თეთრი მთვარე
font-large font-small
თეთრი მთვარე
დასაწყისი იხილე აქ

XIX ნაწილი

როგორც ჩანს, სწორად ვერ დავსვი დიაგნოზი და კინაღამ ხელში ჩამაკვდა. არასწორი მკურნალობის კურსი დავუნიშნე. შეცდომა დავუშვი.



პირველი სამი დღე გადასარევი ამინდი იყო - მზიანი, თბილი, მაგრამ მეოთხე დღეს, წვიმამ რომ დაუშვა, წაეწყო და წაეწყო წვიმიანი დღეები, თავს გარეთ ვერ ვყოფდით, ისე აცივდა. ლამის ისტერიკა დაგვემართა, ყველაფრის ხალისი დავკარგეთ. ერთი კვირა არ გამოდარებულა. შინაბერებივით ოთახში ვისხედით და საწოლზე წამოკოტრიალებულები ხან კარტს ვშლიდით, ხან ”ჩაძირობანას” ვთამაშობდით, სხვა რა უნდა გვეკეთებინა? ერთ საღამოს, როგორც იქნა, წვიმა შეწყდა. ჩვენც დრო ვიხელთეთ და ქუჩაში გამოვედით. პარკში შესვლას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ბუნგალოში მაინც შევსულიყავით და თბილისურად, ”სვეტსკურად” მოგველხინა. სანაპიროზე სუსხი იგრძნობოდა, სამაგიეროდ ზღვის ხმაური გვიწყნარებდა ნერვებს. მიუხედავად სიცივისა, მაინც დავსხედით და ორი აჭარული ხაჭაპური და ორიც ”ესპრესო” მოვითხოვეთ. ყავა რამდენიმე წუთში მოგვიტანეს, ხაჭაპურს კი უნდა დავლოდებოდით. მოულოდნელად ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. ჩვენს მოპირდაპირე მაგიდასთან ძალიან ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი. მეჩვენება თუ ნამდვილად ის არის? კიდევ ერთხელ დავძაბე გონება. არა, არ მეშლებოდა, ლუკა იყო, ჩემი ძველი და გაწბილებული სიყვარული. მოულოდნელობისგან ადგილზე გავშეშდი. საიდან სად? ამასობაში ლუკა წამოდგა და ჩვენკენ გამოემართა. მაიას ჩემი შეშფოთება არ გამოჰპარვია და თვალები ჩემს მზერას გააყოლა.
- ვინა არის? - ჩურჩულით მკითხა, სანამ ლუკა მოგვიახლოვდებოდა.

- მერე გეტყვი, - ჩურჩულითვე ვუპასუხე და სახეზე ღიმილი გაჭირვებით ავისხიპე.
- გამარჯობა, მაგდა, - ლუკას ხმაც შეცვლოდა, გარეგნობასთან ერთად, ისე გამხდარიყო, ძნელად თუ იცნობდა ადამიანი.
- ლუკა, აქ როგორ გაჩნდი? - ისე მოვიკითხე, თითქოს ჩვენ შორის ”შავ კატას” არასდროს გაერბინოს.
- გუშინ ჩამოვედი, - უხერხულად შეიშმუშნა, - შეიძლება თქვენთან ცოტა ხნით ჩამოვჯდე?
- კი როგორ არა, დაჯექი, - ხელით ვანიშნე და შეცბუნებულმა მაიას გადავხედე.
- მაიკო, გაიცანი, ჩემი ძველი მეგობარი, ლუკა. ეს მაიკოა, ჩემი დაქალი და ამავდროულად თანამშრომელი, - გავაცანი ორივე ერთმანეთს.
ლუკამ მაიას ხელი ჩამოართვა და დაჯდა.
- დალევთ რამეს? გეპატიჟებით, - ჯიბეზე გაიკრა ლუკამ ხელი.
- არა, გმადლობთ, უკვე შევუკვეთეთ, - თავაზიანი უარი ”ვტკიცე” ჩემს ”წარსულს” და ამით ვაგრძნობინე, რომ მისი ვიზიტი ხანმოკლე უნდა ყოფილიყო.
- დიდი ხანია, აქ ხარ? - მკითხა.
- მეორე კვირაა, მაგრამ ჩავლპით სახლში, რამდენი დღეა, მზე არ გვინახავს, - დავიწუწუნე.
- ხვალიდან გამოიდარებს, - ”შეგვპირდა” ლუკა.
- თქვენ საიდან იცით, შემთხვევით სინოპტიკოსი ხომ არ ხართ? - კეკლუცად გაეხუმრა მაია და თავის გაქნევით თმა უკან გადაიყარა.
- რადგან მე ჩამოვედი, აუცილებლად კარგი ამინდები წამოვა, დამიჯერეთ, - დარწმუნებით თქვა ლუკამ.
- მარტო ხარ ჩამოსული თუ მეუღლესთან ერთად? - დავსვი ”საჭირბოროტო” კითხვა.
ამის გაგონებაზე თითქოს შეცბა და თვალი ამარიდა.
- ამჯერად მარტო ვარ... ასე ვამჯობინე, - დააყოლა ოდნავი პაუზის შემდეგ.
- შეცვლილხარ, ძლივს გიცანი, - რაღაც ხომ უნდა მეთქვა.
- ჰო, შევიცვალე. რას იზამ, ასეც ხდება. შენც შეცვლილი ხარ, მაგრამ უკეთესობისკენ, - გამიღიმა.
- დიდი მადლობა, არც შენ ხარ ”უარესობისკენ”, მშვენივრად გამოიყურები.
- ვიცი, როგორც გამოვიყურები. იმ ამბის შემდეგ მდგომარეობიდან ვერ გამოვედი, - თითქოს გაუჭირდა ამის თქმა.
- რა ამბის შემდეგ? - შუბლი შევჭმუხნე, მის შესახებ დიდი ხანია, არაფერი მსმენოდა.
- არ იცი? - გაუკვირდა.
- არა, არაფერი გამიგია.
- კრისტის არ უთქვამს?
- კრისტი თვეზე მეტია, არ მინახავს, ბულგარეთში ისვენებს, ”ოქროს ქვიშებზე”. ასე რომ...
- სამსახურში პრობლემები შემექმნა, ერთი პაციენტის მშობელმა მიჩივლა და... იძულებული გავხდი, მუშაობა მიმეტოვებინა.
- რას ამბობ? - შევიცხადე, რადგან მართლა ძალიან მეწყინა ეს ამბავი, - დიდი ხანია?
- დაახლოებით თვენახევრის წინ, ტელევიზორშიც იყო, მეგონა, იცოდი. მთელმა საქართველომ გაიგო და შენ როგორ გამოგრჩა?
- სიმართლე გითხრა, ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, მით უმეტეს, საინფორმაციო გამოშვებებს. ასეთი რამეები მძაბავს, - ვიმართლე თავი.
- ჩემი სიმამრი დამეხმარა, თორემ დასაჭერად მქონდა საქმე, ისეთი ვითარება შეიქმნა, გახსენებაც აღარ მინდა, ცუდი დღეები გამოვიარე.
- თუ გინდა, ნუ იტყვი, შენი საქმეა, - გულწრფელად შემეცოდა, განახევრებული იყო კაცი.
ამასობაში ხაჭაპურიც მოგვართვეს, თუმცა ლუკას ნაამბობმა ისეთ ხასიათზე დაგვაყენა მე და მაია, არც ერთს ხელი არ გვიხლია მისთვის.
- არა, არა, ახლა უკვე ყველაფერი დამთავრდა, ღვთის მადლით, ნერვიულობა უკან დარჩა. ერთ ქალს კუჭის წყლულის ოპერაცია გავუკეთე და მესამე დღეს პერიტონიტი განუვითარდა. ეს გარემოება კი გამომრჩა, როგორც ჩანს, სწორად ვერ დავსვი დიაგნოზი და კინაღამ ხელში ჩამაკვდა. არასწორი მკურნალობის კურსი დავუნიშნე. შეცდომა დავუშვი.

- შეცდომა ყველას მოსდის, - ვანუგეშე.
- ჰო, მაგრამ მე, როგორც მთავარი ექიმის მოადგილეს, შეცდომის უფლება არ მქონდა. შედეგიც მოვიმკე.
- დისკვალიფიკაციაც ხომ არ მოგცეს? - ჰკითხა მაიამ.
- რა თქმა უნდა, ეგ რომ არა, გასამართლება არ ამცდებოდა. რადგან პაციენტი გადარჩა, პატრონები ამით დაკმაყოფილდნენ.
- ვწუხვარ, - თანაგრძნობით შევხედე.
თვალი თვალში გამიყარა და ირონიულად ჩაიცინა.
- შენმა ცოდვამ მიწია, მაგდა, ამიტომაც სამართლიანად დავისაჯე.
- რა სისულელეა, ეგ რამ გაფიქრებინა.
- ასეა, ასე. კარიერის გულისთვის მაშინ მე ისეთ რამეზე ვთქვი უარი, რაც ყველაზე მეტად ალამაზებდა და ავსებდა ჩემს ცხოვრებას, თუმცა შენ რომ არ დაგეჩქარებინა მოვლენები, შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად წარმართულიყო - შენთვისაც და ჩემთვისაც სასიკეთოდ, - თავი ჩაქინდრა ლუკამ.
- მე ნუ მადანაშაულებ, ძალიან გთხოვ, ჩემს ადგილზე ყველა ქალი ჩემნაირად მოიქცეოდა.
- ყველა არა, ასე მხოლოდ შენ შეგეძლო მოქცეულიყავი, - დანანებით წარმოთქვა და კვლავ შემომხედა თავისი ლამაზი თვალებით.
- არ გვინდა წარსულის გახსენება, მე უკვე დავივიწყე, - ცივად ვუთხარი.
- კარგი, მე დაგტოვებთ, თორემ როგორც ვატყობ, მშივრები დარჩებით. სად ხართ დაბინავებული? თუ ზედმეტობაში არ ჩამითვლი, ხანდახან შემოგივლი, გნახავ, - ლუკა წამოდგა და წასასვლელად გაემზადა.
- ზუსტად პარკის წინ, მაღაზიის გვერდზე რომ ორსართულიანი სახლია, მეორე სართულზე. როცა გინდა, მოდი, პრობლემა არ არის.
- ჰო, ისე... მეც გავშორდი ცოლს, - თქვა მოულოდნელად.
ამის გაგონებაზე გავწითლდი.
- მეც რას ნიშნავს? - დავეკითხე.
- რა ვიცი, როგორც გავიგე... შენც... ქმარს გაშორდაო, მითხრეს...
- კი, მართალი უთქვამთ, თუმცა ეგეც შორეულ წარსულში იყო, - თავი გავაქნიე და მწარედ გავიღიმე...

* * *

კიდევ ერთი უძილო ღამე... თვალწინ გამუდმებით ლუკა მედგა, მისი მონაყოლი მახსენდებოდა. მოგონებებმა ძალაუნებურად გადამისროლა წარსულში, ის დრო გამახსენდა, როცა ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, როცა ვარდისფერ ფერებში ვუყურებდი ცხოვრებას. რომ ვუფიქრდებოდი, სადღაც, გულის სიღრმეში, ისევ ისე მიყვარდა იგი, მისი ადგილი ვერა და ვერ დაიკავა სხვამ, თუნდაც საბამ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მთელი გრძნობებით საბაზე ვიყავი გადართული. იმ ურთიერთობას სხვა ეშხი ჰქონდა, შიში არ ახლდა - მიტოვების და მოპარული სიყვარულის შიში. ეს სხვა იყო. ფაქტობრივად, საბასთან რომანს, შორიდან რომ შეეხედა ადამიანს, არც ერქვა სიყვარული. ალბათ უფრო სიგიჟე იყო, არამიწიერი, არაამქვეყნიური გრძნობა, აუხსნელი და ამოუცნობი. არ ვიცი, ქალები რას გრძნობენ, როცა ყოფილ შეყვარებულს წლების შემდეგ ხვდებიან, მაგრამ მე საოცარი რამ ვიგრძენი - მასთან სიახლოვე მომინდა - ხორციელი სიახლოვე ანუ ის, რაც მისგან მაკლდა - ჩვენ ხომ სექსი არასდროს გვქონია.
არეული ვიყავი. იმ წუთებში საბა რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო, ალბათ არ გამიჩნდებოდა ასეთი სურვილი, მაგრამ ახლა, როცა მასთან ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო ყველაფერი, ”ვნების სასწორი” ლუკასკენ გადაიხარა. ვინ, ვინ და, ჩემს სიცარიელეს ახლა მხოლოდ ლუკა თუ შეავსებდა და იმ დანაკლისსაც, რაც საბასთან განშორებით იყო გამოწვეული...

როგორც ჩანს, გამთენიისას ჩამეძინა, რადგან საოცარი რამ მესიზმრა. თითქოს სადღაც უდაბნოში ვიყავი, მზე საშინლად აცხუნებდა. წყურვილისაგან ტუჩები მქონდა დაშაშრული. ფეხშიშველი მივაბიჯებდი ცხელ ქვიშაზე და სასოწარკვეთილი აქეთ-იქით ვიყურებდი, ჭას, გუბეს, წყაროს - რაღაც ამდაგვარს ვეძებდი. მოულოდნელად ჩემ წინ ორი ადამიანი აისვეტა. ხელი მოვიჩრდილე და დავაკვირდი - ლუკა და საბა იყვნენ. ხელში ორივეს წყლიანი ჭიქები ეჭირა - ლუკას სავსე, საბას - ნახევრად ცარიელი. ცდუნება დიდი იყო. ისე მწყუროდა, რა თქმა უნდა, თვალი წყლით სავსე ჭიქისკენ გამექცა, მაგრამ გული მაინც საბასკენ მეწეოდა. ვხვდებოდი, ჩემი ბედი ახლა წყდებოდა - ან ერთი უნდა ამერჩია, ან მეორე. ნაბიჯი ჩემდა უნებურად ლუკასკენ გადავდგი, მან ჭიქა გამომიწოდა... უცებ ყველაფერი შეზანზარდა და ვიგრძენი, ფეხქვეშ ნიადაგი როგორ გამომეცალა. მიწამ ნაპრალებად დაიწყო დასკდომა. შიშით უკან დავიხიე, რომ პირღია უფსკრულში არ გადავჩეხილიყავი. ლუკა მიტრიალდა და გაიქცა, საბა ადგილიდან არ დაძრულა. ამასობაში წონასწორობა დავკარგე და ის იყო, უნდა გადავჩეხილიყავი, რომ საბა გადმოხტა და ხელი წამავლო. განწირული ხმით ვიკივლე. ამ დროს საიდანღაც მაიას ძახილი მომესმა: ”მაგდა, მაგდა!” ოფლში გაწურულს გამომეღვიძა, თურმე მართლა მეძახდა მაიკო. უცნაური ზმანება გაქრა.
- მაგდა, ნახე, რა ამინდია, ადექი, რა დროს ძილია, პლაჟზე გავიდეთ, - მაია ჩანთას ალაგებდა.
კარგა ხანს გონს ვერ მოვედი სიზმარში ნანახით თავზარდაცემულმა. მაიას მოვუყევი დილის კოშმარი, სახე მოექუფრა.
- ფრთხილად იყავი, ლუკასგან თავი შორს დაიჭირე. რა იცი, რა ხდება, - მირჩია მან.
- სიზმრების არ მჯერა, თანაც მე ყველაფერი უკუღმა მიხდება ხოლმე, - ჩავიქნიე ხელი და ჩაცმას შევუდექი.
მინდოდა ყველაფერი რაც შეიძლება მალე დამევიწყებინა, მაგრამ მაინც შევფიქრიანდი.
ზღვის ხმაურმა და თბილმა ამინდმა გუნება გამომიკეთა. მაია მაშინვე წყალში შევარდა. მეც შევყევი, ცოტა ხანს ვინებივრე ტალღებზე და მალევე ამოვედი წყლიდან, შეზლონგი გავშალე და წამოვწექი. მცხუნვარე სხივები სხეულზე მომელამუნა. მესიამოვნა და გაღიმებულმა ქუდი ჩამოვიფხატე თვალებზე, სახის კანი ზედმეტად არ დამეწვას-მეთქი.
წინა ღამის განცდებით დაღლილს მალევე ჩამეძინა. არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა, ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა. მობილური მოვძებნე და ნომერს დავხედე, გია იყო. მისი ხმა კარგად არ ისმოდა, ხანდახან ექოსავით იკარგებოდა. მხოლოდ ის გავიგე, უკვე გზაში ვარ და ქობულეთში მოვდივარო. არც მწყენია და არც გამხარებია. ვინ იცის, იქნებ ჯობდეს კიდევაც მისი ჩამოსვლა, უკეთ გავერთობით, იმედია, თავს არ მომაბეზრებს სასიყვარულო ფრაზებით. თუმცა ბოლო ხანებში არც თბილისში ვყავდი ამით განებივრებული. ტელეფონი ჩანთაში ჩავდე და მხოლოდ ახლა ვიგრძენი, როგორ მეწვოდა ბეჭები. როგორც ჩანს, კარგა ხანს მეძინა, თაკარა მზემ კი თავისი ქნა. მივიხედ-მოვიხედე, თვალებით მაიას დავუწყე ძებნა. იგი ცოტა მოშორებით კოჭამდე წყალში იყო შესული და ვიღაცას მხიარულად ელაპარაკებოდა. ის ვიღაცა კი, ჩემდა გასაკვირად, ლუკა აღმოჩნდა. უსიამოვნოდ გამცრა ტანში, წეღანდელი კოშმარი გამახსენდა. ნუთუ სიზმარს რამე ძალა აქვს? იქნებ წინათგრძნობა მართლა რაღაცას მკარნახობს? იქნებ მართლა მმართებს სიფრთხილის გამოჩენა? რამ ამამჩატა ამხელა ქალი, შეიძლება ერთდროულად ორ მამაკაცზე ფიქრობდეს საღად მოაზროვნე ადამიანი? თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე, წამოვდექი და მათკენ გავეშურე.
- აი, მაგდაც გამოჩნდა. დაიხრუკე? - მაია მხიარული შეძახილებით შემხვდა.
- საშინლად მეწვის ბეჭები, რატომ არ გამაღვიძე? - ვუყვედურე მეგობარს.
- ისე ტკბილად გეძინა, შემეცოდე. თან ისედაც კარგად იყავი ”დაზაგრული” და რას ვიფიქრებდი, კიდევ უფრო თუ მოგეკიდებოდა მზე.
- გამარჯობა, ლუკა, - მივესალმე მამაკაცს და თვალი ავარიდე.
- დილა მშვიდობისა, როგორ ხარ? - შემომცინა მან და ხარბად შემათვალიერა.
ახლა კი სასიამოვნო ტალღამ დამიარა სხეულში. კარგია, რომ ვაღელვებ. ესე იგი, ისევ ვუნდივარ, გავიფიქრე ჩემთვის.
- არა მიშავს. მე წყალში უნდა შევიდე, ცოტას გავგრილდები, - თითქოს ნებართვა ვითხოვე და წელამდე წყალში შესულმა ჩავყვინთე.
დიდხანს დავაყოვნე წყლის ქვეშ. ყურები დამიგუბდა. მეტის გაძლება რომ ვერ შევძელი, თავი ამოვყავი, ზურგზე გავწექი და ნელ-ნელა, ნებივრად გავცურე. ცურვა, იცოცხლე, კარგი ვიცი. ბავშვობიდან დავყავდი დედას აუზზე. ისე მსიამოვნებდა წყალზე ლივლივი, ნაპირზე გამოსვლა არ მინდოდა...

***
შუადღემ მოატანა. ლუკა წამით არ გვშორდებოდა, თითქოს ჩვენთან ერთად იყო ჩამოსული და მთელი კვირა ერთად გაგვეტარებინოს. არ მიკვირდა მისი საქციელი, მით უმეტეს, ახლა, როცა სულიერად ასე უჭირდა, როცა სრულ სიცარიელეს გრძნობდა ტრავმირებული ცხოვრების გამო. ახი კი იყო მასზე, რაც დაემართა, მაგრამ შურისძიებისთვის ვერ ვიმეტებდი. შურისძიება კი არა, მთელი არსებით მივიწევდი მისკენ, ოდნავადაც რომ შემეხებოდა, სუნთქვა მეკვროდა.
ამასობაში მოგვშივდა. ვერ გადავწყვიტეთ, სადმე დავმსხდარიყავით და ”მეფურად” გვესადილა, თუ იქვე, ნაპირზე მოგვეტანა რამე და ამით დავკმაყოფილებულიყავით. წასვლაზე უარი ვთქვი, ლუკა დავინდე, იქნებ არც ჰქონდა საკმარისი ფული, არ მინდოდა, უხერხულად ეგრძნო თავი.
- მოდი, მე წავალ და რამეს მოვიტან, - წამოხტა მაია.
- თუ მოსატანია, მე მოვიტან, ისედაც არ იქნება ლამაზი, მე აქ ვიჯდე და ”საკვების მოსაპოვებლად” შენ მიდიოდე, - გაიხუმრა ლუკამ.
- არა, მაინც წასავლელი ვარ, ერთი ვიღაც უნდა ვნახო. თქვენ ჩემს მოსვლამდე არ მოიწყინოთ, მე ნახევარ საათში აქ გავჩნდები, - თვალი ჩამიკრა მაიკომ და პასუხს არ დალოდებია, პარეო შემოიხვია, ჩანთას დაავლო ხელი და წავიდა.
ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდა. არც ერთი ხმას არ ვიღებდით.
- მომენატრე, - თქვა ბოლოს ლუკამ.
მთელ ტანში დამბურძგლა ამ სიტყვების გაგონებაზე.
- შენ ალბათ არასდროს მაპატიებ შეცდომას, არა? - გააგრძელა ლუკამ.
- არ გვინდა იმის გახსენება, რაც უკვე იყო. ნუ დავუბრუნდებით ძველ თემას, გთხოვ, - თავი ჩავღუნე და კენჭებით დავიწყე თამაში.
- რაც შენ დაგშორდი, ცუდად წამივიდა საქმე. ვწუხვარ, რომ გული გატკინე. ამის დავიწყება არ შემიძლია, - იმართლებდა თავს მამაკაცი.
- ლუკა, მოდი, სხვა რამეზე ვისაუბროთ, ხომ შეიძლება? - თავი ავწიე და შევხედე.
- კარგი, მაშინ შენ შეარჩიე სასაუბრო თემა, - ამოიხვნეშა ლუკამ და ხელები ერთმანეთში გადახლართა.
- რას აპირებ, თბილისში რომ დაბრუნდები?
- არ ვიცი, ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. რამეს მოვიფიქრებ.
- ცოლს არ შეურიგდები?
- მას არ უნდა ჩემთან დაბრუნება. უკვე აღარ ვჭირდები.
- ვერ გავიგე, ხომ უყვარდი? მერე რა, რომ ასეთი რამ შეგემთხვა. ეს შეიძლება ყველას დაემართოს. ამის გამო ოჯახის დანგრევა ვის გაუგია?
- მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგდა. ახლა არაფრის გახსენება არ მინდა. მთავარია, რომ ახლა აქ ვარ, შენთან, შენი ხმა მესმის, შენი სუნთქვა, შენს ლამაზ თმას ვეხები, - თქვა და ხელი თმაზე გადამისვა.
თვალები დავხუჭე. მსიამოვნებდა მისი შეხება.
- მე ახლა ჩავიძირები შენს თმაში და... დავიხრჩობი, - ჩურჩულით თქვა.
პასუხი არ გამიცია.
- იქნებ უსიამოვნოა შენთვის ეს ყველაფერი? - მკითხა უცებ და ხელი შემიშვა.
- არა, გააგრძელე, ხომ იცი, როგორ მიყვარს, როცა თმაზე მეფერებიან.
- ჰო, ვიცი, მაგას რა დამავიწყებს, - გაიცინა ლუკამ და თითები თმაში შემიცურა.
- ვერ დაგივიწყე, ვერაფრით შევძელი შენი ფიქრებიდან განდევნა. ამაზე ძლიერი არასდროს არაფერი განმიცდია ცხოვრებაში. რომ შეიძლებოდეს ყველაფრის უკან დაბრუნება, ცხოვრებას თავიდან დავიწყებდი და უშეცდომოდ გავაგრძელებდი.
- ამას ახლა ამბობ, როცა...
- როცა რა?
- როცა მარტო დარჩი, თორემ აქამდე არც კი გაგხსენებივარ, - ირონიულად შევხედე.
- ცდები. დღე არ გასულა, შენზე არ მეფიქრა, მაგრამ ვიცოდი, არ მქონდა უფლება, ერთხელ მაინც შეგხმიანებოდი. კრისტის ძალიან ხშირად ვურეკავდი, ვეკითხებოდი შენ შესახებ, თან ვაფრთხილებდი, შენთვის არაფერი ეთქვა. არ მინდოდა გაბრაზებულიყავი. ვიცი, რომ გათხოვდი, მერე...
- გამოვთხოვდი, არა? - დავასრულე მისი ფრაზა.
- ქმარს რომ დაშორდი... იმის ამბებიც ვიცი, ბოლოს რომ გიყვარდა...
წარბები შევჭმუხნე.
- კოკაზე მეუბნები? ეგეც კრისტიმ გითხრა?
- არა, ეგ სხვამ მითხრა, - შეცბა ლუკა, - ერთმა საერთო ნაცნობმა.
- მერე? რა დასკვნა გამოიტანე? - აღარ ჩავეძიე, საიდან იცოდა ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ ასე დაწვრილებით.
- ის, რომ არც შენ აგეწყო ცხოვრება ისე, როგორც ამას იმსახურებ. შენ ძალიან ლამაზი ხარ, ფიზიკურადაც და სულიერადაც. შენნაირ ქალს მამაკაცი ხელისგულზე დასმულს უნდა ატარებდეს.
გამომცდელად შევხედე.
- მერე? რატომ არ მატარე? ვინ შეგიშალა ხელი?
- ჩემმა უტვინო თავმა, სხვამ არავინ, - კვლავ ამოიხვნეშა და შეეშვა ჩემს თმას.
- ახლა უკვე გვიან არის, - ვთქვი და კენჭი ზღვაში მოვისროლე.
- ვიცი, მაგრამ ჩემი გრძნობების დამალვა არ მინდა. თქმით ხომ არაფერი დაშავდება.
- ჩემთან სექსის სურვილი გაქვს? - მოულოდნელად ვკითხე, მეც არ ვიცი, რატომ.
გაოცებულმა შემომხედა, თითქოს ჩემი შეკითხვის არსს ვერ ჩაწვდაო.
- გეხუმრე, შენი რეაქცია მაინტერესებდა.
- ბოროტი ხუმრობა გამოგივიდა, მინდა გითხრა... რატომ დამცინი?
- არ დაგცინი, საიდან მოიტანე.
- აბა რა ლაპარაკია ეს, სამაგიეროს მიხდი?
- სულაც არა. უბრალოდ... მე მაქვს ასეთი სურვილი და... შენც იმიტომ გკითხე, - გავწითლდი.
კიდევ უფრო გაოგნდა.
- მართლა მეუბნები? შემომხედე, თვალებში შემომხედე და ისე მითხარი, მართლა ამბობ? - ნიკაპზე წამავლო ხელი და თვალი თვალში გამიყარა.
- რა არის აქ უჩვეულო? მე ის მინდა შენგან, რაც არ მქონია, რაც დამაკლდა, ყველაზე მეტად რაც დამაკლდა.
- ისევ გიყვარვარ? არ დამიმალო, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
- არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია, - თავი შევიკავე აღიარებისგან. იქნებ მართლა არ მიყვარდა? იქნებ მხოლოდ ხორციელი ლტოლვა მქონდა და იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებდი ამას?
- სიზმარში იცი, რამდენჯერ მქონია შენთან სექსი? - გამიღიმა და ხელზე მომიჭირა ხელი.
- რამდენჯერ?
- ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ. ის რომ ცხადში ამიხდეს...
- რას იზამდი?
- ალბათ სიცოცხლეს დავთმობდი, - თქვა და მკლავზე ამაყოლა თითები.
იმდენად მსიამოვნებდა ლუკას ცივი ხელის შეხება დამწვარ ბეჭებზე, მექანიკურად გადავიხარე მისკენ და თავი მხარზე მივადე.
- საღამოს სადმე შევხვდეთ, მე თანახმა ვარ, - ჩურჩულით ვუთხარი.
ერთხანს გამომცდელად მიმზერდა, მერე თვითონაც ჩურჩულზე გადავიდა.
- კარგი, მე მოვაგვარებ მაგ საკითხს. სად გნახო?
- ათ საათზე პარკის შესასვლელთან დაგელოდები.
- ცენტრალურ შესასვლელთან?
- ჰო, - უცნაურად გაბრუებული ვიყავი, თითქოს ბანგი დამელიოს.
- იმედია, საღამომდე არ გაგინელდება ეს სურვილი, - კვლავ ჩურჩულით თქვა და თითები ტუჩებზე მომისვა. ვნებისაგან თვალები დაენისლა.
- იმედია, - ჩურჩულითვე ვუპასუხე და თვალებით მივეფერე...

ერთ საათში მაიკოც დაბრუნდა, ცხელ-ცხელი თონის პურები, სულგუნის ყველი, კიტრი და პომიდორი მოიტანა. გემრიელად ვისადილეთ... მოვითენთე. ძილი მომინდა. თან ისეთ ხასიათზე ვიყავი, მარტო მინდოდა დარჩენა საკუთარ თავთან, რომ კარგად გამეანალიზებინა ყველაფერი, მაგრამ ასე უცებ ვერ წავიდოდი, არ მინდოდა მაიკოს სხვანაირად ეფიქრა. თანაც, ლუკასთან ხომ არ დავტოვებდი, უხერხული იყო. იძულებული გავხდი, გადამეფიქრებინა წასვლა.
დიდხანს დავყავით ნაპირზე. რაზე არ ვისაუბრეთ, ვის არ გადავწვდით, პოლიტიკაზეც კი ჩამოვაგდეთ საუბარი, ზღვის აბაზანებიც ბევრი მივიღეთ და მზისაც.
ამასობაში მზე სამხრეთისკენ გადაიხარა. კვლავ აწკრიალდა ჩემი მობილური.
- ვინ არის? - დაინტერესდა მაია.
- მგონი, გია ჩამოვიდა. დილით დამირეკა, მოვდივარო, - უსიამოვნოდ ვთქვი, ახლა ნამდვილად არ მინდოდა გიას გამოჩენა, მისი ვიზიტი ჩემს გეგმებს ხელს შეუშლიდა.
- ჰო, გია, ჩამოხვედი? სადა ხარ? - ჩავძახე მობილურში.
- ერთი საათია, რაც ჩამოვედი. სასტუმროში ავიღე ნომერი, პარკთან ახლოს. შენ სადა ხარ? როგორ მოგაგნო?
- ცენტრში, ”მარშრუტკების” გაჩერებასთან მოდი, იქ დაგელოდები, - ვუთხარი და გავთიშე.
- უნდა წავიდე, - ვთქვი და ავდექი, - მელოდებიან.
- სტუმარი გყავს? - ლუკამ თვალებით გამხვრიტა.
დანაშაულზე წასწრებულივით მზერა ავარიდე.
- ნაცნობია, ჩვენი ახლობელი, უნდა შევხვდე.
- მეც წამოვალ, ცოტა გვიან ისევ ჩამოვიდეთ, - თქვა მაიამ, ადგა და სილა ჩამოიფერთხა.
- შენ დარჩები? - ლუკას მივუბრუნდი.
- კი, - მიპასუხა ლუკამ და საყვედურით სავსე მზერა მესროლა.
- გნახავ! - ორაზროვნად ვუთხარი და ვაგრძნობინე, შეხვედრა არ გადამიფიქრებია-მეთქი.
- რა თქმა უნდა, - უნდობლად ჩაილაპარაკა და ნაძალადევად გამიღიმა.
მობიდურის ნომრები გავცვალეთ, რომ ყოველი შემთხვევისთვის, შევხმიანებოდი.
მაიაც დაემშვიდობა ლუკას და ქალებმა სანაპირო დავტოვეთ. უკან არ მიმიხედავს, ვიცოდი, ლუკა თვალს მაყოლებდა. ახლა არ მინდოდა მისთვის შემეხედა.
გია დანიშნულ ადგილზე დამხვდა, გადავკოცნეთ ერთმანეთი. მაინცდამაინც დიდი სიხარულით არ შევხვედრივარ. მას ეს არ გამოპარვია.
- არ უნდა ჩამოვსულიყავი, არა? - დაღვრემილად მკითხა, თან მაია მოიკითხა.
- არა, რატომ. ეს ზღვა მარტო ჩემთვის კი არ არის, საზოგადოებრივია, - გავიცინე.
- სად ხართ გაჩერებული?
- აი, იმ სახლში, - თითი გავიშვირე ჩვენი ბინისკენ.
- მე ცოტა ქვევით ვარ, ახალი კერძო სასტუმრო რომ აშენდა, თეთრი ფერის შენობაში.
- ვიცი, კარგი ადგილია.
- რა ვქნათ, გავისეირნოთ სადმე? მანქანით ვარ.
- ვიცი, მანქანით რომ ხარ, მაგრამ ძალიან დავიღალეთ. მთელი დღეა ნაპირზე ვყრივართ. ცოტა თუ არ წავუძინე, შეიძლება მოვკვდე. იქნებ მოგვიანებით შევხვდეთ?
გიას ნირი წაუხდა, სახე შეეცვალა ამის გაგონებაზე, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია.
- მოგვიანებით იყოს. მითხარი, სად და რომელ საათზე.
- შვიდზე აქ გამოვალთ მე და მაია. კიდევ ერთი ჩვენი ახლობელი იქნება, შენ არ იცნობ. ერთად ვივახშმოთ.
- კარგი, შვიდზე აქ დავერჭობი, თუმცა რაღა დარჩა იქამდე, - თქვა და გატრიალდა.
- გია, - დავუძახე.
შედგა და მოიხედა.
- არ გეწყინოს, რა, კარგი? მართლა ძალიან გადავიღალე.
- არა, რა სისულელეა, არა გრცხვენია? ჩვენ შორის ეგეთები არ მოსულა, - ცივად გაიღიმა და მანქანის კარი გამოაღო...

***
ძალაგამოლეული მივესვენე საწოლზე. რა ვქნა, რადგან გია ჩამოვიდა, აღარ მომეშვება, წარამარა ჩვენ გვერდით იქნება. არა უშავს, საღამოს ლუკასაც წამოვიყვან და... გია მიხვდება ალბათ, რომ ლუკა ვიღაც არ არის და იქნებ დამანებოს კიდეც თავი. როგორმე უნდა გადავაყვარო ამ ბიჭს თავი, უარი უნდა ვათქმევინო ჩემს სიყვარულზე. სხვანაირად საბასთან ურთიერთობის გაგრძელება ილუზია იქნება და მეტი არაფერი. გამოჩნდება კი საბა? ეყოფა ძალა, დაძლიოს ”კაცური მომენტი”? ძმაკაცს ”ქალს” ხომ არ ”დააწერს”? მინდა კი საბას სიყვარული? ახლა ხომ ლუკა გამოჩნდა. ცოლმა მიატოვა, ქარივით თავისუფალია. ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან, დიდი ხანია, ვიცნობ, მისი ყველა თვისება ვიცი, მას კარგად ვეწყობოდი. მშვენიერი წყვილი ვიქნებით. გიასთანაც არ მომიწევს ახსნა-განმარტება და თავის მართლება. ლუკა მაინც არ არის მისი ნაცნობი და ჯგუფელ-მეგობარი, რომ რამეზე საყვედური მითხრას. ამ ფიქრებით ვინუგეშებდი თავს.
ექვს საათზე მაიამ შემახსენა, თავი მოიწესრიგე, ერთ საათში უნდა გავიდეთო. ზლაზვნით ავდექი. სულაც არ მქონდა გიასთან ვახშმობის სურვილი, მაგრამ თავს ძალა დავატანე, ახლა სხვანაირად არ შეიძლებოდა. ლუკასაც დავურეკე, გამოდი, ერთად ვივახშმოთ-მეთქი. ღამის შეხვედრა ხომ არ გადაიფიქრეო, მკითხა. არაფერი შეცვლილა, როგორც შეგპირდი, ისე იქნება-მეთქი.
რვის ათი წუთი იყო, მე და მაია ”პაემანზე” რომ გამოვცხადდით. ლუკა და გია ერთმანეთის მოშორებით იდგნენ და გველოდნენ. მამაკაცები ერთმანეთს გავაცანი. გია მტრულად შეხვდა უცნობ მეტოქეს. არც ლუკას შეტყობია აღფრთოვანება. აშკარა იყო, მათ შორის ფარული ომი დაიწყო...
გიამ თავი გაიგიჟა, სასტუმროს რესტორანში შევიდეთ, მე გეპატიჟებით, კარგი დრო უნდა გაგატარებინოთო.
- გია, მე დიდხანს ვერ დავრჩები, ცხრა საათზე სახლში უნდა ვიყო, - მკაცრად გავაფრთხილე.
- იყავი მერე, ვინ გიშლის. იქამდე ჯერ ორი საათია დარჩენილი. ნუ მეწინააღმდეგები, მე ვიცი, სადაც გეპატიჟები. ნახავ, წამოსვლა არ მოგინდება.
რას გავაწყობდი, დავთანხმდი. ლუკამ შორს დაიჭირა ჩვენთან ერთად ვახშმობა, თბილისში მაქვს დასარეკი, უნდა დაგტოვოთ, მოგვიანებით შემოგიერთდებითო. მივხვდი, რატომაც გაგვერიდა. რადგან გიამ თავის თავზე აიღო ჩვენი გამასპინძლება, თვითონ ვერ გაიკრავდა ჯიბეზე ხელს, ამიტომაც გაცლა ამჯობინა. გული დამწყდა. მიუხედავად იმისა, რომ მალე ვნახავდი, მაინც მოვიწყინე. არ გინდოდა ორი საათი გიას გაძლება? მაშინ, როცა წინ გადამწყვეტი შეხვედრა მელოდა - ჯერარგანცდილი, იდუმალი, მაგრამ ალბათ სასიამოვნო...

გაგრძელება

სვეტა კვარაცხელია

რომანი განახლდება ყოველდღე


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
05.07.2015
რომანის გმირი უკაცრავად და ბ-ია? რავა ყველა კაცი უნდა. რა მარაზმია.
nita
25.12.2014
დიდი ბოდიში მაგრამ, რომაული ციფრები ისწავლეთ რა...
Tamo
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

XIV ნაწილი

შევედი... გაოცებისგან შევკივლე... მთელ ოთახში მაგნოლიის ყვავილის ფურცლები იყო მიმობნეული - იატაკზე, საწოლზე... ლოგინის გადასაფარებელი მთლიანად ყვავილის ფურცლებით იყო გადაპენტილი.

დასაწყისი იხილე აქ

XIII ნაწილი

გახევებული ვიჯექი, სიმწრით ნაპოვნი ბედნიერება ხელიდან მეცლებოდა. ვიგრძენი, როგორ ჩაწყდა ერთი სიმი გულში


დასაწყისი იხილე აქ

XII ნაწილი

ცოტათი დავიძაბე, სიმთვრალეში ისევ არ მოეძალოს ძველი ამბები და აქ კონცერტი არ მომიწყოს-მეთქი, ამიტომ არც მე დამიძრავს სიტყვა. მუსიკა რომ მიწყდა, ხელზე მაკოცა და ჩემს ადგილამდე მიმაცილა

როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე

დასაწყისი იხილე აქ

XI ნაწილი

ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში მამაკაცს ერთხელ არ უკოცნია მისთ

როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე

დასაწყისი იხილე აქ

X ნაწილი

მაინც მომხვდა გულზე გიას საქციელი. რა იზამ, ასეთი ვართ ქალები. შეიძლება ვიღაც ან რაღაც ჩვენთვის არ გვინდა, მაგრამ არც სხვისთვის გვემეტება

დასაწყისი იხილე აქ

VIII ნაწილი

აი თურმე რა პროფესიის ყოფილა, საიდან აქვს ასეთი სიმდიდრე. ექვსი თვით მიდისო... ექვსი თვე რა მოიცდის?


როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე

დასაწყისი იხილე აქ

VII ნაწილი

კაბაც რომ მოვირგე ტანზე და სარკის წინ დავტრიალდი, აღფრთოვანება ვერ დავმალე. შეუძლებელი იყო, იმ შეხვედრაზე რომელიმე ქალი ჩემზე უკეთესი ყოფილიყო


როგრ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე


დასაწყისი იხილე აქ

VI ნაწილი

ერთხელაც არ უგრძნობინებია, რომ ვუყვარდი, თუმცა რა ძნელი მისახვედრი ეს იყო. შემომხედავდა თუ არა, სახეზე ეწერა, რასაც განიცდიდა


დასაწყისი იხილე აქ

V ნაწილი

გიორგიმ რამდენჯერმე სცადა ჩემთან შერიგება, ახლოსაც არ გავიკარე, ისე ვიყავი დაცლილი გრძნობებისა და ემოციებისგან, მისი დანახვაც კი მაღიზიანებდა


დასაწყისი იხილე აქ

IV ნაწილი

კლასელი მყავდა, ნათია, უახლოესი დაქალი, რომელიც ერთ ლექტორთან ემზადებოდა, მერე მისმა ვაჟმა დააორსულა და ცოლად არ შეირთო


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1286 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი