სიცოცხლემისჯილი (IX ნაწილი)
font-large font-small
სიცოცხლემისჯილი (IX ნაწილი)
დასაწყისი იხილე აქ

წერილის კითხვა რომ დავამთავრე, თვალები ცრემლით მქონდა სავსე. ძალიან შემეცოდა დედაჩემი და გადავწყვიტე, მის გამო შემეწყვიტა შიმშილობა



დღეები ერთმანეთს მისდევდა, ჩემს საქმეს კი საშველი არა და არ დაადგა. სასამართლომდეც კი არ მიჰყავდათ საქმე, რომ იქ მაინც გარკვეულიყო, თუ რა მელოდა. ყველაფერი მომბეზრდა. გაუსაძლისი გახდა გაურკვეველ სიტუაციაში ყოფნა და გადავწყვიტე, შიმშილობა გამომეცხადებინა. ბიჭები ჯერ მირჩევდნენ, ამის გაკეთებისგან თავი შემეკავებინა, მაგრამ მერე მიხვდნენ, ჩემთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და შემეშვნენ. მხოლოდ იმასღა მეუბნებოდნენ, რომ ჩუმად მეჭამა საჭმელი, რათა არ დავსუსტებულიყავი, მაგრამ ამაზეც სასტიკი უარი ვთქვი.
- ბიჭო, ჯერ ისე რა მენიუ გვაქვს და ახლა ამაზეც უარს ამბობ? - დამადგა თავზე ბესო, რომელიც ”დევიტ სემიდან” გადმოიყვანეს ჩემთან ერთად.
- ბიჭო, ისე, მენიუს რას უწუნებ? - გაიკვირვა მეორე პატიმარმა, რომელიც ”მხედრიონელი” გახლდათ და იმისთვის დაიჭირეს, რომ ავარიის შედეგად ადამიანი შემოაკვდა. - ჩვენს მენიუს დასაწუნი რა სჭირს? - ხაჭაპური, ლობიანი, ქათამი, კიტრი, პომიდორი, თაფლი, კარაქი, არაჟანი... - დაიწყო ჩამოთვლა.
- ჰო, ისე, მენიუს მართლა რა უჭირს, - თავი მოიქექა ბესომ. – მერე, ასეთ კვებაზე უარის თქმა შეიძლება? - გახუმრება სცადა ბოლოს.
- რომ შემამოწმონ და აღმოაჩინონ, რომ საჭმელი ნაჭამი მაქვს, მერე, რა ვქნა? ხომ შევრცხვები?
- რა ვიცი, ძმაო, როგორც შენ გინდა, მე ჩემი გთიხარი და...
- რა ქნას კაცმა? სამართალს სხვა გზით ვერ მიაღწია და ხომ უნდა მოიმოქმედოს - ეს უკვე ჯაბა იოსელიანი იყო.
- ბატონო ჯაბა, თქვენ რას ურჩევთ? უნდა იშიმშილოს? - კონსულტაციისთვის ახლა მას მიმართა ბესომ.
- სიმართლე თუ გინდათ, მაგას შიმშილობაც ვერ უშველის, - ჯაბა ისე ლაპარაკობდა, რომ მე არ მიყურებდა. თითქოს, განგებ მარიდებდა თვალს. - შენ იბრძოლე, ფარხმალს ნუ დაყრი, - ახლა მე მომიბრუნდა, - მაგრამ იცოდე, რომ განწირული ხარ. გულს კი ნუ გაიტეხ, უბრალოდ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.
- გამოდის, რომ არაფერი მეშველება? - ვიკითხე უღონოდ.
- როგორც ამ მთავრობის ნდობით აღჭურვილ პირს, თუ დამიჯერებ, შენი შანსი 95/5-თან შეფარდებით უნდა გათვალო, - გაიცინა ჯაბამ.
- 95% ჩემს სასარგებლოდ? - ხმაში იმედის ნაპერწკალი გავურიე, რამაც ყველა მხიარულ გუნებაზე დააყენა.
- შენს სასარგებლოდ მხოლოდ 5%, ისიც, საუკეთესო ვარიანტში, ჩემო ზაზა, - წერტილი დაუსვა ჩემს იმედებს ჯაბამ.
აბა, ამის შემდეგ რისი იმედი უნდა მქონოდა? ალბათ, მხოლოდ სასწაულის, რომელსაც ღმერთი თუ მოახდენდა. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ უნდა მეშიმშილა და ამას ვერავინ გადამათქმევინებდა. თითქმის 2 კვირის განმავლობაში, მხოლოდ წყალს ვსვამდი. ამიტომაც, ბოლო 2 დღე ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. ბიჭები ჩემი ხათრით მხოლოდ მაშინ ჭამდნენ, როცა მეძინა. მეც მეჩიჩინებოდნენ, რომ შიმშილობისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ ისევ სასტიკ უარზე ვიყავი. მე-12 დღეს დედაჩემმა წერილი შემომიგზავნა. ვიდრე გავხსნიდი, კარგა ხანს ვეფერებოდი რვეულის ფურცელს და გულში ჩუმად ვიხუტებდი, რომ ბიჭებს ჩემი სისუსტე არ შეენიშნათ. მერე ქაღალდი ცხვირთან მივიტანე და ჰაერი ღრმად შევისუნთქე. ფურცელს ჩემი სახლისთვის დამახასიათებელი სუნი ჰქონდა. სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ტანში და ბავშვობის ერთი დღე გამახსენა:
მაშინ მეხუთე კლასში ვიყავი. დილით, დედამ ჩვეულებისამებრ, დაბალი ხმით დამიძახა და გამაღვიძა. მერე მასაუზმა და ქოჩორი დამვარცხნა. კინოკადრებივით ცვლიდნენ ერთმანეთს დედის მოქმედებები. გამეღიმა, როცა გამახსენდა, როგორ მისველებდა თმას ყოველ დილით და მერე, გვერდზე გადამვარცხნიდა ხოლმე. ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და შინიდან დედასთან ერთად გამოვედი. მცირე მანძილი გავიარეთ, მერე კი ჩვენი გზები გაიყო: ის სამსახურში უნდა წასულიყო, მე - სკოლაში. ვიდრე თვალს მოვეფარე, დედამ ათჯერ მაინც გამომხედა. წინადღეს ოთხმა ბიჭმა მოვილაპარაკეთ, ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის ბაღში მარწყვის საჭმელად უნდა წავსულიყავით, გაკვეთილების გაცდენის ხარჯზე. ჰოდა, დედაჩემის თვალს მივეფარე თუ არა, მაშინვე იქით მოვკურცხლე, სადაც მეგობრები მელოდნენ. მეგობრის ეზო ცოტა მოშორებით იყო და იქ მისვლას ფეხით დიდი ხანი მოვუნდებოდით. გამვლელ მანქანებს ხელს ვუწევდით და როგორც იქნა, ერთმა გაგვიჩერა. მარწყვით კარგად ვისიამოვნეთ, მერე კი უკან ისევ შემხვედრი ტრანსპორტით დავბრუნდით. ეს ისეთ დროს დაემთხვა, როცა სკოლიდან შინ ვბრუნდებოდი ხოლმე. ამიტომ, თავი დავადე და პირდაპირ შინ წავედი. მამამ ამბავი დამახვედრა, რომ თურმე, დედისთვის სკოლიდან შეუტყობინებიათ - ზაზამ გაკვეთილები გაცდინაო. დამცხა. სასწრაფოდ ჩემს ოთაში შევედი და თავი წიგნებში ჩავრგე. მალე დედაც მოვიდა. დამტუქსა და სასჯელად ის მოიფიქრა, რომ ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა. არადა, გუნდში ვთამაშობდი. რამდენიმე ვარჯიში გავაცდინე. ერთ დღეს კი ჩემი მწვრთნელი შინ მოგვადგა და დედას სთხოვა, თამაშზე გავეშვი. მეც ბევრი ვემუდარე, მაგრამ დედა შეუვალი იყო. იმ თამაშზე გავიპარე და სახლში დაბრუნებულს დედა გამებუტა, რამდენიმე დღის განმავლობაში ხმას არ მცემდა, რასაც ძალიან განვიცდიდი. მერე შევრიგდით. ამ ეპიზოდის გახსენებამ კარგ გუნებაზე დამაყენა. წერილი გავხსენი და კითხვა დავიწყე:

”ჩემო დახატულო შვილო, ზაზა! დედა მოგიკვდეს, რომ ვერაფერს გშველი. შვილო, გულზე ლოდად მაწევს შენი შიმშილი. ზაზა, შეწყვიტე შიმშილობა, ხომ იცი, რომ დედაშენი ისედაც ყველაფერს გააკეთებს, რომ მაგ ჯოჯოხეთიდან გაიხსნას. შენ რომ რამე მოგივიდეს, სათითაოდ ვიძიებ ყველაზე შურს, არ გაიხარონ მაგათ შენი და შენი ოჯახის ცოდვით. ზაზა, მეც ვშიმშილობ შენთან ერთად, დედა გენაცვალოს, უკვე ძალა გამომელია, ფეხზე დგომა მიჭირს და როგორ უნდა მივიდე იმ ადამიანებთან, ვისაც შენს საქმეზე დახმარება უნდა ვთხოვო? თუ დედა გიყვარს, ჭამე. ვიდრე არ გავიგებ, რომ შიმშილობა შეწყვიტე, მანამ მეც არ ჩავიდებ პირში ლუკმას. დედა მოგიკვდება, იცოდე. პირობა მომეცი, რომ შიმშილს შეწყვეტ. გკოცნი, ჩემო ნატანჯო შვილო”.

წერილის კითხვა რომ დავამთავრე, თვალები ცრემლით მქონდა სავსე. ძალიან შემეცოდა დედაჩემი და გადავწყვიტე, მის გამო შემეწყვიტა შიმშილობა. თანაც, ამას ჩემი საქმისთვის სარგებელი არ მოუტანია - მხოლოდ პროკურატურიდან მოვიდნენ, დააფიქსირეს ჩემი მდგომარეობა და წავიდნენ.
დღეებმა ისევ თვალის დახამხამებაში გაირბინა. 5 აგვისტოს მორიგემ დამიძახა და დასაკითხ ოთახში გამიყვანა. იქ ლაშა გულდედავა დამხვდა.
- გამარჯობა, ზაზა, - ხელი გამომიწოდა ლაშამ. ამჯერად, არ დავამადლე ხელის ჩამორთმევა. - როგორ ხარ?
- კარგად, - მოკლედ მოვუჭერი და დავჯექი. - რაზე შეწუხებულხართ, ბატონო ლაშა, კიდევ ახალი ბრალდება უნდა წამიყენოთ? - ირონია გავურიე ტონში.
- ამჯერად, არა. - არც ის დამრჩა ვალში.
- აბა?.. იქნებ, მათავისუფლებთ?
- არა, ვერ გამოიცანი, - სკამის საზურგეს მიეყრდნო და ფეხი ფეხზე შემოიდო გამომძიებელმა.
- მაშ, ერთიღა დარჩა - ალბათ, სინდისის ქენჯნამ შეგაწუხათ და ბოდიშის მოსახდელად მოხვედით, - ვცდილობდი, მისი მოსვლის მიზეზის გამოცნობას.
- შენი საქმის გამოძიება დავამთავრე, - ლამის საზეიმო ტონით წარმოთქვა.
- ვააა, გილოცავთ! ალბათ, უკვე დაწინაურებასაც ელოდებით, არა? თუ უკვე მოგილოცოთ ახალი თანამდებობა?
- ცინიკოსობას მოეშვი და აი, აქ მომიწერე ხელი, - მიმითითა საქაღალდიდან ამოღებული ფურცლის ბოლოში.
- რატომ? - ფურცელს არც დავხედე, ისე ვიკითხე.
- იმიტომ, რომ ეთანხმები გამოძიების დროს მოპოვებული ინფორმაციის სისწორეს და მიგაჩნია, რომ ის, რაც ამ საქმეში დევს, – ხელი საქაღალდეზე დატყაპუნა, - ნაღდია. თავი გავაქნიე.
- არა, ბატონო ლაშა, არ ვეთანხმები, რადგან ეს თქვენ მიერ სამარცხვინოდ შეთითხნილი საქმეა, სადაც იმ დანაშაულში მდებთ ბრალს, რომელიც არ ჩამიდენია. მე არ ვეთანხმები იმას, რაც აქ წერია, - ახლა მე დავატყაპუნე ხელი საქაღალდეზე, - მე ვეთანხმები მხოლოდ იმას, რომ შენ გაიძვერა, გაფუჭებული, ჩათლახი კაცი ხარ და ხელს ყველაფერზე მოაწერ. აი, ამას თუ დაწერ და თან, შენს ”აღიარებით ჩვენებას” დაურთავ იმასთან დაკაშვირებით, თუ როგორ, რა ხერხებით გამომძალე ჩვენება და მოინანიებ იმას, რომ ცილს მწამებ, ხელს მაშინ მოგიწერ. გაიგეთ, ბატონო გამომძიებელო? - ისევ ოფიციალური ტონით მივმართე.
ლაშა წამოდგა, საქაღალდე ძალზე მედიდური სახით დახურა, იღლიაში ამოიჩარა და უსიტყვოდ გავიდა.
ის დღე ფიქრში გავატარე. ნუთუ, სასამართლომდე მივიდოდა საქმე? მჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან მეტყოდნენ, მკვლელობის ბრალდება მოგეხსნაო.
ერთ დღეს მორიგემ ისევ დამიძახა. მას შეშფოთებული სახე ჰქონდა. საკნიდან გამიყვანა და ციხის უფროსის კაბინეტში შემიყვანა. იქ მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილე, როლანდ გილიგაშვილი დამხვდა. მისალმების შემდეგ როლანდმა დაიწყო ლაპარაკი.
- ეს შენ ხარ, ზაზა ჩუთლაშვილი?
- დიახ, მე ვარ.
- შენ შიმშილობდი და ითხოვდი გენერალური პროკურორის მოსვლას?
- დიახ, - მოკლე-მოკლედ ვპასუხობდი.
- მერე? რამდენი დღე იშიმშილე?
- 12.
- კარგია, კარგი... ისე, ჯანზე კი კარგად ხარ, ხომ იცი... - ამათვალიერ-ჩამათვალიერა როლანდმა. – ზაზა, რატომ არ ეთანხმები გამომძიებელს? ხელს რატომ არ აწერ, რომ საქმე დახუროს?
- იმიტომ, რომ მკვლელი არა ვარ. მე დანაშაული არ ჩამიდენია, - ვუთხარი და ჯიქურ შევხედე თვალებში.
- დარწმუნებული ხარ? - უადგილო კითხვა დასვა.
- დარწმუნებული ვარ და თქვენც უნდა ირწმუნოთ ჩემი უდანაშაულობა. არ შეიძლება, რომ არ ირწმუნოთ, არ შეიძლება, რომ სხვისი ჩადენილი მკვლელობისთვის მე დამსაჯოთ!
- როგორ დაგიჯერო, როცა მოწმეები ხელს გადებენ.
- ეგენი გულდედავას და ხუცურაულის მოწმეები არიან. მე მაქვს ალიბი, მყავს მოწმეები. რატომ არ დაჰკითხა ლაშამ ისინი?
- ეგ გამომძიებლის გადასაწყვეტია, რას გააკეთებს. მან უნდა დაჰკითხოს მოწმეები.
- მერე, თქვენ რომ ზემდგომი ხართ? დაავალეთ გულდედავას, რომ ისინი დაჰკითხოს.
- მე მის საქმეში ვერ ჩავერევი. გამომძიებელი როგორც მიიჩნევს საჭიროდ, ისე მოიქცევა.
- მაშ, ჩემი საშველი არ ყოფილა...
- შენ ის გვითხარი, ვინ არის მკვლელი და მეორე დღესვე გაგიშვებთ.
- საოცარი ხალხი ხართ, პირდაპირ. კი, მაგრამ რომ ვიცოდე, ვინ არის მკვლელი, ამდენ ხანს დავიტანჯავდი თავს? - ვუთხარი გაოცებულმა.
- აბა, რა გიყო? დანაშაული მოხდა, ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს. შენ თუ არ იცი, მკვლელი ვინ არის, მაშინ მე ვერაფერს გიშველი. სასამართლოზე დაამტკიცე შენი სიმართლე და ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
- რაღაც, ცხრაკლიტულივითაა, ვერსაიდან გამოსავალს ვერ ვხედავ. თქვენი იმედი მქონდა, მეგონა, არ იცოდით საქმის ვითარება და იმიტომ ბედავდნენ ამდენს თქვენი ხელქვეითები. ახლა კი დავრწმუნდი, რომ უშუალოდ თქვენი დავალებით მოქმედებენ. კარგი, ბატონო, იყოს თქვენებურად. იმის უფლება მაინც მომეცით, რომ ოჯახი მოვინახულო.
- ეგ საკითხი გამომძიებელთან უნდა მოაგვარო, - მხრები აიჩეჩა როლანდმა.
- ვთხოვე, მაგრამ არ მაძლევს შეხვედრის უფლებას, - შევჩივლე ისევ.
- არ იმსახურებ და იმიტომაც არ გაძლევს. დაუჯერე და ისიც დაგიჯერებს, - ეს თქვა და მორიგეს დაუძახა. უბრძანა, რომ საკანში წავეყვანე.
საკანში ბიჭები შემომეხვივნენ და კითხვები დამაყარეს:
- ვა, ზაზა, მართლა გენპროკურორის მოადგილე იყო მოსული?
- ჰო, აბა, ეკონომიკის მინისტრი ხომ არ მოვიდოდა ჩემს სანახავად?
- ისე, რომ იცოდე, ეგენი ასე უბრალოდ არ დადიან ციხეში... ”ზნაჩიტ”, რაღაცაშია საქმეები... - ბოლო სიტყვა გააგრძელა ბესომ.
- რა ვიცი, ჩემს საქმეს არც უბრალოდ სიარული ეტყობა და არც - ”ბრალიანად”.
- ეგენი შენ შეაფუცხუნე, რომ იცოდე... შენმა შიმშილმა მოიყვანა ეგ კაცი აქ...
- ჩემმა შიმშილმა კი არა, იმან მოიყვანა, რომ გულდედავას არ მოვუწერე ხელი საქმეზე.

მეორე დღეს ნანა მოვიდა და მას ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. ადვოკატს ჩემი საქმე სრულად ჰქონდა მოტანილი. მთელი 2 თვის მანძილზე ერთად ვსწავლობდით ჩემს საქმეს. უამრავი უაზრო, ”უსაქმო” ოქმი, განცხადება თუ საბუთი იდო საქმეში. ნეტავ, რაში სჭირდებოდათ? ან ფურცელს რისთვის ხარჯავდნენ, ან კალამს, ან თავს რისთვის იტანჯავდნენ? თითო მოწმის 10-10, სულ ნაირ-ნაირი ჩვენება იდო. რომელსაც უნდოდათ, იმას გამოიყენებდნენ ხოლო ჩემი ალიბის მოწმე, 3 ადამიანი იყო დაკითხული და თითოეული მათგანის ჩვენება სულ რამდენიმე სტრიქონს მოიცავდა. იქვე იდო ფურცელი, სადაც დაზარალებულის მოთხოვნა ეწერა – მოკლულის ოჯახი ჩემს მკაცრად დასჯას და სასჯელის უმაღლეს ზომას, დახვრეტას მოითხოვდა.

ამასობაში, კიდევ კარგა ხანი გავიდა. ერთ მშვენიერ დღეს, საკნის კარი გაიღო და მორიგემ დაიძახა:
- აბა, ახალი მიიღეთ! - და ღია კარში ჩემი ყოფილი თანამშრომელი გამოჩნდა.
- ვასიკო? - მივედი და გადავეხვიე. ძალიან გამიკვირდა მისი დანახვა.
- ზაზა, ბიჭო, როგორ ხარ? - გაიცინა და მხარზე ხელი მომიტყაპუნა.
- რა გაცინებს, ბიჭო, რა დაგემართა? როგორ მოხვდი იმ გაუგებრობაში?
- გაუგებრობაში შენ მოხვდი, ჩემო ზაზა, თორემ მე დავთვერი და... - ვასიკო ის მეგობარი იყო, რომელთან ერთადაც იმ ავადსახსენებელ 25 ოქტომბერს ნიკას ბავშვის დაბადების დღეზე ვიყავი. ამიტომ, მან თუ არა, ვინ უწყოდა, რომ მე იმ დღეს მართლა არ ვყოფილვარ მკვლელობის ადგილას.
- ასეთი რა ჩაიდინე?
- რა და... ამას წინათ დავთვერი და ირანის ელჩი ჩამოვაგდე მანქანიდან...
- რას მეკაიფები, ბიჭო, მითხარი, რა მოხდა, - არ ვუჯერებდი მე.
- ვაჰ, გეუბნები, მაგრად დავთვერი, მერე სხვა სუფრაზე დავამატე, შემდეგ რუსთაველზე მოვხვდი, ფეხით სიარული დამეზარა და გადავწყვიტე, შინ მანქანით წავსულიყავი. ჰოდა, იარაღით გადავუდექი მანქანას, რომელშიც ირანის ელჩი იჯდა.
- ნუ გაახურე... მართლა? როგორ მოახერხე?
- ჰო, მართლა. შენ კი ირონიით მელაპარაკები, არ მოგწონს, რასაც გიყვები, მაგრამ გეუბნები, ნაღდად ასე იყო. ჰოდა, ჩამოვსვი ეს ირანელი, მივუჯექი საჭეს და ქალაქში ვიბორიალე, ქალაქგარეთ გავედი და ”ბენზოკალონკასთან” მივაყენე მანქანა. იქ ჩამძინებია. მერე ჩვენი ბიჭები მომადგნენ და ამიყვანეს.
- ვინ ჩვენი ბიჭები?
- ვინ და მღებრიშვილის ხალხი, რა...
- და დანებდი?
- დავნებდი, რა... იცოდნენ, რომ მსროლელი ვიყავი და ბოლომდე მიმიშვეს. აბა, ხომ არ მესროდნენ? მაინც ჩვენები იყვნენ...
- ჰოო, რთული საქმე აგიკიდებია, ჩემო ვასიკო...
- არც ისე რთულია. შენ უფრო ცუდ სიტუაციაში ხარ... მე რაღაც მაინც მეშველება...
- მაშ, დაზარალებული ირანის ელჩია?
- ჰო, ირანის ელჩია, აბა, წვრილმანზე ხომ არ გავისვრიდი ხელს? მაგას აქ არ მოიყვანენ, ჩემი საქმის ჩაფარცხვა იოლია... ფულია მთავარი, ჩემები მეუბნებიან, არ ინერვიულო, გიშველითო...
- კარგი, მოდი, ხელები დაიბანე, მშიერი იქნები და რამე ჭამე, - მასპინძლობა ვითავე.
- არა, არ მშია, - იუარა ვასიკომ.
- შენ ”კაპეზედან” არ მოდიხარ, ძმაო? - ბესო ჩაერია ჩვენს საუბარში. აქამდე ყველა ჩუმად იჯდა და ჩვენს საუბარს უსმენდნენ.
- კი, ”კაპეზედან” მოვდივარ, - მიუბრუნდა ვასიკო.
- ჰოო... მე მეგონა, რესტორნიდან მოდიოდი... - უკბილოდ იხუმრა ბესომ.
- შენი საქმე როგორ არის? - ახლა მე მომიბრუნდა ვასიკო, - ბავშვები როგორ არიან?
- ეჰ, რა გითხრა, ვასო, ბავშვების მეც არაფერი ვიცი. საქმე კი სასამართლომდე უნდა მივიდეს და მერე გადაწყდება ყველაფერი.
- ხომ იცი, შენს საქმესთან დაკავშირებით დამკითხეს.
- მერე?
- რა მერე, ზუსტად გავიხსენე ყველაფერი. მოვუყევი, ნიკუშას ბავშვის დაბადების დღეზე რომ ვიყავით. მე ვუთხარი და რა ვიცი, მიაქცევენ თუ არა ყურადღებას...
- შენა და... ძმაო, აქ ჩვენ დღეში 5-5 ლარს ვაგროვებთ. არ დადებ? - ეს გია იყო, ჩვენი თანამესაკნე.
- რისთვის? - გაუკვირდა ვასიკოს.
- რისთვის და მორიგეს ვაძლევთ, რომ დღის განმავლობაში საკნის კარი გაგვიღოს, ჰაერმა რომ იმოძრაოს ოთახში, თორემ დავიხუთებით. ამ თანხაში შედის ”პრაგულკაზე” გასვლაც. თუ ფულს არ გადავიხდით, ”პრაგულკაზე” არ გაგვიყვანენ. შენ თუ არ შეგიძლია, პრობლემა არ არის. ”პროსტო”, ჩვენი კანონები იცოდე, რა...
- არა, არა, არ არის პრობლემა, ფულს დავდებ, ბაზარი არ არის.

ვასიკო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. ის მუდამ კარგ გუნებაზე იყო.
- ზაზა, ისე, ვისაც ქალები მაგრად უყვარს, იმას არ უნდა იჭერდნენ, არა? - ერთხელ პატიმრისთვის ყველაზე მტკივნეულ თემას შეეხო ვანიკო.
- და ვის არ უყვარს ქალები? - შევუბრუნე კითხვა. - გეგულება ისეთი კაცი, ვისაც ქალები არ უყვარს? მაშინ მარტო ცისფერებს უნდა იჭერდნენ.
- ჰო, მაგრამ აი, მე ხომ ვიცი, რომ მე, შენ და კიდევ ზოგიერთს ქალები მაგრად გვიყვარს. საცოდაობა არ არის, ჩვენი იქ ყოფნა?
- ვასკა, შენებს უთხარი, ახლა მოგაწოდონ 10 ლარის წამლები, თორემ მერე უფრო ძვირი დაგიჯდება, - ჭკუა დაარიგა გიამ.
- ვა, აქ მართლა ასმევენ წამლებს ”იმაზე”? - გაუკვირდა ვასიკოს.
- რაზე? - ვითომ ვერ მიხვდა გია.
- რაზე და იმაზე, ქალი რომ არ მოგინდეს, - მედიდური იერით აუხსნა ვასიკომ და თან, მე გადმომხედა, აქაოდა, რა ვერ გაიგოო.
- გეხუმრებიან, ბიჭო, ვის გაუგონია წამლების დალევა? - გულიანად გამეცინა მის ნათქვამზე. - ”თეთრი ბაირაღები” მაინც არ წაგიკითხავს?
- ჰო, მე კიდევ, გული გამისკდა, რადგან დღეს თუ ხვალ, ალბათ გამიშვებენ და ვაითუ, წამლები მივიღო და მერე გამიშვან-მეთქი.
- ჰო, ჰო, რაღა გეშველებოდა, არა?
- ჰო, მართლა, ტატუს გაკეთება მინდა და ვინმე ხომ არ აკეთებს აქ? - შეცვალა საუბრის თემა ვასიკომ.
- რად გინდა? გარეთ ვერ გაიკეთე?
- აქ კარგად აკეთებენ. შენ არ გაიკეთე ტატუ? - მკითხა მე.
- არა და არც ვაპირებ. რა ჯანდაბად მინდა? ან რა ”მეტატუება”, ლამის თავი მოვიკლა. მაგაზე კი ნუ ფიქრობ, გარეთ გასვლაზე იფიქრე.
- ჩემს გათავისუფლებაზე ჩემები ფიქრობენ. მე აქედან რა უნდა გავაკეთო? ტატუ მინდა! - ჭირვეული ბავშვივით გაიმეორა.
- ჰოდა, გინდა და ხვალ ”დევიტ ვოსემში” ბიჭებს ვეტყვი და გაგიკეთებენ. ჩვენთან არავინ აკეთებს.
- მაშინ ამაღამ მოვიფიქრებ, რა უნდა დავიხატო. მაგრამ რამეს მოვიფიქრებ.
- ეჰ, ნეტავ შენ, რომ არაფერი გედარდება.
- ზაზა, ნურც შენ ინერვიულებ, ყველაფერი კარგად იქნება. მე ხომ ვუთხარი დაკითხვაზე, რომ 25-ში ერთად ვიყავით ნიკუშას ბავშვის დაბადების დღეზე...

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ 12:00 საათზე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
18.02.2015
მეც მეუღლესთან დაკავშირებით გამიჩნდა კითხვები. ნუთუ მათი ურთიერთობა ციხესთან მისვლით და ხელის დაქნევით შემოიფარგლებოდა მხოლოდ? სად არის წერილები და მასში ჩაქსოვილი თბილი, სულისშემძვრელი სიტყვები?:(((
ანნიუკა
18.02.2015
ვაიმე მალე დაამთავრეთ და რამე წესიერი დაიწყეთ რა.... იმ ლამაზი რომანების შემდეგ ამას რა წამაკითხებს .
მ.დ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

უზომოდ მტკიოდა გული, მას რომ ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემელძო. მე არ შემეძლო იმ ადამიანთან ცხოვრება, ვინც გასაჭირში მიმატოვა


დასაწყისი იხილე აქ

გახსნილი პერანგიდან შიშველი მკერდი მოუჩანდა. ტანისამოსი ხელით გავუსწორე და მკერდი დავუფარე.


დასაწყისი იხილე აქ

ამ დღეებში ისეთი კაცი მოიყვანეს ჩვენთან, რომელთან ერთადაც ჩემი გაჩერება არ შეიძლებოდა. მე და ის კაცი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ვართ. ამიტომაც, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ აქეთ წამოვეყვანე.

დასაწყისი იხილე აქ

ეეე, შენ რა მიამიტი კაცი ყოფილხარ, ძმაო. შენმა ერთმა დაზარალებულმა შემომითვალა, დიდ ფულს გადავიხდი, თუ მაგ კაცს "გაასაღებო".

დასაწყისი იხილე აქ

ჭერზე ობობა შევნიშნე, რომელიც თავისთვის რაღაცას ჩალიჩობდა. "შე დალოცვილო, რაღა ციხეში "აიშენე" "სახლი", შენ მაინც გაქვს არჩევანის საშუალება, წადი, რა, სადმე თავისუფალ ადგილას"

დასაწყისი იხილე აქ

აი, ხედავ? მკვლელი არ ვარო, როგორ მტკიცედ გაიძახი. წეღან კი ძლივს ამოილუღლუღე, რომ საქმიანი საუბარი გქონდათ.

დასაწყისი იხილე აქ

მთელი ღამე ვცქმუტავდი. გათენება მეჩქარებოდა. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა ის დრო, როდესაც მორიგე დაიძახებდა - ჩუთლაშვილი, პაემანზე გეძახიანო.

დასაწყისი იხილე აქ

იცი, მე ძალიან ვინერვიულე, ჩვენ რომ ერთმანეთს დავშორდით. - უცებ შეცვალა საუბრის თემა და მივხვდი, რომ ეს ის სიტყვები იყო, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდოდა, ეთქვა


დასაწყისი იხილე აქ

ირინა მახსენებდა თავს კიდევ ერთხელ. წერილი სავსე იყო სასიყვარულო სიტყვებით და მონატრებით. ბოლოს კი მთხოვდა, რომ პაემანზე შევხვედროდი

დასაწყისი იხილე აქ

ის დარბაზი შუაგულში დადგა და ნელ-ნელა მუხლებზე დაეშვა. პირჯვარი გადაისახა, ხელები მაღლა აღაპყრო და თქვა: ვფიცავ, მაღლა ღმერთს, დაბლა ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, რომ ზაზა უდანაშაულოა


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი