წითელი ფეხსაცმელი
font-large font-small
წითელი ფეხსაცმელი
დასაწყისი იხილე აქ

XI ნაწილი

როგორც ჩანს, ბედისწერამ მისი საბოლოოდ დასჯა გადაწყვიტა. თავი დახარა, იქნებ დევიძემ ვერ მიცნოსო...




ერთი საათის შემდეგ მანქანა უკვე ვაკისკენ მიქროდა. ნია გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქით, ნეტავ სად უნდა დაელიათ ყავა? რატომ შარდენზე არ წაიყვანა? იქ ხომ უამრავი კაფე-ბარია, რატომ მაინცდამაინც აქეთ?
- სად მივდივართ? - ვეღარ მოითმინა ბოლოს.
- მინდა რამე სამკაული გიყიდო, რათა ჩვენი მოლაპარაკება უფრო გავამყარო. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
გოგონა ამას არ ელოდა. რამდენიმე წუთი დასჭირდა, რომ ამ აზრს შეჩვეოდა. გუშინ ისეთი მოქუფრული დახვდა, ეგონა, საერთოდ უარს იტყოდა მასთან ურთიერთობაზე, ახლა კი...
- გუშინდელს მერე მეგონა, რომ...
- რა გეგონა? - სვლა შეანელა მამაკაცმა და გვერდულად გახედა.
- აღარ მოისურვებდი ჩემთან ყოფნას.
გიგიმ სიცილი ვერ შეიკავა.
- მაგრამ ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ! და არ ვაპირებ ამ მოლაპარაკების ჩაშლას. მე ეს არ მინდა.
- იქნებ, სანამ საჩუქარს გამიკეთებდე, გვესაუბრა ჩვენზე?
- რაზე უნდა ვისაუბროთ, პატარავ? ხომ ვიცით, რომ გვსურს ერთად ყოფნა, ვგრძნობთ ერთმანეთს. მინდა, რომ რაც შეიძლება მალე გადმოხვიდე ჩემთან.
- სწორედ ამაზე გელაპარაკები, გიგი! შენ ისე იღებ გადაწყვეტილებებს, არც მეკითხები, ვარ თუ არა თანახმა. არანაირი ძვირფასეულობა არ მინდა, გეფიცები. წავიდეთ, ყავა დავლიოთ.
- რა სასწაული ქალი ხარ, რა გჭირს! ვერაფრით შევძელი, რომ გასიამოვნო! - გაღიზიანებულმა წამოიძახა და მოულოდნელად დაამუხრუჭა.
ნია შეკრთა. ახვლედიანი იმაზე ბრაზდებოდა, რომ ვერ მიიღო ის, რაც სურდა. არადა, რომ ეთქვა, ძალიან მჭირდები, ნია, შენ ჩემთვის სულერთი არ ხარ... მაშინ სიამოვნებით დათანხმდებოდა. ის კი არა, ერთი პერიოდი ისიც გაიფიქრა, რომ მომავალში გიგი მის შეყვარებას შეძლებდა... თუმცა ამწუთას მის სახეზე მხოლოდ წყენა იკითხებოდა და სხვა არაფერი.
- ნუ მიბრაზდები, გთხოვ... შენ ჩვენს ურთიერთობას ძალიან პრაგმატულად უდგები, გიგი, მე კი ასე არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულში მარცხი ერთხელ უკვე განვიცადე, მაინც ვოცნებობ ჭეშმარიტ გრძნობაზე... და ჩემთვის სულერთია, როგორი იქნება ის, ვინც შემიყვარებს - მდიდარი თუ ღარიბი. შეიძლება ძალზე გულუბრყვილოდ მოგეჩვენოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ ეს ერთადერთია, რაც გულით მინდა. მაკას თუ დავუჯერებთ, ჩემი შემცვლელის პოვნა არ გაგიჭირდება, ძალიან ადვილად შეძლებ, გადაერთო სხვაზე. მე აქ ჩამოვალ, თუ შეიძლება! - და სანამ მამაკაცი გონს მოეგებოდა, გაჩერებული მანქანიდან ელვის უსწრაფესად გადმოხტა.
ახვლედიანმა ღრმა ამოიხვნეშა და თვალი გააყოლა თითქმის სირბილით მიმავალ გოგონას. გონებაში მის სიტყვებს აანალიზებდა. უთხრა, პრაგმატული ხარო... მე სიყვარული მჭირდება და არა აქვს მნიშვნელობა, ჩემი შეყვარებული ღარიბი იქნება თუ მდიდარიო... ნიას ბოლო ფრაზამ თითქმის ბოლო მოუღო. მას ძალიან უნდოდა, გოგონას შეყვარებოდა იგი. ამას ახლაღა მიხვდა, თითქოს ნიას სიტყვებმა აუხილა თვალი. აი, თურმე რა სურს... ნიას სიყვარული... ის დაიღალა მარტოობისგან. მას არ ჰყოფნიდა სითბო და სწორედ ამას ეძებდა მასში.
მაკა რატომ ახსენა? გამოდის, მასზე საუბრობდნენ? საინტერესოა... არა, ნიას დაკარგვას იგი ვერ შეეგუება, ამას არ დაუშვებს. ახლა წავა თავის სასტუმროში, ცოტა გულს გადააყოლებს, ნიასაც დააცლის, სანამ სიბრაზე გადაუვლის. საღამოს კი, როცა დამშვიდდება, შინ გაუვლის და რესტორანში წაიყვანს. იმედია, გოგონა უარს არ ეტყვის ამაზე.


***
ექვს საათზე გიგიმ დაურეკა ნიას, თბილად მოიკითხა, თითქოს რამდენიმე საათის წინ მათ შორის არაფერი მომხდარიყოს და რესტორანში დაპატიჟა, თან დააყოლა, ნახევარ საათში გამოგივლიო. იმდენად მოულოდნელი იყო მამაკაცის ზარიც და შემოთავაზებაც, გოგონამ უარი ვერ შეჰბედა.
ზუსტად ნახევარ საათში გიგი ნიას სადარბაზოსთან იდგა. ქალმა ფანჯრიდან ანიშნა, ცოტა ხნით ამოდიო, თავად კი სარკის წინ დაჯდა, რათა მაკიაჟი გაეკეთებინა. გული უცნაურად უცემდა.
- კიდევ არ ხარ მზად? რას აკეთებდი ამდენი ხანი? - სტაჟიანი ქმარივით უსაყვედურა ახვლედიანმა.
ნიამ სარკიდან გახედა ღიმილით.
- თითქმის მოვრჩი, ნუ მაჩქარებ, თორემ წამწამები ტუშით დამეთხაპნება და მაკიაჟის თავიდან გაკეთება მომიწევს.
- შენ არანაირი მაკიაჟი არ გჭირდება, პატარავ, ისედაც ლამაზი ხარ.
- მაგრამ მაკიაჟი ქალებს გვეხმარება, ხაზი გავუსვათ იმას, რაც საუკეთესო გვაქვს და ამავდროულად, ყველა ნაკლი დავმალოთ.
- შენ ნაკლი არა გაქვს, სიხარულო, მაგრამ თუ თვლი, რომ ეს აუცილებელია, ითხიპნე, რამდენიც გაგიხარდება, - გიგის ხმაში მხიარული ნოტები აშკარად იკვეთებოდა.
- სად მივდივართ?
- სასტუმრო "გოლდ სტარში", ნომერი უკვე დავჯავშნე.
- შენთან არ ჯობდა?
- არა, მინდა უცხო, თან მდიდრულ გარემოში შეგიგრძნო... იცოდე, ამაღამ ძილი არ გიწერია და აქედანვე შეეგუე ამას.
ნიას ბედნიერების ღიმილმა გადაურბინა სახეზე. რა კარგია, ასეთ ადგილას ადრე არასდროს ყოფილა. არც ისე ცუდი ყოფილა მდიდარი კაცის საყვარლობა თურმე...


***
აივნის კიდეში მდებარე მაგიდა შეარჩიეს. აქედან ლამაზად მოჩანდა ლამპიონებით განათებული მტკვარი და ეკლესია, რომელიც მდინარეს გადაჰყურებდა. ის იყო, გიგიმ მენიუ გადაათვალიერა და ოფიციანტს ხელით ანიშნა, შეკვეთა მიიღეო, რომ... წამით სახე გაუქვავდა. ნიამ მის მზერას თვალი გააყოლა და გაფითრდა... რამდენიმე მეტრში, აივნის მეორე ბოლოში, მდიდრულად გაწყობილ სუფრასთან, კახა დევიძე იჯდა მაკასთან და თავის მეგობრებთან ერთად.
- გისმენთ, - ბლოკნოტმომარჯვებული ოფიციანტი მათ მაგიდას მოუახლოვდა.
- იცით? ჩვენ გადავიფიქრეთ, სხვაგან ვამჯობინეთ წასვლა, - თავაზიანად განუცხადა გიგიმ ბაფთიან მამაკაცს და ნიას ხელი გაუწოდა, ჩვენი წასვლის დროაო.
- ნიაკო! ვერ ვიჯერებ, ნუთუ ეს შენ ხარ? - ქალის წკრიალა ხმამ ზედ ყურთან გაუწუილა გიგის, - ძლივს გიცანი!
მაკამ ნია გადაკოცნა და ცნობისმოყვარე მზერა გიგიზე გადაიტანა.
- ეს არის ჩვენი ლეგენდარული ახვლედიანი? არ მიკვირს, უარი რომ არ თქვი მასზე! შეიძლება ითქვას, შენ ჯეკპოტი მოიგე, საყვარელო! ჭკვიანი მყავხარ! - კეკლუცად შენიშნა მაკამ და ხარბად გაუღიმა მამაკაცს.
- გამარჯობა! მე მაკა ვარ, ნიას მეგობარი.
- გიგი, - ჩაილაპარაკა მამაკაცმა, წამოდგა და ქალს ხელი გაუწოდა.
ნიას ერჩივნა, მიწა გასკდომოდა და შიგ ჩავარდნილიყო. ალმურმა აჰკრა სახეზე.
- ძალიან მიხარია, ნია რომ თქვენ გვერდითაა. ვერ წარმოიდგენთ, რამდენს ვეჩიჩინებოდი, რომ ასეთი ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ ვერ დავითანხმე. ნამდვილი იდიოტივით იქცეოდა. კიდევ კარგი, ჭკუაზე მოვიდა. მიხარია, მართლაც მიხარია. თქვენნაირი მამაკაცი ყველა პრობლემის გადაწყვეტას ნიშნავს!
- განა ნიას პრობლემები აქვს? - ნაძალადევად გაიღიმა გიგიმ და მაკას ანიშნა, დაბრძანდითო.
მაკა ისე იყო აღტყინებული, ნიას შეშინებულ თვალებს ვერც ამჩნევდა. არადა, გოგონა მზერით ემუდარებოდა მეგობარს, გაჩუმებულიყო. გაფითრებული ერთიანად ცახცახებდა. ყოველივე ამას ისიც დაემატა, რომ გოგონამ მათკენ მომავალი კახა დევიძე დაინახა. როგორც ჩანს, ბედისწერამ მისი საბოლოოდ დასჯა გადაწყვიტა. თავი დახარა, იქნებ დევიძემ ვერ მიცნოსო... იმ საღამოს მერე ხომ ძალიან გამოიცვალა ნია, სულ სხვანაირი გახდა.
- ბატონო გიგი! - რუსული აქცენტით დაიროხროხა კახამ, - რა შეხვედრაა!
ახვლედიანმა მოსულს მხოლოდ თავი დაუქნია. ერთხანს ორივენი თვალებით ზომავდნენ ერთმანეთს, თითქოს ორთაბრძოლისთვის ემზადებიანო. ნიას ნერვები სიმებივით დაეჭიმა.

- ახლა მაინც არ ხარ საკუთარ კაზინოში, ძმობილო, - ირონია გაისმა დევიძის ხმაში.
მაკა მხარზე ჩამოეკიდა თავის საყვარელს და აღტაცებული მზერით მიაჩერდა ახვლედიანს.
- არა, მაგრამ მე ამ რესტორნის მფლობელსაც კარგად ვიცნობ, - ყინულივით ცივი ხმით უპასუხა გიგიმ და ორაზროვანი ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე.
კახამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს სწორედ ასეთ პასუხს ელოდაო, მერე კი ნიასკენ შეტრიალდა და დამცინავად დააშტერდა.
- უმაღლესი კლასის "ნაშაა", ვერაფერს იტყვი, - თავი დააკანტურა დევიძემ და ნიშნისმოგებით გიგისკენ მოატრიალა თავი.
ნია წამით ვერც მიხვდა, რა მოხდა და როცა გაიაზრა, დაინახა, რომ დევიძე იატაკზე ეგდო. ახვლედიანის მუშტი მამაკაცს პირდაპირ ცხვირში მოხვდა და ნოკაუტში ჩააგდო.
მთელ დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა... ათობით წყვილი თვალი მათ მისჩერებოდა. ცოტა ხანიც და... რესტორნის მომსახურე პერსონალი, დიდიან-პატარიანად მათი მაგიდის გასწვრით ჩამწკრივდა.
- მშვენიერი დარტყმაა, - თქვა ერთმა და იატაკზე გაშოტილ დევიძეს დახედა.
- იქნებ გაიტანოთ ეს კაცი აქედან, - ისე თქვა გიგიმ, არავისთვის შეუხედავს.
- მგონი, სასწრაფო დახმარების გამოძახება მოგვიწევს, - წამოიძახა ერთმა ახმახმა და სხვებს გადახედა.
- თუ შეიძლება, ახალგაზრდა ლედი ჩემს მანქანამდე მიაცილეთ, - გიგიმ იქვე მდგარ პატარა ბიჭს გასაღები მიაჩეჩა, მისი ხმა მბრძანებლურად ჟღერდა.
ბიჭმა მორჩილად დაუქნია თავი და ნიასთან ერთად გასასვლელისკენ გაემართა.
ამასობაში დევიძეც გაიტანეს. მაგიდასთან მხოლოდ მაკა და გიგი დარჩნენ ერთმანეთის პირისპირ.
- თქვენ კი, ქალბატონო, - მშვიდი ხმით დაიწყო მამაკაცმა, - ერთ კარგ რჩევას მოგცემთ. შეეშვით ამ არაკაცს და სადმე ზღვისპირა ქალაქში გადაბარგდით დასასვენებლად. იქ აუცილებლად გამოჩნდება ისეთი ვინმე, ვინც თქვენი გულის მონადირებას შეძლებს... - მერე საფულე ამოიღო, გახსნა და ორმოცდაათლარიანი კუპიური იქვე მდგარ ახალგაზრდა ოფიციანტს გაუწოდა.
- ამ ქალბატონისთვის ტაქსი გამოიძახეთ, თუ შეიძლება.
მაკა უფრო ახლოს მივიდა მასთან, მაჯაში ხელი ჩაავლო და უთხრა.
- მიხარია, ნია რომ ასე დაჭკვიანდა და იპოვა ისეთი ადამიანი, როგორიც შენ ხარ. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ მოინდომებდა, აუცილებლად მიზანში გაარტყამდა. ასეთი გარეგნობით მას ნებისმიერი კაცის გაგიჟება შეუძლია. სიმართლე გითხრა, მშურს კიდეც მისი, ასეთი მამაკაცი რომ იპოვა - მდიდარი და ლამაზი! ვერ წარმოიდგენ, დღევანელობაში როგორი ძნელია ასეთების მოძებნა! იმაზე ჭკვიანი ყოფილა ნია, ვიდრე მეგონა. თავისი პრობლემების გადასაჭრელად საკმაოდ მსუყე ლუკმისთვის მიუგნია!

გიგის ნაკვთი არ შერხევია სახეზე, იდგა და მდუმარედ უსმენდა ქადაგად დავარდნილ ქალს.
- ისე, თქვენნაირზე რომელი ქალი იტყოდა უარს! - გადაიკისკისა მაკამ.
- ვიმედოვნებ, ეს ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა იქნება, ქალბატონო, - თქვა ბოლოს მამაკაცმა, თავი დაუქნია მაკას და მტკიცე ნაბიჯებით გაერიდა...
- ესე იგი, მაკაა ის ქალი, რომელმაც შენი თავი კახა დევიძეს შეტენა? - გულგრილად იკითხა, როგორც კი მანქანაში ჩაჯდა და ნიას გამომცდელად შეხედა.
- მე არავისთვის შევუტენივართ. მგონი, უკვე გითხარი, რა როგორ იყო, - იწყინა გოგონამ.
- ჰო, ალბათ ზედმეტად ცუდი შედარება გამოვიყენე, - სარკაზმი იგრძნობოდა მამაკაცის ტონში, - ვეჭვობ, იგი პატივს სცემდეს თავის ბოზებს.
- არ გაქვს ასე ლაპარაკის უფლება! მაკა ბოზი არ არის! - ქალს ნიკაპი აუკანკალდა.
გიგიმ ჩაახველა. ამწუთას იგი გაბოროტებული იყო. გაბოროტებული იმით, რომ იმ არამზადა დევიძემ ნიას დამცირება გაბედა. კიდევ იმით, რომ ნია მაკას თავისი საყვარლის თვალყურის დევნებაში დაეხმარა. ან კი რაში სჭირდება ასეთი მეგობარი? ქალი, რომელიც არაფრით განსხვავდება ცირკის მეძავისგან.
- ის ქუჩაში არ დგას, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, ბოზი იყოს. სხვანაირად რა შეიძლება მისნაირს უწოდო? - თავს ვერ იკავებდა გიგი.
ნიამ პასუხი არ გასცა, ოდნავ შეაქცია ზურგი. არ უნდოდა ახლა მაკაზე ეფიქრა, არც კახა დევიძეზე. არაფერზე არ უნდოდა ეფიქრა, რაც ამ საზიზღარ საღამოს მოაგონებდა. ღმერთო, გიგი მაინც შეწყვეტდეს ამ თემაზე საუბარს.
- აბა! - გაააგრძელა ახვლედიანმა, - შენ როგორ უწოდებდი მას? იქნებ კახპას?
- არ მინდა მაკაზე ლაპარაკი!
- არა? მართლა? არადა, მას როგორ უნდოდა, შენზე ელაპარაკა! - მამაკაცს ხმა შეეცვალა, თითქოს იწვევდა ქალს.
ამწუთას ნიას ის გიგი გაახსენდა, პირველად რომ გაიცნო. მაშინაც სწორედ ასეთი ტონით ელაპარაკებოდა. მაშინ გოგონას საკმაო დრო დასჭირდა იმისთვის, რომ თავისი წესიერება დაემტკიცებინა. ახლა კი არ აპირებდა თავის მართლებას.
- შენ მას, როგორც მეგობარს, დიდი სამსახური გაუწიე და მისი საყვარლის პარტნიორობა იტვირთე.
- არა, ეს ასე არ ყოფილა, გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს!
- ნუთუ არ გაინტერესებს, შენმა ძვირფასმა დაქალმა რა მითხრა შენზე? სხვათა შორის, ძალიან ბევრი საინტერესო რამ.
ნიამ მძიმედ მოაბრუნა თავი და მრისხანე მზერა ესროლა.
- რას გულისხმობ? - უმწეოდ იკითხა.
- ჩემთან რატომ ხარ, ნია?
- რა-ა?
- მშვენივრად გაიგონე, რაც გკითხე. რატომ ხარ-მეთქი ჩემთან. რა გაკავებს, რომ ჩემ გვერდით იყო? - გიგისთვის აუცილებელი იყო, პასუხი მოესმინა. დადგა დრო, გაირკვეს, რას ნიშნავს ეს ქალი მისთვის და თვითონ რას წარმოადგენს ნიასთვის. მას პასუხი სჭირდება და მიიღებს კიდეც.
ქალმა ტუჩი მოიკვნიტა და ანერვიულებულმა მანქანის დაბურულ მინას მიადო თავი.
- ამაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს. შენ მშვენივრად იცი, რატომაც ვარ აქ.
- ნუთუ? მე კი მინდოდა, შენგან მომესმინა ეს. მითხარი, რატომ გინდა ჩემთან დარჩენა, გოგონი?
"იმიტომ, რომ მე ის ქალი ვარ, რომელიც შენ გსურს", - გაიფიქრა თავისთვის.
მოულოდნელად რაღაც აზრმა გონება გაუნათა. ნელა შემოტრიალდა მამაკაცისკენ, ერთხანს თვალმოუშორებლად უყურა, მერე მაცდური ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე.

- გამეცი პასუხი, მაჩვენე, რატომ ხარ ჩემთან, - არ ეშვებოდა მამაკაცი.
უეცრად გოგონას გამომეტყველება შეეცვალა, სახის ნაკვთები გაუმკაცრდა, ღიმილი გაუქვავდა, თვალები დაუწვრილდა... შემდეგ ხელები გადაიჯვარედინა, კაბის ბოლოებს თითები ჩასჭიდა და ერთი მოძრაობით ტანთ გაიხადა... მთვარის შუქზე მისი სავსე მკერდი კიდევ უფრო თეთრად აქათქათდა.
- აი, ამიტომ, - დაიჩურჩულა ქალმა, - მხოლოდ ამიტომ.
გიგი მიხვდა, მის გამოწვევას გოგონამ გამოწვევითვე უპასუხა. უნდოდა, ძალიან უნდოდა, თავი შეეკავებინა, მაგრამ ისეთი ძლიერი ცდუნების წინაშე აღმოჩნდა... მიხვდა, ვერ შეძლებდა.
წამიც და ჟინმორეული მამაკაცი მის შიშველ მკერდს დააცხრა...
- ღმერთო, რას მიშვრები, პატარავ, ხვდები მაინც? - ბურტყუნებდა თავისთვის და მოწყურებული კოცნიდა ქალს ყველგან, სადაც მოუხვდებოდა.
ნიას ხმა არ ამოუღია, მან სიტყვების გარეშე დაამტკიცა, რისთვისაც არჩია მის გვერდით ყოფნა...
გონებაგაფანტულმა გიგიმ ძლივს მიაღწია სახლამდე, ვნება ჯერ კიდევ ბობოქრობდა, მის ტუჩებს შემორჩენილი ქალის სურნელი ჯერ კიდევ თავბრუს ახვევდა, მაგრამ... ეჭვები მოსვენებას უკარგავდა. მაინცდამაინც ვერ დააკმაყოფილა ნიას "პასუხმა", უფრო მეტს ელოდა მისგან.
ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ, ისე შევიდნენ სახლში. მამაკაცმა ქალს ხელი ჩასჭიდა და ბუხართან მდგარ სავარძელში ჩასვა, თვითონ წინ დაუჯდა და თვალებში ჩააცქერდა.
- ნია! - მისდა უნებურად აღმოხდა, რადგან ახლა ნამდვილად არ აპირებდა მასთან არასასიამოვნო დიალოგის გამართვას, მაგრამ ამავდროულად, არც გაჩუმება შეეძლო.
გოგონა თვალებდახრილი იჯდა, ოდნავაც არ შერხეულა. გიგი მიხვდა, რაოდენ დაძაბული იყო იგი.
- რას გულისხმობდა მაკა, როცა შენს პრობლემებზე ლაპარაკობდა?
ნიამ შეშინებული მზერა მიაპყრო.
- რომელ პრობლემებზე?
- რომელთა გადაჭრაც მე შემძლებია თურმე!
ნიამ იგრძნო, რომ რამდენიმე წამში რეალური ზღაპარი დასასრულს მიუახლოვდებოდა და სასოწარკვეთილმა თვალები დახუჭა.

***
ნია კიდევ უფრო დაიძაბა. კარგა ხანს ჩუმად იჯდა, შემდეგ, როგორც იქნა, ძალა მოიკრიბა და ხმადაბლა თქვა.
- მაკას მიაჩნდა, რომ მე მამაკაცი მჭირდებოდა... მისი აზრით, ჩემი სიმარტოვე დასანანი იყო.
ის იტყუებოდა. გიგი მაშინვე მიხვდა ამას. რაც ერთმანეთს ხვდებოდნენ, საკმაოდ კარგად გაიცნო იგი. გულზე თითქოს რაღაცამ მოუჭირა. ნიამ იგრძნო, რაც ხდებოდა მამაკაცის თავს და სიტუაციის განმუხტვა სცადა.
- რატომ ანიჭებ მაკას ნათქვამს ამხელა მნიშვნელობას? ის ჩემი ახლო მეგობარი არ არის, უბრალოდ, კარგი ნაცნობია...
- ისეთი ახლო ნაცნობი, რომ მისი გულისთვის მისი საყვარლის მეთვალყურეობაც არ ითაკილე? ადრე მეუბნებოდი, დაქალიაო, რომელი დავიჯერო? - კოპები შეკრა მამაკაცმა.
გიგის ხმაში კვლავ გამოწვევა იგრძნობოდა. ამან გააღიზიანა ნია. ჯანდაბამდის გზა ჰქონია მაკასაც და დევიძესაც... მათ გამო შეიძლება გიგისთან გატარებული ძვირფასი წუთები ჩაეშხამოს!
- არ მინდა საუბარი არც მასზე და არც მის საყვარელზე! - თავი ამაყად ასწია და კატეგორიული ტონით განაცხადა, თუმცა ყველაზე მეტად თავის პრობლემებზე ლაპარაკს გაურბოდა, არ უნდოდა, გიგის გაეგო, კახას ვალი რომ მართებდა.
თავს საშინლად არაკომფორტულად გრძნობდა, ტყუილის თქმა რომ უწევდა. მაგრამ რატომ უწყობს დაკითხვას? რა საერთო აქვს მის პრობლემებს მათ ურთიერთობასთან? ახლა რომ ყველაფერს მოყვეს, სამუდამოდ დაკარგავს ამ ადამიანს და მერე მთელი ცხოვრება დაიტანჯება.
ნია წამოდგა და სააბაზანოსკენ გაემართა. კარი შიგნიდან ჩაკეტა და სარკეში თავის გამოსახულებას დააშტერდა. ეზიზღებოდა საკუთარი თავი...
ონკანი მოუშვა და წყალი გადაივლო. ათი წუთის შემდეგ თავი უკეთ იგრძნო. ყველაფერი ასე ახლოს არ უნდა მიიტანოს გულთან. თუმცა, რესტორანში ჩხუბი ხომ მის გამო მოხდა... როგორ შეიძლება ამ ამბავს გულგრილად შეხედოს? გარდა ამისა, დამნაშავეა იმაში, რომ მაკასნაირ გოგოსთან მეგობრობს. სწორედ მისი გამოისობით აიკიდა ამხელა ვალი, რომლის გადახდას ალბათ მთელი ცხოვრება ვერ შეძლებს. სწორედ თავდაცვის ინსტინქტმა აიძულა იგი, მოეტყუებინა საყვარელი მამაკაცი, რადგან არ უნდოდა, მის პრობლემებს გავლენა მოეხდინა მათ რომანზე.
"არა, მართლაც და, რა მაკავშირებს ამ კაცთან? რატომ ვარ მასთან?" - მარტო დარჩენილმა პირველად დაუსვა ეს კითხვა თავის თავს... და პასუხიც მაშინვე გასცა - "სექსი, ფანტასტიკური სექსი. მსგავსი სიამოვნება არასდროს განმიცდია. მისი შედარება არაფერთან შეიძლება. და ალბათ ვერც ვერასდროს გამოვცდი. მასთან სექსი თავს მაკარგვინებს, ყველაფერს თავდაყირა აყენებს ჩემს ცხოვრებაში".

ნიამ საჩვენებელი თითით კრემი ამოიღო ფლაკონიდან და სახეზე გადაინაწილა, მერე კი წრიული მოძრაობით დაიწყო მისი შეზელვა კანში.
თუმცა... მათ ურთიერთობაში უფრო მეტი იყო, ვიდრე სექსი. უფრო ღრმა, უფრო ფაქიზი... ნია ხვდებოდა, რომ გიგისთან რომანი ჩვეულებრივი გატაცება და გართობა არ იყო. მის დანახვაზე მთელ სხეულში ჯერ არგანცდილი ჟრუანტელი უვლიდა, გული გამალებით უცემდა და სიამოვნების მეთერთმეტე ტალღა ხმაურით ეხეთქებოდა მისი სულის ყველა წერტილს. რატომ მოიხიბლა ასე ამ მამაკაცით? რატომ ელოდება ხოლმე დაძაბული მასთან ყოველ პაემანს? რატომ აფორიაქებს ფიქრი იმაზე, რომ მათი ყოველი ახალი შეხვედრა უკანასკნელი იქნება?
იმიტომ, რომ შეუყვარდა!
მოულოდნელად კრემით გათხუპნილი თითები ჰაერში გაუშეშდა. გაქვავებული შეჰყურებდა თავის ანარეკლს სარკეში.
თითქოს გული გაუჩერდა წამით, ხელ-ფეხი გაეყინა... ისე გააჟრჟოლა, ერთიანად დაბურძგლა მკლავებზე.
არა!
გონებას არ სურდა გულის გამოძახილს დამორჩილებოდა. არა, მას არ უყვარს გიგი ახვლედიანი! ეს ტყუილია!
ეს შეუძლებელია! მას არ აქვს ამის უფლება!
ნიას დიდი ხანია, არ უფიქრია ისეთ სერიოზულ და ღრმა გრძნობაზე, როგორიც სიყვარულია, მით უმეტეს, გიგისთან... მას შეუძლია, აღფრთოვანდეს მისით, ლტოლვა განიცადოს, სიამოვნება, კმაყოფილება, მაგრამ არა სიყვარული! ეს, უბრალოდ, გამორიცხულია!
არადა, სწორედ ეს მოხდა! შენ შეგიყვარდა იგი, პატარა ნია! და ამ რეალობას ვერსად გაექცევი!
ამის გააზრებამ თავზარი დასცა. მოულოდნელობისგან გაოგნებული საშხაპე კაბინას მიეყრდნო, რათა არ წაქცეულიყო. "მე მიყვარს იგი... მე გიგი ახვლედიანი მიყვარს..." - კარგა ხანს ჩურჩულებდა თავგზააბნეული.
დრომ, როგორც ჩანს, შეაჩერა სვლა, მერე კი საერთოდ გაჩერდა... არ ახსოვს ნიას, რამდენ ხანს იჯდა სააბაზანოში, შეიძლება მხოლოდ რამდენიმე წუთი, ან იქნებ, მთელი საუკუნე...
სიყვარულმა დროის შეგრძნება დააკარგვინა, ყველაფერი დაავიწყა.
ჰო, მაგრამ... გიგის რომ არ უყვარს იგი? ამის გაფიქრებაზე ჩხვლეტა იგრძნო მკერდში. მწარე სიმართლე მძიმე ტვირთად დააწვა მის გულს. გიგის არ უყვარს იგი...

ან კი რატომ უნდა უყვარდეს? ერთი მიზეზი მაინც დაუსახელეთ ნიას, რატომ უნდა შეიყვაროს მდიდარმა ბიზნესმენმა მისნაირი ქალი? მათ ურთიერთობაში არასდროს თქმულა სიტყვა სიყვარულზე... არასდროს. აბა, რას ელოდა? წესით, ასეც უნდა ყოფილიყო. ახვლედიანისთვის ნია მხოლოდ დროებითი თავდავიწყების ობიექტია, დიდი გართობის ნაწილი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება. ძალიან მალე მის ადგილს მორიგი ლამაზმანი დაიკავებს, რომელიც სულ სხვა ინტერესს აღუძრავს მამაკაცს. სწორედ მაშინ, ზედმეტი ყოყმანის გარეშე გამოუცხადებს - "მშვიდობით, პატარავ" და ნიას აღარაფერი დარჩება, გარდა იმისა, უსიტყვოდ გატრიალდეს და სამუდამოდ გაქრეს მისი ცხოვრებიდან.
არა, არც უნდა იოცნებოს გიგიზე. ახვლედიანი არასდროს შეიყვარებს. მას საერთოდ არაფერში სჭირდება სიყვარული... ამიტომ არც უნდა გაიგოს, როგორ უყვარს ნიას იგი, არასდროს უნდა გაიგოს! ბოლოს და ბოლოს, მას სხვა გამოსავალი არა აქვს. მამაკაცი, ალბათ, არ აღფრთოვანდება, თუკი გაიგებს, როგორ უსაშველოდ უყვარს ნიას! სრულებით შესაძლებელია, რომ ქალის სიყვარული გიგის ტვირთადაც იქცეს. ასეთ მამაკაცებს არ სჭირდებათ მსგავსი სანტიმენტალური გამოხდომები. ბიზნესმენს მისგან სულ სხვა რამ სურს. მაგალითად, ლოგინი და ყოველგვარი ვალდებულებისგან თავისუფალი ურთიერთობა. ამიტომაც არ უნდა გამოუტყდეს თავის გრძნობებში.

გაგრძელება


სვეტა კვარაცხელია

ომანი განახლდება ყოველდღე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
14.12.2014
მაგარი დებილია ეს ნია რათ უნდა ეგეთი კაცი, თავის თავთან მოდის სულ წინააღმდეგობაში ნერვებს მიშლის ეგეთი ქალიც და კაციც და საერთოდ ეგეთი ურთიერთობა ვააა
ელო
14.12.2014
დადეთ უფრო მეტი გთხოვთ....
ნატა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

დასაწყისი იხილე აქ

XIV ნაწილი

კიდევ ერთხელ გაიხედა გარეთ, თვალი ხომ არ მატყუებსო... არა, ეს მოჩვენება არ იყო... ხელის კანკალით ჩამოხსნა ჯაჭვი და კარი გამოაღო...


დასაწყისი იხილე აქ

XIII ნაწილი

ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი ადგომა და წასვლაა, ყველაფერზე უარის თქმა, მაგრამ საიდან მოიპოვოს ნიამ ძალა, რომ საბოლოოდ გაწყვიტოს ურთიერთობა გიგისთან?



დასაწყისი იხილე აქ

XII ნაწილი

არ შეიძლება, ვინმემ ასწავლოს, როგორ შეინარჩუნოს საყვარელი მამაკაცი და გამუდმებით მისი დაკარგვის შიში არ აწუხებდეს?


დასაწყისი იხილე აქ

X ნაწილი

ერთ მშვენიერ დღესაც მიხვდება, რომ მას მუშაობა არაფერში სჭირდება და თავადვე იტყვის მასზე უარს



დასაწყისი იხილე აქ

IX ნაწილი

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალმა, რომელთანაც მხოლოდ ორი ღამე გაათენა, ბანგი გაურია სასმელში და მოაჯადოვა


დასაწყისი იხილე აქ

VIII ნაწილი

მისი სხეულის ყველა უჯრედი ბრმად მიიწევდა მამაკაცისკენ, სისხლი თითქოს გაავებით ეხეთქებოდა არტერიის კედლებს


დასაწყისი იხილე აქ

VII ნაწილი

აი, სწორედ შემდეგ შეხვედრას დაერქმეოდა პაემანი და ნია ისე იგრძნობდა თავს, როგორც ყურებამდე შეყვარებული



დასაწყისი იხილე აქ

VI ნაწილი

ასაკოვანი, მაგრამ მდიდარი ქმარი ჰყავდა, რომელიც შარშან გარდაეცვალა და საკმაოდ სოლიდური შემოსავალი დაუტოვა


დასაწყისი იხილე აქ

V ნაწილი

ასეთი მამაკაცი ნებისმიერი ქალისთვის შეუცვლელი დასაყრდენი იქნება. წამითაც არ აშორებს გამჭოლ მზერას, რომელიც სასმელზე მეტად ათრობს.


დასაწყისი იხილე აქ

IV ნაწილი

ხომ იცოდა, რაც მოჰყვებოდა გიგისთან სასტუმროში წასვლას? რატომ გაჰყვა?


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი