წითელი ფეხსაცმელი
font-large font-small
წითელი ფეხსაცმელი
დასაწყისი იხილე აქ

IV ნაწილი

ხომ იცოდა, რაც მოჰყვებოდა გიგისთან სასტუმროში წასვლას? რატომ გაჰყვა?



ნია ერთიანად ცახცახებდა. ისე მივიდნენ სასტუმრომდე, არც ერთს სიტყვა არ დასცდენია. გიგიმ დუმილი ამჯობინა, რათა გოგონა არ დაეფრთხო. ნიამ კი არ იცოდა, ასეთ დროს რაზე უნდა ელაპარაკა. შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი, არავის დაუძალებია. რატომ აკეთებდა ამას? ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, როცა გულიც და გონებაც შეთანხმებულად მოქმედებდნენ...
რა ლამაზი ყოფილა აქაურობა! ნიას არ ეგონა, თბილისში ევროპული დონის სასტუმროები თუ არსებობდა. ასეთი კეთილმოწყობილი ნომერი ერთხელ ნახა ცხოვრებაში, ისიც - თურქეთში, სადაც ორი თვე გაატარა ყველაზე ახლობელ ადამიანთან ერთად. უჭირს იმ პერიოდის გახსენება, ყველაზე დიდ ტკივილს აყენებს, რადგან არაჩვეულებრივად გატარებული დღეები საშინელი ფინალით დასრულდა...

- თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში, - თავბრუდამხვევი ღიმილით მიეალერსა გიგი ქალს და სააბაზანოში მიიმალა.
ნია საწოლზე ჩამოჯდა და ირგვლივ მიმოიხედა. გულის გამალებულ ფეთქვას საფეთქელთან გრძნობდა. აი, გამოვა ახლა და დაიწყება... რას აკეთებს, რას! აანალიზებს მაინც, რით დამთავრდება ეს შეხვედრა და მერე როგორ გაგრძელდება მისი ცხოვრება? ჰო, როგორ არა, ყველაფერი გააზრებული აქვს. რაც არის, არის, ასეთი ყოფილა მისი ხვედრი. ის არც პირველია და არც უკანასკნელი. ბევრი მისნაირი ქალი დგამს მსგავს ნაბიჯს. იცის ნიამ, გიგის ცოლობაზე ოცნებაც რომ ეკრძალება, რომ აქამდე არასდროს მივა საქმე, მაგრამ მაინც თანახმაა. რაღაც უხილავი ძალა იზიდავს მისკენ და თავს ვერაფერს უხერხებს. თითქოს მოჯადოებულია. უნდა, რომ მამაკაცმა აკოცოს. მთელი სხეული უთრთის, არამარტო შიშისგან, სურვილისგანაც. და იმდენად ძლიერია ეს სურვილი, რომ დაძაბულობისგან ყველა კუნთი დაეჭიმა...
გიგიმ ნელა, ძალიან ნელა გამოაღო კარი და ნიასკენ წამოვიდა. წელს ზევით შიშველი სასიამოვნო სანახავი იყო. ფართო, დაკუნთული მხრები, განიერი მკერდი, შეწეული მუცელი, ხარბი გამოხედვა და ძალიან, ძალიან სექსუალური ტუჩები... გოგონამ მის ვნებიან მზერას ვეღარ გაუძლო და თვალები დახარა...
გიგი ძარღვებში სისხლის შხუილს გრძნობდა. აცდუნო მომხიბვლელი ქალი - მისთვის ერთ-ერთი ყველაზე აზარტული სიამოვნება იყო და ისევე წარმატებით გამოსდიოდა ეს, როგორც საკუთარი ბიზნესი. კარგად ხვდებოდა, როდის უნდა ელაპარაკა და როდის გაჩუმებულიყო, როდის ემოქმედა და როდის მოდუნებულიყო... რა დროს ჩაეხედა თვალებში და რა დროს ეკოცნა... რაც მთავარია, იცოდა, როგორ გაეღვივებინა პარტნიორში სურვილის ნაპერწკალი... მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო. იგი ახალბედა არ გახლდათ ქალებთან ურთიერთობაში, მაგრამ ისეთი რაღაც ემართებოდა ამ ქალთან შეხებისას, არასდროს რომ არ დამართნია.
ჩაიჩოქა და ქალს ცალ ფეხზე ფაქიზად გახადა. ნიამ თვალები წამით მილულა და თავი ოდნავ უკან გადააგდო. მსგავსი რამ არასდროს განუცდია. თითქოს მიწა ეცლებოდა ფეხქვეშ. მის ამ ჟესტს გიგიმ ისეთი მოწყურებული მზერით უპასუხა, გოგონას თავბრუ დაეხვა.
მამაკაცი თავდავიწყებით კოცნიდა ქალს და ვერაფრით აეხსნა, რა ემართებოდა. ჯერარგანცდილ სიამოვნებას იღებდა ყოველი შეხებისას და ამ სიამოვნებას ვერაფერს ადარებდა. მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რასაც განიცდიდა, ვერ ძღებოდა ნიას ალერსით. განსაკუთრებით მის სახეზე აღბეჭდილი განცდა აგიჟებდა - შიში და სიამოვნება ერთდროულად იკითხებოდა ნიას ლამაზ, წყლიან თვალებში. ის იყო, მამაკაცმა წელზე ხელი მოხვია და ლოგინზე წამოაწვინა, რომ გოგონამ ხელი ჰკრა და წამოხტა.
- არა, არ შემიძლია, - სუნთქვაგახშირებულმა უკუსვლით გასასვლელისკენ დაიხია.
- რა დაგემართა? - დაბნეული გიგი ლოგინზე წამოჯდა და გაოგნებული მიაჩერდა.
- ძალიან გთხოვ, არაფერი მითხრა.
- არც ვაპირებ. არის მომენტი, როცა სიტყვები საჭირო არ არის. რატომ გეშინია, მოდი ჩემთან... - ჩურჩულით წარმოთქვა აღგზნებულმა, წამოდგა და ხელები წინ გაიშვირა.

- არ მომეკარო! - იყვირა მოულოდნელად ნიამ, შეტრიალდა და კარს მთელი ძალით დაეჯაჯგურა.
- ღიაა, დაბლა ჩამოსწიე, - სრულიად მშვიდად გაისმა მამაკაცის ხმა.
მისკენ ზურგშექცევით მდგარი გოგონა წამით გაქვავდა, არ ელოდა ასეთ რეაქციას, სხეული მოადუნა და ნელა შემოტრიალდა.
- მაპატიე, არ შემიძლია, - ნიკაპი აუკანკალდა.
- ვიცი.
- უნდა წავიდე, გთხოვ.
- წადი.
- არ ვიცი, რატომ მოვედი აქ, მე არ ვარ მზად ამ...
- გასაგებია.
ისეთი მშვიდი ტონით პასუხობდა ახვლედიანი, გაოგნდა. ეგონა, შეეხვეწებოდა, მუხლებში ჩაუვარდებოდა, დარჩენას თხოვდა. მან კი... არ იცოდა, რა მოემოქმედებინა, თუ ერთი წუთის წინ გაქცევას ლამობდა, ახლა უკვე იმაზე ფიქრობდა, რა მოემიზეზებინა, რომ დარჩენილიყო.
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა.
- შენ იცი, როგორია სიჩუმე? - გიგიმ ალერსიანად გაუღიმა.
- სიჩუმე?
- ჰო, აი, ეს სიჩუმე, - და ირგვლივ მიმოიხედა.
- ვიცი... სამარისებური, - ნიამაც გაიღიმა.
- არა, უხერხული. არ დამეხმარები მის განმუხტვაში?
- უნდა დავბრუნდე, - ჩაიჩურჩულა ქალმა და მზერა აარიდა.
- დიანასთან აპირებ დაბრუნებას?
- მე-ე? არა, არა... შენ? - დაბნეულმა არ იცოდა, რას ლუღლუღებდა.
- არც მე. შენ?

- ახლა არ მკითხე?
- ჰო, დამავიწყდა, - გაეცინა გიგის, - ხედავ, როგორ ამიბნიე თავგზა? შენ კი არც გეცოდები. ახლა შენთან მოვალ და არ გამექცე, - ფრთხილად შეაპარა.
მოულოდნელად ნიას ჩანთაში მობილური აწკრიალდა. ორივე შეკრთა. ნიამ აცახცახებული ხელით ამოიღო აპარატი და დახედა.
- დიანაა, - ჩაიჩურჩულა გაფითრებულმა და მწვანე ღილაკს თითი დააჭირა, - ჰო, დიკო, აქვე ვარ, ახლოს, ახლავე მოვალ, ცოტა ხნით გავედი. მოვდივარ...
- დაბრუნება გადაწყვიტე, არა?
- ასე გამოდის. რამეს ხომ არ დამაბარებდი? - ნაღვლიანად გაიღიმა.
- ჰო. აკოცე ჩემ მაგივრად ან რამე ასეთი...
- კარგი... წავედი, - ჩამქრალი ხმით ჩაილაპარაკა და გავიდა...
არ ახსოვს, როგორ ჩავიდა დაბლა, როგორ გაირბინა ვესტიბიული და ქუჩაში აღმოჩნდა. დიანასთან მიბრუნება არც უფიქრია, ტაქსი გააჩერა და მძღოლს სახლის მისამართი უკარნახა. თავიდან ვერ მიხვდა, რატომ უყურებდა ხანში შესული მძღოლი თვალებგაფართოებული, მაგრამ როცა ტანზე დაიხედა, ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა - იგი ფეხშიშველი იყო...

***
კვირას მთელი დღე ცხვირი არ გამოუყვია შინიდან. არც არაფერი გაუკეთებია., იწვა და გაუნძრევლად ჭერს მიშტერებოდა. დღე ისე მიილია, თვალი ვერ მოხუჭა. საღამოს კი, განცდებისგან დაღლილს, მკვდარივით დაეძინა და დილამდე ფეხი არ გაუქნევია. კინაღამ დააგვიანდა სკოლაში. უკვე აპირებდა სახლიდან გასვლას, რომ ვიღაც ბიჭი მოადგა, ამანათია თქვენს სახელზეო. ლამაზად შეფუთულ ყუთს გამომგზავნის მისამართი არ ეწერა. გაუკვირდა, ამანათები არასდროს არავისგან მიუღია, მაგრამ ახლა ნახვის დრო არ ჰქონდა, ამიტომ ყუთი მაგიდაზე დადო და სასწრაფოდ გავარდა სამსახურში.
ძლივს მიუსწრო გაკვეთილს. მოსწავლეების ჟრიამულმა არასაჭირო ფიქრებს დროებით მოწყვიტა. მაგრამ მხოლოდ დროებით. მათი გამოკითხვის და ახალი მასალის ახსნის თავი არ ჰქონდა, ამიტომ თემა დააწერინა - წითელქუდას მოკლე შინაარსი ინგლისურად. ზოგს გაუხარდა, ზოგი აბუზღუნდა, მაგრამ წერას მაინც ყველა შეუდგა.
ზარი დაირეკა თუ არა, აფორიაქებული გამოვარდა საკლასო ოთახიდან, სამასწავლებლოში შევიდა, თამრიკოსთან ცოტა წაიჭორავა წუხანდელ საღამოზე და თავის ტკივილის მომიზეზებით, სასწრაფოდ დატოვა იქაურობა.
შინისკენ მიმავალი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რა კოშმარულად შემოუტრიალდა კოლეგის ჯვრისწერა, რა ცუდად დამთავრდა გუშინდელი დღე. როგორ შეეძლო, ასე მოქცეულიყო? კინაღამ თავი დაკარგა! კიდევ არ სჯეროდა, რომ ასე ადვილად შეძლო მინდობოდა უცხო მამაკაცს, მაგრამ... იქნებ ჯობდა, ცოტა ხნით მაინც დარჩენილიყო? უხეშად გამოუვიდა. ხომ იცოდა, რაც მოჰყვებოდა გიგისთან სასტუმროში წასვლას? რატომ გაჰყვა? ან თუ გაჰყვა, რატომ გამოიქცა? არ იყო კარგი საქციელი მისი მხრიდან. შინაგან ხმას ყური რომ დაუგდო, მიხვდა, რომ მისგან გამოქცევას ნანობდა. არა, სწორად მოიქცა. უარეს ხასიათზე დადგებოდა, დილით მის გვერდით რომ გაეღვიძა. ვერასდროს აპატიებდა ამას თავის თავს. არადა, გამუდმებით მასზე ფიქრობდა. ვერაფრით წარმოიდგენდა, ასეთ ძლიერ შთაბეჭდილებას თუ მოახდენდა მასზე სულ ორჯერ ნანახი მამაკაცი.

პირველი, რაც შინ შესულმა შეამჩნია, ამანათი იყო. მისი არსებობა ახლაღა გაახსენდა. ვის უნდა გამოეგზავნა? ცნობისმოყვარეობა აღეძრა. ვარდისფერი ლენტები შემოაცალა მუყაოს ყუთს და გახსნა... საჩუქრის დანახვაზე სუნთქვა შეეკრა. ფეხსაცმელი... "დიორის" ფირმის წითელი ფეხსაცმელი... მაღალქუსლიანი... თანაც ზუსტად მისი ზომა! ღმერთო! ვინ? საიდან? რატომ? ნუთუ გიგიმ? ჰო, აბა სხვა ვინ? ამის გაფიქრებაზე დაფეთდა. ყუთში ჩაიხედა, იქნებ ბარათი ეპოვა, თუმცა მის გარეშეც ხვდებოდა, ვისგანაც იქნებოდა. როგორც იქნა, იპოვა ლამაზყდიანი ბარათი, რომლის ერთ მხარეს ორქიდეები ეხატა, მეორე მხარეს კი გაკრული ხელით ეწერა: "ჩემთან დატოვებული ფეხსაცმლის სანაცვლოდ!" იქვე ტელეფონის ნომრები იყო წაწერილი - მობილურის და ქალაქის. რას ნიშნავს ეს? რატომ გამოუგზავნა ასეთი ძვირად ღირებული საჩუქარი? ამით რის თქმა სურს? ამცირებს ნიას? აიძულებს, რომ თავი იაფფასიან მეძავად იგრძნოს? ეს იმ წუთების საფასურია, მის მკლავებში რომ გაატარა? სექსუალური მომსახურების საფასური? უკვე თავის საყვარლად დაიგულა? ნიას წამითაც არ ეპარება ეჭვი, რომ გიგი არაჩვეულებრივი საყვარელი იქნება, მაგრამ ეს არაფრით ცვლის იმ ფაქტს, რომ ისინი სრულიად სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლები არიან. რა ჰგონია პატივცემულ ბიზნესმენს, რომ ნია მადლიერებით აღსავსე სიტყვებით მიიღებს ამ საჩუქარს?.. თავიდან გადაწყვიტა, უკანვე გაეგზავნა ამანათი ახვლედიანისთვის, მაგრამ მერე გადაიფიქრა. ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ მობილური მოიმარჯვა და ნომერი აკრიფა.
- ნია, რა სიურპრიზია! - გაისმა თავაზიანი ხმა, სანამ ნია რამეს იტყოდა.

GzaPress

როგორ მიხვდა? მას ხომ ხმა არ ამოუღია? არც თავისი ნომერი მიუცია მამაკაცისთვის. დარწმუნებული იყო, რომ დაურეკავდა?
გიგის ხმა ტელეფონში უფრო სექსუალურად ჟღერდა, ვიდრე ელოდა, რამაც მთლიანად მოშალა. გაახსენდა მისი ვნებიანად ნათქვამი "მოდი ჩემთან" და ალმური წაეკიდა.
- ვწუხვარ, რომ იმავეს ვერ გეტყვი... მე ფეხსაცმლის თაობაზე ვრეკავ... - შეეცადა, ოფიციალური ტონით ელაპარაკა.
- იმედია, მოგერგო... ზომა ვარაუდით შევარჩიე, მაგრამ ჩვეულებრივ, ასეთ რამეებში შეცდომას არ ვუშვებ, კარგად გამომდის. მოგეწონა?
"ჩვეულებრივო"? გაბრაზებულმა თავი ძლივს შეიკავა, არ აფეთქებულიყო.
- ზომაზე არა მაქვს საუბარი. უბრალოდ, შენ არ გქონდა უფლება, ჩემთვის საჩუქარი გამოგეგზავნა! ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია!
- შეურაცხმყოფელი?
- სხვ რა შეიძლება ვუწოდოთ შენს საქციელს? მომსახურების საფასური გადამიხადე? ჩვენ შორის ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ასე დახარჯულიყავი. დღესვე ფოსტით უკან გამოგიგზავნი!
- ეგ არც მიფიქრია, ნია. აქედან ფეხშიშველი რომ გახვედი, ძალიან შევწუხდი. ისე დავიბენი, ვეღარც გაგაცილე. ამიტომ, ვიფიქრე, დანაშაულს გამოვისყიდი-მეთქი...

- უკაცრავად, მაგრამ შენი საჩუქრები არ მჭირდება. არც ისეთი სულელი ვარ, შენთან დავწვე. მართალია, წუხელ მივქარე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. რაც უნდა გამომიგზავნო, არაფერს მივიღებ, იცოდე. არ მინდა, დავალებული ვიყო შენგან.
გიგი გაოცებული უსმენდა. მას აქამდე არ ჰქონია შემთხვევა, რომელიმე ქალს უარი ეთქვა მის საჩუქარზე, მით უმეტეს, თავი შეურაცხყოფილად ეგრძნო. მის ყველა ქალს მოსწონდა, როცა მათი სიამოვნებისთვის ფულს ხარჯავდა. ამან კი რა მოუხია?! არა, ამისთვის არ გამოუდვია თავი. მას, უბრალოდ, უნდოდა მიენიშნებინა ნიასთვის, რომ იგი მზად იყო შემდეგი შეხვედრისთვის. ამიტომაც წაუწერა ნომრები ბარათზე.
- რატომ გგონია, რომ საჩუქრის მიღებით, ჩემგან დავალებული იქნები? - გულწრფელი გაოცება შეინიშნებოდა მის ხმაში.
კარგა ხანია, ქალს ასე არ გაუგიჟებია. არა, აუცილებლად უნდა დაითრიოს ეს გოგო, რათა ვნებათაღელვა ჩაიცხროს. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ალბათ გადაუვლის ის ჟინი, მისი შეხებისას რომ წამოუვლის. რა თქმა უნდა, ასეც იქნება, თუ ნია ამის შანსს მისცემს.
- იმიტომ, რომ ასეა, - ქალი ჯიუტად იდგა თავისაზე.
- ამიტომ გამექეცი წუხელ?

- შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ მე არ ვარ ის ქალი, პირველსავე შემხვედრს რომ უგორდება ლოგინში. არ ვიცი, რამ წამომიარა, როცა გამოგყევი... მაგრამ მინდა იცოდე, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო და იმედია, უკანასკნელი.
- პირველი შემთხვევა რისი? - ეშმაკურად დაეკითხა ახვლედიანი.
- მცდელობის. შენთან დაწოლის მცდელობის. თავადაც არ ვიცი, რა დამემართა. გარწმუნებ, ამიერიდან ჩემი არსებობით არასდროს შეგაწუხებ.
გიგის ჩაეღიმა. სწორედ ამაში ეპარებოდა ეჭვი. საკმარისია, გაიხსენოს, როგორ მილულა ქალმა თვალები, როცა შეეხო, როგორ ილტვოდა მისკენ აცახცახებული, როგორ ხარბად კოცნიდა ტუჩებში... ამ ყველაფრის შემდეგ რას გულისხმობს, როცა ამბობს, არ ვიცი, რა დამემართაო? მასთან შეხვედრას შეცდომად მიიჩნევს?
- თუკი არ გჭირდება ჩემი ნაჩუქარი ფეხსაცმელი, თავად მოიტანე, რა საჭიროა მისი ფოსტით გამოგზავნა? - შემპარავი ტონით იკითხა.
- მოგიტანო? - ნიამ ტუჩები მოიკვნიტა.
- ჰო, ხვალ, საღამოს, სასტუმროში დაგხვდები.
- რაში გჭირდება ეს, გიგი?
- დიანაზე მინდა დაგელაპარაკო, მეტი არაფერი.
- დიანაზე? რა შუაშია აქ დიანა?
- საქორწინო საჩუქარი მინდა შევურჩიო. შენ მას კარგად იცნობ, იცი, რა უფრო გაუხარდება, ამიტომ დახმარება მჭირდება.
ნიამ არ იცოდა, რა ეპასუხა.

- აბა? რა გადაწყვიტე? - დააჩქარა მამაკაცმა.
- საჩუქარი აქამდე არ გაგიკეთებია? - თავის დაძვრენას შეეცადა გოგონა.
- სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი. წინა კვირას იტალიაში ვიყავი და მათი ამბავი მხოლოდ ჩამოსვლისას შევიტყვე.
კი, როგორ არა! დაიჯერა! აბა, ის ვინ იყო, ჯვრისწერის ხარჯები რომ გადაიხადა? არა, ნია ასე ადვილად არ მოტყუვდება. მას უნდა, რომ თავისთან მიიტყუოს და საწადელი აისრულოს. ან კი სხვა რა ინტერესი უნდა ჰქონდეს მისნაირ გოგოსთან?
- ვფიქრობ, ჩემი რჩევა არაფერში გამოგადგება, არც ისეთი გემოვნებით გამოვირჩევი, რომ...
- თქვენ ხომ მეგობრობთ, ჩემთვის ეს საკმარისია. ხომ იცი, რაც სჭირდება? - ისე დაჟინებით ითხოვდა გიგი მის დახმარებას, ნიას გააჟრჟოლა.
თავადაც უნდოდა მასთან შეხვედრა, სურვილისგან სხეული უხურდა, მაგრამ ასე ადვილად დანებება არ სურდა...
- კარგი, მოვალ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ამანათი დაგიბრუნო.
- ოღონდ მოდი და ყველაფერზე თანახმა ვარ, - შვებით ამოისუნთქვა მამაკაცმა.


***
ნიამ გულისფანცქალით შეაღო შუშის ბზრიალა კარი და ვესტიბიულში შეაბიჯა. მთელი ძალით ცდილობდა ნერვიულობის დაფარვას. ამწუთას არაფერი ახარებდა, არც ახვლედიანის სიმდიდრე და არც ფეშენებელური სასტუმრო, რომლის კარი ღია იყო მისთვის. დანამდვილებით იცოდა, რომ გიგის იგი მხოლოდ ჟინის მოსაკლავად სჭირდებოდა, თავისი სექსუალური კოლექციის გასამდიდრებლად, ამიტომაც იკავებდა თავს, დათანხმებოდა მის წინადადებას. რატომ უნდა წამოაძახონ, სხვისი ნათრევი ქალიო? რა სჭირს სამაგისო? ოდესმე ხომ გამოჩნდება ვინმე, მისი ტოლი და სწორი, რომელიც შეიყვარებს, პატივს სცემს, ცოლად შეირთავს და ოჯახურ სიმყუდროვეს შეუქმნის? რატომ მიექანება უფსკრულისკენ? სხვის ნაფერებს მერე ზედაც არავინ შეხედავს... და მთელი ცხოვრება საყვარლების გამოცვლა მოუწევს. "რა საშინელებაა!" - დაზაფრულს სახე დაემანჭა.
პორტიეს თავისი ვინაობა მოახსენა, მან კი უთხრა, რომ ბატონი გიგი უკვე ელოდა. ჭაღარა მამაკაცი წინ გაუძღვა და პირველსავე სართულზე, მუხის მასიურ კართან შეჩერდა.
- მიბრძანდით, - თავაზიანად გაუღიმა პორტიემ.
ნიამ კარი ფრთხილად შეაღო... გიგი მაშინვე შეამჩნია. იგი ყავისფერი ფილებით მოპირკეთებულ ბუხართან იდგა და თვითკმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ნეტავ რა უხარია? ალბათ ფიქრობს, რომ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა.
გოგონას შეაკანკალა. რაღაც მომენტებში მამაკაცის ღიმილი აშინებდა კიდეც. მისი ზურმუხტისფერი თვალები ისე ცივად და ალმაცერად მოსჩერებოდნენ, გოგონას ტანში უსიამოვნოდ გასცრა.
- მე... ფეხსაცმელი მოვიტანე, როგორც შეგპირდი, - ეს იყო, რისი თქმაც მოახერხა და ყუთი მაგიდაზე დადო.
- ვხედავ, - თავი დააქნია გიგიმ.
ახლა მართლაც უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა და ნიამ იმაზე დაიწყო ფიქრი, რა მოემიზეზებინა, რომ სასწრაფოდ გაცლოდა აქაურობას.
- არ გინდა დაჯდე? ფეხსაცმელზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ.
- სალაპარაკო არაფერია, მე ყველაფერი გითხარი.
- მაინც დაჯექი. დალევ რამეს?

არა, დალევა არ უნდოდა, დაჯდომა - მით უმეტეს. ერთადერთი, რაზეც ოცნებობდა, რაც შეიძლება ჩქარა წასულიყო აქედან. მიუხედავად ამისა, იქვე მდგარ დივანზე ჩამოჯდა და სკოლის მოსწავლესავით, ხელები მუხლებზე დაიწყო. თვალი მოავლო თუ არა ამ ბრწყინვალე, ელეგანტურ, მდიდრულად მორთულ კაბინეტს, კიდევ ერთხელ დაასკვნა, რომ მისი აქ ყოფნა სრულიად უადგილო იყო. ტანსაცმელიც კი არ ეცვა შესაფერისი. განსაკუთრებულად არც არასდროს ცმია. ამისთვის ფულს ვერასდროს იმეტებდა. ძვირად ღირებული სამოსი მისთვის უცხო ხილი იყო, თუმცა ყოველთვის ცდილობდა, კოხტად მოერგო ტანზე ის, რაც გააჩნდა, მაგრამ არა გამომწვევად. მართალია, დღეს შეეძლო უფრო ეფექტურად ჩაეცვა და მაკიაჟიც განსაკუთრებული გაეკეთებინა, მაგრამ შეგნებულად არ მოიქცა ასე. არ უნდოდა, მამაკაცს ეფიქრა, რომ საგანგებოდ მისთვის გამოიპრანჭა.
- არა, დიდი მადლობა. ყავა უკვე დავლიე.
- ყავაზე არც გეპატიჟები. კონიაკი ხომ არ გინდა, ან ვისკი, ან ბრენდი? გარეთ ცივა, ცოტას გაგათბობს.
გულის სიღრმეში გიგის ეეჭვებოდა კიდეც, სპირტიან სასმელს რამე სარგებელი მოეტანა. არ ელოდა ამ პატარა "ყინულის ნატეხისგან" ასეთ სიცივეს. როგორც ჩანს, გოგონას არც ის იზიდავს და არც მისი სიმდიდრე... მაგრამ დაინახა თუ არა, მამაკაცი მაშინვე მიხვდა, როგორ მონატრებია, როგორ ელოდა თურმე მის გამოჩენას. სიამოვნებით შეჰყურებდა მის შეცბუნებულ სახეს, დიდრონ, დამფრთხალ თვალებს, ლამაზად ჩამოშლილ ბზინვარე თმას. არა, რადაც უნდა დაუჯდეს, უკან არ დაიხევს. როგორმე უნდა მოარჯულოს ეს ჭირვეული ბავშვი, როგორმე უნდა ჩაიგდოს ხელში. იქამდე ვერ მოისვენებს, სანამ მისი არ გახდება. ასეთები მოუთვინიერებია?!
- არ მინდა დალევა, ნუ შეწუხდები, - გაუბედავად თქვა და წამოდგა.
- კარგი. მაშინ მოდი, ფეხსაცმელზე ვილაპარაკოთ.
ნია შეიშმუშნა და ნირწამხდარი ძალაუნებურად კვლავ დივანზე ჩამოჯდა.
- სათქმელი არაფერი მაქვს.

- გაისინჯე მაინც? მოგერგო?
ყურებამდე გაწითლებულმა გოგონამ თვალები დახარა. არ უნდოდა მამაკაცს სიმართლეში გამოტყდომოდა. რა თქმა უნდა, სულმა წასძლია და მაშინვე ჩაიცვა. ზუსტად მოერგო, თანაც ისე მოუხდა, აღფრთოვანებული დარჩა, მაგრამ არაფრის დიდებით არ ეტყვის ამას!
- საქმე იმაში როდია, მომერგო თუ არა თქვენი გამოგზავნილი ფეხსაცმელი...
გიგის გულზე მოხვდა, გოგონა "თქვენობითზე" რომ გადავიდა. ყოველივე იმის შემდეგ, რაც მათ შორის მოხდა, ეს ნამდვილად გასაკვირი იყო.
- გიგი, მე გიგი მქვია, - ცოტა არ იყოს, უხეშად შეაწყვეტინა, - მგონი, საკმარისად ახლოს ვიცნობთ ერთმანეთს, ასე რომ, წესით, შინაურულად უნდა მომმართო.
ზურმუხტისფერი თვალები შეშინებული მიაჩერდა მამაკაცს.
- ჩვენ საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს! - აღშფოთდა ნია, - და ასე ნუ მელაპარაკებით! არ გაქვთ უფლება, მიუხედავად იმისა, რაც ჩვენ შორის მოხდა. ტელეფონში უკვე გითხარით, რომ საჩუქრის მიღება არ შემიძლია. რაც იყო, იყო... ახლა აჯობებს, დავივიწყოთ ყველაფერი.
- დაწყნარდი, რატომ ბრაზობ? ნუ მებრძვი. როგორც გინდა, ისე მოიქეცი, ოღონდ ერთი თხოვნა შემისრულე, კარგი? - ხმა დაურბილდა გიგის.
გოგონამ დამფრთხალი მზერა შეავლო.
- ჩაიცვი, - თქვა მამაკაცმა, მაგიდას მიუახლოვდა, ყუთს თავსახური ახადა და ფეხსაცმელი გაუწოდა.
- მე...
- რაშია საქმე, ნია?
- ვერ ჩავიცვამ!
- რატომ, შენი სტილი არ არის? ფერი არ მოგწონს?
- რატომ მაძალებ ამას?
- იმიტომ, რომ ასე მინდა.

ნია მიხვდა, რომ სულელურად იქცეოდა. განა რა დაშავდება, ჩაიცვას? რატომ ჯიუტობს? რა მოხდება, მისი თხოვნა შეასრულოს? ხომ მაინც არ აპირებს საჩუქრის მიღებას, ამიტომაც არაფერი უჭირს, თუ მოიზომებს.
ზლაზვნით წამოიმართა დივანიდან, მამაკაცს ფეხსაცმელი გამოართვა, უხალისოდ ჩაჰყო შიგ ფეხები და გაიმართა. ამწუთას ისე ახლოს აღმოჩნდა გიგისთან, რომ ყურის ბიბილოები გაუხურდა. მამაკაცმა მის ფეხებს დახედა, ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და ქალს მხრებში ჩაავლო ხელები. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. გიგის თვალებში სურვილის ისეთი ცეცხლი გიზგიზებდა, გოგონას მუხლები მოეკვეთა.
ახვლედიანი თვალს ვერ აშორებდა მის ოდნავ მთრთოლვარე ტუჩებს. რომ შეძლებოდა, კოცნით სულს ამოხდიდა ამ ჯიუტ არსებას, მაგრამ შეეშინდა, უარესად არ დაეფრთხო იგი. თუმცა... არც ისეთი ცივი ჩანს, როგორც თავს აჩვენებს. მგონი, არც კი გაუწევს წინააღმდეგობას. არა, მაინც არ აკოცებს. ამჯერად თავშეკავება მართებს, რაც მეტად გაწელავს დაახლოების პროცესს, მით უფრო ადვილად მიაღწევს მიზანს. ძალიან მალე ნია გატყდება და თავისი სურვილით დაუწვება. ამაში ორი აზრი არ არსებობს. მამაკაცმა შეძლო თავის ხელში აყვანა, გოგონას ხელი შეუშვა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია. ძალიან, ძალიან უხდებოდა ფეხსაცმელი, ამიტომაც მან უარი არ უნდა თქვას საჩუქარზე.
- შეხედე... - ამ სიტყვებით ქალი კედელთან დაკიდებულ სარკესთან მიიყვანა და ჩაახედა.
უამისოდაც იცოდა ნიამ, როგორ მოხდენილს აჩენდა საჩუქარი მის ისედაც კოხტა ფეხებს, მაგრამ თავისი ნათქვამის უკან წაღება არ უნდოდა. სარკეს მოშორდა, ფეხსაცმელი გაიხადა და კვლავ ყუთში ჩადო.
- უნდა წავიდე... მართლა.

- იმ პირობით გაგიშვებ, თუ საჩუქარს თან წაიღებ. მინდა, რომ დაიტოვო, - გიგის სურვილისაგან თვალები დანისლოდა.
- არა.
- კი, ნია, კი. ის მე შენთვის შევიძინე და მინდა, ატარო.
წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერ გადაათქმევინებდა მამაკაცს.
- რა გაეწყობა, რახან არ იშლი... გმადლობ, მაგრამ საერთოდ... მამაკაცებისგან ძვირად ღირებულ საჩუქრებს არ ვიღებ.
- ესე იგი, მე პირველი ვარ? შესანიშნავია. ჰო, მართლა... შეყვარებული გყავს? ხვდები ვინმეს?
გოგონა დაბნეული მიაჩერდა.
- არა.
- მით უკეთესი. მაშინ ხვალ ვახშამზე გეპატიჟები. რვის ნახევარზე ჩემი მძღოლი გამოგივლის, რომ არ იწვალო. ერთად გავატაროთ საღამო.
- რა საჭიროა?
- ნუ მეთამაშები, ნია. მშვენივრად იცი, რატომაც დაგპატიჟე.
ქალს თვალები აენთო. მიხვდა, საითაც უმიზნებდა მამაკაცი.
- კი არ დამპატიჟე, მიბრძანე!

- ჩემთვის სულერთია, როგორ გაშიფრავ ჩემს ნათქვამს. მინდა, რომ ხვალ საღამოს, როცა მძღოლი გამოგივლის, მზად დახვდე. ეს გასაგებია?!
აი, ახლა კი გამოაჩინა ახვლედიანმა თავისი ნამდვილი სახე! ცხადზე ცხადია, რომ ყველა ქალს ასე ეპყრობა. ისიც მიჩვეულია ყველგან და ყველაფერში თავისი გაიტანოს. ამ კაცის ლექსიკონში ალბათ სიტყვა "არა" არ არსებობს.
- საკმარისად გასაგებად გამოხატე შენი სურვილი, გიგი, მაგრამ ვერავინ მაიძულებს გამაკეთებინოს ის, რაც მე არ მსურს. გასაგებია? - თავი ამაყად ასწია და თვალებში თამამად შეხედა.
გიგიმ სიცილი ვერ შეიკავა. გოგონა დაიზაფრა. რა დასანანია, რომ ცხოვრების კინოფირივით უკან დატრიალება არ შეიძლება. არავითან შემთხვევაში არ გაჰყვებოდა ამ თვითკმაყოფილ იდიოტს სასტუმროში და არც სალაპარაკო ექნებოდა რამე. ახლა კი თავს დავალებულად გრძნობს. საჩუქარი ხომ მიიღო?
ნია თავის დასაცავად მოემზადა, მაგრამ, მისდა გასაოცრად, მამაკაცი უეცრად დაყაბულდა.
- კარგი, როგორც გინდა, არ გაძალებ. თუმცა იცოდე, რომ ჩემთვის ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები - სასტუმროშიც და კაზინოშიც.
ნიამ უსიტყვოდ დაუქნია თავი, ყუთს ხელი დაავლო და კაბინეტიდან ლამის თავქუდმოგლეჯილი გავარდა.

გაგრძელება

სვეტა კვარაცხელია

რომანი განახლდება ყოველდღე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
07.12.2014
http://www.gzapress.ge/romani/tsitheli-fekhsacmeli/775-tsitheli-fekhsacmeli.html
ნაზის
07.12.2014
V ნაწილი როგორ ვნახო დავიტანჯე
ნაზი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

დასაწყისი იხილე აქ

XIV ნაწილი

კიდევ ერთხელ გაიხედა გარეთ, თვალი ხომ არ მატყუებსო... არა, ეს მოჩვენება არ იყო... ხელის კანკალით ჩამოხსნა ჯაჭვი და კარი გამოაღო...


დასაწყისი იხილე აქ

XIII ნაწილი

ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი ადგომა და წასვლაა, ყველაფერზე უარის თქმა, მაგრამ საიდან მოიპოვოს ნიამ ძალა, რომ საბოლოოდ გაწყვიტოს ურთიერთობა გიგისთან?



დასაწყისი იხილე აქ

XII ნაწილი

არ შეიძლება, ვინმემ ასწავლოს, როგორ შეინარჩუნოს საყვარელი მამაკაცი და გამუდმებით მისი დაკარგვის შიში არ აწუხებდეს?


დასაწყისი იხილე აქ

XI ნაწილი

როგორც ჩანს, ბედისწერამ მისი საბოლოოდ დასჯა გადაწყვიტა. თავი დახარა, იქნებ დევიძემ ვერ მიცნოსო...


დასაწყისი იხილე აქ

X ნაწილი

ერთ მშვენიერ დღესაც მიხვდება, რომ მას მუშაობა არაფერში სჭირდება და თავადვე იტყვის მასზე უარს



დასაწყისი იხილე აქ

IX ნაწილი

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალმა, რომელთანაც მხოლოდ ორი ღამე გაათენა, ბანგი გაურია სასმელში და მოაჯადოვა


დასაწყისი იხილე აქ

VIII ნაწილი

მისი სხეულის ყველა უჯრედი ბრმად მიიწევდა მამაკაცისკენ, სისხლი თითქოს გაავებით ეხეთქებოდა არტერიის კედლებს


დასაწყისი იხილე აქ

VII ნაწილი

აი, სწორედ შემდეგ შეხვედრას დაერქმეოდა პაემანი და ნია ისე იგრძნობდა თავს, როგორც ყურებამდე შეყვარებული



დასაწყისი იხილე აქ

VI ნაწილი

ასაკოვანი, მაგრამ მდიდარი ქმარი ჰყავდა, რომელიც შარშან გარდაეცვალა და საკმაოდ სოლიდური შემოსავალი დაუტოვა


დასაწყისი იხილე აქ

V ნაწილი

ასეთი მამაკაცი ნებისმიერი ქალისთვის შეუცვლელი დასაყრდენი იქნება. წამითაც არ აშორებს გამჭოლ მზერას, რომელიც სასმელზე მეტად ათრობს.


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი