თეთრი მთვარე
font-large font-small
თეთრი მთვარე
დასაწყისი იხილე აქ

XII ნაწილი

ცოტათი დავიძაბე, სიმთვრალეში ისევ არ მოეძალოს ძველი ამბები და აქ კონცერტი არ მომიწყოს-მეთქი, ამიტომ არც მე დამიძრავს სიტყვა. მუსიკა რომ მიწყდა, ხელზე მაკოცა და ჩემს ადგილამდე მიმაცილა

როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე



დაბადების დღისთვის საგანგებოდ მოვემზადე. დედაჩემმა ზღაპრული სუფრა გამიწყო, მაგრამ თვითონ არ დარჩენილა, ახალგაზრდები ხართ და ხელს არ შეგიშლითო. სულ რამდენიმე მეგობარი დავპატიჟე - გია, მაია, ჟანა თავისი ქმრით და კრისტი. ზედმეტი ხმაურის თავი არ მქონდა. ძალიან ლამაზად გამოვიყურებოდი, ისეთი კაბა მეცვა, ჰოლივუდის ვარსკვლავებს რომ შეშურდებოდათ.
შვიდ საათზე თითქმის ყველანი შეიკრიბნენ. კრისტი ისე იყო გარუჯული, ძლივს ვიცანი. რაც ბულგარეთიდან ჩამოვიდა, არ მენახა. მაიკოც კარგ ფორმაში იყო. ჟანა, როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტს მხიარულობდა და ქმარს წარამარა კისერზე ეკიდებოდა. მხოლოდ გია არ ჩანდა. მაიკო მარტო მოვიდა, გიას სამსახურში შეაგვიანდა და ამიტომ არ დაველოდეო. ქეიფის დაწყებას არ ვჩქარობდი, მინდოდა გიაც ყოფილიყო, რომ მაიას არ მოეწყინა.
რვა ხდებოდა, ზარი რომ დაირეკა. მაიკო პირველი გავარდა კარის გასაღებად. მეც თან მივყევი. ფართოდ გაღებულ კარში ჯერ შავი ვარდების უზარმაზარი თაიგული გამოჩნდა, მერე გია და ბოლოს...
ღმერთო, თვალებს არ დავუჯერე, თავი სიზმარში მეგონა... ზღურბლთან გაღიმებული საბა იდგა...

* * *


საბას დანახვაზე მუხლები მომეკვეთა. გულმა "არეულად" დამიწყო ცემა. არ ვიცი, რა გამომეხატა სახეზე, მაგრამ მისმა დანახვამ ისე იმოქმედა, რომ ყველა და ყველაფერი დამავიწყდა, გიას მოტანილი თაიგულის სილამაზის აღნიშვნაც კი ვერ მოვიაზრე. გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე, გიამ თვალწინ თითები რომ გამიტკაცუნა მხიარული შეძახილით: "ტანკლი-ტუნკლი, პატარა გოგო!" ახლა კი შევკრთი და აღელვება რომ დამეფარა, თავი წითელ ვარდებში ჩავრგე სახეაფორიაქებულმა.
- რა სილამაზეა, დიდი მადლობა, - გადავეხვიე გიას.
- რა იყო, მისის იუბილარო, აქაოდა, დაბადების დღე მაქვსო, ამ დონის ხალხი ვერ უნდა შეგემჩნია? - გამეხუმრა.
- უკაცრავად, მაგრამ საბას არ ველოდი. სად გადაეყარეთ ერთმანეთს? - სხვათა შორის ვიკითხე.
- კოსმოსიდან ჩამოფრინდა პარაშუტით და ეგრევე ტრასიდან მოვხსენი. არ ეტყობა? - გია ანგლობის ხასიათზე იყო.
- გამარჯობა, მაგდა, გილოცავ, - საბამ ხელი ჩამომართვა და "ეტიკეტის დაცვით" გადამკოცნა, - ეს ჩემგან, - თქვა ბოლოს, გულის ჯიბიდან საგანგებოდ შეფუთული ოთხკუთხა პატარა ზომის ყუთი ამოიღო და გამომიწოდა.
- გმადლობთ, გმადლობთ, რატომ შეწუხდით, მოკლედ, დღეს სიურპრიზების დღე მაქვს, - სიხარულს ვერ ვმალავდი საყვარელი მამაკაცის დანახვით აღელვებული.
- ხედავ, რა პატარა საჩუქარი მოგიტანა ჩემმა ძმაკაცმა? ხვდები, რომ მეტი ვერ გამოიმეტა შენთვის? ახლა ჩემი ნახე?! - თქვა გიამ და ქურთუკის გარეთა ჯიბიდან უფრო მოზრდილი, ლამაზი ვარდისფერი ბაფთით განასკვული იმავე ფორმის კოლოფი ამოაძვრინა.
- თქვენ რა, მოლაპარაკებული ხომ არ იყავით? - სიცილი ვერ შევიკავე და საჩუქარი გამოვართვი.
- არავითარ შემთხვევაში! ჩვენ სრულიად შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს აგერ, შენი სახლიდან ათ ნაბიჯზე. მე რა ვიცი, სად იყო და რას აკეთებდა. დავინახე, გამიხარდა, ავდექი და დავპატიჟე. იმედია, არ გეწყინა.
- არა გრცხვენია? პირიქით, ძალიან გამიხარდა საბას ნახვა. იმ ღამეს რა დამავიწყებს, - ხაზგასმით ვთქვი და მრავლისმთქმელი მზერა ვესროლე მოღიმარ მამაკაცს.
- არ გამახსენო, არ გამახსენო, სწორედ იმ ღამემ დამღუპა, რომ იცოდე, - ხუმრობანარევი კილოთი ამოიხვნეშა გიამ და ქურთუკი გაიხადა.
- რაც შეეხება საჩუქარს, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჯიბეში მუდამ მიდევს ერთი ეგზემპლარი ისე, ყოველი შემთხვევისთვის, - თქვა საბამ და თვალი ჩამიკრა.
- და ეს სწორედ ის შემთხვევაა, არა? - თვალები მოვჭუტე.
- კი, ნამდვილად ასეა.
- თქვენის ნებართვით, საჩუქრებს ცოტა მოგვიანებით ვნახავ, თორემ ამიჯანყდნენ სტუმრები. სად ხართ ამდენი ხანი, დავწყდით თქვენი ლოდინით. მობრძანდით, ახლავე დავსხდებით, უკვე ყველაფერი მზადაა, - შევიპატიჟე "საპატიო" სტუმრები და წინ გავატარე.
სხვას უკვე აღარავის ველოდი, ამიტომ მალევე მივუსხედით სუფრას და დაიწყო "სმა-ჭამა დიდად შესარგი". თამადობა გიამ ითავა, როგორც ჩემმა "ძირძველმა" მეგობარმა. მამაკაცებში ყველაზე კარგად მაგდას მე ვიცნობო, გამოაცხადა და თამადობაც მოითხოვა. ვინ დაუდგებოდა წინ. თუმცა სუფრის თავში დაჯდომა არ ისურვა, ცალი ხელი მაიას წაავლო, მეორე მე გადამხვია და შუაში ჩაგვიჯდა. თან ისე მოხდა, რომ რატომღაც საბას გვერდით აღმოვჩნდი - ისე, თავისით, მას ამაზე სპეციალურად არ უზრუნია.
გია პროფესიონალი თამადა აღმოჩნდა. ისეთ ლამაზ სადღეგრძელოებს გაიძახოდა, ყველა აღფრთოვანდა. მეც კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მთელი ჩემი გულისყური მაინც საბასკენ იყო მიპყრობილი. ხანდახან მუხლით ან მხრით შევეხებოდი ხოლმე და ისეთი ჟრუანტელი მივლიდა, თავბრუს მახვევდა. კიდევ კარგი, შიგადაშიგ ადგომა მიწევდა, ხან ვინ მირეკავდა ტელეფონზე და ხან ვინ, შორეული თუ ახლობელი დაბადების დღეს მილოცავდა. გიას დედამაც კი დამირეკა. მეც ღრმა მოწიწებით ვიღებდი ყველას მოლოცვას და სურვილებს.
ბოლოს ზარები შეწყდა, მაგრამ კარგა ხნის შემდეგ, დაგვიანებული ზარის გამო, კვლავ მომიწია სუფრის დატოვებამ. შემოსასვლელში გავედი და ყურმილი ავიღე.
- მაგდა, გილოცავ დაბადების დღეს, ულევ სიხარულს და დიდ სიყვარულს გისურვებ, - გაისმა მამაკაცის ხმა.
თავდაპირველად ვერ ვიცანი უცხო ხმა, მაგრამ ბოლოს მივხვდი, ვინც იყო. ეს ლუკა გახლდათ მთელი თავისი ბრწყინვალებით. რა თქმა უნდა, თავი მაქსიმალურად შევიკავე, რომ არ შემომლანძღოდა და ზრდილობიანად გადავუხადე მადლობა, თუმცა საკმაოდ ცივად, რადგან იგი თბილ ტონს არ იმსახურებდა.
- იცი? ძალიან ბევრს ვფიქრობ შენზე. მიუხედავად იმისა, რომ არაადამიანურად მოგექეცი, უკანასკნელი ლაჩარივით მიგატოვე, არ შემიძლია ეს არ გითხრა. შენი დავიწყება არ შემიძლია. ალბათ უკვე აღარ გჯერა ჩემი, არა?
- რაო, ლუკა, არ მიგიღო ცოლმა? - ცინიკურად ვკითხე, სიბრაზემ, რომ იტყვიან, ტვინში ამასხა.
- რა? არა, ეგ რა შუაშია, ცოლის დედაც... მე შენ მიყვარხარ, მე შენთან მინდა ყოფნა. თუ ნებას მომცემ, ახლავე გამოვალ.
- მერედა, ვინ გეპატიჟება? სიმართლე მითხარი, შეგირიგდა თუ არ შეგირიგდა?
ლუკამ ხანგრძლივი პაუზა გააკეთა. მერე შეცვლილი ხმით თქვა.
- არა, ჩვენი შერიგება გამორიცხულია. ეგ ამბავი მოკვდა. მე მას ყველაფერი ვუამბე ჩვენზე, რომელ შერიგებაზეა საუბარი?
- მაგით რისი თქმა გინდა, რომ ჩემ გამო დაანგრიე ოჯახი? მე გინდა შენი უბედურების მიზეზად გამხადო? ცოლმა რომ არ მიგიღო, იმიტომაც გაგახსენდი, არა? აქამდე სად იყავი? - ნერვებმა მიმტყუნა, ავცახცახდი.
- ნუ მეჩხუბები, გთხოვ. მიზეზი რა შუაშია. მას უნდოდა ჩემთან შერიგება, მაგრამ მე არ ვისურვე. იმ ღამის შემდეგ მას როგორ შევურიგდებოდი, რას ამბობ. შეგნებულად არ დაგირეკე აქამდე. ვიცოდი, გაბრაზებული იქნებოდი. ვიფიქრე, ცოტა დაწყნარდეს-მეთქი, ამიტომაც გავაჭიანურე დარეკვა. მოდი, შევხვდეთ და ყველაფერს აგისხნი.
- რას ამიხსნი, რას! დაგავიწყდა, რა მითხარი მეორე დღეს ტელეფონში? ცოლს ვურიგდებიო, რომ ამბობდი, შენ არ იყავი? არშემდგარი კაცი ხარ შენ, ლუკა. მეორედ არ გაბედო აქ დარეკვა. ჩემი სახელის ხსენებასაც კი გიკრძალავ. გირჩევ, ახლოს არ გამეკარო, არც იფიქრო, დაივიწყე ყველაფერი! - თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მეყვირა.
- ყველაფერს აგიხსნი, ოღონდ შემხვ...
- არ არის საჭირო. მე შენთან ურთიერთობა დიდი ხნის წინ დავამთავრე. ერთი რამ იცოდე, რომ ძალიან ვნანობ, შენთან შერიგება რომ ვცადე. საშინელება იყო ის ღამე, ყველაზე ბინძური ღამე ჩემს ცხოვრებაში. წამშალე შენი მეხსიერებიდან, მე შენნაირები არ მჭირდება! - კბილებში გამოვცერი და ყურმილი დავახეთქე.
მთელი ტანით ვცახცახებდი. რაღა დღეს დარეკა, რამ გაახსენა ჩემი დაბადების დღე, ბედი არ უნდა? ჩამაშხამა მთელი საღამო. ვიფიქრე, ცოტა თუ არ დავწყნარდი, ასე სტუმრებს ვერ დავენახვები, რას იფიქრებენ, ამ მდგომარეობაში რომ დამინახავენ-მეთქი და საძინებელში გავედი საჩუქრების დასათვალიერებლად.
მამაკაცების მოტანილ ლამაზად შეფუთულ კოლოფებს გადავხედე. ჯერ გიას ნაჩუქარი სუნამო გავხსენი - და ვინჩის "კოდი" აღმოჩნდა, მართლაც რომ მოდური და ძვირიანი საჩუქარი. ისეთ ლამაზ ფლაკონში იდო, ვერ მოვითმინე და გავხსენი. თითზე დავიპკურე და ცხვირზე მოვისვი. საოცარი სურნელი ჰქონდა. ძალიან გამიხარდა. მერე საბას საჩუქარს შემოვხსენი ოქროსფერი ბრჭყვიალა ქაღალლდი. ყვითელი ფერის კოლოფზე მაგნოლია ეხატა. სუნამოსაც "მაგნოლია" ერქვა, ხოლო დაბლა თეთრი ასოებით მეორე დასახელებაც ეწერა ფრანგულად ლა ბლანჩე ლინე, რაც ქართულად თეთრ მთვარეს ნიშნავს. ეს ვიცოდი, რადგან სკოლაში ფრანგულს ვსწავლობდი და ასე თუ ისე, ჯერ კიდევ მახსოვდა რაღაც სიტყვები. გაოგნებულს ენა ჩამივარდა. ღმერთო, ნუთუ ასეთი სუნამოც არსებობს? არ ვიცოდი. ალბათ განსაკუთრებული სურნელი აქვს, ალბათ საბას საყვარელი სუნამოა, რადგან მას შემადარა. საინტერესოა, როგორი სუნი აქვს? ის იყო, გახსნას ვაპირებდი, რომ კარი გაიღო და ოთახში თვალებაჟუჟუნებული მაიკო შემოვიდა.
- რას შვრები, ცუდად ხომ არ ხარ?
- არა, რა მეტყობა ცუდად ყოფნის, საჩუქრებს ვათვალიერებ. აი, გიამ ნახე, რა მომიტანა. მაგარი სუნი აქვს.
- "კოდი"? ვიცი,. მეც ზუსტად ასეთი მაჩუქა გუშინ. მართლა კარგია.
ღიმილი სახეზე შემეყინა. არა იმიტომ, რომ მეწყინა, არამედ... თავადაც არ ვიცი, რატომ...
- დალიე? თვალები გიბრწყინავს, - უხერხულობის გასაფანტავად ვკითხე.
- არც ისე ბევრი. რაღაც კარგ ხასიათზე ვარ. ასე მგონია, ამაღამ რაღაც სასიამოვნო მოხდება. ჰო მართლა, ის მეორე ვინ არის? გიას ვერ ვკითხე, მომენტი არ ჩამივარდა, - დაინტერესდა მაია.
- ის მეორე ის არის, მე რომ გიყვებოდი, გახსოვს? საბაა, გიას ჯგუფელი, მე რომ გამაგიჟა.
- არ გადამრიო! - ჩურჩულით შეიცხადა მაიამ, - აუ, რა მაგარი ტიპია, დავიშოკე, რომ დავინახე. რა თვალები აქვს! აკი პარიზშიაო?
- მეც ასე მეგონა, მაგრამ რატომღაც აქ აღმოჩნდა, მაგრამ როგორ, არ ვიცი. ასე ადრე არ ველოდი, აბა რა გითხრა, თვითონაც გაოცებული ვარ, - მხრები ავიჩეჩე და კმაყოფილმა გავუღიმე დაქალს.
- ასპროცენტიანი შენი გულისთვის ჩამოვიდა. თავს დავდებ, თუ ასე არ იყოს. რა ტიპია?! მაგას ყველა ვერ იზამდა. არ არის ხელიდან გასაშვები კაცი.
- ეჰ, ჩემო მაია, რას გაიგებ. იქნებ საქმეზე ჩამოვიდა და მე სულაც არაფერ შუაში ვარ.
- შენ ნუ იცი ყველაფრის გაუბრალოება. ვერ ხვდები, რომ კაცი ამხელა გზაზე შენ გამოა ჩამოსული? მაგას რად უნდა მარჩიელობა.
- ვნახოთ, ჩემო კარგო, ვნახოთ. ამაზე ჯერ არ გვილაპარაკია. მოვა დრო და იტყვის ალბათ.
- წამო, წამო, უკვე გკითხულობენ. თამადამ ცეკვაც კი მოითხოვა შენთან. შეთვრა უკვე.
- აუჰ! ძალიან ხომ არ მოეკიდა სასმელი? იმღამინდელი არ დაემართოს და მაგიდაზე არ ჩამოეძინოს, თორემ შენი წასაყვანი გახდება, ხომ ვიცი.
- გახდება და გახდეს, მაგას რა ჯობია. ავდგები და პირდაპირ ჩემთან ვუკრავ თავს. შენ რა გგონია, ვუხათრებ? მერე ნახოს, რაც მოუვა, პირდაპირ მმაჩის ბიუროში მოუწევს წაჩიქჩიქება, - გაიცინა მაიამ.
- ეგრევე უღელს დაადგამ, არა? - ორივე ავკისკისდით.
მაიასთვის არ მითქვამს, ლუკამ რომ დარეკა, არ იყო საჭირო. მერე, სხვა დროს მოვუყვები. საბას საჩუქარი საგულდაგულოდ შევახვიე თავისსავე ქაღალდში და "საიმედო ადგილას", ჩემს უჯრაში ჩავკეტე, როგორც ყველაზე ძვირფასი და ყველაზე იდუმალი საჩუქარი.
- ისე, წესით, მაგნოლიები უნდა მოეტანა, - წამჩურჩულა მაიამ, ჩვენ-ჩვენს ადგილებს რომ დავუბრუნდით.
- რა დროს მაგნოლიაა ამ შუა ზამთარში? - მეც გადავუჩურჩულე ისე, რომ საბას არ გაეგო.
- თუ მოინდომებს, კაცი ყველაფერს მოახერხებს, - არ ცხრებოდა მაია.
- სამაგიეროდ, სუნამოს ჰქვია "მაგნოლია". არ იცი, რა საყვარლობაა.
- რა ბოროტი ხარ, რატომ არ მაჩვენე?
- დამაცადე, რო? ხელში არ მეჭირა? ხვალ გიჩვენებ, არა უშავს. სამაგიეროდ, შენი კაცის ნაჩუქარი ხომ განახვე? დამანებე ახლა თავი, - მსუბუქად გავკარი მხარი და ნახევრად შევაქციე ზურგი მეგობარს.
7 7 7
ძალიან ლამაზი და მხიარული დაბადების დღე გამოვიდა. გიას ისე კარგად მიჰყავდა სუფრა, ყველა აიყოლია. ბოლოს, კარგად რომ "შეჭიკჭიკდა", საცეკვაო პაუზაც გამოაცხადა და პირველად მე გამიწვია, როგორც იუბილარი. აბა როგორ ვეტყოდი უარს, მაგრამ ხელი მომხვია თუ არა, სახე წაეშალა, დანაღვლიანდა და ისე დავამთავრეთ ვალსი, ხმაც არ გაუღია. ცოტათი დავიძაბე, სიმთვრალეში ისევ არ მოეძალოს ძველი ამბები და აქ კონცერტი არ მომიწყოს-მეთქი, ამიტომ არც მე დამიძრავს სიტყვა. მუსიკა რომ მიწყდა, ხელზე მაკოცა და ჩემს ადგილამდე მიმაცილა. მერე მაიკო ააყენა და მასთან გააგრძელა ცეკვა. შვებით ამოვისუნთქე. ხანდახან მალულად გავხედავდი ხოლმე, იქნებ მაიასთან საუბარს მაინც გაემხიარულებინა. ერთი-ორჯერ მაიკომაც გამომხედა. არ ვიცი, რას ელაპარაკებოდა, მაგრამ შევამჩნიე, რომ გია უფრო და უფრო მოიღუშა, თავჩაღუნული ცეკვავდა, თითქოს ქალს საერთოდ ვერ ამჩნევდა. ამან დამაფიქრა. მოულოდნელად მკლავზე საბას ხელის შეხება ვიგრძენი.
- როგორ ხარ, ლედი? რაღაც განერვიულებული მეჩვენები. ჩემი ნახვა ხომ არ გეწყინა? - თავი ჩემკენ გადმოხარა და მიჩურჩულა.
- არა, რას ამბობ. მეწყინა კი არა, ჭკუაზე არ ვარ. არ იცი, როგორ გამახარე. როდის ჩამოხვედი?
- დღეს და პირდაპირ აქეთკენ გამოვეშურე. დიდხანს ვიტრიალე შენს სახლთან, არ ვიცოდი, როგორ მომეხერხებინა შენთან მოსვლა. მხსნელად გია მომევლინა.
- ასე უცებ რატომ ჩამოხვედი? აკი ექვსი თვე დავრჩებიო?
- წესით უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ ვერ მოვითმინე. თან ვიცოდი, დაბადების დღე რომ გქონდა და კი არ წამოვედი, გამოვიქეცი.
- მართლა? საიდან იცოდი, რომ დაბადების დღე მქონდა?
- რა, არ გჯერა? ნამდვილად შენი გულისთვის ჩამოვედი. შენი დაბადების დღის დადგენა არც ისე ძნელი იყო, ჯერ კიდევ წასვლამდე გავიგე, ასე რომ... - წინადადება არ დაამთავრა, მკლავზე მომიჭირა ხელი.
ვნების ტალღამ კვლავინდებურად სასიამოვნო ბურანში გამხვია. თვალები მივლულე. საოცრად მსიამოვნებდა მისი შეხება.
- როდის უნდა დაბრუნდე?
- ორ-სამ დღეში, დიდი ხნით ვერ დავრჩები.
საცოდავად შევხედე.
- გასაგებია.
- რა არის გასაგები?
- რომ უნდა დაბრუნდე. აბა სამსახურს ხომ არ დაკარგავ, - ცოტა ირონია გავურიე ნათქვამში.
- არც შენ დაგკარგავ, ეს დაიმახსოვრე.
- ჰო-ო? მერე? გიას რა პასუხს აძლევ? - ჯიქურ შევხედე თვალებში.
- გიამ სხვა მოძებნოს. მე შენ გიამდე მეკუთვნოდი.
- გეკუთვნოდი?
- კი, მეკუთვნოდი და არ შემეპასუხო, იცოდე, ეს ასეა, - თითი ტუჩებზე მომადო საბამ და გამიღიმა.
ამ დროს გია მოგვიახლოვდა, ორივეს გადაგვხვია ხელი და საბას მიმართა.
- საბუნია, შენი ნებართვით, კიდევ ერთხელ ვეცეკვები ჩვენს იუბილარს, შეიძლება?
- კი, ძმაო, მე რა უფლება მაქვს, დაგიშალო, შენი მეგობარი არ არის?
- არის, როგორ არ არის, მაგრამ შენი "რაზრეშენიე" მაინც მჭირდება, როგორც ვატყობ, - წაკბინა გიამ.
მივხვდი, რომ სიტუაცია დაიძაბა. როგორც ჩანს, მაიკომ ვერ მოითმინა და ცეკვისას გიას ჩვენზე ელაპარაკა. სასწრაფოდ წამოვდექი, გიას ხელი ჩავავლე და საბას გავარიდე.
ამას ცეკვა არ ექვა. გიას მხრები ჩამოეყარა და ღვინით დანისლული თვალებით ისე მიყურებდა, თითქოს ჩემს შეჭმას ლამობდა.
- ხომ მოგიყვანე, ხომ კარგი ბიჭი ვარ, - ამრეზით თქვა.
- კი, კარგი ბიჭი ხარ, - კანკალმა ამიტანა.
- ესე იგი, საზღვარგარეთ მყავს შეყვარებულიო, არა? ამაზე მეუბნებოდი? - თავით მანიშნა საბაზე.
- მაგაზე გეუბნებოდი, მერე რა? - არ დავიხიე უკან და გამჭოლი მზერა ვესროლე, - რამით უკმაყოფილო ხარ?
- რატომ დამიმალე, თუ საბა გიყვარდა? ეს იმ ღამეს დაიწყო, არა? ვერც ვიფიქრებდი...
- არა, იმ ღამეს არ დაწყებულა, გია. შენს გაცნობამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო ყველაფერი.
- მართლა? რაღაც არ მჯერა. თუკი სიმართლეს მეუბნები, რატომ დროზე არ მითხარი? კუდში რომ დაგდევდი, რატომ დროზე არ "დამასტოპე", რას მერჩოდი?
- რა უნდა მეთქვა? შენ ჩვეულებრივად მოდიოდი, მე შენთვის არაფერი მითხოვია, არც შენ ითხოვდი ჩემგან რამეს. ერთი სიტყვაც არ დაგცდენია - ან მომწონხარ, ან მიყვარხარ. მე ხომ არ გეტყოდი? რაღაც ხომ უნდა წამოსულიყო შენგან, რომ შემეჩერებინე?
- რა, არ გითხარი?
- როცა მითხარი, უკვე გვიან იყო. მერე მეც აგიხსენი და გაგაფრთხილე, ნურაფრის იმედი ნუ გექნება-მეთქი. არ იყო ასე? რაში მადანაშაულებ?
- იმასაც უყვარხარ?
კინაღამ წამომცდა, არ ვიცი-მეთქი. პასუხი არ გავეცი.
- მითხარი, უყვარხარ? გელაპარაკა ამაზე?
- ეგ ჩემი საქმეა.
- ასე, არა? ის თუ გითხრა, ცოლი რომ ჰყავს? იცი, რომ ცოლიანია? - დაჟინებით იმეორებდა გია ერთსა და იმავეს.
- ცოლი უკვე აღარ ჰყავს.
- შენ ასე გგონია? გიკითხავს კი ოდესმე? იმ ქალს მე ძალიან ხშირად ვხვდები და ყოველთვის ვეკითხები საბას ამბებს. არასდროს უთქვამს, არაფერი ვიცი მის შესახებო. პირიქით, სულ თბილად ახსენებს და რაღაც-რაღაცებს მიყვება კიდეც მათი ოჯახური ცხოვრებიდან. გაიგე? ნუ ირთულებ ცხოვრებას, გირჩევ.
გული დამიმძიმდა. ლამის იყო, ჩავიკეცე, ისე მომახალა ეს ყველაფერი გიამ.
- არ მსურს ამ თემაზე ლაპარაკი. ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა, როგორმე თავად გავარკვევ მასთან ურთიერთობას, - ცივად ვთქვი.
- მე ჩემი მითქვამს. უბრალოდ, არ მინდა მის გამო გაუბედურდე. სანამ რამეს გადაწყვეტ, კარგად დაფიქრდი და ბევრი რამ გაარკვიე. ის ვალდებულია, საქმის კურსში ჩაგაყენოს.
- კარგი, ასე ვიზამ, ოღონდ შენ ნუ ინერვიულებ. მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს.
- როგორც ჩანს, ყურებამდე ხარ შეყვარებული. კარგი, თავს აღარ შეგაწყენ. მე ახლა წავალ და მაიასაც წავიყვან. იმედია, არ გეწყინება.
- არა, რატომ უნდა მეწყინოს. მადლობის მეტი რა მეთქმის, მშვენიერი საღამო გაგვიმართე.
- ჰო, კარგი მასხარა ვარ, ოსტატურად ვამხიარულებ ხალხს, - მწარედ ჩაიცინა და ხელი გამიშვა, - დიდი მადლობა პარტნიორობისთვის, - თქვა და გატრიალდა.
საბას დაჟინებული მზერა ვიგრძენი. შევხედე. მას სახეზე ეწერა, რომ ყველაფერს მიხვდა. ხელი ამიწია, ნუ გეშინია, მე აქ ვარო და შემოსასვლელისკენ წასულ გიას გზაში დაეწია. მაიკო მომიახლოვდა.
- რა მოხდა? - შეშფოთებულმა მკითხა.
- არაფერი, ყველაფერი რიგზეა, - ამოვიოხრე და თვალები ცრემლით ამევსო.
ამასობაში ჯულიც შემოგვიერთდა.
- გოგოებო, რა იყო, რა სახეები გაქვთ? ნახეთ, ჩემი ქმარი როგორ დათვრა, რა წაიღებს ახლა ამას სახლში.
- ჩვენ გაგაცილებთ, რა პრობლემაა, - დაამშვიდა მაიკომ.
- მაგდა, რა გჭირს? - მკითხა ჯულიეტამ.
- არაფერი, ჯული, არაფერი.
- გაწყენინა ვინმემ?
- არა, არა. რაღაც ცუდი ამბავი მითხრა გიამ ერთ ახლობელზე და გული ამიჩუყდა, - ოდნავ შესამჩნევად გავიღიმე და საჩვენებელი თითით ცრემლი მოვიწმინდე.
- კარგი, რა, ნერვებს ნუ აყვები. ყველაფერი დალაგდება. აბა, ჩვენ წავალთ ახლა, უკვე გვიანაა. გადასარევი დრო ვატარეთ.
- მოიცა, ჯული, მე მანქანით ვარ, ერთად წავიდეთ.
- არ მინდა შენი შეწუხება, მაიკო, თან გიასთან ერთად ხარ. რა პრობლემაა, ტაქსის გავაჩერებთ, - იუარა ჯულიეტამ.
ერთ წუთში ყველაფერი აირია. ყველამ ერთად მოინდომა წასვლა, ჩემმა მეზობელმაც კი. გული ცუდს მიგრძნობდა. შემოსასვლელში გავედი. გია და საბა იქ არ დამხვდნენ. სუნთქვა გამიჩერდა. ვაითუ გარეთ გავიდნენ და თავ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს! ამის გაფიქრებაზე ჟრჟოლამ ამიტანა. მაიკოც ცუდ დღეში ჩავარდა. სასწრაფოდ მოიხურა პალტო და კარი გამოაღო... გია და საბა სადარბაზოში იდგნენ და მშვიდად საუბრობდნენ რაღაცაზე.
- რა იყო, თვალში მოგაკლდით? - გაიცინა გიამ, ორივე ერთად რომ დაგვინახა.
- გია, ჯულიეტა წასვლას აპირებს, მისი ქმარი მთვრალია. ჩვენ უნდა წავიყვანოთ.
- კი ბატონო, წავიყვანოთ, ჩემი ქურთუკი გამომიტანე.
- მეც მოვდივარ, - თქვა საბამ და ოთახში შემობრუნდა.
- შენ სადღა მოდიხარ, ამ ღმერთივით ქალს მარტო ტოვებთ, კაცო! - გააპროტესტა გიამ და გამიცინა.
- არა უშავს, მიჩვეული ვარ, - ჩუმად ვთქვი და გავტრიალდი, რომ წასვლის წინ საბა მარტო მომეხელთებინა.
- მე დაგირეკავ, - ჩურჩულით მითხრა მან და გამომშვიდობების ნიშნად ლოყაზე მაკოცა.
ჩემი სტუმრები ხმაურით გავიდნენ ეზოში. ის იყო, კარის დაკეტვას ვაპირებდი, რომ... სადარბაზოში ვიღაც ბარბაცით შემოვიდა. მის დანახვაზე გავფითრდი. ეს ლუკა იყო, თან ისეთი მთვრალი, რომ წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა.

სვეტა კვარაცხელია

რომანი განახლდება ყოველდღე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
11.05.2016
ვარდების ფერზე ჩამოყალიბდი ავტორო :))) ფართოდ გაღებულ კარში ჯერ შავი ვარდების უზარმაზარი თაიგული გამოჩნდა, მერე გია და ბოლოს... აღელვება რომ დამეფარა, თავი წითელ ვარდებში ჩავრგე სახეაფორიაქებულმა.
თათა
28.12.2014
Me bodishis moxda momicews tqwens winashe...da calian magrebi xart.ase gasgrcelet
teo
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

XIV ნაწილი

შევედი... გაოცებისგან შევკივლე... მთელ ოთახში მაგნოლიის ყვავილის ფურცლები იყო მიმობნეული - იატაკზე, საწოლზე... ლოგინის გადასაფარებელი მთლიანად ყვავილის ფურცლებით იყო გადაპენტილი.

დასაწყისი იხილე აქ

XIII ნაწილი

გახევებული ვიჯექი, სიმწრით ნაპოვნი ბედნიერება ხელიდან მეცლებოდა. ვიგრძენი, როგორ ჩაწყდა ერთი სიმი გულში


დასაწყისი იხილე აქ

XI ნაწილი

ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში მამაკაცს ერთხელ არ უკოცნია მისთ

როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე

დასაწყისი იხილე აქ

X ნაწილი

მაინც მომხვდა გულზე გიას საქციელი. რა იზამ, ასეთი ვართ ქალები. შეიძლება ვიღაც ან რაღაც ჩვენთვის არ გვინდა, მაგრამ არც სხვისთვის გვემეტება

დასაწყისი იხილე აქ

XIX ნაწილი

როგორც ჩანს, სწორად ვერ დავსვი დიაგნოზი და კინაღამ ხელში ჩამაკვდა. არასწორი მკურნალობის კურსი დავუნიშნე. შეცდომა დავუშვი.


დასაწყისი იხილე აქ

VIII ნაწილი

აი თურმე რა პროფესიის ყოფილა, საიდან აქვს ასეთი სიმდიდრე. ექვსი თვით მიდისო... ექვსი თვე რა მოიცდის?


როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე

დასაწყისი იხილე აქ

VII ნაწილი

კაბაც რომ მოვირგე ტანზე და სარკის წინ დავტრიალდი, აღფრთოვანება ვერ დავმალე. შეუძლებელი იყო, იმ შეხვედრაზე რომელიმე ქალი ჩემზე უკეთესი ყოფილიყო


როგრ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე


დასაწყისი იხილე აქ

VI ნაწილი

ერთხელაც არ უგრძნობინებია, რომ ვუყვარდი, თუმცა რა ძნელი მისახვედრი ეს იყო. შემომხედავდა თუ არა, სახეზე ეწერა, რასაც განიცდიდა


დასაწყისი იხილე აქ

V ნაწილი

გიორგიმ რამდენჯერმე სცადა ჩემთან შერიგება, ახლოსაც არ გავიკარე, ისე ვიყავი დაცლილი გრძნობებისა და ემოციებისგან, მისი დანახვაც კი მაღიზიანებდა


დასაწყისი იხილე აქ

IV ნაწილი

კლასელი მყავდა, ნათია, უახლოესი დაქალი, რომელიც ერთ ლექტორთან ემზადებოდა, მერე მისმა ვაჟმა დააორსულა და ცოლად არ შეირთო


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
533 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი