წითელი ფეხსაცმელი
font-large font-small
წითელი ფეხსაცმელი
დასაწყისი იხილე აქ

VII ნაწილი

აი, სწორედ შემდეგ შეხვედრას დაერქმეოდა პაემანი და ნია ისე იგრძნობდა თავს, როგორც ყურებამდე შეყვარებული




ფანჯარასთან მდგარი გიგი ჩაფიქრებული გასცქეროდა ქუჩას. მშობლები გაახსენდა, რომლებიც უკვე აღარ ჰყავდა. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, მუხლჩახრილები შრომობდნენ დღეღამის განმავლობაში, ცდილობდნენ, ერთადერთი ვაჟისთვის კარგი განათლება მიეცათ. თვითონ კარგად სწავლობდა, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ყოველთვის ყველასგან გამორჩეული ყოფილიყო თავისი ნიჭიერებით. გვიან, მაგრამ მაინც მიაღწია თავისას... ამის გაფიქრებაზე სახე მოეღუშა. საბედნიეროდ, დედა და მამა მოესწრნენ იმ დროს, როცა გიგი თავისი გასართობი იმპერიის შექმნას იწყებდა. ორივენი როგორ შეჰხაროდნენ შვილს, ეამაყებოდათ, რომ შრომა წყალში არ ჩაეყარათ...
თითქმის ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისინი ავტოკატასროფაში დაიღუპნენ. ძალიან განიცადა... დღემდე ვერ მოუნელებია, რომ დედა და მამა ტკბილ სიბერეს ვერ მოესწრნენ, ვერც მის ცოლს და ვერც მის შვილს...
მამაკაცმა ღრმად ამოიხვნეშა და ტაქსისკენ მიმავალ ნიას გახედა. ღრმა კმაყოფილების გრნობა ეუფლებოდა, როცა ამ საოცრებას უყურებდა. მის ცხოვრებაში ნიას გამოჩენა კიდევ ერთხელ ამყარებდა ჰიპოთეზას, რომ იდეალური ქალები მართლა არსებობენ! და ამაზე არამარტო მისი სილამაზე მეტყველებდა, არამედ მისი სათნოებაც, კდემამოსილებაც, რბილი ხასიათიც და სიყვარულით სავსე თბილი გულიც.
არა, მას ხელიდან არ გაუშვებს. ასეთი ქალები სანთლით უნდა ეძებო, მას კი ასე ადვილად ჩაუვარდა ხელში. იგი არ ჰგავს სხვებს, ყველასგან გამორჩეულია. სანამ არ მობეზრდება, გვერდით ეყოლება, სიამტკბილობის წუთებს, საათებს და დღეებს გაუხანგრძლივებს... ვინ იცის, იქნებ წლებსაც კი. არ იცის, რატომ, მაგრამ რატომღაც დარწმუნებულია, რომ ეს მშვენიერი არსება ყოფას გაულამაზებს, არ მოუწყობს სკანდალებს და არ წაუყენებს პრეტენზიებს. ყოველთვის ისეთი მიამიტური ღიმილი დასთამაშებს სახეზე... გეგონება, მუდამ კარგ ხასიათზეა და მუდამ ყველაფრით კმაყოფილიო... არა, რა თქმა უნდა, ხანდახან შეკამათდებიან კიდეც, მასაც ხომ აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. აბა, დაქირავებული მოსამსახურე ხომ არ არის, მისი ყველა კაპრიზი მორჩილად აიტანოს...
ირონიულმა ღიმილმა ბაგე გაუპო. აღარც ახსოვს, ბოლოს როდის იკამათა ქალთან, განსაკუთრებით ასეთ სრულყოფილებასთან.


***
ორი დღე გავიდა შეხვედრიდან. ნია ვერსად ადგილს ვერ პოულობდა, ვერც სახლში და ვერც სამსახურში. ერთი სული ჰქონდა, როდის დაურეკავდა გიგი და შეხვედრას როდის სთხოვდა. აი, სწორედ შემდეგ შეხვედრას დაერქმეოდა პაემანი და ნია ისე იგრძნობდა თავს, როგორც ყურებამდე შეყვარებული. თუმცა, არ უნდოდა ამაზე ეფიქრა. ცდილობდა, სიყვარულამდე არ მიეყვანა საქმე, თორემ მერე გაუჭირდებოდა. გიგი სამუდამოდ ხომ არ დაიტოვებდა თავისთან, იცოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს იგი უღრმესი თავაზიანობით დაასრულებდა ურთიერთობას.
საღამო ხანი იყო. ნია იჯდა და საკონტროლო წერის რვეულებს ასწორებდა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ფეთიანივით მივარდა ყურმილს. ყოველ ზარზე გიგის ხმას ელოდა.
- ალო!
- როგორ ხარ? - მამაკაცის ხავერდოვანმა ტემბრმა ლავასავით დაუწვა გულ-მუცელი.
- არა მიშავს... თავად?
- კარგად, ძალიან კარგად. რას საქმიანობ?
- რაღაც ნაწერებს ვასწორებ და...
- ხვალ საღამომდე მორჩები?
ნიამ სიცილი ვერ შეიკავა.
- ვეცდები.
- ძალიან შეეცადე, იმიტომ, რომ ხვალ საღამოს ვახშამზე გეპატიჟები, სასურველი სტუმარი უნდა იყო. ჩემი მძღოლი გამოგივლის, შენ არ იწვალო. ექვსისთვის ხომ შეძლებ?
- ჰო, რა თქმა უნდა.
- ჰოდა, მოემზადე. აბა! ნახვამდის.


***
რა პრობლემური დღე გაუთენდა! დილიდან უკვე ორჯერ დაურეკა გიგის და ორივეჯერ ავტომოპასუხე დახვდა ჩართული. შეტყობინების დატოვება არ ისურვა, უნდოდა, პირადად დალაპარაკებოდა, რადგან მასთან შეხვედრაზე წასვლა გადაიფიქრა. არა იმიტომ, რომ შეეშინდა... უბრალოდ, ცოტა გაპრანჭვა გადაწყვიტა, იქნებ უარის შემთხვევაში მამაკაცს ოდნავ მაინც მონატრებოდა იგი.
ყოველ წამს ის საღამო უტრიალებდა გონებაში. რა ზღაპრული ღამე იყო... ამაზე უკეთესს ოცნებაშიც კი ვერ ინატრებდა... გუშინაც როგორი თბილი ხმა ჰქონდა?.. მაგრამ ვითომ კარგად მოიქცა, მიპატიჟებაზე რომ დათანხმდა? არადა, უარი როგორ ეთქვა? თითქოს ჰიპნოზის ქვეშ იმყოფებოდა. როგორ გააბრუა ამ კაცმა... ამ დროს, მისი შესაფერისი სულაც არ არის, სად გიგი და სად ის... მათ შორის ერთი დიდი, პირღია უფსკრულია... ან კი რას უნდა წარმოადგენდეს ასეთი მდიდარი მამაკაცისთვის? წარმოსადეგ ბიზნესმენს რაღაც ახალი მოუნდა მისი სახით და გადაწყვიტა, ერთ რიგით მოსამსახურე გოგონასთან გართობის საათი მოეწყო. სულ ეს არის...
არა. რაც უფრო მეტს ფიქრობდა ამაზე, მით მეტად უნდოდა, საღამოს ახვლედიანს არ სტუმრებოდა. ერთი სურვილი ჰქონდა, მისთვის თვალებში ჩაეხედა და ეთქვა, ასეთი თამაში ჩემთან არ გაგივაო. თუმცა, რაღ დროსია? მოსახდენი უკვე მოხდა, დროს უკან ვერ დააბრუნებს. იქნებ ჯობს, უთხრას, რომ მეგობარი მამაკაცი ჰყავს?.. მაგრამ ტყუილის თქმა რომ არ შეუძლია? არასდროს არავინ მოუტყუებია, თავის გადასარჩენადაც კი... ასე რომ, რაც არის, არის... წავა იმ შეხვედრაზე და გიგი კარს გაუღებს თუ არა, ეტყვის, რომ სტუმრად დარჩენა გადაიფიქრა... ვითომ ამის სათქმელად მივიდა. არადა, ერთი სული აქვს, როდის ნახავს, როდის ჩახედავს მომნუსხველ თვალებში.
ამის გაფიქრებამ ცოტათი დაამშვიდა და, სკოლიდან მობრუნებული, საღამოსთვის მზადებას შეუდგა. ძალიან არ გამოპრანჭულა, სპორტულად ჩაიცვა - ჯინსის შარვალსა და ბოტასში გამოეწყო. ასეთ ფორმაშიც ხომ უნდა ნახოს ერთხელ ახვლედიანმა?
იმის გამო, რომ გიგის მძღოლს არ მოესწრო, ნახევარი საათით ადრე გავიდა სახლიდან. რატომ უნდა შეეწუხებინა უცხო ადამიანი, როცა იქ მაინც არ აპირებდა დარჩენას?

ფეხით დაუყვა ტროტუარს, მაგრამ მცირე მანძილი გაიარა თუ არა, მოულოდნელად მოიქუფრა, ელვის უსწრაფესად გაწვა ცაზე ღრუბლები და ქარი ამოვარდა. ნიამ ცას ახედა. კიდევ რამდენიმე წუთი და წვიმა დაცხებდა. ახი არ იყო მასზე? დალოდებოდა მანქანას, კაცმა პატივი სცა, მძღოლის მომსახურება შესთავაზა, თვითონ კი... ეს არათავაზიანი საქციელი იყო მისი მხრიდან, სხვა არაფერი...
- მოხვედი? - ალერსიანად ჰკითხა გიგიმ, როცა ზღურბლზე ნია დაინახა.
- მოვედი, მაგრამ დარჩენას არ ვაპირებ... იმის სათქმელად გამოვიარე, რომ ამ საღამოს შენთან ვახშმობა გადავიფიქრე... მაპატიე...
გიგიმ დაეჭვებით შეხედა. მის სანუკვარ პატარას იასავით ლურჯი თვალები საღამოს ბინდბუნდში უფრო გამუქებოდა, წვიმის წვეთები კი უცნაურად უბრწყინავდა თმაში. განხიბვლა და სიბრაზე ერთდროულად დაეუფლა მამაკაცს - როგორ ელოდა ამ მომხიბვლელ ჯადოქარს მთელი დღის განმავლობაში, ისეთი სავსე იყო მასთან შეხვედრის მოლოდინით... და რას აკეთებს? უარს ეუბნება? და მერე ვის, ახვლედიანს? არა, ის ასეთ რამეებს მიჩვეული არ არის. არასდროს არც ერთ ქალს უთქვამს უარი მასთან ახლო ურთიერთობაზე... და ნია არ იქნება პირველი, ამას არ დაუშვებს!
- ნუ დგახარ წვიმაში, შემოდი, - ისე თქვა გიგიმ, თითქოს მისი სიტყვები ვერ გაიგონაო, განზე გაიწია და გოგონას გზა დაუთმო, - არ დასველდე.
ნია უხალისოდ დაემორჩილა და ჰოლში შევიდა... მდიდრულად მოწყობილმა გარემომ უარესად გაუფუჭა ხასიათი, თითქოს სხვა, სრულიად მიუჩვეველ და უცხო სამყაროში მოხვდა.
მამაკაცი მისკენ შეტრიალდა და ისე შეათვალიერა, თითქოს აუქციონზე გამოტანილი ძვირფასი ნახატი ყოფილიყო.
- ჩემს მეგობრებს ძალიან აინტერესებს შენი გაცნობა, - თქვა და ხელი სასტუმრო ოთახისკენ გაიშვირა, - ნუთუ იმედი უნდა გაუცრუო?
- მეგობრებს? - აღელვებისგან ნიას თავბრუ დაეხვა, - მეგონა, მარტონი ვიქნებოდით... არ გითქვამს, რომ სტუმრები გეყოლებოდა, - დაამთავრა და გაფითრებულმა ენაზე იკბინა, თავისი გულისნადები ასე ადვილად რომ გასცა.
- იმედოვნებდი, რომ მარტო მე და შენ ვიქნებოდით? - მამაკაცის ხმა მსუბუქად ჟღერდა, - ეს კი არ მიფიქრია... დარწმუნებული ვიყავი, რომ გაგაფრთხილე.
და გიგი ძალიან ახლოს მივიდა მასთან. ნიას ჟრჟოლამ დაუარა. გული ისე უცემდა, თითქოს საგულედან ამოვარდნას ლამობსო... მისგან ისეთი სასიამოვნო სურნელი მოდიოდა...

- არა! - აღმოხდა მისდა უნებურად, - არაფერსაც არ ვიმედოვნებდი. მხოლოდ იმისთვის მოვედი, რომ დარჩენაზე უარი მეთქვა...
- მე მინდა, რომ დარჩე, - მისმა ხმამ მბრძანებლურად გაიჟღერა.
არა, არავითარ შემთხვევაში! შანსი არ არსებობს! მას არ სურდა გიგის მეგობრებს შეხვედროდა, თანაც ასეთ ფორმაში. ნორმალურად მაინც ჩაეცვა! რას იფიქრებდა, თუ ასე შეტრიალდებოდა სიტუაცია.
- მართლა არ შემიძლია. დიდი მადლობა, რომ მომიწვიე და კიდევ... შენი მძღოლი ტყუილად რომ შევაწუხე...
- მძღოლი? რა, მან არ წამოგიყვანა? აბა, რითი მოხვედი? - თვალები მოჭუტა მამაკაცმა და გვერდულად გახედა მობუზულ ქალს.
- ჩემით მოვედი... არ დაველოდე... მისი შეწუხება არ მინდოდა.
- აჰა, გასაგებია... ალბათ ისევ შენს სახლთან დგას და გელოდება, როდის გამოჩნდები.
- რას ამბობ! ეგ არც მიფიქრია... მაპატიე, ცუდად მოვიქეცი.
- არა უშავს, ახლავე დავურეკავ და წამოვა. შემო, შემო.
გიგის აღაფრთოვანებდა ნიას სიჯიუტე და მტკიცე ბუნება, მაგრამ უარის თქმას არ იყო მიჩვეული. გარდა ამისა, დარწმუნებული იყო, რომ გოგონა ისევე ილტვოდა მისკენ, როგორც თავად.
- არა... ხომ გითხარი, ვერ დავრჩები-მეთქი.
მამაკაცის გამჭოლი მზერა ნიას თეთრ მაისურზე შეჩერდა, რომელიც მაღალ მკერდს უფარავდა, მერე ნელ-ნელა გადაინაცვლა მის წვრილ წელზე და ჯინსის შარვლით დაფარულ თეძოებზე... მართალია, მისი ჩაცმულობა არც დიდებულ "ოტ კუტიურიეს" კოსტიუმს წარმოადგენდა და არც ყველაზე ქალურ სამოსს, მაგრამ ქალი მაინც საოცრად მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა.
- თან ისე არ მაცვია, შენს სტუმრებს რომ შეეფერება...
- არა უშავს. მათ რომ გაიცნობ, მიხვდები, რომ ამაზე ფიქრიც კი სისულელეა. აქ არავის აინტერესებს შენი ჩაცმულობა.
ნიამ პასუხი ვერ გასცა, ვერც წინააღმდეგობა გაუწია და მასთან ერთად სასტუმრო ოთახში გაუბედავად შეაბიჯა...
უზარმაზარ ოთახში შევიდა თუ არა, რამდენიმე წყვილი თვალი ერთდროულად მიაშტერდა. ნიამ იმწუთასვე ზედმეტად იგრძნო თავი. რაოდენ თბილადაც არ უნდა შეხვედროდნენ მას ეს ადამიანები, მიხვდა, რომ ისინი მას თავისიანად არასდროს დაიგულებდნენ...
გიგიმ ნიას წელზე მძლავრად მოხვია ხელი და ოდნავ წინ უბიძგა.

- მეგობრებო! ეს არის ნია და ჩვენთან იმის სათქმელად შემოიარა, რომ თურმე ვახშამზე დარჩენა არ შეუძლია. სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი მისი გადარწმუნება.
მსუბუქმა ხმაურმა გადაურბინა სუფრას. ნია ისე იყო დაძაბული, აღარაფერი ესმოდა, მხოლოდ სტუმართა სახეებს ხედავდა. ერთმა მამაკაცმა ადგილი გაუთავისუფლა თავის გვერდით, მეორემ შავი ღვინით სავსე ჭიქა მიაწოდა... ცოტაც და, ალბათ გულიც წაუვიდოდა. ამ დროს იგრძნო, როგორ მოუჭირა გიგიმ ხელზე ხელი... შეკრთა.
- მოდი, დაჯექი, - ხავერდოვანი ხმით ზედ ყურთან უჩურჩულა ახვლედიანმა.
ნია დაემორჩილა და უსუსური ბავშვივით ჩამოჯდა ვიწრო სავარძლის კიდეზე.
- ნია... რა კარგი სახელი გქვიათ, ლამაზი და იშვიათი... დიდი ხანია, გიგის იცნობთ? - ჰკითხა შუახნის შავსათვალიანმა მამაკაცმა და სალათა მიაწოდა.
- გმადლობთ... არც ისე დიდი ხანია, სულ რამდენიმე კვირა იქნება.
- სად გაიცანით ჩვენი მექალთანე ბიჭი? - არ ცხრებოდა უცნობი.
- ნიშნობაზე... - ნიას თავისი ხმა ძლივს ესმოდა.
- ოოოო! რა გაიძვერა ვინმეა ეს გიგი... რას საქმიანობთ, ნია?
- მასწავლებელი ვარ...
- მართლა? როგორ გამართლებიათ თქვენს მოსწავლეებს... ბედნიერებაა, როცა ასეთი მშვენიერება რაღაცას გასწავლის.
სუფრას სიცილმა გადაურბინა.
- რა საგანს ასწავლით? - საიდანღაც ქალის წიკვინა ხმა მოისმა.
- ინგლისურს.

- ინგლისურს? რას ლაპარაკობთ, ვერაფრით წარმოვიდგენდი... ალბათ დაწყებით კლასებში, არა? - ცინიკურად გაიჟღერა იმავე ხმამ.
- არა, მერვეკლასელებს ვასწავლი, - ნიას ხმა აუკანკალდა, ცოტაც და თვალები ცრემლით აევსებოდა.
- ღმერთო ჩემო, ისეთი მორცხვი ხართ... მიკვირს, როგორ უმკლავდებით უფროსკლასელებს? არა ვარ მართალი, გიგი?
- მისი სიმორცხვე ნუ დაგაბნევთ, ანა, - მტკიცედ გაისმა გიგის ხმა, - ამ ცხვრის ტყავში, რომ იცოდეთ, ნამდვილი ვეფხვია გახვეული.
- შეიძლება, რაღაც გითხრა? - ალეწილი ნია უცებ წამოდგა და მამაკაცს მიაჩერდა, - ცალკე მინდა დაგელაპარაკო.
- რა თქმა უნდა, - ახვლედიანმა იდაყვზე წაავლო ხელი და განზე გაიყვანა, - რაშია საქმე?
გიგი უკვე მიხვდა, რომ გოგონას აღარც ეს ვახშამი სიამოვნებდა და არც მისი სტუმრები.
- მართლა არ შემიძლია დარჩენა, უნდა წავიდე.
- არ მოგეწონა საზოგადოება, არა? - თვალებში ჩახედა.
ისედაც აჭარხლებული ნია კიდევ უფრო გაწითლდა.
- მაპატიე, მაგრამ შენი მეგობრების გარემოცვაში თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ, - ძლივს გასაგონად ჩურჩულებდა, - თავადაც ხომ ხედავ, მე მათთან საერთო არაფერი მაქვს.
- სრულებით არ აფასებ საკუთარ თავს, პატარავ. შენ მასწავლებელი ხარ, განათლებული ქალი... ნუთუ არ შეგიძლია, თავი უფრო თავისუფლად იგრძნო? აქ არავინ იკბინება.
- მომისმინე, გთხოვ... ძალიან დავიღალე... რთული დღე მქონდა... ერთადერთი, ახლა რაც მინდა, შინ წასვლა და დასვენებაა. დიდი მადლობა, რომ მომიწვიე, თუმცა ვიცოდი, რომ ეს ჩემთვის ზედმეტი იყო, ამიტომაც არ მინდოდა მოსვლა.
მამაკაცს არ უნდოდა მისი გაშვება. საკმარისი იყო, მისი მოქნილი ტანისთვის თვალი შეევლო, მის დიდრონ ზღვისფერ თვალებში ჩაეხედა და... ვნებიანი სურვილის ნაპერწკლები საოცარი სიძლიერით უკრთებოდა თვალებში.
- როდის გნახო? - იდუმალი ხმით უჩურჩულა და მასთან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა.
ნია წამით მოტრიალდა, სტუმრებს თავაზიანი ღიმილით დაემშვიდობა და სხეულის კეკლუცი რხევით გავიდა ჰოლში.
- რა ვიცი... შენ ხომ ძალიან დაკავებული ადამიანი ხარ...
- შენთან ჩემი დღის განრიგის განხილვას არ ვაპირებ. თუკი შენ თვითონ შეარჩევ დროს, როცა ჩემთან შეხვედრა მოგესურვილება, ისე გავაკეთებ, რომ ის დღე მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდეს.

გოგონამ შეხედა... გიგის თვალებში ისეთი დაუფარავი ვნება იკითხებოდა, სიამოვნებისაგან სხეული გაუხურდა. ნუთუ მისთვის ეს ასე მნიშვნელოვანია? რა ბედნიერებაა, თუ მართლა ასეა... რომელი დღე აირჩიოს? რა თქმა უნდა, როცა სკოლაში არ არის წასასვლელი... მაგალითად, პარასკევი...
- პარასკევს... პარასკევ საღამოს თავისუფალი ვარ...
- რომელ საათზე იქნები თავისუფალი?
- რა ვიცი, როცა შენ მოიცლი...
- მაშინ შემოგივლი. ექვსზე შეხვედრა მაქვს ერთ კარგ ადგილას, თან მინდა ღამისთევით დავრჩე. ვიფიქრე, შენც შემომიერთდებოდი... სანამ მე ჩემს საქმეებს დავამთავრებ, შენ სასტუმროში დაისვენებ, გაისეირნებ, შემდეგ მეც მოვალ და... რას იტყვი?
რას იტყვის? ღმერთო, რა უნდა თქვას? თანახმაა, აბა რა, მაგრამ... ღირს კი? რომ არ არის ასეთ შეხვედრებს მიჩვეული? ჯერაც სიზმარში ჰგონია თავი. ვერ დაუჯერებია, რომ იგი ვიღაცის საყვარელია... რა უჩვეულოა ეს ყველაფერი. რატომ იღუპავს თავს, რა სჭირს სამაგისო? იქნებ აჯობებს, თავი შორს დაიჭიროს მისგან, სანამ გვიან არ არის და სანამ გული უფრო არ ტკენია?
- იცი, გიგი... დიდი მადლობა, მაგრამ...
- ახლა არ მითხრა, რომ უარის თქმას აპირებ...
არა, უარის თქმა ძალიან გაუჭირდება, თუმცა... რატომ მაინცდამაინც ის აარჩია ასეთმა მდიდარმა და მომხიბვლელმა მამაკაცმა? ვერც იმას დამალავს ნია, რომ საწოლში არაჩვეულებრივად შეეწყვნენ ერთმანეთს, მაგრამ ასეთი ილუზიებით თავს ვერ ინუგეშებს. მისნაირი მამაკაცისთვის ნიასნაირი ქალი ბევრს არაფერს ნიშნავს. მას მანამდეც ბევრი ლამაზი ქალი ჰყოლია ალბათ...
არა, ამით თავის ღირსებებს კი არ უსვამს ხაზს... ის მხოლოდ ფხიზელი თვალებით უყურებს ცხოვრებას და ესმის, რომ გიგისნაირი მამაკაცები მიჩვეული არიან ქალისგან თანხმობას, ფეხქვეშ გაგებას... და მისთვის ჩვეულებრივი მასწავლებლის დათანხმება პაემანზე დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ან კი რატომ უნდა წარმოადგენდეს? ერთი ჩვეულებრივი ღარიბი გოგოა, არაფრით გამორჩეული სხვებისგან. ის არ ჰგავს იმ ქალებს, გიგის ცხოვრებას რომ ალამაზებენ... მდიდრები, ელეგანტურები, ყოველდღე რომ სალონებში დადიან... ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად პლასტიკურ ოპერაციებს ცნობილ ქირურგებთან რომ იკეთებენ... და, მიუხედავად ასეთი "მყარი" მიზეზებისა, ნია მაინც მიხვდა, რომ მას უარს ვერასდროს ეტყოდა.
- მართლა გამომივლი პარასკევს? - მოულოდნელად ჰკითხა და დაბნეულმა თმაზე ჩამოისვა ხელი.
- მე ყოველთვის სიმართლეს ვამბობ.

- არ ვიცი... რას იტყვიან ჩემი მეზობლები, შენს მანქანას რომ დაინახავენ.
- შენთვის სულერთი არ არის, სხვები რას იტყვიან?
ნიამ თავი ასწია და შეხედა. ღიმილმა ბაგე გაუპო.
- ჰო, სულერთია... ეს ხომ ჩემი პირადი ცხოვრებაა.
- ასე არ ჯობია?
- ახლა კი წავალ.
- კარგი, - თქვა გიგიმ, თუმცა მის ხმაში სინანული იგრძნობოდა, თითქოს არ ეთმობოდა ქალი.
- ხუთის ნახევარზე მოგაკითხავ, რომ ექვსზე ადგილზე ვიყოთ.
გოგონამ თავი დაუქნია და კიდევ ერთხელ შეავლო მზერა. რა არაჩვეულებრივი ვინმეა, განა შეიძლება ქალმა ასეთ მამაკაცზე უარი თქვას? როგორი ძალა იგრძნობა მასში...


***
პარასკევს დილიდან მოუსვენრობა დაეტყო. უნდოდა, რამდენიმე საათით მაინც გაეღო მაღაზია, იქნებ რამე გაეყიდა, მაგრამ ბოლოს დაეზარა და შინ დარჩა. დიდხანს არჩევდა, რა ჩაეცვა. არც უკითხავს გიგისთვის, როგორ ფორმაში წამოსულიყო. ან კი რა გარდერობი მას აქვს? მაკასავით არ ეწყოს ასი წყვილი ამოსარჩევად! აი, ამ შავ კაბას ჩაიცვამს, სადაა და ლამაზი, თანაც, გიგის იგი ამ ფორმაში ჯერ არ უნახავს... რა სულელია, თავის ძონძებში ვერ შეარჩია რამე ნორმალური? როგორ ვერაფერს იმეტებს საკუთარი თავისთვის!
ისე ნერვიულობდა, არც კი უსაუზმია, ამ დღეებში სრულებით გაუქრა ჭამის მადა. არადა, ისე კარგად გამოიყურება, ახლა გახდომა ნამდვილად არ მოუხდება. ყავას მაინც დალევს, რომ, სანამ სტილისტთან თმას დაივარცხნის, გული არ წაუვიდეს...
შუადღე გადასული იყო, სალონიდან რომ დაბრუნდა. ეთომ, ვარცხნილობის გარდა, მსუბუქი მაკიაჟიც გუკეთა. შინ მისულმა პირველად სარკეში ჩაიხედა... მოეწონა თავისი თავი, ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. გიგის აუცილებლად მოეწონება იგი, აუცილებლად.
ახვლედიანი ზუსტად ხუთის ნახევარზე მოვიდა და სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა. არ დააუსიგნალებია, ალბათ იმის შიშით, მეზობლები არ დავაინტერესოო. ნიამ ფანჯარაში გადაიხედა და ხელით ანიშნა, ახლავე ჩამოვალო, თუმცა დაბნეულმა მას მერე იმდენი იბოდიალა ოთახიდან სამზარეულოში, მაინც დააგვიანდა ჩასვლა.

ის იყო, სადარბაზოდან გამოვიდა, რომ ქვედა სართულის მეზობელს შეეჩეხა, მზიას.
- საით, ნიაკო? - ცნობისმოყვარედ შეათვალიერა შუახნის მეზობელმა.
- მეგობრებს ვხვდები... როგორ ბრძანდებით, ქალბატონო მზია? - ნაძალადევად გაუღიმა ყურებამდე გაწითლებულმა და ნაბიჯს აუჩქარა.
- შენ გელოდება, გოგონი, ეს მანქანა? - დაადევნა მეზობელმა და ახლა ლაპლაპა "აუდის" მძღოლს დაასო მზერა.
- მაპატიეთ... მეჩქარება, - კითხვაზე პასუხი აირიდა გოგონამ და მანქანას წინიდან მოუარა.
ამასობაში გიგი მანქანიდან გადმოვიდა, ნიას უკან მიჰყვა და გვერდითა სალონის კარი გამოუღო. არა, აქ არ უნდა დაებარებინა მამაკაცი. ახლა მთელი ქუჩა მასზე ალაპარაკდება. რა გულუბრყვილოა, როგორ ვერ იფიქრა?
- აგვიანებ, პატარავ, - მსუბუქი საყვედური გამოკრთა გიგის ხმაში.
რა, ბრაზობს? განა ასეთი რა დააგვიანა, ორი წუთი? დიდი ამბავი!
- მაპატიე... მეზობელმა შემაყოვნა... - თავი ამით იმართლა.
- იმედია, სერიოზული არაფერია...
- არა, უბრალოდ, გამაფრთხილა, შინ დროზე დაბრუნდიო.
გიგის გაოცება აღებეჭდა სახეზე. ნიამ ღიმილი ვერ შეიკავა.
- ვიხუმრე...

- მივხვდი... ცოტა უნდა ვიჩქაროთ, მაგვიანდება, - ცივად თქვა მამაკაცმა და კარი რბილად მიხურა.
რატომ ჰქონდა ასეთი ტონი? ნუთუ იუმორის გრძნობა საერთოდ არა აქვს? რა თქვა ამისთანა, ასე რომ მოიღუშა? ფიქრებიდან გიგის ხმამ გამოარკვია.
- აბა, როგორ ჩაიარა დღემ?
- ხმაურით, - ამოიოხრა ნიამ, - იმდენი ხალხი იყო სალონში, ერთი საათი მომიწია ლოდინმა. ასეთი რამ შაბათ-კვირასაც არ ხდება. დღეს კი... რაღაც კოშმარი იყო, ძლივს მოვასწარი თმის დავარცხნა, - ნია ცდილობდა, დაძაბულობა როგორმე მოეხსნა, მაგრამ არაფრით გამოსდიოდა. რას უშვრება ეს კაცი, როგორ აფორიაქებს მისი ყოველი გამოჩენა!
- ლამაზი ვარცხნილობა გაქვს, გიხდება, - ეს ქათინაურს ჰგავდა.
ნია გაწითლდა და მადლობის ნიშნად რაღაც ჩაიბურტყუნა ისე, თავისთვის. გიგიმ კმაყოფილი სახით გამოხედა.
არა, ეს ქალი აგიჟებს. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მოსწონს... მოსწონს კი არა, ნდომისაგან ვერ ითმენს. დღეს მთელი დღე მასზე ფიქრობდა. ვაითუ, გადაიფიქროს და შეხვედრაზე უარი მითხრასო. არა, ამას არას დიდებით არ დაუშვებდა, მაგრამ ნიასგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო. ოცდათექვსმეტი წლის განმავლობაში, გიგის ერთხელაც არ უგრძნია თავი, რამეში თავდაჯერებული არ ყოფილიყო. ამ გოგომ კი მისი თავდაჯერებულობა შეხვედრის დღიდან უცებ სადღაც გააქრო.
არადა, ყოველთვის თავს თავში ღრმად დარწმუნებული იყო. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, როცა ასეთ სერიოზულ ბიზნესს ჰკიდებ ხელს, ამდენ ხელშეკრულებას აფორმებ, ამდენ საქმიან ადამიანს ხვდები. თუ საკუთარი თავის რწმენა არ გაგაჩნია, საქმეს ვერასდროს ააწყობ. მით უფრო, როცა ქალებზეა საუბარი... არ ახსოვს ქალი, მასთან შეხვედრაზე უარი ეთქვას. ამისთვის ორი განსაკუთრებული იარაღი გააჩნდა - მამაკაცური მომხიბვლელობა და ფული, ძალიან ბევრი ფული. საკმარისი იყო, ხელი გაეშვირა მხოლოდ - ამაღამ, აი, ეს ლამაზმანი მინდა... და შეხვედრა უპრობლემოდ გვარდებოდა...
თუმცა, ეს ყველაფერი ოდნავ შორეულ წარსულში ხდებოდა. ბოლო ორი წელია, გიგი ძველებურად ვეღარ იცლიდა ქალებისთვის, მხოლოდ შემთხვევითი კავშირებისთვის თუ გამონახავდა დროს, მუდმივ პარტნიორზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო... და წამითაც არ ნანობდა ამას.
ახლა კი, ირიბად გაჰყურებდა მის გვერდით მჯდომი ქალის ბერძნულ პროფილს და გრძნობდა, როგორ სურდა მისი ჩახუტება.
- სად მივდივართ? - სიჩუმე პირველმა ნიამ დაარღვია.
- ბაზალეთზე.

- სა-ად? - ნია ყურებს არ უჯერებდა.
- ბაზალეთზე-მეთქი, რატომ გაგიკვირდა?
- იქ... იქ რა ხდება?
- კაცი, რომელიც იქ მელოდება, ერთ-ერთი სერიოზული სასტუმროს მეპატრონეა. ღამეს მასთან გავათევთ. იქვე არაჩვეულებრივი რესტორანი ფუნქციონირებს, მაგარი მზარეული ჰყავთ. რა იყო, არ ელოდი, ასე "შორს" თუ გაგიტაცებდი?
- არა, შორი სულაც არ არის, უბრალოდ, გამიკვირდა, - ხმადაბლა თქვა ნიამ და დარცხვენილმა თავი დახარა.
- ვინმე ხომ არ გელოდება შინ, გაფრთხილება ხომ არ არის საჭირო? - გამომცდელად გახედა მამაკაცმა.
- არა, არა, ვინ უნდა მელოდებოდეს, მე ხომ მარტო ვცხოვრობ... - უცნაურად შეირხა გოგონა, უხერხულობის დასაფარავად გადაწყვიტა, ფეხი ფეხზე გადაედო, ამ დროს მუხლებზე დადებული ჩანთა ძირს დაუვარდა.
ორივე ერთდროულად დაიხარა მის ასაღებად... და წამით მათი ხელები ერთმანეთს შეეხო... მამაკაცის სიახლოვემ ქალს თავბრუ დაახვია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე მომენტი იყო მის ცხოვრებაში.
გიგის მისი კოცნა მოუნდა. ამწუთას სხვა ვერაფერზე ფიქრობდა, გარდა მისი მხურვალე, ტკბილი ტუჩებისა. წარმოიდგინა, როგორ მორჩილად მიუშვერდა ეს საოცარი ქმნილება თავის ბაგეს ვნებააშლილ მამაკაცს. ისედაც უკვირდა, ამდენ ხანს როგორ შეიკავა თავი. ოღონდაც კი მანქანაში არ იყვნენ და... რა უნდა ქნას, ხომ არ გააჩერებს? სხვა გზა არ რჩება, როგორმე უნდა მოითმინოს. არც ისე გრძელი გზაა გასავლელი.
ოცდაცხრა წლის განმავლობაში ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ნია ბრმად მიენდო მამაკაცს და სიყვარულის გარეშე მასთან დაწოლას დათანხმდა.
ერთადერთხელ უყვარდა ცხოვრებაში, თვრამეტი წლის ასაკში, მაგრამ ის სიყვარული კრახით დასრულდა. ნუგზარი ერქვა იმ ბიჭს, მის პარალელურ კლასში სწავლობდა. ერთ საღამოს თავისთან მიიპატიჟა სახლში, ტკბილი სუფრა გაუშალა, ცოტა დალიეს და... გაგიჟებული ბიჭი პირდაპირ იერიშზე გადავიდა... დღესაც არასასიამოვნოდ ახსენდება ის მომენტი. რაღაც სასწაულით დაუსხლტა ხელიდან პირუტყვად ქცეულ კლასელს. ახლაც თვალწინ უდგას, ტანსაცმელშემოხეული როგორ უაზროდ გარბოდა შუაღამისას ქუჩაში... ახი კი იყო მასზე, სად მიყვებოდა, რომ მიყვებოდა? მაგრამ მაშინ გამოუცდელი იყო, მიმნდობი... იმ შეხვედრამ ისეთი ტკივილი დაუტოვა, წლების მანძილზე გული უწუხდა მის გახსენებაზე... თუმცა იმ შემთხვევამ ბევრი რამ ასწავლა.
მას მერე სათოფეზე აღარ გაკარებია მამაკაცს. თითქოს შიში გაუჩნდა მათ მიმართ, ერთი-ორჯერ თუ იყო პაემანზე, ისიც... კაფეში, კინოში შესვლაზეც კი სასტიკ უარს ამბობდა, იმის შიშით, თაყვანისმცემელმა გაუპატიურება არ დამიპიროსო.
ახლა კი... თვითონაც არ იცის, რა დაემართა. რომელ ცდუნებას ვერ გაუძლო - ახვლედიანის მომნუხსველობას, გავლენიანობას თუ სიმდიდრეს?.. იქნებ სამივეს ერთად? ამაზე ფიქრიც კი არ უნდოდა...

- აი, მოვედით კიდეც, - მხიარულად შესძახა გიგიმ და მანქანა რკინის დიდ ჭიშკართან შეაჩერა.
ორნამენტებიანი ალაყაფის მიღმა ფერად-ფერად ყვავილებში ჩაფლული თეთრი შენობა მოჩანდა, რომლის თავზე დიდი ასოებით ეწერა: სასტუმრო "გვირილა". ნიამ გარემო შეათვალიერა, საღამოს ბინდბუნდში ძალიან რომანტიკული ეჩვენა აქაურობა. გიგიმ მობილური მოიმარჯვა და ვიღაცას დაურეკა.
- გივი, აქ ვარ, ძმაო!..
ცოტა ხანში ჭიშკარს თეთრ პიჯაკში გამოწყობილი ღიპიანი მამაკაცი მოადგა. გიგი მანქანიდან გადავიდა და დამხვდურს ჯერ ხელი ჩამოართვა, მერე გადაეხვია. ნია მოთმინებით ელოდა, არ იცოდა, დალოდებოდა თუ გადასულიყო "აუდიდან". მამაკაცებმა რამდენიმე წუთს ილაპარაკეს, მერე გულიანად გაიცინეს და ნიასკენ დაიძრნენ. გოგონამ კარი გამოაღო და გადმოსვლა სცადა. გიგიმ ხელი შეაშველა.
- გაიცანი, ჩემი მეგობარი ნია... ნია, ეს გივია, ჩემი ძმა და საქმიანი პარტნიორი.
- სასიამოვნოა, ქალბატონო... - თავი მოწიწებით დაუკრა თეთრპიჯაკიანმა და გოგონას ხელზე ეამბორა.
ნიამ მოკრძალებით გაუღიმა მასპინძელს.
- წამობრძანდით, ახლავე დაგასვენებთ, - თავაზიანად წარმოთქვა გივიმ და სტუმრებს წინ გაუძღვა.
ჰოლში საოცარი სიმყუდროვე იგრძნობოდა. ისეთი სიწყნარე იყო, აფორიაქებული ნია უცებ დამშვიდდა. "რა კარგია აქ", - გაიფიქრა და წამით გიგის მიაპყრო მზერა.

- ჰო, მართლა კარგია. სწორედ ამას გეუბნებოდი, - მის ფიქრს ხმამაღლა უპასუხა მამაკაცმა.
გივიმ ადმინისტრატორს დაუძახა. მაღალმა, სათვალიანმა გამხდარმა ქალმა სანდომიანად გაუღიმა ნიას და, პატრონის მითითებისამებრ, მეორე სართულისკენ გაუძღვა გოგონას, თქვენს ნომერს გაჩვენებთო. გიგი მასპინძელთან ერთად ჰოლში დარჩა.
- მოწესრიგდი და ჩამოდი, ვივახშმოთ, - დაუძახა კიბეზე ამავალს ახვლედიანმა.
გოგონამ მორჩილად დაუქნია თავი და ტანის ნაზი რხევით გააგრძელა საფეხურების ავლა.
ნომერი ორკაციანი აღმოჩნდა. აქ ყველაფერი თეთრ ფერში იყო, კედლებიც, ფარდებიც და ავეჯიც.
- აბაზანა იქ არის, - ხელი გაიშვირა ადმინისტრატორმა გვერდითა კარისკენ, - თუ რამე დაგჭირდეთ, ამ ღილაკს დააჭირეთ თითი და მოგემსახურებიან. ამწუთას ხომ არ გჭირდებათ რამე?
- არა, გმადლობთ, არაფერი.
ადმინისტრატორი გავიდა თუ არა, ნია საწოლზე ახტა და გულაღმა გაიშხლართა. რა სასიამოვნო საღამო ელის! ახლა დაიბანს, ოღონდ ისე, რომ მაკიაჟი და ვარცხნილობა არ გაუფუჭდეს, მხოლოდ ტანზე გადაივლებს წყალს. მერე დაბლა ჩავა და თავის საყვარელთან ერთად ივახშმებს... ღმერთო, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ფილმებში... მაგრამ რამდენ ხანს? იმედია, მისი ბედნიერების ეს წუთებიც, როგორც კინოსურათებში, საათ-ნახევარს არ გასტანს და უფრო დიდხანს გაგრძელდება...

გაგრძელება

სვეტა კვარაცხელია

რომანი განახლდება ყოველდღე


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (8)
05.02.2015
დიდი ხანია ასე არ მისიამოვნებია კითხვით, როგორც სვეტა კვარაცხელიას რომანების კითხვის დროს ვისიამოვნე.
ლელა
09.12.2014
მომწონს.....
ირინა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

დასაწყისი იხილე აქ

XIV ნაწილი

კიდევ ერთხელ გაიხედა გარეთ, თვალი ხომ არ მატყუებსო... არა, ეს მოჩვენება არ იყო... ხელის კანკალით ჩამოხსნა ჯაჭვი და კარი გამოაღო...


დასაწყისი იხილე აქ

XIII ნაწილი

ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი ადგომა და წასვლაა, ყველაფერზე უარის თქმა, მაგრამ საიდან მოიპოვოს ნიამ ძალა, რომ საბოლოოდ გაწყვიტოს ურთიერთობა გიგისთან?



დასაწყისი იხილე აქ

XII ნაწილი

არ შეიძლება, ვინმემ ასწავლოს, როგორ შეინარჩუნოს საყვარელი მამაკაცი და გამუდმებით მისი დაკარგვის შიში არ აწუხებდეს?


დასაწყისი იხილე აქ

XI ნაწილი

როგორც ჩანს, ბედისწერამ მისი საბოლოოდ დასჯა გადაწყვიტა. თავი დახარა, იქნებ დევიძემ ვერ მიცნოსო...


დასაწყისი იხილე აქ

X ნაწილი

ერთ მშვენიერ დღესაც მიხვდება, რომ მას მუშაობა არაფერში სჭირდება და თავადვე იტყვის მასზე უარს



დასაწყისი იხილე აქ

IX ნაწილი

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალმა, რომელთანაც მხოლოდ ორი ღამე გაათენა, ბანგი გაურია სასმელში და მოაჯადოვა


დასაწყისი იხილე აქ

VIII ნაწილი

მისი სხეულის ყველა უჯრედი ბრმად მიიწევდა მამაკაცისკენ, სისხლი თითქოს გაავებით ეხეთქებოდა არტერიის კედლებს



დასაწყისი იხილე აქ

VI ნაწილი

ასაკოვანი, მაგრამ მდიდარი ქმარი ჰყავდა, რომელიც შარშან გარდაეცვალა და საკმაოდ სოლიდური შემოსავალი დაუტოვა


დასაწყისი იხილე აქ

V ნაწილი

ასეთი მამაკაცი ნებისმიერი ქალისთვის შეუცვლელი დასაყრდენი იქნება. წამითაც არ აშორებს გამჭოლ მზერას, რომელიც სასმელზე მეტად ათრობს.


დასაწყისი იხილე აქ

IV ნაწილი

ხომ იცოდა, რაც მოჰყვებოდა გიგისთან სასტუმროში წასვლას? რატომ გაჰყვა?


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2443 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი