა. მეც ხასიათი არ გავუფუჭე და ავყევი. შამპანური ნელა-ნელა მეკიდებოდა. ელენიკო ენას არ აჩერებდა და ხან ვისზე მეჭორავებოდა, ხან - ვისზე. კარგა ხნის შემდეგ, კარზე ისევ დარეკეს.

- არიქა, დროზე გაუღე, ზურა იქნება და უკან არ გაბრუნდეს, - ხმამაღლა გაიცინა ელენიკომ. მე კი ღია კართან გაოცებული ვიდექი. ჩემ წინ ნაბადსა და სვანურ ქუდში გამოწყობილი, თეთრწვერა თოვლის ბაბუა იდგა და ჩემს მიპატიჟებას ელოდა. ჯერ ვიფიქრე, მისამართი შეეშალა-მეთქი, მაგრამ როდესაც მკითხა: ნატალი თქვენ ხართო? - უკვე დავრწმუნდი, რომ არაფერიც არ შეეშალა და ნამდვილად სწორ მისამართზე მოვიდა. ამასობაში, ელენიკოც გამოვიდა და თოვლის ბაბუა რომ დაინახა, პატარა ბავშვივით აჭყლოპინდა. მოულოდნელი სტუმარი შინ შემოვიპატიჟე და სუფრასთან დავსვი. მერე ელენიკომ ბევრი ლექსი უთხრა "ნაძვის ხესა" და "ახალ წელზე". მას შოკოლადით სავსე პარკი მიაწოდა თოვლის ბაბუამ, მე კი - პატარა, ნახატებიან ქაღალდის პარკში ჩადებული საჩუქარი.
ბაბუა მალევე დაგვემშვიდობა და წავიდა. კარი გაიხურა თუ არა, ჩემს საჩუქარს ვეცით. პარკში, სპეციალურ ბუდეში ჩადებული ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი და ღია ბარათი აღმოჩნდა. "ნატალი, გილოცავ ახალ წელს. მრავალს დაესწარი ჩემთან ერთად. ჩემ გარეშე ერთი დღეც არ გაცოცხლოს ღმერთმა. ცოლად გამომყვები, პატარავ?" - სულ ეს იყო. გამომგზავნის სახელი არ ეწერა, მაგრამ დიდი მიხვედრა არ უნდოდა, რომ სიურპრიზის ავტორი ზურა იქნებოდა. სიხარულით ლამის ფრენა დავიწყე. გული ბუდიდან ამოვარდნას ლამობდა. "ჩემი ზურა... ჩემი სიცოცხლე... ჩემი სიხარული", - ვიმეორებდი გულში დაუსრულებლად და მზად გახლდი, გარეთ გავსულიყავი და ხმამაღლა მეყვირა, რომ ბედნიერი ვიყავი, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი!
- აუ, რა მაგარია... აუ, რა "დაცემაა"... აუ, რა კაცია... - გაიძახოდა ელენიკო და მალ-მალე გადამეხვეოდა ხოლმე.
- ახლა ალბათ, თვითონაც მალე გამოჩნდება, - ვუთხარი ელენიკოს და კარზე ზარის ხმაც გაისმა.

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (10)
07.03.2015
ქალბატონო მარი ნუთუ არ იცით, რომ ქალი სა- ყვარელ მამაკაცზე ყველაზე მეტად მაშინაა შეყვარებული,როდესაც მის შვილს იგრძნობს სა- კუთარ სხეულში? სიტუაციები უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს და თანაც ლოგიკური.მაგრამ გინდათ მიგვანიშნოთ, რომ ნატას ზურა არ უყვარს? საწყენია. ზურა იმსახურებს სიყვარულს.
თინათინი 07. 03. 2015
26.02.2015
ეს გოგო ნერვებს მიშლის
მაია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ბევრი ადამიანია ჩემს დღეში, თუმცა მათგან იმით განვსხვავდები, რომ გავბედე და ხალხის სამსჯავროზე გამოვიტანე ჩემი თავგადასავალი

დასაწყისი იხილე აქ

ნატ, წადი... ისიც ვიცი, რომ აუცილებლად დაბრუნდები. ჩემთან დაბრუნდები და ჩვენი ცხოვრების გზები მერე საბოლოოდ შეიყრება. ვიცი, რომ ძალზე ჯიუტი ხარ. ჩემთან ურთიერთობისას კი ამას არ ამჟღავნებ. რატომ? რატომ არ მეჯიუტები?



დასაწყისი იხილე აქ

ხათუნა ახალ კაბას, ფეხსაცმელსა თუ სამკაულს მოირგებდა, მხოლოდ მაშინ ჰკითხავდა: სად იყავიო? ისიც, ალბათ იმიტომ, რომ მერე დაქალებისთვის ეთქვა, საიდან ჩამოუტანა ქმარმა ესა თუ ის ნივთი



დასაწყისი იხილე აქ

გამახსენდა, გზაში რომ მითხრა, სიურპრიზი გელისო და მივხვდი, რომ ეს ღელვა და ფორიაქი სწორედ ამ სიურპრიზთან იყო დაკავშირებული



დასაწყისი იხილე აქ

ნახალოვკელი ვანო ვარ, თუ რამე დაგჭირდეთ, მიკითხეთ. შვილი მომიკლეს ერთი წლის წინ, თავისსავე ძმაკაცებმა გაწირეს...


დასაწყისი იხილე აქ

ყველა მოწიწებით უყურებს, რადგან ზურას ცოლია... მას აქვს უფლება, ყველგან ქმრის გვერდით იყოს. მე კი მხოლოდ სიყვარულის უფლება მაქვს


დასაწყისი იხილე აქ


ერთ მაწანწალა ბავშვს ვიშვილებ, ან სულაც, ხელოვნური ჩასახვის გზით გავაჩენ



დასაწყისი იხილე აქ


იმ საქმეზე პატარა "სროკი" ექნება. "პაჟიზნენი" უნდა მიიღოს იმ სასტიკი მკვლელობისთვის, რომელიც ჩაიდინა.


დასაწყისი იხილე აქ

ქალი, რომელიც ზურას ახლდა, ძალიან ლამაზი იყო - დახვეწილი სახის ნაკვთები, მოხდენილი ტანი ჰქონდა და თითქმის ზურას სიმაღლის გახლდათ



დასაწყისი იხილე აქ

ისე გააკეთე, რომ არც შენი ყოფილი, არც ახლანდელი, "მოქმედი" საყვარლები და არც შენი ცოლი ჩემთან არ მოვიდნენ. ეს სათხოვარი მაქვს სულ...


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი