სიცოცხლემისჯილი (XI ნაწილი)
font-large font-small
სიცოცხლემისჯილი (XI ნაწილი)
დასაწყისი იხილე აქ

ის დარბაზი შუაგულში დადგა და ნელ-ნელა მუხლებზე დაეშვა. პირჯვარი გადაისახა, ხელები მაღლა აღაპყრო და თქვა: ვფიცავ, მაღლა ღმერთს, დაბლა ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, რომ ზაზა უდანაშაულოა




მომდევნო სხდომაზე ერთი უცნაური ფაქტი მოხდა: მოწმედ შემოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც თქვა, რომ თურმე 21 ოქტომბერს მას და მის მეგობარს უქეიფიათ გიორგი სიხარულიძესთან და თინათინ მეტრეველთან ერთად და მაშინ მოულაპარაკებიათ, რომ 25-ში ისევ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ამ კაცს პირველად ვხედავდი და აქამდე არც მისი არსებობის შესახებ მსმენოდა რამე. როდესაც ნანამ ჰკითხა - სად იყო 25 ოქტომბერს და მივიდნენ თუ არა ის და მისი მეგობარი მწყემსის ბინაში საქეიფოდ, მან ერთი უმწეოდ მიიხედ-მოიხედა და ძირს დაეცა. ხალხი ფეხზე წამოიშალა, ვიღაცამ წყალი მოიტანა, გულწასული მოწმე მოასულიერეს და რაღა თქმა უნდა, მან ჩვენების მიცემა ვეღარ შეძლო. მას შემდეგ ეს ადამიანი აღარც მინახავს. ამის მერე მოწმედ იმ ოჯახის დიასახლისი გამოიძახეს, სადაც 25 ოქტომბერს დაბადების დღის აღსანიშნავად გაშლილ სუფრაზე ვიყავი. ქალბატონი ლამარა საწყალი თვალებით მიყურებდა. ნელი ნაბიჯით მოდიოდა, თითქოს შეშინებული ჩანდა. მცირე ფორმალობის შემდეგ, მისი დაკითხვა დაიწყო:
- ქალბატონო ლამარა, მოჰყევით, რა მოხდა თქვენს ოჯახში 25 ოქტომბერს, - უთხრა მოსამართლემ.
- მოგახსენებთ, რომ მყავს 2 შვილი, ტყუპი ვაჟი, გიორგი და ნიკა. 25 ოქტომბერს შვილიშვილის, ნიკას შვილის დაბადების დღეა, - გაუბედავად დაიწყო მოწმემ. - ამის დამადასტურებელი საბუთი საქმეში დევს. იმ დღეს სტუმრები გვყავდა. ჩემი შვილები ერთად მუშაობენ და 25-ში ორივენი სამსახურში იყვნენ. ნიკა ისეთ დროს დაბრუნდა შინ, რომ სტუმრების ნაწილი უკვე სუფრასთან აღარ დახვდა. მას თან 2 ახალგაზრდა მამაკაცი ახლდა. ორივეს პირველად იმ დღეს შევხვდი. ლამაზი ბიჭები იყვნენ, ისეთები, თვალში რომ გეცემოდა მათი გარეგნობა. კარი რომ გავაღე და ისინი დავინახე, მაშინვე ვთქვი: მღებრიშვილი ნეტავ სად არჩევს ამისთანა ბიჭებს-მეთქი და სტუმრები შინ შემოვიპატიჟე. ისინი მაშინვე დანარჩენი სტუმრების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ერთ-ერთი სტუმარი ზაზა ჩუთლაშვილი იყო. ბიჭები რამდენიმე საათს დაყოვნდნენ და წავიდნენ. მანამდე 10-15 წუთით ეზოში ჩავიდნენ, ზაზას მანქანის გადასაყენებლად, ვინაიდან მეზობელს ხელს უშლიდა.

- ქალბატონო ლამარა, რომელ საათზე წავიდა ზაზა თქვენგან? - ჰკითხა მოსამართლემ.
- გვიან წავიდა, ბატონო მოსამართლევ, ასე, ღამის 12 საათი იქნებოდა. ამ დროს ჩემთან სახლში ათამდე სტუმარი იმყოფებოდა და ჩემი ნათქვამი მათაც შეუძლიათ დაადასტურონ. კიდევ იმის დამატება მინდა, რომ მას შემდეგ, რაც ზაზა დაიჭირეს და მე და ჩემმა შვილებმა მისი ალიბი დავადასტურეთ, პროკურატურის მხრიდან დევნას განვიცდით. ჩემი შვილები სამსახურიდან გამოყარეს იმის გამო, რომ არც მე და არც ჩემმა შვილებმა ჩვენება არ შევცვალეთ, როგორც ამას პროკურატურა მოითხოვდა ჩვენგან. ზაზას ალიბი აქვს, ბატონო მოსამართლევ, ის ნამდვილად ჩვენთან იყო იმ დღეს და მკვლელობის ჩადენას ვერაფრით მოახერხებდა, - ქალბატონი ლამარა ტიროდა, როცა ამას ჰყვებოდა.
მოწმეს შეკითხვები ნანამაც დაუსვა. პროკურორმა სულ 1-2 კითხვა დასვა, რის შემდეგაც, მოსამართლემ მოწმეს დარბაზში დაჯდომის ნება დართო. ქალბატონი ლამარა ჯერ სკამისკენ წავიდა, მერე უცებ მოტრიალდა. ყველა გაოცებული ადევნებდა თვალყურს მის საქციელს. ის დარბაზი შუაგულში დადგა და ნელ-ნელა მუხლებზე დაეშვა. პირჯვარი გადაისახა, ხელები მაღლა აღაპყრო და თქვა: ვფიცავ, მაღლა ღმერთს, დაბლა ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, რომ ზაზა უდანაშაულოა. ვფიცავ, ის მართლაც ჩემს ოჯახში იყო სტუმრად და ვერ მოახერხებდა საგურამოში დანაშაულის ჩადენას. ნუ დაღუპავთ ამ ახალგაზრდა კაცს და მკვლელის სახელს ნუ მიაკერებთ, - ქალბატონ ლამარას ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა და ზევით აპყრობილი ხელები უცახცახებდა. ის დარბაზში მყოფმა ხალხმა წამოაყენა და ადგილამდე მიიყვანა. ამის შემდეგ, ალიბის 17 მოწმიან მხოლოდ 2 დაჰკითხა მოსამართლემ. მეტი დაკითხვა საჭიროდ არ მიიჩნია, რადგან ამ შემთხვევაში, ჩემი უდანაშაულობა გამოიკვეთებოდა.

როგორც იქნა, ჩემი ჯერიც დადგა. დაწვრილებით მოვყევი, სად ვიყავი 25 ოქტომბერს, როგორ დამიჭირეს, როგორ მაწამეს, რომ აღიარებითი ჩვენება მიეღოთ. რომ ვლაპარაკობდი, მოსამართლეს თვალებში ვუყურებდი. მაინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა მას, მაგრამ მისი სახის გამომეტყველება არ მომწონდა. არაფრის მთქმელი სახით იჯდა და თვალის დაუხამხამებლად მიყურებდა. ყველაფერი ვთქვი და გავჩუმდი. დარბაზს მოვავლე თვალი. ჩემი ოჯახის წევრებს რომ ვხედავდი, ვმშვიდდებოდი. განსაკუთრებით, მამაჩემის დანახვამ გამამხნევა - მის თვალებში რწმენას ვხედავდი.
ჩემ შემდეგ დაზარალებული მხარე დაჰკითხეს. მათ ისევ სჯეროდათ, რომ დამნაშავე მე ვიყავი და ისევ ის მოთხოვნა ჰქონდათ: დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება და ჩემთვის - სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. ჩემი ბოლო სიტყვით მოსამართლეს მივმართე და ვთხოვე, რომ ობიექტური ყოფილიყო განაჩენის გამოტანის დროს. სახელმწიფო ბრალმდებელმაც ჩემი სიკვდილით დასჯა მოითხოვა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი მოსასმენია, როცა ამბობენ: მოვითხოვ, ბრალდებულ ზაზა ჩუთლაშვილის მიმართ გატარდეს მკაცრი ღონისძიება და მას მიესაჯოს სიკვდილით დასჯა! პროკურორმა გამოსვლა ისე დაამთავრა და ეს თავზარდამცემი სიტყვები ისე წარმოთქვა, რომ თავი არ აუწევია. მერე დარბაზი თავჩაღუნულმა დატოვა. არადა, როგორ მინდოდა, მისთვის თვალებში ჩამეხედა და გამეგო, რას ფიქრობდა, ნუთუ ასე იოლად შეიძლება ადამიანის გაწირვა?
სასამართლო 10 დღით გადაიდო. ეს იყო წამების, წვალების გაუსაძლისი ტანჯვის 10 დღე. საკანში პატიმრები ჩემთვის ყოფის შემსუბუქებას ცდილობდნენ, მაგრამ სიტყვის თქმას ვერ ახერხებდნენ. მდუმარედ დადიოდნენ საკანში და 1-2 სიტყვას თუ გადმომიგდებდნენ. ასე ზოზინით გავიდა 10 დღე და 13 მარტი დადგა.

ბადრაგის რაოდენობა გაორმაგებული დამხვდა, რაც ძალიან ცუდად მენიშნა. საერთოდ, განაჩენის დღეს, ბადრაგს ყოველთვის აორმაგებდნენ, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეს დახვრეტის გადაწყვეტილება უნდა მიეღო, რადგან განაჩენს გამოაცხადებდა თუ არა, სიკვდილმისჯილ პატიმარს მაშინვე ხელბორკილს ადებდნენ და სასწრაფოდ გადაჰყავდათ ციხეში, რომ არ გაქცეულიყო. ვიგრძენი, როგორ დამტრიალებდა თავს ბადრაგი; წინათ, მათგან ასეთი ყურადღება არ მიგრძნია. ახლა მთელი ყურადღება ჩემკენ ჰქონდათ მოპყრობილი და თვალს არ მაშორებდნენ. ესეც ცუდად მენიშნა და გულმა რეჩხი მიყო. ამ სიტუაციამ ძალიან დამძაბა. უზენაესი სასამართლოს კიბეზე რომ ავდიოდი, მუხლები მიკანკალებდა. დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი; ფეხზე დასადგომი ადგილიც კი აღარ იყო. ჩემთვის განკუთვნილ ადგილზე დამსვეს, მოსამართლე შემოვიდა, დარბაზს მიესალმა და მაშინვე განაჩენის კითხვა დაიწყო. ისე სწრაფად კითხულობდა, თითქოს სადღაც ეჩქარებაო. როგორც ჩანს, ერთი სული ჰქონდა, როდის მოიშორებდა ამ საქმეს თავიდან. კარგა ხანს იკითხა განაჩენი. უკვე ვხვდებოდი, რომ საქმე ჩემს სასარგებლოდ არ გადაწყდებოდა. ყურები დამიგუბდა, გული ამიჩქარდა, მოსამართლის ხმა თითქოს შორიდან ჩამესმოდა, თუმცა ტექსტის შინაარსს ბოლომდე ვაცნობიერებდი. ყველაზე მკაფიოდ კი მისი ბოლო სიტყვები ჩამესმა: "მიესაჯოს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა".

- არაააა! - ვიღრიალე ხმამაღლა. ისე, რომ მისი ხმა გადავფარე. დარბაზი გაისუსა. - რატომ? რატომ არ მხვრეტთ? რატომ არ გამოგაქვთ სასიკვდილო განაჩენი? თუ ეს დანაშაული ჩემი ჩადენილია, ხომ უნდა დამხვრიტოთ? ცოდვის აკიდების გეშინიათ, ღმერთის გეშინიათ, არ მხვრეტთ, სიკვდილისთვის არ მიმეტებთ და მხოლოდ იმიტომ მისჯით სიცოცხლეს, რომ ამხელა ცოდვას ვეღარ ატარებთ? დამხვრიტეთ! დამხვრიტეთ, თქვენი!... - მთელი ხმით ვყვიროდი და მხოლოდ მაშინ გავჩუმდი, როცა დავინახე, როგორ დაეცა დედაჩემი იატაკზე, გულწასული. იქით ნინოს შეუწუხდა გული. ხალხი მათ დასახმარებლად შეჯგუფდა, მე კი თავი ხელებში ჩავრგე და ავტირდი.
მოსამართლემ თავისი მოვალეობა მოიხადა და დარბაზი დატოვა. ბადრაგმა სასწრაფოდ დაბლა, სარდაფში ჩამიყვანა. გონზე მხოლოდ საკანში მოვედი. მორჩა! განაჩენი გამოტანილი იყო. 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, პირველი 4 წელი - საპყრობილეში მოხდით! ბიჭები მამშვიდებდნენ, ადვოკატი გაასაჩივრებს და შანსი გაქვს, რომ ყველაფერი შეიცვალოსო, მაგრამ აღარავის ვუსმენდი, აღარაფრის მჯეროდა, მორჩა, ყველაფერი იმ დღეს, იმ დარბაზში დაინგრა და დამთავრდა. ამ განაჩენმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. "რა ეშველებათ ბავშვებს? ნინომ უჩემოდ როგორ უნდა იცხოვროს? ნეტავ, დედა როგორ არის? რა მეშველება ამის შემდეგ? რა იქნება მომავალში? რა მელის მე, რა ელის ჩემს ოჯახს?" ეს კითხვები მიტრიალებდა თავში და არც ერთზე პასუხი არ მქონდა. მომავალი ბურუსით იყო მოცული და გარკვევით არაფრის თქმა არ შემეძლო.
22 მარტს განაჩენი ჩამაბარეს და გამაფრთხილეს, რომ "კრიტში" წასასვლელად მოვმზადებულიყავი. "კრიტი" - ეს გახლავთ ციხე - ციხეში. იქ განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს ათავსებენ. იმათ, რომლებიც დანარჩენი დამნაშავეებისთვისაც საშიშ ადამიანებად მიიჩნევიან. პირველი ნასამართლობის დროს, იშვიათ შემთხვევაში უსჯიან "კრიტს". მე კი 4 წელი იქ უნდა გამეტარებინა.
29 მარტს, დილის 10 საათზე მორიგემ დაიძახა:
- ჩუთლაშვილი, ბარგი გაამზადე, "კრიტში" გადადიხარ! - ყველას გამოვემშვიდობე. ციხიდან "კრიტში" შიდა გასასვლელით გადამიყვანეს. იქ "დეპეენკას" (პასუხისმგებელ მორიგეს) გადაულოცეს ჩემი თავი, ხელი მოაწერინეს, რომ ჩამიბარა და დამტოვეს. გამჩხრიკეს და ციხის უფროსთან შემიყვანეს, სადაც მან შინაგანაწესი გამაცნო.
- შენ პოლიციელი ხარ და პოლიციელებისთვის ცალკე საკანი არ გვაქვს, - მითხრა უფროსმა.
- აბა, სად უნდა ვიყო? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- მხოლოდ 1 კორპუსია, სადაც ისეთი პატიმრები სხედან, ქურდულ ტრადიციებს რომ არ მისდევენ და შენ იქ ჩაგსვამთ, - მითხრა ღიმილით და ფანჯრის რაფაზე მდგარ ყვავილს წყალი დაუსხა.
- "ნასედკებში" მიპირებთ შეყვანას? - შევიცხადე.
- არა, მთლად მასეც არ არის. ეს "რაბოჩი" კორპუსია. მუშა ხალხი ზის, დილაობით კი სამსახურში მიდიან.
- სამსახურში მიდიან? ეს რას ნიშნავს? - თვალები დავჭყიტე გაოცებისგან.
- ეს იმას ნიშნავს, რომ კორპუსის უკან ხის "ცეხია" და დილაობით იქ მუშაობენ ხოლმე.
- იქ რას აკეთებენ?
- ჯვრებს, ხატებს, პატარა ეკლესიებს. შენ ისინი ჩვეულებრივი პატიმრები არ გეგონოს, ფრთხილად იყავი, - მითხრა ბოლოს და დამემშვიდობა.

გადამიყვანეს მეორე კორპუსში და 23-ე "კამერის" კარი გამიღეს. იქ რამდენიმე პატიმარი დამხვდა. მათ შორის მხოლოდ ერთი, ილო გახლდათ პირველად ნასამართლევი. ენა ებმოდა და ამის გამო, მეტსახელად ბლუს ეძახდნენ. დანარჩენები ისეთები იყვნენ, რომ მეორე-მესამე კრუგზე" იხდიდნენ სასჯელს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. მათ სახეებიც კი სხვანაირი ჰქონდათ. მომეჩვენა, რომ ადამიანებს არ ჰგავდნენ. სხეულზე ყველას უამრავი ნაიარევი ეტყობოდა - "ბრიტვით" ჰქონდათ ნაჯიჯგნი ან ბოთლის ნამსხვრევით დასერილი, ან ნატყვიარი იარა ეტყობოდათ. სადაც ნაიარევი არ ჰქონდათ, ის ადგილები ტატუთი ჰქონდათ დაფარული.
"კრიტში" საკნები დღედაღამ ჩაბნელებულია. იქ დღის სინათლე არ აღწევს. აქაურობასთან შედარებით, ნებისმიერ ადამიანს, ციხე სამოთხედ მოეჩვენებოდა. ნესტის, შმორის, ოფლის და საპირფარეშოს სუნი, მუდმივად უსიამოვნოდ მიღიტინებდა ცხვირში.
ყველა პატიმარმა მაშინვე გაიგო, რომ ყოფილი პოლიციელი ვიყავი. გული გამიწყალეს ამაზე ლაპარაკით:
- რამ მიგიყვანა, ბიჭო, პოლიციაში, არ იცოდი, ბოზები რომ მუშაობდნენ? ეგენი "კაი" ხალხს სდევნიან. მაგრად შეცდი, მაგრად! - მეუბნებოდა ერთ-ერთი, ის, ვინც უფროსად მიიჩნევდა თავს.
"შენ კარგი ხარ, მერე?" - გავიფიქრე გულში. ხმამაღლა ამის თქმა ძალიან საშიში იყო.
თანამესაკნეებს შორის მხოლოდ ბლუ მიგებდა. მასაც პირველი ნასამართლობა ჰქონდა და კარგად უწყოდა, რას განვიცდიი. საჩვენებელი თითი სულ პირთან ჰქონდა მიტანილი. მანიშნებდა, ჩუმად იყავი და ბევრი არ ილაპარაკოო. თვითონ ხმას იშვიათად იღებდა. როცა ლაპარაკობდა, მეტყველებაში ისეთი "პერებოი" ჰქონდა, რომ ვიღლებოდით იმის ლოდინში, როდის გავიგებდით, რა უნდოდა. მერჩივნა, მე მელაპარაკა, მას კი მხოლოდ "კი" ან "არა" ეთქვა.
მე და ბლუ დავმეგობრდით. მას 5 წელი ჰქონდა "კრიტში" მისჯილი და აქედან 2 - უკვე მოეხადა. მთელი 3 წელი კი წინ ჰქონდა. ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა და იოლად შევეწყვე.
"კრიტში" გადამიყვანეს თუ არა, მეორე დღესვე მოვიდა დედაჩემი. ჩავეხუტეთ ერთმანეთს და დიდხანს უსიტყვოდ ვტიროდით. მერე, დიდხანს მამშვიდებდა, შენს ოჯახს მე მივხედავ, მათზე არ ინერვიულო, შენს საქმესაც თავს არ დავანებებ, გავასაჩივრებ და იქნებ, სამართალს მივაღწიოო. ასევე მეუბნებოდა ადვოკატიც, მაგრამ მე აღარაფრის იმედი არ მქონდა.
დედას რომ დავშორდი და საკანში დავბრუნდი, გული ამოვარდნაზე მქონდა. ყველაფერზე ერთად ვფიქრობდი. უკვე 24 წლის ვიყავი. ცხოვრება ახლა უნდა დამეწყო. მე კი...

ბლუ ჩემს გამხნევებას ცდილობდა და ხშირად მეხუმრებოდა ხოლმე. ერთხელ მითხრა:
- ბიჭჭო, ზზზზააააზზზზა, მოსსსამართლემ ბბბოოოლლლო სიტყვა რრრომ მმმომცა და ლაპარაკი დავიწყყყყე, იმმმდენ ხანს მოვუნდი, რრომ ლამის სრრრრროკი იქვე გამითავდა. მმმმმ-ოსმართლემ მითთთთთთხრა, ცცცცოტა ჩჩჩქარაო. მმმმმე კი ვუთთთხარი, მმმაშინ სსსრულლლიად ვეთთანხმები ჩჩჩემი ადვოკატტტის აზზზზზზრს-მეთთთქი. ჰჰჰოდა, იმანაც 15 წწწელი მმმომცა... - მერე გამამხნევა - ნუ დარდობ, "კრიტი" დაგვიმთარვდება, მერე კოლონიაში გადავალთ და იქ კარგად ვიქნებითო.
მის სიტყვეზე გამეცინა.
- ეჰ, ილო, ილო, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, აქ ვიქნები თუ კოლონიაში?
- აქვს, როგორ არა, იქ თავისუფლად ვიქნებით, - ჯიუტად იმეორებდა ის.
ილო კარგად იყო შეგუებული პირობებს. მე კი ვერა და ვერ ვურიგდებოდი ჩემს ყოფას. გადიოდა თვეები. მე პაემნიდან პაემნამდე ვცხოვრობი. ნინო ხშირად მოდიოდა, ბავშვები მოჰყავდა. გიო ვერ მცნობდა, არ იცოდა, ვინ ვიყავი, ნათია კი მეხუტებოდა და მკოცნიდა ხოლმე. კვირადღეს დედაჩემი მოდიოდა, ხუთშაბათს - ნინო და ბავშვები. მე კი დაუსრულებლად ველოდი... ველოდი... ველოდი მათ, ველოდი ნამდვილი მკვლელების დაჭერას, ველოდი საშველს...
ამ მოლოდინში უკვე მესამე წელი დაიწყო. ვინაიდან საკნიდან გარეთ არ გავდიოდი, ციხის უფროსმა შემომითვალა - ასე არ შეიძლება, "პრაგულკაზე" თუ არ გახვალ, "დაგშტრაფავ" და პაემანზე ოჯახს აღარ შეგახვედრებო. იძულებული გავხდი, გარეთ გავსულიყავი.
პირველად მზის სინათლეზე რომ გავედი, თვალი ისე მომჭრა, მეგონა, დავბრმავდი-მეთქი. მერე, შევეჩვიე. ფილტვებს თითქოს სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა უჭირდა. სუნთქვა მეკვროდა. სული შემეხუთა და ასე მეგონა, რომ დავიხრჩობოდი.

თებერვლის საღამო იყო. ყველა პატიმარი თავისი საქმით იყო დაკავებული. უეცრად, ხმაური გავიგონეთ. დიდი აურზაური ატყდა. მორიგემ დაიძახა: ყველანი ფეხზე ადექითო. ერთმანეთს გაკვირვებული ვუყურებით. მერე ერთმა პატიმარმა ხმამაღლა თქვა:
- მოკლედ, გაახურეს ამ ტრაქტატებით საქმე. რა ამბავია, ამდენი ტრაქტატი, მოგვასვენონ და თვითონაც მოისვენონ!
- ტრაქტატი კი არა, ტერაქტი. რით ვერ დაიმახსოვრე? შეუსწორა მეორემ.

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
20.02.2015
გააპროტესტოს სტრასბურგში.ხომ რეალური პიროვნებაა.და ორი თავი რომ დადოთ რა მოხდება?
Nანა
20.02.2015
Rato debt ese nackvetebs ramodenime tavi dadet ertad Ra nervebi damackda lodinit
Tiko
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

უზომოდ მტკიოდა გული, მას რომ ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემელძო. მე არ შემეძლო იმ ადამიანთან ცხოვრება, ვინც გასაჭირში მიმატოვა


დასაწყისი იხილე აქ

გახსნილი პერანგიდან შიშველი მკერდი მოუჩანდა. ტანისამოსი ხელით გავუსწორე და მკერდი დავუფარე.


დასაწყისი იხილე აქ

ამ დღეებში ისეთი კაცი მოიყვანეს ჩვენთან, რომელთან ერთადაც ჩემი გაჩერება არ შეიძლებოდა. მე და ის კაცი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ვართ. ამიტომაც, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ აქეთ წამოვეყვანე.

დასაწყისი იხილე აქ

ეეე, შენ რა მიამიტი კაცი ყოფილხარ, ძმაო. შენმა ერთმა დაზარალებულმა შემომითვალა, დიდ ფულს გადავიხდი, თუ მაგ კაცს "გაასაღებო".

დასაწყისი იხილე აქ

ჭერზე ობობა შევნიშნე, რომელიც თავისთვის რაღაცას ჩალიჩობდა. "შე დალოცვილო, რაღა ციხეში "აიშენე" "სახლი", შენ მაინც გაქვს არჩევანის საშუალება, წადი, რა, სადმე თავისუფალ ადგილას"

დასაწყისი იხილე აქ

აი, ხედავ? მკვლელი არ ვარო, როგორ მტკიცედ გაიძახი. წეღან კი ძლივს ამოილუღლუღე, რომ საქმიანი საუბარი გქონდათ.

დასაწყისი იხილე აქ

მთელი ღამე ვცქმუტავდი. გათენება მეჩქარებოდა. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა ის დრო, როდესაც მორიგე დაიძახებდა - ჩუთლაშვილი, პაემანზე გეძახიანო.

დასაწყისი იხილე აქ

იცი, მე ძალიან ვინერვიულე, ჩვენ რომ ერთმანეთს დავშორდით. - უცებ შეცვალა საუბრის თემა და მივხვდი, რომ ეს ის სიტყვები იყო, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდოდა, ეთქვა


დასაწყისი იხილე აქ

ირინა მახსენებდა თავს კიდევ ერთხელ. წერილი სავსე იყო სასიყვარულო სიტყვებით და მონატრებით. ბოლოს კი მთხოვდა, რომ პაემანზე შევხვედროდი

დასაწყისი იხილე აქ

როგორც იქნა, ნათიას ხელისგულის ფერებით გული ვიჯერე და მეორე წერილს მივუბრუნდი

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი