სიცოცხლემისჯილი (III ნაწილი)
font-large font-small
სიცოცხლემისჯილი (III ნაწილი)
დასაწყისი იხილე აქ

კი, მაგრამ დაბლიდან მაღლა რატომ ესროლა? - ლაშამ ისევ ჩარგო თავი საქაღალდეში და კიდევ ერთი ფურცელი ამოიღო.


- ჰოდა, ”რასტოვში” ვიყავი, რა... მაგარ საქმეებს ვატრიალებდი. ერთი რუსი შეყვარებული მყავდა, მაგარი მამიკოს შვილი იყო. ჰოდა, ვგრიალებდი ჩემს გემოზე. მამამისს თავისნაირი, მელეხი ძმაკაცები ჰყავდა... ძმაკაცები, რა... მაგათ ძმაკაცობა სად იციან? ”პროსტო”, საქმეში იყვნენ ერთად, რა... ჰოდა, მე როგორც სიძეს, ყველასთან წარმადგენდნენ ხოლმე. ”სიმამრს” მაგრად ”ვევასებოდი” და ხშირად მეუბნებოდა, შენნაირი სიმპათიური ქმარი ჩემს ნადიუშას ჯერ არ ჰყოლიაო.
- კი, მაგრამ რამდენი ქმარი ჰყავდა? - ვკითხე გაოცებულმა.
- ქმარი არა, ისა... ერთი მე ვიყავი ქმარი და მეორეც - დანარჩენები. ”პროსტო”, რა, ნაშა იყო და კაცები ჰყავდა. გარეგნობით დიდი არაფერი ქალი იყო. ფული ჰქონდა და ამიტომ თუ აიტანდა კაცი. მამამისის ძმაკაცებს ”ჩავუსასტავდი” და ყველას შევაყვარე თავი.
- რად გინდოდა მათთან ასეთი დაახლოება? - მიამიტად ვიკითხე.
- ბიჭო, შენ მგონი, მართლა ციდან ხარ ჩამოფრენილი, ხომ იცი... რად მინდოდა და ჩემი ბიჭებისთვის ინფორმაციას ვაგროვებდი. იმათ კიდევ, მათი სახლები თუ სეიფები გაჰქონდათ. როცა მელეხი ბიძების სახლები იქურდებოდა, მე ამ დროს ან სიმამრთან, ან ნადიასთან ერთად ვიყავი და უტყუარი ალიბი მქონდა. ასე, რომ ჩემზე ეჭვს ვერავინ მიიტანდა.
- ვააა... ე.ი. ბანდაში იყავი?
- ეეე... ნუ დაიწყე ახლა შენ, რა... ბანდაში კი არ ვიყავი, საბავშვო ბაღში მასწავლებლად ვმუშაობდი...
- მერე?
- მერე, ერთ მშვენიერ დღეს, ჩემს ნადიასთან ერთად მისი სკოლის მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი (მანამდე ამ გოგოს არ შევხვედრივარ). კარგა ბლომად ხალხი შეიკრიბა რესტორნის ფოიეში, თავად იუბილარი კი არ ჩანდა. ნადიას მეგობრის ქმართან ლაპარაკში ვიყავი გართული, როცა მომესმა - ოოო... როგორც იქნა, მოვიდააა... ¬ მოვტრიალდი და პირი ღია დამრჩა. რესტორანს რაღაცნაირი, გრძელი ფოიე ჰქონდა. შემოსასვლელი კარიდან იმ ადგილამდე, სადაც ჩვენ ვიდექით, ასე, 20-30 მეტრი მაინც იქნებოდა. ამ გრძელი დერეფნის ბოლოდან ქალი მოდიიის... ზღაპრებში რომ გინახავს, ისეთი ლამაზი: მაღალი, შხვართი, ქერა, გრძელი, გაშლილი თმა ჰქონდა. მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე ისე მსუბუქად იდგა, თითქოს ბალერინა იყო. გულამოჭრილი, წითელი ატლასის კაბა ეცვა, ტანზე მოტმასნილი და შეხსნილი. ნაბიჯს რომ დგამდა, მარჯვენა ფეხი ბოლომდე უჩანდა. ასეთი ლამაზი ქალი მართლა არასდროს მენახა. სუნთქვა შეეკრა და ხმას ვერ ვიღებდი. მის უკან 2 მეტრიანი მუტრუკი მოდიოდა. ეგრევე მივხვდი, რომ დაცვა იყო. ნადიას ვკითხე, რას წარმოადგენდა ეს მარინა. - არაფერს, საყვარელი ჰყავს მილიონერიო, - მითხრა.
- ისე, ასეთ ქალს კი ეყოლებოდა ფულიანი საყვარელი.

- მოიცა, ბოლომდე გითხრა. სადღაც 2-3 საათის მერე მოვიდა მისი საყვარელიც. ის მარინას წელამდე ძლივს სწვდებოდა, დაბალი და მრგვალი იყო. როცა დავინახე, ლუარსაბ თათქარიძე გამახსენდა.
- ვაა... შენ ”დაჟე”, ლუარსაბიც იცი? - გულწრფელად გამიკვირდა.
- ეეე... შენ მე ეგრე ნუ მიყურებ, მე-9 კლასამდე ხუთოსანი ვიყავი.
- მერე? მოჰყევი ის ამბავი, რა მოხდა მერე?
- მერე, მისი მახინჯი საყვარელი რომ ვნახე, უფრო მომეცა გული და იმდენი ვქენი, რომ იმ მარინამ ტელეფონის ნომერი თვითონ მომცა.
- ვაა... არ არსებობს...
- გეუბნები, ასე იყო... ჰოდა, მერე ჩემს ნადიას ვუღალაე და მარინას ვხვდებოდი. მის საყვარელს იმდენი ფული ჰქონდა, რომ ორივეს გვყოფნიდა. ეგ იყო, სულ ვიმალებოდით, რადგან ეს ამბავი იმ ”ლუარსაბს” რომ გაეგო, ორივეს დაგვხოცავდა.
- აკი, დაცვა ჰყავდაო? როგორ ახერხებდა შენთან შეხვედრას?
- დაცვას დიდ მაყუთს, თითოს თვეში 5 ათასს უხდიდა, ჩუმად რომ ყოფილიყვნენ.
- საყვარელი არ უხდიდა ხელფასს?
- კი, მაგრამ მხოლოდ 1.000-1.000-ს და ეგ იყო. მარინასთან მაგრად ძმაკაცობდნენ. მაგარი ”დუშკა” გოგო იყო და ამიტომაც, ის მთელი სულითა და გულით შემიყვარდა. რამდენიმე დღის განმავლობაში თუ ვერ ვნახავდი, ჭკუაზე აღარ ვიყავი, ისე მენატრებოდა, მაგრამ მე არასოდეს ვურეკავდი, რადგან არ ვიცოდი, როდის იყო იმ თავის ”პუტკუნასთან” ერთად.
- არ ეჭვიანობდი?
- კი, როგორ არა, მაგრამ მეუბნებოდა: რაც მასთან მაქვს, ამას სექსს ვერ დაარქმევ, ამაზე არ ინერვიულოო.
- და შენც არ ნერვიულობდი?
- ვნერვილობდი, როგორ არა, მაგრამ რას ვიზამდი? ჰოდა, ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ იმ ღამით შემეძლო მასთან მისვლა. ჩუმად შევიპარე მის სახლში, როგორც ყოველთვის. დაცვის ბიჭები თავის ოთახში ისხდნენ. მე და მარინა კი საძინებელში შევედით. მთელ ღამეს ვაპირებდი მასთან დარჩენას, მაგრამ ღამის 2 საათზე ხმაურმა გამომაღვიძა. მარინას უკვე ეღვიძა. ცოტა ხანს უსმინა ხმაურს და ძაღლის წკმუტუნი რომ გაიგო, მერე ჩურჩულით მითხრა: გოგიტა, ძაღლი ასე მხოლოდ ოლეგის მოსვლისას წკმუტუნებს, დროზე წადი, მგონი, მოვიდაო. თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. კერძო სახლში ცხოვრობდა. მეორე სართულიდან გადმოვხტი და ღობეს ელვის სისწრაფით გადავევლე. იმ დღის მერე მარინა უკვალოდ აორთქლდა. მხოლოდ ღმერთმა იცის, მოკლეს თუ სადმე გადამალეს. მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე, ჩემი სიგარეტის ნამწვავებმა გამთქვა. მარინაც ეწეოდა, მაგრამ მისი სიგარეტები პომადიანი იყო, ჩემი კი სხვა ფორმის იყო და თანაც, სუფთა ფილტრი ჰქონდა. არ ვიცი, მე მეძებდნენ თუ არა, მაგრამ მაინც, საგულდაგულოდ ვიმალებოდი, ერთი თვის მერე კი, ტაშკენტში წავედი და ”რასტოვისკენ” პირიც აღარ მიქნია. აი, ასე გამთქვა სიგარეტმა და როცა ვამბობ, სიგარეტი მაგარი ”ვეშია”-მეთქი, ყოველთვის ეს ამბავი მახსენდება. ახლაც ამიტომ გამახსენდა და ”პახოდუ”, მოგიყევი კიდეც.
- საინტერესოა, სად გააქრეს ის ქალი?

- აბა, რა ვიცი, მისი საყვარელი შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი იყო და იმას არაფერი გაუჭირდებოდა.
- ჰოო, მაშინ კი ექნებოდა ბლომად ფული... ¬ ეს ჩემი ფრაზა გოგიტამ უკომენტაროდ დატოვა და ერთ ადგილზე თვალგაშტერებული კარგა ხანს ისე იჯდა, ხმა არ ამოუღია. მერე ერთი ამოიოხრა და ხელი ჩაიქნია. ორივე ჩვენ-ჩვენს საფიქრალს დავუბრუნდით.

- კი, მაგრამ ეს რა არის? ამხელა კაცმა შეშის დაჩეხა არ იცის? ღუმელში არ ეტევა... ვითომ, პარიზიდან იყო ჩამოსული და არც ღუმელი გენახოს ჯერ, არც შეშა და არც ნაჯახი... - შეშის ნაჭერს ცხვირწინ უტრიალებდა და მთელი ხმით უყვიროდა ასანიძეს გამომძიებელი ლაშა გულდედავა და თან, გულმოსული ქშინავდა.
- ბატონო ლაშა, შეიძლება? – თავი შემოყო გოჩა ლაბაძემ.
- მოდი, - უპასუხა ლაშამ და შეშის ნაჭერი იქვე, ღუმელთან გაბრაზებულმა მიაგდო. - შენ შეგიძლია, წახვიდე, - მიუბრუნდა ისევ ასანიძეს, კარამედ მიჰყვა და მის ზურგს უკან საგულდაგულოდ მიხურა. - აბა, როგორ ხარ? - მხარზე ხელი დაჰკრა გოჩას. საახალწლოდ ღორი არ დაკალი?
- კი, დავკალი... - დამნაშავესავით აიწურა გოჩა.
- მერე, რატომ არ შეგვატყობინე ეს სასიხარულო ამბავი?
- მე... მე... არ მეგონა, თუ ჩემს ღარიბულ სახლში მოსვლას იკადრებდით, - დაიბნა გოჩა.
- ეეე... ლაბაძე... ლაბაძე... ცუდად გვიცნობ, ცუდად... ჩვენც ჩვეულებრივი ხალხი ვართ, შენნაირი, ასანიძისნაირი... რა სხვაობაა ჩვენ შორის? არაფერი! უბრალოდ, მე 5 წლით მეტი ვისწავლე... მერე რა, სამაგიეროდ, შენ ცხოვრებამ დაგაბრძენა... ¬ფილოსოფოსობის გუნებაზე დადგა გამომძიებელი. - ჰო, მართლა, შენი დახმარება გვჭირდება.
- გისმენთ, - მორჩილად დაქნია თავი გოჩამ.
- როგორც იცი ხოლმე, რა...
- მოწმე გჭირდებათ?

- ჰო...
- გისმენთ, ბატონო ლაშა. - გამომძიებელი ცოტა ხნით ჩაფიქრდა. თვალი ერთ წერტილს გაუშტერა, თან, ფეხს ნერვიულად აქანავებდა. მერე, თითქოს ერთბაშად გამოფხიზლდაო, ფეხზე წამოდგა.
- მოკლედ, შენ თუ გახსოვს, 25 ოქტომბერს, ღამით, ტყეში საკუთარ ღორებს რომ მწყემსავდი?
- კი, მახსოვს, 25 ოქტომბერს, ღამით ტყეში საკუთარ ღორებს ვმწყემსავდი, - სიტყვასიტყვით გაიმეორა გოჩამ.
- ჰო... - თავი მოიქექა ლაშამ. - ჰოდა, საგურამოს ტყეში რომ მეტყევის ქოხია, ხომ იცი?
- კი, ეგ თუ არ ვიცი, აბა, რა ვიცი?
- იმ ქოხთან ყვითელი ფერის მანქანა ხომ არ დაგინახავს?
- კი, დავინახე.
- რა მარკის იყო მანქანა?
- ”ჟიგული” იყო, უფროსო, მაგრამ ფერი, ზუსტად არ მახსოვს. ”03” თუ ”06” მარკის ”ჟიგული” იყო.
- არც ნომერი გახსოვს?
- არა, - თავი გააქნია გოჩამ.
- რამდენი ადამიანი იჯდა მანქანაში?
- რამდენი და სამი - ორი მამაკაცი და ერთი ქალი. ერთი კაცი დაბალი ტანის იყო, მეორე - საშუალოზე მაღალი.
- მერე?
- მერე გასროლის ხმა გავიგონე.
- რამდენჯერ გაისროლეს?
- 3-4-ჯერ, ზუსტად არ მახსოვს.
- კარგია, ყოჩაღ! - შეაქო ლაშამ. - ახლა კარგად მომისმინე. მართალია, ეს პირველი საქმე არ არის შენთვის, მაგრამ ძალიან ყურადღებით უნდა მომისმინო და ამასწინანდელი ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების საქმესავით არ უნდა ჩააფლავო.
- მაშინ ჩემი ბრალი არ იყო, ზურაბიჩ... მე ყველაფერი ისე ვთქვი, როგორც საჭირო იყო, მაგრამ მაშინ მოსამართლე ვერ ”იყიდეს” და იმანაც, ლამის მე ”გამსროკა” ყალბი ჩვენებისთვის... თქვენ რომ არა, ციხე არ ამცდებოდა.
- კარგ ადამიანებს ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით... ხომ გაგიგონია, ხელი ხელს ბანს და ორივე - პირსო! თუმცა, შენ ალბათ, არ გაგიგონია... ახლა მე მოგიყვები, შენ კი მომისმინე. მოკლედ, 25 ოქტომბერს, ღამით, საგურამოს ტყეში შენ საკუთარ ღორებს მწყემსავდი. მანქანის ხმა გაიგონე, მიუახლოვდი იმ ადგილს და დაინახე, რომ თეთრი ”შპაკლით” აჭრელებული, ყვითელი ფერის ”ნოლშესტი” მივიდა ქოხთან. იქიდან გადმოვიდა 3 კი არა, 4 ადამიანი და ის საშუალოზე მაღალი ბიჭი, ვინც შენ დაინახე, შენი სოფლელი, ნიკა ტატიშვილი იყო. მას ახლდა ერთი ძალიან მაღალი მამაკაცი, მეორე - დაბალი და ერთიც, ახალგაზრდა გოგო. ქოხში შევიდა ის, ვინც ყველაზე მაღალი იყო. ცოტა ხნის შემდეგ, 4 გასროლის ხმა გაიგონე. გასაგებია?
- კი, - ყოყმანით, პაუზის შემდეგ თავი დაუქნია გოჩამ.
- რა იყო, რამე ვერ გაიგე?
- უფროსო, მე რომ ამას ვიტყვი, ნიკას დაიჭერთ? - ძლივს ამოღერღა სათქმელი.
- ნუ გეშინია, ნიკას არ დავიჭერთ, მაგრამ შენ ენას კბილი დააჭირე და რასაც გეუბნები, ის გააკეთე.
- კარგი.

- აბა, გაიმეორე, რაც მე გითხარი.
გოჩამ სხაპასხუპით, სიტყვასიტყვით გაიმეორა ლაშას მონაყოლი, რის გამოც, ქებაც კი დაიმსახურა.
- წავიდე?
- ხვალ ოფიციალურად გამოგიძახებ დაკითხვაზე და ოქმსაც შევადგენ. ახლა კი წადი და ღორებს მიხედე. - გოჩა უკუსვლით გავიდა ოთახიდან და კარს მიეფარა თუ არა, თავი სულაძემ შემოყო:
- უფროსო, ვიღაც კაცი გკითხულობთ, ამბობს, ლადო ვარ, ნიკა ტატიშვილის დის ქმარიო. შემოვუშვა?
- შემოუშვი, - ამოიოხრა ლაშამ. ოთახში ახოვანი მამაკაცი შემოვიდა.
- დაბრძანდი, - მიუთითა ღუმელთან მდგარ სკამზე ლაშამ, თვითონ კი მის მოპირდაპირედ ჩამოჯდა და ხელები ცეცხლს მიუფიცხა.
- რა ხდება, რისთვის დამიბარეთ? - საუბარი მოსულმა დაიწყო.
- რა ხდება, ბატონო ჩემო და, თქვენი ცოლისძმა შესაძლოა, კარგა ხნით გამოამწყვდიონ ციხეში. რა თქმა უნდა, თუ მკვლელობა დაუმტკიცდა.
- რას ამბობ, კაცო, აბა, მაგის შენ თვითონ გჯერა, რასაც ამბობ?
- მჯერა, აბა...
- ბალღი არ დაღუპოთ, კაცო, ტყუილს ნუ დააბრალებთ.
- ეგ ბალღი არის მთავარი მოწმე. მოწმე კი არა, ეჭვმიტანილი. თუ სხვა მკვლელი არ გამოჩნდა, მაშინ მაგის მოკლულია.
- და ჩემი ნახვა რაღად გინდოდა? ყველაფერი გცოდნია, უკვე...
- რად მინდოდა და შენი ცოლისძმა უნდა დაარწმუნო, რომ ნამდვილი მკვლელის ვინაობა თქვას.
- ვააა... როგორ უნდა თქვას, კაცო, თუ არ დაუნახავს?
- ჰოდა, თუ არ დაუნახავს, მაშინ თვითონ მოკლა და ეგ არის...
- არა-მეთქი, არა, კაცო, მაგის მოკლული არ არის.
- დედას თუ დაიფიცებს, თორემ, სხვანაირად ეგ თავის სიმართლეს ვერ დააჯერებს მოსამართლეს. დედის დაფიცება კიდევ, არც ალიბია და არც საქმეს წაადგება.
- ვააა... მაშ, რა უნდა ვქნათ, კაცო?
- რა უნდა ქნათ და რასაც გეტყვი, ის უნდა ქნა. მერე, შენს ცოლისძმას შეგახვედრებ და უნდა აუხსნა, რომ რასაც თვითონ ამბობს დაკითხვაზე, ის არის არასწორი და რასაც ჩვენ ვიტყვით, ის იქნება სიმართლე. თუ დაგვიჯერებს, გადარჩება, თუ არა და, წავიდეს ”სროკზე”, რა, ჩემი რაღა მიდის?
- თქვენ იმას ამბობთ, რომ ყალბი ჩვენება უნდა მისცეს?
- ჰო, დაახლოებით მაგის თქმა მინდა... არა, ის ბიჭი ნამდვილად მკვლელია, მოწმე არ გყავს და ვერ ვუმტკიცებთ, თორემ მკვლელია, რა, ნაღდად ვიცი...
- ე.ი. მკვლელი დაჭერილია და ნიკამ ხელი უნდა დაადოს იმ კაცს, ვისზეც თქვენ ეტყვით?
- ჰო, ხელი უნდა დადოს და კიდევ, უნდა მოგვიყვეს, როგორ მოხდა ყველაფერი...
- ბიჭს აფუჭებთ, არა? 17 წლის ბიჭი უნდა ”გაბოზდეს”, არა? თქვენ ხომ ხალხი არ ყოფილხართ! - ხმას აუწია ლადომ.
- აბა, აბა, დაწყნარდი ახლა და არაფერი მიქარო, თორემ დაგსვამ შენი ცოლისძმის გვერდით და მერე ამტკიცეთ ორივემ ერთად, რომ მართლები ხართ...
- კაცო, ერთი ეს მითხარი, დავუშვათ და, ნიკა ისე მოიქცა, როგორც თქვენ ამბობთ. თუ ის კაცი, ვისაც ნიკა ხელს დაადებს, მკვლელი არ არის, ცოდვა უნდა აიკიდოს ბალღმა? მერე, სიმართლე რომ გაირკვეს? ან განა, როდემდე იქნება ის კაცი ციხეში? რომ გამოვა და რამე აუტეხოს, მერე თქვენ აგებთ პასუხს?
- ვერ გამოვა. მაგაზე არ იდარდო, მაგას დახვრეტას მიუსჯიან...
- მერე, გამოდის, ნიკაზე ყოფილა დამოკიდებული და მკვლელად გინდათ აქციოთ? იმ კაცს თუ დახვრეტას მიუსჯიან, მაშ, ნიკას კისერზე არ იქნება ეგ ცოდვა?

- მაშინ თვითონ ”დაჯდეს” და სხვის ცოდვას ნუ დაიდებს... დამიჯერე, ციხეში ჩაჯდომას ყველაფერი სჯობს. მაგას ”მალალეტკებში” გაუშვებენ, იქ გააფუჭებენ ბიჭს. ჯობია, სხვა გაწიროს...
- ეგ კაცური საქციელი არ არის...
- შენ დაელაპარაკე ბიჭს, იქნებ, დაგიჯეროს?! თვითონ გადაწყვიტოს, როგორ მოიქცევა...
- შენ როგორ მოიქცეოდი, ამ ბალღის ადგილზე? - ჰკითხა ლაშას და თვალი გაუშტერა.
- მე დავუჯერებდი გამომძიებელს იმიტომ, რომ იმან უკეთ იცის, ვინ არის მტყუანი და ვინ - მართალი...
- ჰმ... - ჩაიცინა ლადომ. - მაშ, დაუჯერებდი, არა? აი, მე კი სხვანაირად მოვიქცეოდი, მაგრამ ძალა აღმართსა ხნავს... კარგი, იყოს, როგორც თქვენ გინდათ... მე დაველაპარაკები ნიკას. თავად გადაწყვიტოს, კაცობა ურჩევნია თუ არაკაცობა...
- მასე თუ დაუწყებ ლაპარაკს, რა თქმა უნდა, არ დაგიჯერებს და ჩვენთან თანამშრომლობაზე არ წამოვა.
- მტერს არ ვუსურვებ თქვენს ხელში ჩავარდნას... გახრწნილი ხალხი ხართ...
- ენა გააჩერე... არც შენ ხარ მამა აბრამის ბატკანი...
ლადო წამოდგა და ირონიული ღიმილით დატოვა გამომძიებლის კაბინეტი.
- ხვალ, შუადღისას მოდი, - მიაძახა კართან მისულს ლაშამ.
ლადო გავიდა თუ არა, ტელეფონმა დარეკა. ვაჟა იყო და გამომძიებელს თავისთან უხმობდა. პროკურორის მოადგილის კაბინეტში ლევან დოდაშვილი დახვდა.
- ოოო, ექსპერტს გაუმარჯოს! - მხიარულად მიესალმა ლაშა. ლევანი სკამიდან წამოიწია და ხელი ჩამოართვა. - ახლა არ მითხრა, რომ ჩუთლაშვილის საქმეზე ხარ მოსული.
- ჰო, განცხადებაა შემოსული.
- ჩივის, არა? - ჩაიცინა ლაშამ. - რაო, რა მინდაო? მცემესო?
- კაცო, ერთი ეს მითხარი, რამდენჯერაც აქ მომიწია ჩამოსვლამ, ყოველთვის შენს გამოძიებულ საქმეზე ჩამოვდივარ. სინდისი აღარ გაქვს?
- მაბრალებენ, ლევან. მტრები მყავს, მტრები... ჩამოსვლით ბევრჯერ ჩამოხვედი, მაგრამ ერთხელაც არ დადასტურებულა ფაქტი.
- შემახვედრეთ პატიმარს, - მოკლედ მოუჭრა ექსპერტმა. ლაშამ ვაჟას გადახედა. მან შეუმჩნეველი თავის ქნევით ანიშნა, რომ შეეძლო, დათანხმებოდა. მერე, თვითონვე გასძახა თანამშრომელს და ზაზას ამოყვანა უბრძან. ცოტა ხნის შემდეგ, ამ თანამშრომელმა ისევ შემოყო თავი ოთახში და უფროსს მოახსენა, რომ პატიმარი ექსპერტთან შეხვედრაზე უარს აცხადებდა.
- აი, ხომ გითხარით, მტრები მყავს-მეთქი. მაგ ბიჭს ინტრიგანი ადვოკატი ჰყავს და კლიენტთან შეუთანხმებლად მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა. პატიმარი კი უარს ამბობს თქვენთან შეხვედრაზე. ნაცემი და ნაწამები რომ იყოს, ხომ არ იტყოდა უარს? პირიქით, გაუხარდებოდა თქვენი ნახვა, - ენას არ აჩერბდა გამომძიებელი და თვალებს აქეთ-იქით ატრიალებდა.
- კარგი, მომეცი ოქმი, სადაც წერია, რომ პატიმარი უარს ამბობს ჩემთან შეხვედრაზე, ხელს მოვაწერ, - ამოიოხრა ლევანმა.
- აგერ, ბატონო, - გამზადებული ოქმი ამოაძვრინა საქაღალდიდან ლაშამ.
- პატიმარს რომ არ აქვს ხელი მოწერილი?

- არა უშავს, ხომ თქვენი ყურით გაიგონეთ, რომ უარს ამბობს? ჰოდა, თქვენ მოაწერეთ, რომ დრო აღარ დაკარგოთ, ალბათ, ბევრი საქმე გაქვთ... პატიმარს კი, წახვალთ თუ არა, მაშინვე მოვაწერინებთ. - ლევანმა თავი გადააქნია და ხელი მოაწერა ოქმის ბოლოში.
- ესეც ასეეეე... - თქვა ხელების ფშვნეტით, კმაყოფილმა გამომძიებელმა მას შემდეგ, რაც ექსპერტი ოთახიდან გავიდა. - ნამდვილი გენიოსი ხართ, კონსტანტინოვიჩ... წინასწარ გყავდათ გაფრთხილებული ის თქვენი თანამშრომელი?
- თანამშრომელი კი არა, დროზე დაამთავრე ეგ საქმე. დღეს გენერალური პროკურატურიდან დამირეკეს და მუშტი დამიბრახუნეს. რა გახდა, ბოლოს და ბოლოს, ერთი საქმის გამოძიება? თუ სანამ არ მომხსნიან, მანამდე არ გაინძრევი? - დატუქსა ვაჟამ. - ასეთი საქმეები ცხელ კვალზე იხსნება ხოლმე...
- თქვენ არ მითხარით, დრო გავწელოთო? - წინააღმდეგობის გაწევა სცადა გამომძიებელმა.
- ახლა გეუბნები, რომ დროზე დაამთავრე და ეს პატიმარიც გადააგზავნე ციხეზე. როდემდე უნდა იყოს აქ?
- კონსტანტინოვიჩ, გუშინ მოვიდა ბადრაგი წასაყვანად. ამ დროს, ზაზა დაკითხვაზე ამოჰყავდათ. რომ დაინახეს, წაყვანაზე უარი თქვეს.
- რატომ?
- ეს კაცი 2 დღეში მოგვიკვდება, მერე ჩვენ უნდა დაგვბრალდეს და რატომ გავყოთ თავი შარშიო? თქვენი გაფუჭებული საქმე თქვენ გამოასწორეთ, თუ გადარჩება, მერე გადავიყვანთ ციხეზეო.
- ისე, მგონი, მართლა ზედმეტი მოგივიდა, ხომ იცი...
- ხომ ნახეთ, როგორი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა? დიდი ხანია, არ მახსოვს, რომ ერთ დღეზე მეტი გაეძლოს ვინმეს ჩვენი ბიჭებისთვის. მაგან 3 დღე გაუძლო. ცოტა ადრე ეღიარებინა დანაშაული და ამდენი აღარ მოხვდებოდა. სანამ ბიჭებმა არ უთხრეს, რომ გარეთ გაგიყვანთ და მერე, გაქცევის მცდელობისთვის გაგაგორებთო, მანამდე არ შეეშინდა.
- ახლა რას უპირებ?
- ახლა დაისვენოს, ხვალ დავუძახებ დაკითხვაზე და ტატიშვილი და ლაბაძე ამოიცნობენ...
ჯერ ისევ ადრიანი დილა იყო, როდესაც ზაზას დედამ, ქალბატონმა ნათელამ ეზოს ჭიშკარი შეაღო. ხმაურზე მისი მეუღლე, გიორგი აივანზე გამოვიდა და როდესაც ცოლი დაინახა, მაშინვე კიბეზე დაეშვა, მომცრო ჩანთა ჩამოართვა და შინ შეიტანა. ოთახში შესულმა ნათელამ იქაურობა მოათვალიერა. ყველაფერი ისევე დახვდა, როგორც დატოვა. ჩაიდანიც კი კვლავ ღუმელზე იდგა.
- რა ხდება, ჩვენი ბიჭის თავს, მშვიდობაა? - მოუთმენლად ჰკითხა გიორგიმ.
- ეჰ, რაღა მშვიდობაა, - ხელი ჩაიქნია ქალმა და თვალებიდან ცრემლი წასკდა.
- რა იყო, დავიღუპეთ? - ხელები უღონოდ ჩამოუცვივდა მამას.
- 2 კაცის მკვლელობისთვის დაიჭირეს.
- ეგ როგორ, კაცო, ზაზა ადამიანს როგორ მოკლავდა, მაგის დაკლული ქათამიც კი არ მინახავს, - სკამზე დაეშვა გიორგი და მასაც თვალები აუწყლიანდა.

- ეჰ... საქმეც მაგაშია, რომ მისი მოკლული არ არის, მაგრამ თავის სიმართლეს ვერ ამტკიცებს.
- ბიჭი ნახე? ელაპარაკე?
- არა, კაცო, ვინ შემიშვებდა მის სანახავად? პოლიციის შენობაში რომ შევედი, მაშინ შევხვდი, შემთხვევით, დაკითხვიდან გამოჰყავდათ. მოუკვდეს დედა, რა ნახა ჩემმა თვალებმა... ძლივს მოდიოდა, თავჩაქინდრული, გაწამებული... სახე დასივებული ჰქონდა... ძლივს ვიცანი ჩემი ბიჭი... ¬ დედა ხმამაღლა ატირდა. გიორგიმ ძლივს დაამშვიდა.
- კარგი, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, გაირკვევა სიმართლე და ჩვენს ბიჭს ბოდიშსაც მოუხდიან, - ხმა უთრთოდა გიორგის და მის ნათქვამს დამაჯერებლობა აკლდა.
- გავიქეცი, რომ ახლოს მივსულიყავი და ჩავხუტებოდი ზაზას, მაგრამ პოლიციელმა დამიჭირა და უკან მომაბრუნა. ბიჭს შიმშილით კლავდნენ. მე რომ საჭმელი არ მიმეტანა, მაგის დარდი ვის ჰქონდა? ადვოკატიც ავუყვანე. ის ქალი მაიმედებს, რომ ყველაფერი გაირკვევა და სასამართლოზე ზაზა თავის სიმართლეს დაამტკიცებს, მაგრამ როდის იქნება სასამართლო? დედა მოუკვდეს... ეს რა ხათაბალაში გახვიეს... - გიორგი თავჩაქინდრული იჯდა და მხოლოდ ხანდახან თუ ამოიოხრებდა ხოლმე.
- მე ისევ უნდა წავიდე... ზაზას პატრონი სჭირდება. ნინოს 2 ბავშვი ჰყავს მოსავლელი და თან, პატარა გოგოა, ყველაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს.
- როდის უნდა წახვიდე? - ჩუმად, თითქმის ჩურჩულით იკითხა გიორგიმ.
- დღესვე... ნაწამები რომ არის, ამიტომ ადვოკატმა ექსპერტი მოითხოვა, მაგრამ იმ დასამიწებლებმა ზაზამდე არ მიუშვეს. ახლა ოთარაანთ ქვრივის არ იყოს, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, რკინის ჯოხს ავიღებ ხელში და სანამ სამართალს არ ვიპოვი, მანამდე შინ არ დავბრუნდები.
- გუშინ სამსახურიდან მოგაკითხეს...
- რა მესამსახურება, კაცო... ცეცხლსაც დაუწვავს და მეწყერსაც წაუღია სამსახურიც და სახლ-კარიც.

ქალბატონი ნათელა პარლამენტის შენობის შესასვლელში იდგა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარესთან, სანდრო კავსაძესთან დაკავშირებას ტელეფონით ცდილობდა.
- ბატონ სანდროსთან მინდა შეხვედრა.
- ქალბატონო, შეხვედრა დანიშნული გაქვთ? - ჰკითხა მდივანმა.
- არა, მაგრამ ახლა დამინიშნეთ, თუ შეიძლება.
- ახლა ვერ დავნიშნავ, წინასწარ უნდა იყოთ ბატონ სანდროსთან შეთანხმებული.
- წინასწარ როგორ შევათანხმო, თუ თქვენ არ ეტყვით, რომ მასთან საუბარი მინდა?..
- რა ვიცი, ქალბატონო, მე მისი ნებართვის გარეშე საშვს ვერ დავუშვებ.
- მოახსენეთ, რომ ველოდები.

- ბატონ სანდროს ჯერ არ სცალია, - მოჭრილად უპასუხა ახალგაზრდა ქალის ხმამ და ყურმილი დაკიდა. ქალბატონი ნათელა გაწბილებული იდგა, ყურმილი კვლავ ხელში ეჭირა და გონებაში სანდროსთან დაკავშირების ახალ გზას ეძებდა.
- ქალბატონო, თუ დარეკვას აღარ აპირებთ, მიმიშვით ტელეფონთან, თუ შეიძლება, - უცნობი მამაკაცის ხმამ გამოაფხიზლა. ყურმილი დაკიდა და უცნობს გზიდან ჩამოეცალა. მთელი დღის განმავლობაში იდგა პარლამენტის შენობის წინ და ფიქრობდა, რომ ადრე თუ გვიან, ბატონი სანდრო სამსახურიდან შინ წავიდოდა და სწორედ მაშინ შეეცდებოდა მასთან მისვლას და დალაპარაკებას. გვიან საღამომდე ელოდა, მაგრამ იმ დღეს, მისი ნახვა ვერ შეძლო. ვერც მომდევნო 3 დღის განმავლობაში დაუკაშვირდა ადამიანის უფლებათა დამცველს. მდივან გოგონასაც გული გაუწყალ, მაგრამ ამაოდ. მეოთხე დღეს გაუმართლა. დილაადრიანად პარლამენტის შენობასთან მისულმა დაინახა, როგორ გადმოვიდა მანქანიდან ბატონი სანდრო. ქალბატონი ნათელა მისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა წამოეწია და ვიდრე ის შენობაში შესვლას მოასწრებდა, შორიდან დაუძახა. ბატონი სანდრო შეჩერდა და უცნობ ქალბატონს შეხედა.
- ბატონო სანდრო, გვიშველეთ, ჩემი შვილი ჯალათების ხელშია და გადაარჩინეთ, უდანაშაულო ბიჭს მიკლავენ... მიშველეთ, თქვენი სიცოცხლის ჭირიმე, შვილს ნუ დამიღუპავთ.
- ქალბატონო, დამშვიდდით და ისე ამიხსენით, რა ხდება.
- უკვე 3 დღეა, უშედეგოდ ვცდილობ თქვენთან შეხვედრას. ძლივს მოვახერხე, აქ რომ შეგხვედროდით. მომისმინეთ, გთხოვთ...
- მოგისმენთ, ქალბატონო... რატომ არ დაუკავშირდით ჩემს მდივანს?
- ათასჯერ მაინც დავურეკე... ვერ შევასმინე ჩემი ვედრება, ბატონო სანდრო... არ სცალიაო, მეუბნებოდა.
- კარგით, წამოდით ჩემთან ერთად...
რამდენიმე წუთის შემდგე, ქალბატონი ნათელა მას ტირილ-ტირილით უყვებოდა თავის გასაჭირს. ბატონმა სანდრომ აღელვებული ქალი დაამშვიდა და დახმარებას შეჰპირდა.

- ნეტავ, რომელი საათია? - გოგიტას ხმამ გამაღვიძა, მაგრამ გამოფხიზლება არ მინდოდა და არ ვუპასუხე. - ზაზა, გძინავს? - მაინც არ მომეშვა.
- ახლა უკვე აღარ. გამაღვიძე და როგორღა მეძინ ება?
- ძილისთვის უამრავი დრო გექნება, მაგრამ არ ინაღვლო. რომელი საათი იქნება?-P გამიმეორა კითხვა.
- რა ვიცი, გეჩქარება სადმე? - გამეცინა.
- ადექი, ჩაი დავლიოთ...
- ოჰო, ”დაჟე”, ჩაი უ ნდა დავლიოთ?
- აბა, რა! ახლა დავუკაკუნებ ბიჭებს და ადუღებულ წყალს მოვატანინებ, - თქვა და კარზე მუშტი მთელი ძალით დასცხო. ცოტა ხანში საკეტში გასაღები გაჩხაკუნდა და თავი ჩემთვის კარგად ნაცნობმა სულაძემ შემოყო.
- რა იყო, მოხდა რამე?
- შენა, ძმურად, ”კაპიატოკი” მოგვიტანე, რა...
- კარაქიანი პურიც გინდათ თუ მარტო ”კაპიატოკი” გეყოფათ? - უკბილოდ იხუმრა სულაძემ.
- გვეყოფა, - მოკლედ მოუჭრა გოგიტამ.
- ვა, ოფიციანტი გამოვგზავნო თუ მე მოგართვათ? - პოლიციელმა ისევ სცადა ხუმრობა. გოგიტამ ავად შეხედა და კბილებში გამოცრა:
- ბიჭო, შენ, რა ცუდად ხუმრობ... - ვიდრე კიდევ რამეს იტყოდა, სულაძე სასწრაფოდ გავიდა საკნიდან და კარი მოხურა.
- ეჰ, ვერ დავლევთ ჩაის... შაქარი მაინც არ გვქონდა, გული არ დაგწყდეს, - ვთქვი მე.
- ნახავ, თუ ვერ დავლევთ.

- გგონია, მოიტანს?
- კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ, რომ მოიტანს...
ცოტა ხნის შემდეგ, ისევ აჩხაკუნდა გასაღები და უცნობმა ტიპმა ჩაიდანი შემოიტანა. გოგიტამ ჭიქები მაგიდაზე ჩამოდგა. იმანაც, მდუღარე წყლით გაავსო. მერე ჯიბიდან რაღაც ქაღალდში შეხვეული ამოიღო, მაგიდაზე დადო და უხმოდ გავიდა. გოგიტამ ქაღალდი გახსნა. იქ შაქარი აღმოჩნდა.
- აი, შაქარიც გაიჩითა, ტო! - გაუხარდა გოგიტას. - ადექი, ადექი... პირი დაიბანე, ”დუში” მიიღე და ვისაუზმოთ.
- დაცინვას კაცი არ მოუკლავს... ¬ - ვთქვი და ძლივს წამოვდექი ნარიდან.
- ჰო, დაცინვას არა, მაგრამ ამათი დუბინკებით მკვდარი კი ბევრი მინახავს... - გაიცინა და შაქარი ორივე ჭიქაში თანაბრად გაანაწილა.
- ჩაი სად არის? - ვიკითხე გულუბრყვილოდ.
- რა იყო, შაქრიანი წყლის დალევას არ კადრულობ? - გადაიხარხარა გოგიტამ.
- არაფერი გვქონია, არც შაქარი, არც წყალი... მაგარი ოპტიმისტი ხარ.
- გარეთ 300 ათასი რომ გელოდებოდეს, შენც ოპიმისტი იქნებოდი, - მითხრა და შაქრიანი წყალი მოხვრიპა. - უუფ, კარგია... დალიე, გათბები... - ხელები ცხელ ჭიქას შემოვაჭდე. სითბო მესიამოვნა. ცოტა ხანში ხელები გამითბა და ვიგრძენი, გაცხელებულმა მისხლმა როგორ მიიტანა სითბო სხეულის თითოეულ უჯრედამდე. მერე, ცხელი წყალიც მოვსვი.
- შენა და... პოლიციაში როგორ მოხვდი? - მკითხა გოგიტამ და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- სტუდენტობისას ქირით ვცხოვრობდი მეგობართან, გელა ლობჟანიძესთან ერთად, - დავიწყე მოყოლა. - მერე მან ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოში, სპეცდანიშნულების განყოფილებაში, თემურ მღებრიშვილთან დაიწყო მუშაობა. ჩვენ ძალზე ახლო მეგობრები ვართ. ჰოდა, მითხრა - ჩემთან წამოდი, თემური შენნაირ ბიჭებს ეძებსო. თავიდან შორს დავიჭირე, რადგან ვიცოდი, რომ ბევრი ცდილობდა მის განყოფილებაში მოხვედრას, მაგრამ ვერ ახერხებდა. - შენ მოდი და ნახავ, როგორც კი თემური გნახავს, მაშინვე მიგიღებსო. ერთ დღეს გელას სამსახურში გავყევი. ჩემდა გასაკვირად, თემურმა იმავე დღეს მიმიღო და მითხრა, რომ ყველა საჭირო საბუთი მიმეტანა. როცა საბუთებს თავი მოვუყარე, გასაუბრებაზე დემურ მიქაძესთან შემიყვანეს. მაშინვე დაადო რეზოლუცია ჩემს საბუთებს და მეორე დღესვე მათი თანამშრომელი გავხდი.
- ვააა... ”ზნაჩიტ”, მოეწონე, ტო! სპეცოპერაციებზე მიდიოდი ხოლმე?

- აბა, რას ვიზამდი?
- ბევრი ხალხი დაიჭირე?
- არა, ბევრი არა. მალე წამოვედი იქიდან. თითქმის, სულ სამსახურში მიწევდა ყოფნა. მე კი თან ვსწავლობდი და ამისთვის დრო აღარ მრჩებოდა. სულ ვფიქრობდი, რომ როგორც კი უკეთესი სამსახური გამოჩნდებოდა, მაშინვე წამოვიდოდი იქიდან.
- მერე?
- მერე, ერთ დღეს ქალაქში მანქანით მივდიოდი და ჩემი თანამშრომელი, ჯუბა ჯიქურაული შემხვდა. მანამდე მას მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი. ქუჩაში რომ დავინახე, მანქანა გავუჩერე და წაყვანა შევთავაზე. ვისაუბრეთ. ცოტა წავიწუწუნე იმის გამო, რომ მთელ დღეებს სამსახურში ვატარებდი და დრო არაფრისთვის მრჩებოდა. ჯუბასაც ჩემსავით, 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა და არც ის იყო წინააღმდეგი, სამსახურში ნაკლები დატვირთვა ჰქონოდა. მან მითხრა, რომ მცხეთის პოლიციაში ჰყავდა ახლობელი, რომელიც სამსახურის დაწყებაში დაგვეხმარებოდა, მაგრამ ვინაიდან მანქანა არ ჰყავდა, თავად გაუჭირდებოდა იქ მუშაობა. მე შევთავაზე, რომ თუ საქმეს ჩააწყობდა, ორივე ჩემი მანქანით ვივლიდით. დამთანხმდა. 4 თუ 5 ნოემბერი იყო, როდესაც პირველად ავედით მცხეთაში და მისი ნათესავი ვნახეთ.
- ვა, ”ზნაჩიტ”, მკვლელობის მერე, არა?
- ჰო, მკვლელობა 25 ოქტომბერს მოხდარა, მე კი მცხეთის პოლიციაში 20 ნოემბრიდან დავიწყე მუშაობა. აქ 5 დღეში ერთხელ მიწევდა მორიგეობა და თავისუფალი დროლც მეტი მქონდა.
- აბა, რა უნდოდათ? რატომ გაგაფუჭეს? - გაოცებისგან ხელები გაშალა გოგიტამ. ამ დროს კარი გაიღო და სულაძე გამოჩნდა.
- ჩუთლაშვილო, დაკითხვაზე გეძახიან. - წამოვდექი და ნელი ნაბიჯებით გავემართე კარისკენ. დასაკითხ ოთახში გამომძიებელი და ადვოკატი დამხვდნენ. საერთო სალამი ვთქვი და ნანას ხელი ჩამოვართვი, ლაშას გამოწვდილ ხელს კი თვალი ავარიდე და ჩემთვის განკუთვნილ სკამზე დავჯექი.
- ზაზა, ახლა მოწმეები უნდა მოიყვანონ ამოსაცნობად, - მითხრა ნანამ. თავი დავუქნიე. ცოტა ხანში ოთახში ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა. ვიცანი. ის მცხეთის პოლიციის თანამშრომელი იყო, რომელიც აქ მუშაობის პერიოდში რამდენჯერმე მყავდა ნანახი. სახელიც გამახსენდა - გოჩა. ლაშა თავჩარგული იჯდა, რაღაცას გაფაციცებით წერდა. ნეტავ, ამას რაღა უნდა-მეთქი? - გავიფიქრე.
- დაჯექი, - ისე უთხრა ლაშამ გოჩას, რომ თავი არ აუწევია. კარგა ხანს წერდა, მერე, ჯერ მე შემომხედა, მერე - გოჩას.
- ეს არის?- ჰკითხა და თავით ჩემზე ანიშნა.
- კი, ეს არის, - დასტური მისცა მან.
- ვინ ვარ? - ვიკითხე გაოცებულმა.
- ვინ ხარ და მკვლელი, შენ დახოცე ის ხალხი. მე დავინახე, რომ შენ იყავი, - მითხრა და თვალი ამარიდა.
- ვინ ხალხი, ბიჭო, შენი დედა... გაგიჟდი? რა დაინახე, შენი... - გიების კორიანტელი დავაყენე და ფეხზე წამოვხტი. მინდოდა, ყელში ვწვდომოდი ამ ნაბიჭვარს და მომეხრჩო. ნანამ გამაჩერა. ლაშაც ფეხზე წამოხტა. ხმაურზე გარედან პოლიციელებიც შემოცვივდნენ. რომ მივეშვით, ალბათ ორივეს ერთმანეთზე შევახეთქებდი და სულს გავაცხებინებდი, მაგრამ ხელებზე ბორკილები მედო და უძლური ვიყავი. ცოტა ხანში დავმშვიდდი და როცა ყველაფერი გავიაზრე, ენა ჩამივარდა. ადამიანი ხელს მადებს და მიმტკიცებს იმ დანაშაულს, რომელიც არ ჩამიდენია. ნეტავ, რის ფასად დავთანხმდებოდი ასეთ ტყუილზე? ალბათ, არაფრის ფასად. აქამდე კიდევ ვეჭვობდი, რომ რაღაც ეშლებოდათ და იმიტომ მაბრალებდნენ დანაშაულს, მაგრამ ამ ამბის მერე დავრწმუნდი, რომ არაფერიც არ ეშლებოდათ და მე თავიდანვე განწირული ვიყავი.

- კი, მაგრამ აქამდე სად იყავი? როცა დაინახე, რომ ის ადამიანები დავხოცე, რატომ მაშინვე არ თქვი ეს ამბავი? მე ხომ მიცნობდი? ხომ იცოდი, რომ შენი თანამშრომელი ვიყავი? მოსულიყავი და 26, 27, 28 ოქტომბერს გეთქვა – ჩვენმა თანამშრომელმა, ზაზა ჩუთლაშვილმა ტყეში ადამიანები დახოცა და დავინახეო. რატომ აქამდე არ თქვი? პოლიციელი ხარ, ეს როგორ შეგეშალა? მანქანის ნომერი არ დაიმახსოვრე? - კითხვები დავაყარე გოჩას. გამომძიებელმა და ნანამ ერთდროულად შეხედეს მოწმეს. ის დაიბნა: ხან მარჯვნივ გაიხედა, ხან - მარცხნივ.
- თქვა, როგორ არ თქვა, ჩვენს თანამშრომელს, ნუკრი გაგაძეს უთხრა, მაგრამ სამწუხაროდ, ნუკრი ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. მკვდარს კი ვერ დავკითხავთ, - უცებ მოძებნა გამოსავალი გამომძიებელმა და ჩემს შეკითხვებზე პასუხი გოჩას თავიდან აარიდა.
- მერე, რატომ მაშინვე არ დამიჭირეთ?
- იმიტომ, რომ მას ნუკრისთვის მკვლელის ვინაობა არ უთქვამს, მხოლოდ მკვლელობის ფაქტის შესახებ უამბო.
- ეს გარდაცვლილმა გითხრათ?- იკითხა ნანამ.
- არა, თავად გოჩამ.
- კი, მაგრამ მკვლელის ვინაობა რატომ დამალა? მხოლოდ ახლა რატომ ამბობს ამას? როდის მოგცათ მან პირველი ჩვენება? - ლაშამ საქაღალდეში დაიწყო ქექვა და ცოტა ხანში იქიდან რაღაც ქაღალდი ამოიღო. ეს იყო გოჩა ლაბაძის დაკითხვის ოქმი, რომელიც წინა დღით იყო დათარიღებული და ამბობდა: მკვლელს ხელში თოფი ეჭირა. კარზე დააკაკუნა და როგორც კი კარი გაუღეს, მაშინვე ესროლა დაბლიდან მაღლა. - ნანამ დაკითხვის ოქმი წაიკითხა და გვერდზე გადადო.
- კი, მაგრამ დაბლიდან მაღლა რატომ ესროლა? - ლაშამ ისევ ჩარგო თავი საქაღალდეში და კიდევ ერთი ფურცელი ამოიღო.
- აი, ეს გახლავთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ტყვია დაბლიდან მაღლაა ნასროლი იმ იარაღით, რომელიც თავად მოკლულს ეკუთვნოდა.
- საინტერესოა, რა სიმაღლის იყო მოკლული? - იკითხა ნანამ.
- 175 სანტიმეტრი. ეს რა შუაშია?
- რა შუაშია, ბატონო ლაშა და იქნებ, ტექნიკური თვალსაზრისით ახსნათ, როგორ შეიძლება, 2 მეტრი სიმაღლის კაცმა თოფით მოკლას 175 სანტიმეტრი სიმაღლის კაცი, როგორც თქვენ ამბობთ - ”ქვევიდან ზევით”?
- ასე თქვა ექსპერტმა და მაშ, იტყუებიან?
- ექსპერტი კი არა, თქვენ იტყუებით, ბატონო ლაშა, - აუღელვებლად უპასუხა ნანამ.
- ხომ გაიგონე, შენი ყურით, რომ მოწმემ ამოიცნო?
- კი, ჩემი ყურით გავიგონე, მაგრამ ეგ მოწმეც თქვენი ”შეკერილია” და მისი ჩვენებაც. - მთელი ამ ხნის განმავლობაში გოჩა ჩუმად იჯდა. ბოლოს, ძლივს ამოილუღლუღა: წავალ, თუ შეიძლებაო. ლაშამ ამოცნობის ოქმზე ხელი მოაწერინა და გაუშვა.
- სულაძეს უთხარი, ქალბატონი ეთერი შემოიყვანოს, - მიაძახა კართან მისულს. ორიოდე წუთის შემდეგ კარი მოხუცმა ქალბატონმა შემოაღო და მოწიწებით შემოვიდა.
- შეიძლება, უფროსო?
- მობრძანდით, ქალბატონო ეთერ, - ფეხზე წამოდგა ლაშა. ქალი იმ სკამზე დაჯდა, სადაც ცოტა ხნის წინ გოჩა იჯდა. - ქალბატონო, ამ ახალგაზრდას იცნობთ? - მიუთითა ჩემზე.
- არა, შვილო, არ ვიცნობ.

- დარწმუნებული ხართ, რომ არასოდეს გინახავთ?
- ჰო, შვილო, კარგი გარეგნობის ახალგაზრდაა და რომ მენახა, არ დამავიწყდებოდა.
- თქვენ ხომ თქვით, რომ სოფელში ამოვიდა ყვითელი ჟიგული, რომლის მძღოლმაც გიორგი სიხარულიძის ადგილსამყოფელი იკითხა.
- კი, ნამდვილად დავინახე უცხო მანქანა, რომელიც შორიდან მოდიოდა. ახლოს რომ მოვიდა, გააჩერა და მძღოლმა გიორგის მისამართი მკითხა, მაგრამ ეს ის ბიჭი არ არის. ტყუილს ვერ ვიტყვი. აბა, ადექი ფეხზე, შვილო, - მე მომმართა ქალბატონმა ეთერმა. წამოვდექი. - უი, არა, შვილო, არა, ის კაცი ასეთი მაღალი არ იყო. ეს ლერწამივით ბიჭია, ის კიდევ, სიმაღლით ამის ნახევარი თუ იქნებოდა. ნამდვილად არ იყო ეს ბიჭი. დანამდვილებით გეტყვით, რომ ამ ყმაწვილს პირველად ვხედავ.
- კარგი, დეიდა, ახლა აქ ხელი მომიწერე და თავისუფალი ხარ, - თითი დაადო ოქმის ბოლოს გამომძიებელმა.
- ახლა, რაღას იტყვით? - ჰკითხა ნანამ, როდესაც მოხუცი კარს მიეფარა.
- ამას არ დაეჯერება, ვერ ხედავ, ერთი გამოჩერჩეტებული მოხუცია...
- და თუ იტყოდა, რომ ზაზა იყო ის კაცი, რომელიც მან ნახა, მაშინ ხომ იქნებოდა დასაჯერებელი?
- კარგით, რა, ქალბატონო ნანა, შარზე ხართ?
- მე ვარ შარზე, არა?
- ნუ ვიდავებთ იმაზე, რაც დღესავით ნათელია. ზაზა დამნაშავეა. ეს მეც ვიცი და თქვენც. ახლა კიდევ ერთ მოწმეს შემოვიყვანთ და ვნახოთ, ის რას იტყვის.
- ვიდრე მოწმეს შემოიყვანდეთ, ერთ რამეს გკითხავთ.
- კი, ბატონო, ბრძანეთ.
- რატომ არ დევს საქმეში მღებრიშვილის უწყებიდან მოსული საბუთი, სადაც წერია, რომ ჩუთლაშვილი 25 ოქტომბერს ფილარმონიის დაცვაში იყო?

- თქვენ საიდან იცით, რომ ასეთი საბუთი არსებობს? - დაიბნა ლაშა.
- ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ვიცი. ასეთი საბუთი მე არ მინახავს. ის ჩემამდე არავით მოუტანია.
- რადგან თქვენ არ გინახავთ, მაშინ მე მოგცემთ, - ნანამ ჩანთიდან ორად გაკეცილი ფურცელი ამოიღო და ლაშას გადასცა. ამ საბუთზე თემურ მღებრიშვილის ხელმოწერაა. იმედია, დამაჯერებელი იქნება თქვენთვის და იმის იმედიც მაქვს, რომ არ დაკარგავთ. თუმცა, მე კიდევ მაქვს...
- როგორ გეკადრებათ, - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა გამომძიებელმა.
- ახლა კი შეგიძლიათ, შემდეგი მოწმე გამოიძახოთ და ვნახოთ, რას გვეტყვის.
კიდევ ერთი მოწმე ნიკა ტატიშვილი აღმოჩნდა. ამ ადამიანს უკვე მეორედ ვხვდებოდი. პირველად, დაკავებიდან მეორე ღამეს ვნახე, როცა ჯალათებმა ჩემი წამება ცოტა ხნით შეწყვიტეს და ეს ახალგაზრდა შემოიყვანეს. მაშინ მან თქვა, რომ არ მიცნობდა. საინტერესო ის იყო, რას იტყოდა ახლა.
- მოდი, ნიკა, აი, აქ დაჯექი, - მიუთითა ლაშამ იმ სკამზე, რომელიც ჩემ პირდაპირ იდგა. ნიკა მორიდებით დაჯდა.
- აბა, იცნობ ამ კაცს? - ნიკამ შემომხედა, მერე ლაშას შეხედა, იატაკს დახედა და კითხვას პასუხი ისე გასცა, რომ თავი არ აუწევია.

განაგრძე კითხვა


მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
11.02.2015
ახალი თავი რატომ არ დადეთ?და რატომ არიეთ წყობა?
ნათია
11.02.2015
agar agrdzelebt?
na
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

უზომოდ მტკიოდა გული, მას რომ ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემელძო. მე არ შემეძლო იმ ადამიანთან ცხოვრება, ვინც გასაჭირში მიმატოვა


დასაწყისი იხილე აქ

გახსნილი პერანგიდან შიშველი მკერდი მოუჩანდა. ტანისამოსი ხელით გავუსწორე და მკერდი დავუფარე.


დასაწყისი იხილე აქ

ამ დღეებში ისეთი კაცი მოიყვანეს ჩვენთან, რომელთან ერთადაც ჩემი გაჩერება არ შეიძლებოდა. მე და ის კაცი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ვართ. ამიტომაც, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ აქეთ წამოვეყვანე.

დასაწყისი იხილე აქ

ეეე, შენ რა მიამიტი კაცი ყოფილხარ, ძმაო. შენმა ერთმა დაზარალებულმა შემომითვალა, დიდ ფულს გადავიხდი, თუ მაგ კაცს "გაასაღებო".

დასაწყისი იხილე აქ

ჭერზე ობობა შევნიშნე, რომელიც თავისთვის რაღაცას ჩალიჩობდა. "შე დალოცვილო, რაღა ციხეში "აიშენე" "სახლი", შენ მაინც გაქვს არჩევანის საშუალება, წადი, რა, სადმე თავისუფალ ადგილას"

დასაწყისი იხილე აქ

აი, ხედავ? მკვლელი არ ვარო, როგორ მტკიცედ გაიძახი. წეღან კი ძლივს ამოილუღლუღე, რომ საქმიანი საუბარი გქონდათ.

დასაწყისი იხილე აქ

მთელი ღამე ვცქმუტავდი. გათენება მეჩქარებოდა. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა ის დრო, როდესაც მორიგე დაიძახებდა - ჩუთლაშვილი, პაემანზე გეძახიანო.

დასაწყისი იხილე აქ

იცი, მე ძალიან ვინერვიულე, ჩვენ რომ ერთმანეთს დავშორდით. - უცებ შეცვალა საუბრის თემა და მივხვდი, რომ ეს ის სიტყვები იყო, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდოდა, ეთქვა


დასაწყისი იხილე აქ

ირინა მახსენებდა თავს კიდევ ერთხელ. წერილი სავსე იყო სასიყვარულო სიტყვებით და მონატრებით. ბოლოს კი მთხოვდა, რომ პაემანზე შევხვედროდი

დასაწყისი იხილე აქ

ის დარბაზი შუაგულში დადგა და ნელ-ნელა მუხლებზე დაეშვა. პირჯვარი გადაისახა, ხელები მაღლა აღაპყრო და თქვა: ვფიცავ, მაღლა ღმერთს, დაბლა ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, რომ ზაზა უდანაშაულოა


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1335 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი