წითელი ფეხსაცმელი
font-large font-small
წითელი ფეხსაცმელი

დასაწყისი იხილე აქ

IX ნაწილი

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალმა, რომელთანაც მხოლოდ ორი ღამე გაათენა, ბანგი გაურია სასმელში და მოაჯადოვა




ნია ამჯერადაც იგვიანებდა. გიგი ვერ მალავდა მოუთმენლობას, თვალები წარამარა შემოსასვლელისკენ გაურბოდა გოგონას მოლოდინში, თან უინტერესო ლაპარაკს აგრძელებდა რესტორნის დარბაზში თავშეყრილ სტუმრებთან. როგორ უნდოდა, მასთან ერთად გამოცხადებულიყო ამ საღამოზე, მაგრამ ნიამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მოგვიანებით მოვალ, ადრე გათავისუფლებას ვერ ვახერხებო.
მოთმინების ფიალა აევსო. მალულად დახედა საათს. რა მოხდებოდა, იმ სკოლის თათბირს რომ არ დასწრებოდა? ხომ შეეძლო, მისი გულისთვის გაეცდინა?
კიდევ ერთხელ გაიარ-გამოიარა, რომ დაძაბულობა დაეფარა. ნია არ ჩანდა. ბოლოს გადაწყვიტა, შეგუებოდა აზრს, რომ გოგონამ მოსვლა გადაიფიქრა და ის იყო, ბარისკენ აიღო გეზი, რომ უცებ შეამჩნია... მისი პატარა თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა...
თაკომ დაურეკა გუშინ, ძალიან ლამაზი კაბა შევარჩიეთო... გიგის ეჭვიც არ შეპარვია ამაში, მაგრამ... ასეთი სანახაობის მომსწრე თუ გახდებოდა, არ ელოდა.
კართან მდგარ სახეშეფაკლულ ნიას ოფიციანტი მიუახლოვდა და დარბაზისკენ გამოუძღვა. მას შავი აბრეშუმის კაბა ეცვა, ტანზე მჭიდროდ მომდგარი, წელს ქვემოთ კი გაშვებული. სამკუთხა ფორმის ჭრილიდან ულამაზესი თეთრი მკერდი მოუჩანდა. ფეხზე კი... ფეხზე კვლავ წითელი ფეხსაცმელი ეცვა, გიგის ნაჩუქარი წითელი ფეხსაცმელი. ახვლედიანმა ირგვლივ მიმოიხედა და შეამჩნია, რომ არამარტო თავად მოინუსხა გოგონას სილამაზით.
იგი არავის უყურებდა, ბალერინასავით ყელმოღერებულს პირდაპირ მისკენ აეღო გეზი. არ ახსოვს გიგის, ბოლოს როდის ჰქონდა ასეთი მძაფრი რეაქცია ლამაზი ქალის დანახვაზე. მათთან ყოველი მორიგი შეხვედრის შემდეგ, კმაყოფილი გადატრიალდებოდა ხოლმე საწოლში და ტკბილად იძინებდა. ახლა კი...
მეექვსე ღამეა, თვალზე რული არ ეკარება, შამფურზე წამოცმული გოჭივით ტრიალებს ლოგინში... იმიტომ, რომ ნიაზე ფიქრობს... გამუდმებით, ყოველ წუთს, ყოველ წამს... ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალმა, რომელთანაც მხოლოდ ორი ღამე გაათენა, ბანგი გაურია სასმელში და მოაჯადოვა.
მორჩა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია! დღესვე წაიყვანს თავისთან და დაიტოვებს. არანაირი არგუმენტები, არაფრით არ მოუსმენს, უარს არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს მისგან. მას სჭირდება ეს გოგო.

- მაპატიე, რომ შემაგვიანდა, - თავისი ზღვისფერი თვალები მიანათა ნიამ, - ძალიან გაიწელა თათბირი, უფრო ადრე გამოსვლა ვერ მოვახერხე. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რეორგანიზაცია ხდება და... სანამ შვებულებაში დაგვითხოვენ, ყველაფერი უნდა მოვაგვაროთ.
გიგი გაუღიმებლად, დაჟინებული მზერით მისჩერებოდა, თითქოს არც უსმენდა. ნუთუ ბრაზობს, რომ დააგვიანა? აღელდა. აბა, რა ექნა, ვინ გამოუშვებდა? ხომ არ იტყოდა, საღამოზე ვარ მიწვეულიო? მეტიც არ უნდათ სკოლაში, მაშინვე ჭორები აგორდება... ნია ლაპარაკობდა, მაგრამ გიგის მისი სიტყვები არ ესმოდა. იგი თვალებით ჭამდა გოგონას.
- რაც მთავარია, მოხვედი, დანარჩენი არ მაინტერესებს, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია, - გაღიმების გარეშე ჩაილაპარაკა მამაკაცმა, ქალს მხრებზე ხელი მოხვია და მეორე დარბაზისკენ გაუძღვა, სადაც სტუმრებისთვის სუფრა იყო გაშლილი.
ისინი ერთმანეთის გვერდით დასხდნენ. ნია ამჩნევდა, როგორი შურით აყოლებდნენ მას თვალს ქალები... ალბათ იმიტომ, რომ გიგის გვერდით იჯდა. მამაკაცი თავისი გარეგნობით და მანერებით აშკარად გამოირჩეოდა სხვებისგან. ამან გოგონა კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ ვერასდროს მიუახლოვდებოდა ახვლედიანს იმ მანძილზე, რომ მის გარშემო მყოფი ყველა ქალი დაეჩრდილა.
ნია ისე ღელავდა, ვერც კი შეამჩნია, როგორ აუკანკალდა ხელი, რომელშიც წითელი ღვინით სავსე ჭიქა ეჭირა. ის იყო, გოგონას სასმელი უნდა მოესვა, რომ მოულოდნელად მკვეთრი მოძრაობა გამოუვიდა და ღვინო ახალ კაბაზე გადაეღვარა. ნირწამხდარი შეეცადა, სველი ლაქა ხელსაწმენდით გაეწმინდა. ამ დროს გიგიმ ხელი გამოსწია და შეუმჩნევლად თეძოზე შეეხო. ნია ისე შეხტა, თითქოს ცხელი უთო დაადესო. სიამოვნების ტალღამ შხუილით დაიარა ძარღვები.
- ცოტა ხნით უნდა გავიდე, - თქვა და დამსწრეთა მზერით შეცბუნებულმა, თვალები დახარა.
გიგიც წამოდგა.

- გვაპატიეთ, - ხმამაღლა წარმოთქვა მამაკაცმა ისე, რომ კონკრეტულად არავისთვის შეუხედავს, - ჩემს თანამგზავრს დახმარება სჭირდება.
- არა, არა, იყავი, რა საჭიროა... - გაწითლდა ნია.
- საჭირო კი არა, აუცილებელია, - ჩაესმა გოგონას გიგის ჩურჩული.
ჩქარი ნაბიჯებით გაიარეს დარბაზი...
- აქ შევიდეთ, - თქვა მამაკაცმა და ყვავილებით მორთულ პატარა, კოხტა ოთახში შეუძღვა, - შეგიძლია მშვიდად მოწესრიგდე.
- შენ არ უნდა გამოსულიყავი, თვითონ მივხედავდი ჩემს თავს, უხერხულია სტუმრებთან, ჩემი გულისთვის არ ღირს... - გოგონამ წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო, ისე სწრაფად ააფარა მამაკაცმა პირზე ხელი, მეორე წელზე მოხვია და მოწყურებულად დააკვდა ტუჩებზე.
ნიას წინააღმდეგობა არ გაუწევია, სიამოვნებით დაჰყვა მამაკაცის ნებას. ძლიერ მკლავებში მომწყვდეული ნამდვილ თოჯინას ჰგავდა - უსულოს და უმეტყველოს, მორჩილს და უნებისყოფოს, რომელსაც პროტესტის გამოხატვა არ შეეძლო.
- თავბრუდამხვევად გამოიყურები, პატარავ, გასაგიჟებლად, - თავისთვის ბურტყუნებდა მამაკაცი და მის მოშიშვლებულ ყელს ტუჩებს ვერ აცილებდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ორივენი უსიტყვოდ განერიდნენ ერთმანეთს, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. აფორაჯებული ნია თავის მოწესრიგებას შეუდგა. გიგი თვალს ვერ წყვეტდა ამ მაცდუნებელ სილამაზეს. ვეღარ ითმენდა, ერთი სული ჰქონდა, როდის ჩამთავრდებოდა საღამო და განმარტოვდებოდა მასთან.
გიგი თავს ვეღარ აკონტროლებდა. არც ის ესმოდა, რაზე ელაპარაკებოდნენ სუფრასთან მსხდომნი და ვერც იმას იხსენებდა, რა პასუხს სცემდა მათ მიერ დასმულ კითხვებზე. ამწუთას არაფერი ახსოვდა ნიას გარდა და არც სურდა, რამე გახსენებოდა.
აზრი, რომელიც დღეს დილით გაუჩნდა, უფრო და უფრო მოსწონდა. ახლა სწორედ ის დრო იყო, თავისი ჩანაფიქრი სისრულეში მოეყვანა. გადაწყვეტილება საბოლოო იყო და მის შეცვლას არ აპირებდა.
- მინდა, აქედან ჩემთან წავიდეთ. რაღაცაზე უნდა მოვილაპარაკოთ.
ნიამ შუბლი შეიჭმუხნა და გრძელი, თხელი თითებით მკერდი შეისწორა, ზედმეტად რომ ამობურცულიყო კაბის ჭრილიდან.
- რაზე უნდა მოვილაპარაკოთ?

- აქ შესაფერისი არც დროა და არც ადგილი, - მის ხმაში შებოჭილობა იგრძნობოდა.
რამდენიმე წუთიც და გიგის ისე დაუმშვიდდა სახე, თითქოს არც შეხებიაო ქალს, კვლავ გულგრილი და შეუვალი გაუხდა გამომეტყველება. როგორ ახერხებს ამას? მისი შემხედვარე, ნია გაოცებას ვერ მალავდა. რა დიდი სიამოვნებით გააკეთებდა ახლა მაპროვოცირებელ სვლას, ოღონდ კი ახვლედიანის თვალებში ის ცეცხლოვანი ნაპერწკლები გაეჩინა, ვნების მოძალებისგან რამდენიმე წუთის წინ ბუშტუკებივით რომ სკდებოდნენ.
- მაგრამ ბანკეტი ხომ გვიანობამდე გაგრძელდება, ხვალ დილით კი ადრე უნდა ავდგე, სამუშაო მაქვს.
- რა სამუშაო გაქვს? ხვალ ხომ აღარ გიწევს სკოლაში წასვლა?
- სკოლაში არა, მაგრამ... - ნიამ მზერა აარიდა.
- მაგრამ რა, კიდევ სადმე მუშაობ?
- ჰო, პატარა მაღაზია მაქვს გახსნილი, - ყურები გაუხურდა გოგონას.
- მაღაზია? რისი? - ეს ახალი ამბავი იყო გიგისთვის.
- მეორადი ტანსაცმლის... ბევრი არაფერია...
- ვა! შენ აღარ ხუმრობ! ბიზნესი წამოგიწყია თურმე... დიდი ხანია? - მამაკაცმა ღიმილი ვერ შეიკავა.
- არც ისე...
- ფართი დაქირავებული გაქვს? რამდენს იხდი თვეში?
- ორას დოლარს.

- ორას დოლარს? ჰმ... გინდა, კარგი რჩევა მოგცე? დაანებე მაგ მაღაზიას თავი, ჩააბარე პატრონს და შეეშვი წვალებას. შენ მე არაფერს გაგიჭირვებ, პატარავ, გპირდები.
- არა, დიდი მადლობა, არ მინდა ვინმეზე დამოკიდებული ვიყო, - ჯიუტად გადააქნია თავი, - როცა შენით შოულობ, მაშინ აქვს გემო ფულს. აჯობებს, შინ წავიდე.
გიგი გაოგნდა. ხედავ? ეს პატარა ჯადოქარი კვლავ უარით ისტუმრებს. რას უკეთებს ეს ქალი ამისთანა კაცს? ასეთი წინააღმდეგობა არასდროს შეხვედრია სუსტი სქესისგან ცხოვრებაში. არადა, ხომ გრძნობს, ნიასაც როგორ უნდა მასთან, როგორ დნება მის მკლავებში, რატომ იფასებს თავს? უნდა, გააღიზიანოს? გამოიწვიოს, რათა უფრო ძლიერად მოიმწყვდიოს მახეში? თუ ასეა, სულაც არ სჭირდება ქალს ამისთვის ძალისხმევის გაწევა, გიგი ისედაც გაბმულია მის ხაფანგში. არა, რადაც უნდა დაუჯდეს, ამაღამ თავისთან უნდა წაიყვანოს, ვეღარ ითმენს უკვე.
- რომ გთხოვო, ხვალ მაღაზია არ გააღო-მეთქი?
- იცი, რა-ა? მარტო ამაში არ არის საქმე. დილაადრიან აუზზეც უნდა წავიდე... რამდენიმე დღე უკვე გავაცდინე, რომ არ მივიდე, აბონემენტი გამიუქმდება.
- აუზზე? რა პრობლემაა? სახლში ისეთი აუზი მაქვს... საცურაო კოსტიუმიც მომეძებნება შენისთანა სტუმრისთვის. ასე რომ, ჩემთან იცურავე, რამდენიც გაგიხარდება, - თქვა გიგიმ, მის პასუხს არ დაელოდა, გატრიალდა და გავიდა.
ერთი ამას დამიხედეთ, რა თავდაჯერებულია! ნიამ კოპები შეკრა. ამას რა ჰგონია, მის დაკრულზე ყოველთვის იცეკვებს? სულაც არა!
- მე არ მინდა შენს აუზში ვიცურაო, გიგი! მე შინ მინდა დაბრუნება და ხვალ დილით "ლაგუნა-ვერეზე" წასვლა.
მისმა მოულოდნელმა რეპლიკამ მამაკაცი ადგილზე გააქვავა. მძიმე შემოტრიალდა და თვალებში შეაშტერდა გოგონას.
- ისე ხარ ჩაციკლული შენს ჩვევებს, რომ თუნდაც ჩემი გულისთვის მსხვერპლის გაღება არ გინდა? - ცივად წარმოთქვა და წარბები უკმაყოფილოდ აზიდა.
- შეიძლება შენთვის ეს ყველაფერი სისულელეა, მაგრამ არა ჩემთვის. მაგალითად, შენ გადადებდი ჩემი გულისთვის მნიშვნელოვან შეხვედრას?
ეს უკვე გამოწვევას ნიშნავდა... იმის მაგივრად, რომ მის სიტყვებს მამაკაცი გაეღიზიანებინა, ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე.

- ნუთუ ასე ცოტა დამამტკიცებელი საბუთი გაქვს იმისთვის, თუ როგორ მსიამოვნებს შენთან ყოფნა? შენი მოფერება და ჩახუტება? ამაღამ მეც შემიძლია დავბრუნდე შინ და წავიმუშაო. კვირას ხუთი დღით ჟენევაში მივფრინავ, რათა რამდენიმე კონტრაქტი გავაფორმო, ამაზე ძალიან ბევრი ადამიანის მომავალია დაკავშირებული. მოლაპარაკებები ხანგრძლივი და რთული იქნება, ასე რომ, წინასწარ შემზადება ნამდვილად არ მაწყენდა. ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ მაინც შენთან ვამჯობინე ამ დროის გატარება. კიდევ რა უნდა გავაკეთო, რომ ჩემი გულწრფელობა დაგიმტკიცო?
ნიამ თვალები დახუჭა. ამის მერე განა შეიძლება უარი უთხრას? მისი სიამაყე და თავმოყვარეობა მოულოდნელად უკვალოდ გაქრა. თვითონაც გრძნობდა, როგორ უთრთოდა სხეული მისი სიახლოვისგან და რაც უფრო ხშირად ხვდებოდა გიგის, მით უფრო ძლიერდებოდა მის გვერდით ყოფნის სურვილი. რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს ყველაფერი? ადრე იქნება, თუ გვიან, ის მოიკლავს მისით გამოწვეულ სექსუალურ წყურვილს და მერე? რა დარჩება ნიას? მხოლოდ მისი ნაყიდი ნივთები და ღამის მოგონებები?
გოგონამ ხმამაღლა ამოიოხრა.
- თუ ასეა, წამოვალ, გიგი, მაგრამ გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ მაქვს. შეიძლება ჯერ ჩემთან შევიაროთ?
- რა თქმა უნდა.
მან კვლავ ცივად და უცხოსავით შეხედა. ნიამ ინანა, ასე რომ გაჯიუტდა. ბოლოს მაინც ხომ მოუწია დათანხმებამ?
- ჰო, მართლა... გიგი... სულ დამავიწყდა, - წამოიძახა უცებ.
- რა იყო?
- დიდი მადლობა ასეთი დიდებული კაბისთვის. მაპატიე, ისეთი აღელვებული ვიყავი...
- მიხარია, რომ მოგწონს, ძალიან მიხარია.
მეტი სიტყვა არ დასცდენიათ, უხმოდ დაბრუნდნენ სუფრასთან. ორივე კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. გიგის ისევ შემოეხვივნენ სუფრის წევრები, როგორც საპატიო სტუმარს. სწორედ ამიტომ არ უყვარდა ნიას ხმაურიანი წვეულებები. სხვისი ყურადღება მუდამ თრგუნავდა და უხერხულობის დაძლევა უჭირდა.


***
თავისუფლად მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, როცა მანქანაში აღმოჩნდა. ჯერ თავისთან შეიარეს ტანსაცმლის წამოსაღებად, მერე კი გიგის სახლისკენ გაემართნენ. გოგონას დაღლილობისგან ფეხები ეკეცებოდა. როგორც კი სასტუმრო ოთახში შევიდა, ფეხზე სასწრაფოდ გაიხადა, დივანზე დაჯდა და ყურთბალიში ხელებში ისე მოიმწყვდია, თითქოს მასზე დაყრდნობა სურსო.
- დალევ რამეს? - გიგი ბარს მიუახლოვდა.
- არა, გმადლობ. ისე დავიღალე, ახლა ერთი წვეთიც რომ დავლიო, საწოლამდე ჩემი მიტანა მოგიწევს, ისე გავითიშები.
გიგი გაღიმებული მოტრიალდა.
- შეგიძლია არაფერი დალიო, მაგრამ იდეა ძალიან მომეწონა.
ნიამ კიდევ უფრო მჭიდროდ მიიხუტა ყურთბალიში. ისე იყო დაძაბული, რომ ზურგში ჩხვლეტაც კი იგრძნო. შეეცადა, ოდნავ მოდუნებულიყო.
- რომელი იდეა? - ვითომ ვერ მიხვდა, რა იგულისხმა მამაკაცმა.
სანამ უპასუხებდა, გიგიმ ღრმად ჩაფიქრებული სახით მარტინი ჩამოისხა ჭიქაში. ნიას ჭიანჭველებმა დაურბინეს ტანში.
- ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ძალიან ბევრი მოვალეობა აკისრია, პატარავ. სიმდიდრე პასუხისმგებლობაა. რასაც უნდა ფიქრობდნენ ზოგიერთები, მე არ შემიძლია, გულზე ხელი დავიკრიფო უსაქმურობისგან და თითების გატკაცუნებით გავცე ბრძანებები. საკითხთა უმრავლესობაზე თავად მიწევს გადაწყვეტილების მიღება. მე ვცდილობ, სრულყოფილებას ყველაფერში მივაღწიო. ვერ ვიტან შუალედურ მდგომარეობას. ის, რასაც ადამიანი აკეთებს, კარგად უნდა გააკეთოს, თუ არადა, საერთოდ არ უნდა მოკიდოს ხელი. მეთანხმები?
თავის პროფესიაში ნიაც სწორედ ამას ცდილობდა - საუკეთესო ყოფილიყო, ამიტომ თანხმობის ნიშნად, თავის დაქნევის მეტი არაფერი დარჩენოდა.
- არც ისე დიდი ხანია, იმ დასკვნამდე მივედი, რომ არ არის აუცილებელი, მარტოობაში გავატარო სიცოცხლე. უფრო სასიამოვნო იქნებოდა, გვერდით მყოლოდა ადამიანი, რომელიც ცხოვრებას გამილამაზებდა. და აი, შენზე გავიფიქრე, პატარავ.
- ჩემზე? - მოულოდნელად ნიას ყელი გაუშრა. საით უმიზნებს?

- ჰო, შენზე.
გიგიმ ჭიქა ჟურნალების მაგიდაზე შემოდგა და მისკენ შეტრიალდა, თან დაკვირვებულ მზერას არ აშორებდა.
- დავიღალე ხანმოკლე, არაფრის მომცემი ურთიერთობებით. მინდა, რომ ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად... და ჩემი მუდმივი და ერთადერთი საყვარელი გახდე.
თავზარდაცემული გოგონა უაზრო თვალებით მიაჩერდა. მსგავსი რამ თავში არასდროს აზრად არ მოუვიდოდა. რა, გიგის ჰგონია, რომ იგი ამაზე დათანხმდება?
- შენ გსურს, ჩემი პატრონობა და შენახვა იკისრო? ასე გადაწყვიტე?
- რა არის იმაში ცუდი, თუკი შენზე ზრუნვას ჩემს თავზე ავიღებ?
- სულაც არ მინდა, ჩემზე ზრუნავდნენ. მე მაქვს ბინა, მაქვს სამსახური... რატომ უნდა ვთქვა მათზე უარი? ან შენთან რა უნდა ვაკეთო? თოჯინასავით მთელი დღე უსაქმოდ ვიჯდე და ველოდო, როდის გათავისუფლდები, რომ მერე ლოგინში მოგემსახურო?
რა აუტანელია ეს გოგო! გიგის გაცოფებისგან სისხლი საფეთქლებთან მოაწვა. ეს ქალი მის თავმოყვარეობას პირველი დღიდანვე აყენებდა დარტყმას. როგორ უბედავს ამდენს?
- ხვდები მაინც, რამხელა შესაძლებლობას გთავაზობ? ამაზე ნებისმიერი ქალი სიხარულით დათანხმდებოდა. კარგად დაფიქრდი, პატარავ. არაფერს გაგიჭირვებ ცხოვრებაში. ყველგან ერთად ვივლით, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. შენ მსოფლიოს მოივლი, ფუფუნებასა და განცხრომაში იცხოვრებ. რას ხედავ ამაში მიუღებელს და უმსგავსოს? ასეთი საშინელება რა დაინახე ჩემს შემოთავაზებაში?
ნია სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. მისი სათაყვანებელი მამაკაცი ვერაფერს მიხვდა. მას ჰგონია, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეუძლია, რასაც მოისურვებს. მაგრამ ის მაინც არ შესთავაზა, რაც ასე სწყუროდა ნიას გულს.
უცებ, უარესი აზრი მოუვიდა თავში. არა, ეს კაცი დასცინის. ალბათ უნდა, რომ გამოსცადოს, დათანხმდება თუ არა ნია მის წინადადებას, მერე კი გადაიხარხარებს და ეტყვის, გაგეხუმრეო.

- ეს რა, ხუმრობაა, გიგი? - ხმა შეეცვალა ფერწასულს.
- არა, პატარავ, არავითარი ხუმრობა ეს არ არის. ყველაფერი ფხიზლად ავწონე და სრულიად სერიოზულად ჩამოვაყალიბე ჩემი სურვილი.
- მაგრამ ასე ხომ არ შეიძლება! - გოგონა წამოხტა, მამაკაცს წინ აესვეტა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
- რატომ? რა არის აქ შეუძლებელი? - ყოველგვარი ემოციის გარეშე შეჰყურებდა ახვლედიანი.
ეს უფრო აშინებდა ნიას.
- შენ არ შეგიძლია ამაზე სერიოზულად ილაპარაკო. ჩვენ შორის უზარმაზარი უფსკრულია, გიგი. და საერთოდ, რაში გჭირდები? დღეს მთელი საღამოს განმავლობაში ეკლებზე ვიჯექი, ისე უხერხულად ვგრძნობდი თავს, ისე უცხოდ. ვერ ვიტან, როცა ასეთ ხმაურიან წვეულებებზე ვხვდები, რადგან ისე მათვალიერებენ, თითქოს გასაყიდი ნივთი ვიყო. ვერასდროს ვერ ვიტანდი, როცა ყურადღების ცენტრში ვექცეოდი, ახლა მით უმეტეს!
- მერე რა, არც მე ვეძებ სხვის ყურადღებას.
- ჰო, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ის თავად გპოულობს შენ. ფხიზელი გონებით შეხედე ყველაფერს. მე შენ საერთოდ არ გიხდები. არ ვარ შენი შესაფერისი, ერთი სოფლელი, გამოუსვლელი გოგო ვარ. შენ ბევრად უკეთესის შერჩევა შეგიძლია...
ნია ალბათ მის შემოთავაზებაზე წამითაც არ იტყოდა უარს, ოდნავი სიყვარული მაინც რომ ეგრძნო მის ხმაში. მაგრამ მშვენივრად ხედავდა, რომ გიგის მის მიმართ მსგავსი გრძნობის ნატამალიც კი არ გააჩნდა. ყველაფერი, რაც მათ შორის ხდება, მხოლოდ სექსუალური გატაცებაა, ხორციელი ლტოლვა და სხვა არაფერი. მათ არც ერთს არ შესწევთ ძალა, გაუმკლავდნენ ამ ლტოლვას. მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი შემდეგი ურთიერთობისათვის? გარდა ამისა, ნიას სულაც არ სურდა, დამშვიდობებოდა თავისუფლებას. დამოუკიდებლობა უფრო მეტ თავდაჯერებულობას მატებდა, ვიდრე მამაკაცთან სიახლოვე.
- მე არ ვეძებ "ბევრად უკეთესს". მე შენ მჭირდები, ნია. დაფიქრდი. არც მუშაობა დაგჭირდება და არც რამეზე წუხილი მოგიწევს, ყველაფერი გექნება, ყველაფერი, რასაც მოისურვებ. და ასე გაგრძელდება, სანამ ჩემთან იქნები. ერთადერთი, რასაც სამაგიეროდ შენგან ვითხოვ, იყავი ჩემ გვერდით, როცა დამჭირდები. ნუთუ ეს ასე აუტანელია შენთვის?
რაღაც მომენტში ნიას თითქოს შეეცოდა კიდეც გიგი. ის მართლა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეეძლო. ნუთუ თავში არასდროს მოსვლია აზრად, რომ ქალს შეიძლებოდა უბრალოდ, შეყვარებოდა იგი? თავად ის და არა მისი საფულე?
მას სურს, ნია მის გვერდით იყოს. მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი სექსი არ დააკლდეს და კიდევ იმიტომ, რომ თავის გავლენიან ნაცნობებთან მისი სილამაზით თავი მოიწონოს. სამაგიეროდ, ემოციური სიახლოვე არაფერში სჭირდება.
ნია კვლავ დივანზე ჩამოჯდა და ყურთბალიში ისევ მკერდზე მიიხუტა პატარა ბავშვივით.
- წესით, აღფრთოვანებული უნდა ვიყო შენი წინადადებით, გიგი, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს, ვიღაცის საყვარელი მერქვას. და არც სამსახურის მიტოვებას ვაპირებ. იგი მე იმაზე ნაკლებად არ მიყვარს, როგორც შენ გიყვარს შენი საქმე. ამიტომაც მას არაფერში გავცვლი.
გიგი გახევებული იდგა ერთ ადგილას და არ იძროდა. აქამდე ვერც კი წარმოედგინა, თუ ნიასნაირი ქალები არსებობდნენ დედამიწის ზურგზე.
- კარგი... მაშინ იმაზე რას იტყვი, რომ თან იმუშაო და თან ჩემთან იცხოვრო? მოვიფიქროთ, უკეთ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. ამ შემთხვევაში დამთანხმდებოდი?

გოგონას გული შეეკუმშა. სადღაც, სულის სიღრმეში სურვილი წვავდა, ნამდვილი სიყვარული ეპოვა, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ არ გაუმართლა და დამარცხდა. ის აფასებდა დამოუკიდებლობას და მხოლოდ იმ შემთხვევაში დათმობდა მას, თუკი ჭეშმარიტი, მგზნებარე სიყვარულით დააჯილდოებდა განგება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ გიგი ვერასდროს შეიყვარებს მას. ის ყველაფერს მიიღებს მისგან, მაგრამ სიყვარულს - არასდროს.
- ჯობია, დავწვეთ, - ამოიოხრა ნიამ და გიგის ხელზე შეეხო.
მართალია, მასთან გადმოსვლაზე თანახმა არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიას არ სურს მასთან ლოგინში.
გიგი გაბრუებული იდგა, მონუსხული მიჩერებოდა გოგონას. არც ერთ ქალს არ შემოუხედავს მისთვის ასე თბილად და არ გამოუწვევია მასში ვნების ცეცხლის ასე წამებში დანთება.
- ნია, შენ კარგად იცი, რომ როცა შენთან ვარ, სხვა რამეზე ფიქრი სრულებით არ შემიძლია. არსებობ მხოლოდ შენ და ერთი სული მაქვს, როდის ჩაგეხუტები, მაგრამ... ჯერ პასუხს ველი შენგან. მითხარი, ბოლოს და ბოლოს, თანახმა ხარ, ჩემთან იცხოვრო?
ნიას თვალები ცრემლით აევსო, მაგრამ ახლა მისი დამალვა არ უცდია. უმწეოდ აიჩეჩა მხრები, მწარედ ამოიკვნესა და თქვა.
- მაპატიე, გიგი, მაგრამ... ჩემი პასუხია... არა.
მამაკაცმა უხერხულად ჩაახველა. მერე, თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვაო, უცებ შეირხა, თავი უკან გადააქნია და ნაძალადევად გაიღიმა.
- წამოდი, საძინებელს გაჩვენებ. უკვე გვიანაა, დაისვენე, ხომ ხედავ, თვალები გებლიტება. დილით კი, როგორც შეგპირდი, აუზზე ჩაგიყვან, - ყინულივით ცივი იყო მისი ხმა.
აჰა, ესე იგი, მას აღარ სურს ნიასთან ერთად დაწოლა. ის მისთვის აუტანელი გახდა. წარმოუდგენია, როგორ ეზიზღება ამწუთას მამაკაცს იგი.
- გიგი, ძალიან გთხოვ, არ გინდა... ნუ მომექცევი ასე...
მიუხედავად დიდი ტკივილისა, ნიამ გაღიმება სცადა. უშნოდ დაემანჭა ტუჩები. არადა, როგორ უნდოდა, მოფერებოდა, ჩახუტებოდა მის ფართო მკერდს, ეგრძნო მისი დაკუნთული მკლავების ძალა...
- ჰმ... - სიმწრის ღიმილმა გადაურბინა მამაკაცს სახეზე, - გინდა, რომ სექსით დავკავდე შენთან, მაგრამ ჩემი საყვარლობა არ გინდა, არა?
ახვლედიანმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, რადგან მიხვდა, რომ უკვე უჭირდა თავის შეკავება. ერთი წამითაც რომ დაეყოვნებინა, ქალი მის მკლავებში ჩაესვენებოდა, მაგრამ სიამაყე და მრისხანება აიძულებდა, დაემალა თავისი გრძნობები.
ნია ყურადღებით ადევნებდა თვალს მის ყოველ მოძრაობას. გიგი თუ დათმობს, დარწმუნებულია, რომ უფრო ბობოქარი და ვნებებით სავსე ღამე ექნებათ, ვიდრე აქამდე...
მაგრამ ის დათმობას არ აპირებდა. და არ აპირებდა მანამ, სანამ თავისას არ მიღწევდა.
- წამოდი, ნია, დაწექი. თუ დაძინებას ვერ შეძლებ, იქნებ კიდევ ერთხელ იფიქრო ჩემს შემოთავაზებაზე. იქნებ ხვალ დილით ჩვენი დაწყვილების პერსპექტივა უფრო მიმზიდველი მოგეჩვენოს.
სხვა დროს ასეთ სიტყვებზე ნია აუცილებლად გასცემდა მამაკაცს საკადრის პასუხს, მაგრამ ამჯერად ხმის ამოღება ვერ შეძლო. იმდენად სასოწარკვეთილი იყო, ლამის გონება დაკარგა.
- გიგი, მე...
- დღეს მეტს აღარ ვილაპარაკებთ ამ თემაზე. აბაზანა აქ არის, საძინებელი კი აქ... ღამე მშვიდობისა, პატარავ.
მამაკაცის ტონი ისეთი შეუვალი იყო, ნიამ იძულებული გახდა, არაფერი ეთქვა და მითითებული ოთახისკენ თავჩაქინდრული გაემართა...
...აბაზანაში შესვლა არც უცდია, ახლა წყლის გადავლების სურვილი არ ჰქონდა. თავი ისე ატკივდა, თითქოს ჩაქუჩს ურახუნებდნენ კეფაში. ემოციებისგან დაცლილმა კაბა ნელ-ნელა გაიხადა და ცრემლმორეული თხელი საბნის ქვეშ შეცურდა...
მთელი ღამე თეთრად გაათენა, ან კი რა დააძინებდა! არა, მაინც ვერ იფიქრებს სერიოზულად გიგის წინადადებაზე. მერე რა, რომ მასთან ყოფნა უხარია? მერე რა, რომ გადასარევად ეწყობიან ლოგინში ერთმანეთს? ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტვირთად დააწვეს და მის ხარჯზე იცხოვროს. ასე ურჩევნია, კვირაში ერთხელ შეხვდეს და ლამაზი ღამე აჩუქოს ხოლმე. თანაც, რას იტყვიან მისი მედიდური მეგობრები? ტუჩს აიბზუებენ, ეს გომბიო გოგო საიდან გამოჩხრიკა, თავისი წრის ვერავინ იპოვაო?

ყველაფერს რომ თავი დაანებოს, რას იტყვიან მისი თანამშრომლები? სკოლაში თავი მოეჭრება, მდიდარი კაცის საყვარელი გახდაო. მთელი უბანი მასზე ალაპარაკდება - მეზობლები, კოლეგები, მოსწავლეები, ნათესავები, დაქალები... სად გამოყოს თავი? ნუთუ გიგისთვის ეს ძნელი გასაგებია? ნუთუ ამდენს ვერ ხვდება? დაიჯეროს, ყველა მდიდარი ერთნაირია? მხოლოდ თავის პრესტიჟზე ფიქრობენ, თავიანთ კარგად ყოფნაზე და წამითაც არ დაფიქრდებიან იმაზე, ასეთი მოთხოვნებით რა შავ დღეში აგდებენ გარშემო მყოფ უბრალო ადამიანებს.
ნია დარწმუნებულია, რომ მამაკაცი გულით სთავაზობს მასთან ცხოვრებას, მაგრამ ნუთუ არ შეუძლია, ერთი წამით დაფიქრდეს და გააანალიზოს, ამით რამხელა დარტყმას აყენებს ნიას პრესტიჟს? ის ხომ, პირველ რიგში, მასწავლებელია... რატომ უნდა წამოაძახოს ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცამ, ამორალური ქალი ხარო? არა, არა, ნია ამას არაფრით დაუშვებს! მართალია, მისი წინადადება ძალზე მაცდუნებელია და მართლაც არც ერთი ქალი არ იტყოდა ამაზე უარს, მაგრამ ნიას მოუწევს. მოკვდება და არ დათანხმდება. იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეუძლია. მისთვის წესიერი ქალის სახელი უფრო ძვირფასია, ვიდრე უზრუნველად ცხოვრება, პრობლემების გარეშე.
მაგრამ ამ უარით ყველაფერი ხომ არ გააფუჭა? ვაითუ, ხვალ დილით გამოუცხადოს მამაკაცმა, მშვიდობით, ნია, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდაო?! მერე? რა უნდა ქნას მერე, როგორ მოიქცეს? ამით ხომ იმ ძაფსაც გაწყვეტს, რაც მათ ახლა აკავშირებთ?
რატომ იქცევა ასე?
ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა. თან, იმედს იტოვებდა, რომ გიგი მის გარეშე ვერ მოითმენდა. ყოველ წუთს ელოდა, როდის გაიღებოდა კარი და სურვილგამძაფრებული მამაკაცი როდის შემოუწვებოდა ლოგინში...

***
რა საოცრებაა, მიუხედავად ნერვიულობისა, გამთენიისას მაინც ჩაეძინა. მკვდარივით ეძინა, ძლივს გაახილა თვალი და პირველი, რაც დაინახა, იქვე, სკამზე დადებული თეთრი საცურაო კოსტიუმი იყო.
ერთიანად მოთენთილი იყო, როცა გაიღვიძა, მაგრამ აუზში ჩავიდა თუ არა, ისეთი სიმხნევე იგრძნო, გახალისდა კიდეც. იცურაო ასე, მარტო, შენთვის, ფერადი მარმარილოს ფილებით მოპირკეთებულ აუზში, ნამდვილი ნეტარებაა. აი, რაშია მდიდარი ადამიანების უპირატესობა... უნდა აღიაროს ეს.
- დილა მშვიდობისა, ნია.
წყალზე გულაღმა გაწოლილმა თვალები გაახილა და მისკენ მომავალი გიგი დაინახა - მაღალი, მხრებგაშლილი, შეუვალი მზერით, თავისი მანერებით სიძლიერისა და მბრძანებლობის აურას რომ ასხივებდა... შეამცივნა მის დანახვაზე, წყალში გასწორდა და სველ თმაზე გადაისვა ხელი.
- დილა მშვიდობისა.
- იმედია, კარგად გეძინა?
მამაკაცი ირონიის დამალვას არ ცდილობდა. ნია კი ვერ ახერხებდა მისი ნახვით გამოწვეული ემოციის დაფარვას.
- ჰო, რა თქმა უნდა, მშვენივრად გამოვიძინე, - მისი ხმა გამომწვევად ჟღერდა, თუმცა არც ისე გაბედულად.
გიგი თვალს ვერ წყვეტდა ქალის არაჩვეულებრივ სხეულს, თეთრად რომ ლივლივებდა ცისფერ წყალში. თავად ძალიან ცუდად ეძინა. შუაღამისას იძულებული გახდა, ცივი შხაპი მიეღო, მაგრამ არც ამან უშველა და გამთენიისას ეზოში უაზროდ ხეტიალი გადაწყვიტა. ჭკუიდან შლიდა ის აზრი, რომ ნია სადღაც აქვე, ერთი ხელის გაწვდენაზე ეგულებოდა და მაინც მიუწვდომელი იყო მისთვის. ცოტათი მაინც თუ დაფიქრდა მის წინადადებაზე?
მთელი ღამის უძინარი განადგურებული იყო.
ახსოვს, როგორ ასწავლიდა ბავშვობაში მამა, ემოციებს არასდროს აჰყვეო. ასეც იქცეოდა და ყოველთვის მიაჩნდა, რომ ეს საუკეთესო მეთოდი იყო... მაგრამ ახლა ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც არ იყო მიჩვეული. ამ სიფრიფანა არსებამ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. ერთი დღეც ვეღარ ძლებდა მის უნახავად. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, მუდმივად გვერდით ჰყოლოდა.
- საუზმეზე რას იტყოდი? - გიგი კიბესთან ჩამოჯდა და შარვლის ტოტები აიკაპიწა.
მხოლოდ ახლაღა მიხვდა ნია, როგორ მოშიებოდა. გიგიმ პირსახოცი გაუწოდა და როცა გოგონამ წყლიდან ამოსვლა დაიწყო, ხარბად მიაშტერდა მის სრულყოფილ სხეულს.
ნია სუნთქვაშეკრული მიუახლოვდა, იმ იმედით, რომ მამაკაცი ვერ მოითმენდა და დილის კოცნით დააჯილდოებდა, მაგრამ იგი ადგილიდან არ დაძრულა.
- საუზმე სასადილო ოთახშია გაშლილი, - მამაკაცი წამოდგა, - დერეფნის ბოლოში, მარცხნივ, შემდეგ კი მარჯვნივ. იქ დაგელოდები, - თქვა და უკანმოუხედავად წავიდა.

გაგრძელება

სვეტა კვარახელია

რომანი განახლდება ყოველდღე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (5)
12.12.2014
რა კარგები და ბუტიები არიააან..
ირინა
11.12.2014
ვა ანა შენ ა ხუმრობ მართლა ესეთი ამბავი გადაგხდაა????
ელლ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

დასაწყისი იხილე აქ

XIV ნაწილი

კიდევ ერთხელ გაიხედა გარეთ, თვალი ხომ არ მატყუებსო... არა, ეს მოჩვენება არ იყო... ხელის კანკალით ჩამოხსნა ჯაჭვი და კარი გამოაღო...


დასაწყისი იხილე აქ

XIII ნაწილი

ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი ადგომა და წასვლაა, ყველაფერზე უარის თქმა, მაგრამ საიდან მოიპოვოს ნიამ ძალა, რომ საბოლოოდ გაწყვიტოს ურთიერთობა გიგისთან?



დასაწყისი იხილე აქ

XII ნაწილი

არ შეიძლება, ვინმემ ასწავლოს, როგორ შეინარჩუნოს საყვარელი მამაკაცი და გამუდმებით მისი დაკარგვის შიში არ აწუხებდეს?


დასაწყისი იხილე აქ

XI ნაწილი

როგორც ჩანს, ბედისწერამ მისი საბოლოოდ დასჯა გადაწყვიტა. თავი დახარა, იქნებ დევიძემ ვერ მიცნოსო...


დასაწყისი იხილე აქ

X ნაწილი

ერთ მშვენიერ დღესაც მიხვდება, რომ მას მუშაობა არაფერში სჭირდება და თავადვე იტყვის მასზე უარს


დასაწყისი იხილე აქ

VIII ნაწილი

მისი სხეულის ყველა უჯრედი ბრმად მიიწევდა მამაკაცისკენ, სისხლი თითქოს გაავებით ეხეთქებოდა არტერიის კედლებს


დასაწყისი იხილე აქ

VII ნაწილი

აი, სწორედ შემდეგ შეხვედრას დაერქმეოდა პაემანი და ნია ისე იგრძნობდა თავს, როგორც ყურებამდე შეყვარებული



დასაწყისი იხილე აქ

VI ნაწილი

ასაკოვანი, მაგრამ მდიდარი ქმარი ჰყავდა, რომელიც შარშან გარდაეცვალა და საკმაოდ სოლიდური შემოსავალი დაუტოვა


დასაწყისი იხილე აქ

V ნაწილი

ასეთი მამაკაცი ნებისმიერი ქალისთვის შეუცვლელი დასაყრდენი იქნება. წამითაც არ აშორებს გამჭოლ მზერას, რომელიც სასმელზე მეტად ათრობს.


დასაწყისი იხილე აქ

IV ნაწილი

ხომ იცოდა, რაც მოჰყვებოდა გიგისთან სასტუმროში წასვლას? რატომ გაჰყვა?


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2443 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი