სიცოცხლემისჯილი (XIX ნაწილი)
font-large font-small
სიცოცხლემისჯილი (XIX ნაწილი)
დასაწყისი იხილე აქ

გახსნილი პერანგიდან შიშველი მკერდი მოუჩანდა. ტანისამოსი ხელით გავუსწორე და მკერდი დავუფარე.




მორიგემ კვლავ იმ კაბინეტში შემიყვანა, სადაც პირველად შევხვდი ჯულის. ამჯერად პირველი ის მოსულიყო და მელოდა. ოთახში რომ შევედი, ჯული ფანჯარასთან იდგა და გარეთ იყურებოდა. ჩემს შესვლაზე არც მოუხედავს, თითქოს არც კი გაუგიაო. მორიგე ოთახში აღარ შემომყოლია. კარი გარედან გადაკეტა და წავიდა. ცოტა ხანს კართან შევყოვნდი და როდესაც დერეფანში ფეხის ხმა მთლიანად მიწყდა, ჯულის მივუახლოვდი. ის ჯიუტად იყურებოდა ფანჯარაში. ახლოს მისულმა თვალი შევავლე და თავიდან ფეხებამდე შევათვალიერე. გული გამალებით მიძგერდა. თითქოს შიში დამეუფლა, მაგრამ თავი მოვთოკე, შიშს ვძლიე და კიდევ უფრო მივუახლოვდი. უკნიდან ავესვეტე და ზურგზე მთელი ტანით მივეკარი. თვალები დახუჭა და თავი მკერდზე მომაყრდნო. მისმა სურნელმა გამაბრუა. ხელები მოვხვიე და მთელი ძალით მივიხუტე. თითქოს ამას ელოდაო, უცებ შემობრუნდა, თავი ხელებით დამიჭირა და ტუჩებზე დამაცხრა. ისე მკოცნიდა, როგორც დიდი ხნის მოწყურებული ადამიანი წყაროს წყალს დაეწაფება. მუხლები მიკანკალებდა, თვითონაც მთელი ტანით თრთოდა. ლამის ხელში ჩამაკვდა. მახსოვს, რომ თვალით ოთახის კუთხეში მდგარი დივანი მოვძებნე და ჯული იქით წავიყვანე. შემდეგ კი ერთიანად გავითიშე... აზრზე მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ მოვედი. მე დივანზე ვიჯექი, ჯული იქვე იყო მისვენებული და ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს ჩემს სულში ჩაძრომას ცდილობდა. თვალი ავარიდე, თავით კედელს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე. ცოტა ხანში ვიგრძენი, რომ თავი კალთაში ჩამიდო. თვალები ოდნავ გავახილე და სახეზე დავხედე. თვალებში მიყურებდა და ჩემი გამოხედვა არ გამოჰპარვია. მერე მზერა მის ტანს ჩავაყოლე. ტანისამოსი აჯაჯულ-დაჯაჯული ჰქონდა. გახსნილი პერანგიდან შიშველი მკერდი მოუჩანდა. ტანისამოსი ხელით გავუსწორე და მკერდი დავუფარე. თითები თმაში შევუცურე და მოვუცაცუნე. თვითონ მუცელზე მკოცნიდა და ვგრძნობდი, რომ ამაში მთელ გრძნობას აქსოვდა. ეს არ იყო მხოლოდ ვნების დაცხრობა. თითქოს ჩემი აზრები წაიკითხაო, წელზე ხელი მომხვია, ლოყით მუცელზე მომეხუტა და - ზაზა, მიყვარხარო, მითხრა. მე საათს დავხედე. საათ-ნახევარს უცებ გაერბინა. მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა.
- ამდენ ხანს ამაზე ფიქრობდი? - ვკითხე და შუბლზე ვაკოცე.
- მეორედ ასე რომ მიპასუხებ, ძალიან გავბრაზდები. - მითხრა და ტუჩები გაბერა.
- აბა, როგორ გიპასუხო?
- უნდა მითხრა, რომ შენც გიყვარვარ.
- მოგატყუო? - ვკითხე და მის დაჟინებულ მზერას თვალი ავარიდე.
- ამით იმის თქმა გინდა, რომ არ გიყვარვარ?
- ასე მოკლე დროში ადამიანის შეყვარება არ შეიძლება. არ უარვყოფ, რომ უზომოდ მინდოდა შენი მოფერება და მთელი თვის განმავლობაში, რაც ერთმანეთს პირველად შევხვდით, გამუდმებით ვფიქრობდი შენზე, მაგრამ ეს სიყვარული არ არის, ჯული.
- არც გრძნობის დასაწყისია? - მკითხა რაღაცნაირად, სევდიანად.
ჩემ წინ ახლა სულ სხვანაირი ქალი იყო. ყოველთვის ამაყი, თავაწეული, თავდაჯერებული, მბრძანებელი ჯული სადღაც გამქრალიყო და ჩემს კალთაში თავი კატასავით თვინიერ და დამჯერ ქალს ედო, რომელიც ჩემს პასუხს, თავის ბოლო კითხვაზე, განაჩენივით ელოდა.
- არავინ იცის, რა იქნება ხვალ ან ზეგ, მაგრამ ახლა მხოლოდ შენი სურვილი მკლავს და დაუსრულებლად მხოლოდ შენი ალერსი მსურს.
- ესეც კარგია. მე კი ვიცი, რომ ცოტა ხნის შემდეგ, უჩემოდ ვერ გაძლებ.
- მხოლოდ მოხარული ვიქნები, თუ სიყვარული მეწვევა. დამიჯერე, ძალიან მინდა, რომ ასე იყოს, - სრულიად გულწრფელი ვიყავი, როცა ამ სიტყვებს ვამბობდი.
- ხომ იცი, ზაზა, რას ნიშნავს პატიმრისთვის, როცა ვინმეს უყვარს? როცა იცი, რომ შენზე ვიღაც ფიქრობს, ენატრები, შენთან ჩახუტება და ალერსი სწყურია.
- ვიცი, ვიცი... - ვთქვი და განწყობილება უცებ გამიფუჭდა. ჯულის კოცნა უპასუხოდ დავტოვე, ჩემი მუხლებიდან თავი ავაღებინე და წამოვდექი.
- წასვლა გინდა? - მკითხა და თვითონაც წამოდგა.
- ჰო, ჯობია, წავიდე.
- ჩემი ბრალია, არ უნდა ჩამომეგდო ამ თემაზე ლაპარაკი, - ტანისამოსი გაისწორა, სარკეში თმა გადაივარცხნა, პომადა წაისვა და ტელეფონს დასწვდა. - "კარი გააღე!" - მხოლოდ ეს 2 სიტყვა წარმოთქვა და წელში გასწორდა. მის მზერას ვერ გავუძელი. ისევ ის, ძველი ჯული იდგა ჩემ წინ, ლამაზი და ამაყი. როდესაც მორიგემ კარი გააღო, პირველი გავიდა ოთახიდან და უკან არც მოუხედავს. მისი ქუსლების ხმა თანდათან მიწყდა.
- რა იყო, ბიჭო, რატომ გაანაწყენე ეს ქალი? - მომიბრუნდა მორიგე, როცა დარწმუნდა, რომ ჯული მის ნათქვამს ვერ გაიგონებდა.
- შენს ხასიათზე არ ვარ. - შევუღრინე და კარისკენ გავემართე.
- უფ, შენ რა გითხარი... არაფერი გამოგივიდა? არა უშავს, ხდება ხოლმე. მეორედ გამოგივა, თუ კიდევ მოინდომებს შენთან შეხვედრას. ხანდახან ნერვიულობის გამო შეიძლება შერცხვე კაცი...
- გითხარი, ხუმრობის გუნებაზე არ ვარ-მეთქი და არ გაჩუმდები? - ხმაში მუქარა გავურიე.
- კარგი, კარგი, წამოდი, - მსუბუქად მიბიძგა ზურგში და მეც გრძელ დერეფანს გავუყევი.
საკანში რომ დავბრუნდი, ჩემი დაძმარებული სახის დანახვაზე ბიჭები შეშფოთდნენ. ხმა არავის გავეცი. "ნარზე" დავეგდე და თვალები ჭერს მივაპყარი. ჩემი სხეული დამცხრალი იყო, კმაყოფილი და მშვიდი, მაგრამ სული ბობოქრობდა. ჯულის სიტყვებმა ჩემი დიდი სიყვარული გამახსენა. ნინოზე ჭკუას ვკარგავდი. ვიდრე ცოლად მოვიყვანდი, მასზე ოცნებაში ვათენებდი და ვაღამებდი. ახლა კი... ახლა გულის იმ კუნჭულში, სადაც მისი სიყვარული იყო, სიცარიელეს დაესადგურებინა. სიყვარული გაქრა, მაგრამ ვერც სიძულვილმა, ვერც ბრაზმა და ბოღმამ მისი ადგილი ვერ დაიკავა. მხოლოდ სიცარიელე და მეტი არაფერი.

დილით მოთენთილს გამე­ღვიძა. დღე ჩვეულებრივად დაიწყო. წინა დღეებისგან განსხვავებული მხოლოდ ის იყო, რომ ჯულისთან გატარებულ 2 საათს სიამოვნებით ვიხსენებდი, ტანში ის ნაცნობი ჟრუანტელი მივლიდა, რომელიც მასთან ურთიერთობას მახსენებდა და კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ამის განცდის სურვილს მიჩენდა.
ის იყო, ბიჭებმა ვისაუზმეთ, რომ მორიგემ კვლავ მომაკითხა და პაემანზე გეძახიანო, მითხრა. "ალბათ ისევ ჯულია-მეთქი" გავივლე გულში და ზანტად, წამოვდექი. ამჯერად პაემნების ოთახში შემიყვანა. იქ კი დიდი სიურპრიზი მელოდა. ერთ-ერთ მაგიდასთან ჩემი შვილები ისხდნენ და მოთმინებით იცდიდნენ. რომ დამინახეს, გამოიქცნენ და ჩამეხუტნენ. ორივეს გულში ვიკრავდი და ცრემლს ძლივს ვიკავებდი, რადგან უკვე თითქმის წელიწადი იყო გასული, შვილები არ მენახა. ბავშვების მოფერებით გული ვიჯერე, მერე მაგიდასთან დავსვი, შუაში მე ჩავუჯექი, ხელები მოვხვიე, ორივე მივიხუტე და ამბები გამოვკითხე. მივხვდი, რომ ნათიას რაღაცის თქმა უნდოდა და თავს ვერ აბამდა. ჩემს შეკითხვებზე სასხვათაშორისოდ მპასუხობდა და აზრი სხვაგან გაურბოდა.
- ნათი, მითხარი, რისი თქმა გინდა? - შევაგულიანე ბავშვი.
- მამა, გარეთ დედა იცდის და შეიძლება, შემოვიდეს? - ძლივს ამოღერღა სათქმელი.
რაც ნინო გათხოვდა, მას მერე არ მენახა და სიმართლე რომ ვთქვა, არც მქონდა მისი ნახვის სურვილი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ბავშვები აცნობიერებდნენ ჩვენ შორის არსებულ დაძაბულ სიტუაციას და განიცდიდნენ მომხდარს. სწორედ ამიტომ ვერ ბედავდა ნათია ჩემთვის იმის თქმას, რომ დედას შემოსვლა უნდოდა. ბავშვების გამო გადავწყვიტე ნინოს ნახვა.
- კი, ნათი, უთხარი, შემოვიდეს, - ვუთხარი თუ არა, ნათია ადგილიდან მოწყდა და კარისკენ გაიქცა.
- აბა, ვაჟკაცო, შენ როგორ ხარ? - მივუბრუნდი გიორგის.
- კარგად, მამა, - ბავშვმა ცოტა დაიმორცხვა.
- ვინ მოიფიქრა, რომ ჩემთან მოსულიყავით?
- დედამ. დედამ გვითხრა, ხვალ მამასთან წავალთო. იცი, მამა, მთელი ღამე არ მძინებია, რომ არ დამგვიანებოდა, - დიდი კაცივით მელაპარაკებოდა გიო და თან მთელი ტანით მეხუტებოდა. უკვე დიდი ბიჭი იყო, დიდივით აზროვნებდა და ქცევაც კაცური ჰქონდა. მე კი გული მეწურებოდა იმის გამო, რომ მისმა ბავშვობამ უჩემოდ ჩაიარა. როცა ყველაზე მეტად უნდოდა მამა, მაშინ არ ვიყავი მასთან. მის გვერდით სხვა, უცხო მამაკაცი იყო, რომელსაც მამინაცვალი ერქვა. მე კი იმ კაცის მხოლოდ იმიტომ მშურდა, რომ ჩემს შვილებთან ურთიერთობის საშუალება ჰქონდა, მათ ყოველდღე ხედავდა და ეფერებოდა, მაგრამ მამინაცვალი ვერასოდეს მოეპყრობა გერებს ისე, როგორც ნამდვილი მამა. ფიქრი ნათიას ხმამ გამაწყვეტინა, - აი, იქ არიანო, დედამისს ეუბნებოდა. თავი ავწიე და ნინოს შევხედე. თითქოს მხრებში მოხრილიყო, გამხდარიყო და თვალებში ის სხივიც ჩაქრობოდა, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა. ჩემდა გასაკვირად, არ ავღელვებულვარ. ის მოდიოდა ჩემკენ და იატაკს თვალს არ აშორებდა. მაგიდასთან გაჩერდა და მხოლოდ ამის მერე შემომხედა.
- დაჯექი, - ვუთხარი და ჩემ პირდაპირ, სკამზე ვანიშნე.

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

დასასრული იქნება ხვალღამ, 12:00 საათზე

ბეჭდვა