ultrix - პირველი შეხვედრა მომავალ მსხვერპლთან
font-large font-small
ultrix - პირველი შეხვედრა მომავალ მსხვერპლთან
დასაწყისი იხილე აქ

XXXIII ნაწილი

პატარას ერთი ხელი მუხლებში ამოსდო, მეორე წელზე მოხვია, მკერდზე მიიხუტა და ლევანს თავით ანიშნა, შემოსასვლელი კარი გაეღო

უკვე მთელი კვირა იყო გასული, რაც ვახოს კვალში მიჰყვებოდა, მაგრამ მისი გაცნობა ვერა და ვერ მოახერხა



ultrix

XXXIII ნაწილი


- დავით, ახლა ჩვენთან ბატონი ელიზბარი მოვა და ღირსეულად უნდა დავხვდეთ, - ანა ქარივით შეიჭრა დავითის ოთახში.
- ეგ როგორ? "ქართვლის დედასავით"? - გაეცინა.
- "ქართვლის დედასავით"?!
- ჰო, თუ მტერია, ხანჯლით დავხდეთ და თუ მოყვარე - ღვინით სავსე ფიალით.
- ხანჯლით უნდა დავხვდეთ, - ამოიოხრა ანამ და დავითის სავარძელი დაიკავა, ყელი მოიღერა და ბიძას გახედა.
- აბა, მიხდება უფროსის სავარძელში ჯდომა? წუთიწუთზე მოვა, წესით უკვე აქ უნდა იყოს. მდივანი გააფრთხილე, რომ ცოტა ხანს არ შემოუშვას. ბრძოლის მეორე ეტაპი დაიწყო და მე მგონი, ცხოვრება უფრო საინტერესო გახდა.
ანამ ელიზბარი ცოტა ხანს მისაღებში აყურყუტა და როგორც იქნა, შესვლის ნება დართო. მამაკაცი წარბშეკრული შევიდა კაბინეტში. როგორც ჩანს, გაბრაზებული იყო, რომ შესაფერისი პატივით არ მიიღეს. უფროსის სავარძელში მჯდარი ანა რომ დაინახა, სახეზე ჯერ გაოცება გამოეხატა, შემდეგ ტუჩები მოებრიცა. ანა წამოდგა, ხელი ჩამოართვა და სკამზე მიუთითა. მამაკაცმა ავტომატურად გაუწოდა მარჯვენა.
- ყავას ან ჩაის ხომ არ მიირთმევთ, ბატონო ელიზბარ? - ისე უღიმოდა ქალი, ვითომც აქ არაფერი. თუმცა, მისი ნათქვამი უფრო დაცინვას ჰგავდა.
- ანა, თქვენ?! - როგორც იქნა, ხმა ამოიღო მამაკაცმა.
- დიახ, მე ვარ. არ ელოდით?

- კარგი სპექტაკლი დადგით, როგორც ვატყობ...
- თქვენც კარგი "რეჟისორი" ხართ, ეგაა, რომ "როლებს" ვერ ანაწილებთ გონივრულად, - გაიღიმა ანამ, - ბატონო ელიზბარ, მე მგონი ჩვენ სალაპარაკო აღარაფერი გაქვს, რადგან უკვე მიხვდით, რომ თქვენს ყველა ნაბიჯზე თავად მომაწოდეთ ინფორმაცია და ვიცი, რის "გაჩალიჩებას" მიპირებდით. შესაბამისი ზომებიც მივიღე, თქვენთვის ხელი რომ შემეშალა. ამ ამბავს გულში არ ჩავიდებ. ნურც თქვენ დაიბოღმებით. სჯობია, მეგობრებად დავრჩეთ.
- ვაღიარებ, რომ გამაცურეთ, და ეს საკმაოდ მოხერხებულად გააკეთეთ. დავმარცხდი... და ამის გამო თქვენ მიერ გამოწვდილ მეგობრობის ხელს მარჯვენას ვერ შევაგებებ, - მამაკაცმა თავი გადააქნია, - ის დოკუმენტები, რომელიც გამომიგზავნეთ, ყალბი იყო და შესაბამისად, ინგლისელ პარტნიორებთან მოლაპარაკებაც ჩაიშალა, - ხმადაბლა თქვა და იქაურობა უხმოდ დატოვა.
- სიმართლე რომ გითხრა, ვერ მივხვდი, რა მოხდა, - ჰკითხა გაოცებულმა დავითმა ანას.
- "სამართლმა პური ჭამა"! დაწვრილებით სხვა დროს მოგიყვები, ახლა არ მცალია, - გაიღიმა ანამ და დავითს დაემშვიდობა.
გიორგის უნდა შეხვედროდა და იმ ტერიტორიის სანახავად წასულიყო, სადაც ბავშვთა სახლის აშენებას აპირებდა.
კმაყოფილი დაბრუნდა. ზვიადს საბუთების მომზადება სთხოვა, რომ მიწის ნაკვეთი რაც შეიძლება მალე დაემტკიცებინა და მშენებლობა დაეწყო. გიორგიც მთელი გულით ჩაერთო წამოწყებულ საქმეში და განკარგულებებს იძლეოდა. ანასთან სალაპარაკოც ჰქონდა, სთხოვა, ცოტა ხანს ოფისში დარჩენილიყო, მაგრამ ქალს შინ მიეჩქარებოდა, რადგან იმ საღამოს რამაზი მიემგზავრებოდა და პატარა ანა უნდა მიეყვანა და მასთან დაეტოვებინა. ჰოდა, ახლა ვარანაირი საქმე ვერ შეაჩერებდა. შინ მიიჩქაროდა.

როგორც იქნა, მოსაღამოვდა. ანა ისე ემზადებოდა გოგონას დასახვედრად, თითქოს პირველად უნდა ენახა. ტანისამოსი რამდენჯერმე გამოიცვალა. ძლივს შეარჩია ისეთი, რომელიც მისი აზრით, ბავშვის გემოვნებას დააკმაყოფილებდა.
როგორც იქნა, დაადგა საშველი. რამაზმა ოთახში ჯერ ანა შეუშვა, შემდეგ კი მოზრდილი ჩანთა შეათრია.
- აქ ანას ტანისამოსია, - თითქოს ბოდიშს იხდისო, ისე თქვა, - რად უნდოდა ამდენი, მაგრამ არ დაიშალა და ლამის ყველაფერი წამოიღო, რაც აქვს. მთელი გარდერობი დააცარიელა.
ქალს გაეცინა და მამა-შვილს მისაღებში შეუძღვა.
ივახშმეს, ყავა დალიეს და რამაზის წასვლის დროც მოვიდა.
კაცს სურდა, ნინოც წასულიყო მის გასაცილებლად, მაგრამ ანამ დას თვალით ანიშნა, დარჩენილიყო და იმანაც უარი თქვა.
რამაზმა რეგისტრაცია გაიარა და ვიდრე გასასვლელს მიაშურებდა, შვილს ჩაეხუტა.
- არასოდეს დამიტოვებია მარტო და ახლა ვღელავ, - თქვა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.
- არ ინერვიულო, თვალის ჩინივით გავუფრთხილდები, - შეჰპირდა ანა.

GzaPress

როგორც იქნა, ანა და მისი გოგონა მარტო დარჩნენ. ბავშვს ხელი მოჰხვია და გასასვლელისკენ წაიყვანა.
გზად ხშირად გადახედავდა გვერდით სავარძელში მჯდარ გოგონას და გული სითბოთი და სიამაყით ევსებოდა.
- გინდა, ლევანთან წავიდეთ? - ჰკითხა, როდესაც ქალაქში შემოვიდნენ.
რატომღაც მოუნდა, ისიც მათთან ერთად ყოფილიყო. დარწმუნებული იყო, რომ ლევანს გაახარებდა.
- წავიდეთ, - თავი დაუქნია ბავშვმა.
ანამ გეზი ლევანის სახლისკენ აიღო და გაუფრთხილებლად დაადგა თავზე.
მასპინძელი გაოცებული იფშვნეტდა თვალებს. ვერ იჯერებდა, რომ ანა და მისი შვილი მასთან იყვნენ. ორივეს აკოცა და შინ შეიპატიჟა.
ანა მთელი საათი ტიკტიკებდა, ენა არ გაუჩერებია. ხან ლევანს ეხუტებოდა, ხან - ანას. თავის ამბებს უყვებოდა და ორივეს ამხიარულებდა. ისინი სიყვარულით შესცქეროდნენ თავიანთ პირმშოს, რომელზეც მართალია, ამაგი არ ჰქონდათ გაწეული, მაგრამ უზომოდ უყვარდათ.
უკვე გვიანი იყო. პატარა ანა დაიღალა და დივანზე წამოწოლილს ჩაეძინა. ლევანმა პლედი დაახურა და თავქვეშ ბალიში ამოუდო.
- ანა, როგორ მოახერხე, რომ ასე დაუახლოვდი გოგონას? - ჰკითხა მას შემდეგ, როცა უკვე ლაპარაკის საშუალება მიეცა.
- მონდომებაა ყველაფერი. თუ მოინდომებ, აუცილებლად მიაღწევ სასურველს.
- მე კი ვსტუმრობდი ხშირად რამაზს, ძველი მეგობრობის წყლობით ანასთან ურთიერთობა გავაღრმავე, მაგრამ შენ მართლა ყოჩაღად მოქცეულხარ. ისიც გავიგე, რომ რამაზი შენთან გადაგიყვანია სამუშაოდ.

- ჰო, ასეა და ყველა ღონე ვიხმარე, რომ ბავშვთან ახლოს ვყოფილიყავი. ახლა კი მთელი 10 დღე ჩემთან იქნება, რამაზის დაბრუნებამდე.
- დიდი "ოხერი" ვინმე ხარ, - გაიცინა ლევანმა და გოგონას სიყვარულით დახედა, - წარმოიდგინე, ანა, რომ მე და შენ ცოლ-ქმარი ვართ, ჩვენი გოგონა ახლა ლამაზ სიზმრებს ხედავს, ჩვენ კი გვერდიგვერდ ვსხედვართ და ერთმანეთს დღის ამბებს ვუზიარებთ, თან გიხუტებ და გეფერები.
- ჰო, წარმოვიდგინე, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი უკვე დავამთავრეთ, ხომ შევთანხმდით?
- იქნებ დაფიქრდე, რად გინდა ის "კრასავჩიკი" ირაკლი? საერთო შვილი გვყავს, ცოლად გამომყევი და ბედნიერ ოჯახად "გადავიქცევით".
- ასე იოლი არაა ამის გაკეთება და შენ ეს მშვენივრად იცი, - თავი გააქნია ქალმა.
- შენ ხომ თქვი, მთავარი მოწადინებააო? ჰოდა, მოიწადინე და ყველაფერი კარგად იქნება. ისე, როგორც მე და შენ გვინდა.
- მასე შენ გინდა...
- შენ - არა?
- გახსოვს, როგორ მიყვარდი, ლევან?
- კი, მახსოვს. ასე ალბათ არავის ვყვარებივარ.
- შეგიძლია, წარმოიდგინო, მაგაზე ათჯერ მეტი სიყვარული როგორია?
- ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ვცდი...
- აი, ასე მიყვარს ირაკლი... ძალიან, ძალიან... უზომოდ... ტკივილამდე...
- გასაგებია. ალბათ ღირსეული ადამიანია, - ჩაილაპარაკა მამაკაცმა, - თუმცა, არც მე მოვქცეულვარ უღირსად. მე შენთან დამნაშავე არ ვარ, ანა.
- მართალია. დამნაშავე მხოლოდ იმაში ხარ, რომ თავიდანვე არ გამიმხილე, ცოლი რომ გყავდა.
- მე ცოლთან გაშორებას ვაპირებდი და შენზე ჯვრის დაწერას.
- "აპირებდი" არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გააკეთებდი. მე შენ ტყუილი ვერ გაპატიე, ოჯახის ყოლა კი არა.
- კარგი, ანა, ნუღარ ვილაპარაკებთ ამაზე. რაც არ გამოვა, იმაზე ტვინის ჭყლეტა აღარ ღირს. ახლა მთავარია, როგორმე ჩვენს შვილზე ვიზრუნოთ და იმასაც დრო გვიჩვენებს, როდის შევძლებთ სიმართლის გამხელას.

ანამ უხმოდ დაუქნია თავი და წამოდგა. პატარას ერთი ხელი მუხლებში ამოსდო, მეორე წელზე მოხვია, მკერდზე მიიხუტა და ლევანს თავით ანიშნა, შემოსასვლელი კარი გაეღო. გოგონა ძილში მოეხვია და ცხვირი მის კისერში ჩარგო. ქალი ძალზე ფრთხილობდა, რომ გოგონა არ გაეღვიძებინა. ბავშვი საკმაოდ მძიმე იყო და ანა კიბეზე ძლივს ჩადიოდა, მაგრამ თავს მაინც მსუბუქად გრძნობდა... ასეთი ბედნიერი კარგა ხანია, არ ყოფილა.
ანა უკანა სავარძელზე დააწვინა და საჭეს მიუჯდა. სახლშიც ისეთივე სიფრთხილით აიყვანა და ბელას გვერდით, საწოლზე დააწვინა. ტანისამოსი გახადა, მის ჩანთაში პიჟამა მოძებნა, ფრთხილად ჩააცვა და თხელი საბანი დაახურა. გოგონები გვერდიგვერდ იწვნენ და მშვიდად ეძინათ. ანა კი აფორიაქებული იყო და ოთახიდან გასვლა აღარ უნდოდა. შემდეგ, გადაწყვეტილება უეცრად მიიღო და ტანისამოსიანად გოგონებს შუა მოთავსდა. გულაღმა იწვა და ჭერს მიშტერებოდა. ვერ იჯერებდა, რომ ანა გვერდით ჰყავდა. როდის ჩაეძინა, არ ახსოვს...
კოცნამ გამოაღვიძა. ბელას გაღვიძებოდა და დედობილს ფრთხილად ჰკოცნიდა. ქალმა გოგონა ჩაიხუტა. ამასობაში ანასაც გაეღვიძა და ორივეს გაუღიმა.

- არ მაკოცებ? - ჰკითხა ბავშვს.
გოგონა წამოჯდა და მისკენ დაიხარა. შემდეგ მკერდზე მიეკრო. "ალბათ დედა მოენატრა", - გაიფიქრა ანამ და თვალზე ცრემლი მოადგა. გოგონებს მისი გულის აჩუყება რომ არ შეემჩნიათ, სასწრაფოდ წამოდგა.
- აბა, ხელპირი დაიბანეთ და საუზმეზე გამოცხადდით, - ხმამაღლა თქვა და ოთახიდან პირველი გავიდა.
ბავშვებთან ერთად ისაუზმა. შემდეგ ანა შინ დატოვა, ბელა კი მათემატიკის მასწავლებელთან გაიყოლა და წავიდა. გოგონას სკოლის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე დააწყებინა მომზადება, რომ სკოლაში მისული, თანატოლებს წამოსწეოდა.
ბელა მასწავლებლის სახლთან ჩამოსვა და თვითონ საბლიანისკენ გაემართა. ისეთი დრო იყო, წესით, ვახო სამსახურში უნდა ყოფილიყო.
უკვე მთელი კვირა იყო გასული, რაც ვახოს კვალში მიჰყვებოდა, მაგრამ მისი გაცნობა ვერა და ვერ მოახერხა. ახლაც, პოლიციის შენობასთან გაჩერდა და კარგა ხანს მოუხდა ლოდინი, ვიდრე მამაკაცი გამოჩნდებოდა. სამსახურიდან გამოსულ ვახოს კვალში ჩაუდგა. კარგა ხანს სდია. ცდილობდა, უკან მიჰყოლოდა და ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე წინასწარ ჩაფიქრებული გეგმა სისრულეში მოეყვანა. ჰოდა, აგერ, ვახოს მანქანა შუქნიშანთან თითქოს გაჩერებას არ აპირებდა, დიდი სისწრაფით მიქროდა და ბოლო მომენტში დაამუხრუჭა, რომ წინ მდგარ მანქანას არ დასჯახებოდა. ანამ ამით ისარგებლა, თავისი მანქანა მიუშვა და მუხრუჭს ისეთ დროს მიადგა ფეხი, როცა უკვე გვიან იყო.

შეჯახების ხმა გაისმა. ქალს ცოტა გული დასწყდა, რომ თავისი მანქანაც მიჭეჭყა, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო. ვახოს ჯიპს საბარგული კარგა გვარიანად დაუზიანდა. მამაკაცი გინებით გადმოვიდა მანქანიდან და შეღუნულ ადგილს დააკვირდა. ანაც გადავიდა და გვერდით დაუდგა. მამაკაცს შეკრული წარბები უეცრად გაეხსნა, როცა მშვენიერ ქალს მოჰკრა თვალი.
- მუხრუჭი არა აქვს შენს მანქანას? - პირდაპირ "შენობით" დაიწყო ლაპრაკი.
- კი, აქვს, როგორ არა, მაგრამ მეგონა, არც თქვენ აპირებდით დამუხრუჭებას. ბოლო მომენტში კი ვეღარ მოვასწარი, - დამნაშავედ ჩაიბურტყუნა ქალმა, - პრობლემა არ იქნება, ზარალს აგინაზღაურებთ.
- როგორ გეკარდება, გენაცვალე, - ფართოდ გაიღიმა მამაკაცმა, - ამას მე მივხედავ, შენი მანქანაც დაზიანებულია და შენ მაგას მიხედე, ჯობია. აქ ცუდად გავჩერდით, გადავაყენოთ გვერდზე მანქანები და დავილაპარაკოთ, - ანას თავით ანიშნა, მომყევიო და საჭეს მიუჯდა.
ქალსაც სწორედ ეს უნდოდა. როგორც იქნა, მიზანს მიაღწია. უკან მიჰყვა და ჩრდილში გაჩერებულ ჯიპს გვერდით ამოუდგა.
- ქალაქში არასოდეს შემიმჩნევიხართ, აქაური არ ხართ?

- ქართველი ვარ, მაგრამ ამერიკაში ვცხოვრობდი დიდი ხნის განმავლობაში. ახალი ჩამოსული ვარ, - ანა ცდილობდა, ტყუილი არ ეთქვა, რადგან ვახო პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და ინფორმაციის გადამოწმება არ გაუჭირდებოდა. მთავარი იყო, ტყუილში არ გამოეჭირა, რომ მისი ნდობა არ დაეკარგა, - თქვენი ტელეფონის ნომერი დამიტოვეთ, ამ დღეებში დაგირეკავთ და ხელოსანთან მივიყვანთ თქვენს ავტომობილს.
- არა, მაგაზე არ შეგაწუხებთ, არც ჩვენ ვართ დაკარგული ხალხი, - გაიბღინძა ვახო, - ტელეფონის ნომერს კი აუცილებლად მოგცემთ და თქვენსასაც ჩავიწერ, რომ ჩვენი გადარჩენა აღვნიშნოთ. იმედია, წინააღმდეგი არ იქნებით.
- ვნახოთ, - მაშინვე დათანხმება არ ივარგებდა.
- თუ გნებავთ, მეუღლესთან ერთად წამობრძანდით, გავიცნობთ ერთმანეთს, ასეთ კარგ გოგოს ვაჟკაცი მეუღლე გეყოლებათ.
- სამწუხაროდ, მეუღლე არ მყავს, ქვრივი ვარ, - მორიგი ინფორმაცია მიაწოდა ქალმა, რადგან მიხვდა, რომ ეს წინადადება ვახომ იმის გამო წამოაყენა, გაერკვია, ქალი გათხოვილი იყო თუ არა.
ანას პასუხმა თვალები აუციმციმა კაცს.
- ვწუხვარ, ქალბატონო, - სიტყვით ეს თქვა, მაგრამ აშკარად შეეტყო, რომ ძალზე გახარებული დარჩა. ქალს ხელზე აკოცა, შემდეგ მანქანის კარი გაუღო და დაემშვიდობა.
ანას სახიდან თავაზიანი ღიმილი მაშინვე ჩამოერეცხა, როგორც კი მანქანის კარი მიხურა და ადგილიდან დაიძრა. ღიმილი ზიზღმა შეცვალა.
მანქანაში დატოვებული ტელეფონი კარგა ხანს რეკავდა, მაგრამ ანა ზარს არ პასუხობდა. აპარატი ისევ აწკრიალდა. ირაკლი იყო.

GzaPress

- ანა, სად ხარ, შემაშინე!
- აქ ვარ, მანქანიდან გადასული ვიყავი, - უხალისოდ უპასუხა.
- რა გჭირს, მოხდა რამე?
- ავარია მომივიდა, მანქანა დავამტვრიე, - ანა გულწრფელი იყო და ძალიან წუხდა, რომ მანქანა დააზიანა.
- სად ხარ? შენ როგორ ხარ, ხომ არაფერი დაგიშავდა? - მიაყარა კითხვები მამაკაცმა.
- მე კარგად ვარ, მანქანას ცოტა "ცხვირი" შეეჭეჭყა, ხელოსანთან მივდივარ და იქ მოდი, უთხრა და გეზი იმ სახელოსნოსკენ აიღო, რომელიც "მისი" სამრეცხაოს გვერდით იყო.
ვანომ შეთქმულვით გაუღიმა და ხელის აწევით მიესალმა. ხელოსანმა საქმე მოიმიზეზა და 3 დღის შემდეგ დაიბარა, მაგრამ ქალი არ მოეშვა, ახლავე უნდა გააკეთოო, გადაეკიდა და დაითანხმა კიდეც. ცოტა ხანში ირაკლიმ მოაკითხა. მანქანას ახედ-დახედა.
- სულ იმას გეუბნები, შუქნისანთან გვიან ამუხრუჭებ და ერთხელაც იქნება, დაეჯახები ვინმეს-მეთქი, - უსაყვედურა მამაკაცმა, - რა მანქანას დაეჯახე?
- "ტოიოტას" ჯიპს, მაგრამ პატრონი შეგნებული ადამიანი აღმოჩნდა და არ მაკეთებინებს, - ღიმილით უთხრა ქალმა.
- კიდევ კარგი, თორემ გაგაკოტრებდა და მერე რა უნდა გექნა?
- იკა, მოდი, დაელაპარაკე ამ სამრეცხაოს მეპატრონეს, იქნებ ფირი გვაჩვენოს და გავიგოთ, რა უნდოდათ უცხო მამაკაცებს ჩემს მანქანასთან?
ირაკლი კარგა ხანს დაყოვნდა კაბინეტში. შემდეგ ანასაც უხმო.
- ანა, აბა ნახე, გეცნობა რომელმე? - ჰკითხა და ხელი ეკრანისკენ გაიშვირა.
მისი მანქანის უკანა კართან შუა ხნის მამაკაცი იდგა და აქეთ-იქით იყურებოდა. დაიხარა და შიგნით გადაწვა. კარგა ხანს აფათურა ხელები, სწრაფად გასწორდა, მობრუნდა და გზა გადაჭრა.

- არა, არ მეცნობა, მაგრამ...
- დიდი მადლობა, - იკამ სიტყვა გააწყვეტინა და მასპინძელს ხელი ჩამოართვა.
ანას ხელკავი გაუკეთა და გარეთ გამოიყვანა.
- ახლა ის მაინც ვიცით, სად შეიძლება ვეძებოთ არასასურველი, "უცხო სხეული", ოღონდ ამას მას შემდეგ გავაკეთებთ, როცა შენს მანქანას ახალს დაამსგავსებენ და აქედან წავიყვანთ. იკამ თავისი მანქანის კარი გაუღო და დაჯდომისას ხელი შეაშველა.
- სად მიდიხარ? - ჰკითხა, როდესაც ადგილიდან დაიძრა.
- სად მივდივარ და ვანიკო თუთბერიძესთან შეხვედრა მაქვს დანიშნული, - ძლივს ამოღერღა ქალმა.
- რა ნაცნობი სახელი და გვარია, სად გამიგონია? - დაფიქრდა მამაკაცი. - აა, ეს ის არაა, ჩვენი ნაცნობი ჟურნალისტი? - გაახსენდა უცებ.
- ჰო, ისაა, - უხალისოდ დაუდასტურა.
- კი, მაგრამ ხომ გითხარი, რომ უჩემოდ არ უნდა შეხვედროდი მაგას?
- მე შეგპირდი, რომ მის მოსაკლავად არ წავიდოდი უშენოდ. ახლა მოსაკლავად კი არა, ინტერვიუზე მივდივარ, - გაიღიმა ქალმა.
- ინტერვიუზე?! როგორ შეგაბა?
- მე შევაბი, მჭირდება და იმიტომ.
- მასასადამე, ვანიკოსთან მივდივრთ! სადაა შეხვედრა დანიშნული?
- სად და ჩემთან, სამსახურში, გიორგის ფირმაში.

ვანიკო გიორგის კაბინეტში დახვდა. ცოტა ადრე მისულიყო და ახლა გიორგის "აწამებდა" - ცდილობდა, ანას შესახებ რაიმე ისეთი ინფორმაცია დაეცინცლა, რასაც რესპონდენტი თვითონ არ იტყოდა, მაგრამ გიორგი მაგის ჩიტი იყო?! იჯდა და იმ დამნაშავესავით დუმდა, რომელსაც აღიარებითი ჩვენების მიცემა არაფრის დიდებით არ სურს.
ანამ მამაკაცებს მოუბოდიშა და ჟურნალისტი თავის კაბინეტში გაიყვანა.

გაგრძელება

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველდღე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (14)
24.11.2014
Ocdametotxmete tavi ratom ar dadet?
tiko
24.11.2014
Dges ratom ar dadet axali tavi?
tiko
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

XLII ნაწილი

მანქანას მიუახლოვდა, კაპოტზე ხელი ისე დაუტყაპუნა, როგორც ბედაურს, გარშემო შემოუარა, ხელისგულით ეხებოდა და გუნებაში მასაც ემშვიდობებოდა



დასაწყისი იხილე აქ

XLI ნაწილი

სავარაუდოდ, შეხვედრის შემდეგ სასტუმროში გავყვები. შენ უკან უნდა აგვეკიდო



დასაწყისი იხილე აქ

XL ნაწილი

საკუთარ სიკვდილთან შეხვედრას ჩქარობ, არა? ხვალ და იყოს - ხვალ!


დასაწყისი იხილე აქ

XXXIX ნაწილი

ვიცი, რომ ბელა ჩემი დაა, - ჩურჩულით თქვა ბავშვმა


დასაწყისი იხილე აქ

XXXVIII ნაწილი

იმ კაცებს ხომ არ მადრი, რომლებიც შენს ჭკუაზე გიტარებია? მე სხვა ვარ იცოდე და ჩემს გრძნობებზე თამაშს არ გაპატიებ!

მოჩვებნებების არსებობის არ სჯეროდა, მაგრამ როცა ერთ-ერთ საფლავზე რაღაც მოძრავი არსება შენიშნა, უკან ლამის ყვირილით გაიქცა

დასაწყისი იხილე აქ

XXXVII ნაწილი

ბედზე აქვს ჯადო ”დადებული”. რამდენჯერაც გათხოვდები, იმდენჯერ ქმარი მოგიკვდება

მოდი და ნუ ინერვიულებ, დღეს პოლიციაში ისე მექცეოდნენ, როგორც კრიმინალს


დასაწყისი იხილე აქ

XXXVI ნაწილი

სასტუმროდან გამოვეპარე და ისე დავიკარგე, ჩემს კვალს ვეღარსად მიაგნო...

ამაზე უკეთეს "სცენარს" ვერც კი მოიფიქრებდა. ცხოვრებამ თვითონ მოაწყო ყველაფერი ისე, როგორც საჭირო იყო


დასაწყისი იხილე აქ

XXXV ნაწილი

- საშიში ქალი ხარ...

- ვგავართ ერთმანეთს, - ანამ მზერა გაუსწორა მამაკაცს.

დასაწყისი იხილე აქ

XXXIV ნაწილი

50 ათასი იოლი საშოვნელი არ არის და მე მაგდენი ფული არ მაქვს. 5 ათასს მოგცემ - იმ პირობით, რომ სამუდამოდ დაიკარგები ბელასა და ჩემი ცხოვრებიდან



დასაწყისი იხლე აქ


XXXII ნაწილი

მამაკაცმა ცალი ხელი მუხლებში ამოსდო, მეორე წელზე მოხვია, ხელში აიყვანა და სანამ მეორე სართულზე არ ავიდა, არც დაუსვამს ძირს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
537 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი