სიცოცხლემისჯილი (VI ნაწილი)
font-large font-small
სიცოცხლემისჯილი (VI ნაწილი)
დასაწყისი იხილე აქ

ბიჭებმა სასწრაფოდ მოუძებნეს დიდი, ჭრელი ჩანთები და ზუსტად პირველ საათზე დათო საკნის კართან იდგა, ჩანთებით ხელში და ელოდა, როდის მოაკითხავდა ბადრაგი, ჩვენ სიცილით ვკვდებოდით




- ბიჭო, ვდგავარ ტრასაზე, შუა ქალაქში და მოდის "მერსედესი". კაი ნაპატივები კაცი იჯდა "რულთან". ვიფიქრე, კაი ბლომად ფულს "ავახევ"-მეთქი და დავუქნიე ჩემი "ჯადოსნური" ჯოხი. ფეხებთან "წამიტორმუზა". მე ვუთხარი, დარღვევაა-მეთქი. - არაო, არ დამირღვევიაო. - კაცო, შენ მასწავლი მოძრაობის წესებს? დარღვევა იყო და ფული გადაიხადე-მეთქი. - დამანებეთ თავი, ბიჭო, ნუ მიხურებთ, არ გირჩევთ ჩემთან საქმის დაჭერასო. გამეცინა, რადგან ასე ბევრი გეუბნებოდა ხოლმე, "ტუფტაზე". ვითომ გვაშინებდა, რა...
- იქნებ მართლა შეეძლო იმ კაცს რამე?
- ჰოდა, არა და არ მოვეშვით, თან ვეუბნები, ამისთანა მანქანაში ზიხარ, ნუ "ჟმოტობ", ფული გადაიხადე-მეთქი. მთელი ნახევარი საათი გავაჩერე. ბოლოს მითხრა - ჯიბეში ფული არ მაქვს, წამომყევი სამსახურში და რადგან შენსას არ იშლი, იქ მოგცემო. გავყევი, აბა, რას ვიზამდი...
- რამდენს სთხოვდი?
- 50 ლარი უნდა მოეცა, რა... ჰოდა, გავყევი. თურმე "ასობი ატდელის" თანამშრომელი ყოფილა, თანაც უბრალო თანამშრომელი კი არა, მგონი, მოადგილე თუ რაღაც ამგვარი. ჰოდა, იქვე დამადეს ბორკილები. მერე კი ვინანე, მაგრამ უკვე ორივე ფეხით ვიყავი გაბმული და რაღა მეშველებოდა? არადა, ხომ მაფრთხილებდა ის კაცი? - ხვნეშით დაასრულა ამბის თხრობა. გულიანად ვიცინე მის ნაამბობზე. დანარჩენებიც ამყვნენ და აქეთ-იქიდან რეპლიკებს ისროდნენ. "გაიშნიკმა" ბოლოს ხელი ჩაიქნია, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, ჩაიბურტყუნა და "ნარზე" გადაჯდა.

საკანში ცხოვრება ძალზე რთულია. მოგწონს თუ არა, გსიამოვნებს თუ არა, საერთო გაქვს თუ არა, იტან თუ ვერ იტან, ისეთ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა, ჭამა-სმა, ძილი, დასვენება თუ გართობა, რომელთანაც გარეთ ურთიერთობას არ იკადრებდი, მაგრამ იქ იყვნენ ისეთი პატიმრებიც, რომლებთანაც მეგობრობა შეიძლებოდა.
დაღლილი ვიყავი. თითქოს მოვითენთე და ძილიც მომერია. ჩემს საწოლს გავხედე. ცარიელი იყო. ჩექმები გავიხადე და კართან დავაწყვე. მერე "ნარზე" წამოვწექი, ხელები თავქვეშ ამოვიდე და ვცადე, დამეძინა.
- დიდი ხნით მოდი, ბიჭო? - მეკითხებოდა ჩემს "ნარზე" ჩამომჯდარი ერთი პატიმარი. მოკლედ ვუამბე, რის გამოც ვიყავი დაჭრილი და რა თქმა უნდა, ისიც დავამატე, რომ დამნაშავე არ ვიყავი. - ვიცი, ვიცი რომ გაბრალებენ, ასე ვართ ყველა აქანე ტყუილადო.
გამეღიმა და ნოდარ დუმბაძის "თეთრი ბაირაღები" გამახსენდა. დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო ჩვენს საკანშიც, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ აქ გაცილებით მეტი პატიმარი იყო.
- ბალღო, ეგ ჩექმა აქეთ მოწიე, ვინმემ "დაჩკის" პასუხს არ გააყოლოს შემთხვევით - მითხრა მეორე პატიმარმა.
"დაჩკა" ეს იგივე ამანათია, რომელსაც პატიმრებს ახლობლები უგზავნიან. ნელ-ნელა ვითვისებდი ციხის ტერმინებს. ჩექმებს ადგილი საწოლის ქვეშ მივუჩინე და ისევ წამოვწექი.
- ჰოდა, 6-კაციანი ყაჩაღების ჯგუფი დამხვდა... - ვიღაცის წამოწყებულ საუბარს მოვკარი ყური. მისკენ გავიხედე. ეს იყო თბილისის ერთ-ერთი რაიონი "ოურის" უფროსი, რომელიც ქრთამის აღების გამო იჯდა. - აბა, დაყარეთ იარაღი-მეთქი, შევძახე.
- შენ მარტო აიყვანდი მაგ ბანდას... - შეაშველა სიტყვა რომელიღაცამ. გიორგი სულ იმაზე ლაპარაკობდა, როგორი მაგარი პოლიციელი იყო, როგორ "გაპარსა" 2 ქურდი და როგორ დაიჭირა ყაჩაღების ბანდა მარტომ. თან ყველას მედიდურად უყურებდა.
- რა "ზვანია" გაქვს? - დაუსვეს მორიგი შეკითხვა.
- პოლკოვნიკი ვარ. - ამაყი სახით გასცა პასუხი გიორგიმ.
ცოტა მოშორებით მჯდარი ლევანი წამოიწია და პოლკოვნიკს უთხრა:
- შენა და, წეღან რომ ბადრაგი დაგელაპარაკა, უთო ხომ არ მოგაწოდა?
- არააა, - სერიოზული გამომეტყველებით უპასუხა გიორგიმ.
- მოკლედ, წაღება იციან, მოიტანა - არა... - ჩაიბურტყუნა ლევანმა. - ძმაო, მე არ ველაპარაკები "დევიტ დევიტს" და გასძახე ერთი, უთო გამოგვიგზავნონ.

- ვის აქვს წაღებული? - ისევ მიამიტად იკითხა გიორგიმ.
- შოთაა ერთი, რუსთავში, XVII მიკროში ცხოვრობს. ხომ არ იცნობ?
- არა. - უცებ უარყო შოთასთან ნაცნობობა პოლკოვნიკმა. ადგა, "კარმუშკასთან" მივიდა და - "დევიტ დევიტო" - აყვირდა უცებ.
- რა იყო? - გამოსძახეს იქიდან.
- "კლუჩნიკს" (ციხის თანამშრომელი, ვისაც საკნის გასაღები აქვს) უთო გამოატანე, შოთას წაუღია, რუსთაველს.
- რაო? - კიდევ გამოსძახეს 99-ე "კამერიდან".
- თქვენთან შოთა რომ არის, რუსთაველი, უთო წაიღო ჩვენგან და "კლუჩნიკს" გამოატანეთ. - უფრო ხმამაღლა იყვირა გიორგიმ.
- შოთას სძინავს, ძმაო, ვერ გავაღვიძებთ. თქვენგან ცოტნე დადიანმა რომ ხორცის საკეპი მანქანა წაიღო, ჯერ ის დაგვიბრუნეთ და უთოს მერე გამოვატანთ.
ორივე საკანში ხარხარი ატყდა. გიორგი გაწბილებული სახით იდგა. ეტყობოდა, მაგარ "გატეხილში" იყო, ასე რომ გააცურეს.
ასე ხუმრობასა და ღადაობაში გადის დრო ციხეში. როცა შენ გარშემო სხვა ადამიანებიც არიან, თითქოს ვერ გრძნობ, როგორ გადის დრო ამანათიდან ამანათამდე, პაემნიდან პაემნამდე, სასამართლოდან სასამრათლომდე... ციხეში ღამით არავის სძინავს. მე კი ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ძილს თავი ვერ წავართვი და კარგა ხანს ისე მეძინა, არც ხმაური მესმოდა და არც ვინმეს შევუწუხებივარ. დილით რომ გავიღვიძე, რამდენიმე ადამიანი იყო მხოლოდ ფეხზე. დანარჩენებს ეძინათ. რაღაცნაირად, მშვიდად ვგრძნობდი თავს და მიკვირდა, რადგან ვერ ვხვდებოდი, რა იყო ჩემი სიმშვიდის მიზეზი. ჩემს საქმეში ყველაფერი ძველებურად იყო, არაფერი შეცვლილა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, დღეს თუ ხვალ შინ გამიშვებდნენ. უეცრად, საიდანღაც, შორიდან ჩემი სახელი მომესმა. ყურები ვცქვიტე, მაგრამ ხმა აღარ გამეორდა. ვიფიქრე, მომეყურა-მეთქი, მაგრამ ცოტა ხანში ისევ გამეორდა ძახილი. მე დაბნეული აქეთ-იქით ვიყურებოდი და ვერ გამეგო, საიდან მეძახდა ის ხმა, რომელიც ასე ჰგავდა დედაჩემის დაძახილს. პატიმრები მიხვდნენ, რომ დავიბენი.
- ფანჯარასთან მიდი, ქვევიდან გეძახიან, ალბათ შენი ახლობლები მოვიდნენ. - მითხრა ერთმა.
ფანჯარასთან კი მივედი, მაგრამ ფანჯრის გისოსებზე გარედან მეტალის ფურცლები იყო მიკრული, რომლის იქით არაფერი ჩანდა. მცირე ღრიჭეები იყო დატოვებული, საიდანაც სინათლე შემოდიოდა. დავიხარე და ქვედა ღრიჭედან ვცადე იმათი დანახვა, ვინც მეძახდა. დედაჩემი, ნინო და პატარა ნათია იდგნენ ფანჯრის ქვემოთ, ასე, 40 მეტრის მოშორებით და მეძახდნენ. დედაჩემისა და ნინოს ხმას ნათიაც "ბანს აძლევდა" და წვრილი ხმით მეძახდა, ხან მამას, ხან - ზაზას.

მათ დანახვაზე ლამის მუხლი მომეკვეთა. ჩემი ნათია ძალიან მენატრებოდა. ახლა კი სულ პატარა სიცარიელიდან ვხედავდი ასე ახლოს და მისი ჩახუტების საშუალება არ მქონდა. როგორც იქნა, გავაგონე. ჩემი ხმა რომ გაიგონეს, აქეთ-იქით იყურებოდნენ. ხელი გავაძვრინე ღრიჭეში და დავუქნიე. დედამ და ნინომ მაშინვე დამინახეს. ნათია კი თავს სასაცილოდ ატრიალებდა და - აბა, სად არის მამაო? - გაიძახოდა. რამდენიმე ფრაზა გავცვალეთ. ასე შორი მანძილიდან საქმეზე საუბარი შეუძლებელი იყო. ისინი მხოლოდ ჩემი ხელის მტევანს ხედავდნენ, მაგრამ დედას სახეზე ვატყობდი, როგორი სიყვარულით უმზერდა ჩემი სხეულის ამ პატარა ნაწილს...
ბოლოს დამემშვიდობნენ. კიდევ ერთხელ სიყვარულით შევავლე სამივეს თვალი და ამოვიოხრე. ჩემს საწოლს დავუბრუნდი. დავწექი და თავი ბალიშში ჩავრგე. ცრემლები თავისით იკვლევდა გზას და ბალიშს ასველებდა. საკანში სიჩუმე ჩამოვარდა. ხმას არავინ იღებდა. მე კი თავის აწევა მიჭირდა. მერე ვიღაცის ხელის შეხება ვიგრძენი მხარზე:
- ყველა ასე ვართ, ძმაო, ახალი პატიმარი აქედან ახლობლებს პირველად რომ დაინახავს, ტირის.
ხმა არ გავეცი. კარგა ხანს ვიყავი ასე გაყუჩებული. მერე დანარჩენი პატიმრებიც წამოიშალნენ. ყველა საკანს თავისი მაყურებელი ჰყავდა. იქ ყველაფერს ის წყვეტდა. როდესაც ჩვენი მაყურებელი, ლევანი ადგა, გაიზმორა და იკითხა:

- აბა, დღეს ვინ წავა ბაზარში?
გაკვირვებული ვუყურებდი. არც სხვებმა ამოიღეს ხმა. მერე ლევანა ჩემზე 2 დღით ადრე მისულ პატიმარს, დათოს მიუბრუნდა:
- შენ ახალი ხარ, აქ ასეთი წესია, ახლებს ვუშვებთ ხოლმე ბაზარში. ახლა მე პროდუქტის სიას ჩამოვწერ, შენ კი ციხის უფროსის სახელზე განცხადება დაწერე, რომ დღეს შენი მორიგეობაა და ბაზარში გაგიშვას.
- მერე, რომ არ დამიჯეროს, რომ ჩემი მორიგეობაა? - იკითხა დათომ.
- რას ჰქვია, არ დაგიჯეროს, მე თუ ხელს მოგიწერ, "ზნაჩიტ" დაგიჯერებს. ისე, ბარემ პროდუქტის სიაც შენ ჩამოწერე, მე კი გიკარნახებ.
დათომ ფურცელი და კალამი მოიმარჯვა და ფრიადოსანი მოსწავლესავით გაჭიმული მიუჯდა მაგიდას.
- ხორცი - 10 კილო, ხახვი - 10 კილო... - დაიწყო ჩამოთვლა ლევანამ.
დათო გულმოდგინედ წერდა. მერე სუფთა ფურცელზე განცხადების ტექსტიც ჩამოაწიკწიკა: "მე, დათო გ-შვილი, ვიმყოფები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #97 საკანში. მოგახსენებთ, რომ დღეს ჩემი მორიგეობაა და გთხოვთ, გამიშვათ ბაზარში, პროდუქტის შესაძენად. პირობას ვდებ, რომ არ გავიქცევი და უკან დავბრუნდები".
ბადრაგი უკვე მიჩვეული იყო პატიმრების ასეთ ხუმრობებს. ამიტომ, როდესაც დათომ კარზე დაბრახუნა დაგანცხადება გადასცა, ცოტა ხანში უკან მოუტანეს ხელმოწერილი და უთხრეს, რომ პირველ საათზე მზად ყოფილიყო ბაზარში წასასვლელად. ბიჭებმა სასწრაფოდ მოუძებნეს დიდი, ჭრელი ჩანთები და ზუსტად პირველ საათზე დათო საკნის კართან იდგა, ჩანთებით ხელში და ელოდა, როდის მოაკითხავდა ბადრაგი, ჩვენ სიცილით ვკვდებოდით. როცა სიცილი ხარხარში გადაიზარდა, მიხვდა, რომ გააშაყირეს და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.
გადიოდა დრო და ასეთი ხუმრობების წყალობით, ხანდახან ჩვენი გასაჭირი გვავიწყდებოდა. იმ დღეს, შუადღისას დამიძახეს და ერთი სართულით ქვემოთ, ოთახში ჩამიყვანეს. მალე ნანა მოვიდა.

- ზაზა, როგორ გრძნობ თავს?
- აქ გაცილებით უკეთ, ვიდრე მცხეთის "კაპეზეში". კარგად მაშინ ვიქნები, აქედან თუ გამიყვანთ. - ვუთხარი და მავედრებელი თვალებით შევხედე.
- ზაზა, შენი მეგობარი დაჰკითხეს, ვისი შვილის დაბადების დღეც იყო 25 ოქტომბერს.
- მერე? ხომ თქვა, რომ ნამდვილად იქ ვიყავი?
- კი, თქვა. სიტყვასიტყვით გაიმეორა ის, რაც შენ თქვი დაკითხვის დროს. საკმაოდ მყარი ალიბი გაქვს.
- მერე, ეს ხომ კარგია?
- კი, მაგრამ თუ მოსამართლის სურვილი იქნება, შესაძლოა, არ მიიღოს მხედველობაში. შენი მეგობარი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. რა თქმა უნდა, ოფიციალურ მიზეზად სხვა რამ უთხრეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამის ნამდვილი მიზეზი შენ სასარგებლოდ მოცემული ჩვენებაა.
- გამომძიებელი რომ მოვა, ვკითხავ ერთი, აბა, რას მეტყვის.
- ახლა, ვინაიდან შენ მყარი ალიბი გაქვს, ვიდრე ზემდგომთან არ შეათანხმებს, როგორ გააგრძელოს საქმე, მანამდე გამომძიებელი შენთან არ მოვა. ახლა დროს გაწელავენ, რადგან ან შენს მეგობარს უნდა გადაათქმევინონ და ჩვენება შეაცვლევინონ, ან რაღაც ახალი გარემოება მოიგონონ.
- მაშ, ჩემი საშველი არ ყოფილა, - ჩავილაპარაკე იმედგადაწურულმა. ნანამ მორიგეს დაუძახა - პატიმარი ჩაიბარეო, უთხრა და წავიდა.
ზურგზე ხელები დავიწყვე და ბადრაგს ნელი ნაბიჯით გავყევი. საკნის კართან გავჩერდი, დაველოდე, მერე ნელი ნაბიჯით შევედი. უკვე კარგად ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. რაც ნანამ მითხრა, ერთი მხრივ კარგი იყო, ალიბი ჰქონდა, მაგრამ ის, რომ ჩემი მეგობარი სამსახურიდან გამოუშვეს, იმას ნიშნავდა - ზემდგომი ორგანოები ჩემს წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამდნენ წყალს. ახალი საფიქრალი გამიჩნდა, თუმცა მხოლოდ ფიქრის საშუალება მქონდა და არა მოქმედების. ახლა ღმერთის იმედიღა მქონდა. ცხადზე უცხადესი იყო, რომ ადამიანების მხარდაჭერის იმედი არ უნდა მქონოდა.
საღამო ხანს ისევ გამიყვანეს საკნიდან და ისევ იმ ოთახში შემიყვანეს, სადაც ნანას ველაპარაკე. იქ არავინ დამხვდა. სკამზე ჩამოვჯექი. ნეტავ, ახლა რაღა მოხდა? - ვფიქრობდი ჩემთვის, მაგრამ ვისთვის მეკითხა? კარი გაიღო და ჩემთვის უცნობი ორი მამაკაცი შემოვიდა. ერთი უფრო მაღალი იყო. პირველმა სწორედ მან გამომიწოდა ხელი.

- გია.
- ზაზა. - შევაგებე მარჯვენა.
- ქალაქის სამძებროს თანამშრომელი ვარ, ეს კი ჩემი კოლეგაა. - მიმითითა მეორე მამაკაცზე.
- რა ხდება? - გაკვირვებულმა ვიკითხე, რადგან წესით ამ ხალხს ჩემთან საქმე არ უნდა ჰქონოდა. - ხომ მშვიდობაა? რაიმე გაუხსნელი საქმე გაქვთ ალბათ და იმასაც მე შემომტენით...
- დაწყნარდი, ზაზა, რამდენიმე კითხვა გვაქვს მხოლოდ. თავს არ შეგაწყენთ, მალე დაგტოვებთ.
- აბა, თან რომ არ წამიყვანთ, ეგ კი ვიცი, - ვუთხარი და ჩავიცინე.
- გახსოვს ალბათ, მღებრიშვილთან მუშაობის პერიოდში ღამის კლუბის დაცვაში გიწევდათ მუშაობა.
- კი, როგორ არ მახსოვს.
- კლუბის მეპატრონეს პირადი დაცვა ჰყავდა. ესეც გახსოვს?
- კი, მახსოვს.
- იცნობდი?
- არა, არ ვიცნობდი. მას პირადად არასოდეს დავლაპარაკებივარ. გარეგნულადაც ბუნდოვნად მახსოვს. რატომ მეკითხებით?
- ეს ბიჭი კახა ხარებავა იყო. სახელი და გვარიც არაფერს გეუბნება?
- არა, არ მახსოვს და რა ვქნა?
- ეგ ბიჭი მოკლეს. - მოკლედ მოჭრა გიამ და შემომხედა.
- რააა? კიდევ მკვლელობა? ეგეც მე მოვკალი? - თვალები შუბლზე ამივიდა. კანკალი დავიწყე ნერვიულობისგან. - თურმე დავდივარ ქალაქსა თუ რაიონში და კაცებსა და ქალებს ვხოცავ... ნამდვილი სერიული მკვლელი ვყოფილვარ. გაგიჟდით? - ნერვიულობისგან ხმა მიკანკალებდა და სპაზმების გამო ხრიალიღა ამომდიოდა ყელიდან.
- დაწყნარდი, დაწყნარდი, შენ არავინ გაბრალებს მაგის მკვლელობას. უბრალოდ, თუ ამ ბიჭზე რამე იცი, ის გვითხარი. იქნებ, თქვენი იქ ყოფნის დროს ვინმე აკითხავდა ან ემუქრებოდა. ან იქნებ, ის გახსოვს, შელაპარაკება ხომ არ მოსვლია ვინმესთან?
კარგა ხანი დამჭირდა გონზე მოსასვლელად. ხველა ამიტყდა და ძლივს მოვითქვი სული.
- არა, ამ ბიჭის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია. რაც არ ვიცი, არ ვიცი. - ვთქვი ბოლოს.
- კარგი, რა გაეწყობა. შენი საქმე როგორ მიდის? - მკითხა შემდეგ.
- რა ვიცი, არაფრის იმედი აღარ მაქვს. საქმის მსვლელობას ეტყობა, რომ სიმართლის დადგენა არავის სურს. მე კი ხელფეხშეკრული პატიმარი ვარ და რას გავაწყობ?

- შენს საქმეს გადავხედე. წესით, უნდა გამოძვრე. ისეთი ალიბი გაქვს, ქვას გახეთქავს.
- ეჰ, ჩემი საქმის გამომძიებელიც რომ შენსავით ფიქრობდეს, რა მიჭირს. - ამოვიოხრე
- ვინ იძიებს?
- ლაშა გულდედავა. - ამ სახელისა და გვარის გაგონებაზე მოსულებმა ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს. მერე დამემშვიდობნენ და ოთახიდან გავიდნენ. მათი წასვლის მერე კარგა ხანს, ალბათ მთელი საათის განმავლობაში არავინ გამოჩენილა. როგორც იქნა, მორიგე შემოვიდა. მე ფეხზე წამოვდექი, მაგრამ ხელით მანიშნა, რომ დავმჯდარიყავი. მერე თვითონაც წინ დამიჯდა.
- შენ ზაზა ხარ, ხომ?
- კი, ზაზა ვარ. გიცნობ? -
ვკითხე და სახეზე დავაკვირდი.
- არა, არ მიცნობ. ეს გიამ გადმომცა შენთვის. - მითხრა და წინ ცელოფანის პარკი დამიდო; გამჭვირვალე პარკში სიგარეტის კოლოფები მოჩანდა, - და დამაბარა, რომ შენთვის გადმომეცა, როგორმე მიაღწიო და ლაშა გულდედავა ჩამოაშორო შენს საქმეს.
- ეჰ, ლაშა გულდედავა ისეა გასვრილი ჩემს საქმეში, როგორც ღორი - ტალახში. მაგას ჩემს საქმეს არ ჩამოაშორებენ.
- რა ვიცი, მე რაც დამაბარეს, გითხარი.

- კი, მაგრამ გია ახლა ვნახე პირველად და რატომ გამოიჩინა ასეთი გულისხმიერება? - მხრები ავიჩეჩე გაოცებულმა.
- აქედან რომ გამოვიდა, იმ მეორე კაცს ეუბნებოდა, დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭი უდანაშაულოა, მაგის სიმართლის მჯერაო.
- ვისაც უნდა სჯეროდეს, იმანაც თუ დაიჯერა, მაშინ ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება ქვეყნად.
- კარგი, წავიდეთ, - მითხრა მორიგემ და წამოდგა. საკანში დაბრუნებულს პატიმრები შემომეხვივნენ. ყველას აინტერესებდა, რატომ გამიყვანეს, მაგრამ ლაპარაკის თავი არ მქონდა. ცოტა ხნის მერე "კარმუშკა" გაიღო და მორიგემ წერილი გადმომცა.
"დედა გენაცვალოს, ჩემო დახატულო შვილო. როგორც იქნა, მივაღწიე იმას, რომ წერილის შემოგზავნის უფლება მოეცათ. ჩემო დატანჯულო და ნაწამებო ბიჭო, ისე მენატრები, შვილო, რომ ყველას შენს სახელს ვეძახი. შენს შვილებსა და ცოლსაც კი ზაზას ვეძახი. როგორ ფერებით გაგზარდე, ჩემო პატარავ და იმ დასამიწებლებმა როგორ გაგიმეტეს საწამებლად. გტკივა, დედა, ჭრილობები? ამ დღეებში მალამოს შემოგიგზავნი და ნატკენ ადგილებზე წაისვი. მალე მოგირჩება. შენ მოგიკვდეს დედა. ნეტავ შეიძლებოდეს, რომ მე ვიყო შენს ადგილზე. შენი ოჯახი მოწყენილია უშენოდ. ნათია სულ შენ გკითხულობს. ნინოც სულ დაღონებულია, შვილო. ახალგაზრდა გოგოა, მაგას უქმროდ ცხოვრება გაუჭირდება. მამაშენთან ერთხელ ვიყავი მხოლოდ. აქ დავიდებ ბინას, დედას სიცოცხლევ, შენთან ახლოს. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ გარეთ გამოგიყვანო და შენს ცოლშვილთან დაგაბრუნო. ახლა შინაგან საქმეთა მინისტრს შევხვდები, ფეხებში ჩავუვარდები და ვთხოვ, რომ ნამდვილი მკვლელები დაიჭიროს. თუ ნამდვილ მკვლელებს დაიჭერენ, შენ ხომ გამოგიშვებენ, შვილო? შენს მტანჯველებს ღმერთი გადაუხდის სამაგიეროს. თავს მიხედე, ზაზა, შვილო. საჭმელებიც შემოგიგზავნე ახლა და მშიერი არ იყო, იცოდე. არაფერზე ინერვიულო, მე შენთან ვარ".
თვალები ცრემლით ამევსო, დედის წერილს რომ ვკითხულობდი. უეცრად საკნის კარი გაიღო და მორიგემ ახალი პატიმარი შემოიყვანა. საკანს ხმაურის ტალღამ გადაუარა. კარში ყველასთვის კარგად ნაცნობი კაცი იდგა და იღიმებოდა.

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (8)
06.03.2015
Tqven gaixaret, dzlivs ar mivageni gagrdzelebebs?
marina
16.02.2015
ძალიან დავმძიმდი, ვერ ვეგუები უსამართლობას. რატომ არის, რომ -ეს თვით შვენება, ეს სულიერი და ხორციელი სილამაზე- თავის წარმტაცი და მომაჯადოებელი წმინდა ბუნებით სრულიად ისპობა "დიდში?!"ყოველი დიდი ხომ ერთ დროს ბავშვი იყო! და მერე ნეტავ რად იცვლება ასე სატიკად ადამიანი?! მტკივა, ძალიან მტკივა!
თამარ ფულარია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

უზომოდ მტკიოდა გული, მას რომ ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემელძო. მე არ შემეძლო იმ ადამიანთან ცხოვრება, ვინც გასაჭირში მიმატოვა


დასაწყისი იხილე აქ

გახსნილი პერანგიდან შიშველი მკერდი მოუჩანდა. ტანისამოსი ხელით გავუსწორე და მკერდი დავუფარე.


დასაწყისი იხილე აქ

ამ დღეებში ისეთი კაცი მოიყვანეს ჩვენთან, რომელთან ერთადაც ჩემი გაჩერება არ შეიძლებოდა. მე და ის კაცი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ვართ. ამიტომაც, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ აქეთ წამოვეყვანე.

დასაწყისი იხილე აქ

ეეე, შენ რა მიამიტი კაცი ყოფილხარ, ძმაო. შენმა ერთმა დაზარალებულმა შემომითვალა, დიდ ფულს გადავიხდი, თუ მაგ კაცს "გაასაღებო".

დასაწყისი იხილე აქ

ჭერზე ობობა შევნიშნე, რომელიც თავისთვის რაღაცას ჩალიჩობდა. "შე დალოცვილო, რაღა ციხეში "აიშენე" "სახლი", შენ მაინც გაქვს არჩევანის საშუალება, წადი, რა, სადმე თავისუფალ ადგილას"

დასაწყისი იხილე აქ

აი, ხედავ? მკვლელი არ ვარო, როგორ მტკიცედ გაიძახი. წეღან კი ძლივს ამოილუღლუღე, რომ საქმიანი საუბარი გქონდათ.

დასაწყისი იხილე აქ

მთელი ღამე ვცქმუტავდი. გათენება მეჩქარებოდა. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა ის დრო, როდესაც მორიგე დაიძახებდა - ჩუთლაშვილი, პაემანზე გეძახიანო.

დასაწყისი იხილე აქ

იცი, მე ძალიან ვინერვიულე, ჩვენ რომ ერთმანეთს დავშორდით. - უცებ შეცვალა საუბრის თემა და მივხვდი, რომ ეს ის სიტყვები იყო, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდოდა, ეთქვა


დასაწყისი იხილე აქ

ირინა მახსენებდა თავს კიდევ ერთხელ. წერილი სავსე იყო სასიყვარულო სიტყვებით და მონატრებით. ბოლოს კი მთხოვდა, რომ პაემანზე შევხვედროდი

დასაწყისი იხილე აქ

ის დარბაზი შუაგულში დადგა და ნელ-ნელა მუხლებზე დაეშვა. პირჯვარი გადაისახა, ხელები მაღლა აღაპყრო და თქვა: ვფიცავ, მაღლა ღმერთს, დაბლა ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, რომ ზაზა უდანაშაულოა


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
509 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი