თეთრი მთვარე
font-large font-small
თეთრი მთვარე
დასაწყისი იხილე აქ

VI ნაწილი

ერთხელაც არ უგრძნობინებია, რომ ვუყვარდი, თუმცა რა ძნელი მისახვედრი ეს იყო. შემომხედავდა თუ არა, სახეზე ეწერა, რასაც განიცდიდა




არიან ადამიანები, რომლებიც თავად იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც უწევთ გადაწყვეტილების მიღება. მე ამ უკანასკნელს მივეკუთვნები, - გავიფიქრე ერთ მშვენიერ დღეს ჩემთვის. უაზროდ მივჩერებოდი ტელევიზორის ეკრანს, სადაც ვიღაც ადამიანები რაღაცაზე იცინოდნენ. შევეცადე, გამეგო, რა იყო მათი სიცილის მიზეზი, მაგრამ ვერაფერი გავიგე. ჩემი გონება ისევ ”იმას” დასტრიალებდა. ნუთუ ერთხელ მაინც არ უნდა შემხვდეს სადმე? დავიჯერო, დროებით იყო ჩამოსული თბილისში ან შემთხვევით გამოიარა იმ დღეს ”პლეხანოვზე”? ასე ხომ არ ხდება. ბედისწერა ხომ არსებობს? რადგან ერთხელ მაინც შემხვდა ის, ვინც ჩემმა გულმა საჭიროდ ცნო, კიდევ ერთხელ ხომ უნდა შემხვდეს? ოღონდ შემხვდეს და როგორ დამიძვრება ხელიდან, მაგასაც ვნახავ!
ჩემები ბათუმში გაემგზავრნენ გასვენებაში, ამიტომ სახლში ორი დღეა, მარტო ვარ. რა ბედნიერებაა, როცა დედა კითხვებით არ გაბეზრებს თავს, რა გჭირს, შვილო, რამე ხომ არ შეგემთხვა, რატომ ხარ ასეთი სევდიანიო და როცა მამა გამუდმებით არ ეძებს სადღაც დადებულ თავის საფერფლეს და არ ბუზღუნებს, ამ სახლში შენს გემოზე ვერაფერს დადებო.

ნებიერად მოვკალათდი სავარძელში და მაგიდაზე დადებულ თეფშს გადავწვდი, სადაც, როგორც ყოველთვის, რამდენიმე ცალი ”სნიკერსი” და შავი შოკოლადის ნამტვრევები იყო. სნიკერსი ”გავფცქვენი” და პირისკენ გავაქანე, თან ფიქრებში ჩავიძირე. თვალი გადავავლე ჩემი განვლილი ცხოვრების ბოლო სამ თვეს. იქ მხოლოდ აუხსნელი სევდა, მოწყენილობა და ერთფეროვნება სუფევდა. სამი გაუსაძლისი თვე, როცა ერთს მივტიროდი იმიტომ, რომ სხვაში გამცვალა, ხოლო მეორეს ვეძებდი იმიტომ, რომ ჩემს სულში შემოსვლა მოულოდნელად გადაწყვიტა. რატომ მერგო ასეთი ბედი? ნუთუ ვერც ერთ მამაკაცს ვერ ვუპოვე ჩემს გულში ადგილი? მე ხომ საოცარი ხიბლი მაქვს, ეგრევე ვატყვევებ მამაკაცებს, მაშინ რატომ ხდება ასე? იქნებ ამას ჰქვია ჩაკეტილი ბედი? პირადი ჰოროსკოპი ხომ არ შევადგენინო ასტროლოგს? იქნებ ამან მაინც მიშველოს და მაპოვნინოს გზა, როგორ გამოვიდე ”ჩაკეტილი სივრციდან”? თავი უსიამოვნოდ გადავაქნიე. ნამდვილად გავუტიე. ყველა ადამიანი საკუთარ ბედს თვითონ ქმნის. ალბათ ძალიან არ ვეცადე. რაღაც ისე ვერ გავაკეთე, რომ საკუთარი ბედნიერება შემენარჩუნებინა, თორემ...
სამი გაუსაძლისი თვე - წარსულისა და მომავლის გარეშე, რადგან წარსულს უმოწყალოდ გადავუსვი ხაზი, მომავალში კი ისე ვიყურებდი, როგორც ამღვრეულ წყალში, სადაც ვერაფერს ხედავ, ძალიანაც რომ მოინდომო.

არა, ასე არ ვარგა. ხომ არ შეიძლება ყოველ დღე დღევანდელობით იცხოვრო და ასე გაგრძელდეს მანამ, სანამ არ მიხვდები, რომ ხვალაც იგივე გელის, რაც დღეს იყო. რა მოხდება, ახლა, ამწუთას, ადგე, გახვიდე სახლიდან და შეცვალო შენი ცხოვრება - უცებ, ერთ წამში, თვალის ერთ დახამხამებაში?
ასეც მოვიქეცი. ტელევიზორი გამოვრთე, თხელი პლედი მოვისხი და კარი გამოვიხურე... ნელი ნაბიჯებით დავუყევი ტროტუარს თავაწეული, მივდიოდი და თითქოს მთელი ქუჩა მიმქონდა, ისე მივარხევდი ტანს. აქაოდა, შემომხედეთ, რა ქალი მოვდივარო. რად გინდა?! ღამის თერთმეტ საათზე ქუჩაში მოხეტიალე ვიღაც ქალს ზოგი ინტერესით შემომხედავდა, ზოგი კი საერთოდ ვერ მამჩნევდა, ტყუილად ვცდილობდი გამვლელების ყურადღების მიქცევას. კარგა ხანს ვიბოდიალე ქუჩაში, მერე მომბეზრდა, თან დავიღალე ფეხით სიარულით და შინ დავბრუნდი, კარი ჩავკეტე და საწოლზე მივესვენე დაღლილ-დაქანცული, გახდაც კი დამეზარა...


***
მეორე დილით რაღაც უცნაურ ხასიათზე გამეღვიძა. არა, მარტო უნდა ვიცხოვრო. სანამ უნდა ვიყო ასე? მოპარული ცხოვრებით სანამ უნდა ვიცხოვრო? ხომ მაქვს ჩემი ბინა, გავარემონტებ და ვიქნები ჩემთვის, არც დედას შევაწუხებ და არც მამას. როცა მომინდება, მაშინ მივალ, როცა მომინდება, მაშინ დავალაგებ. საყვედურს არავინ მეტყვის, ლოგინი რატომ გაქვს აშლილი ან ტანსაცმელი რატომ მიგიყრია დაუდევრადო. დედაჩემს ჩვევია ასეთი რაღაცები. ყელში ამომივიდა მისი ზრუნვაც და ”დედაშვილური” დარიგებებიც. არა, ცალკე უნდა გადავიდე, - მტკიცედ გადავიწყვიტე და მოვემზადე მშობლებთან ახალი წინადადებით შესახვედრად.
ჩემდა გასაოცრად, არც ერთს და არც მეორეს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ისე უცებ მივიღე მათგან თანხმობა, თავი სიზმარში მეგონა. შენ ოღონდ ის ბინა გაარემონტე, შენ ოღონდ საკუთარ თავზე იფიქრე და იქით დაგეხმარებითო, ხალისით გამომიცხადეს. მეც მეტი რა მინდოდა. ფული, იცოცხლე, მოგროვებული მქონდა, მანქანა უნდა მეყიდა, მაგრამ წამსვე გადავიფიქრე. ჯერ რემონტს მოვითავებ და იქამდე რაღაც იქნება-მეთქი. მეორე დღესვე შევუდექი საქმეს. მუშები დავიქირავე, დედაჩემი მივუჩინე, რომ კონტროლი გაეწია მათთვის, პარარელურად მათ გამოკვებაზე ეფიქრა, მე კი მშვიდად გავაგრძელე მუშაობა.
სარემონტო სამუშაოები, მართალია, გაიწელა, მაგრამ სამაგიეროდ, გადასარევი ბინა გამოვიდა. მიუხედავდა იმისა, რომ ერთოთახიანია, კარგა გვარიანი ფართია, აივანიც შემოვიერთე და საშრობიც. ასე რომ, სასტუმრო ოთახის გვერდით პატარა, მაგრამ გემრიელი საძინებელიც გამომივიდა. აი ახლა მეც ”პერსპექტიული” საპატარძლო გავხდი. ვიღაცას მე თუ არა, ჩემი ბინა მაინც ხომ დააინტერესებს? ეჰ, მინდა კი ისეთი კაცი, ბინის გულისთვის რომ მომაქცევს ყურადღებას? რაღაც არ მხიბლავს ასეთი ”ბიზნეს-გეგმა”. თუმცა არა უშავს, რაღაც მაინც გამოდნება ამ საქმიდან.
სამი თვე გაგრძელდა რემონტი. როგორც იქნა, შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი დავამთავრე და გაწიკწიკებულ ბინაში დიდი ზარ-ზეიმით გადავედი. მთელი სამსახური დავპატიჟე. დედა და მამა ყირაზე დადგნენ, ისეთი სუფრა გააწყვეს, ავ თვალს რომ არ დაენახვებოდა. კარგადაც მოვილხინეთ. ”გიტარა და ჩქარი ტაში” არ დაგვკლებია. ყველა ნასიამოვნები დარჩა... მეც, რა თქმა უნდა...


***
შემოდგომაც ნელ-ნელა მიილია. გაყვითლდა ქალაქი. სუსხი უკვე ძვალ-რბილში ატანდა. ერთ დღეს, მორიგი პაციენტი რომ გავისტუმრე, როგორც მჩვეოდა, ფანჯარასთან დავდექი და ქუჩაში მოსიარულე ხალხის თვალიერება დავიწყე. მოულოდნელად ტროტუართან მანქანა გაჩერდა, შავი ”ბმვ”, მძღოლს შევავლე თვალი. იმანაც, თითქოს ჩემი მზერა იგრძნოო, მაღლა ამოიხედა. ცოტა ბუთხუზა მამაკაცი იყო, მაგრამ საკმაოდ ლამაზი სახის ნაკვთები ჰქონდა. წამით ერთმანეთს გავუსწორეთ თვალი. მამაკაცი რატომღაც მომესალმა, მეც ანგარიშმიუცემლად დავუქნიე თვალი, თან გავუღიმე. არ ვიცი, როგორი ღიმილი გამომივიდა - მაცდუნებელი თუ ძალზე გამომწვევი, მაგრამ ფაქტი იყო - უცნობი მანქანიდან გადმოვიდა, ჭყვიტინა დისტანციურით ჩაკეტა ”ბმვ” და კლინიკის ჭიშკარში გაუჩინარდა. გულმა რეჩხი მიყო. ახლა აქ რომ ამოვიდეს და კარი შემოაღოს, რა ვუთხრა? ან თვითონ რას მეტყვის? რა მოხდება? თითქოს რაღაც ინტერესიც კი აღმეძრა, მოვა კი ჩემს გასაცნობად?
კარგა ხანი გავიდა. არაფერიც არ მომხდარა. ცოტა ხანში მეც დამავიწყდა რამდენიმე წუთის წინ მომხდარი თუ არმომხდარი ამბავი და რადგან სამუშაო საათები კარგა ხნის დამთავრებული იყო, ჩანთას დავავლე ხელი და ოთახიდან გავედი. კაბინეტი დავკეტე, გასაღები ხელჩანთის წინა ჯიბეში ჩავაგდე და კიბეს ჩავუყევი. ჭიშკარს რომ მივუახლოვდი, ის ბუთხუზა შევამჩნიე, თითქოს ჩასაფრებული მე მელოდა. გვერდი ავუქციე, ვითომ არც მაინტერესებდა და გზა გავაგრძელე, მაგრამ გავცდი თუ არა, ფეხი ამერია.
- უკაცრავად, ქალბატონო, - მომესმა უკნიდან ხმა, - შემთხვევით, აქ ხომ არ მუშაობთ?
მოვტრიალდი, თან გულგრილი გამომეტყველება მივიღე.
- დიახ, აქ ვმუშაობ, რა გაინტერესებთ?

- წეღან, თუ არ ვცდები, თქვენ მოგესალმეთ, არა? - გამიღიმა უცნობმა. საშუალო სიმაღლის მამაკაცი იყო, გრუზა შავი თმით.
- მგონი კი, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვაში შეგეშალეთ, - მეც გავუღიმე.
- არა, არ შემშლია. იმიტომ კი არ მოგესალმეთ, რომ ნაცნობი მეგონეთ, უბრალოდ, მომეწონეთ და...
”კარგი დასაწყისია”, - გავივლე გულში, ხმამაღლა კი ვთქვი.
- გმადლობთ, სასიამოვნო მოსასმენია, - თავი დავუკარი და ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე, ძალიან ციოდა.
- გნებავთ, სახლამდე მიგიყვანთ, თუ სხვანაირად არ გამიგებთ.
- არა, ნუ შეწუხდებით, ფეხით გავივლი.
- შევწუხდები? რას ამბობთ, ეს დიდი პატივი იქნება ჩემთვის.
”ღმერთო, რატომ არის ყველა კაცი ერთნაირი? რას მეფარცქვალება, ჩემს მეტი ვერავინ ნახა? ამისთანა რა მივესალმე, რომ ჩამისაფრდა?” - თავი ისე გადავაქნიე, თითქოს უსიამოვნო ფიქრების თავიდან მოშორება მინდოდა.
- არ ღირს, ჩემი გაცნობა დიდ სიხარულს არ მოგიტანთ, მით უმეტეს - დიდ ბედნიერებას, - არ ვიცი, რა საჭირო იყო ეს სიტყვები, მაგრამ რატომღაც ვთქვი. სხვა არაფერი მომაფიქრდა.
- ცხოვრება საინტერესოა, რა იცით, რა ხდება... მე სიამოვნებით მოგემსახურებით, დანარჩენს ხვალინდელი დღე გვიჩვენებს, - არ ისვენებდა მამაკაცი.
- ახლა არ მითხრათ, რომ უნდა ვცადოთ, - მკაცრად შევაწყვეტინე იმის შიშით, სწორედ ეს სიტყვები მასაც არ ეთქვა ჩემთვის, როგორც სხვა მის ”წინამორბედებს”.
- არა, არა, არც მიფიქრია. რატომ უნდა მეთქვა ასეთი რამ?
- იმიტომ, რომ ორჯერ უკვე მქონდა ამ სიტყვებით გაცნობის მცდელობა და ორივეჯერ მარცხი განვიცადე, - ჩემდა უნებურად, უცხო ადამიანს გული გადავუშალე.

- თქვენ განიცადეთ მარცხი თუ იმან, ვინც გამარჯვებული გგონიათ? - წარბები აზიდა მან, - მარცხზე იმან იფიქროს, ვინც თქვენნაირი მანდილოსანი გააწბილა და ასეთი რამ აფიქრებინა, - ჩქარი ნაბიჯით მიმავალს უცნობიც ამედევნა.
- არ მომეშვებით? - ნერვები ვეღარ მოვთოკე, გავჩერდი და შუბლშეკრულმა შევხედე.
- არა, არ მოგეშვებით. ვიცი, რომ გაღიზიანებთ, მაგრამ მაინც არ მოგეშვებით!
- რატომ, რა გინდათ? მოგზავნილი ხომ არა ხართ?
- მოგზავნილი არა ვარ, ისე, გია მქვია, გია პატარიძე. თქვენს სახელსაც ხომ არ მეტყოდით?
გია, გიორგი! როგორ მძულს ეს სახელი! რა ცუდ მოგონებებთან არის დაკავშირებული, ნეტავ იცოდეს, ჩემი გაცნობის ყოველგვარი სურვილი დაეკარგებოდა.
- რა საჭიროა, - მკვახედ ვუპასუხე, მაგრამ არ გავბრაზებულვარ.
- გთხოვთ, მშვენიერო ქერა ქალბატონო, გაიღეთ მოწყალება ერთი უბადრუკი პატარა კაცისთვის, რომელიც თავისი სიმაღლით ამართლებს თავის გვარს და უბოძეთ მას თქვენი სახელი.
- ღმერთო, რა დავაშავე, - წასვლა დავაპირე, მაგრამ ძალზე მოწადინებულმა უცნობმა მკლავში ჩამავლო ხელი.
- გაიმეტეთ ჩემთვის თქვენი სახელი, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ. გთხოვთ, - არ მეშვებოდა მამაკაცი.
მის შემხედვარეს გამეცინა. ისეთი მავედრებელი გამომეტყველება ჰქონდა, გაბრაზებაც ვერ მოვახერხე.
- კარგი, რაც არის, არის. მე მაგდა მქვია, - ხელები ძირს ჩამოვუშვი და ოდნავ შესამჩნევად გავიღიმე.
- ასე, შე კაი ადამიანო, რა გახდა ასეთი. ამისთანა ლამაზი სახელის დამალვა იქნებოდა? მე... მე... ის მქვია... თუმცა მგონი უკვე გითხარით კიდეც, არა?
- კი, მითხარით, თუ, რა თქმა უნდა, არ მომატყუეთ, - ისევ გამეცინა. ძალიან საყვარლად გამოსდიოდა ეს ყველაფერი.
- არ მომიტყუებიხართ და არც არასდროს მოგატყუებთ. არ მჩვევია ადამიანების მოტყუება, განსაკუთრებით ქალების, თანაც თქვენნაირი ანგელოზების.
- იცით? ამდენ ლამაპარაკს ხომ არ სჯობს, ჩავსხდეთ მანქანაში? ძალიან ცივა, - ვთქვი და თავადვე გამიკვირდა, საიდან ამდენი სითამამე.
- ახლავე, რაზეა ბაასი, დაბრძანდით, - დაფაცურდა გია და კარი რევერანსებით გამოაღო, - კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს ”ბმვ-ეში”.
ისე მციოდა, ახლა ყველაფერი სულერთი იყო ჩემთვის. ოღონდ ვიღაცას სახლამდე მივეყვანე და არ მაინტერესებდა, რა წარმოდგენა შეექმნებოდა ჩემზე.
გიამ მანქანა დაძრა.

- თქვენ ოღონდ მითხარით, საით უნდა წავიდე, - უკვე მშვიდი ხმით წარმოთქვა.
- კანდელაკზე, - მეც მშვიდად ვუპასუხე.
- არის, კანდელაკზე.
რაოდენ საოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, ჩემს ენაწყლიან ”თაყვანისმცემელს” გზაში ხმა არ ამოუღია, თითქოს ენა გადაყლაპაო. მეც დავდუმდი, აბა რა უნდა მეთქვა?
- აქ შემიჩერეთ, - ვთქვი ბოლოს, გაგარინის მოედანს რომ გავცდით.
- ამ სახლში ცხოვრობთ?
- არა, ცოტა წინ, მაგრამ აქ ჩამოვალ, მარკეტში უნდა შევიარო. უღრმესი მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, - ზრდილობიანად დავემშვიდობე ახალგაცნობილს.
- მაგდა, შეიძლება კიდევ გნახოთ? - მოულოდნელად ისევ ”ამოიდგა ენა” გიამ.
- ალბათ არ ღირს, - თავი უიმედოდ გადავაქნიე და მის სურვილს ცივი წყალი გადავასხი.
- რატომ, რატომ? ვიყოთ კარგი ნაცნობები, მე ხომ არაფერი დამიშავებია? - ისევ ”მოისაწყლა” თავი.
- გულახდილად მითხარით, რაში გჭირდებათ? ეს ხომ ერთი შემთხვევითი შეხვედრა იყო?
- მერე რა, რომ შემთხვევითი შეხვედრა იყო. შემთხვევითობა ძალიან ხშირად რადიკალურად ცვლის ადამიანის ცხოვრებას.
- მაგით რისი თქმა გინდათ, რომ ერთი ნახვით შეგიყვარდით?
- არა, არ შემიყვარდით, არ მოგატყუებთ, ტყუილები არ მჩვევია და არც არასდროს დამჭირვებია. თუმცა ძალიან მომეწონეთ, ამას არ დავმალავ.
- ნახვამდის, გია, ვინ იცის, იქნებ მართლაც შევხვდეთ ოდესმე ერთმანეთს, - ნაძალადევად გავუღიმე და მანქანიდან პროფესიონალი მანეკენის მოძრაობით გადავედი.
- ტელეფონის ნომერი მაინც მოგეცათ, დაშავდებოდა რამე? - მომაძახა გიამ.
- სხვა ცხოვრებაში, - უმადურად კი გამომივიდა, მაგრამ გაფრენილ სიტყვას უკან ვერ დავაბრუნებდი.
ძრავის თუხთუხი კარგა ხანს მესმოდა, მაშინაც კი, სადარბაზოში რომ შევედი და კარის საკეტს გასაღები მოვარგე. ოთახში რომ შევედი, მხოლოდ მაშინ დაიძრა მანქანა. - კეთილი მგზავრობა, - ხმამაღლა ვთქვი, ჩანთა მაგიდაზე დავაგდე და დივანზე გულაღმა გავიშოტე...
გიას გაცნობას ჩემზე შთაბეჭდილება მაინცდამაინც არ მოუხდენია.


***
ამ ამბიდან ორი დღე იყო გასული, რომ საღამოს, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, კარი ჯულიეტამ შემოაღო, ვიღაც მამაკაცი გკითხულობსო. მაშინვე მივხვდი, რომ გია იქნებოდა. ამას აწი რა მოიშორებს თავიდან, - საკუთარ თავს დავეჯღანე სარკეში და ზანტად წამოვდექი, რომ მოსულს შევგებებოდი. არ შემვცდარვარ, ის იყო - გამოპრანჭული, საგანგებოდ ”დავარცხნილ-დასუნამოებული”. უნდა ვაღიარო, რომ ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.
- შეიძლება? - მორიდებით შემოვიდა.
- მობრძანდით, როგორ ხართ? - ისე შევხვდი, თითქოს სულაც არ გამკვირვებია, თითქოს ველოდი კიდეც. ისე, მართლა არ გამკვირვებია და მართლაც ველოდი. ვიცოდი, დღეს თუ ხვალ, აუცილებლად გამომივლიდა.
- გმადლობთ, არა მიშავს, თავად? - გიამ ხელებს ადგილი ვერ მოუძებნა, ხან ჯიბეებში ჩაიყოფდა, ხან უკან შემოიწყობდა, ზურგზე, ძალიან აფორიაქებული ჩანდა.
- მაინც არ დაიშალეთ თქვენი, არა? - გავუღიმე, რომ ცოტათი გამეთამამებინა.
- მოგაგენით, ხომ ხედავთ, აი, მეც აქ ვარ, - ხელები გაშალა და ადგილზე აცმუკდა.
- ჰო, გაგიჭირდებოდათ ჩემი მოგნება, - გამეცინა.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. არც ერთი ხმას არ ვიღებდით. გია ისეთი დაბნეული იყო, გული მომილბა. ეტყობოდა, კარგი პიროვნება იყო, მისგან აშკარად დადებითი მუხტი მოდიოდა.
- ახლა? - ვკითხე.
- რა ახლა? - უფრო დაიბნა და დატუქსული ბავშვივით შემომხედა.
- ახლა რა ვქნათ?
ჩემმა შეკითხვამ უცებ გამოაცოცხლა, თვალები გაუბრწყინდა.
- ახლა თუ ისურვებთ, მსოფლიოს შემოგატარებთ. საითაც მიბრძანებთ, იქით წაგაბრძანებთ.
- თავად რა გეგმები გაქვს, გია, არ დამიმალო, - ჩემდა უნებურად, შენობით მივმართე.
კიბორჩხალასაით გაწითლდა.
- იცით?.. იცი?.. დღეს ჩემთვის კარგი დღეა და მინდოდა... - შეყოყმანდა.
- თქვი, თქვი, ნუ გერიდება, - გავამხნევე და ეშმაკური მზერა ვესროლე.
- მოკლედ, რესტორანში გეპატიჟები, - როგორც იქნა, დაასრულა სათქმელი და შვებით ამოისუნთქა.
- რესტორანში? - თავი უკან გადავხარე და გადავიკისკისე, - ცოტა ნაადრევი ხომ არ არის?
- არ ვიცი... შენ ასე გგონია? მაშინ... მაშინ სახლამდე მაინც მიგიყვან, - მხრები აიწურა და ხელები კვლავ ჯიბეებში ჩაიწყო.
- რა დამთმობი ყოფილხარ, რა უცებ დაიხიე უკან, ასე მალე ყრი ფარ-ხმალს? - ეს უკვე გამოწვევა იყო. თვითონაც არ ვიცი, რა დამემართა, რა ბზიკმა მიკბინა, რატომ ვიქცეოდი ასე.

- ჰო, რა ვიცი, არ მინდა ადამიანს თავი მოვაბეზრო და არც ის მინდა, ვინმესთვის ზედმეტი აღმოვჩნდე.
- დაჯექი, რა ფეხზე დგახარ, მაპატიე, ვერ მოვისაზრე, - ახლაღა მივხვდი, რომ რაღაც გამომრჩა.
- არა უშავს, მთელი დღეა, ვზივარ, ჩემი სამსახურის გადამკიდე.
- სად მუშაობ?
- ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს?
- პრინციპში, არა, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდე, ჩემი ”პირადი მძღოლი” რა საქმიანობას ეწევა?
- მოდი, ცოტა ხნით საიდუმლოდ დავტოვებ, ხომ არ გეწყინება?
- თუ არ გინდა, ნუ იტყვი, შენი ნებაა.
- ჰო, რას ვამბობდით, სად მივდივართო?
- ცოტა ხნის წინ მგონი რესტორანში ვაპირებდით სადილობას.
- კი, კი, სწორედ ასე იყო. რაღას ვუცდით?
ისევ გამეცინა.
- არა, გია, დიდი მადლობა, მაგრამ ვერ წამოვალ. აი შინ თუ მიმიყვან, მაგაზე კი სიამოვნებით დაგთანმხდები. ამ წვიმაში ქუჩაში დგომის სურვილი ნამდვილად არ მაქვს.
- რა გაეწყობა, ჯერჯერობით ვერაფერს დაგაძალებ. წავედით, რიგითი გია პატარიძე თქვენს განკარგულებაშია, - ხელი საფეთქელთან მიიდო ჩემმა სტუმარმა და ჯარისკაცივით გაიჯგიმა.
საყვარელი ტიპი იყო, რაც უფრო ახლოს ვეცნობოდი, მით უფრო მეტ მოწონებას იმსახურებდა ჩემში.
იყო მასში რაღაც საინტერესო...

* * *

გია თანდათან დამიახლოვდა. მართალია, იმ დღეს რესტორანში არ გავყევი, მაგრამ იმედი არ დაუკარგავს. რა მოხდა მერე, სხვა დროს იყოსო. სამაგიეროდ, სახლამდე მიმაგრიალა მანქანით. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, როცა გავიგე, რატომაც მეპატიჟებოდა პომპეზურ სადილზე, გულწრფელად ვინანე, რატომ არ დავთანხმდი-მეთქი. იმ დღეს თურმე იუბილარი ყოფილა. გული დამწყდა, მაგრამ ჩემი ბრალი სულაც არ იყო. არავითარი სურვილი არ მქონდა, ახალგაცნობილ ადამიანს მეორე შეხვედრაზევე რესტორანში გავყოლოდი. არადა, ნამდვილი მიზეზი რომ ეთქვა, აუცილებლად შევუსრულებდი ამ თხოვნას.
ძალიან საყვარელი ტიპი იყო. შესახედავად დიდი არაფერი, მაგრამ არაჩვეულებრივი ხასიათი ჰქონდა, თავისი ქცევებით ძალაუნებურად შეგაყვარებდა თავს. რომ იტყვიან, ცარიელი სული და გულიაო, სწორედ მასზე იყო ნათქვამი.
გიას მამა არ ჰყავდა. მეათე კლასში ყოფილა, გულის შეტევით რომ გარდაცვლილა. დედასთან ერთად ცხოვრობდა. პროფესიით იურისტი მცირე ბიზნესს აწარმოებდა - იურიდიული ფირმა გაუხსნია ორი წლის წინ - ბინების დაგირავება-გაქირავება-გაყიდვის ”პროცესით” იყო დაკავებული. შენს ფირმას სახელი რა ჰქვია-მეთქი, ერთხელ ვკითხე. არ გაინტერესებთ, რა მიპასუხა? აქამდე უსახელო იყო, ახლა კი ჩვენს პატივსაცემად მაგი-ს დავარქმევო, ანუ ჩვენი სახელების პირველი ასოების აბრევიატურას. ამაზე ბევრი ვიხალისეთ.
თანდათან შევეჩვიე. არ მიყვარდა და ალბათ ვერც ვერასდროს შევიყვარებდი, მაგრამ მის გვერდით ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მიუხედავად იმისა, რომ პუტკუნა და ბუთხუზა იყო, ჩემი დასაწუნი მაინც არაფერი სჭირდა. საოცრად ყურადღებიანი გახლდათ, ყოველ მოსვლაზე ხელდამშვენებული გამომეცხადებოდა სამსახურში. ყვავილები და სუნამოები, შოკოლადები და სხვა ნუგბარ-ტკბილეული ყველაზე ცოტა, კვირაში ერთხელ მაინც, გარანტირებული მქონდა. პირველ ხანებში ძალიან ვწუხდებოდი მისი თავგამოდებით, უხერხულობას ვგრძნობდი, ასე რომ იხარჯებოდა, მაგრამ რა მექნა. კაცი არც სიყვარულს მიხსნიდა და არც არაფერს მთხოვდა - მოდიოდა და მოჰქონდა. გარდა ამისა, მეპატიჟებოდა ბარ-რესტორნებში. ხშირ შემთხვევაში უარს ვეუბნებოდი, მაგრამ ყოველთვის არ გამომდიოდა. ხანდახან ისე შემეხვეწებოდა, ისე ლამაზად მთხოვდა, უარის თქმა აზრს კარგავდა. მასთან თავისუფლად ვგრძნობდი თავს. შეიძლება იმიტომაც, რომ არ მიყვარდა. ან კიდევ იმიტომ, რომ თვითონ იყო ჩემთან ძალიან თავისუფალი, ერთხელაც არ უგრძნობინებია, რომ ვუყვარდი, თუმცა რა ძნელი მისახვედრი ეს იყო. შემომხედავდა თუ არა, სახეზე ეწერა, რასაც განიცდიდა. მე კი თვალს ვარიდებდი, ვითომ ვერ ვამჩნევდი მის განცდებს, ერთობ გულუბრყვილო ქალის როლს ვთამაშობდი - ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით და მორჩა!

***
თბილისში დაცხა. ერთი სული მქონდა, როდის გავქანდებოდი ზღვაზე, აგვისტო როდის მოვიდოდა, რომ შვებულებაში გავსულიყავი და ადამიანურად დამესვენა. გია გვერდიდან არ მშორდებოდა. კვირაში სამჯერ, დაბარებულივით ჩემი კაბინეტის კართან იდგა, პაციენტებთან ერთად დგებოდა რიგში და დიდი მოთმინებით ელოდებოდა, როდის გავთავისუფლდებოდი. არ ეზარებოდა ლოდინი. ეს მაშინებდა. ისე მომეტმასნა, ალბათ რაღაც მომენტში გამიჭირდებოდა კიდეც მისთვის სიყვარულზე უარის თქმა. მართალია, ჯერჯერობით ხმას არ იღებდა, ამ თემაზე კრინტიც არ დაუძრავს, მაგრამ ვიცოდი, ადრე თუ გვიან, იგი ამ საკითხს შეეხებოდა. მე კი პასუხი მზად არ მქონდა. ჰოს ვერ ვეტყოდი, რადგან არ მიყვარდა, მაგრამ უარის სათქმელადაც არ მემეტებოდა ჩემდამი გადამეტებული ყურადღებისა და თავაზიანობის გამო. ბევრჯერ ვაიძულე ჩემი თავი, მეფიქრა მასზე, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. გია, როგორც მამაკაცი, არ მაღელვებდა. მის შეხებაზე სიამოვნებას არ განვიცდიდი, ეს არ იყო ის გრძნობა, რასაც სიყვარული ჰქვია, სექსუალური ლტოლვა - მით უმეტეს. კი, კარგად ვგრძნობდი მასთან თავს, არაჩვეულებრივი მეგობარი იყო, ბრწყინვალე პიროვნება, მაგრამ მასთან ლოგინი ვერ წარმომედგინა. როგორც ჩანს, თვითონაც გრძნობდა ამას, ამიტომაც არ ჩქარობდა რამის თქმას. ალბათ იმედს არ კარგავდა, რომ შეძლებდა თავი შეეყვარებინა ჩემთვის. უდიდესი მოთმინების უნარი გააჩნდა. ამას ვაფასებდი მასში, მაგრამ გარკვეულ მომენტში მგონი მაღიზიანებდა კიდეც.
სამსახურში უკვე ყველა იცნობდა და ეგონათ, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ამაზე ნერვები მეშლებოდა, ვამტკიცებდი, ერთი სიტყვაც არ დასცდენია ჩემთან სიყვარულზე-მეთქი, გოგოები კი სიცილით კვდებოდნენ. მეტი რაღა უნდა გითხრას, კაცმა საჩუქრებით აგავსო, მთელი თბილისის რესტორნები მოგატარა, ჭკუაზე არ არის და კიდევ ახსნა სჭირდება ამ ურთიერთობასო? განსაკუთრებით ჯულიეტა მიბურღავდა ტვინს. გადასარევი ბიჭია, უარი არ უთხრა, ისე უხდებით ერთმანეთს, ყველა თქვენზე ლაპარაკობსო. რამდენჯერმე გადავწყვიტე, მე თვითონ წამომეწყო გიასთან ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვერ გავბედე, არ მინდოდა მოვლენები დამეჩქარებინა, არც გიას განაწყენება მსურდა. ხომ ვიცოდი, ჩემი პასუხი ნებისმიერ ვარიანტში უარყოფითი იქნებოდა. არადა, არც ხელი მინდოდა მეკრა. ადამიანის ბუნება ხარბია, მაინც მსიამოვნებდა, რომ ვიღაცას ვუყვარდი, ვიღაც ზრუნავდა ჩემზე, მაღმერთებდა... თავს ძალას ვატანდი, იქნებ რაღაც მიახლოებითი გრძნობა მაინც გამეღვიძებინა ჩემში, თუმცა ჯერჯერობით არ გამომდიოდა.
ამასობაში დრო გადიოდა, ჩემს მოლოდინს კი ბოლო არ უჩანდა. გია შეგნებულად არიდებდა ამ თემაზე საუბარს თავს. ხასიათი შემეცვალა, საკუთარ თავში ჩავიკეტე, დავსევდიანდი. მაწუხებდა შექმნილი სიტუაცია, გამოსავალს კი ვერა და ვერ ვპოულობდი. ყველა ”სიკეთეს” ისიც დაემატა, რომ მაიამ ერთხელაც ახალი ამბავი ”მახარა”.

საღამო ხანი იყო. კაბინეტში ვიჯექი გიას მოლოდინში და წარამარა მობილურისკენ ვიყურებოდი, როდის დამირეკავდა, რომ ჩავსულიყავი. უცებ მაია შემოვიდა.
- ჯერ აქ ხარ? - რაღაც შეცვლილი ხმით მითხრა და მაგიდაზე ჩამომიჯდა.
- ჰო, ველოდები, გია უნდა მოვიდეს.
- აჰა, ხომ ხედავ, ზიხარ და ელოდები. კაცმა რომ გკითხოს, არ გიყვარს და არაფერი გაკავშირებს მასთან.
- რა ვქნა, მაიკო, მართლა არ მიყვარს, მაგრამ რა ვუთხრა? კაცი ხმას არ იღებს და მე რა პრეტენზიები წავუყენო? როცა მეტყვის, პასუხსაც მაშინ გავცემ, - კალამს უაზროდ ვატრიალებდი ხელში.
- ახალი ამბავი იცი? - შეფარვით დაიწყო და მარჯვენა ხელით მაგიდას დაეყრდნო.
- არა, რა ამბავი? ცუდი არაფერი მითხრა, იცოდე.
- გააჩნია, როგორ შეხედავ. შეიძლება გაგიხარდეს კიდეც.
- რა არის ამისთანა, არ იტყვი?
- კოკას საქმეები ცუდად წაუვიდა.
გავფითრდი. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ურთიერთობა საბოლოოდ გავწყვიტე, მისი ცუდი ნამდვილად არ გამიხარდებოდა.
- რატომ, რა შეემთხვა?
- არაფერი, თემომ მითხრა, ისე აიცრუა გული ყველაფერზე, დალევის მეტი არაფერი ახსოვსო. მთელი დღეები სვამს თურმე და მერე ხან სად აგდია და ხან სად, კაცმა არ იცის.

- რას მეუბნები! - ვიგრძენი, როგორ დამიწყო გულმა ჩხვლეტა, - და შენ გგონია, ამის მოსმენა მიხარია?
- არა, გასახარებელი არც არაფერია, მაგრამ შენ ისეთი ტკივილი მოგაყენა... არ გამიკვირდება, თქვა, ახია მაგაზეო.
- რა სისულელეა! ერთი წამითაც არ გამივლია გულში მსგავსი რამ. კი მაგრამ, სამსახური?
- სამსახური კი არა, ყველაფერი ფეხზე დაიკიდა. ძმაკაცები ვეღარ აფხიზლებენ უკვე, ხომ გეუბნები, ყოველდღე მთვრალია - დილიდან მეორე დილამდე.
- მერე? დედამისი რა აკეთებს ამ დროს? როგორ უთმენს ამდენს?
- დედამისი! დედამისს კი არა, თემოსაც არ უჯერებს, არაფრის გაგონება არ უნდა. იმას ნანობს თურმე, შენ რომ დაგკარგა.
- ახლა მე ნუ დამაბრალებთ კოკას გალოთებას, ძალიან გთხოვთ. კოკამ ის მიიღო ჩემგან, რაც დაიმსახურა. მე რა შუაში ვარ?
- არა, ადამიანო, შენ ვინ რას გაბრალებს, უბრალოდ, თვითონ რაც თქვა, იმას ვიმეორებ. აშკარაა, დარდობს კაცი შენთან განშორებას.
- ეგ თემა ჩემთვის დიდი ხანია, ამოწურულია, მაიკო, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი.
- დედამისი ახლა კი ირტყამს თავში ხელს, რატომ ვუშლიდი მაგდასთან ურთიერთობას, მოეყვანა ცოლად და დაესვა სახლშიო, მაგრამ რა დროსია.
ამ დროს მობილურმა დარეკა, გია უკვე მოსულიყო. წამოვდექი.
- მეტს ნუღარ ვილაპარაკებთ კოკაზე, გთხოვ, არც ერთი სიტყვა დღეიდან, კარგი? თავის თავს დააბრალოს, რაც სჭირს. მე ამ საქმეში უდანაშაულო ვარ.
- ვიცი, მაგდა, ვიცი. ეს ისე მოგიყევი. რომ არ მეთქვა, ისიც არ შემეძლო.
გულდამძიმებული გამოვემშვიდობე მაიას და თითქმის აცრემლებული ჩავჯექი მანქანაში.
- მოხდა რამე? - შეშფოთდა გია ჩემი სახის დანახვაზე.
- ისეთი არაფერი, ერთ ახლობელზე რაღაც ცუდი ამბავი გავიგე და შემეცოდა.
- მე ვერაფრით დაგეხმარებით შენ და შენს ახლობელს?
- ვერა, ისეთი მომენტია, რომ... ვერავინ დაეხმარება.
- ეს შენ, - თქვა გიამ და უკანა სავარძლიდან ვარდისფერი ტიტების უზარმაზარი თაიგული გადმომაწოდა.
- აუ! რა ლამაზია და რამხელა! რატომ წუხდები, გიუშკი, რა საჭიროა ყოველ მოსვლაზე ასეთი სიურპრიზები?
- მსიამოვნებს და იმიტომ, ახლა ესეც არ ამიკრძალო, თორემ გავგიჟდები!
- ერთი უყურე, როდის რა აგიკრძალე, რო?
- რესტორნის ხსენებას რომ მიკრძალავ ხოლმე?
- ხოლმე არ ითვლება. აბა ყოველ დღე რესტორანში სიარული ვის გაუგია?
- ჯერ ერთი, ყოველდღე არ გეპატიჟები, მეორეც, ქალები აქეთ მეხვეწებიან, შენ ოღონდ წაგვიყვანე და უარს როგორ გეტყვითო, შენ კი იქით მყავხარ სახვეწარი. გაგიგონია? - ღიმილით თქვა და ისე ლამაზად შეკრა წარბები, სიცილი ვერ შევიკავე.

- კარგი, ბატონო, აწი აღარ აგიკრძალავ.
- მართლა? - თვალები გაუბრწყინდა.
- მართლა, მართლა, - ისევ გამეცინა.
- პირობა პირობაა?
- ახლა ნამეტანს ნუ მომთხოვ. ხანდახან მართლა არ ვარ რესტორნის ხასიათზე.
- კარგი, რადგან ასეა, სიტყვაზე გამოგიჭერ. ზეგ, შაბათს, ჯგუფელები ვიკრიბებით. ინსტიტუტის დამთავრების თხუთმეტ წლისთავს აღვნიშნავთ. მინდა შენც წამოხვიდე.
- რას ამბობ, ასეთი ბებერი ხარ, გია? - გავეხუმრე და თვალმოჭუტულმა გადავხედე.
- შენ წარმოიდგინე, უკვე დიდი ბიჭი ვარ, ხომ არ დაგავიწყდა, ახლახან ოცდაჩვიდმეტის რომ გავხდი?
- რა ვიცი, რა ვიცი, კაცი რომ შემოგხედავს, ოცდაათსაც არ მოგცემს. კარგი შენახული ხარ ნამდვილად, - სიცილი წამსკდა.
- გმადლობთ, გმადლობთ, ქალბატონო მაგდა, კომპლიმენტისთვის. ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი. ესე იგი, წამოხვალ?
- ნუ გადამრიე, მე რა შუაში ვარ? შენს ჯგუფელებთან მე რა მესაქმება?
- ძალიან გთხოვ, უარი არ მითხრა. იქ ყველა წყვილ-წყვილად მოდის ახლობელ ადამიანთან ერთად: ბიჭები - ცოლებით, ქალები - ქმრებით, დასაოჯახებლები შეყვარებულებით ან საქმროებით.
- ჰო-ო? მე რომ არც ერთი არა ვარ შენთვის?
გია შეცბა, სიწითლემ გადაუარა სახეზე, მაგრამ არ შეიმჩნია.
- მერე რა, მეგობრები ხომ ვართ? მეც მინდა ჩემი ახლობელი ადამიანი მივიყვანო. მარტო არ მინდა გამოვცხადდე.
- რატომ, გეშინია უცოლო მამაკაცზე შენმა ჯერ კიდევ გაუთხოვარმა ჯგუფელებმა იერიში არ მიიტანონ?
- თუნდაც, - თავი დამიქნია გიამ და ახლა მას აუტყდა სიცილი, - რა მიხვედრილი გოგო ხარ. ეგ კი არ მიფიქრია, მაგრამ შენ რომ მითხარი, მივხვდი, რომ ასეც არის. ჰა, რას იტყვი, დამიხსნი გაუთხოვართა თავდასხმისგან?

- რა ვიცი, მოვიფიქრებ.
- ახლა ეგეთები არ იყოს. მოვიფიქრებ და წავიფიქრებ არ გამაგონო. ახლავე უნდა მითხრა პასუხი, თან აუცილებლად დადებითი.
- სხვა გზას არ მიტოვებ?
- არანაირს, განსაკუთრებით - უკან დასახევს.
- შენ უჩემოდ უკვე მიგიღია გადაწყვეტილება და მე რაღას მთხოვ, არ მესმის, - ხელები გავშალე და მხრები ავიჩეჩე გაღიმებულმა.
- აი, ეს მესმის. ასეთი მაგდა მომწონს, ასეთი მაგდა სულ სხვა ქალია, - ტაში შემოჰკრა გახარებულმა.
- რომელ საათზე იკრიბებით და სად?
- სად ვიკრიბებით, არ გეტყვი, მაგრამ შვიდ საათზე სახლში გამოგივლი და მზად დამხვდი, არ მიყვარს, როცა ქალები მალოდინებენ.
- და ეს ხშირად ხდება? - ფლირტის ხასიათზე დავდექი.
- მერე როგორი სიხშირით, ვერ წარმოიდგენ, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ქალების ლოდინში გავლიე, - თქვა და ეშმაკურად შემომხედა.
- ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ მე როდის გალოდინე, საძაგელო, ერთ შემთხვევას მაინც თუ გაიხსენებ?
- შენ არა, შენ პუნქტუალური გოგო ხარ, ყველასგან განსხვავებული. ამიტომაც ხარ ჩემი მეგობარი.
- ის ქალები რა, შენი მეგობრები არ არიან?
- კარგი, გეყოფა, რომელ ქალებზე მელაპარაკები, სად არიან ქალები, ვერ ხედავ, რომ ვხუმრობ? - უცებ შეიცვალა ტონი, - შენ ის მითხარი, რა უნდა ჩაიცვა?
- რა უნდა ჩავიცვა? რა, რამე განსაკუთრებული უნდა მეცვას? რა შეურაცხყოფას მაყენებთ, ამხანაგო, ჩასაცმელის მეტი რა მაქვს, როგორ მიბედავთ? - ისევ გავეხუმრე.

- მინდა, რომ განსაკუთრებულად გამოიყურებოდე, დედოფალივით.
- აჰა, დედოფალივით. ვაი და, არა მაქვს ასეთი ტანსაცმელი, მერე? - ტუჩები მოვკუმე და გამომცდელად მივაჩერდი.
- მერე და მერე, ავდგები და გიყიდი.
- უყურე შენ! მიყიდი რა, შენი ცოლი ვარ თუ საყვარელი, რატომ უნდა მიყიდო?
მოულოდნელად მოიღუშა, სახეზე ჩრდილმა გადაურბინა.
- ეგ რა შუაშია...
- კარგი, კარგი, მეც გეხუმრე, მაგრამ მეორედ ასეთი რამ არ მითხრა. ნუ დარდობ, ისე გამოვეწყობი, შენც კი ვერ მიცნობ. მაგრამ მაინც დამაკვალიანე, ალბათ საღამოს კაბა უნდა მეცვას, არა?
- ჰო, - მოწყვეტით თქვა და იქ დაამთავრა, მერე მთელი გზა სახლამდე ხმა არ ამოუღია.
მეც არაფერი მითქვამს, ისედაც ცუდ ხასიათზე დამაყენა მაიას მონაყოლმა.
უბრად კი დავცილდით ერთმანეთს, მაგრამ ვერ მოვითმინე, გვიან ღამით დავურეკე და შემოვირიგე, მთელი საათი ვლაპარაკობდით ტელეფონზე კარგი შეყვარებულებივით. იმდენი დადებითი ემოცია მივიღე მასთან საუბრით, ჩემს თავს პირობა მივეცი, ბანკეტის დამათავრების შემდეგ მისთვის კოცნის უფლება მიმეცა. რა ვიცი, იქნებ მომეწონოს კიდეც და, ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტო მასთან რომანის გაბმა.

გაგრძელება

სვეტა კვარაცხელია

რომანი განახლდება ყოველდღე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

XIV ნაწილი

შევედი... გაოცებისგან შევკივლე... მთელ ოთახში მაგნოლიის ყვავილის ფურცლები იყო მიმობნეული - იატაკზე, საწოლზე... ლოგინის გადასაფარებელი მთლიანად ყვავილის ფურცლებით იყო გადაპენტილი.

დასაწყისი იხილე აქ

XIII ნაწილი

გახევებული ვიჯექი, სიმწრით ნაპოვნი ბედნიერება ხელიდან მეცლებოდა. ვიგრძენი, როგორ ჩაწყდა ერთი სიმი გულში


დასაწყისი იხილე აქ

XII ნაწილი

ცოტათი დავიძაბე, სიმთვრალეში ისევ არ მოეძალოს ძველი ამბები და აქ კონცერტი არ მომიწყოს-მეთქი, ამიტომ არც მე დამიძრავს სიტყვა. მუსიკა რომ მიწყდა, ხელზე მაკოცა და ჩემს ადგილამდე მიმაცილა

როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე

დასაწყისი იხილე აქ

XI ნაწილი

ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში მამაკაცს ერთხელ არ უკოცნია მისთ

როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე

დასაწყისი იხილე აქ

X ნაწილი

მაინც მომხვდა გულზე გიას საქციელი. რა იზამ, ასეთი ვართ ქალები. შეიძლება ვიღაც ან რაღაც ჩვენთვის არ გვინდა, მაგრამ არც სხვისთვის გვემეტება

დასაწყისი იხილე აქ

XIX ნაწილი

როგორც ჩანს, სწორად ვერ დავსვი დიაგნოზი და კინაღამ ხელში ჩამაკვდა. არასწორი მკურნალობის კურსი დავუნიშნე. შეცდომა დავუშვი.


დასაწყისი იხილე აქ

VIII ნაწილი

აი თურმე რა პროფესიის ყოფილა, საიდან აქვს ასეთი სიმდიდრე. ექვსი თვით მიდისო... ექვსი თვე რა მოიცდის?


როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე

დასაწყისი იხილე აქ

VII ნაწილი

კაბაც რომ მოვირგე ტანზე და სარკის წინ დავტრიალდი, აღფრთოვანება ვერ დავმალე. შეუძლებელი იყო, იმ შეხვედრაზე რომელიმე ქალი ჩემზე უკეთესი ყოფილიყო


როგრ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე


დასაწყისი იხილე აქ

V ნაწილი

გიორგიმ რამდენჯერმე სცადა ჩემთან შერიგება, ახლოსაც არ გავიკარე, ისე ვიყავი დაცლილი გრძნობებისა და ემოციებისგან, მისი დანახვაც კი მაღიზიანებდა


დასაწყისი იხილე აქ

IV ნაწილი

კლასელი მყავდა, ნათია, უახლოესი დაქალი, რომელიც ერთ ლექტორთან ემზადებოდა, მერე მისმა ვაჟმა დააორსულა და ცოლად არ შეირთო


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
533 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი