ზღვარზე (V ნაწილი)
font-large font-small
 ზღვარზე (V ნაწილი)
ლევანი ჩემზე 10 წლით უფროსი იყო. პოლიციაში მეტსახელად "ფარაონს" ეძახდნენ, რადგან მთავრობის ყველა ეშელონში მეგობარი ჰყავდა. მას ენდობოდნენ და მფარველობდნენ. განუსაზღვრელი უფლებებითაც სარგებლობდა...
დამინახა თუ არა, მაშინვე დამადგა თვალი და ყველა პოლიციელი ჩამომაშორა, საკუთარ თავზე აიღო გამოძიება და მომჩივნებიც გააჩუმა. თვითონ ჩავიდა თურქეთში, ინახულა "დაკარგული" გოგონები და ვიდეოჩვენებები ჩამოიტანა, სადაც ისინი უარს ამბობდნენ მშობლებთან ურთიერთობაზე იმ მოტივით, რომ მათი მხრიდან შრომით ექსპლუატაციას განიცდიდნენ და მხოლოდ ფულის გამო სურდათ მათთან ურთიერთობების აღდგენა. ლამის იქით დააჭერინა შოკირებული და გაუბედურებული მშობლები. მათზე არანაკლებად გაოგნებული ვიყავი მეც, როცა ამ ვიდეოჩანაწერებს ვუსმენდი და ლევანს ვკითხე:
- რა უქენი, რით შეაშინე ისინი, რომ ასეთი აღიარება გამოსტყუე?!
დამცინავად შემომხედა:
- მეგონა, მეტი გამოცდილება გქონდა ამ საქმეში და იცოდი,  როცა ქალი სხეულით ვაჭრობას იწყებს, ის მშობლებს კი არა, სულს გაყიდის. ამიტომ ვერ ვიტან ბოზებს და ჩემი ნება რომ იყოს, სიამოვნებით დავუხვრეტდი ყველას ნამუსდაკარგულ შუბლებს...
მე კი მათ გამო სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი, მეგონა, ანგელოზებს ვუნგრევდი ცხოვრებას...
მერე ლევანმა გასაოცარი პირდაპირობით მითხრა: - ნია, შენთან დაახლოება მინდა. დაგინახე თუ არა, მომეწონე. თავიდან შენც ჩვეულებრივი ბოზი მეგონე და გული დამწყდა...
- რა იცი, რომ სხვაზე უკეთესი ვარ?! - მეც უტიფრად გავუსწორე მზერა.
- ამას თუ ვერ დავადგენდი, რაღა პოლიციელი ვიქნებოდი... ბოზი რომ ყოფილიყავი, ციხეშიც იოლად გაგიშვებდი და არც ამდენს ვიწვალებდი საქმის შენს სასარგებლოდ შემოსატრიალებლად. ვიცი, ვისი შვილი ხარ და ნაბიჭვარი და ნარკომანი წილოსნის გამო რომ დაგენგრა ოჯახი, შვილიც დაგიკარგავს... დედა რომ მოსკოვში გყავს, ისიც ვიცი... სხვათა შორის, მამაშენიც ანგარიშგასაწევი ფიგურა ყოფილა და პოლიციაშიც კი აღიარებენ მის ვაჟკაცობას და ჭკუას...
- მამა ჩემს დაბადებამდე მოკლეს!
- ეგეც ვიცი და ისიც, თურქეთში როგორ მოხვდი. სხვათა შორის, შენს "ბიზნესპარტნიორ" საიდს უყვარხარ და საოცარია, მის სიყვარულზე უარს რომ ამბობ... რომ გაიგო, პოლიციიდან ვიყავი, სოლიდური თანხა შემომთავაზა, ციხეში რომ არ გამეშვი, რაც იშვიათად ხდება, - უცხოელებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ შენნაირი თანამშრომლები...
- საიდი კარგი პიროვნებაა, მაგრამ აღარ მინდა, მამაკაცებთან ურთიერთობა. საკმარისია, რაც ერთხელ გათხოვებით ვიწვნიე...
- არა მგონია, მონაზვნობა გქონდეს გადაწყვეტილი! - ირონია გამოკრთა ოდიშარიას თვალებში.
- სხვათა შორის, კარგა ხანს ვცდილობდი, პატიოსანი შრომით მერჩინა თავი, მაგრამ თქვენმა კანონებმა არ მომცა ამის საშუალება, რადგან საკუთარ შპს-დ აქცია მთავრობამ ქვეყანა! - არც მე დავაკელი ირონია.
- ვიცი და მეტსაც გეტყვი, საქართველო ახლა ისეთ რელსებზეა შემდგარი, აქ პატიოსანი შრომით კარგა ხანს ვერ ირჩენენ ადამიანები თავს...
- ეგ თუ იცით, რაღა მე მომადექით! - იქით გადავედი შეტევაზე. - მთავრობას მოსთხოვეთ პასუხი, რომელსაც დასაღუპავად გაუწირავს ქვეყანაც და ხალხიც...
- მეც იმ მთავრობის ნაწილი და მამოძრავებელი ძალა არ ვარ?! - არც ეს დაუმალავს ოდიშარიას. - საქართველო სათამაშოა გარეშე ძალების ხელში და მის მთავრობას, რასაც გარედან უბრძანებენ, იმას გააკეთებს. გარეშე ძალებს კი არაფერში სჭირდებათ ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო. მით უფრო, ანგარიშგასაწევი ქართველები.

ლევანი რომ ამას ამბობდა, ჯერ კიდევ 1999 წელი იდგა და კარგად ვხედავდი, უსაშველო რომ სჭირდა საქართველოს...
ჩვენი დაახლოება უეცრად არ მომხდარა, - ლევანს მაშინ ცოლი და 3 შვილი ჰყავდა - ტყუპი გოგონა და ვაჟი, რომლებზეც დღემდე ჭკუა ეკეტება და მიკვირს, რატომ გადაწყვიტა ოჯახიდან წამოსვლა. როგორც ვიცი, თავის დროზე, ცოლიც სიყვარულით შეირთო. მეუღლეზე ლაპარაკი არ უყვარს და არც არასდროს დამიძალებია. ვხედავ, რომ მას განქორწინების შემდეგაც პატივს სცემს და შვილების აღზრდაშიც აქტიურად მონაწილეობს. გოგონები უკვე გაუთხოვდნენ და ბაბუაც გახდა, რითაც ძალიან ამაყობს... მეც კარგად ვიცნობ მის შვილებს და ისინიც პატივს მცემენ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იციან, ჩემ გამო მიატოვა ისინი მამამ. ესეც ლევანის დამსახურებაა, - შეძლო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არც თავად დაეკარგა შვილების პატივისცემა და ჩემ მიმართაც არ გასჩენოდათ აგრესია...

მეგონა, "ბიზნესს" დამიხურავდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. პირიქით, ლევანმა საკუთარ თავზე აიღო ჩემი მფარველობა და ამისთვის წილიც კი არ მოუთხოვია, რაც მხოლოდ მე კი არა, ნური-ბეისაც აწუხებდა და სასწრაფოდ თურქეთში გამომიძახა:
- ერთი მხრივ, კარგიცაა, ასე რომ მოხდა და პოლიციელი გიცავს, მაგრამ მისი მხრიდან, ეს საკმაოდ საფრთხის შემცველი საქმიანობაა. ამიტომ, მზად ვარ, წილი მივცე, რაც სოლიდური თანხა იქნება და ყოველთვიურად მის ანგარიშზე ჩაირიცხება...
როცა ლევანს ნური-ბეის წინადადება გადავეცი, უარი არ უთქვამს:
- ეგ დამპალი გგონია, ტყუილად აპირებს ნებაყოფლობით ასეთი თანხის გაღებას? - ათჯერ და ოცჯერ მეტი რჩება იმასთან შედარებით, რასაც შენ გიხდის... გეტყვი ანგარიშის ნომერს, რომელზეც დაპირებული თანხა უნდა ჩარიცხოს ხოლმე, მერე მე და შენ ერთად დავხარჯავთ! - ისევ მიმანიშნა, რომ სერიოზულად ფიქრობდა ჩემთან დაახლოებას...
- მართლა არ მინდა, მამაკაცთან ინტიმური ურთიერთობა მქონდეს, თითქოს რაღაც დაიკარგა ჩემში, წაიშალა... ვფიქრობ, დედაც აღარასოდეს გავხდები. საკმარისია, რაც ერთხელ გადავიტანე...
- სიმართლე გითხრა, შვილი არც მე მინდა მეტი. სამი მყავს და საკმარისია, რომ კაცური ვალი სამშობლოს წინაშე მოხდილი მქონდეს. თუმცა, ეგოისტურად რომ არ გამომივიდეს, თუ ოდესმე ინდომებ შვილის გაჩენას, არ დაგიშლი და თანახმა ვიქნები, მამა კიდევ ერთხელ გავხდე... ნია, როგორც კი დაგინახე, შენ მიმართ რაღაც უცნაური ვიგრძენი... იცი, რომ ძალიან ლამაზი ხარ?! - თავზე გადამისვა ხელი და შუბლზე მაკოცა.
ჩემდა გასაოცრად, მესიამოვნა მამაკაცის მხრიდან გამოვლენილი სითბო, მაგრამ შევეცადე, არ შემტყობოდა და ლევანს არაფერი ეგრძნო. არ ვიცი, ვის და რას ვუმტკიცებდი ამით, - საკუთარი თავი მინდოდა დამერწმუნებინა, რომ არავინ მჭირდებოდა და მით უფრო, ლევან ოდიშარია, მამაკაცი, რომელიც ასე უცნაურად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში...
გარდა იმისა, რომ გოგონების ტრეფიკინგით ვიყავი დაკავებული, მალე ნური-ბეიმ კიდევ ერთი უცნაური საქმე შემომთავაზა: მიუხედავად იმისა, რომ მის ბორდელში გოგონები ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ, ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ რომელიმე მათგანი ფეხმძიმდებოდა და რა თქმა უნდა, მათ აბორტებს უკეთებდნენ, მაგრამ ფულზე გაწუწკებულმა თურქმა გადაწყვიტა, აქედანაც სარგებელი ენახა:
- ნია, არ გინდა, საქართველოში მდიდარი უშვილო წყვილების მოძებნაში დამეხმარო, რომლებიც ჩემს ბორდელში დაბადებულ ნაბიჭვრებს იყიდიან? ხომ იცი, ფულიან ტიპებს არ უყვართ იმის გამხელა, რომ იმპოტენტები არიან და ქალის დაორსულება არ შეუძლიათ. ამიტომ, ბავშვის ყიდვა უცხოეთში ურჩევნიათ და არა საქართველოში, სადაც ახლობლები სიმართლეს აუცილებლად გაუბაზრებენ.
თავიდან უარის თქმა დავაპირე. საიდან უნდა მცოდნოდა ისეთი მდიდარი ხალხი საქართველოში, რომლებიც სოლიდური თანხის გადახდაზეც უარს არ იტყოდნენ, ოღონდ ბავშვი ეშოვათ, მაგრამ ერთხელ ლევანთან წამომცდა, რაც შემომთავაზა ნური-ბეიმ და ჭკუაში დაუჯდა:
- ამ წუთისთვის 2 კაცი მაინც ვიცი, რომლებიც ბავშვს სიამოვნებით ჩამოიყვანენ უცხოეთიდან, მაგრამ თუ გავიკითხავ, ალბათ, მეტს აღმოვაჩენ. თანაც, ეგ საქმე არც ცოდვაში ჩაგვეთვლება. ის ბავშვები, რომლებიც დაბადებამდე სიკვდილისთვის არიან განწირულები, ჩინებულ ოჯახებში მოხვდებიან...
- საშიში არ არის?
- ჩემი ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, საშიში იქნებოდა, მაგრამ ჩემთან ერთად ეგ საქმეც მომგებიან ბიზნესად იქცევა! - თქვა და ასეც მოხდა.
პირველი ბავშვი საქართველოში 2000 წელს ჩამოვიყვანეთ და მას შემდეგ მდიდარ ოჯახებში ოცზე მეტი პატარა გავაშვილეთ. მათგან მხოლოდ ერთ შემთხვევას ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს: ბავშვი, რომელსაც მოუთმენლად ელოდნენ საქართველოში მიმღები მშობლები, ინვალიდი დაიბადა და ბუნებრივია, მათ ამას ვერ დავუმალავდით. გოგონას კურდღლის ტუჩი და განუვითარებელი ზედა კიდურები ჰქონდა, რაც არც იყო ალბათ გასაკვირი, რადგან არავინ იცის, როგორი გენეტიკის მატარებელი მამისგან მოხდა მისი ჩასახვა ნური-ბეის ბორდელში...
პოტენციურ მშობლებს არასოდეს ვხვდებოდი. ბავშვი მათთან ლევანს და მის მეგობარს, პროფესიით გინეკოლოგს მიჰყავდათ. გამიკვირდა, რომ მიმღებმა მშობლებმა არც ინვალიდი ბავშვის ჩამოყვანაზე თქვეს უარი და ნური-ბეის იგივე თანხა ჩაუტანეს, რასაც ჯანმრთელ ახალშობილებში იხდიდნენ.
ჩემი აღფრთოვანება ლევანს გავუზიარე:
- არ მეგონა, თუ ასეთი დიდსულოვნები აღმოჩნდებოდნენ და არც ინვალიდ ბავშვზე იტყოდნენ უარს. როგორც წესი, ასეთი დეფექტით დაბადებულებს, საკუთარ შვილებსაც კი სამშობიაროშივე ტოვებენ.
- არ მინდოდა, სიმართლე გცოდნოდა, მაგრამ... - შევატყვე, რაღაც მძიმედ აწვა ლევანს სინდისზე.
ცუდმა წინათგრძნობამ ჟრუანტელად დამიარა სხეულში. არც კი ვიცი, რამ შემაშინა...

გაგრძელება

ბეჭდვა