ზღვარზე (XXI ნაწილი)
font-large font-small
ზღვარზე (XXI ნაწილი)
შემეძლო ბექასთვის მეთხოვა თავის მოძღვართან მივეყვანე, მაგრამ ის მღვდელი გამახსენდა, იმ დღეს შემთხვევით ეკლესიაში შესული რომ შემამჩნია, შიდსის დიაგნოზით გაოგნებული და თავგზააბნეული რომ "მივეახლე" ტაძარს. არც სახელი ვიცოდი მისი და არც სხვა რამ, მაგრამ გარეგნობა მახსოვდა მკაფიოდ...
ეკლესიაში იმ დროს მივედი, საღამოს ლოცვა რომ მთავრდებოდა, კუთხეში დავდექი და ველოდებოდი, მარტო როდის დარჩებოდა მოძღვარი. უეცრად შორიდან მომესალმა, თავი დამიკრა და გამიკვირდა, რომ შემამჩნია, ვუთხარი კიდეც:
- როგორ შემამჩნიეთ?
- ტაძარში ახალი ადამიანის შემჩნევა ძნელი არ არის. ჩვენი ეკლესიის მრევლი არც ისე დიდია, ამასთან, სახეზე ისეთი რამ გაწერიათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ძალიან გიჭირთ და როგორც ექიმთან მიდიან სხეულის სამკურნალოდ, ისე დადიან სულის საცხონებლად ჩვენთან...
- ძალიან ცუდად ვარ, მამაო! - ვაღიარე და ავტირდი.
გულში ჩამიკრა:
- რადგან აქამდე მოხვედი, ყველაფერი კარგად იქნება...
მღვდელს მამა იოანე ერქვა, რომელსაც ჩემ შესახებ ყველაფერი ვუამბე, არაფერი დამიმალავს. მეტს ვლაპარაკობდი, ვგრძნობდი, როგორ მიმსუბუქდებოდა სული და სხეულიც ისე "დამიმშვიდდა", თითქოს ყველანაირი სნეულებისგან განიკურნა... არც იმის თქმა დამვიწყებია, რომ ეკლესიაში მოსვლა გარდაცვლილი დედის სიტყვებმა გადამაწყვეტინა...
მამა იოანე ყურადღებით მისმენდა და ისეთი ტკივილი გამოესახა თვალებში, თქმა არც იყო საჭირო, რომ უფლის სახლისკენ მიმავალ ყველა გზას აცდენილი ცოდვილი ვიყავი, რომლის გადარჩენა სასწაულს თუ შეეძლო...
- ალბათ, არც მქონდა უფლის სახლში შემოსვლის ნება! - ვთქვი ბოლოს და ვიგრძენი, როგორ გამეჩხირა ყელში ცრემლების ბურთი. - ასე არასოდეს შემცოდებია საკუთარი თავი...
მამა იოანემ ისე შემომხედა, ერთბაშად შიშიც ვიგრძენი და იმედიც, რომ ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი დაკარგული და თუ მოვინდომებდი, ამქვეყნიურ ჯოჯოხეთსაც გავექცეოდი და იმქვეყნიურსაც.
- ნუ გეშინია, ნია! - წარმოთქვა მამა იოანემ და ისევ გაჩუმდა, ხანგრძლივი პაუზა ჩამოწვა...
თავჩაქინდრული ვიდექი და ვნატრობდი ან გული გამხეთქოდა, ან მიწა გახსნილიყო ჩემ წინ და ერთბაშად დავენთქი, ოღონდ, მამა იოანეს ხმა ამოეღო. ბოლოს და ბოლოს, ისევ გაიმეორა ცოტა ხნის წინ ნათქვამი.
- ნუ გეშინია, უფალი მოწყალეა და, რაც მთავარია, ბრძენი. ი ჩემსავით არც იმას გაუჭირდება შენი დახმარება, მაგრამ ამისთვის თავადაც უნდა დაეხმარო მას და მართლა მოინდომო იმ მძიმე რეალობის შეცვლა, რომელშიც აქამდე გიცხოვრია. შენი წარსული ერთი დიდი ჭაობია, რომელიც ჯოჯოხეთის ტალახს წააგავს, - მასში ჩავარდნა არ არის ძნელი, მაგრამ ამოსვლა სასწაულის ტოლფასია.
- იმედი არ უნდა მქონდეს?
- უიმედობაც ცოდვაა და უფლისგან განდგომა... რაღაცას მოვიფიქრებთ. შენზე ნაკლები პასუხისმგებლობა არ მეკისრება შენ მიერ შეცდომით გადადგმული ყველა ნაბიჯისთვის და იქნებ შენზე მეტადაც მომკითხოს უფალმა, თუ სწორ გზაზე ვერ დაგაყენე...
- თქვენ რა შუაში ხართ, მამაო?
- მე შუამავალი ვარ ადამიანებსა და უფალს შორის და თუ მისი სიტყვა სწორად ვერ მოვიტანე თქვენამდე, თუ შეცდომებისგან არ დაგიფარეთ, ჩემი ცხოვრება კიდევ მეტად დაკარგავს აზრს და მნიშვნელობას.
- მე რა შემიძლია?
- საკუთარ ცოდვებზე უარის თქმა და მონანიება, რამეთუ უფლისთვის იმაზე მეტი საგანძური არ არსებობს, ვიდრე მონანიე ცოდვილის ცრემლები.
- რა გავაკეთო? - შემიპყრო მოუთმენლობამ.
- უარი თქვი ყველაფერ იმაზე, რამაც ცოდვამდე მიგიყვანა, ნუ შეუწყობ ხელს სიძვასა და ავხორცობას, ტყუილისა და ღალატის გავრცელებას... ჭკვიანი ქალი ჩანხარ და თავადაც მიხვდები, რისი გაკეთებაა საჭირო...
- წავალ ახლა! - უეცრად გაქცევის სურვილი გამიჩნდა.
- წადი, იფიქრე და აუცილებლად დაბრუნდი. უფლის სახლზე უკეთეს თავშესაფარს ვერ იპოვი და არც ასე მოგეფერებიან სადმე! - არ შევუჩერებივარ მამა იოანეს.
წამოვედი თუ არა, პირველი გამოცდა მაშინვე მომიწყო უფალმა: ტელეფონი მანქანაში მქონდა დატოვებული და შორიდანვე მომესმა მისი წკრიალი. ლევანი რეკავდა. თავიდან არ მინდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ მერე მამა იოანესთან საუბარი გამახსენდა და მივხვდი, არ მქონდა უფლება ანგარიში არ გამეწია სხვების სურვილებისთვის.
- გისმენ, ლევან! - ჩემთვისაც გასაოცარი სიმშვიდით ჩავძახე ტელეფონს.
ჩემმა სიმშვიდემ ისიც აშკარად გააოცა და უცებ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა.
- გისმენ, ლევან! - ჩავძახე განმეორებით.
- შენი ნახვა მინდა! - მითხრა გაუბედავად და მორიდებით.
- სადა ხარ, ახლავე შემიძლია გნახო, არაფერს ვაკეთებ...
- მართლა ნია ხარ? - კიდევ უფრო დაიბნა ლევანი, რომელიც აგრესიას ელოდა ალბათ ჩემგან.
- ნია ვარ, სხვას ვის ელოდებოდი ჩემს ნომერზე? - მაინც გავღიზიანდი და უცებ შევიცვალე. - სახლში წავალ და იქ მომაკითხე, როცა გენდომება.
- ნატოსი მრცხვენია!
- ნატო აღარ ცხოვრობს ჩემთან. იმ დღის შემდეგ მიიღო ჩემგან წასვლის გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, იმასაც მოვაბეზრე თავი...
- მის გარეშე და მარტო როგორ ძლებ იმხელა სახლში?
- გელოდები! - ავარიდე პირდაპირ პასუხს თავი.
გამახსენდა, რომ სახლში  აღარაფერი მქონდა. სუპერმარკეტში შევედი და რაც მომხვდა ხელში, კალათაში ჩავუძახე, ძლივს მივათრიე მერე მანქანამდე მძიმე პარკები. ჭამის თავიც არ მქონდა, არც ის ვიცი, ვისთვის ვიმარაგებდი ამდენ პროდუქტს, მაგრამ ცარიელ მაცივარს ბავშვობიდან ვერ ვიტან.
მაცივარში რომ ვალაგებდი პროდუქტს, შევამჩნიე, რომ მოწესრიგება სჭირდებოდა მასაც და მთელ სამზარეულოსაც, რისი თავი და ნერვები არ მქონდა. ახალი მოსამსახურე მჭირდებოდა, მაგრამ სად უნდა მეპოვა ნატოსავით მოწესრიგებული და ერთგული ადამიანი?
ლევანი საღამოს ექვსი საათის შემდეგ მოვიდა. გამხდარი იყო, თითქოს მძიმე ავადმყოფობა გადაეტანა. სანამ რამეს ვკითხავდი, თავად დამასწრო:
- ცუდად ვარ, ნია. ეს რამდენიმე დღეა თავს ვებრძვი, მინდა, შეგიძულო, დაგივიწყო, მაგრამ ჩემი წყევლა ხარ თითქოს, უშენოდ აღარც სიცოცხლე მინდა და აღარც სიკვდილი... რომ მითხარი, შიდსი მჭირსო, არ დავმალავ, თავიდან სულმდაბლობამ მძლია, შემეშინდა სიკვდილის და მაშინვე სისხლი ავიღე ანალიზისთვის...
- მერე?
- პასუხისთვის აღარ მივსულვარ... შენ რომ რამე მოგივიდეს, მეც მოსაკლავი მექნება თავი, აზრი აღარ ექნება ჩემს ცხოვრებას. არაფერი მაინტერესებს შენს იქით და შენ თუ არ იქნები, სულიც გამძრობია... კიდევ არ იცი, ნია, როგორ მიყვარხარ და თუ თანახმა იქნები, მზად ვარ, ისევ გთხოვო ცოლობა და ყოველი დღე და საათი შენ გვერდით გავატარო...
- მიუხედავად იმისა, რომ საყვარელი მყავს და სხვასთან გღალატობ? - გაკვირვებულმა გავხედე კაცს.
- უკვე ვიცი, რომ ბექა კანკავა შენი საყვარელი არ არის და საშინელი შეცდომა დავუშვი, როცა შენზე ვიეჭვიანე და ღალატში დაგადანაშაულე.
- ბექას ელაპარაკე?
- ხომ იცი, სადაც ვმუშაობ და არ იყო ჩემთვის ძნელი დამედგინა, რასაც წარმოადგენს კანკავა. ისიც ვიცი, რომ ისიც შიდსით არის დაავადებული და საერთო უბედურებამ რომ გაპოვნინათ ერთმანეთი, ამისი მიხვედრა არ იყო ძნელი... ისე, გული კი დამწყდა, რომ მეტად არ მენდე და არ მითხარი, რაც ხდებოდა...
- ისიც მინდა, იცოდე, სად და როგორ დავინფიცირდი... ამას რომ გაიგებ, შეიძლება მერე ვეღარც შეძლო ჩემი პატიება...
- არ მაინტერესებს. აღარასოდეს მოგაყენებ ტკივილს ჩემი ეჭვიანობით...
- მაგრამ, მინდა, იცოდე, ვალდებული ვარ, გითხრა! - შევაწყვეტინე ისევ და მიუხედავად იმისა, ეცადა, არაფერი მეთქვა, მაინც მოვუყევი ჩემი ესპანური "თავგადასავლის" შესახებ...
ისე წამოჭარხლდა სახეზე, მივხვდი, ძალიან "ეტკინა", მაგრამ მაინც დაითმინა.
- თუ მაინც იცი, რას ეძებ და რატომ ებრძვი პირველ რიგში საკუთარ თავს და სურვილებს, ნია? - მითხრა მერე გულდაწყვეტილმა.
- არ ვიბრძვი და არც რამეს ვეძებ, მაგრამ ხომ იცი, არც მორალზე ვფიქრობ ბევრს, როცა რამე მინდა და არც პირადი ცხოვრება მქონია არასოდეს მოწესრიგებული?
- მე ხომ გყავარ და რაიმეს გაკლებ, როგორც მამაკაცი?
- საქმე იმაში არ არის, მაკლებდი თუ არა რაიმეს, არც განგებ დამიწყია ვინმეს ძებნა ესპანეთში მყოფს. ყველაფერი შემთხვევით მოხდა...
- შენ რომ იმის ნახევრად მაინც შეგეძლოს ჩემზე ფიქრი და ჩემი სიყვარული, როგორც მე ვფიქრობ შენზე, ეს არ მოხდებოდა! - მითხრა უფრო გულდაწყვეტილმა. - მაინც შევეცდები დაგიმტკიცო, რომ ჩემი სიყვარული ყველაფერ ამაზე მეტი და ძლიერია, ნია! მზად ვარ, ყველაფერი გაპატიო, რაც წარსულში იყო, ოღონდ, მომავალი გვქონდეს საერთო, ყოველგვარი ტყუილისა და ღალატის გარეშე...
- ისეთი დანაშაულიც ჩამიდენია შენ წინაშე, როცა გაიგებ, არა მგონია, მაპატიო! - გამახსენდა ჩვენი საერთო შვილი, რომელიც ისე გავაშვილე, ლევანს არც კი გავაგებინე, თუ ფეხმძიმედ ვიყავი მისგან.
- რაც ვიცი, იმაზე მეტი რა უნდა იყოს, ნუ მაშინებ! - სახეზე დაეტყო, რომ აღარ უნდოდა კიდევ მეტი ცუდი ამბის გაგება.
- არც კი ვიცი, უნდა გეუბნებოდე თუ არა ამას, რადგან არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება, მაგრამ... მამა იოანეს დავპირდი, რომ ყველაფერს ვაღიარებდი და ცოდვების მონანიებას შევეცდებოდი...

გაგრძელება


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცოტა ხანში ბექა ცუდად გახდა. გამოკვლევები რომ ჩაუტარეს, ნინო ნებიერიძემ გულდაწყვეტილმა მითხრა:
- ღვიძლი თითქმის დაშლილია...
- არ შეიძლება შველა? - ისე შევეხვეწე ნინოს, თითქოს რიგითი ექიმი კი არა, სასწაულმოქმედი ყოფილიყო.
ავზი ბენზინით ავავსე და როცა ისევ ავამუშავე ძრავა, პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ მანქანით წყალში ხიდიდან გადავშვებულიყავი და ასე დამესრულებინა ყველაფერი, მაგრამ ვანიკოზე ფიქრმა შემაკავა.
ახლა, რა თქმა უნდა, არც მეგობრობის დღიურის შემოღებას ვაპირებ (ან კი სად მყავს მეგობრები?), არც სხვათა ბრძნული აზრების ჩანიშვნა-შეკრებას, მაგრამ პირადი დღიურისა და ჩანაწერების კეთების სურვილი კი გამიჩნდა - ჩემი ცხოვრების ბოლოდროინდელ ამბებზე, წარსულზე...
რეანიმაციაში მხოლოდ ერთი ადამიანის შესვლა შეიძლებოდა და ლევანმა დამითმო პირველობა, მაგრამ ვერ გავბედე შვილთან მარტო შესვლა. ექიმს ლამის მუხლებში ჩავუვარდი, რომ ლევანიც შემოეშვა ჩემთან ერთად...
დაბინტული ბავშვის დანახვაზე მუხლი მომეკვეთა და ლევანს რომ არ შეეშველებინა ხელი, ალბათ იატაკზე გავიშხლართებოდი...
ტელეფონი კედელს შევანარცხე და გიჟივით გავვარდი ქუჩაში, ეზოს კარიც კი არ ჩამიკეტავს. ის იყო მანქანის საჭეს მივუჯექი, რომ წინ მდგომი მანქანიდან ლევანი გადმოვიდა. ისე ვიყავი გაგიჟებული, არც შემიმჩნევია, რომ ისევ ჩემი სახლის წინ იდგა მისი მანქანა:
- რას აპირებ, ნია? - მკითხა ისე შეშფოთებულმა, როცა ძალით გამაღებინა მანქანის კარი, მივხვდი იფიქრა, რომ თავის მოკვლას ვაპირებდი.
გამაღიმა ნინოს გულახდილობამ და უცებ ისიც კი მომეჩვენა, რომ ცხოვრება არც ისე საშინელია, როგორიც აქამდე მეგონა:
- თავად რას იტყვი პირად ცხოვრებაზე?
- დამიჯერებ, რომ ამის შესახებ დღემდე არავისთან მილაპარაკია? - ტკივილი გაუკრთა თვალებში.
- თუ გაჩუმდებოდი, ვერავინ ვერაფერს გაიგებდა! - ვცადე საყვედური მეთქვა, მაგრამ შემაწყვეტინა:
- ის ძმა იყო ჩემი... დაც რომ ყოფილიყო, მაინც შევიძულებდი, თუ საწოლში ჩამიწვებოდა, როგორც გათახსირებული კახპა. თქვენ გეყვარებოდათ ძმასთან ინტიმის მოსურვე ადამიანი?
- მორწმუნე როდის შემდეგ გახდი? - ესეც სიახლე იყო ლევანისთვის.
- მას შემდეგ ალბათ, რაც ავად გავხდი... მეშინია იმ ჯოჯოხეთის, გარდაცვალების შემდეგ რომ მელოდება, თუმცა საკუთარი ცხოვრება სიცოცხლეშივე ვაქციე ჯოჯოხეთად... მინდა, ყველას წინაშე მართალი ვიყო.
- შიდსის დიაგნოზი სულაც არ ნიშნავს სასიკვდილო განაჩენს. უამრავი საშუალება არსებობს სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ეგეც რომ არ იყოს, მეცნიერები განუწყვეტლივ მუშაობენ, რომ საჭირო წამალს მიაგნონ და წინსვლაც აქვთ...
- ვერ მიცანი, დედა? - ვუთხარი ცივად. ის ამ სიტყვების გაგონებაზე ისე გაფითრდა, თითქოს დანა გამომესვას მისთვის ყელში. წამოიკივლა და ხელი რომ არ შემეშველებინა, ჩემს ფეხებთან გაიშოტებოდა.
იქვე მდგომი კაცი მომეშველა და მის მანქანაში ჩავსვით, წყალიც მოარბენინა, კრიჭა რომ გაგვეხსნა მისთვის...
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.